ჰეგემონი ქვეყნის მსოფლიო ბატონობის გეგმა

„კიდევ ერთი დიდი გაურკვევლობა იკვეთება მსხვილ და გეოპოლიტიკურად არასტაბილური ცენტრალური ევრაზიის სივრცეში. ვითარება აფეთქებამდეა მისული თურქულ-ირანული ცენტრების გამო. ეს რეგიონი ყირიმში იწყება და მიემართება აღმოსავლეთით, რუსეთის ახალი საზღვრებისკენ კავკასიაში, მიჰყვება ჩინეთის სინცზიანის პროვინციას, შემდეგ უხვევს ინდოეთის ოკეანისკენ და წითელი ზღვისკენ, ადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ და ბრუნდება ყირიმში.

ამ ზონაში 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 25 ქვეყანაა აქ. ეთნიკური თვალსაზრისით განსხვავებული. განსხვავებულია მათი რელიგიური მრწამსიც. არც ერთი ქვეყანა არ გამოირჩევა პოლიტიკური სტაბილურობით. ზოგიერთი ამ ქვეყანათაგანი შეიძლება იყოს ბირთვული იარაღის დამზადების პროცესში. ეს უზარმაზარი ზონა გაჯერებულია ურთიერთსიძულვილით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აგიზგიზდეს ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი დიდი სახელმწიფოების მიერ, რაც საბოლოო ჯამში გადალახავს ცივილიზებული ქცევის ნორმას და დიდი ბრძოლის ველად იქცევა.

ამ არასტაბილური რეგიონის პრობლემათა ნაწილი შეიძლება იყოს აშშ-ს მოწინავეობა, როგორც ამას აცხადებს ისლამის ფუნდამენტალიზმი. ისლამის ფუნდამენტალიზმს შეუძლია პოზიციები შეურყიოს რეგიონის პროდასავლურ ხელისუფლებას და საბოლოო ჯამში საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ს რეგიონული ინტერესები, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში. . .

პოტენციურად ყველაზე სახიფათო მოვლენა იქნება აშშ-ს „ანტიჰეგემონისტური“ კოალიციის შექმნა ჩინეთის, რუსეთის და ირანის მიერ. ამ ბლოკის შექმნის საწინააღმდეგოდ, აშშ-ა უნდა გამოავლინოს ერთდროული გეოსტრატეგიული ოსტატობა ევრაზიის დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთის საზღვრებთან“.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერისა და პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრება რეგიონთან დაკავშირებით, სადაც საქართველოც არის, საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის, მითუმეტეს, როდესაც შორსმჭვრეტელი მეცნიერის აზრი, რომელიც მან ფართო საზოგადოებას 1999 წელს გამოცემულ თავისსავე წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ გააცნო, ზედმიწევნით ემთხვევა რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

აშშ-ი, რომელიც მიუხედავად ქვეყნის რთული ეკონომიკური ვითარებისა, მაღალი უმუშევრობისა და სხვა ნეგატიური მომენტებისა, დაბეჯითებით ცდილობს არა თუ ამ რეგიონის კონტროლს, არამედ დაჰყავი და იბატონეს დრომოჭმული პრინციპით, საკუთარი ჰეგემონისტური პოლიტიკის უცილობელ გატარებას. ის ხშირად მიმართავს ორმაგ სტანდარტებს, რაც პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელთა შორის ნამდვილად არ სტოვებს უარყოფით შთაბეჭდილებას.

აშშ-თვის უცხოა ვიღაცის, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ინტერესებისთვის გარკვეული ყურადღების დათმობა, მაშინ, როდესაც საკუთარი ინტერესები აქვს დასაკმაყოფილებელი.

მოცემული რეგიონი უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური ჭიდილის თვალსაზრისით. აქ გამარჯვებული, წელგამართული იქნება სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში. ამდენეად დღევანდელი ჰეგემონი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, თითქოსდა ერთმანეთის გამომრიცხავი გეგმების განხორციელებებით – ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვით და დემოკრატიით, მაღალსაკაცობრიო ფასეულობებზე ლაპარაკით და მეორეს მხრივ – ტალიბანთან, ფუნდამენტალისტ მუსლიმანებთან, სხვა რეაქციულ ძალებთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოებით და მათი მიმართვით აშშ-ს მოწინააღმდეგე,  ამათუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მსგავსს აქვს ადგილი  სირიაში.

ერთის შეხედვით, წინააღმდეგობებით არის აღსავსე აშშ-ს პოლიტიკა. გახსოვთ ალბათ პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის პირველი წელი და მისი ვიზიტი ეგვიპტეში. სიტყვა, სადაც ხაზგასმული იყო არაბული სამყაროს დემოკრატიისკენ სვლა.

ამერიკა აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული დემოკრატიის მშენებლობაში ქაიროსა და სხვა ქალაქებში. ამერიკული კომპანიები თავს იწონებდნენ იმით, რომ სოციალური მედიის საშუალებით გააიოლეს მუბარაქის დამხობა. აშშ-ა ყველა ღონე იხმარა ეგვიპტის ხელისუფლების შესაცვლელად და დემოკრატიული პროცესების დასაწყებად, მავანი იტყვის – მუბარაქი ხომ აშშ-ს მჭიდრო მოკავშირე იყოო. იყო, მაგრამ ხანდაზმულის და ავადმყოფის მოკავშირეობა აღარ მოინდომა პრაგმატულმა ვაშინგტონმა. მან ისეთი სარმა გამოსდო მუბარაქს, როგორც 2003 წელს შევარდნაძეს. აშშ-მ დემუბარაქიზაცია, ისე, როგორც დეშევარდნაძიზაცია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თბილისის ან კაიროს რევოლუციები.

დემოკრატიზაციის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად აშშ-ი დახმარებას უწევს ეგვიპტელ სამხედროებს. ეს ქვეყანა მერამდენე წელია დიდ ფულს ხარჯავს ეგვიპტელი ოფიცრების სწავლებაში (2 მილიარდ დოლარზე მეტს), სამხედროები ეგვიპტეში პრივილეგირებულები არიან. სახელმწიფო, სახელმწიფოში – ასე მიიჩნევენ მათ ამ ქვეყანაში. ეგვიპტელ სამხედროებს გარკვეული პოზიციები უპყრიათ კერძო სექტორში, რაც მათ აძლევთ შანსს სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ უდარდელად იცხოვრონ.

ერთმანეთისგან განსხვავებული გეგმები საერთო ჯამში ერთ საქმეს ემსახურება – აშშ-ს ჰეგემონიზმის განმტკიცებას. პოლიტიკურ ვაშინგტონს არავითარი გულყრა არ აქვს ამა თუ იმ გეგმის ამოქმედების მიმართ. თუ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ამას, შეუძლია უარი თქვას დემოკრატიაზე და, პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებით, ნეგატიური პოზიტიურად, დემოკრატიულად წარმოაჩინოს.

აღნიშნულის თვალნათელი მაგალითია პალესტინაში ჩატარებული არჩევნები. აშშ-ი დაბეჯითებით მოითხოვდა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, მაგრამ „ჰამასის“ გამარჯვების შემდეგ, დაივიწყა არჩევნებიც და დემოკრატიაც.

ვაშინგტონისთვის მიუღებელი გამოდგა „ჰამასის“ გამარჯვება. მას შემდეგ არაერთმა წელმა განვლო, თუმცა დამოკიდებულება „ჰამასის“ მიმართ არ შეცვლილა. ვაშინგტონი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და არ სურს მასთან ურთიერთობის ქონა, მაგრამ იმავდროულად ფიქსირდება მისი ურთიერთობა არანაკლებ ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“.

ამ ეტაპზე ვაშინგტონს აწყობს „თალიბანის“, „ალ-ქაიდას“ მებრძოლების სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ აშშ-ა ომი ავღანეთში სწორედ „თალიბანის“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ წამოიწყო, სირიის საწინააღმდეგოდ მათი გამოყენება (ცხადია ფარულად) დემოკრატიის ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჯდება.

ცნობისთვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შექმნა „თალიბანი“. ხელისუფლებაში მისულმა „თალიბებმა“ შემქმნელიც დაივიწყეს და მილიარდებიც, რომელიც ვაშინგტონმა გაიღო მათი ჩამოყალიბებისთვის.

ბჟეზინსკის მიერ მოხაზულ სივრცეში ირანიც არის, რომელთანაც აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა. შაჰის ირანი აშშ-ს მყარი დასაყრდენი იყო, რისთვისაც ვაშინგტონი სახსრებს არ ზოგავდა. დღეს ეს ქვეყანა ამერიკაში მტრად მიიჩნევა და მის მოსახრჩობად ჰეგემონი ძალას არ იშურებს.

კლერიკალური ირანი არა მარტო ამერიკაში იწვევს გაღიზიანებას, არამედ თეთრი სახლის დაძალებით ამერიკის ევროპელ მოკავშირეებშიც. 30 წელზე მეტია ამერიკა ებრძვის ირანს – ძირითადად ეკონომიკური სანქციებით, თუმცა იმასაც აცხადებს – თუ სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, იარაღსაც აამოქმედებს.

ბჟეზინსკის მიერ გახმაურებული სამთა კავშირის (რუსეთი, ჩინეთი, ირანი) წინააღმდეგ ვაშინგტონი საპირისპირი გეგმებს ახორციელებს. მათ შორისაა ანტისარაკეტო სისტემები. რამდენიმე წელიც და ვითომდა ირანის საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად, სინამდვილეში რუსული რაკეტების გასანეიტრალებად, ძალაში შევა ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა.

სულ ახლახანს დაიწყო ანტიირანული სარაკეტო სისტემის ჩამოყალიბებაც. ირანის რაკეტების გასანეიტრალებლად უკვე მოქმედებს რადარები ისრაელსა და თურქეთში, მათთან ერთად ამოქმედდება ყატარშიც. ამ ქვეყნის საიდუმლო ბაზაზე აშშ-ი ქმნის ირანული რაკეტების დასაჭერ სისტემას. რადარულმა სისტემამ უნდა გაანეიტრალოს ისრაელზე დამიზნებული რაკეტები.

რატომ მაინცდამაინც ყატარი? იქ უკვე არის აშშ-ს 2 სამხედრო ბაზა, რვა ათასიანი სამხედრო კონტიგენტით. ყატარის რადარი ერთი ჯაჭვით იქნება დაკავშირებული ისრაელის უდაბნო ნეგევში და ცენტრალურ თურქეთში არსებულ ამერიკულ რადარებთან.

ყატარი აქტიურად იყო ჩართული ლიბიის ინტერვენციაში. დღეს, ყატარი აფინანსებს და იარაღით ამარაგებს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ სიძლიერეს, რათა არ დავუშვათ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ირანის წინააღმდეგ არა მარტო ყატარია ჩართული, აქვეა ქუვეიტიც. ა.წ. ივლისში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გამოამზეურა ქუვეიტისთვის იარაღის მიყიდვის გეგმა, რომლის მიხედვით, ამ პატარა ქვეყანას 4.2 მილიარდი დოლარის იარაღს მიაწვდიან, მათ შორის 60 რაკეტა „პეტრიოტს“, ოთხ რადარს და სხვა.

გასული წლის ბოლოს აშშ-ა გაერთიანებულ არაბულ საამიროებს 4 მილიარდ დოლარად მიჰყიდა 2 ანტისარაკეტო კომპლექსი და რაკეტები. საერთო ჯამში, 2008 წლიდან დაწყებული, საამიროებმა 12 მილიარდი დოლარის იარაღი შეიძინეს აშშ-გან.

მესამე ანტისარაკეტო სისტემა ჩინეთის საწინააღმდეგოდ იქმნება. ამის შესახებ იტყობინებოდა ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალი“, თუმცა იქვე იყო აღნიშნული, რომ სისტემა ჩრდილო კორეის რაკეტების გასანეიტრალებლადაა. ეს სისტემა აზიის დიდ ნაწილს დაფარავს. ახალი რადარი დამონტაჟდება იაპონიაში, მეორე კი – ფილიპინებზე. ისინი ერთმანეთთან კავშირში იქნებიან ამერიკული სამხედრო გემებით და სახმელეთო სამხედრო ბაზებით, რომლებზეც განთავსდება რაკეტების გასანეიტრალებელი რაკეტები.

აზია-წყნარი ოკეანის სივრცეში აშშ-ს ჰყავს 26 ანტისარაკეტო სამხედრო ხომალდი, 2018 წლისათვის მათი რაოდენობა 36-მდე გაიზრდება. აღნიშნულ სივრცეში აშშ-ს გავლენის შესანარჩუნებლად მთავარი როლი ენიჭება ავიამზიდებს.

მაგრამ არც ჩინეთია გულხელდაკრეფილი. ის ქმნის გემთსაწინააღმდეგო ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს – 930 მილის რადიუსის მოქმედებით, რაც ტაივანის სრუტეში ამერიკულ ავიამზიდებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დააპირებს ტაივანზე ჯარის გადასხმას. პენტაგონის მონაცემებით, პეკინს ტაივანზე 200 ბალისტიკური რაკეტა აქვს დამიზნებული. საერთო ჯამში ჩინეთს 70 კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა და 410 ბირთვული ქობინი აქვს.

ზემოთმოყვანილი არსებული თუ სამომავლო სამხედრო გეგმები ჰეგემონი ქვეყნის მსოფლიო ბატონობის საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამ გეგმაში საქართველოც მოიაზრება, რაც თავისთავად მეტყველებს ვაშინგტონელ პოლიტიკოსთა მხრიდან საქართველოს მიმართ გამოვლენილ ინტერესში.

გასულ კვირას ამ ინტერესთა სრული დემონსტრირება იყო არა მარტო ამერიკელ პოლიტიკოსთა მხრიდან, არამედ აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების, აგრეთვე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან. ევროპელი პოლიტიკოსები თბილისში მიმდინარე ამბასადორიალსაც დაასწრეს და ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკისა და გატარებული რეფორმების მიმართ ბევრი კარგი სიტყვაც ათქმევინეს.

ქათინაურები არ დაიშურა ამერიკელმა სამმა სენატორმაც, განსაკუთრებით მაკკეინმა. მარტო ფაქტი იმისა, რომ არჩევნების წინ საქართველოს სტუმრობდნენ სააკაშვილის გულშემატკივარი სენატორები, „რაღაცას“ ნიშნავს სააკაშვილისთვის და რაც მთავარია ამერიკისთვის.

სტრატეგიული პარტნიორის წარმოგზავნილებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების განწყობის გაგებას აშშ-ს მიმართ, გარდა ამისა რა პოზიციები უკავია მმართველ პარტიას არჩევნების წინ, შეძლებს თუ არა ის წარმატების მოპოვებას, ვინ არის მმართველი პარტიის ოპონენტი და რას წარმოადგენს ის და ა.შ.

ვგონებ ამერიკელი სენატორები კმაყოფილები დარჩნენ საქართველოში ვიზიტით. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ სააკაშვილის ამერიკულობაში. გარდა ამისა ივანიშვილიც შეიპირეს ამერიკასთან თანამშრომლობაში და რაც მთავარია იმაში, რომ ის დამარცხების შემთხვევაში ქუჩის აქციებით რევოლუციას არ მოაწყობს.

მაკკეინმა დიდის კმაყოფილებით განაცხადა, რომ ივანიშვილმა ყველა კავშირი გაწყვიტა რუსეთთან, და რომ ამ აქტით ქართველმა ოპოზიციონერმა დიდი ნდობა მოიპოვა ამერიკელთა თვალში. ამერიკელმა სენატორებმა დაადგინეს, რომ ვაშინგტონს მშვიდად შეუძლია ძილი, ვინაიდან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ივანიშვილის სახით, მტკიცედ უდგანან გვერდში მას.

ამერიკელმა სენატორებმა არჩევნებთან დაკავშირებითაც ილაპარაკეს და იმედი გამოთქვეს მის დემოკრატიულად ჩატარებაში. მათ ისიც თქვეს, რომ დაეყრდნობიან NDI-სა და IRI-ის მონაცემებს, რაც ნაკლებად დასამშვიდებელი უნდა იყოს ჩვენი ამომრჩევლისთვის.

არჩევნების მშვიდად ჩატარება და საერთოდ საქართველოში სტაბილური ვითარება აწყობს აშშ-ს, მითუმეტეს დღეს, როდესაც ესოდენ დაძაბული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთსა და იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ჩათავდება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები და კვლავ მწვავად დადგება ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიშის მიტანის თემა. ასეთ ვითარებაში ამერიკა-ისრაელს უდავოდ დასჭირდებათ ირანის სიახლოვეს არსებული აეროდრომები. და ამ აეროდრომების პატრონი ქვეყნის არარევოლუციური მდგომარეობა, რაც მთავარია რუსეთისგან შორს დგომა.

მაკკეინი ცნობილია თავისი ანტირუსული განწყობით, მაგრამ ეს პოზიცია მარტო მისთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი მიდგომის მატარებელი ბევრია ამერიკაში, როგორც რესპუბლიკელებში, ისე დემოკრატებში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თვით ამ ქვეყანის მთავარი მიზანი სამარადისო მსოფლიო პირველობაა. მიუხედავაფ ეკონომიკური ჩავარდნებისა, ამერიკა პირველი ქვეყანაა და ამ პირველობას არავის დაუთმობს. ამ ბრძოლაში ის პატივს ცემს სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ზედმიწევნით მორჩილებას.

მაკკეინმა მოუწონა ივანიშვილს რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, თითქოს რუსეთი კეთროვანი იყოს, თითქოს რუსეთი არ ეხმარებოდეს აშშ-ს ავღანეთთან სტაბილურ საჰაერო კავშირში, თითქოს დღევანდელ ადმინისტრაციას არ წამოეწყოს რუსეთთან „გადატვირთვის“ გეგმა.

მაკკეინი და მისი კოლეგები თვლიან, რომ საქართველოს მხოლოდ აშშ-ნ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ანუ იმ ცნობილი ფრაზისა არ იყოს – „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“.

დემოკრატიული ამერიკის სენატორი კმაყოფილებას ვერ ფარავდა ივანიშვილის გადაწყვეტილების გამო – თქვენ, პატივცემულო მკითხველო? და თუ მართლაც მსგავსი მოსაზრება შეეპარა თქვენს გონებას, ვიდრე ის ტვინის ორევე ნახევარსფეროს დაიპყრობს, იფიქრეთ რუსეთში საშოვარზე წასულ მილიონზე მეტ თქვენს სისხლსა და ხორცზე, რომლის გამოგზავნილი ფულით გიდგათ სული.

ნურც იმას დაივიწყებთ, რომ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს – პოლიტიკაში ინტერესებია მთავარი. საქართველო, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა აწყობს ე.წ. „სტრატეგიულ“ პარტნიორს საკუთარი ჰეგემონიზმის განმტკიცებისთვის. ამერიკის ინტერესი არ არის მიმართული ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ. ის მიმართულია ამ ხალხის ხელისუფლების კეთილდღეობისკენ, ვინაიდან ის არის საქართველოში აშშ-ს ინტერესების გამტარებელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.