უფუნქციო პრეზიდენტობაც – ფუნქციაა!

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი თემა რომ მომავალი პრეზიდენტის, პრეზიდენტის სასახლეში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა, საეჭვო არ იყო. მმართველი გუნდის ხელმძღვანელის მიერ არასაჯაროდ წამოყენებული კანდიდატი რომ პირველსავე განცხადებას სასახლის საკითხს მიუძღვნიდა, არც ეს იყო გასაკვირი.

„ნეიტრალურმა“ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურის დასახელებისთანავე პრეზიდენტის სასახლე გაიხსენა და თანაც როგორ?!

მავანი შემედავება – ზურაბიშვილი ნეიტრალური კანდიდატია და რა შუაშია „ოცნებაო“.

შუაშიც არის და თავშიც, ვინაიდან „ნეიტრალურმა“ პარლამენტარმა ზურაბიშვილმა საკუთარი სურვილის სახალხო გამჟღავნებამდე „ოცნების“ პარტიის ლიდერს ივანიშვილს მიაკითხა და მასთან დალაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა პრეზიდენტობა, მაპატიეთ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართვა, თუმცა „უნებლიედ“ ნათქვამი „პრეზიდენტობა“ სულაც არ წამომცდენია – ფაქტებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მათქმევინა.

თვალი გადავავლოთ განვლილ ნახევარ წელიწადს და იმ ვნებათაღელვას, რასაც პრეზიდენტი მარგველაშვილი იწვევდა „ოცნებასა“ და მის ლიდერ ივანიშვილში. უდავოდ ნეგატიური იყო ამ პარტიის დამოკიდებულება მარგველაშვილის მიმართ, მაგრამ რა გაეწყობოდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ამდენად მმართველ პარტიას მოთმინება უნდა გამოეჩინა, თან ისეთი ნაბიჯი გადაედგა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისას, რომ შემდგომში სინანული არ ეგრძნო.

და დაიწყო შერჩევა ანუ კანდიდატურების საჯარო გამოცხადება – მოარული ჭორის დონეზე – მედიის მიერ გაპიარებული. ვინ არ დასახელდა კანდიდატად. იყვნენ ცნობილი ქალებიც და კაცებიც, ცხადია „საოცნებო“ გუნდიდან, მათ შორის – პირველსავე დღიდან, ზურაბიშვილიც. შემდეგ გავრცელდა მოსაზრება, რომ ივანიშვილს პრეზიდენტად ქალი უნდა.

მედია გამორჩეული „თავდადებით“ იხილავდა ყველას, მაგრამ აქცენტს ზურაბიშვილზე აკეთებდა. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, მერე რა ოჯახში – ნიკოლაძის შთამომავალი, უცხო ენების მცოდნე, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის ხელდასხმით, შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ ამხედრებული და ოპოზიციაში გადასული.

დღესაც კი ბევრი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა ცხარე კამათის შემდეგ გაწყვიტა სააკაშვილთან ურთიერთობა და მიატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

არადა, სინამდვილეში სრულიად შებრუნებით იყო საქმე. ზურაბიშვილმა ლონდონში ყოფნის დროს შეიტყო მისი გათავისუფლების ამბავი და ჟურნალისტების შეკითხვაზე – როგორ აღიქვამს ამას, მან უპასუხა – მე, ჯერ სააკაშვილს არ დავლაპარაკებივარ, დაველაპარაკები და მერე გეტყვით ჩემს აზრსო.

მინისტრად ყოფნის სურვილი იმდენად ძლიერი იყო და ეს ჩანდა ლონდონში ჩვენი მხარის მიერ მასპინძლებისთვის გამართულ ბანკეტზე, რომ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ „ამხედრებული“ მინისტრი ასე ლაღად და საკუთარ თავში დაჯერებულად ვერ იქნებოდა.

სააკაშვილის გადაწყვეტილება გათავისუფლების თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა გაანდო. და როდესაც ის დარწმუნდა, რომ მინისტრობას ვერ გააგრძელებდა, ხალხს მიმართა – ყველანი იპოდრომზეო. და შეიყარა უამრავი „სალომისტი“, ცხადია „ანტიმიშისტი“, რომელთაც ზურაბიშვილმა ასეთი ფრაზა აჯახა – „ქაჯები კი არ მიდიან, ქაჯები მოდიანო!“.

ეს უბრალოდ გახსენებისთვის.

ზურაბიშვილის პიროვნება რომ ივანიშვილისთვის ყოველმხრივ მისაღები იქნებოდა, გასაკვირი არაფერია. ისინი, ორივენი ერთი ქვეყნის ანუ საფრანგეთის მოქალაქეები არიან. გარდა ამისა ზურაბიშვილი საფრანგეთში მცხოვრები მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლის შთამომავალია, ასე თუ ისე ცნობილი იმ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ორ კურდღელს იჭერს. ერთს – ნეიტრალური პოლიტიკოსის სახით, მეორეს – ქალის, თან უცხოეთში დაბადებულის და გაზრდილის.

მავანი შემედავება, ისე ვწერ, თითქოს ზურაბიშვილი უკვე პრეზიდენტი იყოს.

ეს, რომ ასე არ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, თან მისი ქცევა მიკარნახებს ამას – ივანიშვილთან კონსულტაცია, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის განცხადებით საფრანგეთის საელჩოსთვის მიმართვა და ა.შ.

თვითონ განსაჯეთ – ღირს საფრანგეთის მოქალაქეობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმვისთვის, თუ გამარჯვების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს?

სწორედ ეს გარანტია მიიღო ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან. ასე, რომ ტყუილად იჭყლეტენ ტვინს „ოცნებელი“ „რუპორები“ – პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ჩვენ ჯერ-ჯერობით საბოლოო სიტყვა არ გვითქვამსო.

საბოლოოც და საწყისიც ივანიშვილმა მაშინ თქვა, როდესაც ზურაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა. ეს ქმედება კიდევ უფრო გამაგრდა ზურაბიშვილთან ბოლო შეხვედრის დროს. დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხებია – წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, ხალხის „მხარდაჭერა“ და ა.შ.

კონსულტაციის დროს უდავოდ იქნებოდა მსჯელობა პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზეც და ის, რაც ზურაბიშვილმა უმალ შეგვატყობინა – იქ არ შვალ, ათონელზე არსებულ შენობაში დავიდებ ბინასო. ეს კი უეჭველად მიანიშნებს ივანიშვილის სურვილზე, რომელიც მარგველაშვილმა აუხდენელი გახადა.

ზურაბიშვილმა ვრცლად ილაპარაკა ათონელის ქუჩაზე არსებულ სახლზე – მომავალში პრეზიდენტის სასახლედ წოდებულზე, მის დადებით მხარეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო შეეფერება ქალ პრეზიდენტს.

ზურაბიშვილის შემდეგ პრეზიდენტად კაცი რომ აირჩიონ, მაშინ რა მოხდება?

ესოდენ მსუბუქი მიდგომა პრეზიდენტის ადგილსამყოფელის მიმართ აშკარა მანიშნებელია საზოგადოების ზერელე დამოკიდებულების ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტისადმი.

პრეზიდენტის სასახლე ქვეყნის გერბთან, დროშასთან, ჰიმნთან ერთად ის მთავარი ატრიბუტია, ქვეყნის ქვეყნობას რომ გამოხატავს.

პრეზიდენტის სასახლე არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში არ არსებობდა გასაგები მიზეზების გამო. დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ააშენა პრეზიდენტის სასახლე. ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს, ტელეეკრანზე მაინც დაუნახია აზერბაიჯანის, ბელარუსის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, სხვა ქვეყნების პრეზიდენტების სასახლეები. მათთან შედარებით სააკაშვილის დროს აშენებული სასახლე უდავოდ მოკრძალებულია.

პრეზიდენტის სასახლის არქონამ სერიოზული პრობლემები შექმნა ამ ინსტიტუტის გაჩენისთანავე. გახსოვთ ალბათ, გამსახურდია ჯერ უზენაესმა საბჭომ აირჩია პრეზიდენტად, შემდეგ ხალხმა – საყოველთაო არჩევნების დროს. უმალ შეიქმნა პრობლემა პრეზიდენტის და მისი აპარატის განთავსებასთან დაკავშირებით. იძულებული შევიქმენით პარლამენტის შენობის ნაწილი, სადაც წინათ (საბჭოთა პერიოდში) მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული, პრეზიდენტისთვის დაგვეთმო, რაც ერთობ უხერხულ ვითარებას ქმნიდა ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით პროტოკოლის. პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებრივი საქმის გარდა, პროტოკოლური ფუნქციების შესრულებაც უწევდა.

სააკაშვილმა – ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვიტა პრეზიდენტის სასახლის აშენება. ეს იყო ყველაზე პოზიტიური იმ გადაწყვეტილებათა შორის, რაც მან თავისი ორვადიანი მმართველობის დროს მიიღო.

შენობა აშენდა პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების გათვალისწინებით (პროტოკოლი, უსაფრთხოება, ცერემონიალური საზეიმო მიღებები, დაჯილდოება და სხვა მრავალი), რომელთაც, მიუხედავად პრეზიდენტისთვის ფუნქციების ჩამორთვისა, ვერვინ წაართმევს.

შენობის აშენების შემდეგ უცხო ქვეყნების პრეზიდენტების მიღების ცერემონიალი – საპატიო ყარაულით და ა.შ. აეროპორტში კი არ იმართება, არამედ პრეზიდენტის სასახლის წინა ეზოში.

თვით სასახლე მყუდრო ჩიხშია აშენებული, ფასადით ძველ თბილისზე გადმომყურე, რაც უდავოდ ახდენს შთაბეჭდილებას ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის უცხოელზე.

ათონელის ქუჩაზე განთავსებულ ახალ სასახლეს ეს შესაძლებლობა არ გააჩნია. გარდა ამისა პრეზიდენტთან სტუმრად მოსული სხვა ქვეყნის პრეზიდენტის გულისთვის ათონელის ქუჩა უნდა ჩაიკეტოს არა მარტო ავტომანქანების, არამედ ქვეითთათვისაც, რაც დისკომფორტს  გამოიწვევს მათში.

ცნობისთვის, ათონელის შენობაც სააკაშვილმა შეარჩია, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელი. მის დროს განხორციელდა უკანა მხრიდან მიშენება, პრემიერ-მინისტრის აპარატისთვის.

სააკაშვილი იმ შენობაში აპირებდა გადასვლას, როგორც პრემიერი, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში განთავსდებოდა პრეზიდენტი – ისეთივე უფუნქციო, როგორც მომავალში ზურაბიშვილი იქნება.

უკბილოა იმის მტკიცება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არ სჭირდება  სასახლე. სასახლე პიროვნებას ანუ პრეზიდენტად არჩეულს კი არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება.

სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ „უფუნქციო“ პრეზიდენტის სასახლის შენახვაზე ბევრი ფული იხარჯება. ათჯერ და ასჯერ მეტი ფული იხარჯება პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში მისვლა-მოსვლაში. პარლამენტთან ერთად აპარატიც მოგზაურობს. უზომო რაოდენობის საწვავის, ქუთაისში ბინების დაქირავების ხარჯები, ხარჯები არ არის?!

„ოცნების“ მიერ 2012 წელს გაცემულ დანაპირებში ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის დაბრუნება პირველ საკითხთა შორის იყო. დღეს? ყველა გაურბის ამ თემაზე ლაპარაკს. არადა, რამდენი მილიონი იხარჯება აქეთ-იქით ხეტიალში?!

ამ მაგალითის მქონემ, სიტყვაც არ უნდა დაძრას – პრეზიდენტის სასახლის ხარჯებზე. ბოლოსდაბოლოს თუ გვაქვს სახელმწიფო და გვყავს პრეზიდენტი – სასახლეც უნდა გვქონდეს, შესაძლოა იმაზე უკეთესიც, რაც არის, მიუხედავად იმისა პრეზიდენტს ექნება თუ არა ფართო ფუნქციები. პრეზიდენტობა უკვე ფუნქციაა!!!

სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ ის სხვანაირი პრეზიდენტი იქნება – ფეხით ივლის, ბაზარშიც წავა და ა.შ. როგორც ჩანს მას გათვითცნობიერებული არ აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტის რაობა. ფეხით სიარული, სულაც არ ნიშნავს დაცვის გარეშე კუნტრუშს. და თუ ამას ექნა ადგილი, დაცვის სამსახური დაისჯება, უსაფრთხოების დარღვევისთვის.

ფეხით მოსიარულე სალომეს, შორიახლოს დაცვის მანქანები და მუშაკები მაინც გაჰყვება და ამას ვერაფერს უზამს „თავისუფლების“ მოყვარული პრეზიდენტი.

ყველამ, მათ შორის პრეზიდენტობის მსურველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტობა უსაფრთხოების წესების დაცვას საჭიროებს; რომ პრეზიდენტობის დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება.

საერთოდ, პრეზიდენტები სასახლეში ცხოვრობენ, რაც თავისთავად გამორიცხავს დღის განმავლობაში, დილით და საღამოს ქუჩების გადაკეტვას (სამსახურში მისვლა-წასვლისას), პრეზიდენტის ავტომანქანების კორტეჟისთვის საწვავის ხარჯვას და ა.შ.

პრეზიდენტობა არცთუ მსუბუქი ტვირთვია, რაც არ უნდა თავისუფალი იყოს ყოველდღიური სახელმწიფო საქმეებიდან.

უნებლიედ იბადება კითხვა – რა ბედი ეწევა სააკაშვილის სასახლეს?

გამოცხადდება ტენდერი და ვიღაც ბიზნესმენი შეიძენს, რის შემდეგაც ისე გადააკეთებს მას, სააკაშვილიც რომ ვერ იცნობს.

გაივლის დრო. შეიცვლება კონსტიტუცია. პრეზიდენტი ისევ პრეზიდენტი გახდება შესაბამისი ძალაუფლებით და დადგება პრეზიდენტის სასახლის საკითხი. ძველის მორჯულება გაჭირდება და ახლის მშენობლობის საკითხი წამოიწევს. ასე ვივლით ძველიდან ახალ სასახლეებში, ვიდრე ფიზიკურად იარსებებს ქვეყანა. ივარგებს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი