ფიქრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

ბატონ გურამ გოგიაშვილს

არ გამართლდა ჩემი წინასწარმეტყველება საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ რჩეულის პირველ ტურში გამარჯვებასთან დაკავშირებით. მან, ცხადია გაიმარჯვა, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას, უკან მორბენალის სუნთქვა რომ ყურებს გიყრუებს!

წინ მეორე ტურია თავისი მოლოდინებით, გამოუცნობი შედეგით, რომელიც რას მოუტანს ქვეყანას კაცმა არ იცის.

ხალხისგან სილაგაწნილი „ოცნება“ – დაბნეული, უარესი მომავლით შეშინებული, რომ შემართებით ვერ წარმართავს თავისი „რჩეულის“ საარჩევნო კამპანიას – ფაქტია. ფაქტია ისიც, მეორე ადგილზე გასული „ნაცები“ – აღორძინებული და გამარჯვებით ფრთაშესხმული, ძალის სრულ მობილიზაციას შეძლებენ და თავდავიწყებით იბრძოლებენ პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებისთვის.

ჩემი წინასწარმეტყველება დაფუძნებული იყო ამომრჩევლის ინდიფერენტიზმზე, ხელისუფლების მიმართ სრულ მორჩილებაზე, არსებული გაუსაძლისი ყოფის შეცვლის არავითარ სურვილზე.

შევცდი! ხალხში არსებულმა ღრმა და ჩაგუბებულმა პროტესტმა თავი არჩევნებზე იჩინა, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და აუწერელი პროპაგანდისა. რა დონემდე უნდა მივიდეს საზოგადოება, რომ საძულველ, მის მწამებელ პარტიას მხარი დაუჭიროს?!

დღეს, ბევრი იწერება ამასთან დაკავშირებით. იწერება კრიტიკულად, დაუფარავად, კითხვის ნიშნის გარეშე. რატომ? – იმიტომ, საკითხავიც არაფერია. ყველაფერი წინ გვიდევს. 2012 წლის არჩევნები, ოპოზიციური „ოცნების“ მსუყე დაპირებები და მათ გასწვრივ, არაფერი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული „ოცნების“, ამჯერად სახელისუფლებო პარტიის დანაპირები – მის გასწვრივ ასევე არაფერი. ჯამში „ოცნებამ“ ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, უფრო მეტიც – ურცხვად თქვა, რომ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს.

ჩვენ, რომ ვერ ვხედავთ „ოცნების“ ნახელავს და ცხოვრების დონის ამაღლებას, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ანტიპროპაგანდას დაბრალდა. რა ძალა ჰქონია ერთ ტელეკომპანიას?!

რა დაინახა ხალხმა განვლილი 7 წლის განმავლობაში?

ხელისუფლებაში მოსულთა ბრძოლა საკუთარი კეთილდღეობისთვის: სამუშაო კაბინეტების მოწყობა-გარემონტება; პერსონალური ავტომანქანების, განსაკუთრებით შავი „ჯიპების“ შეძენა და სისტემატური ცვლა; ხელფასების, პრემიების მატება; საზღვარგარეთის ქვეყნებში უმიზნო, პერმანენტული ხეტიალი; გაურკვეველი გზით და ხერხით საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების გაასმაგება; ვებერთელა საცხოვრებელი სასახლეების წამოჭიმვა; ნათესავებისა და ძმაკაც-მეგობრების თანამდებობებზე დანიშვნა და სხვა მრავალი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რა მიიღო ხალხმა განვლილი 7 წლის განმავლობაში?

გაუფასურებული ლარი, საწვავზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები და აქედან გამომდინარე გაძვირებული კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე რამდენჯერმე გაზრდილი ფასები, გაძვირებული მომსახურეობა – ყველაფერი გაძვირებული, ნაცვლად დაპირებული გაიაფებისა.

ცხოვრება გახდა „მშიერი“. ხალხმა დაკარგა იმედი ხვალინდელი დღის. ხალხი გაცილებით უფრო დაჩაჩანაკდა, ვიდრე 7 წლის წინ. და ნაცვლად რაღაც, თუნდაც პატარა იმედის მიცემისა, მას უთხრეს, რომ კარგად ცხოვრობს. მას ისიც უთხრეს, რომ ნატოში და ევროკავშირში შევა და დღევანდელ „კარგ“ ცხოვრებაზე უკეთ იცხოვრებს.

უვიზო მიმოსვლა ხომ მივიღეთ? ხედავთ, რას მივაღწიეთ?

ხალხს ისიც უთხრეს, რომ საქართველო კანაფის მოყვანას მიჰყოფს ხელს, რითაც ქვეყანა ძალიან გამდიდრდება. მერე რა, რომ მარიხუანის მომხარებელთა რაოდენობა გაიზრდება? – მთავარია მილიარდიანი წლიური შემოსავალი.

ერთი სიტყვით, ტყუილ-მართლის ნაზავი სახეში შეაბოლეს ხალხს, მაგრამ … ხალხი არ „დაბოლდა“, არ მოტყუვდა და თავის მომტყუებელს არჩევნებზე ნოკდაუნი აგემა – მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ეს ნოკდაუნი მისი ნოკაუტი იყო.

ხალხს სურდა ერთი და მთავარი – „ოცნებისა“ და მისი ლიდერისთვის სანოკდაუნე სილის გაწვნა, თუნდაც ამით საკუთარი თავისთვის („ნაცთა“ გამარჯვებით) განსაცდელში ჩაგდება.

„ოცნება“ ვერ მიმხვდარა, რამ გააგულისა ამომრჩეველი. იმან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და იმანაც – ზევიდან ყურება რომ ჰქვია. ხელისუფლება ვერ მიხვდა, რომ გაღატაკებულ, მშიერ ქვეყანაში უზომო შავი „ჯიპით“ არ უნდა იარო, მითუმეტეს დაცვით. რომ ათეულ-ათასობით ლარის ხელფასი არ უნდა მიიღო, როდესაც თითქმის 800000 პენსიონერი 180 ლარს იღებს თვიურად.

მოპარული ფულით ნაშენი სასახლეების კორიანტელი არ უნდა დააყენო; უცხოეთში უმიზნოდ არ უნდა იკუნტრუშო და იქ „ხუთვარსკვლავიან“ ცხოვრებას არ მიეძალო; უხვი დანაპირებიდან რაღაც მაინც უნდა შეასრულო.

კობახიძეებით, თალაკვაძეებით, მდინარაძეებით, ბახტაძეებით, მამაცაშვილებით, პარლამენტში მოკალათებული მეტიჩარა გოგონებით და ასევე მეტიჩარა, უცოდინარი აღმასრულებელი ხელისუფლების ყმაწვილებით არ ელაპარაკო ხალხს.

ახალი დაპირებებით, განსაკუთრებით ისეთით, თბილისის მერმა რომ დაგვაბოლა – მეტროს ახალი სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით და მათი აეროპორტამდე მიყვანით ტვინი არ უნდა გაუხვრიტო ხალხს. სააკაშვილმა რომ რკინიგზის ხაზი მიიყვანა აეროპორტამდე, სარგებლობს ამით ვინმე?

ყოფილმა, მაშინ „საპიარო“ ნაბიჯი გადადგა, რითაც ქვეყნის ბიუჯეტს, საბოლოო ჯამში ხალხს, ავნო. სად არის „გრანდიოზული“ შემოვლითი გზა – რკინიგზის გადატანით? იქნებ, დაწყებული მშენებლობა დაემთავრებინათ და შემდეგ ეფიქრათ ახალ პროექტებზე?

როგორც ჩანს „ოცნებას“ შეურაცხყოფად მიაჩნია „ნაცთა“ საქმის ანუ დაწყებული მშენებლობის დამთავრება. რა გამოდის, შემოვლითი გზის მშენებლობაში გადაყრილი ფული დაიკარგა?

ამ ბოლო ხანებში ხშირად ამბობენ – „ოცნება“ საქმეს აკეთებს, მაგრამ PR-ი არ აქვსო. ჩემის აზრით, გაკეთებულს  PR-ი არ სჭირდება. მას ყველა დაინახავს. ხომ დაინახა პეკინის ქუჩის დავიწროება, ისე, როგორც კოსტავას, ველობილიკებისთვის ან მერიის სიახლოვეს მწვანე „კუნძულების“ შექმნა.

დაინახა. მაგრამ ისიც დაინახა, უფრო სწორად იგრძნო ყაზბეგის გამზირიდან, ბუდაპეშტის, კანდელაკის ქუჩებიდან წამოსული ავტომანქანების ნაკადი, პერმანენტული საცობების ჭაობში რომ ექცევა და რის ვაი-ვაგლახით გადის პეკინის ქუჩაზე.

საბურთალოდან წამოსულს, ვისაც მერიასთან სურს მისვლა, სპორტის სასახლემდე უნდა მივიდეს, შემდეგ კოსტავას ცალმხრივი ქუჩით უკან უნდა წავიდეს, რაც თავისთავად იწვევს ბენზინის ზედმეტ წვას, ჰაერის დაბინძურებას, საცობებს და როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე განსაკუთრებით ავტომობილების მძღოლების გაღიზიანებას. ვისთვის გაკეთდა ველობილიკი, თუ მასზე ვერც ერთ ველომოყვარულს ვერ დალანდავთ. ასე ნიავდება ასეულ-ათასობით ლარი.

მედიკოსთა განმარტებით, პეკინის და შემოგარენი ქუჩების ჰაერის დაბინძურება იმდენად მაღალია, არათუ ველოსიპედით სეირნობა, ფეხით გავლაც კი საზიანოა. თბილისი, მთაგორიანი ქალაქია, სადაც ველოტრანსპორტი პოპულარობას ვერ მოიპოვებს. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში დასაქმებული ყმაწვილი გოგო-ბიჭები, რომლებმაც ველოსიპედით უნდა ისარგებლონ, რახანია შავ „ჯიპებზე“ არიან წამოსკუპებული და მათი იქიდან ჩამოყვანა შეუძლებელია. არათუ ჩამოყვანა, ამ ხელისუფლებამ შავი „ჯიპები“, თეთრით ვერ ჩაანაცვლა.

ვიმეორებ, ველობილიკების გაკეთებას ასეულ-ათასობით ლარი შეეწირა და ეს მაშინ, როდესაც შენობების ფასადები წვიმის წყალმა, დაზიანებული საწვიმარი მილების გამო, ისეთი გახადა, შეხედვა რომ შეგზარდება. აღარაფერს ვამბობ ქუჩებზე გაჩენილ ორმოებზე, სისტემატურ ჩიჩქნა-თხრა-წეპებაზე, შუქნიშნების გამორთვაზე, მოსახლეობისთვის წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაზე და ა.შ.

როდესაც თვითდასაქმებულ „ტაქსისტებს“, ვითომდა წესრიგის დამყარების მიზნით, რეგისტრაციას მოახვევ თავს და ამ საქმეში 100-ზე მეტ ლარს გადაახდევინებ – მისგან ხმას არ უნდა ელოდე. როდესაც იმავე „ტაქსისტს“ ეტყვი, რომ ავტომანქანა თეთრად გადაღებოს, ვინაიდან ქალაქის მერს ასეთი „ხოში“ აქვს, მას აშკარად აამხედრებ „ოცნების“ წინააღმდეგ.

როდესაც ხალხს მტკიცებას დაუწყებ – კანაფის სამკურნალო თვისებებზე, მისგან ხმებს არ უნდა ელოდე. როდესაც ბანკირებს და ე.წ. ბიზნესმენებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას მისცემ – ხმებს არ უნდა მოელოდე.

როდესაც ხელისუფლება შერჩევით აკონტროლებს ბიზნესს, „თავისას“ ეფერება, „სხვისას“ უბღვერის და გასაქანს არ აძლევს, როდესაც ათეულობით მილიონი დავალიანების დაფარვას დროულად არ ითხოვს და ვალის გადახდას გადაუვადებს, ვინ ზარალდება ამით – თუ არა ხალხი? დაზარალებული კი ხმას არ მოგცემს.

კიდევ მრავალის ჩამოთვლა შეიძლება თუ რატომ არ მისცა ხალხმა ხმა „ოცნებას“, მაგრამ ესეც კმარა. იბადება კითხვა – შეძლებს „ოცნება“ მეორე ტურამდე შეცდომების გამოსწორებას და ხალხის ნდობის მოპოვებას? …

მაშ, რა უნდა იღონოს მან წარმატების მისაღწევად?

უპირველესად, დანიშნოს ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები 2019 წლის გაზაფხულს. შეპირდეს ხალხს, რომ სწრაფად შეცვლის საარჩევნო კანონმდებლობას და არჩევნებს ახლით, მხოლოდ პროპორციული სისტემით  ჩაატარებს. შეპირდეს ხალხს, რომ მისი რჩეულისთვის ხმის მიცემის და გამარჯვების შემდეგ თვით ზურაბიშვილი და ხელისუფლება დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 2019 წლის შემოდგომით. კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი აირჩევა 4 წლის, ხოლო პარლამენტი 3 წლის ვადით.

ნეტავი, რომელ ბრძენს მოუვიდა თავში პრეზიდენტის 6-წლიანი ვადა?

გავიზიაროთ აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის იდეა – კონგრესმენების მხოლოდ ორი ვადით არჩევის თაობაზე. იქნებ აქაც შემოგვეღო პარლამენტართა მხოლოდ ორი ვადით არჩევა? ორი ვადა ანუ 6 წელი სრულიად საკმარისია საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.

პარლამენტი გამოუცდელი გოგო-ბიჭების საცდელი პოლიგონი არ არის, კანონშემოქმედება უნდა დომინირებდეს და არა ქუჩური დაპირისპირება.

კანონშემოქმედებისთვის გამოცდილი და რაც მთავარია დაღვინებული კადრებია საჭირო. ამისთვის პარლამენტარის ასაკი უნდა გაიზარდოს ანუ მავანი, პარლამენტარი გახდება მხოლოდ 28 წლის ასაკში და არა ადრე.

აღნიშნული და სხვა მრავალი, რომლის გაზიარება ხელს შეუწყობდა საპარლამენტო ცხოვრების განვითარებას, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად წარმომეშვა უმაღლეს და უზენაეს საბჭოში, პარლამენტში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად.

საპარლამენტო ცხოვრება, რომელიც სხვისგან გადმოვიღეთ, ვერადავერ მოვარგეთ აქაურ ყოფას, მენტალიტეტს, რაც ქვეცნობიერად დღენიადაგ გვახსენებს თავს. თვალი გადაავლეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანიების შემადგენლობას – ნახავთ ესოდენ ქორფა პარლამენტარებს?

დამოუკიდებლობის მიღებიდან თითქმის 30 წელი გავიდა. სამწუხაროდ, სიტყვა „დამოუკიდებლობის“ შესატყვის ცხოვრებას ვერადავერ ვეღირსეთ, რასაც ხელს უწყობს უხეიროდ შექმნელი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომლის შეცვლა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში 30 წლის გავლის შემდეგაც ისეთივე პრობლემები გვექნება, როგორც დღეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი