კორეის ნახევარკუნძულის ჩიხური პოლიტიკა

ვიდრე საქართველო შიდა, პროვინციული ამბებით არის გართული, საერთაშორისო არენაზე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს აქვს ადგილი, მათ შორის ჩრდილო კორეის ხელისუფალთა სიჯიუტე პირველ ადგილზეა და უდავოდ ჩრდილავს აშშ-ს ტეხასის შტატში, კერძოდ ქ.ჰიუსტონში განვითარებულ ბუნებრივ კატასტროფას, წყალდიდობას, უსახლკარობას, დაღუპულთა სტატისტიკას, მრავალმილიარდიან  ზარალს, რომელიც ქარიშხალმა მიაყენა აშშ-ს.

სხვაც ბევრი არის გასახსენებელი ცხელი აგვისტოდან, მაგრამ ვიმეორებ ჩრდილო კორეიის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდამ – ყველას და ყველაფერს გადააჭარბა.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ კარგა ხანია აითვალისწუნეს და 7 თვის განმავლობაში, ინაუგურაციიდან დაწყებული, დღემდე, მუქარას მუქარაზე აცხობენ ფხენიანის მისამართით. პრეზიდენტი ტრამპი ამ თვალსაზრისით თანმიმდევრულია, რამეთუ მან ურჩი მოწინააღმდეგის მიმართ მკაცრი განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო, გამოაცხადა რა ეს ქვეყანა აშშ-ს ნომერ პირველ მტრად.

ტრამპის მაშინდელ ქმედებას დიდი გაკვირვება არ გამოუწვევია ჩრდილო კორეაში, ვინაიდან გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან ანუ ომის დამთავრებიდან დღემდე, ოფიციალური ვაშინგტონისგან ცუდის მეტი არაფერი სმენია. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ ფხენიანს გარკვეული პოზიტიური ძვრების იმედი ჰქონდა ახალი პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა არც ისეთი, ორი ქვეყნის ურთიერთობა რომ 180 გრადუსით შეებრუნებინა უკეთესობისკენ.

არ გაუმართლა. პრეზიდენტმა ტრამპმა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით, არაერთხელ გალანძღა ჩრდილო კორეა, მისი ახალგაზრდა ლიდერი კიმ ჩენ ინი, რასაც თან  მუქარაც მიაყოლა – გაცამტვერების, პირისაგან მიწისა აღგვის. სამხედრო-საზღვაო გემებიც მიმართა კორეისკენ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა კიმ ჩენ ინი, რომელიც მუქარას ახალი რაკეტების გაშვებით პასუხობდა.

კულმინაციამ აგვისტოს ბოლოს მიაღწია, როცა ამერიკულ-სამხრეთ კორეულ სამხედრო წვრთნებს ფხენიანმა კატეგორიული განცხადებით უპასუხა, ხოლო შემდეგ ბალისტიკური რაკეტის გაშვებით. რაკეტამ 500 კმ სიმაღლეზე გადაუფრინა იაპონიას და მშვიდობიანად ჩაეშვა ოკეანში.

ბოლო სარაკეტო გაშვებამდე კიმ ჩენ ინი იმუქრებოდა გუამის დაბომბვით – აშშ-ს ტერიტორიის, რომელიც სავსეა აშშ-ს სამხედრო ბაზებით. ამერიკული სამხედრო ბაზების სიჭარბით ამ რეგინში უდავოდ შეუძლია დაიკვეხნონ იაპონიამ, სამხრეთ კორეამ. ამ უკანასკნელში 26 ამერიკული სამხედრო ბაზაა. ვაშინგტონის უახლესი გადაწყვეტილების მიხედვით, სამხრეთ კორეაში განლაგდება ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომელთა მიზანია სამხრეთ კორეის დაცვა ჩრდილოური რაკეტებისგან.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მკაცრად ეწინააღმდეგება ჩრდილო კორეის კარის მეზობელი ჩინეთი და ასევე მეზობელი რუსეთი, თუმცა უშედეგოდ. როგორც ყოველთვის ოფიციალური ვაშინგტონი არაფრად აგდებს ჩინურ-რუსულ გულისწყრომას, ვინაიდან მას მიზნად აქვს დასახული დაგეგმილი ამოცანის შესრულება.

ცნობისთვის – რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებსაც აშშ-ი რუმინეთ-პოლონეთში ანლაგებს და რომელიც ვითომ ირანისა და ჩრდილო კორეის სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად უნდა ყოფილიყო მიმართული. საბოლოო ჯამში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპირწონედ კეთდება. აღნიშნულის თაობაზე მოსკოვ-ვაშინგტონის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ირანთან, გაეროს ხუთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის და გერმანიის ხელშეკრულების გაფორმებამ შეაჩერა ირანის ბირთვული პროგრამა და აქედან გამომდინარე ევროპაზე ირანის ბირთვული თავდასხმაც გაბათილდა.

ევროპაში ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების პროექტს წყალი უნდა შედგომოდა, მაგრამ არა, რაც თავისთავად ხდის ფარდას ამერიკულ ჩანაფიქრს – რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულს.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილისა და დაძაბულობის შემდეგ, კორეის ნახევარკუნძული და მისი შემოგარენი, მთლიანად რეგიონი, ერთობ დაძაბული კერაა, რომელიც სრულიდ შესაძლებელია ცხელ წერტილად გადაიქცეს. რეგიონის დაძაბულობა არა მარტო ორი კორეის ერთმანეთთან დაპირისპირებაა, არამედ, ჩინეთის დამოკიდებულება ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულებისადმი, რომელთაც პეკინი თავისად მიიჩნევს, იაპონია თავისად, ისე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები თავისად.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთმანეთთან დატაკება უდავოდ გამოიწვევს მეზობელი ქვეყნების, აშშ-ს კონფლიქტში ჩართვას, რაც თავისთავად გააფართოებს სამხედრო მოქმედების თეატრს – შესაბამისი შედეგებით. 1953 წელს ჩრდილო და სამხრეთ კორეის ომის დამთავრების შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა, უბრალოდ დაფიქსირდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა.

იმ ომში ჩრდილო კორეას ეხმარებოდნენ საბჭოთა კავშირი, ჩინეთი; სამხრეთ კორეას – აშშ-ი. ისე, როგორც საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში, პოლიტიკური სისტემა ჩრდილო კორეაში კომუნისტურ თარგზე მოიჭრა, რაც დღემდე გრძელდება. სამხრეთი კი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა, განვითარებული მრეწველობით, მანქანათმშენებლობით, უზუსტესი ტექნოლოგიით. ჩრდილოელთა ლიდერმა კიმ ირ სენმა ცხოვრების განვითარების სხვა გზა შესთავაზა საკუთარ ხალხს, რომელმაც გარკვეულ პერიოდში წარმატება მოუტანა ჩრდილოეთს, რაც აისახა კიდევაც ცხოვრების დონეზე.

ჩრდილოეთი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ამ თვალსაზრისით ჯობნიდა სამხრეთს. საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაუარესების შედეგად და აშშ-ს მიერ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევამ, ჩრდილო კორეის ეკონომიკური წარმატება მიწასთან გაასწორა. 1953 წლიდან დაწყებული, დღემდე აშშ-ი პერმანენტულად ემუქრება ჩრდილო კორეას მმართველი რეჟიმის შეცვლით, კომუნისტური სისტემის გაუქმებით და ჩრდილოეთის სამხრეთთან გაერთიანებით, ცხადია სამხრეთის პოლიტიკური სისტემის მიხედვით.

ბლოკადაში მოქცეულმა ჩრდილოეთმა – თავის გადასარჩენად, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ქვეყნის განვითარება. ამასთანავე ძირითადი ყურადღება დაუთმო სამხედრო მშენებლობას. ათეული წლების განმავლობაში ჩრდილო კორეა ქმნიდა ბირთვულ ბომბს, რომელიც მან არაერთხელ გამოსცადა, რითაც ეს ქვეყანა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების კლუბში შევიდა. მუდმივმა შიშმა გააკეთებინა ფხენიანს ატომური ბომბები.

რომ არა აშშ-ს მხრიდან მუდმივი მუქარა, ფხენიანი, ნაცვლად ბირთვული იარაღის შექმნაში ჩადებული ფულისა, ქვეყნის სხვა დარგის განვითარებას მოახმარდა. მუდმივმა მუქარამ, აშშ-ს ინიციატივით შემოღებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ, თავისი გააკეთა – გააუარესა რა ჩრდილო კორეელთა სოციალური პირობები, მაგრამ ვერ გატეხა პატრიოტული სულისკვეთება. ხალხი დაირაზმა მისი ლიდერის ირგვლივ, აიტანა მოკრძალებული კვების რაციონი, დუხჭირი სოციალური ყოფა, მაგრამ შექმნა ბირთვული ბომბი, მონოლითური არმია, რამაც მას მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

ცხადია, სახელგანთქმულ ჩრდილო კორეას, ვისაც არ ეზარება ყველა ლანძღავს. რას არ უწოდებენ ამ ქვეყანას – კიმ ირ სენის ოჯახური კლანის მონას, ერთი ოჯახის ბატონობას, ადამიანის უფლებააყრილ საზოგადოებაზე, შუასაუკუნეობრივ დიქტატურას და ა.შ., მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჩრდილო კორეამ ანტიდასავლურ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც 1953 წლიდან გრძელდება, შეინარჩუნა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ბირთვულმა იარაღმა შთაბერა მას გულადობა, საკუთარი პოზიციების დაცვა.

რომ არა ატომური ბომბები აშშ-ი, მისი მოკავშირეები, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ბოლოს მოუღებდნენ ჩრდილო კორეის დამოუკიდებლობას, შეუერთებდნენ სამხრეთს და ისეთივე მორჩილს გახდიდნენ, როგორიც ის ანუ სამხრეთ კორეაა. დღეს კი ძალისმიერი მიერთება შეუძლებელია, ვინაიდან ფხენიანს ბირთვული იარაღი აქვს. თუ რას ნიშნავს ბირთვული იარაღის ქონა, დიდი ახსნა-განმარტება საჭირო არ არის. ბირთვულიარაღიან ქვეყანას მორიდებით ეპყრობიან.

ლიბიის ლიდერს მოამარ კადაფს, რომელიც აქტიურად მუშაობდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად, მაშინ დაუწყეს ქიშპი, როდესაც კადაფიმ უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე. როგორც მას, ისე ერაყის მეთაურს სადამ ჰუსეინს ბირთვული ბომბები რომ ჰქონოდათ, უბრალოდ ხმას არვინ გასცემდა.

ბირთვულიარაღიანი ჩრდილო კორეა, გამალებული ცდის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებმაც ბირთვული იარაღი მიზნამდე უნდა მიიტანოს. მიზანი კი მეზობელი, მტრულად განწყობილი ქვეყნებია და აშშ-ი. პრეზიდენტი ტრამპი მოთმინებიდან არის გამოსული და მუქარას-მუქარაზე უგზავნის კიმ ჩენ ინს, თუმცა უშედეგოდ.

ატომური იარაღის არმქონე ჩრდილო კორეას აშშ-ს ავიაცია მიწასთან გაასწორებდა, მაგრამ მას ბირთვული იარაღი აქვს და არა მარტო, თავდასხმის შემთხვევაში ოფიციალური ფხენიანი შეუტევს სამხრეთს და ექსპერტთა გამოთვლით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას, იქ განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს. კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მილიონობით ადამიანი დაიღუპება. დიდი ზარალი მიადგება იაპონიასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე.

ამერიკა იმუქრება, ჩრდილო კორეა არაფრად აგდებს მის მუქარას და განაგრძობს თავის საქმეს. ამერიკამ რომ მუქარა შეასრულოს, შავ დღეში აღმოჩნდება. ამ ჩიხური ვითარებიდან გამომდინარე რჩება ერთი გზა – მოლაპარაკება.

ამერიკა-ჩრდილო კორეის ურთიერთობებში იყო მოლაპარაკების ხანაც – პრეზიდენტ კლინტონის დროს. მაშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ფხენიანსაც სტუმრობდა, მაგრამ მომდევნო პრეზიდენტმა ბუშმა უარი თქვა ამ გზაზე და ვითარებაც კლინტონამდე არსებულ პერიოდს დაუბრუნდა.

პატარა, ჯიუტი, მაგრამ სუვერენული ჩრდილო კორეა, თანაც ბირთვულიარაღიანი, აღტაცებას იწვევს იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ი გულზე არ ეხატებათ. ასეთები კი ბევრია. მათ სრულიად თავისუფლად შეუძლიათ გადაიღონ ჩრდილო კორეელთა მაგალითი და დაიწყონ ბირთვული ბომბების შექმნა – გარანტი დამოუკიდებლობისა, რაც გამოიწვევს ბირთვულიარაღიანი ქვეყნების რიცხვის კატასტროფულ ზრდას. და ეს ყველაფერი ვაშინგტონის უხარისხო პოლიტიკის გამო. ის, რომ სულ ახლახანს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და არა მარტო მას, არ ეძინა, ჩრდილო კორეის ბალისტიკური რაკეტის გაშვების დროს, აშშ-ს უაზრო პოლიტიკის შედეგია.

სამწუხაროდ თანამედროვე ამერიკა, საკუთარი ამბიციური პოლიტიკის შედეგად, მძიმე ტვირთად იქცა მსოფლიოსთვის. აშშ-ს ინიციატივით და ფინანსური დახმარებით რუსეთის მოძმე უკრაინა, მტრულ სახელმწიფოდ იქცა – აღორძინებული ფაშიზმით, აშკარა ანტირუსული ქმედებით, სამოქალაქო ომით დონბასში და სხვა.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალისხმევით, ფინანსური დახმარებით შეიქმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელმაც აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღით აწარმოა ომი სირია-ერაყში, დაიპყრო ამ ქვეყნების ტერიტორიების დიდი ნაწილი და იერიში მიიტანა სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე. რომ არა რუსეთის ჩარევა ამ პროცესში – სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დაფუძნდებოდა.

აშშ-ს გადაწყვეტილებით ამერიკული სამხედრო მძიმე ტექნიკა იქნა გადასროლილი რუსეთის მოსაზღვრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვითომდა რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის მოსაგერიებლად.

უკრაინის საზღვაო პორტ ოჩაკოვოში დაიწყო აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ბაზის მშენებლობა. ეს ტერიტორია 140 კილომეტრით არის დაშორებული ყირიმიდან. საინტერესოა, რუსეთს რომ თავისი სამხედრო ბაზა აღედგინა კუბაში, რა ხასიათზე დადგებოდა აშშ-ი?

მთელი ევროპა სავსეა აშშ-ს სამხედრო ბაზებით. ნუთუ, ისინი ვერ პასუხობენ ამერიკელთა მოთხოვნებს? მარტო გერმანიაში 33 ამერიკული სამხედრო ბაზაა და იქ განლაგებული 22 ბირთვული ბომბი.

აშშ-ი და ნატო დაბეჯითებით ცდილობენ სამხედრო ბაზების გახსნას საქართველოში, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს. ხელისუფლების ესოდენ მჩატე მიდგომა საქართველოს მოსახლეობისადმი, ამ უკანასკნელის რეაქციას არ იწვევს, ვინაიდან ის (მოსახლეობა) გაბრუებულია დასავლური პროპაგანდით და თვლის, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა რუსეთის აგრესიისგან დაიცავს. დაიცვა აშშ-ა მოკავშირე იაპონია ჩრდილო კორეული ბალისტიკური რაკეტისგან? – ვერ დაიცვა. არადა, ნაკლები სრულყოფილების გამო, სრული შესაძლებელი იყო კორეული რაკეტის იაპონიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა.

ვაშინგტონ-ფხენიანის ვერბალურ ბრძოლაში ჯერ-ჯერობით ფხენიანი იგებს, რაც თავისთავად უჩვენებს მსოფლიოს, რომ ძლიერი და პირველი სახელმწიფო, კბილებამდე შეიარაღებული არც ისეთი სახიფათოა, როგორიც მას სურს იყოს მსოფლიოს თვალში. თუ გადაწყვეტ დაპირისპირებას, უდავოდ მოიგებ – ეს მარტივი რამ კარგად გაითავისა ჩრდილო კორეამ და გაიმარჯვა. რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ის, რომ დაძაბულობა არ მოაკლდება მსოფლიოს, ფაქტია.

შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია – მოლაპარაკება. აშშ-ა უნდა გადალახოს „გამორჩეული ქვეყნის“ შეგრძნება, მაღალი ღრუბლებიდან დედამიწაზე დაეშვას და აღადგინოს მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც 6 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თვით ამერიკელთა ჩათვლით. მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს და ისე არ უნდა დაიკიდოს ფეხებზე, როგორც ადრე. მხოლოდ მოლაპარაკებით იქნება შესაძლებელი დაძაბულობის განელება. ჩრდილო კორეას უნდა მიეცეს გარანტიები, მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის. უნდა მოიხსნას ეკონომიკური ბლოკადა და ქვეყანას განვითარების საშუალება მიეცეს.

ჩრდილო კორეა უდავოდ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ისეთი ცხოვრების შექმნას, სამაგალითო რომ იქნება სხვებისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.