ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონკრეტული გეგმა ესაჭიროება

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გამოსვლის დროს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი ჟურნალისტის დასმულ კითხვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, უპასუხა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში არ გადაიჭრება და საერთოდ საკითხის დადებითად გადაჭრა დაკავშირებულია  რეგიონულ და მსოფლიო პოლიტიკასთან.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, შეუშლის თუ არა ნატოსკენ სწრაფვა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. მინისტრის პასუხი იყო ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ისმენს ახალი ხელისუფლებისგან დღიდან არჩევნების დასრულებისა – ნატოც და რუსეთიც, თანაც არავითარი პოლიტიკური კონტაქტები, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოები და სამხედრო ბაზებია.

მინისტრის განცხადება იყო კატეგორიული, შეუვალი, ულტიმატუმის მსგავსი, ისეთი, თითქოს საქართველო ყოფილიყოს რუსეთი, თითქოს რუსეთს აქვს სახვეწი საქართველოსთან და არა პირიქით. შედარებით დიპლომატიური იყო პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის (რუსეთთან ურთიერთობაში) მიერ გაკეთებული განცხადება რუსული ტელეკომპანია „RTR პლანეტის“ ეთერში – ორივე ქვეყნისთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქით გადასვლა შეუძლებელია, მაგრამ იქნებ მოგვესინჯა ხაზებს შორის სივრცის ათვისებაო.

საინტერესო იყო რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებაც  სოხუმ-თბილისის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, როგორც სოხუმში, ისე თბილისში.

ასევე აღსანიშნავი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება – გაკეთებული ბრიუსელში – გაოცებითა და წყენით – სპეცწარმომადგენელი დავნიშნე რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად და იქიდან პასუხი არ არისო. რა გაეწყობა ასეთია ჩვენი მეზობელი რუსეთი. ნაცვლად იმისა, რომ სიხარულით ხელი გაშალოს და გულში ჩაგვიკრას, პასუხსაც გვამადლის.

რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ მას გაუჭირდა პასუხის გაცემა. პრემიერმა გამორიცხა მისი შეხვედრა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსკოვში, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნია ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრა. პრემიერმა გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ არათუ მისი, არამედ სპეცწარმომადგენელის ვინმესთან შეხვედრაც კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

რუსეთი არ ჩქარობს, ვინაიდან არსად ეჩქარება. ცხადია, მას არავითარი სურვილი არ აქვს ნატოში საქართველოს ხილვის, მაგრამ თუ ამას ექნება ადგილი, რუსეთს თავისი განაღდებული აქვს – დაკავებულ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ბაზების სახით. ვისაც უნდა ეჩქარებოდეს, ის ამბობს, რომ დაკარგულის დაბრუნება ახლო მომავალში შეუძლებელია და თანაც დაკავშირებულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავება „დიდია“, რაც გამოიხატება „წითელ ხაზებს“ შორის სივრცის შევსებაში ანუ სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების აღდგენასა და სხვა მომენტებში – საქართველოსთვის მნიშვნელოვანში, რუსეთისთვის ნაკლებად.

ქართული მხარე საქმის მოგვარებას ბორჯომით და ღვინით, ცეკვა „ხანჯლურით“, ბრეგვაძე-კიკაბიძით აპირებს. მაგრამ აქვს თუ არა მას რუსეთის უზარმაზარი ბაზრისთვის საკმარისი მინერალური წყალი და ღვინო – სხვა საკითხია.

ემბარგოს დაწესებამდე წყალ-ღვინოს ექსპორტი საბჭოეთისდროინდელ ფალსიფიკაციის კონვეიერს მიჰყვებოდა ანუ მოსკოვში ჩამოსხმულ „ბორჯომსა“ და „ღვინოს“. ამ კონვეიერის აღდგენა ონიშჩენკოს პირობებში შეუძლებელია. გარდა ამისა რუსეთის ბაზარი სხვა ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა, რომლის ჩაჩოჩება გაუჭირდება საქართველოს.

ძველი პოზიციების დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ თვით რუსული ბიზნესი ითავებს ამ საქმეს, ის ჩაერთვება პროცესში, ის შეარჩევს და გაიტანს თავის ქვეყანაში ქართულ პროდუქციას, ის განსაზღვრავს საექსპორტო მოცულობას, შესაბამისად კაპიტალსაც დააბანდებს და ტრანსპორტირებასაც მოახერხებს – მასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გადალახვით, სხვა პრობლემების მოგვარებით.

სააკაშვილის წყალობით ყველაფერი თავიდან არის დასაწყები და რაც ადრე მოხდება ამ სისტემის ამუშავება, მით უკეთესი იქნება საქართველოს სოფლისთვის.

სოფლის ამუშავების შემდეგ, ქალაქიც სულს მოითქვამს – ასე გვპირდება ხელისუფლება. გაუმჯობესდება სოციალური პირობები, აგუგუნდება ქარხანა-ფაბრიკები, ყველა დასაქმდება, იმდენი სამუშაო ადგილი გაჩნდება, რომ ქუჩაში უსაქმურად მოხეტიალეს სამართალი არ აცდება ანუ დადგება ჟამი ანდროპოვისა. სამოც წელს გადაშორებულებს ახსოვთ ალბათ ის დრო, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე დღისით-მზისით მოსეირნე ხალხს აკავებდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ არ არიან სამსახურში.

და დადგება ჟამი საამური, რაც თავისთავად გააღვიძებს საქართველოში აფხაზთა და ოსთა სამუდამო დაბრუნების სურვილს. რწყილისა და ჭიანჭველის იგავ-არაკის არ იყოს – ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, რუსეთი მოგვცემს შანსს, რითაც აღვადგენთ სოფელს, სოფელი გამოკვებავს ქალაქს, ქალაქი აამოქმედებს მრეწველობას, ორივე ერთად (სოფელ-ქალაქი) ეკონომიკას, ეკონომიკა – ადამიანის სოციალურ პირობების გააუმჯობესებას, წარმატებული ქვეყანა და ხალხი მოხიბლავს გაქცეულ ავტონომიებს, ისინიც დაუყოვნებლივ ჩაგვეხუტებიან და დაიწყება ქართველთა, აფხაზთა და ოსთა საამური თანაცხოვრება,  და . . . ?

 და ამის სულისჩამდგმელი ვინ გამოდის? ცხადია, დღემდე „მზაკვრად“, „ოკუპანტად“, „დამპყრობლად“ მონათლული რუსეთი. ნეტავ რამდენი დრო დასჭირდება „რწყილისა და ჭიანჭველის“ ოცნების ფრთაშესხმას? ან მზად იქნება 20 წლის განმავლობაში უმადურ ქართველთაგან გათათხულ-გალანძღული, თავს ლაფდასხმული რუსეთი საქართველოს თხოვნის შესასრულებლად?

რუსეთს არსად ეჩქარება. არც აფხაზები და ოსები ჩქარობენ, თუ რამე აჩქარებთ მათ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო არენაზე ფეხის მოკიდებაა. საქართველოსთან რაიმე სახის კომუნიკაცია თავდაუსხმელობის პაქტზე გადის, რაზეც ოფიციალური თბილისი მზად არ არის. სოხუმს არც რკინიგზის აღდგენა ხიბლავს, ვინაიდან იცის, რომ მას უკონტროლო ურთიერთობა მოჰყვება, ლტოლვილთა შესაძლო დაბრუნებით.

რა თემებზე ილაპარაკებენ ან საერთოდ ილაპარაკებენ თუ არა თბილისი-სოხუმი – ძნელი გამოსაცნობია.

ამ კვარტეტიდან თუ ვინმეს უნდა ეჩქარებოდეს – თბილისია, რამეთუ ყოველი გასული წელი არსებული გაუცხოების განმტკიცებაა. გაუცხოება არა მარტო იქით მხარეს მზვინვარებს, აქეთაც. არც ერთმა არ ვიცით, რით ვცხოვრობთ, რით ვსუნთქავთ, რაზე ვოცნებობთ. ქართული მედია, განსაკუთრებით ელექტრონული შიდა სენსაციებით იკმაყოფილებს თავს.

ჟურნალისტიკის წყალობით, ხალხში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი შორეულ სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. როგორც ჩანს არც ახალ ხელისუფლებას გააჩნია ჯადოსნური კვერთხი, თუ სპეცწარმომადგენლის დანიშვნას არ ჩავთვლით ასეთად. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრისა არ იყოს – მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უნდა დაველოდოთ ან რუსეთში სავარაუდო პოლიტიკურ მიწისძვრას.

სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლებაც ამის მოლოდინში იყო, თან იატაკქვეშ, რუსული ბუნტის დაწყებისთვის ყველაფერს ღონობდა. გახსოვთ ალბათ სააკაშვილის განცხადება – ჩვენ სხვა რუსეთთან გვექნება ურთიერთობაო – მას უდავოდ უდალცოვი და მისი მსგავსი „რევოლუციონერები“ ჰყავდა მხედველობაში.

თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ფორმულით ვიხელმძღვანელებთ – ინტეგრაციის თემა და არა პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გაიჭიმება. მსოფლიოშიც რაღაც მოხდება გუშინდელი, მითუმეტეს გუშინწინდელი დღისათვის მოულოდნელი და უცხო.

მაგალითად, 1945 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ დამარცხებულ გერმანიასა და გამარჯვებულ რუსეთს შორის მჭიდრო, პრაგმატული ურთიერთობები ჩამოყალიბდებოდა, ვერც 1812 წლის ნაპოლეონის შემოსევის შემდეგ იფიქრებდნენ, რომ მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრისა და 21-ე საუკუნის პირველი დეკადის რუსულ-ფრანგული ურთიერთობები ესოდენ კონსტრუქციული გამოდგებოდა. მითუმეტეს ვერავინ წარმოიდგენდა, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, რომ ვიეტნამის ომის შემდეგ ამერიკა-ვიეტნამის აუწერელი ურთიერთ სიძულვილი ლამის ძმობით შეიცვლებოდა.

ძველი მტრები, ერთმანეთის ხოცვა-ჟღლეტაში გაწაფებულები, ივიწყებენ წყენას და ერთმანეთს ეხუტებიან. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ამერიკელი პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენების, ტურისტების ხშირი ვიზიტები ვიეტნამში. ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ამერიკულმა ინვესტიციამ – 22 მილიარდს. ეს ოცჯერ მეტია, ვიდრე რუსეთთან, ვიეტნამის ომისდროინდელ პარტნიორთან.

ამერიკული დროშის ქვეშ მცურავი გემები ხშირად სტუმრობენ ვიეტნამის საზღვაო პორტებს საიგონსა და დანანგს. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პანეტამ მიონახულა კამრანის ყოფილი საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა და განაცხადა, რომ ამერიკული ფლოტის იქ განლაგება ორი ქვეყნის ინტერესს მოემსახურება.

ნათქვამია – ისე არაფერი აახლოებს, როგორც შიში. ამ შემთხვევაში იგულისხმება ჩინეთი – ვიეტნამის ომის დროს ამ ქვეყანის სტრატეგიული პარტნიორი. შიში გამოწვეულია აზია-წყნარი ოკეანის ზონაში ჩინეთის ინტერესების გამოვლინებით, რომელმაც თავისთავად დააახლოვა აშშ-ვიეტნამი. თუმცა ვიეტნამს არ დავიწყებია ამერიკელთა მიერ ქიმიური იარაღით მოწამლული მიწა და დასახიჩრებული ადამიანები.

გასული საუკუნის 60, 70-იან წლებში 72 მილიონი ლიტრი დეფოლიანტი Agent Orange,  მათ შორის 44 მილიონი ლიტრი საწამლავი დიოქსინი დააფრქვიეს ვიეტნამს. ნიადაგში ჩარჩენილი შხამი დღესაც სპობს ყოველივე ცოცხალს. არავინ იცის, როდის მოხდება შხამის დაშლა. ექსპერტთა აზრით, ამ პროცესს 500 წელი დასჭირდება. ვიეტნამში დიოქსინის მსხვერპლი 5 მილიონი ადამიანია. ვაშინგტონი მზად არის დაეხმაროს ვიეტნამს, მაგრამ უარს აცხადებს კომპენსაციაზე. ა.წ. აგვისტოს ამერიკელებმა დაიწყეს დანანგის აეროპორტთან არსებული მოწამლული ტერიტორიების გაწმენდა.

სწორედ დანანგიდან დაიწყო 1965 წელს ამერიკის აგრესია ვიეტნამში. სწორედ ამ პორტში ჩაჰქონდათ ქიმიური ნივთიერება ამერიკელ ჯარისკაცებს, რომელსაც ვიეტკონგის პარტიზანების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს ჰაერიდან აფრქვევდნენ.

გაწმენდის ტექნოლოგია მარტივია – ბულდოზერებით იჭრება 3 მეტრი სისქის ნიადაგი და 1000 გრადუს ტემპერატურაზე გამოიწვება სპეციალურ ღუმელში, რის შემდეგ დიოქსინი კვდება, ხოლო მიწა შემდგომში გამოიყენება. ამ მეთოდით აპირებენ 73 ათასი კუბური მეტრი მიწის დამუშავებას, რაც ზღვაში წვეთია. აღნიშნული საქმისთვის ამერიკის ბიუჯეტიდან 41 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

„უსისხლო ომი“, ასე შეარქვეს ამერიკელებმა ქიმიური იარაღის გამოყენებას ვიეტნამში. მას გაცილებით დიდი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე „სისხლიანს“. მან მოიცვა ვიეტნამის სავარგულების 43% და ტყის მასივების 44%.

ნათქვამია – დრო არის ყველაზე დიდი მკურნალი. ომის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. მოვიდა პოლიტიკოსტა ახალი თაობა, რომელმაც სხვაგვარად შეხედა გუშინდელ წყენას და პოზაში დგომას თანამშრომლობა არჩია. გარდა ამისა ორივე ქვეყანამ სერიოზული გამოწვევა იგრძნეს ჩინეთიდან.

ჩინეთი, ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით, მეორეა მსოფლიოში. აშშ-ი ეჭვის თვალით უყურებენ ჩინეთის მოძლიერებას, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არადა ამერიკას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩინეთის ეკონომიკის აღორძინებაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობ წარმატებულია. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება საგრძნობლად აისახება რიგითი ამერიკელის ცხოვრებაზე. მაგრამ  ეკონომიკა სხვაა, პოლიტიკა სხვა და ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, მსოფლიო ლიდერობის ამბიციები.

როგორც ჩანს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება სერიოზულ სახეს შეიძენს, მაგრამ ეკონომიკური გაუმართაობით გადაღლილი ამერიკა არ აპირებს მსოფლიო ჰეგემონის პოზიციების დათმობას. მას არც რუსეთ-ჩინეთის მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეა ხიბლავს და არც თანამედროვეობისთვის შესაფერისი პლურალიზმი. ის არ აპირებს მსოფლიო პირველობის ხელიდან გაშვებას და ამისთვის მზად არის მილიონობით დოლარი ხარჯოს აზია-ოკეანიაში ახალი სამხედრო ბაზების შექმნაში, ანტირუსულ-ანტიჩინური ღონისძიებების განხორციელებაში.

ისე, როგორც ვიეტნამის ომის დროს, ავღანეთის ომის დროსაც ამერიკა მსოფლიოს დემოკრატიისა, ადამიანის უფლებების დაცვის ხმამაღალი ლოზუნგებით აყრუებს. თუ რა დემოკრატიას ემსახურებოდა ამერიკის ინტერვენცია ვიეტნამში, ზემოთმოყვანილი მაგალითიდანაც ჩანს. მაშინ ამერიკა მარტო იყო, დღეს მასთან ერთად მოკავშირეები არიან, მათ შორის საქართველოც.

ავღანეთში ამერიკისა და კოალიციური სამხედრო ძალების ათწლიანი ყოფნა, რაც თავისთავად უკავშირდება ვიეტნამის მსგავს ნგრევას და ხოცვა-ჟღლეტვას, კარგა ხანია დანარჩენი მსოფლიოს მიერ ოკუპაციად არის შეფასებული. თვით ავღანეთი მოითხოვს ოკუპანტების მიერ ამ ქვეყნის დატოვებას. მაგრამ ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს ავღანეთში ომი ავღანელი ხალხის დახმარებად მიიჩნია.

ავღანეთში გამგზავრების წინ საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა ქართული სამხედრო კონტიგენტის მონახულებისა დაგეგმილია ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

„საქართველო მზად არის დახმარება გაუწიოს ავღანეთის ხელისუფლებას, ვინაიდან მასაც, ისე, როგორც ავღანეთს გამოცდილი აქვს საბჭოთა ოკუპაცია“. დაახლოებით ასეთი იყო მინისტრის განცხადება. მაინც რა აუცილებლობას წარმოადგენდა საჭოთა ოკუპაციის გახსენება ამერიკელთა მიერ გაჩაღებული ათწლიანი ომის დროს?

ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ის რომ მსგავსი განცხადებები არ წაადგება ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობას – ნათელია. რუსეთთან ურთიერთობის მსურველ ქვეყანას სხვა რიტორიკა ესაჭიროება, ნაკლებად გამომწვევი და გამაღიზიანებელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.