ლუჟკოვის ვიზიტი

ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლამ დიდი აურზაური გამოიწვია პოლიტიკოსებსა და მედიაში. რა არ დაიწერა, რა არ ითქვა, რა შეკითხვები არ გაისმა ე.წ. ექსპერტობის მიმართ; რა პასუხები არ მოვისმინეთ მართლაცდა ამ უკანასკნელთაგან. აი ერთ-ერთი მათგანი – ვინმე ნიკა იმნაიშვილი, რომელიც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (12 მაისი) წერს: „ჰოდა, სანამ იური ლუჟკოვის „უცნაურ“ ვიზიტზე ვიტყოდეთ  ორიოდ სიტყვას, იქნებ „ვკითხოთ“ ამერიკული FBI დირექტორს, ახლახან თანამდებობიდან სკანდალურად გადაყენებულ ჯეიმს კომის, ასევე ჰილარი კლინტონს ან ტრამპის ადმინისტრაციის იმ წევრებს, რომლებმაც ნამდვილად აღარ იციან, რა იღონონ და როგორ გამოძვრნენ იმ ოსტატურად მოქსოვილი ბადიდან, რომელშიც რუსეთის საიდუმლო სამსახურმა გაახვია ყველანი …“.

სად ერეკლე და სად ლუჟკოვი – იკითხავს მკითხველი და გაზეთის სტატიიდან მიიღებს პასუხს, რომელიც უდავოდ „კონსპიროლოგიის“ შესანიშნავი მაგალითია. ავტორის აზრით, რუსეთის სპეცსამსახურებმა წარმატებით იმუშავეს აშშ-ი, სხვა ქვეყნებში, თუმცა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არ გამოუვიდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

„მაინც რატომ არ გამოვიდა? პასუხი: იმიტომ, რომ ფრანგული საზოგადოება, მთლიანობაში, უფრო მეტად „აცრილი“ აღმოჩნდა, პოპულიზმზე და პროვოკაციაზე, ვიდრე ამერიკული! რამდენს არ ეცადნენ, მაგრამ ფრანგული საზოგადოების უმეტესობა მაინც სოლიდურ წყაროებს ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად სჯეროდა საინფორმაციო დივერსიების“ – ანუ რუსულმა პროპაგანდამ და ჯაშუშურმა ქსელმა აშშ-ს მოსახლეობას ტრამპი პრეზიდენტად აარჩევინა, ვინაიდან „დებილ“ ამერიკელებზე იოლად მოახერხა გავლენის მოპოვება, ხოლო ფრანგებზე – ვერა.

მაინც რა ძლიერი ყოფილა რუსეთი, მისი პრეზიდენტი პუტინი და სპეცსამსახურები, რომლებიც ასე იოლად ხელს აფათურებენ უცხო სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემაში და შედეგსაც აღწევენ, თუნდაც ისეთს, რასაც აშშ-ი ჰქონდა ადგილი.

მაინც რა ისეთი შედეგი მიიღო რუსეთმა აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის არჩევით?

ჯერ-ჯერობით რუსეთისთვის სანუკვარ შედეგს ადგილი არ აქვს. პირიქით, ასი დღის განმავლობაში აშშ-რუსეთის ურთიერთობები არათუ გამოვიდა ობამას ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ანტირუსული ვითარებიდან, არამედ პირიქით, უფრო ღრმად ჩაეფლო ანტირუსულ ჭაობში, რომელმაც სრული შესაძლებელია ორი ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების წინაშე დააყენოს.

ძნელი სათქმელია, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის აშშ-ს სახელმწიფო მდივან ტილერსონთან და თვით პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებები, რამდენად შეასრულებენ „ყინულის დნობის“ ფუნქციას, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან – „უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზად გავა“.

სულ არაფერს, დალაპარაკება სჯობს, რაც განხორციელდა კიდევაც, მაგრამ მოლოდინი ხომ იყო? უდავოდ დიდი! პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სისტემატურდ გაიძახოდა რუსეთთან ურთიერთობა უნდა გამოვასწოროო.

იმნაიშვილებმა და ქართული პოლიტიკის ნაღრძობმა ტვინებმა, ტრამპის განცხადებები,  რუსული დაკვეთის შესრულებად აღიქვეს. ტრამპი გახდა პრეზიდენტი ანუ „ჩვენებურების“ განმარტებით, რუსეთმა ტრამპი პრეზიდენტად აქცია. მაგრამ ამ ტრამპს რომ არაფერი ეტყობა „პრორუსულობის“? პირიქით, რასაც აკეთებს პირწმინდა ანტირუსულია, რაზეც რუსეთი მკაცრად რეაგირებს. გავიხსენოთ აშშ-ს მიერ სირიის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა. მაშ რა წარმატებულ რუსულ კიბერთავდასხმებთან გვაქვს საქმე?

ვერ ყოფილან რუსული სპეცსამსახურები ისეთი მოქნილები და წარმატებულები, როგორსაც იმნაიშვილი გვიხატავს. თუმცა რა შუაშია იმნაიშვილი ან სხვა -შვილი, -ძე, -ია, სხვები – ისინი ხომ საინფორმაციო საკენკს აშშ-ი იღებენ?! იღებენ და ამაში „შეღავათებსაც“ იღებენ იმათგან. შემდეგ ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ, ცხადია ქართული „სპეციფიკიდან“ გამომდინარე, აგრესორი რუსეთის კიდევ ერთხელ „სამხელად“.

არ დაიღალეთ! ის, რაც აშშ-ი ხდება, აშკარა დამადასტურებელია იმისა, თუ რა ვაკხანალიაა ამ „დემოკრატიული“ ქვეყნის საარჩევნო სისტემაში; რა დოზით გამოიყენება ე.წ. კარუსელები, მკვდარი სულების საარჩევნო ყუთებთან „მიყვანა“, პრეზიდენტობის კანდიდატებზე ღვარძლიანი, ტალახიანი ფალსიფიცირებული ნიაღვრის მიშვება, ხალხის მოქრთამვა, მედიის მოქრთამვა და სხვა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ამ ქვეყანაზე სწორება, საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასია. საქართველოში წლების განმავლობაში ეგონათ, რომ საარჩევნო მაქინაციების ავტორი გოგორიშვილი იყო. თურმე ნუ იტყვით, გოგორიშვილი მუყაითი მოწაფეა და მეტი არაფერი, ამერიკელ თაღლითებთან შედარებით. რა შუაშია რუსეთი, როდესაც მიუხედავად დიდი გაყალბებისა „დემოკრატმა“ კლინტონმა არჩევნები წააგო?

წაგებიდან საკმაო დრო გავიდა თუნდაც იმისთვის, რომ დემოკრატებს წყენა განელებოდათ, მაგრამ არა! ისინი, ისე იქცევიან, თითქოს წინასაარჩენო კამპანია მიმდინარეობდეს. ტრამპთან ბრძოლა კლინტონმა და დემოკრატებმა მუდმივ რეჟიმში გადაიყვანეს და ერთ დღესაც არ უშვებენ, რომ ტრამპის ნებისმიერი განცხადება, მოქმედება, კრიტიკისა და ლანძღვა-გინების საგნად არ აქციონ.

დემოკრატებს მხარს უბამს ამერიკული მედია, რომელიც ყოველგვარი დაფიქრების გარეშე აცხადებს, რომ FBI-ის შეფი კომი რუსების თხოვნით გაანთავისუფლა ტრამპმა. უფრო მეტიც, ლავროვთან ერთად ოვალურ კაბინეტში რუსი ფოტოგრაფიც შეაშვებინა. უფრო მეტიც, ტრამპმა თვით ლავროვიც პუტინის თხოვნის შემდეგ მიიღო. ერთი სიტყვით ტრამპი, პუტინის მარიონეტი, პუტინის ყველა დავალებას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპი რუსეთის ჯაშუშია. ზოგს შეიძლება ამერიკაში დატრიალებული პოლიტიკური ამბავი, სასაცილო ეგონოს, მაგრამ ვითომ ასეთი დებილები არიან დემოკრატები?

არამცდაარამც. მათი მიზანი მარტივია – ტრამპს არ მისცენ მუშაობის საშუალება, დააშვებინონ შეცდომა და იმპიჩმენტი მოუწყონ. თუ არ გამოვა, ოთხი წლის შემდეგ, არ მისცენ საშუალება ხელმეორედ გაიმარჯვოს არჩევნებში. შეძლებს ტრამპი კოლოსალური ზეწოლის გაძლებას? ძალიან გაუჭირდება და რომ ეს ასეა, ჩანს მისი ზიგზაგური გადაწყვეტილებებიდანაც.

არადა, ტრამპი რომ ის იყოს, რაზეც თვით ამახვილებდა ყურადღებას წინასაარჩევნო კამპანიაში – აშშ-ს და არა მსოფლიოს პრეზიდენტი, ჟანდარმი, სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მაგრამ ტრამპი მსოფლიო პრეზიდენტია და უნდა თუ არა მას ეს – ყველა ქვეყანა თვალში შესციცინებს, ყველა ცდილობს მასთან შეხვედრას, ზოგი ფულით, ჩაწყობით, ისე, როგორც კლიმკინი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ტრამპმა ლავროვის შემდეგ მიიღო. მისი მიღება თეთრ სახლის გეგმაში არსად იყო ჩანიშნული. თვით უკრაინელები აცხადებენ, რომ უკრაინას ეს მიღება 400 000 დოლარი დაუჯდა. ფული უკრაინელებმა ლობისტურ ორგანიზაციებს გადაუხადეს.

ლობიზმი, მე ვიტყოდი ეს საშინელება, ჩვეულებრივი რამაა ამერიკულ პოლიტიკაში. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ტრამპი ლობიზმის გაუქმებას პირდებოდა აშშ-ს ამომრჩევლებს. დღეს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა, ძნელი სათქმელია.

აი, სწორედ იმ „ობიექტური“ ამერიკული მედიის ანტირუსული გამოძახილია გაჟღერებული იმნაიშვილისა და სხვათა განცხადებებში, სტატიებში. მათი მიხედვით, რუსეთს არაფერი ეშველება ანუ ის დემოკრატიულ ქვეყნად არასდროს გადაკეთდება. მუდამ ისეთი მტარვალი დარჩება, როგორიც დღეს არის. მუდამ მოქსოვს ჯაშუშურ ქსელს ცივილიზებული, დემოკრატიული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, წინააღმდეგ. ამჯერად მან ლუჟკოვი „მოგვიქსოვა“, რომელსაც ჯაშუშური საქმეც მიანდო და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი პასპორტითაც აღჭურვა, სადაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთაც არსად არის აღნიშნული.

მაინც რა ეშმაკები არიან ეს რუსები – ლუჟკოვი საქართველოში მაინცდამაინც სომხეთიდან შემოიყვანეს. „ნახეთ, საიდან შემოვიდა, სომხეთიდან! სადახლოს საზღვარზე გაჩერება ქართულ-სომხურ დისკურსსაც შექმნიდა“, – წერს იმნაიშვილი.

მაინც როგორ ამოხსნა სტატიის ავტორმა ლუჟკოვ-რუსეთის ეშმაკობა? ამას ხომ მარტო „სხარტი“ გონება არ ეყოფოდა?!

შემოვიდა ლუჟკოვი და მალულად, რომელიღაც ორღობის, რომელიღაც ასწლოვანი ხის, ივანიშვილმა გადატანა რომ ვერ მოასწრო, ფუღუროში „საიდუმლო წერილი“ ჩადო, რომელსაც უდავოდ აიღებდა „მეხუთე კოლონის“ ქართველი. ეს, იცის იმნაიშვილმა, მაგრამ არ გვიმხელს საიდუმლოების დაცვის გამო. ვაი, ჩვენს თავს! ნუთუ საქართველოში არასდროს მოვა საღი აზროვნება?

მილიარდერ ლუჟკოვს, 80 წლისას, ცნობილ პიროვნებას, მილიარდერი ცოლის პატრონს, რაში სჭირდება ჯაშუშობანას თამაში? ან რა აქვს საქართველოს საჯაშუშო – შეუმდგარ, სუსტ ქვეყანას, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის თავგასაპნულ მოსურნეს?

ლუჟკოვი საქართველოში შემოვიდა და ისეთი ამბავი ატყდა – რატომ შემოუშვესო, ის ხომ მანამდე აფხაზეთში იყოო. კანონის მიხედვით, საქართველოს მესაზღვრეებს უკან უნდა გაებრუნებინათო, ა.შ. და ა.შ.

არვის გახსენებია ის სიკეთეები, რომლებიც ლუჟკოვმა გაუკეთა საქართველოს. თბილისის ომის შემდეგ ყველას გვახსოვს პირველი სკოლის ნანგრევები. ვერვინ იფიქრებდა მის აღდგენას. ლუჟკოვმა იფიქრა და დიდი თანხა გამოჰყო სკოლის ასაშენებლად. მართლაცდა, სარეკორდო პერიოდში მოხდა სკოლის აშენება. არანაკლები ამაგი აქვს ლუჟკოვს აჭარის განათების საქმეში. მისი მეგობრობა აჭარის მეთაურ ასლან აბაშიძესთან ხომ ყველასთვის ცნობილი ამბავია. აჭარაში მცხოვრებთა მოსკოვში ჩასვლაც ხომ უვიზოდ ხდებოდა, რაც ლუჟკოვის დამსახურება იყო. ურთიერთობების გაგრძელების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა მთელს რუსეთზე გავრცელდებოდა.

ლუჟკოვს ბევრი კეთილი საქმეები აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, რის შესახებაც ილაპარაკა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მოსკოვში მისი პირველი ვიზიტის წინა დღეს პარლამენტის ფრაქციათა ხელმძღვანელების და მედიის თანდასწრებით, რომელსაც მეც ვესწრებოდი. მან შეაქო ლუჟკოვი კეთილი საქმეებისთვის, ისე, როგორც აბაშიძე და თხოვნის სახით ისიც თქვა – ლუჟკოვს აჭარის გარდა სხვა რეგიონებისთვის გაემართა ხელი.

დამფრთხალმა „საოცნებო“ ხელისუფლებამ, შს მინისტრის მოადგილის პირით თქვა, რომ მომავალში ლუჟკოვს საქართველოში აღარ შემოუშვებენ, ვინაიდან მას „შავ სიაში“ შეიყვანენ.

„ვირო მადლიო“ – ამაზეა ნათქვამი. ასე, წყლის წვეთივით როგორ დავემსგავსეთ უკრაინის ბანდერულ ხელისუფლებას, რომელიც ყოველდღე ათეულობით არასანდო რუსეთის მოქალაქეებით „ამდიდრებს“ ე.წ. „შავ სიებს“. ვის არ იხილავთ იქ – კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს, უკრაინის მოქალაქეებს, ყველა იმათ, ვინც ყირიმშია ნამყოფი. ჩვენი მსგავსი კანონი აქვთ მიღებული და „პირნათლად“ ასრულებენ, რითაც უდავოდ ხელოვნურად ძაბავენ, ისედაც დაძაბულ ვითარებას.

უკრაინის საქმე უკრაინელებმა იდარდონ. ჩვენ, ჩვენი საქმე გვაქვს საკეთებელი – საღი აზრით, გონიერებით და არა ისე, როგორც დღეს. უპირველესად გასაუქმებელია კანონი, რომელითაც ისჯება ყველა ის, ვინც აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე ჩადის. სააკაშვილის მიერ მიღებული კანონი გვაშორებს საქმეს, რომელსაც შერიგება ჰქვია.

თუმცა რა შერიგებაზეა ლაპარაკი, როდესაც სულ ახლახანს ერთი „პოლიტიკოსი“ უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არავითარი მოლაპარაკება არ უნდა გაიმართოს, ვინაიდან ის არაფრის დამთმობი არ არის.

როდესაც ასეთ პრიმიტივიზმს აწყდები პოლიტიკაში, უდავოდ ცუდი განწყობა დაგეუფლება ქართული პოლიტიკის მიმართ, რომელმაც დიპლომატიის ისტორიიდან მოლაპარაკება ამოიღო და საერთაშორისო ინსტიტუტებს, საზოგადოებას მიანდო საკუთარი პრობლემების მოგვარება. ასეთი ჭკუა-გონებით შორს ვერ წავალთ. აკი ვერ მივდივართ! ერთ ადგილს ვტკეპნით და საკუთარ ხალხს ვატყუებთ – რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლებაო.

მხოლოდ მოლაპარაკებაში, სისტემატურ შეხვედრაში უნდა შეჯერდეს ჩვენი და რუსეთის, ჩვენი და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემები და არა ვიღაცის მიერ, რომელსაც საქართველო სულაც ფეხზე ჰკიდია. ჩვენ, პატარა გამონათებასაც უნდა გამოდევნოთ, რათა ეშველოს საქმეს. ლუჟკოვი კი არ უნდა ვლანძღოთ და კარი ჩავუკეთოთ, არამედ დავიახლოვოთ, ავუხსნათ ჩვენი გასაჭირი, რომ მან თავისი ავტორიტეტით ზეგავლენა იქონიოს იქაურებზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.