21.04.2026

ჩიხში შესული ორი ომი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალი ათეული წელი იცხოვრა მსოფლიომ დიდი ომის გარეშე. ამ ხნის განმავლობაში არაერთ ომს ჰქონდა ადგილი, მაგრამ რეგიონულს და არა მსოფლიოს.

დიდი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ ზეპირ მუქარებს მიმართავენ, თავს იკავებდნენ სამხედრო დაპირისპირებისგან. ხშირად ისინი პატარა ქვეყნებს იყენებდნენ დიდ მოწინააღმდეგესთან საომრად, რისი აშკარა მაგალითია უკრაინის ომი რუსეთთან, თუნდაც ირანის შეუპოვარი თავდაცვა ამერიკელთა თავდასხმისგან.

ისრაელს, ამ შემთხვევაში მაგალითად არ მოვიყვან, მაგრამ დღიდან ამ სახელმწიფოს შექმნისა, აშშ-ი იყენებდა და იყენებს მას ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად — უმეტესად ომით, მეზობელ არაბებთან. ამჯერადაც ასეთ გამოყენებასთან გვაქვს საქმე — ირანთან ომის წარმოებით.

აშშ-ი, ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი და სულისჩამდგმელი, იარაღით, ფინანსებით, ოპერატიული კოსმოსური ინფორმაციით უზრუნველმყოფელი — ესოდენ აუცილებლით ომში ჩართული არმიისთვის, ისრაელის ხელით ცდილობს მართვადი ქაოსის შექმნას, რეალური მშვიდობის სანაცვლოდ.

აშშ-ი, სუპერსახელმწიფო, რომელიც ათეული წლის განმავლობაში ისრაელს იყენებდა სხვასთან საომრად, ამჯერად თვით არის ჩართული ირანთან ომში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისრაელი იყენებს აშშ-ს—  ასრულებინებს რა მას ყველა იმ „შავ“ სამუშაოს, რაც თან ახლავს ნებისმიერ ომს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხო ცხოვრებისთვის, მისი პოზიციების განმტკიცებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მეზობელი არაბული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია-მიტაცებისთვის.

მაგალითად სირიის გოლანის მაღლობებიც გამოდგება, წლების განმავლობაში ისრაელს რომ უკავია და კარგა ხანია თავისად მიიჩნევს. აღარაფერს ვამბობ პალესტინელთა ტერიტორიებზე ღაზასა და დასავლეთ იორდანეს სანაპიროზე.

ისრაელი ამჯერადაც გაშმაგებულ ომშია ჩართული მეზობელ ლიბანთან, იქ მოქმედ ორგანიზაცია „ჰესბოლას“ წევრებთან, განსაკუთრებით ლიბანის სამხრეთში, რომლის საკმაოდ დიდი ტერიტორია დაპყრობილი აქვს. და ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, ბუფერული ზონის შექმნას აპირებს — ისრაელის უსაფრთხოების მიზნით.

ბუფერული ზონა 10 კმ სიგანის — მომავალში, ხანგრძლივი ოკუპაციის პირობებში, ებრაელთა ახალ დასახლებებად გადაიქცევა, პალესტინელთა ტერიტორიების მსგავსად.

მეორე მსოფლიო ომიდან თითქმის საუკუნოვანმა დაშორებამ ახალ თაობას ილუზია შეუქმნა, რომ დიდი ომი, თუნდაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის ან ე.წ. „ბინძურის“ გამოყენებით, არც ისეთი კატასტროფული იქნება, როგორსაც საქმის მცოდნე ექსპერტები ამტკიცებენ.

როგორც ჩანს, დღევანდელი ე.წ. პოლიტიკოსები, სიმჩატითა და ზედაპირულობით გამორჩეულები, თავიანთ გონიერ და მცოდნე წინაპრებისგან განსხვავებით არცკი ითვალისწინებენ იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში ამერიკელთა მიერ ჩაყრილი ბირთვული ბომბების მიერ მოტანილ საშინელებას — ათასობით მსხვერპლით, ნგრევით, რადიაციის შედეგად გამოწვეული განუკურნებელი დაავადებებით.

უჭირთ მათ დოკუმენტური კინოკადრების ჯეროვნად აღქმა, გაანალიზება იმისა, რა შეიძლება მოიტანოს ამ იარაღის ხელახალმა გამოყენებამ. არადა იაპონიაში ჩაყრილი ბირთვული ბომბების დამანგრეველი ძალა თანამედროვესთან შედარებით ცოტათი მეტია იაპონიისაზე — 20 კილოტონა, თანამედროვე ტაქტიკური ბომბი — 10 კილოტონა, მაგრამ 10 კილოტონა სრულიად საკმარისია დიდი მსხვერპლის და ნგრევის გამოსაწვევად, ნიადაგის მრავალი წლით მოსაწამლად — ასე აცხადებენ მეცნიერები.

ხელისუფლებაში მყოფი „პოლიტიკოსები“, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, ენით აუწერელი რევანშიზმის იდეით არიან შეპყრობილნი რუსეთის მიმართ. რევანშიზმთან ერთად მტაცებლური, ისტორიული სულისკვეთება არ ასვენებს მათ.

ძველი კოლონისტები, რომლებმაც საკუთარი თავისა და ქვეყნის ბედნიერება სხვისი ძარცვით მოიპოვეს, ხარბი თვალით უყურებენ დიდი რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიას — 18 მილიონ კვ. მეტრის სიდიდისას, მსოფლიოში ცნობილი ყველა სახის წიაღისეულით მდიდრისას.

არაერთხელ განუცხადებია სიბრაზით აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს ქალბატონ მადლენ ოლბრაიტს —არასამართლიანობაა, როდესაც რუსეთს ესოდენ დიდი ტერიტორია აქვს მსუყე ნიადაგით, აურაცხელი სიმდიდრით, ხოლო დანარჩენებს თითქმის არაფერიო.

სიმდიდრის ხელში ჩაგდებამ აიძულა ნაპოლეონი, ჰიტლერი იერიში მიეტანათ რუსეთის იმპერიაზე, საბჭოთა კავშირზე, რამაც სავალალო შედეგი მოიტანა მათთვის, მსოფლიოსთვის. ამ ორ ომს შორის მთელი ეპოქა იყო, თუმცა ჭკუის სასწავლად არ გამოდგა ევროპელთათვის. ხანგრძლივმა პერიოდმა ჩაკლა ევროპელებში ნაპოლეონის აღმოსავლეთით ლაშქრობის მიერ მოტანილი მსხვერპლი, ნგრევა, რაც ყველა ომს ახლდა და ახლავს.

ნაპოლეონის არმიაში ფრანგებთან მხარდამხარ იბრძოდნენ ევროპის ქვეყნებიც. და რა?

სამარცხვინო მარცხი. პარიზის ქუჩებში გამარჯვებული რუსეთის კავალერისტთა მარში.

ანალოგიურ მარშს ადგილი არ ჰქონია გერმანიის ფაშიზმის დედაქალაქ ბერლინში, ვინაიდან უმძიმესი ომის შედეგად დანგრეული ბერლინი და უფრო მეტად დანგრეულ-განადგურებული გერმანელთა სულები არ იძლეოდა საბჭოთა ტანკების მარშის    გამართვის შანსს.

ჰიტლერთან ერთად მარცხი ევროპის ქვეყნებმაც იწვნიეს — საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგით.

როგორც ჩანს, პოლიტიკოსთა ახალი თაობა, ქარაფშუტა და რევანშით აღვსილი მზად არის „საგმირო“ საქმეებისთვის — ჯერ სხვისი ხელით, ანუ უკრაინის, შემდეგ საკუთრით — 2028, 2030 წლებისთვის. მანამდე უკრაინელთა სამხედრო იარაღით და სხვა სახის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარებების გაწევით.

ამ თვალსაზრისით ევროპის მთელი რიგი ქვეყნები მზად არიან დაამზადონ უპილოტო საფრენი აპარატები — უკრაინისთვის გადასაცემად. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „დრონები“ შორ მანძილზე მფრენნი, საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ცენტრალურ რეგიონებს, მოსკოვს, პეტერბურგს, როსტოვს, სხვა ქალაქებს.

აღნიშნული გეგმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ზელენსკის მონაწილეობით. გახარებულმა ზელენსკიმ, უკვე მერამდენედ ჩამოურბინა ევროპის ქალაქებს, მათ მეთაურებთან დრონების დამზადების ერთობლივი პროექტის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ათეულ-ათასობით დრონი იფრენს რუსეთის მიმართულებით — მსხვერპლის და ნგრევის მოსატანად. არის თუ არა ესოდენ სახიფათო პროექტი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ახალი ავანტიურა, რომელსაც კრემლი უპასუხოდ არ დატოვებს?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უმალ გამოაქვეყნა სია ევროპის ქვეყნების ქალაქების, სადაც დრონები დამზადდება — მკაცრი განმარტებით — დაიბომბება ყველა საწარმო.

საწარმოები ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეა, რაც ნიშნავს რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირებას, ომს. ევროპელ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ რუსეთი არ გადადგამს ასეთ ნაბიჯს — მოსალოდნელი პასუხის გამო, მაგრამ მოსკოვიდან გაკეთებული განცხადებები საწინააღმდეგოს გვამცნობს, რაც დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლის დროს.

მან აღნიშნა, რომ რუსი ხალხის თვისებაა აიტანოს ზეწოლა, მაგრამ როდესაც წითელი ხაზები იკვეთება, მოთმინებაც თავდება და პასუხიც ადეკვატური ხდება.

ასე რომ, დასავლელთა ვარაუდი, რომ რუსეთი არ უპასუხებს მათ ავანტიურას, ისტორიას ბარდება. ლავროვმა ისიც თქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს ეკონომიკური სანქციების და ფალსიფიცირებული პროპაგანდის გამოყენებით, რაც უკიდურესად ძაბავს მსოფლიოს, ახდენს ზეგავლენას მსოფლიოს ხალხებზე, რათა მათ იწამონ იმ ქვეყნების აგრესიულობა, რომლებიც დასავლეთის „ფასეულობებს“ არ იზიარებენ და მტკიცედ ადგანან სუვერენიტეტის გზას. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი ჯერ-ჯერობით გრძელი არ არის, მაგრამ იმედია გაიზრდება თუკი საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენით იმოქმედებენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, მთელი რიგი სახელმწიფოები, „ბრიკსის“, „შოსის“ წევრები, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების მსურველები.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ისეთი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჰეგემონობის მსურველმა აშშ-ს ადმინისტრაციამ, კონგრესმა და რაც მთავარია მოსახლეობამ გაიზიაროს ეს პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გლობალისტებსა და ანტოგლობალისტებს, ჰეგემონისტებსა და მრავალპოლუსიანობის მსურველთა შორის ცხელ ფაზაში გადავა — მძიმე შედეგით, რომლის აღმწერიც არვინ იქნება დედამიწის ზურგზე.

ცრუ პროპაგანდის შედეგად ევროპელთათვის რუსეთი ურჩხულად არის ქცეული, რომელიც უკრაინის დამარცხების შემდეგ ევროპას მიადგება. ამ სიცრუეს ლამის 30 წელია ავრცელებენ ევროპა-ამერიკის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი დღევანდელები.

მიზანი მათი მარტივია — ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა, ხელისუფლების წყალობით საკუთარი ჯიბეების გასქელება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისთვის დაკვეთების მიცემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მსუყე ფულის გამოყოფა და ხალხის ჯიბეებში ხელის ჩაყოფა, სოციალური პროგრამების შემცირება საბაბით — რუსი თავს დაგვესხმება, დაგვამონებს. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს საჭიროა ქამრების შემოჭერა, იარაღის დასამზადებლად, რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესაჩერებლად.

ევროკავშირის შტაბ-ბინის პროპაგანდამ გაჭრა. ხალხი დარწმუნდა, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, ვინაიდან ის წირავს თავს, როგორც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ისე ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკრაინას 90 მილიარდი დოლარის თანხა გადაეცემა — შეიარაღებისთვის, ბიუჯეტისთვის.

საქმეში ჩახედულ დასავლელ ექსპერტთა მიხედვით, აღნიშნული მსუყე ფულის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, ევროკომისიის ლიდერები გაიყოფენ, მცირე ნაწილს იმ საქმისთვის გამოიყენებენ, რისთვისაც გამიზნულია მთლიანი თანხა. ასეთ დროს რუსეთის  აგრესორად, სატანად, მტაცებელ ურჩხულად მოხსენიება ღირს.

უკრაინაში მიმდინარე ომი, ჩემის აზრით გაჭიანურებული რუსეთის ხელისუფალთა და პრეზიდენტის მხრიდან, მსოფლიოში არსებული ბალანსის დარღვევის მომასწავებელია. აღნიშნულ ბალანსს წყალი შეუყენეს საბჭოთა კავშირის პირველმა და ბოლო პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა.

ევროატლანტიკურ სივრცესთან არშიყში მათ საკუთარი თავის რეპუტაციაც დაკარგეს და ქვეყნისაც.

პირველმა, მოჭარბებულად მოხიბლულმა აშშ-ს პრეზიდენტით რეიგანით და ბუში უფროსით, ისე დაშალა საბჭოთა კავშირი, სოციალისტური ბანაკი, ვითომც არაფერი.

მეორემ, აშშ-ს პრეზიდენტებით ბუში უფროსით და კლინტონით მოხიბლულმა, საბჭოთა კავშირის გიგანტი საწარმოები, კაპიკებად მიჰყიდა ამერიკელ ბიზნესმენებს. შექმნა გაუსაძლისი სოციალური ვითარება რუსეთში, რამაც აიძულა ყოფილი საბჭოური ინტელიგენცია ქუჩაში გასულიყო საკუთარი ნივთების გასაყიდად.

უმძიმესი პერიოდი გაიარა საბჭოთა კავშირმა, შემდეგ რუსეთმა ამ ორი პრეზიდენტის ბრიყვული, დანაშაულებრივი მმართველობის დროს. ის, რომ მსოფლიოს ბირთვული სუპერსახელმწიფო მუხლებზე დაენარცხა, მათი ბრალია. ისინი უდავოდ ღირსნი არიან მოღალატეებად, დამნაშავეებად გამოცხადების. და ვიდრე ამას ადგილი არ ექნება, რუსეთში არსებული ლიბერალიზმი, ანტირუსული, ანტისახელმწიფოებრივი, ფრთაგაშლილი იქნება — წარსული საბჭოური ცხოვრების ლანძღვით.

ვიდრე გორბაჩოვ-ელცინის სახელები რუსეთის ისტორიაში მოღალატეებად არ ჩაიწერება, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია არაერთ წელს გაგრძელდება — რუსეთისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის უმძიმესი შედეგების მოტანით.

განა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება — ევროპაში უკრაინისთვის დრონების დამამზადებელი საწარმოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ომის მომასწავლებელი არ არის?

სწრაფ ომს, სწრაფი შედეგი მოაქვს — უმეტესად ომის დამწყების სასარგებლოდ. გაჭიანურებულს — ნეგატიური შედეგი ახლავს, აძლევს საშუალებას მოწინააღმდეგეს მობილიზაციისთვის.

4 წლის განმავლობაში ევროპამ და ამერიკამ მთელი რიგი ღონისძიებები დაუპირისპირეს რუსულ სპეცოპერაციას, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით. ჯერ-ჯერობით რუსეთის ეკონომიკა უძლებს, მაგრამ დასავლელთა ახალ-ახალი პროექტების სიუხვით გამოწვეული ზეწოლის გაძლება გაჭირდება, ძალთა ბალანსი დაირღვევა, ბირთვული იარაღისკენ თვალის გაპარება  ერთადერთი საშუალება გახდება საკუთარი პრესტიჟის დასაცავად.

რუსეთი გაჭიანურებული ომის ჩიხშია მომწყვდეული, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის შემყურე. გასული წლის ანკორიჯის მოლაპარაკების მიხედვით, თითქოს მხარეებმა მიაღწიეს სასურველ შედეგს, ორივე მხარისთვის სასარგებლოს, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში პროგრესი არ ჩანს. რაც არის, იმდენად  უმნიშვნელოა, საერთო მდგომარეობაზე გავლენას რომ ვერ ახდენს.

რუსეთის ხელისუფლება, მაქსიმალურად თავშეკავებული აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ, ფრთხილად აცხადებს, რომ ანკორიჯის შეთანხმებას არ მისდევს პარტნიორი.

ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის დროს ლავროვმა აღნიშნა ანკორიჯის სულისკვეთების გაფერმკრთალებაზე, დაპირებების შეუსრულებლობაზე, თუმცა ისიც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომმა და აშშ-ისრაელის აგრესიამ ირანის მიმართ, მეორე პლანზე გადასწია უკრაინის საკითხი.

ირანთან ომმა აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ჩიხში შეიყვანა. აიძულა ტრამპი ტყუილებით კვებოს მსოფლიო — ომი მოვიგეთ, ირანი მზადაა ჩვენი წინადადებები გაიზიაროს, გახსნას ორმუზის სრუტე, შეწყვიტოს ბირთვული კვლევები და გამდიდრებული ურანი გადმოგვცესო.

ტრამპის სიცრუე, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ვარდნით არის გამოწვეული. ვარდნა კი  — ნავთობის რაოდენობის შემცირებით. შემცირება იწვევს საწვავზე ფასების ზრდას, ტრანსპორტირების ფასების აწევას და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტების, მედიკამენტების, სამომხმარებლო ფასების ზრდას.

ტრამპი იძულებულია პოზიტიური განცხადებით დაამშვიდოს მსოფლიო, თუნდაც ნახევარი დღით. ტრამპის იმედის მომცემი განცხადება უმალ იწვევს ბენზინზე ფასების კლებას. მაგრამ ირანის ხელისუფალთა პასუხი ტრამპის ტყუილებზე, ისევ მიაქანებს ფასებს მაღლა.

ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს კარნახით, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს ირანთან ომის გაჩაღებით. მათ ვერ გათვალეს, რომ ირანის უმაღლესი ხელისუფალის აიათოლა ჰამენეის და მაღალჩინოსანი სამხედროების დახოცვით ერთ მუშტად შეიკვრებოდა მრავალეროვანი ირანი. მათ იფიქრეს, რომ ომამდე გაჩაღებული ანტისამთავრობო გამოსვლები, ირანის ლიდერების დახოცვის შემდეგ, ახალ რევოლუციას გამოიწვევდა — ხელისუფლების დამხობით.

შეცდნენ!.

საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, აშშ-ს პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩახედულებს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ პოლონური წარმოშობის ამერიკელ პოლიტოლოგზე, სოციოლოგზე, სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკიზე, რომელიც აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა. თუმცა ამას ბჟეზინსკის სახელისთვის ჩრდილი არ მიუყენებია.

ბჟეზინსკის შემოქმედება, წიგნებად გამოცემული, უაღრესად საინტერესოა პოლიტიკოსებისთვის და არა მარტო საინტერესო — ჭკუის სასწავლებელიც. მისი წინასწარმეტყველება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მიმართ, თითქოს დღეს არის გაჟღერებული,. არადა ბჟეზინსკი 8 წელია აღარ არის. ბჟეზინსკის მოსაზრება ხშირად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს პოლიტიკურ კურსს, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ბჟეზინსკი თვლიდა, რომ ვაშინგტონს დაუფიქრებლად მხარი არ უნდა დაეჭირა ისრაელის ნებისმიერი ავანტიურისთვის, განსაკუთრებით ისრაელის ანტიირანული პოზიციისთვის, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:

1990 წლიდან თელ-ავივი დაბეჯითებით ითხოვდა ვაშინგტონიდან ირანზე თავდასხმას, რათა ირანს არ დაემზადებინა ბირთვული ბომბი. 30 წლის წინ, 1995 წელს, გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს, ისრაელის იუსტიციის მინისტრმა ნეთანიაჰუმ ისტერიულად განაცხადა, რომ ირანს 2-3 თვეში ექნებოდა ბირთვული იარაღი და საჭირო იყო მასზე თავდასხმა, რათა წერტილი დასმოდა ირანის ბირთვულ ამბიციებს.

ისტორიის მიხედვით, ვაშინგტონის ისრაელური პოლიტიკა 1950 წლიდან დაიწყო და მან ისეთი განვითარება ჰპოვა, რომ შეცვლა შეუძლებელია, რაც კარგად იცოდა ბჟეზინსკიმ, რომელიც მოუწოდებდა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში დაფიქრებული პოლიტიკის და არა ცალმხრივის გატარებისკენ.

თავის ერთ-ერთ სტატიაში ბჟეზინსკიმ ჩამოაყალიბა 4 მთავარი პოზიცია, რომელთაც უნდა შეეკავებინა აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმა.

პირველი, რასაც ბჟეზინსკი ხაზს უსვამდა, იყო უხილავი საფრთხის გამო ირანზე თავდასხმა. მისი აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არასანქცირებული თავდასხმა გადააქცევდა მათ (აშშ-ისრაელს) დამნაშავეებად.

მეორე. ირანი უპასუხოდ არ დატოვებდა თავდასხმას და თვით მიიტანდა იერიშს რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

მესამე. ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა, გამოწვეული ირანის ნავთობის ექსპორტის შემცირებით, ისე, როგორც საუდის არაბეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ანტიამერიკულ განწყობას შექმნიდა მსოფლიოში.

მეოთხე. ირანზე თავდასხმა გაააქტიურებდა ისლამურ ტერორიზმს, გაზრდიდა აშშ-ზე ტერორისტულ თავდასხმებს. ასეთის პერსპექტივა არსებობს.

ბჟეზინსკი და სხვა ამერიკელი პოლიტექსპერტები, რომელთათვის აშშ-ს ეროვნული ინტერესები უპირველესი რამ იყო და არის, დაწვრილებით აცხადებდნენ, რატომ უნდა ემეგობრა აშშ-ს ირანთან. უპირველესად იმიტომ, რომ  ირანი გაცილებით დიდია ისრაელზე. მისი პოტენციური გავლენა მსოფლიოზე ისრაელზე მეტია. ისრაელის გავლენა მოჩვენებითია — შექმნილი მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერით. აშშ-ს მეგობრობამ ირანთან გაცილებით მეტი მოგება შეიძლება მოუტანოს ამერიკას, ისრაელთან შედარებით.

ირანის მოსახლეობა 10-ჯერ და მეტად (94 მილიონი) აღემატება ისრაელისას, ტერიტორია — 80-ჯერ, ირანის ეროვნული პროდუქტის წარმოება — 5-ჯერ.

აშშ-ის მიერ ირანის მტრად გადაქცევა, ბჟეზინსკის მიხედვით, არის საკუთარი თავისთვის სამარის გათხრა. ირანთან მტრობა გამოიწვევს ირანის დაახლოებას რუსეთთან და ჩინეთთან. ამ ქვეყნების ალიანსი კი ნიშნავს ევრაზიული პოტენციალის აშშ-ს წინააღმდეგ მიმართვას. თუ ამერიკა პირდაპირ ჩაერთვება ირანთან ომში, ეს იქნება კატასტროფა აშშ-თვის.

ნუთუ ამერიკამ შესაბამისი დასკვნები არ გააკეთა ერაყის და ავღანეთის ომებიდან?

ირანი, ამ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ძლიერია. დისტანციური სარაკეტო თავდასხმები არასაკმარისია ირანის დასამარცხებლად. საჭიროა სახმელეთო შეტევა. ასეთის განსახორციელებლად აშშ-ს დასჭირდება 1,6-მილიონიანი არმია. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ოპერაცია დასრულდება კრახით, გამოუსწორებელი სირცხვილით, ისეთით, როგორსაც ადგილი ჰქონდა ავღანეთში. არ არის გამორიცხული, რომ პრესტიჟის დაკარგვის თავიდან აცილებისთვის, აშშ-ს წაქეზებით, ისრაელმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას ადგილი ჰქონდა გასული წლის 12-დღიანი ომის დროს, ბჟეზინსკის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ. ბჟეზინსკის წინასწარმეტყველებით, ეს დაბომბვა ბუმერანგივით დაუბრუნდება აშშ-ს.

არავითარი ლოგიკა არ ჩანს აშშ-ს მოქმედებაში, არც ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში. ლოგიკა სიონიზმშია და ებრაულ ფინანსებში — ნიუ-იორკში არსებულში. ამერიკელი ებრაელები, მილიარდების პატრონები, მხარს უჭერენ ისრაელის აგრესიულ პოლიტიკას, რომლის მიხედვით, ირანი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის.

აშშ-ის ადმინისტრაცია ჩიხშია. მეორე რაუნდი აშშ-ირანის მოლაპარაკებისა, როგორც ჩანს არ შედგება, ვინაიდან ირანი თვლის, რომ აშშ-ი არ ასრულებს დაპირებებს, გაცემულს პირველი რაუნდის დროს.

აშშ-ი ცნობილია როგორც არასერიოზული პარტნიორი, რომელიც სისტემატურად არღვევს შეთანხმებას, გადის ხელშეკრულებიდან, რისი მაგალითია ტრამპის მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულების დატოვება. ასეთს ადგილი ჰქონდა ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. ხელშეკრულება ეხებოდა ირანის ბირთვულ პროგრამას.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ანკორიჯის შეთანხმების არშესრულებაზე ილაპარაკა ლავროვმაც — ანტალიის მეხუთე დიპლომატიურ ფორუმზე.

მსოფლიოს წინაშე 2 ომია. ორივე ინიცირებული აშშ-ს მიერ — უკრაინისა და ირანისა. ორივეში სუპერსახელმწიფოებია ჩართული, აშშ-ი  — ირიბად უკრაინაში, პირდაპირ — ირანში; რუსეთი — პირდაპირ უკრაინაში. ორივე ომი ჩიხშია შესული და არვინ იცის როდის დამთავრდება. არც ის არის ცნობილი, თუნდაც ვარაუდის დონეზე, როგორ უნდა მოხდეს ჩიხიდან გამოსვლა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

21/04/2026