რუსოფობია, ქართველთა მძიმე სენი (14.02.2021)

წინა სტატიაში ჩემს მიერ წამოწეული თემა იმდენად აქტუალურია, რომ მისთვის გვერდის ავლა და ჩვეულებრივ, რიგით მოვლენად მიჩნევა მძიმე შედეგს მოუტანს (უკვე მოაქვს) ქვეყანასა და ხალხს, ყველა ჩვენგანს. ამ დაავადებას რუსოფობია ანუ რუსეთის სიძულვილი ჰქვია. ისე, როგორც ყოველთვის, შემედავებიან, რუსი ხალხი არაფერ შუაშია, მისი ხელისუფლება, პრეზიდენტი და პოლიტიკა გვაქვს მხედველობაშიო. მერედა რუსმა ხალხმა ვის ჩააბარა ქვეყნის მართვის საჭე, თუ არა დღევანდელ პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს?!

ჩააბარა საყოველთაო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებზე და არა ფალსიფიცირებულზე, ისე, როგორც აშშ-ი ან მის „სტრატეგიულ“ პარტნიორ საქართველოში.

რუსეთისადმი ალმაცერი განწყობა ყოველთვის იყო საქართველოში, განსაკუთრებით ინტელიგენციაში, მაგრამ ის, რასაც შევესწარით, ახალი და უკიდეგანოა — ისე, როგორც ერთად აღებული წყნარი და ატლანტიკის ოკეანეები. ახალ რუსოფობიურ ტალღას, თითოეულ ჩვენგანში ჩანერგილს, ევროატლანტიკური საწყისი აქვს ატლანტიკის ოკეანის გადაღმა 17 ამერიკული სპეცსამსახურის მიერ შემუშავებულ-აპრობირებული.

რუსეთისადმი ზიზღი და სიძულვილი ამ სამსახურებმა ყველა ყოფილ სოციალისტურ ქვეყანასა და საბჭოთა რესპუბლიკებში ჩანერგეს, მაგრამ რუსოფობიური ვირუსი განსაკუთრებით პოლონეთში, ბალტიისპირა რესპუბლიკებში, უკრაინასა და საქართველოში ხარობს.

ქართულ-უკრაინული რუსოფობია ისეთ სიმაღლეებს იპყრობს, ამ ვირუსის შემქმნელ ამერიკელებსაც რომ აოცებთ. ქართულ-უკრაინულ რუსოფობიას ამერიკელთა გარდა, ამერიკელთა დავალებით, ზედამხედველობას უწევენ რუსოფობიის უმაღლესდამთავრებული პოლონეთი, ბალტიისპირა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

პოლიტკიაში ჩახედულთ კარგად ემახსოვრებათ ამ ქვეყნების მაღალი და უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების გამუდმებული ვიზიტები საქართველოში. საბედნიეროდ პანდემიამ შეაჩერა ყოველივე, თუმცა „კოვიდ-19“-ს პანდემიამ ვერაფერი დააკლო რუსოფობიურ პანდემიას, ვგონებ პირიქით. დასტურად საქართველოს ხელისუფალთა მყვირალა განცხადებები და პოლიტიკოსთა უმწიფარი, დაუფიქრებელი რიტორიკაც კმარა. და არა მარტო პოლიტიკოსთა, არამედ ვირუსოლოგთაც კი. ბევრი მაგალითით თავს არ შეგაწყენთ, ერთიც კმარა. ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეული ექიმი-ვირუსოლოგი კულუმბეგოვი ამბობს: „ჩვენ არცკი გვიფიქრია რუსული ვაქცინის „სპუტნიკის“ შეძენა და ეს რომ ასე იყოს,  მას ხალხი არ გაიკეთებს“.  

გაპოლიტიკოსებულმა ექიმმა დაიწუნა რუსული ვაქცინა — მდარე ხარისხის არისო, აქო და ადიდა ამერიკული „ფაიზერი“, თანაც იმ დონეზე, რომ ვირუსოლოგიის სფეროში მის შექმნას მსოფლიო გარღვევა უწოდა და ეს მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას უკვე 15 გარდაცვლილი ჰყავდა.

კულუმბეგოვი ისე ტკბილად ჟღურტულებდა „ფაიზერზე“, თითქოს ჩიტის რძე ყოფილიყო. ექიმმა დაბეჯითებით თქვა, რომ რუსულ ვაქცინას ხალხი არ გაიკეთებს. ექიმის ნათქვამი უდავოდ ჰგავდა მოწოდებას — არ გაიკეთოთ! რატომ? იმიტომ, რომ რუსულია!!!

კულუმბეგოვი პოლიტიკოსი არ არის, ის ექიმია, მაგრამ ან ამერიკულ გრანტზე არის შეთამაშებული ან „სპუტნიკის“ დაწიხვლით იმედი აქვს შეეთამაშება. კულუმბეგოვი, „პატრიოტი“ ექიმი, ხალხის ხსენებით „იცავს“ მას (ხალხს) უვარგისი რუსული ვაქცინისგან, სინამდვილეში მაქსიმალურად ცდილობს ხმა გააგონოს ამერიკის საელჩოს საკუთარი კეთილდღეობისთვის — რუსოფობიურ ლოზუნგს ამოფარებული. არადა კულუმბეგოვის სატელევიზიო გამოსვლიდან ერთ კვირაში მსოფლიოს ვირუსოლოგებმა აღიარეს რუსი მეცნიერების ღვაწლი — წარმატებული ვაქცინა „სპუტნიკ-V” შექმნაში.

„პატრიოტი“ ექიმის გამოსვლასთან ერთად ყურადღება მიიპყრო საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში „ჟურნალისტ“ გაბუნიას გამოჩენამ. წითელთავა ტელეწამყვანს აინტერესებდა სასამართლო პროცესი, რომელსაც თბილისში აქვს ადგილი. ბრალდებული, ვიღაც ჩეჩენი გახლავთ, რომელიც თბილისში ჩამოსულა გაბუნიას მოსაკლავად. მკვლელის მიზანი იყო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის უწმაწური სიტყვებით მაგინებელი გაბუნიას მოკვლა — შურისძიების მიზნით. დამკვეთი, ცხადია — პუტინი.

ქართულ ჟურნალისტიკას რომ თავი კიტრად მოაქვს, გასაკვირი არ არის, ვინაიდან საკუთარი განდიდება მხოლოდ ბრიყვისა და უცოდინარის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ რას გვერჩის ჩვენ, მაყურებელს? თუმცა ის მაყურებელიც ისეთია, როგორიც ქართული ჟურნალისტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც გაბუნია და ვერც სხვა ვერ გაბედავდა უწმაწური ლექსიკით მის წინაშე წარდგომას.

მაყურებელმა გემრიელად გადაყლაპა პუტინის მისამართით გაბუნიას გინება. არც ერს და არც ბერს არ დაუგმია მისი საქციელი. ბეჭდურ მედიაში თვალი არ მომიკრავს გაბუნიას ქცევის დამგმობი წერილისთვის — საქართველოს ცნობილი ხელოვნების მუშაკების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, ძველი და გამოცდილი ჟურნალისტების ხელმოწერებით „დამშვენებული“. და ის, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია, ანუ გაბუნია საჯაროდ არვის გაუკიცხავს (გარდა თითო-ოროლასი), იყო საწინააღმდეგო, სხვათაშორის იმავე გადაცემაში, როდესაც წითელთავა წამყვანმა ქალბატონმა გაბუნიას, როგორც ეროვნულ გმირს, მიახარა — ჩვენ მაშინაც შენთან ვიყავით, როდესაც პუტინს აგინებდი და ახლაც მთელ კოლექტივთან ერთად შენთან ვართო.

ვაი, ჩვენს თავს! ქართული ჟურნალისტიკა თუ გაბუნიას საეთერო გინებაში, მაყურებლის შეურაცხყოფის ნაცვლად, გმირობას ხედავს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

გაბუნიას ქმედება რუსულმა საზოგადოებამ მძიმედ აღიქვა და არა იმიტომ, რომ მას პუტინი უყვარს, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მან თავის თავზე მიიღო. რუსი ერი ძლიერი და ამტანია, რაც მან საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა. მას მოთმენაც შეუძლია და გაგებაც, მაგრამ საზღვარს გადასულს, ვინც არ უნდა იყოს ის, ადრე თუ გვიან პასუხს გასცემს. რატომ უნდა ჩაიყენოს თავი ერმა უხერხულ, მძიმე მდგომარეობაში ვიღაც ვიგინდარა, გრანტებს დახარბებული ჟურნალისტის გამო?!

წინა წერილში ვწერდი — ქართულ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში რუსოფობია ლავასავით მოედინებათქო. მარტო დინებას რომ ჰქონდეს ადგილი, თვალს დახუჭავდა კაცი, მაგრამ სიცივით შეწუხებული ერი ლავასთან არის მიცუცქებული — ხელის გასათბობათ და სულაც არ ფიქრობს, რომ გავარვარებული ლავა სულ მალე, მდინარებაში ჩაითრევს და თავის მსგავს  ბლანტ მასად აქცევს.

30-წლიანმა ამერიკულმა პროპაგანდამ, ერს, ერობა, საკუთარი სიდარბაისლე, ცხოვრების წესი, ტრადიციები დაავიწყა. დაავიწყა ფათერაკებით აღსავსე უმძიმესი ისტორია, გეორგიევსკის ტრაქტატამდე რომ ერის და ქვეყნის დასასრულს გვაუწყებდა. სასოწარკვეთილ, სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი, ლამის სიკვდილის ხელში მოფართხალე ადამიანის ბოლო გაბრძოლებას ჰგავდა ბრძენი ერეკლე მეფის გადაწყვეტილება.  

დიდმა რუსეთმა შეგვიფარა, გვაჭამა, გვასვა, გვასწავლა. შეგვინარჩუნა აღმსარებლობა, კულტურა, მეობა, თვითმყოფადობა. შეგვიქმნა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, აგვიშენა და აგვაშენებინა სოფლები, ქალაქები, ქვეყანა. ისეთ დონეზე აგვიყვანა, საქართველოზე არა მარტო საბჭოთა კავშირში, მის ფარგლებს გარეთაც რომ ლაპარაკობდნენ.

გეორგიევსკამდე ნახევარმილიონიანი ერი, 1991 წლის დეკემბრამდე (სსრკ-ს დაშლამდე) 5,5 მილიონად იქცა. ქართველობა ისე გავსუქდით — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ისე საჩვენოდ მოვირგეთ საბჭოთა სისტემა, საქეიფოდ, რესტორნების ოფიციანტ ქალთა სქესთან დროის სატარებლად, ნახევარი დღით მოსკოვში დავფრინავდით — უიაფესი ტრანსპორტით, მსგავსი რომ არასდროს ღირსებია მდიდარ, დაპურებულ დასავლეთს.

დისიდენტებმა, მათმა საფუძველს მოკლებულმა პროპაგანდამ, უმაღლეს მწვერვალებზე აყვანილმა ტყუილებმა მთლად გადარია ხალხი. ღიპმოშვებულმა ქართველობამ რატომღაც თავი მონად მიიჩნია — ღიპიან მონად და „სასოწარკვეთილმა“ დაიბღავლა — „რუსეთი ძარცავს საქართველოსო“. კომუნიზმის „ბოროტი და სისხლისმსმელი“ კლანჭებისგან „განმანთავისუფლებელ“ „ეროვნულ“ მოძრაობას სათავეში ეროვნული „გმირები“ გამსახურდია და კოსტავა ჩაუდგნენ — ანტირუსული, ანტისაბჭოური, რუსოფობიური ლოზუნგებით.

საზოგადოებაში ყოველდღიურად ბეტონდებოდა აზრი, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, წარმტაცი ბუნებით და წიაღისეული სიმდიდრეებით შეძლებს დროის მცირე მონაკვეთში ისეთ მდიდარ ეკონომიკად გადაქცევას, როგორიც შვეიცარიის.

მსგავსი სიბრიყვე გვაყლაპა მოსკოვიდან დაბრუნებულმა შევარდნაძემ — საქართველო მალე ბელგიას დაემსგავსებაო, რაზეც ჩემი საჯარო პასუხი იყო: „დაემსგავსება, თუ ქართველობა ბელგიაში გადასახლდება, ბელგიელები საქართველოში“.

დღესაც ყურში ჩამესმის გამსახურდიას ეგზალტირებული მიტინგური სიტყვები, რომ საქართველოს მინერალური წყალი „ბორჯომიც“ საკმარისი იქნება ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად. კინოფილმ „ჯარისკაცის მამის“ ავტორი რეზო ჩხეიძეც კი ისე გადააქანა, ვითომ „ეროვნული“ მოძრაობის (ჩემის აზრით აშკარა ანტიეროვნული) ანტირუსულმა, რუსოფობიურმა კაკაფონიამ, რომ ცხარე კამათში მიმტკიცებდა — საქართველო მშვენივრად იცხოვრებდა ურუსეთოდ, რომელიც ღლიტავს საქართველოს და ქვეყნის კურორტებიდან შემოსულ ფულს იჯიბავსო.

საქართველო დაემსგავსა მგლად ქცეულ კრავთა ფარას — უაზროდ ატროკებულს, აგრესიულს. შედეგი?! შესაბამისი. თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ, ჩვენსავით მეტიჩარა საბჭოთა რესპუბლიკას — „დამოუკიდებლობისთვის“ მებრძოლს, დანარჩენმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა შორიდან უმზირეს საბჭოეთის დაშლას და მოსკოვიდან ნაბოძები დამოუკიდებლობა დედის რძესავით შეირგეს.

ერთმანეთის ხოცვაში გართულთ, ყურადღებაც არ მიგვიქცევია იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელიც მოსკოვმა მოგვცა და რომლისთვისაც ქართველ ხალხს „ეროვნულმა გმირებმა“ სისხლი ადენინა. საქართველო — შიდა ომის გამჩაღებელი, გაეროს მიღმა დატოვეს. ყველა დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ერთბაშად გაეროს წევრი გახადეს.

თბილისის ომმა, ომებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დააგლახა ერი. გაანადგურა მისი სულიერი ცხოვრება, დაარწმუნა, რომ არ შეუძლია თუნდაც თავის ისტორიულ მიწაზე მცხოვრებ მცირე (მართლაც მცირე) ერებზე გამარჯვება.

დიახ! გამარჯვება, ვინაიდან თბილისს არასდროს უფიქრია შერიგების ენით, მათთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. შევარდნაძის უნიათო, აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყნის ფაქტიური დაშლა მოჰყვა, გამართლება სჭირდებოდა. და აი, ისიც — რუსეთი რომ არა, ჩვენ აფხაზეთში გავიმარჯვებდით. რუსეთი არის აგრესორი, უსაზიზღრესი ქვეყანა, რომლის მიზანი საქართველოს დაპყრობაა. და დაიწყო რუსოფობიის ახალი ტალღა, გაცილებით ძლიერი, ვიდრე გამსახურდიას დროინდელი.

ანტიეროვნულ მოწოდებებზე აღზრდილმა ახალმა თაობამ, ისეთივე არაეროვნულმა და გამყიდველმა, როგორიც წინამორბედი იყო, ნაცვლად მწარე გაკვეთილიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანისა, ახალი ომი გააჩაღა და შევარდნაძის მიერ ფაქტიურად დაკარგულს, იურიდიულად დაკარგული დაუმატა — დიპლომატიურ ენაზე დე-ფაქტოდ და დე-იურედ დაკარგული.

დასავლეთმაც არ დააყოვნა და ახალი ანტირუსული ვაქცინის დიდი დოზა შეუშხაპუნა ისედაც გადაქანებულ საზოგადოებას. რუსოფობია თუ სადმე ყვავის — უკრაინა და საქართველოა. სულ ახლახანს, უკრაინის მთავრობამ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვით აკრძალა რუსული ვაქცინის შეტანა, ვითარცა აგრესორ ქვეყანაში დამზადებულის. ამას ჰქვია საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე „ზრუნვა“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა — უკრაინელები საექსპერიმენტო კურდღლები არ არიან, რომ მდარე ხარისხის რუსული ვაქცინა გაიკეთონო. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიომ აღიარა „სპუტნიკ-V“ დადებითი შედეგები.

დავუბრუნდეთ თემას — ვინ, ვის ძარცვავდა საბჭოთა კავშირის დროს. ამ საკითხს შინაარსიანად იხილავს ბათუმელი ვექილი კახაბერ როდინაძე „eadaily”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში („Кто кого грабил: уровень жизни в России и в Грузии в 1990 г. и в 2015 г.”). მადლობა მას ღრმა ანალიზისა და სინამდვილის გამოქვეყნებისთვის.

გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:

1990 წლის მიხედვით, საბჭოთა კავშირის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) რუსეთის ფედერაციის წვლილი 60,33% იყო. თვით რუსეთის მშპ 1,188 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 17,5 ათასი დოლარი, ხოლო მოხმარების დონე ერთ სულზე 11,8 ათასი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მოიხმარდა 5,7 ათასი დოლარით ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებდა.

იმავე პერიოდში სსრკ-ში საქართველოს მშპ წვლილი იყო 1,2%. ერთ სულ მოსახლეზე მშპ შეადგენდა 10,6 ათას დოლარს, ხოლო მოხმარების დონე 41,9 ათას დოლარს, რის მიხედვით თითოეული ქართველი მოიხმარდა 33,3 ათასი დოლარით მეტს, ვიდრე გამოიმუშავებდა. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოიმუშავებდა ნაკლებს, 3,5-ჯერ მეტად მდიდრულად ცხოვრობდა, ვიდრე რუსეთში მცხოვრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ სულ მოსახლეზე 15 საბჭოთა რესპუბლიკიდან მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და ბელორუსია გამოიმუშავებდა მეტს, მაგრამ მოიხმარდა ნაკლებს, ხოლო დანარჩენი 13 რესპუბლიკა, მათ შორის საქართველოც, გამოიმუშავებდა ნაკლებს, მოიხმარდა მეტს.

1990 წელს ამაყ ქართველს არვინ აუხსნა, რომ რუსეთი უფრო ცუდად ცხოვრობდა, ვიდრე საქართველო, ცუდათ ვიდრე დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები, არა იმიტომ, რომ ნაკლებს შრომობდა, არამედ იმიტომ, რომ გამომუშავებული სამი მანეთიდან, მხოლოდ ორს იტოვებდა თავისთვის, ხოლო მესამეს ძმებს უნაწილებდა.

1990 წელს თითოეული რუსი „ოკუპანტი“ „ოკუპირებულ“ თითოეულ ქართველს ჩუქნიდა 33,3 ათას დოლარს, რაც 9-ჯერ მეტია, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე 2015 წელს გამომუშავებული საქართველოს მშპ.

1990 წელს რუსეთის წყალობით საქართველოს მოქალაქე მოიხმარდა 11-ჯერ მეტს, ვიდრე 2015 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე.

მეტად საყურადღებო მონაცემებია — სტატისტიკასა და ფაქტებზე დაფუძნებული, რაც ამაყ, „პატრიოტ“ ქართველობას ცუდ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ შეიგნებენ ისინი ამ სინამდვილეს? ვეჭვობ! — ვინაიდან 30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ არა მარტო ეკონომიკურად და სოციალურად დასცა ქვეყანა, არამედ მენტალურადაც.  ჩემის ღრმა რწმენით მეტადრე მენტალურად, ვიდრე ეკონომიკურად.

საღად მოაზროვნე ადამიანი უმადურობას, გაუტანლობას, სიძულვილს გვერდს აუვლის საკუთარი ქვეყნის და თავის სასიკეთოდ. მას ეკონომიკაც ექნება და გამართული ყოფა. ასეთი, რუსოფობიით არ იქნება გაჟღენთილი, ვინაიდან ეს დაავადება უპირველესად მის ცხოვრებას, მის ყოფას აუარესებს და არა რუსეთის. არის ამის გამგები თანამედროვე, ვითომ გაევროპელებული ქართველი?

პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი