05.12.2024

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს?

მუსლიმანურ სამყაროში დაწყებული შფოთი გრძელდება. იწვის ავტომანქანები, აშშ-ს და მისი ევროპელი მოკავშირეების დიპლომატიური მისიები. სისტემატური ხასიათი აქვს აბობოქრებული ხალხის მასების შეტაკებას პოლიციელებთან, არის მსხვერპლი. საყოველთაო სახალხო ჯანყს ბოლო არ უჩანს.

მუსლიმანთა საპროტესტო გამოსვლები ევროპის ქვეყნებსაც მოედო. საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, სხვა ქვეყნების ხელისუფლება იძულებულია საგანგებო ზომები გაატაროს მუსლიმანთა გამოსვლების ჩარჩოში მოქცევისათვის. რამდენად ახერხებენ ისინი განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას ან გატარებული ღონისძიებები რამდენად ეფექტიანია უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

დღევანდელი ვითარება კი საწინააღმდეგოზე მიანიშნებს და ეს ყველაფერი 15 წუთიანი ვიდეო-ფილმის ინტერნეტში დემონსტრირების შედეგად. მუსლიმანთა წინასწარმეტყველის მუჰამედის შეურაცხმყოფილი ფილმი, რომელიც აშშ-ი დამზადდა და რომელსაც ამბოხების დაწყებისთანავე გაემიჯნა აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია, მოსვენებას არ აძლევს მსოფლიოს. მუსლიმანთა ამბოხში სულ უფრო გამოკვეთილად გაისმის ანტიამერიკული, ანტიდასავლური მოწოდებები.

ფილმმა ახალი ბიძგი მისცა მუსლიმანთა ანტიდასავლურ განწყობას, განსაკუთრებით ანტიამერიკულს, რამაც ლიბიის რევოლუციის მთავარ ქალაქ ბენგაზში ტრაგედია მოიტანა. ამერიკელთა გაწვრთვნილმა, კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა უმალ დაივიწყეს ამერიკელთა დახმარებაც, გამზრდელიც, სხვა სიკეთეებიც და თავდავიწყებით ეკვეთნენ ამერიკის დიპლომატიურ მისიას. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ამერიკელი დიპლომატები, რაც მთავარია ლიბიაში აშშ-ს ელჩი. ამ უკანასკნელს ისეთივე მოწამებლური სიკვდილი არგუნეს, როგორც ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა პოლკოვნიკ კადაფის.

დიდი იყო ამერიკის ადმინისტრაციის, პრეზიდენტ ობამას აღშფოთება. იყო დაქადნებაც დამნაშავეთა დასჯის შესახებ, თუმცა ამით წამებით მოკლულ ელჩს არაფერი ეშველება. ამერიკის ელჩი, ელჩად დანიშნამდე, ძალას არ იშურებდა კადაფის საწინააღმდეგო მოძრაობის გაშლისათვის, მასში სულ უფრო ფართო ფენების ჩართვისთვის, მეამბოხეთა წვრთნისა და იარაღით მომარაგებისთვის, ლიბიის ქალაქებზე ნატოს საჰაერო ძალების თავდასხმის ორგანიზებისთვის.

კადაფის რეჟიმმა ვერ გაუძლო დასავლურ მასობრივ შეტევას. დამარცხებული კადაფი წამებით იქნა მოკლული. ამ საზარელი ვიდეოკლიპის მნახველმა ჰილარი კლინტონმა მხოლოდ ერთი სიტყვა „ვაუ“ წარმოთქვა – დაუკონკრეტებული – აღშფოთების თუ გამარჯვების აღსანიშნავად.

ბენგაზში მოკლული ელჩი მაღალი სახელმწიფო სამგლოვიარო ცერემონიალით დაიკრძალა არლინგტონის გმირთა სასაფლაოზე – პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის გამოსათხოვარი სიტყვების თანხლებით. ელჩის სიკვდილმა და რაც მთავარია მასობრივმა ანტიამერიკულმა გამოსვლებმა ნათელჰყვეს, რომ ყველაფერი ისე არ არის დანიის სამეფოში, როგორც ობამას და მის ადმინისტრაციას ჰგონია.

არაბულ სამყაროში დაწყებულმა რევოლუციამ სხვაგვარი სახე შეიძინა. წინა პლანზე წამოვიდა მოსახლეობის დაბალი ფენები, რადიკალური ისლამი, რომელმაც ჩაანაცვლა განათლებამიღებული სტუდენტობა, ე.წ. საშუალო ფენა. მისთვის დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი ისეთივე მტერია, როგორც ყოფილი მმართველები – ბენ ალი, მუბარაქი, სხვები.

როგორც ჩანს აშშ ვერ გათვალა არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესების ორიენტაცია, ვერ შეაფასა მოვლენები, ვერ აქცია სიტყვა საქმედ. პრეზიდენტ ობამას მოღვაწეობის დასაწყისში მუსლიმანთა მიმართ ნათქვამმა სიტყვებმა, რომლებმაც კმაყოფილება გამოიწვია არა მარტო ქაიროს უნივერსიტეტის დამსწრე საზოგადოებაში, არამედ სრულიად ისლამურ სამყაროში, ვერ პოვა გაგრძელება. ვითარება დარჩა ისეთი, როგორც ადრე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში.

ობამას მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში, არაბთა სასარგებლოდ ახლო აღმოსავლეთში არაფერი მომხდარა, პირიქით ადგილი ჰქონდა და აქვს რადიკალურ-ექსტრემისტ მუსლიმანთა გამოყენებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების არასასურველ მმართველთა წინააღმდეგ, რამაც ხელი შეუწყო ისედაც გათიშული არაბული სამყაროს დაპირისპირებას.

ფილმის შედეგად არაბულ სამყაროში დაწყებულმა ამბოხმა, რომელმაც მაროკოდან ინდონეზიამდე არსებული მუსლიმანური ქვეყნები მოიცვა, ავსტრალიაში და ევროპის ქვეყნებშიც გაიკვლია გზა. საყოველთაო მუსლიმანური ჯანყი აშკარა მანიშნებელია ამერიკული პოლიტიკის ნაკლებეფექტიანობის, მისი მანკიერების.

თუ დღევანდელი პოზიციებიდან შევაჯამებთ ვაშინგტონის პოლიტიკას, დავინახავთ მარცხს, თანაც ფართომასშტაბიანს, ძნელად გამოსასწორებელს. მაგრამ აშშ-ი ის ქვეყანა არ არის, რომელიც იოლად ეგუება დამარცხებას. ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი, მიუხედავად იმისა შებღალულ-დაკნინებულია თუ არა ის, იძლევა პირველობის საშუალებას.

მიუხედავად ეკონომიკური ჩავარდნებისა აშშ-ი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი, ერთიანი ევროკავშირი, სხვა ქვეყნები, რაც კარგად მოეხსენება მუსლიმანურ სამყაროს. ჯერ-ჯერობით აშშ-ს კონკურენციას ვერავინ გაუწევს. სხვა საქმეა, რა იქნება 20-25 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთი ისე მოძლიერდება, რომ საშინაო საკითხებიდან ყურადღბას საგარეო საქმეებზე გადაიტანს.

მაგრამ განა მარტო არაბული სამყაროს მიმართ დაუშვა აშშ-ა შეცდომა? საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც ამერიკელთა ცუდი პოლიტიკის შედეგია. თუ თვალს გადავავლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკელთა ქმედებას, დავინახავთ დიდი ქვეყნის დაუოკებელ სურვილს სატელიტებად აქციოს წარსულში მოსკოვის ორბიტაზე მყოფი ქვეყნები.

ცხადია, მსოფლიოს ჰეგემონს ამ სტატუსის განსამტკიცებლად ახალ-ახალი ქვეყნების გადაბირება სჭირდება, რისთვისაც ის არც ფინანსებს იშურებს და არც დამონების სხვა მეთოდებს. აშშ-ა ახალ კოლონიალიზმს ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიხედვით ხდება ე.წ. რევოლუციები ყოფილ საბჭოთა სივრცეში. რევოლუციების შემდეგ ხელისუფლებაში მისული „პოლიტიკოსების“ გაამერიკელება და აშშ-ს მეტოქე რუსეთის წინააღმდეგ ამხედრება.

ამერიკისთვის ამ საჭირო გეგმის განხორციელებას ესაჭიროება საზოგადოების გარდაქმნა, მისთვის ახალი აზროვნების თავსმოხვევა, წარსულზე უარის თქმა, მხოლოდ ამერიკულისთვის თაყვანისცემა, ამერიკის ძლიერებისთვის ზრუნვა, ამერიკული ცხოვრების წესის გაფეტიშება, დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ისე მოქცევა ამერიკის ტრფიალში, რომ ამოსდით სული.

ზოგ შემთხვევაში აშშ-ს გაუმართლა, ზოგში არა. უკრაინის რევოლუცია მივიწყებას მიეცა, ისე, როგორც მისი ლიდერი იუშჩენკო. მეორე ლიდერი საპყრობილეში იხდის სასჯელს ფეშენებელურ პირობებში – არა ისეთში, როგორშიც სხვა უკრაინელი პატიმრები, მითუმეტეს ქართველი.

პოსტსაბჭოთა სივრცის რევოლუციებიდან მხოლოდ „ვარდებისღა“ შემორჩა, მაგრამ მოვლენების განვითარება გვპირდება, რომ ისიც ცოტა ხნით – საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ დამთავრდება თუ არა ამერიკელთა მრავალწლიანი ბოგინი საქართველოში – ძნელი სათქმელია, ვინაიდან ახალ ხელისუფლებასთან დღეს რომ ოპოზიციაშია, მათ ისე მიესვლებათ, როგორც ნაცებთან.

საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების წამების ფაქტების გამომზეურებამ ბოლომდე აავსო მოსახლეობის მოთმინების ფიალა და არათუ აავსო, გადაავსო. გადმოდინებულმა ცხელმა ლავამ – სტუდენტთა სახით, ახალი იმედი შესძინა დაბეჩავებულ-გაუპატიურებულ საქართველოს. ძნელი იქნება სტრატეგიული პარტნიორის მიერ სააკაშვილის ნამოქმედარის დაცვა, ისევე, როგორც იმის მტკიცება, რომ ნაცებმა პირველი ოქტომბრის არჩევნებში მეტი ხმები დააგროვეს, ვიდრე სხვებმა. ძნელი იქნება, მაგრამ ამერიკა ის ქვეყანა არ არის, იოლად დანებდეს ვითარებას.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ამაში მას ხელს უწყობდა საქართველოში არსებული ამერიკული ინსტიტუტები – დემოკრატიულის და რესპუბლიკურის სახით, თავისუფლების სახელგანთქმული ინსტიტუტი, ე.წ. სოროსის ფონდი, ამერიკულ-ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, თითოეულ სამინისტროში მომუშავე ამერიკელი მრჩევლები და სხვა.

პენიტენციარულ სისტემაში, იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში გატარებულ რეფორმებში სწორედ ლომის წილი ამერიკელებზე მოდის. და როდესაც აშშ-ს, ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში ვიღაც საშუალო თუ მაღალჩინოსანი ვიშ-ვიშით ამბობს – ეს რა საშინელება ყოფილაო, სულაც არ ნიშნავს მთქმელის გულწრფელობას. მან იცის, რომ ასე უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საკითხი დადგება დღის წესრიგში.

აღშფოთება გამოითქვა დასავლელ პოლიტიკოსთა მხრიდან, მაგრამ მასთან ერთად ითქვა ისიც, თუ რა ელვისებური რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს სააკაშვილის მხრიდან – ორი მინისტრის დათხოვნით და ფიცით ყველა დამნაშავის დასჯის თაობაზე.

არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ „დემოკრატიულ“ საქართველოში, „დემოკრატი“ პრეზიდენტის და ხელისუფლების პირობებში მსგავს წამებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა და თუ ჰქონდა, მეისრის დასჯით არ უნდა შემოიფარგლოს, ზევით უნდა ავიდეს და ხელისუფლების დათხოვნის მოთხოვნით უნდა დაგვირგვინდეს. მსგავსი რეკომენდაცია „დემოკრატიული“ დასავლეთისგან მე არ მსმენია, რაც მოვისმინე – არის ის, რომ ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა.

უფრო შორს წავიდა RTVI. ამ ტელეკომპანიამ გარკვეული დრო დაუთმო პატიმრების წამების ფაქტებს, მაგრამ გაცილებით მეტი იმას, თუ რა სწრაფად იმოქმედა სააკაშვილმა – დაითხოვა რა სამსახურიდან ორი მინისტრი, თან სინანულით ისიც აღნიშნა – აბა ამას მოვესწრებით რუსეთშიო? როგორც ამ, ისე სხვა ტელეკომპანიებმა, დასავლური მყავს მხედველობაში, ხაზგასმით გაიმეორეს სააკაშვილის ნაბოდვარი, რომ წამების სცენები ოპოზიციამ დადგა ნაციონალური მოძრაობის კომპრომენტირებისათვის. მხოლოდ 23 სექტემბრის „ბი-ბი-სი“-ს საინფორმაციო გადაცემამ მოახერხა მეტნაკლები ობიექტურობით შექმნილი ვითარების გაშუქება.

არის თუ არა მსგავსი მიდგომა გასაკვირი? ნამდვილად არა. საზოგადოებამ თავის თვალით იხილა წამების ფოტოკადრები და ვიდეოსიუჟეტები ერაყის ციხე „აბუ გრეიბსა“ და „გუანტანამოში“. ამერიკელმა ჯალათებმა გადაიღეს წამების სცენები და ინტერნეტშიც განათავსეს. შემაძრწუნებელი იყო მიწაზე გართხმულ, ნაწამებ პატიმრის სხეულზე ფეხშემდგარ ჯალათ ქალთა ყურებამდე გაცინებული სახის ყურება.

მერედა რა მოჰყვა ამას? ცხადია ჯალათთა დაპატიმრება, მაგრამ არა მაღალი თანამდებობის პირების დასჯა. მსოფლიოს საზოგადოებამ ერთხანს უკმაყოფილოდ იჟივჟივა, შემდეგ ეს ამბავი მივიწყებას მიეცა.

თუ რა დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვაა დემოკრატიულ ამერიკაში აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ გორის სიტყვებიდანაც ჩანს: „ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს განვიხილავთ, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტს, თუმცა დღეს გადაწყვეტილება მიიღება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ, რომელთათვის საუკეთესო კანონი არის უკანონობა – მაშინ, როდესაც კანონი ზღუდავს მათ პოლიტიკურ სურვილს. იქ სადაც ისინი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული ნორმების დაძლევას, მანიპულირების ხერხს მიმართავენ, გვერდს უვლიან, აყოვნებენ კანონის ამოქმედებას“.

„ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოძებნოს გზა ამერიკის მოქალაქეთა დაჭერის აღკვეთისათვის. სასამართლო სანქციების გარეშე მოქალაქეთა დაჭერა უნდა შეწყდეს. ეს მანკიერება შეუთავსებელია ამერიკის ტრადიცებთან და ფასეულობებთან“.

„ბევრი პატიმარი აცხადებდა, რომ ციხის მოხელეები წამების შიშით აიძულებდნენ შეურაცხეყოთ საკუთარი რელიგია, ეჭამათ ღორის ხორცი, დაელიათ ალკოჰოლური სასმელები. ერთ-ერთმა ისიც თქვა, როგორ აიძულეს უარეყო ისლამი, შემდეგ მას მოტეხეს ფეხი და მოტეხილ ფეხზე დაუწყეს ფეხებით ცემა, თან აიძულებდნენ მადლობა ეთქვა ქრისტესთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია“.

„ჩვენი ხელისუფლება გასაქანს აძლევს სასტიკ მოპყრობას და წამების რეგულარულ გამოყენებას პატიმრებში. ასეთი ქმედება ლამის ოფიციალური პოლიტიკის რანგშია აყვანილი. აღმასრულებელი ხელისუფლება მასობრივად აწარმოებდა ამერიკელთა სატელეფონო საუბრების მოსმენას. ეს მავნე პრაქტიკა იმით დამთავრდა, რომ კონგრესმა ლეგალიზაცია გაუკეთა ამგვარ ქმედებას“.

გორის სიტყვები მის წიგნშია დაფიქსირებული და ასახავს წინა პრეზიდენტის ბუშის პერიოდს – საქართველოს პრეზიდენტის უახლოესი მეგობრისა და მხარდამჭერის.

მცნება იმისა, რომ შენი საქმე შენვე უნდა აკეთო, შენი დამნაშავე, შენვე უნდა გაასამართლო, შენი მუწუკი შენვე უნდა მოიშორო – სრული ჭეშმარიტებაა, რომ ნუგეშისა და დახმარებისთვის სხვისკენ ყურება უშედეგოა.

საქართველოს საზოგადოება ჯეროვნად აფასებს საპატიმროებში არსებულ წამების ფაქტებს, თუმცა ერთობ დაგვიანებით. ამ შემთხვევაში მოქნეული ფრაზა -„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ – გამოუსადეგარია. საქართველოს საზოგადოებას, რომ დროული რეაქცია მოეხდინა სააკაშვილის ავბნელ საქმეებზე, რომლებმაც თავი იჩინეს მისი მმართველობის პირველსავე დღეებში, დღეს სხვაგვარი ვითარება იქნებოდა.

საქართველოს ტელემაყურებლები, შურისძიებით აღვსილნი, კმაყოფილებით უყურებდნენ ოქრუაშვილის ღამის რეიდებს მძინარე „დამნაშავეების“ ოჯახებზე, ლოგინიდან ნიფხავ-პერანგის ამარა წამოყრილ ცოლ-ქმარს, აჭარის „გათავისუფლებას“ ასლან აბაშიძის „მონობისგან“, ასლან აბაშიძის ოჯახის წევრების შეურაცხყოფას – გარდაცვლილი დედის საფლავის მონახულების დროს. აჭარის „განთავისუფლებით“ აღფრთოვანებული „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი და არა მარტო ის, საჯაროდ ამბობდა, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი – აჭარის დაბრუნებააო.

დღევანდელმა საზოგადოებამ ჯეროვნად შეაფასა საპატიმროებში გადაღებული ვიდეო მასალა, განსაკუთრებით ნამუსის ამყრელი სცენები. მაგრამ განა ნამუსის ამყრელი არ იყო (ცხადია გადატანითი მნიშვნელობით) მეპატრონეთა მიერ ნაცთათვის საკუთარი ქონების „ჩუქება“? განა შეურაცხმყოფელი არ იყო დამშეული და წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის შადრევნების აგება? ანდა უფასო სასადილოების ზარ-ზეიმით გახსნა? განა შეურაცხმყოფელი არ იყო გამოუცდელი, უცოდინარი, უკმეხი, ბოროტი თინეიჯერების გამინისტრება-გადეპუტატება? განა გაუპატიურების ტოლფასი არ იყო ნულოვანი ტოლერანტობის მოთხოვნების შესრულებისთვის ახალგაზრდების ქუჩებში ჩაცხრილვა? რომელი ერთი ჩამოვთვალო.

საქართველოს საზოგადოება საპროტესტოდ არ გამოსულა მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილის წყალობით ცხინვალის ომიც დაიწყო და ომის შედეგად ტერიტორიებიც დაიკარგა. თუმცა არა, მაშინ საზოგადოება გამოვიდა სააკაშვილის მხარდასაჭერად, იცეკვა და იხტუნავა პარლამენტის წინ გაკეთებულ სცენაზე, შემდეგ ცოცხალი ჯაჭვიც გაჭიმა მთელს საქართველოში, რითაც სამარადისო ფიცი დადო დამნაშავე სააკაშვილის წინაშე.

საზოგადოება არც მაშინ გამოსულა, როდესაც სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს სისხლი ადინა მომიტინგეებს, პირიქით ნასისხლარზე ქართულმა ინტელიგენციამ სააკაშვილს სამშობლოს ორდენებით მკერდიც დაამშვენებინა.

საზოგადოება კნავილის მსგავსი პროტესტით შეხვდა სახელოვანი რეჟისორის რობერტ სტურუას გაძევებას, ისევე, როგორც ძველი თბილისის დამახინჯებას – მინის ხიდითა და საბაგირო გზით, „აღდგენილი“ ბაგრატით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით, სხვა თავხედური პროექტების განხორციელებით.

არ ჰგავს საქართველოს საზოგადოება გერმანულს – შტუტგარტელებმა ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები შეაგებეს ამ ქალაქის რკინიგზის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას. ჩვენ არც „ავადსახსენებელ“ რუსულ საზოგადოებას ვგავართ, რომელმაც სულ ახლახანს საპროტესტო გამოსვლით მოსკოვის მერიას ხელი ააღებინა ერთ-ერთ რაიონში მეჩეთის მშენებლობაზე.

საქართველოს საზოგადოება ქუჩაში არ გამოსულა არც ერთ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უმუშევრობასთან, მაღალ გადასახადებთან, ტრანსპორტის გაძვირებასთან და სხვა.

საქართველოს საზოგადოება შეეგუა სააკაშვილის, მისი დედ-მამის, ძმების, ახლობლების მიერ ქვეყნის ძარცვას, საერთო-სახელმწიფო ქონების მითვისებას. საზოგადოება დუმს ნაცთა სხვა ლიდერების, მათ მიერ დანიშნული „ბიზნესმენების“ შეურაცხმყოფელ ქცევაზე.

საზოგადოება არაფერს ამბობს სააკაშვილს მიყიდული ინტელიგენციის საქციელზე. ის მორჩილად უსმენს კიკაბიძეების, გაბიანების, ხერხეულიძეების, წიკლაურების, ჩოლოყაშვილების, თავხელიძეების, ჩიტაძეების, სხვათა და სხვათა სიტყვა-სიმღერას, ხოტბას ნაცთა ლიდერის შესახებ.

ასეთ საზოგადოებას კიდევაც ცემ და ცოცხსაც გაურჭობ. იცის ეს მიშამ და ამიტომაც აკეთებს საზარელ საქმეებს. 9 წელიწადია მთელი საქართველო მომწყვდეულია პატარა საკანში – შეურაცხყოფებით, ცემა-ტყეპით. დასჯილი პატიმრები, მარტონი არ არიან, მათთან ერთადაა სრულიად საქართველო.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ – ამ ფრაზას აშკარად სჯობს ადრე, დაუგვიანებლად, ვინაიდან დაგვიანება ნიშნავს უფრო დიდ უბედურებას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.