დაპირისპირება, რომელმაც მსოფლიოს დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნას
ბატონ გურამ გოგიაშვილს
სირიაში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე თავდასხმის მცდელობა, რომელსაც ტერორისტების მიერ გაშვებული უპილოტო მფრინავი აპარატების (47) განადგურება მოჰყვა, ახლახანს გააჟღერა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ინციდენტს ადგილი ა.წ. იანვარში ჰქონდა და რომ არა ავიაბაზის დამცავი რადიო-ელექტრონული სისტემა, ბაზაზე არსებული რუსული სამხედრო თვითმფრინავები მძიმე განსაცდელში აღმოჩნდებოდნენ.
ტერორისტების მიერ უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენება არახალია, ისე, როგორც ტერორისტებისთვის აღნიშნული აპარატების მიწოდების თემა. მიმწოდებელიც ცნობილია – აშშ-ი, ისე, როგორც ცნობილია მფრინავი აპარატების მაკოორდინირებელი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც 8 საათის განმავლობაში დასტრიალებდა იმ არემარეს.
ამ განცხადებიდან ორი დღით ადრე, კრემლში მყოფმა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ჯონ ბოლტონმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს ბრძანა, რომ ზეთისხილის სამშვიდობო შტოთი არ ჩასულა მოსკოვში.
ბოლტონის მოსკოვში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ გადის სსრკ-აშშ-ს მიერ 1987 წელს დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა საშუალო (5500 კმ) და მოკლე (500 კმ) რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციას.
გადაწყვეტილება მიღებულია და როგორც ჩანს მას ვერ შეაჩერებს პუტინ-ტრამპის ა.წ. 11 ნოემბრის პარიზის შეხვედრა. მოტივი ხელშეკრულებიდან გასვლისა არის ტრადიციული – რუსეთი არღვევს ხელშეკრულებას.
რა იქნება ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ?
ამერიკის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების დამზადება. არადა, 1987 წლის შემდეგ (ხელშეკრულების დადების თარიღი) ორივე მხარემ: აშშ-ა 800-ზე მეტი, სსრკ-მა 1000-ზე მეტი ამ სახის იარაღი გაანადგურეს. მაშინ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი ორი ქვეყნის მეთაურებმა რეიგანმა და გორბაჩოვმა მოაწერეს.
ორივემ, ხელშეკრულება ისტორიულად მოიხსენიეს და იმედი გამოთქვეს მის მარადიულობაში. მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. 30 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად იცვლება – გამალებული შეიარაღების სასარგებლოდ. ხელშეკრულებიდან გასული აშშ-ი შეუდგება ამ სახის რაკეტების დამზადებას, ისევე, როგორც რუსეთი – კონტრქმედებას.
ტრამპის გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით შეაშფოთა ევროპელი ლიდერები, ვინაიდან უპირველესად მათთვის იყო გამიზნული საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განადგურება. როგორც ჩანს, ამერიკელთა წყალობით ევროპის კონტინენტი ისევ ბირთვული, ცხადია უფრო დახვეწილი იარაღის მძევალი გახდება – ერთის მხრივ მისი „დამცველი“ აშშ-ს, ხოლო მეორეს მხრივ „აგრესორ“ რუსეთის მხრიდან.
ბოლტონის მოსკოვში ვიზიტის დროს სწორედ ეს საკითხი იყო მთავარი განხილვის საგანი, თუმცა უშედეგოდ, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა – „მათ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ახლის დასამზადებლად მსხვილი თანხებიც არის გათვალისწინებული აშშ-ის ბიუჯეტში“.
საშუალო და მოკლე მანძილის ბირთვული რაკეტების აღორძინება კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს, განსაკუთრებით იმათ, ვისზეც ეს რაკეტები იქნება დამიზნებული. აშშ-ი, რუსეთის შეტევიდან ევროპელი მოკავშირეების დაცვის მიზნით, რაკეტებს რუსეთის საზღვრებთან განალაგებენ, რითაც მკვეთრად შეამცირებენ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ობიექტებამდე ფრენის მანძილს და დროს. რუსეთს აღარ დარჩება საკუთარი ანტისარაკეტო სისტემების ადექვატური ამოქმედების საშუალება. ერთადერთი რაც მას ექნება – ხელოვნური ინტელექტის ანუ ავტომატიკის პასუხია. კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის ბედს რობოტი გადაწყვეტს.
ვალდაის ბოლო საერთაშორისო ფორუმზე პუტინმა განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ იერიში ჩვენზე მოაქვთ, მხოლოდ ამის შემდეგ განვახორციელებთ საპასუხო დარტყმას. … აგრესორი განადგურდება. ჩვენ აგრესიის მსხვერპლნი, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი – ჩაძაღლდებიან“.
ძნელია ივარაუდო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იხუმრა. სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე ჭირს ამის მტკიცება. დავუშვათ იხუმრა, მაგრამ ისიც დავუშვათ, რომ ყველა ხუმრობაში ჭეშმარიტების მარცვალია. პუტინს აქვს საყვედურის საბაბი, ვინაიდან მისი მხრიდან არაერთი თხოვნა ამერიკელების მიმართ, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე, უშედეგო გამოდგა. ნაცვლად დიალოგისა მან მიიღო ტრამპის გადაწყვეტილება – ისტორიული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
ტრამპის პოლიტიკას, განსაკუთრებით ტაქტიკას მსოფლიო მიეჩვია. მოწინააღმდეგის კრიტიკა, ლანძღვაც კი (გავიხსენოთ ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი), ხოლო შემდეგ, უკვე „გამარჯვებულის“ პოზიციიდან დიალოგის დაწყება.
ჩრდილო კორეა და მისი მოკრძალებული ბირთვული არსენალი სხვაა, ხოლო ბირთვული შეიარაღებით აშშ-ის ტოლი რუსეთი – სხვა. ნაცვლად მილიტარისტული ნაბიჯისა, რაც აშკარად იკვეთება ხელშეკრულებიდან გასვლით, უმჯობესი იქნებოდა ხელშეკრულების პარტნიორთან ანუ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება – ხელშეკრულების არა გაუქმების, არამედ შეცვლის მიზნით, ვინაიდან 30 წლის წინათ დადებული ხელშეკრულების შემდეგ მსოფლიომ, სამხედრო თვალსაზრისით, სერიოზული ცვლილება განიცადა. თუ მაშინ საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების წარმოება მხოლოდ აშშ-ს და სსრკ-ს შეეძლოთ, დღეს ამის პოტენციალი ბევრს აქვს, განსაკუთრებით ჩინეთს. სწორედ ამიტომ ახსენა ტრამპმა რუსეთთან ერთად ჩინეთიც.
აშშ-ის პრეზიდენტის მიხედვით, უნდა გაიმართოს მოლაპარაკება, რომელშიც რუსეთთან ერთად ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი დაიწყებს ამ კატეგორიის რაკეტების დამზადებას და უპირველესად ევროპაში განლაგებას. არ არის გამორიცხული მათი უკრაინაში განლაგებაც, უკრაინის მაგალითზე – საქართველოშიც.
საქართველოს „მეგობარი“ უკრაინა მზადაა ნებისმიერი სახის ამერიკული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განსალაგებლად, ოღონდ ის რუსეთზე იყოს დამიზნებული. არანაკლები „სიყვარული“ აქვს ჩვენს ქვეყანას რუსეთის მიმართ, რაც განუზომელ საფრთხეს შეუქმნის მას.
მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელეარხზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართულ თოქ-შოუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, თუ აშშ-ი რაკეტებს უკრაინაში განალაგებს – რუსმა სამხედრო ექსპერტმა ასე უპასუხა: „განლაგებისთანავე უნდა გავანადგუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავნადგურდებით“.
რას ნიშნავს განადგურება? – ომს ხომ არა?
მსგავსი განცხადებები არცთუ იშვიათად ისმის რუსულ მედიაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან კუთხეში მიყენებული ბირთვული რუსეთი თავის გადარჩენას შეეცდება და თუ ეს ვერ მოახერხა, არ დაზოგავს მოწინააღმდეგეს, რაც კარგად გამოიკვეთა პუტინის განცხადებაში.
თანამედროვე მსოფლიო, ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, თანაბრობის პრინციპებს ეყრდნობა. ბალანსის ოდნავი დარღვევა გამოიწვევს ან აშშ-ის, ან რუსეთის პრიორიტეტულობას სამხედრო საქმეში, რაც თავისთავად ჰკრავს ხელს პრიორიტეტულს დაჩაგროს ჩამორჩენილი ქვეყანა. არც ერთ ბირთულ სახელმწიფოს არ ხიბლავს „ჩამორჩენილის“ სტატუსი, მითუმეტეს რუსეთს. ხომ არ ნიშნავს ეს გამალებულ შეიარაღებას?
ტრამპმა ბრძანა, რომ აშშ-ს ბევრი ფული აქვს და სამხედრო მშენებლობა მისთვის პრობლემა არ არის. ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ-ზე ქვემოთ მდგომი რუსეთისთვის „ბევრი ფული“ საოცნებოა, თუმცა სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებისთვის ის ყველაფერს იღონებს.
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გვეუბნება, რომ ვითარება გაცილებით დაძაბულია, ვიდრე ოდესმე „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ. განსაკუთრებული „სიცივე“ იგრძნობა აშშ-სა და რუსეთს შორის, რასაც ხელს უწყობს და აღვივებს უკრაინის რუსეთთან დატაკება – აშშ-ის დირიჟორობით; სირიის ომი და მასში რუსეთის მოქმედება; აშშ-სა და ირანის დაპირისპირება და რუსეთის ირანისადმი მხარდაჭერა; რუსეთისთვის ქიმიური იარაღის გამოყენების დაბრალება და სხვა მრავალი.
ასეთ ვითარებაში ყურადღების ოდნავმა მოდუნებამ, მცდარი ნაბიჯის გადადგმამ მსოფლიო კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს, რაც თავისთავად მოგვიწოდებს ყველას, მათ შორის ჩვენც – ვიყოთ ზომაზე მეტად ფრთხილნი, ვილაპარაკოთ მოზომილად, დაფიქრებით.
გვახსოვდეს, დიდი ჭეშმარიტება – ბირთვული სახელმწიფოს მეზობლობა. ყური დავუგდოთ მის ნათქვამს, ნუ ავიგდებთ მასხრად. ის, რომ ჩვენს გვერდში აშშ-ს ვხედავთ და ბოლტონის ჩამოსვლას უდიდეს პოლიტიკურ მოვლენად აღვიქვამთ, არ იძლევა მტრად ქცეული მეზობლის გაქილიკების საშუალებას – მითუმეტეს მისი შესაძლებლობების შეუფასებლობას.
მუდამ გვახსოვდეს ერთი და უმთავრესი რამ – სახელმწიფოთა პოლიტიკაში მთავარი არა მეგობრობა, არამედ ინტერესებია. ამის ნათელი დასტური იკვეთება აშშ-ის საქართველოსთან დამოკიდებულებაში.
საქართველოს არაუმეტეს 30 წლის ურთიერთობა აქვს აშშ-თან. ამ არცთუ მოკლე ხნის მანძილზე თვალი უნდა აგვხელოდა და დაგვენახა, რომ ზემოთ მოყვანილი „მეგობრობა“ და „ინტერესი“ არათუ განსხვავებული შინაარსის მატარებელია, არამედ ფუნდამენტია დიდი და ძლიერი ერთი ქვეყნის, სუსტ და პატარა ქვეყანასთან ურთიერთობაში.
სხვათა მაგალითს თუ გავიზიარებთ, განსაკუთრებით მეზობელი აზერბაიჯანის, უმალ შევნიშნავთ ოსტატი ჯამბაზის მოხერხებულ სიარულს ჰაერში გაჭიმულ თოკზე, როდესაც ის, ყოველგვარი აქეთ-იქით (ირანი, თურქეთი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი) გადახრა-გადმოხრის ნაცვლად, მიემართება წინ და საკუთარი შრომით, უნარით, გონებით ჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს.
აზერბაიჯანს აქვს პრობლემები დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენ – დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ მას არასდროს გაუკეთებია საკუთარი თავის ჩიხში მოსაქცევი განცხადება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ 2008 წლიდან დაწყებული დღემდე. დაახლოებით ასეთს, ჩვენმა საგარეო უწყებამ რომ უპასუხა რუსეთის ანალოგიური უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ზახაროვას შემდეგ განცხადებას: „რუს და ქართველ ხალხებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ. სახეზეა კოლოსალური მოთხოვნილება, მათ შორის საქართველოს მხრიდან, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის“.
„სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. … 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიებიდან სრული გაყვანა“.
დიპლომატიაში არცთუ ჩახედული ადამიანისთვისაც განცხადება ულტიმატუმის მსგავსია და ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის, თითქოს საქართველო ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოა, რომლის თითისქნევამ შიში თუ არა, რიდი მაინც უნდა გამოიწვიოს მოპაექრეში.
ამ მცდარი პოლიტიკით გაგვყავს დრო, ერთობ მნიშვნელოვანი ერთიანობის მსურველი საქართველოსთვის. ჯიბრში დგომით, ვიღაცის დაკრულზე ცეკვით, საკუთარი პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. იქნებ, ახალმა პრეზიდენტმა გამოიჩინოს გონიერება და გადადგას ნაბიჯი „ნაცთაგან“ განსხვავებული, ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი