14.04.2026

ერთი სენსაციის შესახებ

გაგანია საბჭოთა კავშირის დროს პირველად მომიწია ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში ყოფნა. შემდგომი ვიზიტები დამოუკიდებელი საქართველოს დროს მქონდა, მათ შორის ქ. ეინდჰოვენში „ფილიპსის“ სახელგანთქმული კომპანიის მიწვევით.

ეინდჰოვენი ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნაცნობი სახელია, საფეხბურთო კლუბ „ეინდჰოვენის“ წყალობით.

კომპანიის სათავო ოფისში და ქარხანაში ჩემი ვიზიტი გამოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის „ფილიპსის“ ხმის მიცემის სისტემის დამონტაჟება.

აეროპორტში დასახვედრად მოსულმა მასპინძელმა დამაბინავა სასტუმროში და მითხრა — დილის 8 საათზე ავტომანქანა მოგაკითხავს და ქარხანაში მოგიყვანსო. ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ავტომანქანა 8:10 საათზე სასტუმროსთან იდგა. 8:30 საათზე ქარხანაში ვიყავი. 8:45 საათზე მიმასპინძლდებოდნენ ყავით. 9 საათზე კი იწყებოდა საკითხის განხილვა, რომელიც 13:00 საათამდე გრძელდებოდა. 13:00 საათზე მპატიჟებდნენ ქარხნის პერსონალის სასადილოში ლანჩზე.

სასადილოს რომ ვამბობ, დარწმუნებული ვარ საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებს გაახსენდებათ საბჭოთა ქარხნების სასადილოები, თეფშებზე „ობშეპიტის“ წარწერით, ალუმინის ჩანგლებით, რომლებიც ხმარებისას ხელში იღუნებოდა, საკმაოდ ხარისხიანი კერძებით: წვნიანით, ხორციანით, დესერტით — კომპოტით, ხილით, კისელით.

ეინდჰოვენის სასადილოს ჭურჭელი, დანა-ჩანგალი რესტორნის შესაფერისი ოყო, ისე, როგორც ჭიქები. მუშა-მოსამსახურეებისა და რანგით მაღალი თანამდებობის პირების სასადილოებს შორის იყო განსხვავება, მაგრამ არც ისეთი, ყურადღება რომ მიეპყრო. ორივეში ისეთი ატმოსფერო სუფევდა, როგორც ხუთვარსკვლავიან რესტორანში, ოღონდ თვითმომსახურებით.

საღამოს 6 საათზე მუშაობა თავდებოდა და ავტომანქანას სასტუმროში მივყავდი. ქარხანაში მუშაობის დროს არ მიგრძვნია დაძაბულობა მომსახურე პერსონალში, ჩემს უშუალო მასპინძლებში, ნერვიული ფუსფუსი ან საქმით გამოწვეული უკმაყოფილება. ყველაფერი ზუსტად მომუშავე შვეიცარული საათივით იყო აწყობილი — ჩამჯდარი დისციპლინის ჩარჩოებში, მაგრამ არა ისეთში, შეწუხებას რომ იწვევს, არამედ „თავისუფალ“ დისციპლინაში.

ჩემი ეინდჰოვენში ვიზიტის დროს შევთანხმდით სისტემაზე, რომელიც წაადგებოდა საქართველოს პარლამენტს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩემი ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, ეინდჰოვენის „ფილიპსის“ წარმომადგენელი ინჟინერი ეწვია თბილისს, რომელმაც დაათვალიერა საქართველოს  პარლამენტის ყველა კუთხე-კუნჭული და დაბრუნდა ეინდჰოვენში პროექტის შესასრულებლად, რომლის ღირებულება ერთ მილიონ დოლარს შეადგენდა.

„ფილიპსის“ გარანტია აპარატურის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით მოიცავდა 25 წელს. აპარატურა არა მარტო ხმებს ითვლიდა, არამედ სესიაზე დამსწრე დეპუტატებს უხმობდა სხდომისკენ. ეძებდა მათ 60 კმ-ის რადიუსში. სხდომის დამთავრების შემდეგ — 3 საათში იძლეოდა სხდომის მსვლელობის დაბეჭდილ მასალას, გამომსვლელთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ყოველივე იმას, რაც სხდომაზე ხდებოდა.

აპარატურა აკონტროლებდა აპარატის მუშაკთა სამსახურში მოსვლას და სამსახურიდან წასვლას, ეძებდა აპარატის მუშაკებს სამსახურში ყოფნის დროს თუკი მუშაკი ხელმძღვანელობის მიერ იყო საჭირო დავალების მიცემისთვის.

სამწუხაროდ „ფილიპსის“ აპარატურა არ დაიდგა მიზეზთა გამო, მათ შორის გამოვყოფდი ხმის მიცემის არ გაყალბებას. ანუ აპარატურა ზედმიწევნით ზუსტად აფიქსირებდა კენჭისყრის პროცედურას და მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო. პარლამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის „ფილიპსის“ „პატიოსნება“ მიუღებელი გამოდგა. მათთვის შესაფერისი იყო ლენინგრადის სისტემა, დამონტაჟებული  სხდომათა დარბაზში და რომელთანაც დაინტერესებულ მუშაკებს, ხელმძღვანელთა ბრძანებით „შენობით“ ურთიერთობა ჰქონდათ.

გარდა ამისა, „ფილიპსის“ სისტემის მხარდამჭერი თქვენი მონა-მორჩილი, შევარდნაძის განკარგულებით პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გამათავისუფლეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად გამამწესეს, ანუ მრავალი წლის პაუზის შემდეგ დამაბრუნეს იმ სამსახურში, რომელშიც ვმუშაობდი.

ვგონებ გამიგრძელდა ჰოლანდიასთან დაკავშირებული ამბის მოყოლა, რითაც მინდოდა მკითხველისთვის მეთქვა მთავარი — იქაურთა დამოკიდებულება სამუშაოსადმი — დისციპლინა, საერთო საქმის სიყვარული, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რასაც აქ არასდროს  ჰქონდა ადგილი და ალბათ არც ექნება.

თუ ჰოლანდიელმა შეძლო, ჩვენ რაღა დაგვემართაო — იკითხავთ. მართლაც, რა დაგვემართა — ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ისინი. გეთანხმებით ნაწილობრივ. გარეგნულად ისეთები ვართ, მაგრამ გონებრივად განსხვავდებით, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია — ცხოვრების წესის განმსაზღვრელი. გარდა ამისა ჰოლანდიელი, ნებისმიერი ევროპელი ისეა აღზრდილი ოჯახის, სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოების მიერ, რომ წესრიგი და დისციპლინა სისხლში აქვთ გამჯდარი. ის, ყოველგვარი ჭინთვის გარეშე ასრულებს საქმეს. ჩვენ კი მუყაითობა მოკლევადიანი გვაქვს, თანაც ძალდატანებით.

იქაური მოხელე რობოტია, კარგი გაგებით, ცხოვრების, წინაპრების მიერ დაპროგრამებული. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ავსტრიის დაბა შლაინინგთან დაკავშირებულს, სადაც იმართებოდა საქართველოსა და აფხაზეთის წარგზავნილთა შეხვედრები. სასტუმროდან გამოსულთ ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა სხდომათა დარბაზში მისასვლელად. ავტომანქანების მოძრაობა ისეთი იშვიათი იყო, საათობით რომ თვალს ვერ მოკრავდით. გადასასვლელზე შუქნიშანი იყო, რომლის მოქმედებას ზუსტად ასრულებდა თითო-ოროლა გადამსვლელი. მათ თავში  არ მოსდიოდათ წითელ შუქზე ქუჩის გადაკვეთა — ცარიელი ქუჩის. თუ რა გვაქვს აქ, თვითონ იცით. თითქოს პატარა ნიუანსია, მაგრამ მნიშვნელოვანი. ასე რომ ევროკავშირის მრავალწლიანი დავალებები, მარტო ეკონომიკის გაჯანსაღებას არ ეხება, ქვეცნობიერად ჩვენს გადაკეთებას ეხება, ისეთად, როგორებიც ისინი არიან.

„აღზრდის“ პროცესი მრავალწლიანია. მაგალითად თურქეთიც შეიძლება მოვიყვანოთ. მრავალი ათეული წელია თურქეთი ევროკავშირის ზღურბლთან დგას — უიმედოდ, ვინაიდან ბრიუსელი კარს არ უღებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაც არის და ეკონომიკური პარამეტრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება, მაგრამ მენტალურად შორს დგას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობისგან.

„შორი გზიდან მოუარე, შინ მშვიდობით მიდიო“ — ისეა ჩემი საქმე. ამსტერდამში პირველი ვიზიტის დროს, საბჭოთა პერიოდში, მასპინძელმა ძველი ქალაქი დამათვალიერებინა, არხებითა და არხებზე გადებული ხიდებით, არხების ჩაყოლებაზე ერთმანეთის მიჯრით აშენებული პატარა სახლებით, პირველ სართულზე არსებული ფართო ვიტრინებით და ვიტრინებში მსხდომი ქალებით. თითო ვიტრინაში თითოთი.

ზოგი ქსოვდა, ზოგი წიგნს ათვალიერებდა კეკლუცად. ქუჩაზე მოსიარულენი, ძირითადად უცხოელები მყიდველის თვალით შეჰყურებდნენ ვიტრინის ქალებს. მოწონების შემთხვევაში, მყიდველი ვიტრინის გვერდში არსებულ ღილაკს თითს აჭერდა. ვიტრინის ბინადარი ფარდას უშვებდა და კლიენტს კარს უღებდა შესასვლელად, რომელსაც სავაჭრო შეთანხმების შემდეგ სქესობრივი აქტი მოჰყვებოდა. სქესობრივ აქტს გამვლელ-გამომვლელი ვეღარ ხედავდა, მაგრამ ახურებულ გამვლელს ვიზუალური მზერის შესაძლებლობაც ჰქონდა — იქვე მდებარე „კასა როზას“ თეატრში.

მასპინძელმა დამპატიჟა ამ თეატრის სპექტაკლზე, უფრო სწორად სპექტაკლებზე, ვინაიდან 3 სართულზე არსებულ მცირე ზომის დარბაზებში ერთდროულად მიმდინარეობდა წარმოდგენები. დარბაზი სავსე იყო უცხოელი ტურისტებით, რომლებიც მსახიობებს ტაშით და გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებდნენ. არ ვიცი გამხნევება რამდენად უწყობდა ხელს მამაკაცის ერექციას, რომელიც ქალთან, სხვადასხვა პოზაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა.

იცვლებოდნენ წყვილები და იცვლებოდა ე.წ. დეკორაციები — სკამი, საწოლი, საქანელა, … ანალოგიური სპექტაკლი იყო მეორე და მესამე სართულებზე — ერთი ქალი და ორი ან სამი კაცი, ან შებრუნებით.

„კასა როზა“ სექს თეატრი იყო და ალბათ დღესაც არის თავისი სპექტაკლებით, უცხოელ მაყურებელთა ტაშით, მაგრამ მას დრამატულ თეატრთან, საერთოდ თეატრთან, რომელიც ჩვენს გონებაშია აღბეჭდილი, საერთო არაფერი აქვს.

თეატრალური კულტურის ფესვები ღრმად არის გამჯდარი მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში, მათ შორის რუსი ხალხის, რუსეთის, რომლის სამეფო კარი, ელიტა მჭიდრო ნათესაურ კავშირებში იყო ევროპის ქვეყნების მონარქიულ კართან.

თეატრის კულტურა გაგრძელდა ბოლშევიკების, კომუნისტების, საბჭოთა მმართველობის დროს და ფართო გაქანება მიიღო. თეატრალური ხელოვნება, ისე, როგორც საოპერო ახალი საბჭოელის ჩამოყალიბებისა და აღზრდის ინსტიტუტად იყო ქცეული. სახელმწიფო, ანუ ხელისუფლება ძალას არ იშურებდა ამ დარგის განვითარებისთვის, რისთვისაც დააფუძნა თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლები, მუსიკალური სკოლები, კონსერვატორია, ქორეოგრაფიული და საბალეტო სტუდიები.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ყველა ქალაქში ფუნქციონირებდა თეატრი, სოფლებში კულტურის სახლები და ა.შ. თეატრის დასი უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო ხელფასით. თეატრალური კოლექტივების რეპერტუარები დინამიურად იცვლებოდა. იდგმებოდა ახალ-ახალი სპექტაკლები. იმართებოდა საქართველოს რაიონებში გასტროლები, ისე, როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში. და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩემი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ მოსკოვის და ლენინგრადის თეატრების გასტროლები თბილისში, ისე, როგორც დიდი თეატრის სახელგანთქმული საოპერო და საბალეტო ვარსკვლავების.

თეატრალური ხელოვნება არსად ისე არ არის განვითარებული და დაფასებული, როგორც თანამედროვე რუსეთში. 668 დრამატული თეატრია რუსეთში, 77 — ოპერისა და ბალეტის. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ანალოგიურ სტატისტიკას, რაც მთავარია ეს თეატრები სახელმწიფო თეატრებია და არა კერძო.

საბჭოთა  კავშირში შემავალი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაც ისეთივე პრიორიტეტებით, შესაძლოა მეტითაც სარგებლობდა, როგორც მოსკოვისა და ლენინგრადის თეატრები.

საქართველოს თეატრებისა და საოპერო, საბალეტო ხელოვნებაზე დიდხანს შეიძლება ლაპარაკი, რამეთუ ამოუწურავი თემაა, უაღრესად საინტერესო, სამაგალითო, სულიერი ცხოვრების საზრდო, ამასთანავე ადამიანის კულტურული აღზრდა-ჩამოყალიბების განმსაზღვრელი.

დიახ! ასე იყო იმ „საზარელი“ საბჭოთა საქართველოს დროს. საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით თბილისელები არ ტოვებდნენ არც ერთ ახალ სპექტაკლს.

თქვენი მონა-მორჩილი რუსთაველის აკადემიური თეატრის ყველა დადგმას ორჯერ და მეტად ესწრებოდა. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრეს“ დიდი რეჟისორის რობერტ სტურუას შედევრს — 10-ჯერ და მეტად.

ამ დადგმამ ფართოდ გაითქვა სახელი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოშიც. და რაოდენ დასანანია, რომ შესანიშნავი სპექტაკლების დამდგმელი რეჟისორის სტურუას სახელი ნეგატიურად ჟღერს ქართულ მედიაში, საზოგადოებაში — შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ინსცენირების გამო.

სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ ვნახე ინტერნეტში დაშვებული ვიდეო-კადრები, შესაბამისი კომენტარებით. თვით რეჟისორის განცხადებაც მოვისმინე — ამ სპექტაკლის დადგმით ავიხდინე ოცნებაო — დაახლოებით ასეთი შინაარსისა.

ვნახე დამცინავი გამონათქვამებიც, ასეთი — „თინათინის ძუძუები რომ გვაჩვენეთ, ნესტან-დარეჯანისამ რა დააშავაო“.

კრიტიკაზე, თანაც ამ შემთხვევაში დამსახურებულზე, დაცინვა და ქილიკი გაცილებით გულსაკლავია — შეუფერებელი სტურუასთვის, თუმცა, როგორც ჩანს შესაფერისი, რამეთუ ის ამ სპექტაკლს თავისი შემოქმედების მწვერვალად აღიქვამს.

ის, რაც ვიდეო-კადრებზე ვიხილე, ამსტერდამის სექს-თეატრის „კასა როზას“ დონისაა — სრულიად შეუფერებელი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენისთვის.

უნებლიედ დამებადა კითხვა — რატომ მაინცდამაინც რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, ქართველისთვის ბიბლიის ტოლფასის, გაუპატიურება?

ეროტიზმის დემონსტრირებისთვის სულაც არ იყო საჭირო შოთა რუსთაველის მოხმობა, თანამედროვე „კლასიკოსის“ დეისაძის ნაწარმოებიც საკმარისი იქნებოდა ან ყოვლის მცოდნეების ბუღაძისა და ტურაშვილის შემოქმედების.

თავისუფლებამ, რაც გვარგუნა ესენია და „ისტორიკოსი“ მასხარაშვილი. საბჭოთა პერიოდში არაერთხელ გაჰკრა თავში ქართველ კინორეჟისორებს „ვეფხისტყაოსნის“ ფილმის გადაღებამ. ვერ გაბედეს. ვერ შეჰბედეს „ვეფხისტყაოსნის“ გაფილმება. სტურუამ შეჰბედა. და შეჰბედა დღეს — თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც არავითარი ეთიკური საზღვრები არ არსებობს; სადაც, ვისაც რა მოესურვება, იმას აკეთებს; სადაც განმკითხველი არვინ არის. ამ შემთხვევაში განმკითხავი კულტურის სამინისტრო უნდა იყოს. მაგრამ არ არის, ვინაიდან არ იცის მისი მოვალეობა, სამოღვაწეო არეალი.

მან რომ არ იცის, ზემდგომმა ხომ უნდა იცოდეს, ანუ მთავრობამ?

მაგრამ მთავრობამაც არ იცის და უცოდინრობის წრეც შეიკრა. კულტურის სამინისტრომ არ იცის თავისი ფუნქცია; არ იცის, როგორ უხელმძღვანელოს დარგს. შედეგიც სახეზეა. ანალოგიური ვითარებაა ყველა სამინისტროში.

კულტურის სამინისტრომ, რომ თავისი ფუნქცია იცოდეს, არ დართავდა ნებას რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციას ბანდიტურ ბიზნესთან გარიგებას, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ლამის მილიონი ლარი დააკარგვინა, მაგრამ ხელმრუდეთა ჯიბეები გაავსო — სცენის განათების ნათურების შესყიდვით.

სცენას სჭირდება განათება, მაგრამ ამ ფასად? რუსთაველის თეატრს ვერ უშველის ივანიშვილის მიერ ჩატარებული რემონტი — კედლების შეღებვით. თეატრის სცენა საჭიროებს მოდერნიზაციას, ავტომატიზაციას, სცენის დეკორაციების ცვლას კომპიუტერული სისტემით, სხვას, მრავალს, ისეთს, მოსკოვის თეატრებში რომ გაკეთდა ბოლო წლებში, რისთვისაც საჭიროა საქმისადმი საფუძვლიანი მიდგომა და არა ერთის ხელის მოსმით ვიღაც ნაძირლების მიერ ქურდობაში დახმარების გაწევა. საბიუჯეტო თანხების უყაირათო ფლანგვა ჰქვია ყოველივე ამას. საინტერესოა პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა თუ არა კულტურის მინისტრის ხელგაშლილობით, რამაც საზოგადოება ესოდენ აღაშფოთა?

„არსაიდან ხმა, არსით ძახილი“ — ქართული ანდაზისა არ იყოს, ისეა მთავრობის საქმე.

ამერიკა-ისრაელ და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომი, რომელმაც მძიმე ენერგეტიკულ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია მსოფლიოში, განგაშის ზარებს უნდა რეკდეს ხელისუფალთა ტვინებში, ვინაიდან ომის გამოძახილმა უკვე მოაღწია საქართველომდე — ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების მატებით და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურების სფეროზე ფასების ზრდით.

მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადისკენ, სადაც 1979 წლიდან, ირანის ისლამური რევოლუციიდან დღემდე პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გაიმართა აშშ-ირანს შორის.

ჩვენდა სამწუხაროდ, 21-საათიანმა მოლაპარაკებამ შედეგი არ მოიტანა. რას ნიშნავს ეს, თუ არა საომარი მოქმედების განახლებას, ისედაც დაძაბული ვითარების უკიდურესად დაძაბვას?

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ირანის ცივილიზაციის გაქრობის თაობაზე ისევ ძალაში შევა? და ისევ დაიწყება ირანის ისლამური რესპუბლიკის უმოწყალო დაბომბვა?

სხვას არც უნდა მოველოდეთ, ვინაიდან უკან არც აგრესორი აშშ-ი იხევს და არც აგრესიის მსხვერპლი ირანი, რომელსაც უკან დახევა არ შეუძლია, ვინაიდან უკუსვლა დამოუკიდებლობის დაკარგვის, მონობაზე დათმობის მომასწავლებელია.

რას მოიტანს ომის ახალ ფაზაში გადასვლა?

ნავთობპროდუქტებზე, გაზზე, მინერალურ სასუქებზე ფასების ზრდას, რაც უდავოდ იმოქმედებს ჩვენზე. ასეთ დროს ხელისუფლება თითოეულ თეთრს უნდა უფრთხილდებოდეს, არ ხარჯავდეს ისეთ საქმეში, როგორიც თეატრის სცენის განათებაა.

უნებლიედ მებადება კითხვა — ძვირფასი ნათურების შეძენამდე სიბნელეში მიმდინარეობდა სპექტაკლები?

კულტურის სამინისტრო, 30 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულა, რატომ არის დაყრუებული პლეხანოვზე მდებარე ყოფილი კინოთეატრი „ოქტომბერი“ ან რატომ გაუქმნდა რუსთაველის ისტორიული კინოთეატრი, რომელიც არაბულ კომპანიას გადაეცა. რატომ არის ხელნაწერთა ინსტიტუტი უნიკალური ძეგლებით მისთვის შეუფერებელ შენობაში, როდესაც კარგა ხნის წინ ხელისუფლება შეჰპირდა შესაფერის შენობაში გადაყვანას; რატომ არის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა ღობეშემორტყმული — რესტავრაციის მოლოდინში, უპატრონოდ მიტოვებული; პლეხანოვის გამზირზე მდებარე მუსკომედიის თეატრის კარი რატომ არის ჩალურსმული?

რატომ არის დაყრუებული სოფლებისა და რაიონების, ქალაქების კულტურის სახლები, თეატრები, … ?

კულტურის სამინისტრო მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს ქართული კულტურის, მისი ისტორიული ძეგლების გადარჩენისთვის, ბიბლიოთეკების გამოფხიზლებისთვის. მათში ახალი, თანამედროვე კომპიუტერული სისტემის მოწყობისთვის. ყოველივე იმისთვის, რაც კულტურასთან, სულიერებასთან არის დაკავშირებული.

კულტურა უკიდეგანო სფეროა, მას განათლებული მოხელეები სჭირდება და არა დიპლომიანები, მითუმეტეს იურიდიული სპეციალობისა. სამწუხაროდ, ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს კულტურის მუშაკთა რაოდენობა, ნაცვლად ზრდისა, მკვეთრად შემცირდა. სფერო მოიცვა დილეტანტებმა, ხელისუფალთა უცოდინარმა ნათესავ-მეგობრებმა. და რომ ეს ასეა, რუსთაველის თეატრის მაგალითიც გვამცნობს — რობერტ სტურუას სენსაციური სპექტაკლით.

დიდი რეჟისორი, რომელმაც არაერთი სენსაციური დადგმა განახორციელა აკადემიური თეატრის სცენაზე, ახალ სენსაციას გვთავაზობს — როგორც ჩანს მდარეს, რომლის მიზანი ერთია — სენსაცია, თანაც ისეთი, მაყურებელს რომ მოიზიდავს.

ადრეული სპექტაკლებიც სენსაციური იყო, თუმცა აკადემიურობით გაჟღენთილი. მათ ეროტიკა არ სჭირდებოდათ, უამისოდაც აღწევდა მიზანს — სულიერს, სიღრმისეულს და არა ზედაპირულად სენსაციურს.

საბჭოთა საქართველოს თეატრებს, განსაკუთრებით ოპერისა და ბალეტისას არ აკლდა სენსაცია. გავიხსენოთ ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელო“, მისივე შესრულებით; ზურაბ კიკალეიშვილის „იაგო“, ჰაეროვანი ვერა წიგნაძის „დეზდემონა“, ანდა მორის რაველის ბოლეროზე დადგმული ერთი ვარსკვლავის — ჭაბუკიანის ცეკვა ერთაქტიან სპექტაკლში.

გავიხსენოთ სენსაციური სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრისა ვერიკო ანჯაფარიძის, ვასო გოძიაშვილის, სხვა მსახიობების შესრულებით. არც ერთ სპექტაკლში არ იყო ჩადებული იაფი სენსაციურობით მაყურებლის მოზიდვა. მსახიობების ბრწყინვალე თამაში იზიდავდა მაყურებელს და არა შიშველი ძუძუები.

და ბოლოს, რატომ მაინცდამაინც რუსთაველის უკვდავი პოემის გაეროტიკულება?

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ჯუმბერ პატიაშვილის საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნობის დროს, ცკ-ს შენობის დარბაზში სპეციალური სხდომა გაიმართა. პარტაქტივის შეკრება, რომელმაც განიხილა ისეთი საკითხი, როგორიც იყო რუსთაველის შეურაცხყოფაზე შესაბამისი რეაგირება.

ჰოლივუდის რეჟისორმა გადაიღო ფილმი, რომლის მთავარი გმირის, მაფიოზის გვარი როსტვილი იყო. აქტივს მეც ვესწრებოდი. გამოდიოდნენ პარტიული მუშაკები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, მწერლები აღშფოთებულები ამ ფაქტით.

საქართველოს ხელისუფალთა ძალისხმევით მოსკოვმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შემდეგ ამერიკელმა რეჟისორმა ბოდიში მოიხადა, არავითარი ცუდი ზრახვებით არ გამომიყენებია ეს სახელიო. მას შემდეგ ისტორიული თვალსაზრისით დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ე.წ. თავისუფლებამ, სულიერ-მორალური საზღვრების უგულებელყოფამ კარდინალურად შეცვალა ჩვენი აზროვნება.

იმ ამერიკელს, რომელსაც მხოლოდ ყური ჰქონდა მოკრული რუსთაველის სახელისთვის, „ვეფხისტყაოსანი“ არ დაუმცირებია, უბრალოდ სახელი გამოიყენა. დარწმუნებული ვარ, მას რომ პოემა წაეკითხა, არ გაბედავდა რუსთაველის სახელის „მსუბუქად“ გამოყენებას.

გავიდა წლები და თანამედროვეობით „დამტკბარმა“ საზოგადოებამ, საზღვრებმოშლილ ცხოვრებას მიჩვეულმა, წაახალისა რეჟისორი სენსაციისკენ, ახალი ქართველის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სულიერებასთან რომ არავითარი კავშირი არ აქვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

14/04/2026