22.12.2024

„კარნეგი ცენტრის“დოკუმენტთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ამერიკელი ექსპერტის ლუკ კოფის „გეგმა“ საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით რომ განგაშის ზარების მსგავსი რამ იყო, გასაკვირი არ არის. სხვაგვარად როგორღა იქნებოდა 25-წლიანი დაპირებების შემდეგ – შეგიყვანთ, მაგრამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) ამოქმედების გარეშეო?!

თუმცა კაცმა რომ თქვას, დაპირება იქ შეყვანასთან დაკავშირებით ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან რომ არ ყოფილა, ფაქტია. რაც იყო – მოთმინებას და დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა და კიდევ „ვნახოთ“-ს, ანუ გაურკვეველ პერსპექტივას.

იყო გამოკვეთილად ნათქვამი უარიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ობამას მხრიდან და ასევე ხაზგასმულად განცხადებული პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის – სიტყვები ნატოს მოძველებასთან და ამ ორგანიზაციის უპერსპექტივობასთან დაკავშირებით.

მართალია, პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა – პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაგრამ ნიშნები იმისა, რომ ტრამპი გულცივია ნატოს მიმართ, არცთუ უსაფუძვლოა, მის მიერ წარმოებული პოლიტიკიდან გამომდინარე.

ტრამპის მუქარა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საკუთარი ეროვნული შემოსავლიდან 2%-ის ნატოს ბიუჯეტში შეტანის თაობაზე, ძალაშია და თუ ყველა მათგანი არ შეასრულებს მოთხოვნას, აშშ-ი უარს იტყვის ნატოს დაფინანსებაზე.

„გინდათ უსაფრთხო ცხოვრება? – კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ საკუთარი უსაფრთოებისთვის“ – ასეთია ტრამპის მოწოდება. მეორე მოწოდება კი – „გინდათ თავდაცვა? – შეიძინეთ ამერიკული იარაღი“.

და საქართველომაც, როგორც დამჯერმა და მუყაითმა მოწაფემ, უმალ შეისყიდა ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“ – 75 მილიონ დოლარად.

ამერიკის ეკონომიკას უჭირს და დახმარება სჭირდებაო – ასეთია ტრამპის განმარტება, თორემ სტრატეგიულ პარტნიორს (როგორც ჩვენ გვგონია), თანაც გაღლეტილი ბიუჯეტის მქონეს, 75 მილიონ დოლარს რომ აახევ, რაღა პარტნიორობაა?!

რას ვიზამთ, ასეთია აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც საგარეოს, საშინაოზე დაბლა აყენებს და მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანამ, უპირველესად, საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოს – „ჯერ თაოდათაოს და მერე ცოლოდაშვილოს“ მსგავსად.

საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება და ასეთად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში. შეიცვლება და მერე როგორ! შეიცვლება ისე, ჩვენ რომ ვერ ვიგრძნობთ, ვინაიდან ის, რაც აქამდე იყო, ამერიკელ ექსპერტთა შეფასებით მცდარს, მეტადრე ეიფორიულს უკავშირდებოდა და არა რეალურს. მხედველობაში მაქვს აშშ-ს პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში, რაც ასახულია აშშ-ს „კარნეგი ცენტრის“ ექსპერტების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალაში, დაბეჭდილს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ა.წ. 22 თებერვლს სათაურით „როდემდე გავძლებთ ჰაერში გამოკიდებული?!“.

„კარნეგელი“ ექსპერტების დასკვნებთან შედარებით ლუკ კოფის „გეგმა“ ტკბილ სიზმრად მოგვეჩვენება, რამეთუ „კარნეგელთა“ ნამუშევარი ყოვლისმომცველია და აშშ-ს აწმყოსა და მომავლის სამოქმედო გეგმებს წარმოსახავს.

„თუ ვაშინგტონი კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეცვლას შეეცდება, მას რუსეთის დომინირებად როლთან დაპირისპირება მოუწევს“ – ასე წერენ „კარნეგელები“ და იქვე აგრძელებენ: „აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან შედარებით, უფრო ნაკლები გეოპოლიტიკური პოზიციები აქვს. ვაშინგტონმა არ უნდა აღუთქვას რეგიონის ქვეყნებს ისეთი დახმარება მოსკოვის გავლენის საწინააღმდეგოდ, რასაც აშშ-ი რეალურად ვერ განახორციელებს, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს და მის სწრაფვას ნატოში გაწევრებისკენ“.

„კარნეგი ცენტრის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი კანონი არ არის, მაგრამ მასში ასახული ცნებები რომ გაზიარებულია აშშ-ს კანონმდებელთა უმრავლესობის მიერ, ფაქტია. „კარნეგი ცენტრი“ რესპექტაბელური ორგანიზაციაა და მის ნათქვამს ყურადღებით ეკიდებიან, მითუმეტეს ისეთ საკითხებში, როგორებიც აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ეხება და აქედან გამომდინარე რისკებს. „კარნეგი ცენტრის“ ანალიტიკური მასალა ამიერკავკასიაში აშშ-ს 25-წლიან მოღვაწეობას ასახავს და აქედან გამომდინარე სამომავლო გეგმებს, რაც მთლად დასამშვიდებელი არ უნდა იყოს ჩვენთვის.

„აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სერიოზული ინტერესები აქვს, მაგრამ მათგან არც ერთი არ ითვლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. … აშშ-ის მცდელობებმა რეგიონში სერიოზული ცვლილებების ინიცირების მიზნით, მოლოდინები არ გაამართლა და საეჭვოა მომავალში ახალი მცდელობებიც წარმატებული იყოს. პრინციპი – „ნელა იარე და უფრო მეტს მიაღწევ“ – ოპტიმალური რჩება“.

აწყობს თუ არა საქართველოს ხელისუფალთ „ნელა სიარული“, კარგად ჩანს განცხადებებიდან – მოჭარბებულად ოპტიმისტურიდან, სინამდვილეს მოწყვეტილიდან. პოლიტიკურ სამზარეულოში გარკვეულთათვის კარგად არის ცნობილი ხელისუფალთა „ოპტიმიზმი“ ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის, უდავოდ სარწმუნოა ის, რასაც ხელისუფლება ამბობს მრავალი წლის განმავლობაში.

დიახ! ნატოში შესვლა რომ ურუსეთოდ არ გადაწყდებოდა განა ცნობილი არ იყო?! ხელისუფლება და ნატოელი მოხელეები კი სრულიად საწინააღმდეგოს ქადაგებდნენ, თან იმასაც ამატებდნენ, რომ რუსეთი ნატოს წევრი არ არის და მის აზრს ნატო არ ითვალისწინებსო. არადა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ისე აშშ-ს პოლიტიკოსები ნატოში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებით, რუსეთის აზრს იზიარებენ, განსაკუთრებით მიუნხენიში რუსეთის პრეზიდენტის პუტინის კრიტიკული გამოსვლის და ცხინვალის 2008 წლის ომის შემდეგ.

2008 წლის გამოცდა რუსეთმა ფრიადზე ჩააბარა, ცხადია საკუთარი ინტერესებიდან  გამომდინარე და აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს დაანახა, რომ ნატოს რუსეთის საზღვრებამდე გაფართოებას არ დაუშვებს. ამ ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას ვერაფრით მოუნელებია ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შესვლა და ახლა საქართველო და უკრაინა?

„კარნეგი ცენტრის“ მიხედვით, 2008 წლის ომი გახდა აშშ-ს პოლიტიკის ევოლუციისა და მისი „შემობრუნების პუნქტი“ არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის მიმართაც. კრემლის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აქციამ აჩვენა, რომ რუსეთი აღარ მოითმენს აშშ-სა და მისი მოკავშირეების გავლენის გაძლიერებას თავის საზღვრებთან და ამიერიდან რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრებას რუსეთი აღარ დაუშვებს“.

ამ პოზიციაზე დგას რუსეთი დღესაც. მას ვერვინ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაც ვერ დააჯერებს, რომ ნატოს აქტიურობა უკრაინა, მოლდოვა, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და რომ საქართველოში ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნა მხოლოდ კეთილი სურვილებითაა განაპირობებული. რუსეთს აქვს ეჭვის საბაბი, რაც დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ს თანამედროვე პოლიტიკამ გაუჩინა.

აშშ-ს პრეზიდენტ კლინტონიდან დაწყებული, მის წინამორბედთა დამოკიდებულება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით კარდინალურად შეიცვალა ანუ ვაშინგტონმა გადააბიჯა რუსეთისადმი საკუთარ დაპირებას – რომ ყოფილ სოცქვეყნებს ნატოში არ შეიყვანდა. და ურცხვად დაიწყო იმის მტკიცება, რომ ასეთი შეთანხმება ან დაპირება საბჭოთა კავშირთან არ ყოფილა – „თუ იყო, აბა გვაჩვენეთ ხელმოწერილი დოკუმენტიო“.

ხელმოწერილი დოკუმენტი მართლაც არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოლაპარაკებების ჩანაწერი, რასაც თითქმის ისეთივე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, როგორც დოკუმენტს.

ის, რომ დოკუმენტი არ შეიქმნა საბჭოთა საგარეო უწყებას ბრალდება, ვინაიდან ის უნდა ყოფილიყო ინიციატორი ამგვარის შექმნაში. მაშინ, ეიფორიაში მყოფმა გორბაჩოვმა და შევარდნაძემ აღნიშნულს ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს და ბეიკერის, ბუშის, გენშერის, კოლის, მიტერანის, ტეტჩერის, მეიჯორის, სხვების სიტყვიერ დაპირებას მიენდნენ. სიტყვიერი კი უფრო გაფრენილი რამ არის, მაგრამ არა დიპლომატიაში, რაც მხედველობიდან გამორჩათ ზემოჩამოთვლილი პოლიტიკოსების მემკვიდრეებს. მათ, ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთის ნატოთი შემორკალვა დაიწყეს, ნაცვლად რუსეთისთვის მიცემული გარანტიებისა, რომ ასეთს არასდროს ექნებოდა ადგილი.

გასულ წელს გამოქვეყნდა აშშ-ს უსაფრთხოების არქივები, რომლებმაც ნათელი მოფინეს მაშინდელ ვითარებას, ცხადია რუსეთის სასარგებლოდ. დასტურად ამისა მოვიყვან ზოგიერთ ნათქვამს.

 1990 წლის 9 თებერვალი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა საბჭოთა ლიდერ გორბაჩოვთან მოლაპარაკების დროს სამჯერ გაიმეორა შემდეგი: „არც ერთი დიუიმით აღმოსავლეთისკენ“. “არც პრეზიდენტი და არც მე არ ვგეგმავთ მივიღოთ ცალმხრივი სარგებელი იმ პროცესებიდან, რასაც აქვს ადგილი. … ნატოს დღევანდელი სამხედრო იურისდიქცია ერთი დიუიმითაც ფეხს არ მოიცვლის აღმოსავლეთისკენ“.

1990 წლის 31 იანვარი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გენშერის სიტყვა ბავარიის კომუნა ტუტცინში, გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით: „ცვლილებებმა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მოჰყვება გერმანიის გაერთიანებას, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიაყენოს ზარალი საბჭოეთის უსაფრთხოებას. ამიტომ ნატომ უნდა გამორიცხოს ნებისმიერი გაფართოება თავისი ტერიტორიის აღმოსავლეთის მიმართულებით, საბჭოეთის საზღვრებამდე“.

1991 წლის მარტი. სსრ კავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჩანაწერიდან: „გორბაჩოვთან მოლაპარაკების დროს საბჭოეთის თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა პრემიერ-მინისტრ მეიჯორს დაუსვა კითხვა – თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს გაუჩნდებათ ნატოში გაწევრების სურვილი, გაუღებენ თუ არა მათ ნატოს კარს? მეიჯორმა უპასუხა – ეს არასდროს მოხდება“.

ზემომოყვანილი მაგალითები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები – ერთობ მიუღებელი რუსეთისთვის, ამ უკანასკნელის სერიოზული გაღიზიანების საგანია, რასაც საქართველოს პოლიტიკა არ ითვალისწინებს და ბრმად მიჰყვება აშშ-ს გარკვეული წრეების ნებისმიერ დავალებას, მათ შორის ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნისა და „ჯაველინების“ შესყიდვასთან, ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან ან სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სამხრეთით, სამხედრო ოლქის ახალი შენაერთებითა და უახლესი საბრძოლო ტექნიკით გაძლიერებაზე. დაგეგმილია 2 ახალი მოტომსროლელი დივიზიის ჩამოყალიბება და БМП-3 და Т-72Б3 – ტიპის ტანკებით აღჭურვა.

„კარნეგი ცენტრის“ მიერ შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი თავისთავად მიგვანიშნებს მთავარზე – სტრატეგიული პარტნიორის მიერ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებაზე. და თუ ის ითვალისწინებს, ჩვენ რას ვაკეთებთ?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი