ფიქრები არჩევნებთან დაკავშირებით

ესეც, ასე. მორიგი ადგილობრივი არჩევნებიც ჩავატარეთ. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, შემდეგ საპარლამენტო და ასე განუწყვეტელი ციკლი არჩევნებისა, რომელსაც ვერადავერ შეეგუა ხალხი. ამომრჩეველს ჰგონია, რომ ეს-ესაა გადააგორა არჩევნები და „ზემოდან“ ჩაესმის ისევ არჩევნების შესახებ.

აზრობრივად ხალხი ჯერ არ მისულა იმ წერტილამდე, რომ არჩევნები მისი ცხოვრების მთავარ ატრიბუტად მიიჩნიოს. ამ წერტილამდე მისასვლელად მას გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი, რაც თავისთავად გულისხმობს მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თვითშეგნების ამაღლებას, რამეთუ მხოლოდ გონიერ, განსწავლულ, სოციალურად წელგამართულ, მიუკერძოებელ საზოგადოებას ძალუძს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან.

მშიერი, საკუთარი კუჭის, საზოგადო საქმეზე მაღლა დამყენებელი ამომრჩეველი ისეთ არჩევანს გააკეთებს, როგორსაც უკარნახებენ. მას დღევანდელი კვერცხი უფრო აწყობს, ვიდრე ხვალინდელი ქათამი. დღევანდელი რეალურია, ხვალ რა იქნება, ვინ იცის?

დღევანდელი კვერცხის მოლოდინში მყოფი ხალხი აკეთებს ისეთ არჩევანს, როგორიც 21 ოქტომბერს გააკეთა. მან იცის, რომ მისთვის ამ არჩევანს ხანმოკლე სიცოცხლე უწერია – გაუფასურებული ლარის პირობებში, მაგრამ მეტი გამოსავალი არ აქვს. ასე ფიქრობს ის. მას არ უნდა მოცდა, ლოდინი, ვიდრე კვერცხი, ქათმად იქცევა. შედეგი რომ სავალალოა, არჩევნების მეორე დღიდან ხვდება, მაგრამ მეორე დღეს, რომ განმეორებითი არჩევნები გაიმართოს, იგივეს გააკეთებს ანუ აირჩევს იმას, ვისაც უკარნახებენ.

ესოდენ მარტივი, პრიმიტიული არჩევნების შედეგები მძიმე საქვეყნო ვითარებას ქმნის და ისევ ბედოვლათ ამომრჩეველს უბრუნდება. ამგვარი ჯოჯოხეთური ბორბალი ტრიალებს ჩვენს თავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენი დასავლელი „პარტნიორები“ ჩაგვჩიჩინებენ, რომ ჩვენი საარჩევნო „რიტუალი“ ცივილიზებული სამყაროს სადარია და სულ ცოტა გვაკლია ისეთ არჩევნებამდე, როგორიც ევროპის ქვეყნებშია.

არც ერთი დასავლელი, არჩევნებზე დამკვირვებელი, თუ საქართველოში მოღვაწე დასავლური ოფიციალური ორგანოს წარმომადგენელი სიტყვას არ იტყვის საქებარის გარდა, რაც გულს უკეთებს, ამხნევებს ხელისუფლებას, ვინაიდან კოჭლი არჩევნების ჩატარებაში, როგორიც 21 ოქტომბერს მივიღეთ, სწორედ ის არის მთავარი შემომქმედი, ისე, როგორც ყველა წინა არჩევნებში.

რა მოგვცა წინა არჩევნებმა, თუ არა არაკვალიფიციური პარლამენტარების და აღმასრულებელი ხელისუფლებისა? – არც არაფერი.

ცნობილი მოსაზრება, რომ ხელისუფლება ხალხის არჩეულია ანუ დაქირავებულია, ცხადია გარკვეული ვადით, ამ ქვყანაში მხვედველობაში არ არის მიღებული ანუ საქართველოსთვის შეუსაბამოა. ამ ქვეყნისთვის შესაბამისი არის ის, რაც არის – ხალხი, ბატონის ანუ ხელისუფლების მონაა და თუ მას ხელისუფლება იხსენებს, მხოლოდ მცირე ხნით, როდესაც „დემოკრატიული“ ფასადის შესანარჩუნებლად საარჩევნო სპექტაკლს დგამს, სადაც რეჟისორიც თვითონ არის და მთავარი როლების შემსრულებელიც.

ხალხი? ხალხი, რუსები რომ იტყვიან – „მასოვკაა“. ისე, როგორც ნებისმიერ სპექტაკლს, არჩევნებსაც ფული სჭირდება, გაცილებით მეტი, ვიდრე სპექტაკლს. და მიდის „მასოვკის“ მიერ ნაოფლარ-ნაღვაწის საარჩევნო სპექტაკლის დასაფინანსებლად. ყველა პარტიას შემოწირული ფული უმაგრებს ზურგს – ზოგს მეტად, ზოგსაც ნაკლებად. ბოლო არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ, „ოცნება“ რომ ჰქვია, სხვებთან შედარებით საოცნებო ფული მიიღო – დაახლოებით 19 მილიონი ლარი. ყველა დანარჩენმა, თანაც ერთად აღებულმა, მილიონი.

ესოდენ დიდ დისპროპორციაზე სიტყვა „დემოკრატიის“ ხსენება უხერხულია, ისე, როგორც თვით საარჩევნო პროცესზე, რომელიც უხეში შეცდომებით, ცხადია შეგნებულით, წარიმართა. ყველა ოპოზიციური პარტია მოთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ვინ არის გამკითხავი?

დასავლეთმა მიიღო ის პარტია, რომელიც 2012 წლიდან „მართავს“ ქვეყანას და ის ოპოზიცია, რომელიც მანამდე, 9 წლის განმავლობაში მართავდა. ორივენი მისია, მისი ბრძანების უყოყმანო შემსრულებელი. აი, რაც შეეხება დემოკრატიას, როგორც ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა, მრავალი წლის წინათ ჩამჩურჩულა – დემოკრარიული საზოგადოების და არჩევნების ჩამოყალიბება-ჩატარებამდე მრავალი წელიწადია გასავლელი.

 უდავოდ ვეთანხმები მას, მაგრამ თან ერთობ აკვიატებული აზრი მომდის თავში – დასავლელი ე.წ. პარტნიორი იმისთვისაა საჭირო, რომ მკაცრი დამრიგებლის სახით ჩაერიოს ამ საქმეში. ვინც დასასჯელია ხმამაღლა თქვას და დამნაშავის დასჯის ინიცირება მოახდინოს, გვასწავლოს როგორ მოვიქცეთ. აქ კი რა ხდება?

„პარტნიორი“ თვით გვეხმარება გაყალბებაში. თვით ახდენს ხმათა ფალსიფიცირებას, თვით ახდენს საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებას, თვით ქმნის ტყუილ მოსაზრებას ამათუიმ პარტიის რეიტინგებთან დაკავშირებით. არის თუ არა „სტრატეგიული პარტნიორის“ მზაკვრული მიდგომა ხელისუფლების წახალისება?

ცხადია, არის. და ისიც, დასავლეთიდან ზურგგამაგრებული, აკეთებს ყველაფერს, დაუშვებელს და უკანონოს, არჩევნების მოსაგებად.

ქვეყნის ნამდვილი კეთილდღეობის მსურველ დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ქვეყანას უმეცარი პარლამენტარები და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავდეს. „ეს,  ჩემი საქმე არ არის. ეს, თქვენი საქმეაო.“ – არაერთხელ მსმენია ამერიკის საელჩოს დიპლომატების ნათქვამი, – „ჩვენ, თქვენს საშინაო საქმეებში ვერ ჩავერევითო“. სხვა შემთხვევაში რომ ერევიან?!

გაყალბებული არჩევნები გზას უხსნის უნიჭო, ღორმუცელა, გაუნათლებელ ადამიანებს პარლამენტარობისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ. მათ საქვეყნო „მოღვაწეობას“ ნულის ფასი აქვს. აი, რაც შეეხება მომხვეჭელობას – ბადალი არ ჰყავს. ასეთი, საკუთარი კუჭის კეთილდღეობის გარდა, ვერაფერს შექმნის.

შეხედეთ ჩვენს ყოფას, შეადარეთ სხვისას და დარწმუნდებით აღნიშნულის ჭეშმარიტებაში. ხელისუფლებაში ფალსიფიკაციით მოსული, გზას უკეტავს ნიჭიერს, გონიერს, პატიოსან ადამიანს, რომელიც ვერც ერთი დონის ხელისუფლებაში, ადგილობრივიდან დაწყებული, ცენტრალურით დამთავრებული, ვერ ხვდება, ისე, როგორც ტელე თუ რადიო ეთერში. მას არვინ იცნობს და ისიც იმედგაცრუებული ნიჰილიზმში ვარდება. ასეთი საზოგადოების გზა დემოკრატიის მწვერვალებისკენ კი არ მიდის, პირიქით უკან ან უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილას დგას. ნიშნავს თუ არა ყოველივე, რომ ე.წ. დემოკრატიული არჩევნები ჩვენი გაუთვითცნობიერებული, ღატაკი ამომრჩევლისთვის შეუფერებელია? მაშ, რა გზას დავადგათ, რა ვიღონოთ?

მუდამ მახსენდება ამერიკელი კონგრესმენების ნათქვამი პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – „თქვენ, მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისეთი ქვეყნები უნდა აიღოთ, როგორიც ტაივანი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სხვა ქვეყნებიაო“.

ამ საუბარს 1991 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი. მაშინ ჩამოთვლილი ქვეყნები დასავლური დემოკრატიით თავს ვერ მოიწონებდნენ, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ე.წ. დასავლეთი, დემოკრატიის არ არსებობაზე თვალს ხუჭავდა. ამ ქვეყნებმა მკაცრი ვერტიკალური პოლიტიკური სისტემით, ერთპარტიულობით, ძალთა უდიდესი მობილიზაციით მოახერხეს საკუთარი სიდუხჭირის, ჩამორჩენილობის დაძლევა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგომა. და როდესაც დაინახეს, რომ ქვეყნები ფეხზე დადგნენ, ხალხთა ცხოვრების დონე და სოციალური მდგომარეობა გამოსწორდა, ნელ-ნელა დაიწყეს მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლა.

გამძღარი ამომრჩეველი არ იყიდება. იყიდება მშიერი, ისეთი, როგორიც საქართველოშია. კარგმა სოციალურმა პირობებმა ხელი შეუწყო კარგი განათლების მიღებას. განათლებული მოხელე კი საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლა და განვითარებაა. სინგაპური – ქალაქი-სახელმწიფო, ყოველგვარ წიაღისეულს მოკლებული ქვეყანა, 22-ე საუკუნის ცხოვრებით ცხოვრობს. 5 მილიონი ადამიანი – მობილიზებული საქვეყნო საქმის კეთებაში, სასწაულებს ახდენს გემთმშენებლობაში, საბანკო სისტემაში, კომპიუტერულ ტექნიკაში, მთლიანად ეკონომიკაში. ასეა სმხრეთ კორეაში, ტაივანზე, ვიეტნამში და რაც მთავარია ჩინეთში, სადაც სულ ახლახანს დასრულდა ჩინეთის კომპარტიის ყრილობა, რომელმაც მომავალი ხუთწლედის პოლიტიკური კურსი დაამტკიცა.

ჩინეთში ერთპარტიული სისტემაა და კომუნისტური პარტია არის ის მმართველი ძალა, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, აშშ-ს შემდეგ, მაგრამ რიგ დარგებში უსწრებს მას. ჩინეთის პროდუქცია მთელს მსოფლიოშია მოდებული.

ჩინეთის კომპარტიის ლიდერის, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ხელმძღვანელია, სი ძინპინის სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცა BBC-ის, მსოფლიოს სხვა ცნობილი ტელეკომპანიების მიერ, რაც უდავოდ მეტყველებს ქვეყნის მნიშვნელობაზე.

კომუნისტურ-სოციალისტური გზა, რომელიც სი ძინპინმა დაუსახა ჩინეთს, მსოფლიოს პირველ ეკონომიკად გადააქცევს, ძლიერი არმიითა და ფლოტით, საშუალო ფენის გაფართოებით, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებით, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის განვითარებით. სი ძინპინმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა კაცობრიობისთვის ოქტომბრის რევოლუციის უდიდეს მნიშვნელობაზე.

სი ძინპინი 5 წელიწადია ხელმძღვანელობს ჩინეთს. ჩინეთის რეფორმატორის დენ სიაოპინის დროს მიღებული წესის მიხედვით, ყოველი 10 წლის განმავლობაში იცვლება ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობა. ასე რომ, დღევანდელი ხელმძღვანელი სი ძინპინი 5 წლის შემდეგ აღარ იქნება არც პარტიისა და არც ქვეყნის ლიდერი. ის, ვინც ქვეყანასა და პარტიას უხელმძღვანელებს პლენუმმა პოლიტბიუროში შეიყვანა. ხუთი წლის განმავლობაში ისინი გაივლიან წვრთნას. მათ დააკვირდებიან და კარგი მუშაობის შემთხვევაში, გზას დაულოცავენ ქვეყნის და მთავრობის ხელმძღვანელებად.

ჩინური მაგალითი უდავოდ საინტერესო და მისაბაძია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც საბჭოთა სისტემიდან გამოვიდნენ და ახალი ცხოვრების შენება დაიწყეს, ვითომ დემოკრატიულის, მოჩვენებითის, მანკიერის. ვითომ დემოკრატიამ მოიტანა უსაგნო ლაყბობა პარლამენტსა და მედიაში, ხალხის ფეხებზე დაკიდება, არჩევნების გაყალბება, ტყუილისა და ფალსიფიკაციის ჭეშმარიტებად წარმოჩინება.

ყოველივე აღნიშნულმა კი ერთ დროს საბჭოთა საქართველოს წარმატებული ეკონომიკა მიწასთან გაასწორა. ქვეყანაში არ მოიძებნა მოაზროვნე ეკონომისტი, ფინანსისტი, მენეჯერი, რომელიც საქმის ცოდნით მიუდგებოდა შექმნილ უმძიმეს ვითარებას.

მხოლოდ ლაყბობა, ქება-დიდება ერთი ადამიანისა, ქართველთა მიერ ღმერთთან გაიგივებულისა, სინამდვილეში მომხვეჭელის და უცოდინარისა. შედეგი სავალალო, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკისთვის. და მიუხედავად ამისა დაბეჯითებით გავიძახით – საქართველო დემოკრატიული ქვეყანააო. უფრო მეტიც – ჩვენს ძახილს ბანს ე.წ. დასავლეთი აძლევს, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი. ქვეყანა, რომელიც იატაკქვეშიდან იმართება ოლიგარქის მიერ, ვერ იქნება დემოკრატიული.

ყველამ კარგად იცის, რომ ე.წ. არჩეული ხელისუფლება ივანიშვილის ხელდასმულია და მისი საეჭვო, ქვეყნისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების გამტარებელი. ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთლიანად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ივანიშვილის მონამორჩილია და დამოუკიდებლად, მასთან შეუთანხმებლად ვერაფერს გააკეთებს. მაშინ, რა თავში ვიხლით არჩევნებს?

მხოლოდ მოჩვენებითი დემოკრატიის შესაქმნელად?

ვაგლახ, რომ ასეა. ამ ბუტაფორიას ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტის ისედაც მწირი ჯიბე.

ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთანავე ლარი ისე გაუფასურდა, სხვა ვალუტებთან მიმართებაში, რომ სულის მოთქმაც არ გვაცალა. არჩევნებამდეც მძიმე სურათი გვქონდა, რაც ნიშანი უნდა ყოფილიყო ამომრჩევლისთვის, რომ უნიათო „ოცნება“ არ აერჩიათ.

იქნებ არც აურჩევიათ? იქნებ, ისევ ძალაშია დიდი ბელადის გენიალური ნათქვამი – იმარჯვებს ის, ვინც ხმებს ითვლის.

შემაშფოთებელი ღრუბლები ტრიალებს ჩვენს თავს და ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მივაქციოთ, რაღაც ვიღონოთ, ვითომ დემოკრატიული არჩევნებით ვიწონებთ, ვიტყუებთ თავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.