22.12.2024

როდის გამოვფხიზლდებით?!

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ქართულ-რუსული ურთიერთობები რომ კრიზისს განიცდის, ამაში ახალი არაფერია. საქართველოს მოსახლეობა მიაჩვიეს იმას, რომ ასე უნდა იყოს. უფრო მეტიც, არც ხვალ და არც ზეგ ვითარება არ გამოსწორდება, პირიქით, თუ უფრო დაიძაბება — უკეთესი.

ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების დამძიმების და მტრად გადაკიდების პროექტი უცხოეთშია დაწერილი და ალბათ ვერავითარ განხორციელებას ვერ ეღირსებოდა, რომ არა აქაური ნოყიერი ნიადაგი, რაც მთავარია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სხვა ნეგატიური თვისებები, რითაც უხვად არის დაჯილდოვებული ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა და მათ მიერ გატუტუცებული საზოგადოება.

პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, აინუნშიაც არ აგდებენ ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის ისეთი იარლიყების მიწეპებას, როგორებიცა რუსეთის აგენტობა, მისი ინტერესების საკუთარი ქვეყნისთვის თავსმოხვევა, მოღალატეობა და სხვა. და ამას აკეთებენ ისინი, ვინც პირდაპირ არიან უცხოური სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში — სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების ფინანსებით გაზულუქებულნი.

საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათი უდიდესი უმრავლესობა აშშ-ს მიერ ფინანსდება. ტრენინგებსაც იქ უტარებენ ან რომელიმე დასავლურ ქვეყანაში. მორალურად და მენტალურად იქ წამლავენ. ისინი მზად არიან არათუ საკუთარი სამშობლო გაწირონ მასწავლებლის საამებლად (საბოლოო ჯამში საკუთარი კუჭის), არამედ საკუთარი ოჯახიც.

აღნიშნულის თვალნათელი მაგალითია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამგზავრი პარტიები, რომლებმაც კარგა ხანია ოკეანის წყალი დალიეს და ისეთი გეგმა ჩაიბეჭდეს საკუთარ თავებში — ქვეყნის განადგურება რომ ჰქვია. უკვე მერამდენე წელია ეს პარტიული ორგანიზაცია გულმოდგინედ ამღვრევს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და არა მარტო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ქართველების გარეშე — ეკონომიკურად გავერანებული, სულიერად და მორალურად დაცემული.

ნაცმოძრაობის ბოროტი მმართველობა ამის დამადასტურებელია. მათი „საგმირო“ საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას“ კვალიფიციურად შეეფასებინა წინამორბედი ნაცური მმართველობის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და კანონგარეშად გამოეცხადებინა ის, თავზე ხელი გადაუსვა, სპარინგ პარტნიორად დაიტოვა, პარლამენტის სავარძლების ნაწილიც უბოძა და პერმანენტული სატელევიზიო ბაქი-ბუქის  (ერთობ საზიანოს ქვეყნისთვის) საშუალებაც მისცა.

ვიწრო პარტიული ტაქტიკით „ოცნების“ გადაწყვეტილება სწორი იყო, ვინაიდან ნაცმოძრაობის გახსენებაზე, საქართველოს ამომრჩევლებს ტანში არასასიამოვნო ჟრუანტელი ეწყებოდათ, რაც „ოცნების“ მრავალწლიანი მმართველობის გარანტიად ითვლებოდა. „თუ გინდათ, რომ ნაცები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხარი ჩვენ დაგვიჭირეთ“ — ეს მოწოდება ხშირად ისმის „ოცნების“ მხრიდან.

ამ ორი პოლიტიკური ძალის ძიძგილაობაში ქვეყანა დაიკარგა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არც ერთს, ქვეყანა არ აინტერესებს. მათი ინტერესი მარტივია, უფრო სწორად პრიმიტიული — „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება, ნაცებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნება.

მკითხველი შემედავება — რა არის ამაში გასაკვირი, განა დემოკრატიულ ევროპასა და ამერიკაში ასე არ არისო. ასეა, მაგრამ იქ საზოგადოება გათვითცნობიერებულია საქვეყნო საქმეებში და არც ერთ მოპაექრეს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ საკუთარი პარტიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ქვეყნის ინტერესები შებღალოს. ჩვენთან კი ეს ჩვეულებად იქცა, ოღონდ ამას ემატება სხვისი ინტერესებისთვის ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაკიდება, უსიტყვოდ დაკმაყოფილება.

ქვეყნის ინტერესები კი სხვაა — დიამეტრალურად განსხვავებული ამ ორთა, განსაკუთრებით ნაცთა ინტერესებისგან. აქ, ნაცთა მიერ წლების განმავლობაში გამოფენილი „პატრიოტული“ ლოზუნგი ნეგატიურად აღიქმება. ქვეყნის ინტერესებში არც ფსევდო-პატრიოტიზმია, ნაცთათვის დამახასიათებელი და არც ევროატლანტიკური სივრცე. მასში, მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ნორმალური, პრაგმატული ურთიერთობებია.

მიუხედავად თითქმის ოცდაათწლიანი ანტირუსული პროპაგანდისა და ქმედებისა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, თუ ვინმეს შეუძლია შველა — კარის მეზობელი — რუსეთია; თუ ვინმეს შეუძლია აქ წარმოებული, თითზე ჩამოსათვლელი პროდუქციის გასაღებისთვის საკუთარი ბაზრის გაღება — რუსეთია.

მან უკვე გაიგო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ არ გაუხსნა კარი ქართულ პროდუქციას. არ შეასრულა ევროკავშირის მაშინდელი შეფის ბაროზუს დაპირება ნახევარმილიარდიანი (ევროკავშირის მოსახლეობა) ბაზრის გახსნის თაობაზე. საქართველოს მოსახლეობამ უკვე იცის, რაც არ უნდა კარგი პროდუქცია აწარმოოს, ევროკავშირი დაიწუნებს, არასტანდარტულობის გამო.

საქართველოს მოსახლეობამ გაიგო, რომ ასოცირების ხელშეკრულება ანტირუსული პოლიტიკური ნაბიჯი იყო და მას ეკონომიკასთან, საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. იცის და ამიტომაც ისევ ძველი, ნაცადი მეზობლისკენ გაიხედა და ის-ის იყო ამოსუნთქვის საშუალება მიეცა — ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანით, რუსი ტურისტებისთვის სასტუმროების, საცხოვრებელი ბინების მიქირავებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შესყიდვით, რომ მოწმენდილ ცაზე უცბათ გაჩენილმა შავმა ღრუბლებმა — ამერიკულ-ნაცურმა, ისეთი კოკისპირული წვიმა გამოიწვია, წარღვნა რომ ჰქვია და წლების განმავლობაში რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ურთიერთობები წყალს გაატანა.

შეწყდა რუსი ტურისტების ნაკადი, საჰაერო კომუნიკაციები, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი, ჩვენს მიერ რუსული ხორბლის შესყიდვა და სხვა მსხვილმან-წვრილმანი საკითხები. რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის?

„საქართველოს ეკონომიკა ტურიზმზეა ჩამოკიდებული, ტურიზმი კი — რუსეთზე“, — ასე წერს „ევრაზიანეტი“ — ცნობილი ინტერნეტ-გამოცემა რედაქციით ნიუ-იორკში. მას მოჰყავს ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებაში ტურიზმს 33,7% უკავია (2018 წ.), რაც უსწრებს მსოფლიოს საშუალო მონაცემებს (10.4%). მეზობელ სომხეთში ის 16%-ია, აზერბაიჯანში — 13%, ხოლო ტურიზმით ცნობილ ტაილანდში — 21%.

2018 წელს ტურიზმა გამოკვება საქართველოს მოსახლეობის 23%, დაახლოებით 519700 ადამიანი. საქართველოში ტურიზმიდან შემოსული 1,4 მილიარდი დოლარი ანუ 16.2% რუს ტურისტებზე მოდიოდა. ტურისტების რაოდენობის ზრდაც რუსი ტურისტების ხარჯზე იყო. თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 51,3%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსი ტურისტების — 2-ჯერ, მარტო 2018 წელს მან 23,8% შეადგინა. ერთმა ტურისტმა საშუალოდ დახარჯა 402 დოლარი.

თუ ემბარგომ რუსი ტურისტების რაოდენობა 25%-მდე შეამცირა, ციფრებში ეს იქნება 350000 ტურისტი. დანაკარგი კი საგრძნობი. უშემოსავლოდ დარჩებიან ტურიზმის და მასზე მიბმულ დარგებში მომუშავე ადამიანები, საბოლოო ჯამში ქვეყანა. არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი?

ამ კითხვის დასმა ნაცთათვის ისეთივე აბსურდია, როგორც ნაცთა ფსევდო-პატრიოტიზმი და გავრილოვის „მზაკვრული“ გეგმებისგან საქართველოს დახსნა. ნაცებს ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. მათთვის ის, არჩევნების დღეს, მანიპულირებული მასაა, რომელმაც მას უნდა მისცეს ხმა. ნაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა მაზოხიზმითაა შეპყრობილი და ერთი სული აქვს, როდის გაურჭობენ ცოცხებს.

მაგრამ მარტო ნაცებია შეპყრობილი ასეთი სურვილით?

არამცდაარამც, მათ მხარს ამერიკელი დამრიგებლები უმაგრებენ. ერთ-ერთი მათგანი მაიკლ კარპენტერია — აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის ცენტრის დირექტორი, რომელთან ინტერვიუც დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

კარპენტერი ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ლანძღავს რუსეთს და მოუწოდებს ქართველობას ასეც მოიქცეს. აი რას ამბობს ის:

„პროტესტი, რომელიც ვიხილეთ, ნაწილობრივ რუსეთთან ნორმალიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ რეაქციაა. … თუმცა საჭიროა სიფრთხილე და იმის გაანალიზება, რომ რუსეთი საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. … რუსეთი ცდილობს ტურისტების საკითხი შირმად გამოიყენოს და სინამდვილეში საქართველოში ფსბ-ს წარმომადგენლობა გაზარდოს, რაც ფაქტია — უდავო ფაქტი. … რუსეთი ტურისტებს იყენებს, როგორც საშუალებას, ოპერაციების ჩასატარებლად. ეს ისეთი საკითხია, რასაც გულუბრყვილოდ არ უნდა მივუდგეთ. საჭიროა რისკების შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ მთავრობა დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა არა ისე აგრესიულად, როგორც ამას უნდა აკეთებდეს, მითუმეტეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“.

სხვა ინტერვიუებში კარპენტერი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების (ბინების) შეძენა დიდ საფრთხეს შეიცავს და თუ დღეს მას ქვეყნის ტერიტორიის 20%-ი აქვს ოკუპირებული, ხვალ — 100% ექნება.

ამერიკელი „კეთილისმსურველი“ რომ მხოლობით რიცხვში იყოს, რა გვიჭირს, მაგრამ ისინი მრავლობითში არიან და ყველაფერს ღონობენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებისთვის. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ და ომის დროს. აშშ-ს გარკვეულმა წრეებმა ხელი ჰკრეს სააკაშვილს აგრესიისკენ, ხოლო შემდეგ თქვეს, რომ „ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ არ დაგვიჯერაო“.

გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ამერიკული თავის მართლება, მაგრამ მხოლოდ გულუბრყვილომ. ერთი ციდა საქართველოს პრეზიდენტმა არ დაუჯერა აშშ-ს? ეს, ხომ სასაცილოა, თანაც ვინ, ამერიკელთა გამოზრდილმა სააკაშვილმა? — თუ ასეა, მაშინ სააკაშვილი ყოფილა აშშ-ს პრეზიდენტი.

2008 წლის ავანტიურამ გამოუსწორებელი დაღი დაასვა საქართველოს, მის აწმყოს და მომავალს, ხოლო აშშ-ს სალაყბო კოზირი მისცა ხელში — მას რუსეთის ოკუპანტად, აგრესორად მოხსენიება ჰქვია. და ამ კოზირს ის სისტემატურად აფრიალებს რუსეთის ცხირწინ საერთაშორისო არენაზე.

აგვისტოს ომს ორი გამარჯვებული ჰყავს — რუსეთი და აშშ. ჩვენ კი მივიღეთ ის, რისი ღირსებიც ვართ, ვინაიდან ავირჩიეთ პრეზიდენტი გადაქანებული სხვა ქვეყნის აგენტი და მოტრფიალე.

ახლაც იგივე მეორდება, ისევდაისევ ნაცებმა, მათმა ბელადმა საკაშვილმა აშშ-ს წაქეზებით გადადგეს მზაკვრული ნაბიჯი რუსეთთან დასაპირისპირებლად და მცირე, სუსტი ურთიერთობების მიწასთან გასასწორებლად.

შედეგი 20-21 ივნისისა მძიმე იქნება და რიგითი მოსახლეობის ისედაც გამოფხეკილ ჯიბეებს დაეტყობა.

ნაცებმა პირნათლად შეასრულეს ოკეანისგადაღმელთა დავალება. დარწმუნებული ვარ მადლობაც მიიღეს მათგან.

ხალხს რა? არც არაფერი, ვინაიდან ერთიდაიგივე შეცდომას უშვებს სისტემატურად. როდის გამოვფხიზლდებით?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი