30.12.2024

ზოგი რამ საგარეო უწყების მუშაობის თაობაზე

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მკითხველთა ყურადღებას უეჭველად მიიპყროდა ნუგზარ ფოფხაძის საყვედურით აღსავსე წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით. პროფესიონალი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე გულნაკლული წერდა მთელ რიგ ნაკლოვანებეზე, რითაც სამწუხაროდ გამოირჩევა ქართული დიპლომატია.

გაეცნო თუ არა ბატონი  ნუგზარის წერილს (წერილებს) საგარეო უწყება, ჩვენთვის უცნობია, რამეთუ გულდასმით წაკითხვის შემთხვევაში, უდავოდ უნდა გასჩენოდა განმარტების გამოქვეყნების სურვილი. თუმცა არა. პასუხს არც ერთი სახელმწიფო უწყება არ იძლევა და რაღა საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნებოდა გამონაკლისი?

ე.წ. დამოუკიდებლობამ და სიტყვის თავისუფლებამ მოიტანა ხელისუფლების კრიტიკით აღსავსე წერილებით მედიის გავსება, მაგრამ ადრესატი ჩვეულებრივი ინდიფერენტიზმით უდგება აღნიშნულს. არადა კრიტიკულ წერილებსა თუ სატელევიზიო განცხადებებში ბევრი ისეთი მოსაზრებაა გამოთქმული, უდავოდ რომ იმსახურებს სახელმწიფო მოხელეების ყურადღებას.

„დამოუკიდებლობის“ წლების ხელისუფლება მტკიცედ ადგას იმ ცნობილი გამოთქმის გზას – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ რომ ჰქვია. აფსუს, „ავადსახსენებელი“ საბჭოეთი, რომლის დროს სახელმწიფო მოხელის ან უწყების კრიტიკაშეპარულ საგაზეთო სტატიას (არაფერს ვამბობ სატელევიზიო სიუჟეტზე) ისეთი რეაქცია მოჰყვებოდა, კრიტიკის ადრესატის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი რომ დგებოდა დღის წესრიგში – ცხადია შესაბამისი კომისიის მიერ საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.

კარგად მახსოვს საკავშირო პრესაში გამოქვეყნებული კრტიკული წერილი პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის ო.ლოლაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით, რასაც უმალ მოჰყვა ცნობილი პარტიული მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება. ტელეგადაცემა „ოქროპირიც“ კარგად მახსოვს და მის შემდეგ გამოტანილი ადმინისტრაციული ზომები. ხელისუფალთა საქმიანობისადმი კრიტიკული მიდგომა უდავოდ აფხიზლებს მათ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კრიტიკას რეაგირება ახლავს.

სამწუხაროდ ის, რაც წინათ იყო, აღარ დაბრუნდება, მაგრამ იმას რაღა უდგას წინ კრიტიკის ობიექტმა, დამქირავებელს ანუ ხალხს რომ უთხრას – გაეცნო თუ არა კრიტიკას და რა ზომები მიიღო ან მიიღებს მის აღმოსაფხვრელად?

დაქირავებულს თავი ისე მოაქვს, თითქოს მან დაიქირავა საკუთარი თავი – ქვეყნის „საკეთილდღეოდ“ და არა ხალხმა, მაგრამ იქნებ ეს ასეა?

ოქტომბერში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა მითს – ხალხის მიერ ხელისუფალთა არჩევასთან დაკავშირებით და განგვიმტკიცა მოსაზრება, რომ მოხელე თვით ირჩევს თავის თავს და ამომრჩეველს მზა გადაწყვეტილებას წარუდგენს „დემოკრატიულობის“ ფორმის მისაცემად, თან 15-20 ლარს დაურთავს, წახალისების მიზნით. ასეთი „არჩეული“ რომ კრიტიკულ წერილს ან ორალურ განცხადებას არ უპასუხებს – გასაკვირი არ უნდა იყოს.

ნორმალურ, ჩვენ რომ ცივილიზებულს ვუწოდებთ, ქვეყანაში ამომრჩეველიც ფასობს და მისი ნათქვამიც, საკუთარი საქმეც და პასუხისმგებლობაც, რაც თავისთავად, ავტომატურ რეჟიმში აქცევს კრიტიკულ გამონათქვამს და მასზე ხელისუფალთა სწრაფ რეაგირებას.

ერთ მაგალითს მოვიყვან. გერმანიის ბუნდესტაგში (პარლამენტში) სტაჟირების დროს გამაცნეს პრესასთან მუშაობის განყოფილების საქმიანობა, რისთვისაც დილის 5 საათზე მომიწია იქ მისვლა. განყოფილების მუშაკები გულდასმით ეცნობოდნენ, შემდეგ მაკრატლით ჭრიდნენ ცინცხალი ჟურნალ-გაზეთების იმ სტატიებს, სადაც ბუნდესტაგი იყო ნახსენები. ამონაჭრებს ჟურნალში აწებებდნენ და 8 საათზე ბუნდესტაგის თავმჯდომარის მაგიდაზე დებდნენ.

ბუნდესტაგის თავმჯდომარე, სამსახურში მოსვლისთანავე, ეცნობოდა ამონარიდებს და 10 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე პასუხს სცემდა ყველა მათგანს. დღის 12 საათზე კი განყოფილება ანალოგიურ სამუშაოს ატარებდა უცხოეთიდან მიღებულ ჟურნალ-გაზეთებთან დაკავშირებით, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს ბუნდესტაგის თავმჯდომარე 14 საათის ბრიფინგზე სცემდა პასუხს. ამ, ჩვენთვის და არა მათთვის, მომაბეზრებელ რიტუალს ყოველდღე ჰქონდა ადგილი. რას მივაწეროთ ეს, თუ არა ამომრჩევლის პატივისცემას?!

ნუგზარ ფოფხაძე ის პიროვნებაა, რომლის ნაწერს თუ ნათქვამს პასუხი უნდა გაეცეს – საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ ნებისმიერი სხვა უწყების მიერ, მაგრამ არა. საგარეო უწყება ხელშეუხებელია. ის, მარტო ქებას იმსახურებს, ისეთს, როგორიც არ დაიშურა ქვეყნის პრეზიდენტმა „პროფესიულ“ დღესასწაულთან დაკავშირებით:

„სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა – უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები. ყველა ამ წარმატებაში განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა“.

ამას ამბობს პრეზიდენტი იმ ორგანოზე, რომელსაც დღემდე არაფერი გაუკეთებია საკუთარი პოზიციების მეზობელთან, განსაკუთრებით რუსეთთან შესათანხმებლად. მავანი შემედავება – რუსეთთან ურთიერთობა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და კიდევ ვისი? (აშშ-ს ხომ არა?) გადასაწყვეტია და ამ საქმეში საგარეო უწყება ვერაფერს გახდებაო.

გეთანხმებით, მაგრამ, როგორც ამ უწყების ყოფილი მუშაკი, ვაცხადებ, რომ ინიციატივა – დამუშავებული, გაანალიზებული, სრულყოფილი უწყების საქმეა და არა სხვისი. მაგრამ, როდესაც უწყება კვალიფიციურ „სალაპარაკოს“ ვერ წერს პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, სხვა მაღალჩინოსნების მოლაპარაკებათა წარსამართად – ზემონახსენებ საფუძვლიან მასალას ვერ მოამზადებს.

საგარეო უწყებაში ჩემი მუშაობის დროს არაერთხელ ჰქონდა ადგილი შევარდნაძისთვის „სალაპარაკოს“ მომზადებაში დაშვებულ უხეშ შეცდომებს, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ის, ვინაიდან სათაურში ეწერა ერთი ქვეყანა, ხოლო ტექსტში – მეორე. იუმორით ცნობილმა შევარდნაძემ იკითხა – რომელი ქვეყნის დელეგაციას უნდა დაველაპარაკო, იმას, რომელიც ჩამოვიდა თუ რომელიც მომავალში ჩამოვაო.

უმეცრების შედევრი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძისთვის გამზადებული „სალაპარაკო“, იტალიაში ვიზიტისათვის. მაშინ, სხვა პარლამენტარებთან ერთად მეც ვახლდი თავმჯდომარეს, რომელმაც გამოიყენა საგარეო უწყების მიერ მომზადებული მდარე „სალაპარაკო“, სადაც ყურადღება ძირითადად გამახვილებული იყო რუსეთის ლანძღვა-გინებაზე. არადა, იტალიისთვის რუსეთი იყო და არის პარტნიორი სახელმწიფო.

მოვიყვან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროინდელ შემთხვევას „სალაპარაკოსთან“ დაკავშირებით, რომელიც მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ვაშაკიძეს უნდა მოემზადებინა. სომხეთში ვიზიტი მეორე დღეს იწყებოდა. ივანიშვილი, გაეცნო რა „სალაპარაკოს“, თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენის საკითი მოიკითხა – ტექსტში რატომ არ არისო. ვაშაკიძემ უპასუხა – „თუ ასეთი აუცილებელია, ერთ კვირაში მოვამზადებთო“. „მე, რომ ხვალ მივდივარ სომხეთშიო“, – თქვა ივანიშვილმა. რკინიგზის აღგდენით დაინტერესებული იყო და არის სომხეთი. ამ ინციდენტის შემდეგ ვაშაკიძეს აღარ უმუშავია საგარეო უწყებაში.

ახლა რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმებას და ამ ჩამონათვალში „ქართული დიპლომატიის განუზომელ წვლილს“ – პრეზიდენტის ნათქვამი სადღეგრძელოს ჰგავს. ისე კი, უმჯობესი იქნებოდა მას მადლობა ევროკავშირის ხელმძღვანელებისთვის გადაეხადა და არა საგარეო უწყებისთვის, რომელმაც ამ საქმეში ფოსტალიონის როლი შეასრულა.

საქართველო ყველაფერზე იყო მზად – საკუთარი თავის ჩამოსახრჩობი თოკის მოტანისთვისაც, რაც არ მგონია საგარეო უწყების წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებდეს.

მარგველაშვილი იმასაც აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა. ამას კი აცხადებს პრეზიდენტი, მაგრამ რა ფასად, არ ფიქრობს. მთელს მსოფლიოშია მოდებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, რაც უდავოდ ბადებს ობიექტურ კითხვას – რას აძლევს ეს საქართველოს, გარდა სოლიდური ხარჯისა – საელჩოს შენახვას რომ ესაჭიროება.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს დიპლომატიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივი რამაა ერთ ქვეყანაში მივლინებული ელჩის მიერ მეზობელი ქვეყნების ელჩობის შეთავსება, ჩვენ, პირიქით, ამ სისტემას არ ვიზიარებთ და ყველა ქვეყანაში ვხსნით საელჩოს ან საკონსულოს, თითქოს იმ ქვეყნებთან ისეთი აქტიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს, მეტი რომ არ შეიძლება.

არადა, საელჩოს ხარჯი დიდია, ასეთს, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც თავს არიდებენ. ფულის უყაირათოდ ხარჯვის კლასიკური მაგალითია საქართველოს საელჩოები ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის, სხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში. მიზანი თურმე ის ყოფილა – ხელი შეუშალონ მასპინძელ ქვეყნებს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებაში.

ყოფილი ავტონომიბის, ამჯერად დამოუკიდებელი ქვეყნების საკითხი უმწვავესია და მისი მოგვარება საგარეო უწყების პრეროგატივაა. ამისთვის საჭიროა რუსეთთან და თვით ყოფილებთან ურთიერთობა, რასაც სამწუხაროდ არ აქვს ადგილი. არც წინადადებები ჩანს – საგარეო უწყების მიერ მომზადებული. მივყვებით დინებას და არვინ იცის, სად გავირიყებით.

ასე იცის ქართული დიპლომატიის „გამართულმა“ მუშაობამ.

დავუბრუნდეთ ბატონ ნუგზარს. ერთ-ერთ წერილში ის ხაზგასმით შეეხო მეზობელი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული ბათუმისა და საერთოდ აჭარის დაჩემების თემა. და არა მარტო ერდოღანის. თურქეთის პოლიტიკოსები, ისე, როგორც ექსპერტები, სისტემატურად მოიხსენიებენ აჭარას და არა მარტო მას, თურქეთის ნაწილად. ანალოგიური ვითარებაა მეზობელი სომხეთის მხრიდან. გსმენიათ ოდესმე საქართველოს საგარეო უწყების განცხადება აღნიშნულთან მიმართებაში?

არ მითხრათ გვსმენიაო. რაც არ ყოფილა, რას იტყვით!

საგარეო უწყება კატეგორიული და პრინციპული მხოლოდ რუსეთთან მიმართებაშია. დანარჩენებთან დაკავშირებით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, განსაკუთრებით მეზობელ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში. როგორ გადაწყვეტს ეს უწყება შექმნილ პრობლემებს, ღმერთმა იცის, არადა ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ქვეყანა ისეთ დღეში ჩააგდოს, რომ იქიდან ამოსვლა შეუძლებელი გახდეს. ამის მაგალითია 2008 წლის სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, როდესაც სააკაშვილმა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გადაშალა პუნქტი – ავტონომიების სტატუსის განსასაზღვრად თბილის-სოხუმ-ცხინვალს შორის მოლაპარაკებათა გამართვის თაობაზე.

მაშინ არვინ გამოდგა ისეთი გულადი, რომ პრეზიდენტისთვის საღი აზრი მიეწოდებინა. ასეთი გულადი საგარეო უწყება უნდა ყოფილიყო და რახან არ იყო – რუსეთმა, მომავალი და მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აშორების მიზნით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც უდავოდ მიანიშნებს ამ ორგანოს მუშაობის სისუსტეზე, ზერელეობაზე. სხვა რა უნდა ითქვას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა: “სომხეთის მიერ დანიშნულ ახალ ელჩს სერგეი მინასიანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია არ მისცა. როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო“ – განაცხადა აღნიშნულმა უწყებამ.

საქართველოს საგარეო უწყებისთვის და გაუთვითცნობიერებული ქართული საზოგადოებისთვის ეს საკითხი უმნიშვნელოა. არადა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ურთიერთობის საქმეში.

სტუმარი ქვეყნის ელჩის საკითხის შეთანხმება მასპინძელ ქვეყანასთან საიდუმლოდ მიმდინარეობს. სტუმარი ქვეყანა, მასპინძელს ვერც დააჩქარებს და ვერც თავს მოახვევს მომავალი ელჩისთვის აგრემანის (თანხმობის) გაცემას. მასპინძელი მხარე ვალდებული არ არის მომავალი ელჩის მხარეს ამცნოს – თქვენი კანდიდატურა არ მომწონსო. თვით მომავალი ელჩის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატურა არ მოსწონთ და ახალი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

როგორც წესი, მიმღები მხარე ერიდება წარდგენილის დაწუნებას და მასთან აკრედიტებული სტუმარი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით ზეპირად ატყობინებს, რომ თანახმაა სტუმრის მიერ წარდგენილი დიპლომატისთვის აგრემანის გაცემაზე.

დიპლომატიაში მოქმედი ეს დაუწერელი კანონი ზედმიწევნით ზუსტად არის დაცული მხარეთა მიერ, ვინაიდან უფრთხილდებიან დიპლომატის კარიერას. დაწუნებული ელჩობის კანდიდატი, სრული შესაძლებელია სხვა ქვეყანამაც დაიწუნოს.

საქართველოს საგარეო უწყებამ ფეხებზე დაიკიდა მსოფლიო დიპლომატიის წესი და სომხეთს საჯაროდ დაუწუნა ელჩობის კანდიდატი, რასაც მეზობელი ქვეყანა ზერელედ არ შეხვდებოდა.

ზემომოყვანილი მაგალითი დიპლომატიის ანბანია, რომელიც საგარეო უწყებამ არ იცის, სხვა საკითხებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ასე რომ, ნუ გეწყინებათ, ბატონო ნუგზარ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.