05.12.2024

შეელევა სააკაშვილსა და მის პარტიას აშშ-ი?

ივანიშვილის გამოღვიძებასთან ერთად გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის დღეები დათვლილია – პროცესი დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს. რომ იტყვიან, თქვენს პირს შაქარი, ვინაიდან სააკაშვილმა და ნაცებმა არათუ მოაბეზრეს თავი ხალხს, არამედ სადისტურ-ცინიკური მმართველობით მიაღწიეს საკუთარი თავის მიმართ საზოგადოებაში ისეთი ზიზღის და შურისძიების გრძნობის ჩათესვას, უკეთესს, რომ ვერ ინატრებდა „მტერი“ რუსეთი.

იოლად განხორციელებულმა „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყნის მართვის ასევე იოლი შეგრძნობის განცდა გაუჩინა რევოლუციონერებს. არადა არავითარ მსგავსს არ ექნებოდა ადგილი 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალთა 18%-იანი წარმატებისათვის ჯეროვანი ყურადღება რომ გამოეჩინათ მმართველ „მოქალაქეთა კავშირს“ და „აღორძინებას“.

ამ პარტიების ხელმძღვანელებმა უარი თქვეს ნაცთა წინაშე გარკვეულ დათმობაზე, რითაც საბედისწერო ნაბიჯი გადადგეს, მძიმე ვითარებაში ჩააყენეს რა ქვეყანა და საკუთარი თავი.

რევოლუციურმა ეიფორიამ უმალ ჩაიარა. დაიწყო მონოტონური ყოველდღიურობა, რომლის დროს კვლავ თავი იჩინა ძველმა პრობლემებმა, მას ახალიც დაემატა, რასაც ხელი შეუწყო ახალი ხელისუფლების არაპროფესიონალიზმმა, ასაკიდან გამომდინარე ქარაფშუტობამ, ძველი, გამოცდილი კადრების „ჩარეცხვამ“ და სხვა.

მაინც რა არის ნაცთა რვაწლიანი პერიოდი, რა მოუტანა მან ქვეყანას, საზოგადოებას? კითხვები მოითხოვს დასაბუთებულ პასუხებს, რასაც ნაცთა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არაერთხელ ექნება ადგილი. ამჯერად კი მოკლედ შევეცდები გავამახვილო იმ ზოგიერთ მომენტზე ყურადღება, რამაც ნაცთა რვაწლედი აუტანელი გახადა.

ზოგი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ნეოლიბერალიზმზე დაფუძნებული მოძრაობაა, თავისი გადახრებით და მანკიერებით. სინამდვილეში ნაციონალურმა მოძრაობამ ფეხქვეშ გათელა დასავლური ლიბერალური ფასეულობები. სურვილი იმისა, რომ სააკაშვილი და მისი ნაცები მჭიდროდ დაუკავშირონ რაღაც იდეალებს, რაღაც ფილოსოფიას, თუნდაც ლიბერალურს, ამაო მცდელობაა, ვინაიდან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ არც ნეოლიბერალიზმთან და არც რაიმე სხვა მოძღვრებასთან, ფილოსოფიასთან, ფასეულობასთან, ინტელექტთან, წიგნთან.

პრიმიტივიზმზე დაფუძნებული ნაცთა მმართველობის მთავარი ხაზი ვერტიკალურ, ცენტრალიზებულ, ერთი პირის მმართველობაზე და ამ მმართველობის ადმინისტრაციულ-სადამსჯელო ორგანოების გამაგრებაზე, საზოგადოებაში შიშის ჩანერგვაზე, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის შექმნაზე, დასავლეთის თვალში საკუთარი თავის უმანკო, დემოკრატიულ კრავად წარმოჩინებაზე, არარსებული წარმატებების – წარმატებულად მოჩვენებაზე გადის.

სააკაშვილისა და ნაცების მიერ ჩამოყალიბებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ – ნაციონალური მედიის სახით, ძირფესვიანად განამტკიცა ნაცთა მმართველობა.

მაგრამ არავითარ მსგავსს არ ექნებოდა ადგილი, რომ არა დასავლური შორსმიმავალი გეგმები, ჯერაც არსებული დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება, დიდ ქვეყნებს შორის შენიღბული, ყოველდღიური კულუარული ომი პირველობისათვის და ამ ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გამოყენება.

რევოლუცია იქ ხდება სადაც სისუსტეა. სწორედ ასეთად შეფასდა აშშ-ს მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო-უკრაინა. და ამუშავდა აშშ-ს მიერ შემუშავებული დემოკრატიის ექსპორტის გეგმა, ისეთი, რომელიც მანამდე მოქმედებდა იუგოსლავიაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. და რაც ამჯერად მოქმედებს არაბულ სამყაროში. აშშ-ი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს მატერიალური, ტექნიკური, ინტელექტუალური, ფინანსური რესურსი, ნოუ-ჰაუ მასშტაბური ოპერაციის განსახორციელებლად.

სწორი იყო სააკაშვილი, როდესაც ამბობდა, რომ არაბული რევოლუციები დასაბამს ფერად-ყვავილოვანი რევოლუციებიდან იღებს, ვინაიდან ამ რევოლუციების სულისჩამდგმელი აშშ-ია – ირიბი თუ პირდაპირი ჩარევით, მისი თუ მასზე დამოკიდებული ბიზნესის ფულით.

 ამას წინათ ლონდონში მცხოვრებმა ოლიგარქმა ბერეზოვსკიმ ყოველგვარი მორიდების გარეშე განაცხადა, თუ როგორ ეხმარებოდა უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას, როგორ გადასცა 50 მილიონი დოლარი ამ საქმისათვის უკრაინელ ბიზნესმენ ჟვანიას.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ დადგება დრო და გამოაშკარავდება იმ დონორთა ვინაობა, ვინც დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ამერიკელთა გარდა, ვინ იდგა „ვარდების რევოლუციის“ სათავეში. თვით აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პირდაპირ განაცხადა იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის და დახმარების შესახებ, რასაც აშშ-ი აკეთებდა სააკაშვილის და რევოლუციის მიმართ.

პოსტსაბჭოთა სივრცის რევოლუციებში ჩადებული ენერგია და ფინანსები ყოველთვის არ იყო ეფექტიანი. ბერეზოვსკის მილიონებთან ერთად „ნარინჯისფერი“ რევოლუციაც ისტორიას ჩაბარდა. მისი ერთ-ერთი გმირი კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის შვიდწლიან პატიმრობას იხდის.

არ გამართლდა არც ბელორუსული და ყირგიზული ვარიანტები, მაგრამ გამართლდა ქართული. ამიტომაცაა სააკაშვილის მიმართ ვაშინგტონის რევერანსული დამოკიდებულება თვალში საცემი. შეელევა სააკაშვილსა და მის პარტიას აშშ-ი? და თუ შეელევა, ვისით ჩაანაცვლებს მას? ის, რომ აშშ-ა სარეზერვოდ, რომ იტყვიან შავი დღისთვის, ალასანია, თარგამაძე და სხვები გამოჩეკა – გასაკვირი არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ ძველ გამოჩეკილებს ახალიც დაუმატა – „ქართული ოცნების“ სახით.

მაგრამ საინტერესოა – რას მოუხერხებს სააკაშვილს? გაწირავს თუ არა მას? იქნებ სულაც არ აპირებს გაწირვას? იქნებ სხვა გეგმას ქსოვს, ისეთს, რაც ამას წინათ გაგვანდო „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით“, რომლის მიხედვით, მხოლოდ „ნაცები“, „ოცნება“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ იქნებიან ახალ პარლამენტში. ამ კითხვებს პასუხი მალე გაეცემა, მაგრამ იმას, რასაც პასუხი უკვე გაეცა ნაციონალური მმართველობის რვაწლიანი პერიოდია – საამური ფასადით, და მის მიღმა დამყაყებული არსებობით.

აშშ-ა მოახერხა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით ვერც ერთი მომხდური ვერ ახერხებდა. ამერიკამ შეძლო შეუძლებელი – ჭრელ-ჭრელი სათამაშოებით, საღეჭი რეზინით, სააკაშვილ-ნაცებისთვის მხარის დაჭერით.

იშვიათად მოიძებნება ხელისუფლება, რომელსაც ესოდენ დიდი ზარალი მიეყენებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. ნაცებმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს სტრატეგიული პარტნიორის დავალება და რატომ უნდა გაიწირონ ისინი? ასეთებს, პირიქით, ხელს უწყობენ, ეხმარებიან.

„ვარდების რევოლუცია“ რაღაცით ჩამოჰგავს ჩინეთის კულტურულ რევოლუციას, მხოლოდ „რაღაცით“. იმ რევოლუციას იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა – მატერიალური სიხარბისკენ გადახრის საწინააღმდეგო ბრძოლა.

ამას, საფუძვლად უდევს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ძარცვა, საკუთარი ჯიბის გასქელება. ჯამში, ქვეყნისთვის ორივე დამანგრეველი გამოდგა. მილიარდიანმა ჩინეთმა მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა კულტურული რევოლუცია. მაგრამ საკითხავია გადაიტანს თუ არა სამმილიონიანი საქართველო „ვარდების რევოლუციას“?

დასავლურმა ორიენტაციამ, ნატო-ნატოს ძახილმა ნეგატიური დაღი დაასვა ქვეყანას. დაიკარგა ტერიტორიები, გაღატაკდა ხალხი, დაეცა ქვეყნის განათლების დონე, უკიდურესად გაუარესდა დემოგრაფიული ვითარება, გაცამტვერდა ეროვნული თვითშეგნება და ა.შ. და ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც მრავალი პარამეტრით მოწინავე იყო საბჭოთა კავშირში.

ვითარების შესაცვლელად მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, მათ შორის უპირველესად საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა, ცალმხრივი ორიენტაციის, მრავალმხრივით ჩანაცვლება და რაც მთავარია, სხვისი მოიმედობის ნაცვლად, საკუთარ თავზე დაყრდნობა.

ეს არ ნიშნავს აშშ-ნ ურთიერთობის გაუარესებას, მაგრამ ეს ნიშნავს დისტანცირებას, რაც მთავარია ამერიკელთა მიერ ქვეყნისათვის დაკისრებული დამამცირებელი როლის შესრულებაზე უარის თქმას. საქართველოს ყოფა არ უნდა ეფუძნებოდეს მეზობელი რუსეთის პერმანენტულ გაღიზიანებას, მის წინააღმდეგ გამოხდომებს, ფერადი რევოლუციების ხელის შეწყობას. ქართულმა პოლიტიკამ უნდა შეიგნოს ხალხური სიბრძნე – რომ კარის მეზობელი ახლო ნათესავს ჯობს.

ქართულმა პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ ე.წ. „დემოკრატიული“ რევოლუციებით არ მოიპოვება მსოფლიო პოპულარობა, როგორც ობამამ დამოძღვრა სააკაშვილი, არამედ მუყაითი შრომით, მეზობლის პატივისცემით, პროფესიონალიზმით, საკუთარი ხალხის კეთილდღეობის ამაღლებით.

ქვეყანას გულიდან წამოსული პატრიოტული შეძახილი ესაჭიროება, ნაცების დროს ესოდენ შელახული, გაქილიკებული. ქვეყანას არ სჭირდება ისეთივე ორიენტირების დასახვა, რასაც, ქვეყნის სავალალოდ, ნაცებიც კარგად ახერხებენ და რასაც ძველ-ახალი ძალა გვთავაზობს. ქვეყანას სხვა რამ ესაჭიროება – საკუთარი ხელით, საკუთარი თავის მოვლა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.