21.12.2024

საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე ფიქრები

საპრეზიდენტო არჩევნები შავი ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან თავისი „უნიკალურობით“ მან მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსი პოლიტიკური ღონისძიება, მრავალი ათეული წლით უკან ჩამოიტოვა. ვინმე დაასახელებს ქვეყანას, სადაც მმართველი პარტია, ნაცვლად საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატისა, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს დაასახელებს და მას ისეთ მხარდაჭერას შეაშველებს, საკუთარიც რომ ვერ ინატრებდა?

მაგრამ არჩევნები არა მარტო კანდიდატის დასახელებით და მისთვის წარმოუდგენელი მხარდაჭერით არის გამორჩეული, მან გააშიშვლა პოლიტიკური სისტემა – ლამის 30-წლიანი ისტორიით, ნაკლოვანებებით, არადემოკრატიულობით და ბევრი ნეგატიური თვისებით, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

სისტემა, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა – ერთობ მახინჯი და შორს მდგომი დემოკრატიისაგან, ისეთ ხარვეზებს შეიცავს – ნაკლებ შანსს რომ იძლევა ევოლუციური გარდაქმნისთვის.

საქართველოს დამოუკიდებელმა ცხოვრებამ სტარტი მაშინ აიღო, ცხადია, დაუსწრებლად, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი (თბილისის ომად წოდებული) მძვინვარებდა. მაშინ დაპირისპირებულ მხარეებს – ერთის მხრივ პრეზიდენტს, პარლამენტს (უზენაეს საბჭოს) და მეორეს მხრივ ოპოზიციად წოდებულს, ნაკლებად აინტერესებდა საბჭოთა კავშირის, სადაც საქართველოც შედიოდა, პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის საჯარო (სატელევიზიო) განცხადება, მსოფლიო ისტორიაში უდიდესი და უძლიერესი კავშირის დაშლის თაობაზე.

ამ მართლაცდა ისტორიულმა მომენტმა ოდნავი სინანული თუ აღტაცება ვერ ჰპოვა იმჟამინდელ საქართველოში. არა იმიტომ, რომ თბილისის ომი მიმდინარეობდა და მოსკოვიდან წამოსული სასიხარულო ამბავი ნაკლებად საყურადღებო, მითუმეტეს სასიხარულო იყო. გორბაჩოვის გადაწყვეტილება უდავოდ მოითხოვდა ისეთ ინტერესს, შემდეგ აღტაცებას, რომელსაც მრავალდღიანი ზეიმი დაამშვენებდა.

მაგრამ არა! გორბაჩოვის სატელევიზიო განცხადებას არაფერი ამგვარი არ მოჰყოლია, ვინაიდან იოლად, მარტივად, უბრძოლველად, უანგაროდ ნაბოძები დამოუკიდებლობა არავითარ ყურადღებას არ იმსახურებდა. სულ სხვა იქნებოდა სისხლით და ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა – ხალხის ზეიმში გადასული.

ნაბოძები დამოუკიდებლობა არამც და არამც არ ჰგავდა მრავალი თაობის ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წარმატებულ დასასრულს. ის იყო წყნარი, ჩუმი, გადაფარული ძმათამკვლელი ომით, ქართველობამ რომ ერთმანეთს გაუმართა.

მარილი აკლდა დამოუკიდებლად ცხოვრების ბოძებას – კრემლმა რომ გვარგუნა და ამ უმარილობამ მრავალჯერ იჩინა თავი დამოუკიდებლად ცხოვრების წლებში.

გორბაჩოვის განცხადებამ, ნაცვლად ინტერესისა და აღტაცებისა, შიში რომ გამოიწვია – ფაქტია – ქვეცნობიერი, ისეთი, ტანში არასასიამოვნო ჟრუანტელს რომ იწვევს. მიზეზი ამისა იყო მრავალი, მათ შორის მთავარი – საკუთარი თავისადმი უნდობლობა. საკუთარი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა; საკუთარი ქვეყნის იმჟამინდელი ე.წ. პოლიტიკოსების მიმართ ეჭვის თვალით მზერა; ქვეყნის მართვაში საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც ერთიორად აღვივებდა თბილისის ომი, ომამდელი, თითქმის ერთწლიანი უთავბოლო მართვა ქვეყნისა ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მიერ, რომელმაც ხალხს დაანახა, რომ ქვეყნის სამართავად ქუჩის მიტინგები, დემონსტრაციები და ომახიანი შეძახილები – „საქართველო-საქართველო“ – საკმარისი არ არის.

ქვეყნის მართვას სხვა რამ სჭირდება – არა მიტინგები, მიტინგებზე წარმოთქმული მგზნებარე სიტყვები, მკერდზე პატრიოტული მჯიღის ცემა, არამედ კაბინეტური მუშაობა, ფიქრი, განსჯა, პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, ცივი გონება და სხვა ისეთი თვისება, რომელიც მაშინდელი ე.წ. პოლიტიკოსებისგან შორს, ძალიან შორს იყო. და არათუ მაშინ, დღესაც შორსაა.

მოულოდნელობისგან ხალხი შეშინდა, რომელიც თავისუფლებაზე ოცნებობდა. შეშინდა იმიტომ, რომ რისთვისაც იბრძოდა მის წარმოდგენაში შორს იყო, ნაკლებად ხელმისაწვდომი და როდესაც ხელმისაწვდომი გახდა – სხვა რამ იყო გასაკეთებელი. ამ სხვას – ქვეყნის ყოფის საკუთარი ხელით გამოჭედვა ჰქვიოდა.

დაიბადა კითხვა, ობიექტური, დაუნდობელი – შეძლებ ქვეყნის მართვას?!

პასუხი დადებითი იყო – შევძლებ, თუმცა მას აშკარად ეწინააღმდეგებოდა გულის სიღრმეში ჩაბუდებული შიში ასეთი – ვერ შევძლებ. დაუხმარებლად გამიჭირდება და ამის გაფიქრებისთანავე, ტრადიციულად ისევ მოსკოვისკენ გავიხედეთ.

ტვინის კუთხე-კუნჭულში ძებნა დავუწყეთ პიროვნებას, რომელსაც თავის თავზე უნდა აეღო ქვეყნის გადამრჩენლის მისია. და ვიპოვეთ – შევარდნაძის სახით.

ასედაამგვარად, ქვეყნის მართვის საკუთარი პასუხისმგებლობა ხალხმა მას გადააბარა. იქიდან მოყოლებული პასუხისმგებლობას ხალხი არ იბრუნებს და ნაცვლად ამისა ცალკეულ პიროვნებებს უკავშირებს ქვეყნის ბედს.

შეცდა თუ არა საზოგადოება პიროვნებაზე აქცენტის გაკეთებაში?

ძნელი სათქმელია, ვინაიდან საკუთარ თავზე მეხდაცემული თავისუფლება მოფიქრების დროს არ ტოვებდა. სწრაფი რეაგირება იყო საჭირო. ქვეყანა ამას მოითხოვდა და შევარდნაძისკენ გახედვა წყალწაღებულის მიერ ხავსზე მოჭიდებას ჰგავდა.

ანალოგიური ვითარება მარტო საქართველოს არ შექმნია. მსგავსს ჰქონდა ადგილი თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რაც ცენტრის ანუ მოსკოვის სრულ უპასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

დაშლის პროცესი დროში უნდა გაწელილიყო. ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო დაშორების პროცედურების გავლა. მას ისეთი ტკივილი არ უნდა გამოეწვია, რასაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად „ბრექსიტიც“ შეიძლება მოვიყვანოთ. რახანია დიდი ბრიტანეთი შორდება ევროკავშირს და მიუხედავად იმისა, რომ ლონდონისა და ბრიუსელის მიერ შექმნილი „განშორების“ საექსპერტო ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, მრავალი კითხვის ნიშანი ჯერაც პასუხგაუცემელია.

რა გაეწყობა, ასეთია ჩვენი თანამედროვე ისტორია, რომელიც დასაწყისიდანვე ნეგატიური სტარტით აღინიშნა. და როდესაც დასაწყისი არამყარ, მოფამფალებულ საძირკველზე დგას, მასზე მტკიცე შენობას ვერ ააშენებ. ცუდად დაწყებული საქმე ასევე ცუდად გაგრძელდა და მას ბოლო არ უჩანს. გარანტია იმისა, რომ პოლიტიკურ სტრუქტურაში რაღაც პოზიტიურს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, უფრო ვირტუალური ოცნების საგანია, ვიდრე რეალური განსჯის.

ხელისუფლება ენაცვლება ხელისუფლებას, პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი დგას ერთ ადგილას –  ისეთი გაჭირვებული, უსუსური, სხვაზე დამოკიდებული, როგორიც იყო და ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს იმათ, ვინც „ხმალშემართული“ „იბრძოდა“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის – ცხადია სიტყვით, ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით, ტყუილით და ისევ ტყუილით.

მათ მიიღეს დამოუკიდებლობა – უტყვიოდ, უსისხლოდ. მიიღეს და ვერ შეძლეს მისი მოხმარება. ვერ შეიგუეს – უვიცობის, კონკრეტული საქმის არცოდნის გამო. ამ საქმეს ქვეყნის მართვა ჰქვია. და როდესაც მართავ – ლოზუნგი, ტყუილი „პატრიოტიზმი“ უნდა დაივიწყო. ცოცხი უნდა აიღო და ქუჩა უნდა დახვეტო. ქუჩის დამხვეტი კი არ ჩანს. ვინც ჩანს, ისევ „პატრიოტები“, ვია პატრიოტები, მბრძანებლები არიან. საქმის გამკეთებლები არ ჩანან. მარტო ბრძანებით კი საქმე არ კეთდება, მითუმეტეს დილეტანტის, უცოდინარის მიერ გაცემული ბრძანებით.

ამ 30 წლის განმავლობაში რაც გავაკეთეთ სხვისი უკანალის ლოკვა იყო და ამ „კეთილშობილური“ საქმით იოლად ფონსგასვლა – ცხადია საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისთვის.

საკუთარ თავში გარდატეხის მოფიქრების ნაცვლად გადამრჩენის ძიება დავიწყეთ – ამჯერად ქვეყნის სახით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინეთ. ეს აშშ-ი იყო. ჩვენ გვგონია, რომ შორეული ქვეყნის ყურადღების მოპყრობა ქართული პოლიტიკის დამსახურებაა, მაგრამ სინამდვილეში თვით იმის, ვინც „აღმოვაჩინეთ“.

ისტორიას არ ახსოვს მიტოვებული ქვეყნის მიმართ სხვათა მხრიდან ყურადღების მოდუნება, სამარადისო იგნორირება. გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ უმალ გამოიწვია ოკეანესგადაღმელთა ინტერესი და ჩვენ რომ გვეგონა, ის აღმოვაჩინეთ, მან აღმოგვაჩინა ხარბი ინტერესით.

აშშ-ს საქართველო სჭირდებოდა და სჭირდება კავკასიაში მყარი საყრდენის შესაქმნელად. რუსეთის, ირანის, ახლო აღმოსავლეთის, კასპიის ზღვის აუზისა თუ ცენტრალური აზიის საკონტროლებლად.

ჩვენთვის ნაბოძები მისია მარტივი იყო და არის – აშშ-ის მეტოქის, რუსეთის გამუდმებული ლანძღვა, პროვოკაციების მოწყობა (რასაც მრავალჯერ ჰქონდა ადგილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში), საერთაშორისო არენაზე რუსეთის გაშავება და ა.შ.

საქართველოს ყველა ხელისუფლებამ ამ ამერიკულ დავალებას პირნათლად გაართვა თავი. ამასთანავე იოლად ჩააბარა ახალ „ბატონს“ ნაჩუქარი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა.

30 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიან ჩამოყალიბებაზე, ხალხის დასაქმებაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. არც „სტრატეგიულ პარტნიორს“ შეუწუხებია თავი აღნიშნულისთვის. რაზეც მან იფიქრა და მოახერხა კიდევაც, რუსეთის წინააღმდეგ საომარ კონფლიქტში ჩათრევა იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის წამოწყებაში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის გარკვეულმა პოლიტიკურმა და სამხედრო წრეებმა. მათი ძალისმევით ქვეყანამ ტერიტორიის 20% დაკარგა, რომ აღარაფერი ვთქვათ ომში დაღუპულებზე.

მაგრამ მარტო ამით დაკმაყოფილდა ოკეანესგადაღმელი?

ნამდვილად არა! მან მოახერხა ისეთი ზეგავლენის მოპოვება ქართულ პოლიტიკაზე, რომელსაც ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. ერთადერთი ვინც შეიძლება მეტოქეობა გაგვიწიოს, უკრაინაა.

აშშ-ა გამოზარდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ანტიქართულ მოძრაობას, რაც მიზნად ისახავს ყოველივე ეროვნულის ამოძირკვას. არასამთავრობოთა ძალისხმევით განხორციელდა ქვეყნის ორნაწილად გახლეჩა, დაპირისპირება, რამაც აშკარად იჩინა თავი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ნაკლებად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც საარჩევნო კამპანიას მეზობელი ქვეყნის ლანძღვაზე ააგებს. საქართველომ შეძლო. მეზობელი რუსეთის თემა სისტემატურად ტრიალებდა და ტრიალებს ქართულ მედიაში, როგორც აგრესორი ქვეყნის. პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ. მათი მომხრეები სატელევიზიო თოქ-შოუებში გაგულისებულები, ერთმანეთს თავს ესხმიან – ლამის მუშტი-კრივზე გადავიდნენ.

ამ „ღირსეული“ საპრეზიდენტო ბატალიების მიღმა აშშ-ია, თავისი მსუყე რესურსებით და მზაკვრული გეგმით – გახლიჩოს და დააპირისპიროს ერთმანეთთან საქართველოს მოსახლეობა, მართლმადიდებელი ეკლესია. ახალი ძალით შეატევინოს საქართველოს რუსეთზე.

აშშ-ის პოლიტიკამ, ლამის 53-მილიონიანი უკრაინა ისე გადაჰკიდა ერთმანეთს და რუსეთს, როგორც მოსისხლე მტრები. უკრაინის ფონზე პატარა საქართველო დაპირისპირებისთვის ერთი იოლი გასეირნებაა. და მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოება ეთაყვანება მას – ანუ ქვეყანას, რომლის ძალისხმევით, 30-წლიანი ისტორია ნეგატივის გარდა არაფრითაა აღსავსე. და ალბათ ასეც გაგრძელდება მომავალი 30 წელი, თუ არ გამოვფხიზლდებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი