26.12.2024

გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს (10.01.2021)

გასული წლის უაღრესად არასასიამოვნო ვითარება რომ 2021 წელს გაგრძელდებოდა, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ იწვევდა ეჭვს. „კოვიდ-19“-დ მონათლულმა ვირუსმა რომ 2020 წელს გაშალა ფრთები და პლანეტაზე არსებულ ყველა ქვეყანას გადაუფრინა — შესაბამისი შედეგებით, არც ეს იწვევს გაოცებას. კაცობრიობა ძნელად,  მაგრამ მაინც (რა გაეწყობა) შეეგუა ვირუსით გამოწვეულ „ბედნიერებას“ და ხშირად წამიერ სიამტკბილობას ამჯობინებს  დაინფიცირებას — არცთუ სახარბიელო შედეგებით.

„კოვიდ-19“-ა ბევრი რამ გვასწავლა არა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით, ლიგვისტურითაც. ადამიანთა ყოვედღიური ვერბალური კონტაქტის მარტივ სიტყვათა კონაში გაჩნდა ახალიც, თუმცა ძველი, რომელიც სულ სხვა მიზნით, სხვა მდგომარეობის გამოსახატავად განიხილება. მათ შორის გამოსაყოფია სიტყვა „ლოქდაუნი“, „კოვიდამდე“ სახლის, ბინის კარის დაკეტვის ან სხვა ქმედების გამოსახატავად რომ გამოიყენებიდა. ვერვინ იფიქრებდა, თუ ეს სიტყვა კარის დაკეტვასთან ერთად ქვეყნის დაკეტვასაც შესანიშნავად მოერგებოდა.

მოერგო და მერე როგორ?! — 2020 წლის წაბრძანებას და 2021 წლის შემობრძანებას კარდაკეტილად, ქვეყნებდაკეტილად რომ შეგვახვედრა. კაცობრიობა ამ ჩაკეტილობასაც გაგებით შეხვდა, თუმცა არა ყველგან და არა ყველა. დაუმორჩილებლობის მაგალითები იყო და არის შესაბამისი გართულებებით — ინფიცირებულთა რაოდენობის მატებით, სიკვდილიანობით, რაც ხელისუფალთაგან მკაცრი „ლოქდაუნის“გამოცხადებით მთავრდება.

როდესაც არც ერთი ქვეყნის, არც ერთ მთავრობას „კოვიდ-19“-ს წინააღმდეგ წამალი არ გააჩნია, გარდა „ლოქდაუნისა“ და პირადი ჰიგიენის დაცვისა, რა უნდა ურჩიოს ხალხს?!

და ისიც ურჩევს „დაკეტვას“.

დაკეტვასთან ერთად, სიტყვა „ვაქცინა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით „ფაიზერის“ და არა იმიტომ, რომ ის წარმატებით ეღობება დაავადების ადამიანის ორგანიზმში შეღწევას და მის ჩაქრობას, არამედ იმიტომ, რომ ამ ვაქცინის შექმნა-წარმოებაში ამერიკული ფარმაცევტული ინდუსტრიაა ჩართული.

„ფაიზერი“ რომ ინდური, ჩინური, ფრანგული ან სხვა წარმომავლობის ყოფილიყო, მას კრიტიკა, მასხრად აგდება და არაკეთილსინდისიერი ახსნა-განმარტებები არ მოაკლდებოდა ისე, როგორც რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ-V“-ს — „ფაიზერსა“ და სხვა ვაქცინებთან შედარებით, გაცილებით ადრე დაბადებულს. არადა, მეცნიერ-ვირუსოლოგთა აზრით, რუსული „სპუტნიკ-V“ გაცილებით ეფექტიანი წამალია, ვიდრე „ფაიზერი“, რომელსაც არსებობის ხანმოკლე პერიოდში გარდაცვლილებიც ჰყავს.

„კოვიდ-19“-ა არა მარტო პანდემია მოიტანა, არამედ ვაქცინათა ბინძური კონკურენცია, სადაც მედიცინას, პოლიტიკა ჯაბნის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წამლის ხარისხსა და დადებითობაზე არავინ ლაპარაკობს, ვინაიდან რუსულია. არადა რუსეთის მედიცინა ცნობილია ინფექციებთან ბრძოლაში. მეფის რუსეთიდან დაწყებული, საბჭოთა პერიოდში გაგრძელებული, რუსული კვლევითი ლაბორატორიები, ინფექციებთან ბრძოლაში მსოფლიოში მოწინავენი იყვნენ და არიან.

რუსეთის მიერ „კოვიდ-19“-ს საწინააღმდეგო ვაქცინის, თან არაერთის შექმნა, რომ გაოცებას არ უნდა იწვევდეს, ფაქტია. ესოდენ სიღრმისეული ტრადიციების მქონე ქვეყანას რომ არ შეექმნა ვაქცინა, ის იქნებოდა გასაოცარი, მაგრამ რა გაეწყობა — მსოფლიოს პირველ ქვეყნად წოდებულმა ამერიკამ ბრძანა „ფაიზერია“ საუკეთესო და არა „სპუტნიკიო“ და ვინ შეეპასუხება?! ცხადია არც ერთი მისი მოკავშირე ევროპელი. მაგალითი ამისა ევროკავშირის შტაბ-ბინის გადაწყვეტილება იყო — მიღებული გასული წლის ნოემბერში — არც ერთი რუსული „სპუტნიკ-V“ ამპულა ევროკავშირის ქვეყნებში. დაველოდებით „ფაიზერსო“— ვის ხარჯზე ელოდება ევროკავშირი? ევროპელი დაავადებულების ხარჯზე?

ევროკავშირის ქვეყნებზე „კორონა-ვირუსული“ შეტევა არაფრით გამოირჩევა თუნდაც გასული წლის ბოლოს ევროკავშირიდან ოფიციალურად გასული დიდი ბრიტანეთის შეტევისგან, სადაც გასული წლის ბოლოს „კოვიდ-19“-ს ახალი, უფრო საშიში სახეობა გაჩნდა, რომელიც სწრაფად ვრცელდება არა მარტო იქ, არამედ ევროპასა და მსოფლიოში.

„კოვიდ-19“ ის დაავადებაა, რომლის ერთ ქვეყანაში ჩაქრობა სულაც არ ნიშნავს დაავადების საბოლოო დამარცხებას, ვინაიდან სხვა ქვეყნებში მძვინვარე და მოუთოკავი, შეძლებს „განკურნებული“ ქვეყნის საზღვრების გადალახვას და იქ ახალ აფეთქებას, რასაც აქვს ადგილი ჩინეთში. თითქმის დაავადებიდან განკურნებული ჩინეთი დროდადრო ახალ აფეთქების წინაშეა — შესაბამისი კარანტინებით.

ერთი ქვეყნის „ლოქდაუნი“ საკმარისი არ არის. არც მრავალი ქვეყნის „ლოქდაუნი“ მოიტანს შედეგს, თუ მსოფლიო არ დაძლევს გაუმართლებელ პოლიტიკას მედიცინაში და ნაცვლად ადამიანთა უბედურებაზე გაკეთებული ბიზნესისა, გაერთიანებული ძალით არ დაიწყებს ვირუსებზე მუშაობას. როგორც ჩანს, ასეთ დროს კაცობრიობა ვერ მოესწრება, თანამშრომლობის სანაცვლოდ იქნება შემდეგი — უკრაინა არ შეისყიდის რუსულ „სპუტნიკ-V“-ს, ან საქართველოს ხელისუფალთა განცხადება, რუსული ვაქცინის ყიდვას ჩვენ არ ვაპირებთ!

უნებლიედ იბადება კითხვა — რატომ? იმიტომ, რომ რუსულია და რუსეთი ოკუპანტია? წამალია „სპუტნიკ-V” და არა საახალწლო ფელამუში, რომელსაც ან მიირთმევ, ან არა — განწყობიდან და გემოვნებიდან გამომდინარე.

ამ ორი განცხადბის ნამდვილი ავტორი ცნობილია — პირველ შემთხვევაში აშშ-ს საელჩო უკრაინაში, მეორე შემთხვევაშიც ის, ოღონდ ქართველ მედიკოსთა პირით. ანალოგიური განცხადებები გვესმის ევროპიდანაც, თუმცა არიან „დაუმორჩილებლებიც“ სერბეთის სახით, რომელმაც უკვე დაიწყო რუსული ვაქცინის გამოყენება.

მკლავზე ნემსის გაკეთების ამსახველი ვიდეო-სიუჟეტებით დავამთავრეთ 2020 წელი და დავიწყეთ 2021-ი. „კოვიდ-19“, „ლოქდაუნი“, „ვაქცინა“ და სხვა მრავალი — დაავადებასთან დაკავშირებული სიტყვები, კვლავ ძალაშია და როგორც ჩანს კარგა ხანს იქნება, მიუხედავად იმისა სურს თუ არა ადამიანს ამ სიტყვების გამოყენება, მითუმეტეს მათი თანმდევი შედეგები.

ახალი წლის დადგომიდან ერთი კვირის თავზე კვლავ გაგვაოცა თანამედროვე დემოკრატიის სავანემ (ასე უწოდებს საკუთარ თავს ამერიკა) აშშ-ა. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩამთავრების შემდეგ საყოველთაო ბუნტს, რომელსაც თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, თავი არ შეუხსენებია. თუმცა იყო პრეზიდენტ ტრამპის მკაცრი, ამასთანავე სამართლიანი განცხადებები არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან დაკავშირებით. იყო „ტრამპისტების“ დაბოღმილი მოწოდებებიც შტატებში ჩატარებული არჩევნების ხელახლა გადამოწმებასთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მოთხოვნით და სხვა.

აშშ-ი ჩატარებული არჩევნები გვეუბნება, თუ როგორი არ უნდა იყოს ის. არჩევნებზე დატრიალებულმა სიყალბემ, ცინიზმმა, თავხედობამ, მოსყიდვამ და სხვა მრავალმა საძაგლობამ ასერიგად გამომჟღავნებულმა ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში, დაგვანახა ვითომ დემოკრატიული ამერიკის ნამდვილი სახე.

სახე, მწვანე დოლარისა, თაღლითობისა. ასეთი, არ უნდა იჩემებდეს დემოკრატიულის სახელს. ასეთი, დაგმობილი უნდა იყოს ყველა ქვეყანაში. ასეთი, არავითარ შანსს არ იძლევა მისგან დემოკრატიულობის, კეთილშობილების მაგალითის გადაღებისა. სიტყვით — დემოკრატიული, კეთილშობილური, საქმით ფალსიფიცირებული, სიბოროტით გაჟღენთილი.

აი, ასეთი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ამერიკელმა ბობოლებმა, მოსიარულე ფულის ტომრებმა ტრამპს წაართვეს გამარჯვება და 78 წლის ბაიდენს ჩააბარეს — დემენციით დაავადებულ პირს, რომლის ფიზიკურ-მენტალური ჯანმრთელობა გვეუბნება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში უხილავი გუნდი მართავს ამერიკას და მსოფლიოს, ისე, როგორც „ფულის ტომრები“ ისურვებენ. ამ ფულის ტომრებსა და მილიარდერ პრეზიდენტ ტრამპს შორის უფსკრულია.

ასე იყო წინა არჩევნების დროს, თუმცა ტრამპის არაორდინარულმა 4-წლიანმა პრეზიდენტობამ დაანახა მათ და „ვაშინგტონის ჭაობს“ (ტრამპის გამოთქმა), რომ ტრამპის მომავალი 4-წლიანი მმართველობა ამერიკულ ისტებლიშმენტისთვის კატასტროფის მსგავსი იქნებოდა. რეფორმები პოლიტიკურ სცენაზე — წარმომადგენელთა პალატის წევრთათვის მხოლოდ ორვადიანი არჩევნების დაწესებით და არა სამარადისო, ისე, როგორც დღემდეა ამერიკაში და ჩვენში.

საზღვარგარეთ გატანილი სამრეწველო საწარმოების ამერიკაში დაბრუნება, მთავარი აქცენტის გადატანა აშშ-ს საშინაო ცხოვრების მოწყობაზე და არა მსოფლიოში, ამერიკის ჟანდარმობაზე. ნატოსა და ევროკავშირის დასუსტებაზე, საბოლოო ჯამში მათ დაშლაზე, საზღვარგარეთ არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების (600) შემცირებაზე და სხვა.

ტრამპი — ამერიკის პოლიტიკისთვის მიუღებელი პიროვნება, განვლილი 4 წლის განმავლობაში მუდმივად განიცდიდა დემოკრატიული პარტიის ზეწოლას, მის მიმართ ამერიკული მედიის ანტაგონისტურ განწყობას. ტრამპისთვის განვლილი 4 წელი მძიმე გამოცდის, აუარება შეურაცხყოფის წლები იყო — დაგვირგვინებული გაყალბებული არჩევნებით.

6 იანვარს აშშ-ს კონგრესს, კონსტიტუციისდა მიხედვით, საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინა დემოკრატი ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება. სწორედ ამ დღეს ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში გაიმართა ტრამპისტების მიტინგები, გამოსვლები, ბუნტი. გაავებული დემონსტრანტები შეიჭრნენ კონგრესის შენობაში და … . და არაფერი. მიზანი — ბაიდენის გაპრეზიდენტებისთვის ხელის შეშლა და მომავალი 4 წლით ტრამპის პრეზიდენტად გამოცხადება. არ შედგა!

რამ გამოიწვია ტრამპის მომხრეთა (73 მილიონი) გაგულისება? ცხადია გაყალბებულმა არჩევნებმა — იმ მძიმე სოციალურმა ვითარებამ, რაც „კოვიდ-19“-ს პანდემიას მოჰყვა — უპირველესად უმუშევრობის ზრდით და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობით, რაშიც ამერიკას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეეჯიბრება — 350000.

ამომრჩეველმა დაინახა, რომ მის ხმას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს წყვეტს ფული. ვის სჭირდება არჩევნები, რომლის ბედი „ფულის ტომრების“ მიერ წინასწარ არის გადაწყვეტილი?!

აშშ-ი გასულ წელს დაწყებული დაპირისპირება, როგორც ჩანს წელსაც გაგრძელდება და პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება — კეთილ სურვილად დარჩება.

ამერიკის მსგავსად არანაკლები საბრძოლო მუხტია გაჩენილი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ჯერ-ჯერობით ბუნტისგან თავშეკავებული. აქაც დაძაბულობის წყარო გასული წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგებია. ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ შედის პარლამენტში და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, რაც მიუღებელია მმართველი „ოცნებისთვის“. რით დამთავრდება ეს დაპირისპირება უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მომავალი, რომელიც სიტყვა „ნათელის“ შესატყვისი არ არის.

ამერიკული საარჩევნო სისტემისა არ იყოს, ქართულიც ძირფესვიან შესწორებას საჭიროებს. აქაც, როგორც იქ, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას არაფერი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქაური „ფულის ტომრები“ წინასწარ წყვეტენ არჩევნებში გამარჯვებულ-დამარცხებულის საქმეს. საზოგადოებას ვერავითარ იმედს ვერ უსახავს მილიონერთა გაპარლამენტარება, ვინაიდან მიზანი მათი მარტივია — საკუთარი მონაპოვარის დაცვა, მონაპოვარი კი ამომრჩევლის, ზოგადად ხალხის ჯიბეა. არ იქნება ეს ჯიბე და არ იქნება ე.წ. მილიონერთა მონაპოვარი. დაიცავს ასეთი პარლამენტარი ხალხის ინტერესებს?!

ვერ და არ დაიცავს.

მილიონერთა მომრავლება წინა მოწვევის პარლამენტში გახდა თვალშისაცემი, ახალმა მოწვევამ კი გააორმაგა მათი რაოდენობა. თუ საქართველო ამ გზით ივლის, პარლამენტი იქნება არა კანონშემოქმედი, არამედ მილიონერთა ნავსაყუდელი უტყვი, უვიცი, ყოყოჩა პირთა თავშესაფარი.

მილიონერთა პარტიულ სიაში შეყვანა არა მარტო სახელისუფლებო „ოცნების“ ნაცადი მეთოდია, არამედ ოპოზიციისაც. ერთ-ერთი გულადად აცხადებს — შევიყვანეთ, ვინაიდან პარტიის დამფინანსებლები არიანო.

ყველა პარტიას ჰყავს საკუთარი „ფულის ტომარა“, თანაც არა მხოლობით რიცხვში, რაც პატარა ქვეყნისთვის ცუდი მომავლის მაუწყებელია. მავანი შემედავება — პირიქით ბიზნესმენი, მილიონერი რაც მეტი იქნება პარლამენტში, ქვეყანას ეშველებაო. კეთილი, მაგრამ დავსვათ კითხვა — რა მოუტანა ქვეყანას მათმა პარლამენტში ყოფნამ?

არც არაფერი! ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს ხრავენ და სულაც არ იწუხებენ თავს ფაბრიკა-ქარხნის, წარმოების შესაქმნელად. ასე რომ ყოფილიყო 25 მილიონერი პარლამენტარი, გამდიდრებული მწარმოებლური საქმით, მცირერიცხოვან საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დააყენებდა.

„კოვიდ-19“-დან და სხვადასხვა კრიზისიდან გაჩენილი ეკონომიკური ვარდნა 2021 წელსაც შემაღონებელი იქნება, ცხადია არა პარლამენტარი მილიონერებისთვის, არამედ მათი „ამომრჩეველი“ რიგითი მოქალაქეებისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი