ისევ საქართველო-აფხაზეთ-რუსეთის რკინიგზის თაობაზე (18.02.2021)
რუსოფობიურმა ვირუსმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი, როდესაც გარე ძალების მეცადინეობით კვლავ გაიჟღერა საქართველო-რუსეთს შორის (აფხაზეთის გავლით) რკინიგზის აღდგენის საკითხმა. არაერთხელ მითქვამს სატელევიზიო ეთერში, ბეჭდვით მედიაში საქართველოს უაღრესად მიმზიდველი საკომუნიკაციო (საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო მიმოსვლის) შესაძლებლობის თაობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიწისქვეშა კომუნიკაციებიც — გაზსადენისა და ნავთობსადენის სახით.
ისიც მითქვამს, რომ აკვიატებული, უმწიფარი პოლიტიკური დაავადების გამო საქართველოს ყველა ხელისუფლება (გუშინდელი და დღევანდელი) არასიღრმისეულად უდგება ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს მიზეზთა გამო, რომლებიც ღვთის წყალობით ხვალ თუ არა ზეგ გადაიჭრება, მაგრამ დღეს გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება. მაგალითად — მატარებელს, რომელსაც საქართველოს გავლით რუსეთში, შემდეგ ევროპის ქვეყნებში უნდა გაეგრძელებინა სვლა, სხვა გზით, სხვა მარშრუტით მოძრაობა აირჩია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ გარდა უარისა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
ცნობილი ფაქტია — რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს ამა თუ იმ ხელისუფლებას — ცას ვერ გამოეკერება. ისინი მოდიან და მიდიან, ჩვენდა ანუ ქვეყნისა და მისი ხალხის სავალალოდ — ყოველგვარი სასიკეთო საქმის კეთების გარეშე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ისინი არა ამ ხალხმა, ამომრჩეველმა მოიყვანა ხელისუფლებაში, არამედ ვიღაცამ, გადამთიელმა, რომლის წინაშე არიან ანგაირიშვალდებული და არა საკუთარი ხალხის.
პოლიტიკაში ასეთ ხელისუფლებას მარიონეტულს ეძახიან, ჩვენებურად თოჯინურს — გამობმული ხილული თუ უხილევი ძაფებით, რომელსაც მთავარი მეთოჯინე ოსტატურად მართავს. საქართველომ იცის — ვინ არის მისი ხელისუფლების „მეთოჯინე“ და „სიამაყით“ „სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენიებს — თითქოს სიტყვა „პარტნიორი“ შეესაბამებოდეს მსოფლიოში უძლიერესი, ჰეგემონი ქვეყნის დამოკიდებულებას პატარა, უსუსურ, არშემდგარ ქვეყანასთან.
სიტყვა „არშემდგარს“ ხაზგასმით ვხმარობ, ვინაიდან მხოლოდ ასეთ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას შეუძლია უკანა პლანზე გადადოს ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო საკითხები, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის საამებლად.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყნებიც ისე, როგორც ხელისუფლებები ცას არ ეკერებიან. ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო პოლიტიკის პიკზე მყოფი ქვეყანა კარგავს თავის პირველობას და მის ადგილს სხვა ან სხვები იკავებენ. დღეს ამ პროცესთან გვაქვს საქმე. მსოფლიო ჰეგემონი, აშშ-ი კარგა ხანია კარგავს პოზიციებს და ეონომიკური თვალსაზრისით ვეღარ უძლებს დისციპლინით აღსავსე ჩინეთის შეტევას.
დასავლელ ექსპერტთა საფუძვლიანი გათვლით, 2028 წლისთვის ჩინეთი დაიკავებს მსოფლიო პირველობის ტახტს — ეკონომიკური, ხოლო რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთმა უკვე გაუსწრო აშშ-ს უახლეს შეიარაღებაში და თუ ადრე ეს ქვეყანა მისდევდა ამერიკას, ახლა ამერიკა უნდა დაეწიოს მას, თუმცა გაუჭირდება ამის გაკეთება უახლოეს წლებში.
მედიის მუშაკებთან (რედაქტორებთან) შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა სამხედრო მშენებლობაში მიღწეული წარმატებების თაობაზე. გაიხსენა მის მიერ სამი წლის წინანდელი განცხადება ახალი ზებგერითი იარაღის შექმნის შესახებ, რომელმაც დასავლეთში, კერძოდ აშშ-ი, სხვათა შორის ჩვენშიც, დამცინავი ღიმილი გამოიწვია — დამცინავი კომენტარებით — პუტინს სურს მულტიპლიკაცია მსოფლიოს, რეალობად მოაჩვენოსო. დასავლეთის სამწუხაროდ, მულტიპლიკაცია სინამდვილე გამოდგა და უკვე რუსეთის არმიის შეიარაღებაშია.
არცთუ მოკლე შესავალი იმიტომ წარვუმძღვარე მთავარ საკითხს, რომ კიდევ ერთხელ მეთქვა მკითხველო თქვენთვის შემდეგი — პარტნიორს თავისი ადგილი აქვს და თუ ის ხელს გიშლის განვითარებაში, გვერდზე უნდა გასწიო და აკეთო შენი საქმე. თუ გააგრძელებს ხელის შეშლას — მუქარითა და ძალის გამოყენებით, მადლობა უნდა გადაუხადო „თანადგომისთვის“ და პოლიტიკური მიმართულება შეიცვალო. ცხადია, ამ მოძრაობით ხელისუფლება დაზარალდება — ევროატლანტიკური სივრცის მიერ მოყვანილ-გაზულიქებული, მაგრამ ქვეყანა გათავისუფლდება 30-წლიანი ტყუილების, ცრუ დაპირებების მარწუხებისგან, დაუბრუნდება მისთვის ჩვეულ ისტორიული განვითარების გზასა და ჩარჩოებს.
მთავარი საკითხი კი საქართველო-რუსეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაა. ეს საკითხი დღიდან აფხაზეთის ომის დამთავრებისა, აქტუალურია და მასზე ლაპარაკი მუდამ მიმდინარეობს ცუდ კარდიოგრამასავით — ხან ამაღლებულ ტონებში, ხან დაბალ. რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ რკინიგზას, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, არ დაუკარგავს თავისი მნისვნელობა და უახლოეს მომავალში, შესაძლოა შორეულ პერსპექტივაშიც არ დაკარგოს, როგორც იაფმა, სწრაფმა, სხვადასხვა ხიფათებისგან (ბუნებრივი მაქვს მხედველობაში) დაზღვეულმა სატრანსპორტო საშუალებამ.
რკონიგზით განხორციელებული სატვირთო გადაზიდვები უდავოდ აჭარბებს ყველა დანარჩენ სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის საზღვაოს. ღვთის წყალობით საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ისეთია, კარგა ხანს (მრავალი ათეული წელი) რომ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, გონივრული და არა მძარცველური პოლიტიკით (რასაც ახლა აქვს ადგილი) შეავსებს მის ბიუჯეტს. რკინიგზის გაყვანა და მისი ექსპლუატაცია არ არის ერთჯერადი აქტი. ის მუდამ მოითხოვს ყურადღებას, მოდერნიზაციას, გაჩენილ გარე ალტერნატივებთან საზრიან შეჭიდებას, საკუთარი პოზიციების დაცვას და ა.შ.
საქართველო-რუსეთის რკინიგზის აღდგენა არა მარტო რუსეთის ქალაქებთან კომუნიკაციების აღდგენას ნიშნავს, არამედ ევროპის ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს. გახსოვთ ალბათ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში (ამჯერად ევროკავშირის წევრებში) ტურისტად გამგზავრებულთ, უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსიის გავლით საზღვრების გადაკვეთა, ფართო საბჭოთა რკინიგზიდან, ევროპის ვიწრო რკინიგზაზე გადასასვლელად მატარებლის მომზადება და ა.შ.
სამწუხაროდ ჩვენთვის ეს გზა მივიწყებას მიეცა და არა მართო ჩვენთვის, მეზობელი სომხეთისთვის. სომხეთი, რომელიც დსთ-ს და ევრაზიული კავშირის წევრია, ხელოვნურად არის მოწყვეტილი მათგან, საქართველო-რუსეთის რკინიგზის, აფხაზეთის მონაკვეთის უფუნქციობის გამო.
რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგ გამოდის საქართველო, რომელიც აფხაზეთთან ომის დასრულების შემდეგ ისეთ მოთხოვნებს უყენებს რუსეთს და აფხაზეთს, რომელთა შესრულება პოლიტიკური თვალსაზრისით და არა ტექნიკური, შეუძლებელია.
აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა და მატარებლების მოძრაობა მარტო მატარებლების მიმოსვლაა და მეტი არაფერი? იქნებ სხვა კომუნიკაციების აღდგენაც მოჰყვეს რკინიგზის აღდგენას?
საღად მოაზროვნე ადამიანი რკინიგზის მიმოსვლის აღდგენასთან ერთად აუცილებლად იფიქრებს ადამიანთა ურთიერთობის აღდგენაზეც, ვინაიდან ეს ბუნებრივი პროცესია და მას პოლიტიკა ვერ შეაჩერებს. მატარებელს უდავოდ მოჰყვება საქმიანი — ტექნიკური თუ ბიზნეს-ურთიერთობები, რაც არა მარტო რკინიგზის სფეროში დარჩება, არამედ გაარღვევს მის საზღვრებს და ფართო არეალს მოიცავს. რკინიგზა გახდება სახალხო დიპლომატიის მოწინავე სფერო — გადაზრდილი ეკონომიკურ-სოციალურ დარგებში.
სომხეთ—საქართველო—აფხაზეთ—რუსეთის რკინიგზის აღდგენა უაღრესად პერსპექტიულია ირანთან სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენით და ირანის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მიმოსვლის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ირანის სამხრეთ საზღვაო პორტებში გემებით შესული ტვირთები, რკინიგზის საშუალებით, შევა სომხეთში, იქიდან საქართველოს გავლით რუსეთში, ხოლო რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში. ეს გზა გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე საზღვაო — სუეცის არხის გავლით. ტვირთს მხოლოდ ირანის სამხრეთის საზღვაო პორტებში მოუწევს მატარებელზე დატვირთვა. დანარჩენი გზა სახმელეთოა.
აზერბაიჯანმა, ირანმა და რუსეთმა რახანია აამოქმედეს სამხრეთ-ჩრდილოეთის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო კომუნიკაცია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს მარშრუტი წარმატებით ფუნქციონირებს.
ყარაბაღის ომის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ამიერკავკასიაში რუსეთ-თურქეთის, განსაკუთრებით რუსეთის გაძლიერება, დაიწყო აქტიური ლაპარაკი რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე — სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების განვითარების თვალსაზრისით.
გახსოვთ ალბათ, ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოზიტიურად გამოეხმაურა, რაც ჩემის აზრით მისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ იყო, თუმცა მმართველი „ოცნებისთვის“, ისე, როგორც ჯამურად ქართული პოლიტიკისთვის, მიუღებელი. ხელისუფლებამ არ დააყოვნა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ხვთისიაშვილის დონეზე გასცა პასუხი წამოჭრილ თემას: „საქართველო ვერ იქნება ჩართული ვერანაირ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო — რუსეთი მონაწიელეობს“.
რით არის ეს პასუხი ნაკლები უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაზე — რუსეთის ვაქცინა „სპუტნიკ V” შეძენასთან დაკავშირებით? ზელენსკიმ თქვა, რომ ოკუპანტი რუსეთისგან ვაქცინას არ შეიძენს. ერთ ადამიანს, თუნდაც პრეზიდენტს არავითარი უფლება არ აქვს ხალხისთვის აუცილებელი ვაქცინის შეტანა-არშეტანასთან გადაწყვეტილების მიღების.
ვიღაც ხვთისიაშვილს (თუმცა ის არაფერ შუაშია, მას ათქმევინეს ის, რაც არ იცის) არ აქვს უფლება აუკრძალოს საკუთარ ხალხს ჰქონდეს სარკინიგზო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან. ზელენსკის სძულს რუსეთი — „ოკუპანტი“ ქვეყანა და მის ვაქცინას უკრაინაში არ შეუშვებს. მარტო „სპუტნიკ V” შეშვება აქვს მხედველობაში ზელენსკის, მაგრამ არა სხვა რუსული მედიკამენტების, რომელთა ექსპორტი უკრაინაში 2019 წელთან შედარებით გასამმაგდა.
საქართველოს ხელისუფლებასაც იგივე ახლომხედველობის პრობლემა აქვს — დაკავშირებული „სპუტნიკ V”-თან. ეს ვაქცინა არ გვინდა, მაგრამ გვინდა რუსული ხორბალი, ენერგომატარებლები, ინვესტიციები და ა.შ. გვინდა რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ საკუთარი ნათესავებისთვის გამოგზავნილი ფული. გვინდა რუსული ბაზარი, ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის გასაყიდად. … რომ არა თუნდაც შეზღუდული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა ვერ იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა.
კატეგორიულია ქართველი „ექპერტობა“, რატომ? მარტივი მიზეზის გამო — ისინი ამერიკულ გრანტებზე ცხოვრობენ და საქართველოს ბედი, ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობის აღდგენა არ ანაღვლებთ. აი, რას ამბობენ ისინი: „უღირს კი თბილისს, აფხაზური სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის თემას დაუბრუნდეს და დაიწყოს ტექნიკური, ეკონომიკური და უპირველესად პოლიტიკური სირთულეების გადალახვა“?
ქართველი ანალიტიკოსების აზრით — არა!
ამ მოკლე წინადადებაში ყველაფერია ჩადებული — დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილის არ არსებობა; აფხაზეთის, როგორც ტერიტორიისა და ხალხის იგნორირება; მასთან ყოველგვარ კავშირებზე უარის თქმა, ვინაიდან „ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური“ სირთულეების გადალახვა „დაღლის“ ოფიციალურ თბილისს, ქართულ პოლიტიკას. ამას არ ჯობს ყოველგვარი თავისტკივილის გარეშე ამერიკულ გამოხრულ ძვლებს დაწაფება?
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა არ ჯდება ამიერკავკასიისთვის გამოწერილ ამერიკულ რეცეპტში, ვინაიდან გამოიწვევს რუსეთის სომხეთთან და ირანთან რკინიგზით დაკავშირებას, რუსეთის პოზიციების განმტკიცებას. მაგრამ ამას, გვინდა თუ არა ჩვენ, თუნდაც ამერიკას, მაინც ექნება ადგილი, ვინაიდან თემა იმდენად მნიშვნელოვანია, წინ ვერვინ აღუდგება. უბრალოდ დროში გაიჭიმება, რითაც საგრძნობი ზიანი მიადგება საქართველოს.
დავსვათ კითხვა — რა შეიძლება ეწოდოს ხელისუფლებას, რომელიც წინ ეღობება აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის მთავარ ინსტრუმენტს — სარკინიგზო კომუნიკაციას?
ანალოგიურ კითხვას ვუსვამ ე.წ. ქართველ ექსპერტობას — არის თუ არა ეს ღალატის ტოლფასი?
იგივე კითხვას გისვამთ მკითხველო თქვენ — ერისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის დადებითად გადაჭრის სურვილის გამოსამჟღავნებლად.
და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა — მსოფლიოს რომელ კუთხეში, რომელ რეგიონში მდებარეობს საქართველო?
როგორც ჩემთვის არის ცნობილი ამიერკავკასიაში, რომელიც მინიმუმ 12000 კილომეტრითაა დაშორებული ამერიკას. გეოგრაფიას, გარდა სხვა საკითხისა, აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყნის შემადგენლობაში შესასვლელად. საქართველოს პოლიტიკა თავს ბედნიერად ჩათვლიდა, აშშ-ს თავის შტატად რომ გამოეცხადებინა, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე თავში აზრადაც არ მოუვა. ასე, რომ გვინდა თუ არა დავრჩებით ამიერკავკასიაში იმ მეზობლებთან, რომლებიც გვყავს. გვინდა თუ არა ანტირუსული მოლანდებებით ზეცაში ფრენას დიდხანს ვერ შევძლებთ და ერთ მშვენიერ დღეს მიწაზე დავეშვებით, რაც იძულებულს გაგვხდის გავითვალისწინოთ რეგიონული მოთხოვნები.
ზემოთ ვახსენე რეგიონის ექვსი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების სამომავლო გეგმების თაობაზე, რასაც უდავოდ ექნება ადგილი, როგორც ჩანს 5 ქვეყანას შორის — საქართველო გამოკლებით. ივარგებს ასეთი რამ? და სად იქნება საქართველო, არც დასავლეთში და არც რეგიონში?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი