ევროატლანტიკური დაპირისპირება

G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები უდავოდ განსხვავდება წინანდლისგან, ვინაიდან მაშინ დასავლელ პარტნიორთა შორის დაპირისპირებას ისეთი გამოკვეთილი სახე არ ჰქონია, როგორც დღეს. უკვე ტრადიციულად ქცეულ დასავლეთ-აღმოსავლეთის ქიშპს, ტოლს არ უდებს თვით დასავლეთში, ევროატლანტიკურ სივრცეში გაჩენილი უკმაყოფილება, ზოგ შემთხვევაში მძიმე რიტორიკასა და ქმედებაში გადასული. ატლანტიკის ორივე მხარის ურთიერთობა – არათანაბარი, ბუზღუნით აღსავსე, ლამის კონფრონტაციამდეა მისული, რაც იწვევს შეგრძნებას, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობა დიდხანს ვერ გასტანს.

ნატოს მოკავშირეებს და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს – ამერიკა-ევროპას შორის, ინტერესთა სრულ დამთხვევას ადგილი არასდროს ჰქონია. საჯაროდ, ევროპა ყოველთვის ცდილობდა თავი ისე მოეჩვენებინა მსოფლიოსთვის, თითქოს არასდროს ყოფილა ამერიკის ხელქვეითი, მისი გავლენის ქვეშ.

ამერიკელები ამ კონტინენტს ყოველთვის თვლიდნენ მუქთამჭამელად, თუმცა წარმოქმნილი პრობლემები მოლაპარაკებების გზით ლაგდებოდა და ლაპარაკი განხეთქილებაზე, მითუმეტეს გაყრაზე, ისტორიას ბარდებოდა. აშშ-ევროპის დღევანდელ ურთიერთობაში რაღაც ისთი ახალი რამ გაჩნდა, რაც არამცდაარამც არ მიგვანიშნებს მჭიდრო თანამშრომლობასა და სიამტკბილობაზე.

ევროპელები, როგორც ყოველთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიუხედავად უკმაყოფილებისა, მაინც ეთანხმებოდნენ ოკეანისგადაღმელს, მაგრამ დღეს, ის, პრეზიდენტ ტრამპის სახით, ევროპელი მოკავშირეებისგან უყოყმანო მორჩილებას ითხოვს ყველა იმ საკითხში, რაც მათ წინაშე დგას – ირანთან დადებული ხელშეკრულებიდან დაწყებული, რუსეთთან სანქციების განმტკიცებით, რუსულ გაზზე („ჩრდილოეთის ნაკადი“) უარის თქმით და სანაცვლოდ ამერიკული დაჭირხლული გაზის მიღებით გაგრძელებული.

დიდ პარტნიორს არაფრად მიაჩნია, რომ მისი გაზი ევროკავშირს გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე რუსული. ვაშინგტონი, მიუხედავად ევროკავშირის თხოვნისა, გადასახადებს აწესებს ევროპის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე – 25%-10% შესაბამისად. პრეზიდენტმა ტრამპმა ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერს – საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და გერმანიის კანცლერ მერკელს უმასპინძლა, გულდასმით მოუსმინა, შეჰპირდა კიდევაც კორექტირებას, მაგრამ საბოლოოდ ანტიევროპული გადაწყვეტილება მიიღო, რამაც უზომოდ გააცოფა ევროპელები.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ტუსკმა ევროპის ლიდერებს წერილით მიმართა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი ევროპისთვის არის პოტენციური საფრთხე, უქმნის რა მას (ევროპას) გაურკვეველ მომავალს. ნუთუ მართლა ერთ პიროვნებაშია საქმე?

აშშ-ს პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში ტრამპმა დაანახა მსოფლიოს, რომ ის ისეთი პოლიტიკოსი არ არის, როგორებიც წინამორბედები. ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ამომრჩევლებს დაპირდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინდელი მისი განცხადებები – ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მუქთახორობა, ნატოს თანამედროვეობასთან შეუთავსებლობა, სხვა თემები დღეს აღსრულების პროცესშია.

ტრამპი დაბეჯითებით მოითხოვს ევროპის ქვეყნებისგან, ნატოს არსებობისთვის, საერთო ეროვნული შემოსავლიდან 2%-ის ჩარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ გავა ნატოდან – „გინდათ, რომ აშშ-ა დაგიცვათ? – გადიხადეთ!“

განხეთქილების ვაშლი გაცილებით ფუნდამენტურია, ვიდრე ერთი პიროვნების ხუშტური. პრობლემა – მტკიცე, დასავლური ბლოკის სისტემაშია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და დღემდე მოვიდა. ის, ორი სისტემის დაპირისპირებას ეფუძნებოდა და 30 წელია ხელოვნურად ნარჩუნდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიშალა ვარშავის სამხედრო პაქტიც. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ფართო გასაქანი მიეცა საბაზრო ეკონომიკას. რუსეთმა მილიარდერების რაოდენობით ლამის თვით აშშ-ს გადააჭარბა და ასეთ დროს მისი, როგორც ახალ საფრთხედ წარმოჩენა დაუჯერებლად ჩანს.

ინფორმაციის თავისუფლების პირობებში, ჭირს დაარწმუნო საკუთარი მოქალაქეები, რომ რუსეთი არის მშვიდობისთვის უდიდესი საფრთხე. ევროპელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად რუსეთს არ აღიქვამს, პირიქით, ისინი ამ შემთხვევაში საფრთხედ ოკეანისგაღმელს მიიჩნევენ.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს – გლობალიზაციის პერიოდში ინტერესთა თანხვედრას  კონკურენცია ენაცვლება. ფაქტია ისიც, რომ ინტერესთა თანხვედრას წყალი შეუყენა ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ აღმოსავლეთით გაფართოების თაობაზე. ევროკავშირში, ისე, როგორც ნატოში აღმოჩნდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთი ეკონომიკით, სამხედრო პოტენციალით, ცხოვრების წესით შორს არიან აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყნებისგან, რაც იწვევს დაპირისპირებას.

მსოფლიო ვალუტას – დოლარს და ფინანსურ ნაკადებს ესაჭიროება მწყემსვა, რაც არცთუ იოლი საქმეა ევრაზიულ სივრცეში. ამერიკა, რომელიც ათასობით კილომეტრით არის დაშორებული ამ სივრცისგან, ისეთ კონტროლს ვერ განახორციელებს მასზე, როგორსაც ისურვებდა. ამდენად მსოფლიო ჰეგემონი უნდა დასჯერდეს ადგილობრივ მოკავშირეებს, მის მიმართ ლოიალურად განწყობილებს, მაგრამ თვით ამ პატარა კავშირებში ხშირად იჩენს თავს უთანხმოება, რაც აშშ-ს უბიძგებს კონტროლის გამკაცრებისკენ, ეს კი თავისთავად აფართოებს აშშ-სადმი უკმაყოფილებას.

აშშ-ს კონტროლი ევროპაზე მუდმივი ვერ იქნება, თუნდაც მარტივი მიზეზის გამო – ფინანსურის. აშშ-ი ნელ-ნელა კარგავს გავლენას გლობალურ პროცესებზე ანუ აგებს გლობალურ კონკურენციას.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეფრი საქსი აცხადებს: „თუ ევროპა დაუთმობს აშშ-ს, მომავალში ამერიკა ყოველთვის თავს მოახვევს მას თავის სურვილებს“. მეცნიერი აცხადებს, რომ წარმოდგენა რუსეთზე, როგორც მტერზე – მცდარია. „რუსეთი უბრალო პარტნიორი არ არის, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს ჩვენი რეპუტაცია სანაქებოა“.

ევროკავშირ-აშშ-ს დაპირისპირება აშკარად გამოჩნდა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და მას საზრიანმა ჟურნალისტიკამ „6+1“ სამიტი უწოდა ანუ ექვსი, დაახლოებით ერთნაირად მოაზროვნე ქვეყანა და აშშ-ი – მარტოდ დარჩენილი ჰეგემონი, რომელიც უპირისპირდება მათ.

ამერიკა-ევროკავშირის, ამერიკა-ჩინეთის და ამერიკა-ირანის დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო მკვეთრად იკვეთება რუსეთის სახე. სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული 3-დღიანი ეკონომიკური სამიტი, რომელშიც 140-ზე მეტი ქვეყნის 18000 სახელმწიფო მოღვაწე, ბიზნესმენი, ექსპერტი მონაწილეობდა, აშკარა გამოხატულებაა იმისა, რომ რუსეთი, მიუხედავად შეთითხნილი ანტირუსული ზღაპრებისა, დიდი, გავლენიანი და საინტერესო ქვეყანაა. დასტურად ამისა მინდა მოვიყვანო ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები:

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა. არ მახარებს ჩვენი დღევანდელი კავშირები. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით რუსეთის ქმედებებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ტერიტორია 5,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია, რუსეთის კი – 17,1 მილიონი კვ.კმ. უნდა შეწყდეს რუსეთის „ცემა“. რუსეთის დემონიზირებას წერტილი უნდა დაესვას“.

იუნკერის ნათქვამი კანონი არ არის, მაგრამ აშკარად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში, გამოკლებით იმ ქვეყნებისა, რომელთა ევროკავშირულობა, შედარებით სხვებთან, გაცილებით ნაკლებს ითვლის. ევროკავშირის „ძველი“ და „ახალი“ წევრების დაპირისპირება თვალშისაცემია. „ახლები“, თავიანთ „ღმერთად“ ვაშინგტონს მიიჩნევენ და არა ბრიუსელს. ვაშინგტონიც ძალას არ იშურებს მათ დასაყვავებლად.

ბრიუსელისთვის ესოდენ გამაღიზიანებელი ამერიკული პოლიტიკა აქეზებს „ახლების“ ქმედებას და ისინიც, როგორც მორჩილი ფინიები, ასრულებენ ოკეანისგადამღელთა ნებისმიერ დავალებას, რომელთა შორის რუსეთის გაშავება და მისთვის პრობლემების შექმნა უპირველესია.

ჯამში ევროკავშირი, მსგავსი ძირგამომთხრელი მოქმედების შედეგად, სერიოზულ პრობლემებს აწყდება, რაც თუ რამეს ახალისებს – ევროკავშირის დაშლაა. აშშ-ს არ აწყობს მის საზღვრებს გარეთ არსებული მძლავრი კავშირი, რომელიც მზადაა გამოიწვიოს მსოფლიო ჰეგემონი ნებისმიერ საკითხში.  ამერიკას არ აწყობს ისეთი მძლავრი კონკურენტი, როგორიც ევროკავშირია.

ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მზადაა ორმხრივი კავშირებისთვის, მაგრამ ნაკლებად გაერთიანებულ კავშირთან ურთიერთობისთვის. ტრამპს, საკითხების სწრაფი გადაწყვეტა ხიბლავს, რაც 2 ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე გაცილებით იოლად მიიღწევა, ვიდრე კოლექტიურ კავშირთან, სადაც მრავალი თვეა საჭირო ნებისმიერი საკითხის შესასწავლად. პროცედურა ითვალისწინებს წევრი-სახელმწიფოების მიერ საკითხის განხილვას. ასეთი ევროკავშირში 28-აა.

ბრიუსელს თრგუნავს ლტოლვილების საკითხში შეთანხმების მიუღწევლობა. უნგრეთი, პოლონეთი, სხვა ქვეყნები კატეგორიული წინააღმდეგი არიან აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების მიღების. ვინც იძულებულია მიიღოს (იტალია), კატეგორიულად ითხოვს ბრიუსელისგან დამატებით ფინანსურ დახმარებას. ალბათ ამას უნდა მივაწეროთ ბრიუსელის გადაწვეტილება 2021-2027 წლების ბიუჯეტთან დაკავშირებით. ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შეუმციროს დაფინანსება 37 მილიარდი ევროთი და ეს თანხა გადაუნაწილოს საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს.

„აღმოსავლეთ ევროპა ყოფილი ევროპული იმპერიების ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომელთაც არასდროს ჰქონიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ან თუ ჰქონდათ – ფრაგმენტულად, პერიოდულად, მანამდე, ვიდრე „დიდები“ მოილაპარაკებდნენ. გეოპოლიტიკური ცხოვრება მათ მიიღეს ანგლოსაქსურ ჩარჩოებში, რომლის მთავარი მამოძრავებელი იყო დიდი იმპერიების ერთმანეთზე წაკიდება.

იმ შემთხვევაში, თუ „ბებერი ევროპა“ და რუსეთი მოილაპარაკებენ, მაშინ აგრესიული აღმოსავლეთი დაკარგავს საკუთარი არსებობის აზრს. ცხადია, ის დააშინებს ბრიუსელს, ევროკავშირიდან გასვლით, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი კავშირი?“ – წერს რუსი პოლიტოლოგი იური ბარანჩიკი.

ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებამ, რომელსაც საფუძვლად რუსეთის წინააღმდეგ მიმართული შიშველი პოლიტიკა ედო – თვით ევროკავშირს შეუქმნა პრობლემები, რომელთა მოგვარება გაჭირდება.

კანადის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას ვერაფრით ვუწოდებთ დემოკრატიული დასავლეთის საქმიან, საზრიან სამიტს. დაძაბულობა პარტნიორებს შორის მარტო აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს არ გამოუწვევია. მან დიდი წვლილი შეიტანა განხეთქილების საქმეში, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ათეული წლების წინ შექმნილმა ჯერ ეკონომიკურმა კავშირმა, შემდგომში პოლიტიკურ-ეკონომიკურმა, ძველი ურემივით დაიწყო ღრჭიალი.

სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც G-7 წევრი ექვსი ქვეყანა დაბეჯითებით მოითხოვს აშშ-ი შეტანილ საკუთარ პროდუქციაზე ახალი ამერიკული ტარიფების გაუქმებას, ის კი ჯიუტად ადგას საკუთარ პოზიციას და შერბილებას არ აპირებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა აღდგეს ძველი ფორმატი G-8 რუსეთის მონაწილეობით, რაც იტალიის გარდა, მიუღებელი აღმოჩნდა.

ძნელია დადგენა იმისა, რამდენად გულწრფელი იყო ტრამპის წინადადება, მაგრამ მან მოულოდნელი თავსატკივარი გაუჩინა დანარჩენ წევრებს და მათი ყურადღება – კონცენტრირებული სავაჭრო შეღავათებზე, გაფერმკრალდა. იქნებ ეს იყო ტრამპის მიზანი?

კანადურმა სამიტმა გამოავლინა ის დაპირისპირება, რასაც ადგილი აქვს ე.წ. დემოკრატიულ სამყაროში და ხელი კრა ე.წ. დამოუკიდებულ, სუვერენულ ქვეყნებს ხმა აიმაღლონ ჰეგემონის წინააღმდეგ. ასეთს წინათ არასდროს ჰქონია ადგილი.

რაც შეეხება ტრამპის განცხადებას G-7 ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, სულაც არ არის ტრამპის გამომწვევი ფანტაზია – მიმართული ევროკავშირის გასაღიზიანებლად. მას სხვა დატვირთვა აქვს – რუსეთის, ჩინეთის ორბიტიდან მოწყვეტა. ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით, და არა მარტო, აშშ-ს პოტენციური მეტოქეა და თუ მას ზურგს რუსეთი გაუმაგრებს – აშშ-სთვის ერთობ მძიმე ვითარება შეიქმნება.

გარდა ამისა მხედველობაშია მისაღები შანხაის ორგანიზაციის მომძლავრებაც. სწორედ მაშინ, როდესაც კანადაში G-7-ის სამიტი მიმდინარეობდა, ჩინეთში „შოსის“ შეხვედრა გაიმართა ისეთი გიგანტების მონაწილეობით, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები.

ორი პოლუსი, ორი დაპირისპირებული მხარე. წინ დიდი ჭიდილია. იცის ეს საქართველოს პოლიტიკამ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი