რუსეთში ვიზიტის გამო

„პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილებამ რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით, დიდი ვნებათა ღელვა გამიწვია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. იყო ნიშნისმოგების მსგავსი განცხადებებიც – ხომ ვამბობდით, ესენი რუსეთის აგენტები არიან, მეხუთე კოლონა, გამყიდველები და ა.შ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ „ნაცები“ და მისი წიაღიდან გამოსული პარტიები, პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიების ნაწილი და მმართველი პარტიის წევრებიც კი – ცხადია, ნაკლებად ემოციურად, მაგრამ აშკარა საწინააღმდეგო მოსაზრებით.

„პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს რუსეთის დუმის გავლენიან წევრებთან და განიხილეს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ქართულს და გამოთქვეს სურვილი, რომ აღდგეს დიალოგი ქართველ და რუს პარლამენტარებს შორის. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩატეხილი ხიდის აღსადგენად საერთო ძალისხმევაა საჭირო – მეტი კავშირები, მეტი ლაპარაკი, დაახლოება და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვა, რასაც ადგილი არ აქვს და არც ჰქონია არც სააკაშვილის და არც „ქართუილი ოცნების“ მმართველობის პერიოდში.

გაუცხოების ახალი ტალღა 2008 წლის ომის წინა პერიოდში და შემდეგ აგორდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი ეცადა რუსეთის საწინააღმდეგო PR-კამპანიის ასაგორებლად. და ააგორა კიდევაც, უცხოელი პარტნიორების დახმარებით.

ომმა და მასთან დაკავშირებულმა PR-კამპანიამ მიაღწია თავის მიზანს – რუსეთის გაშავებას, რაც დღემდე წარმატებით მოქმედებს, მაგრამ ამასთანავე გამოავლინა ომის დაწყების მთავარი შემოქმედი სააკაშვილი, რომელიც დღესაც მტვერს აყრის ხალხს თვალში შინ თუ გარეთ და დაბეჯითებით უმტკიცებს მას, რომ აგრესია რუსულია, ისე, როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რაც დრო გადის სააკაშვილი და მისი გუნდი პერმანენტულად, თავდაჯერებით იმეორებს ზემომოყვანილ ვერსიას და როდესაც საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჩანს, ხალხს აიძულებს, როგორც შინ, ისე გარეთ დაიჯეროს მისი (სააკაშვილის) „სიმართლე“.

ხალხიც იჯერებს, ზოგიერთთა გამოკლებით, ვინაიდან ქართული მედიის წყალობით დიდი დოზით აქვს მიღებული სააკაშვილის ვერსია და ამასაც  რომ არ ჰქონდეს ადგილი, ხალხს მაინც ურჩევნია უდანაშაულოს, დაჩაგრული კრავის სახელი ატაროს, ვიდრე ომის დამწყების, აგრესორის. სწორედ ამიტომაც ის არაფრად თვლის ევროპის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის (ტალიავინის ხელმძღვანელობით) დასკვნას, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, ვინ დაიწყო ომი.

2008 წლის ცხინვალის ომი არ ყოფილა რაღაც რეგიონული კონფლიქტი ისეთი, როგორსაც არცთუ იშვიათად აქვს ადგილი დედამიწაზე. ის დიდ პოლიტიკაში ახალი ერის დაწყების მანიშნებელი იყო. სწორედ 2008 წლიდან დაიწყო რუსეთის შემობრუნება დიდ პოლიტიკაში. მანამდე ის, აშშ-ს წყალობით, ფიქტიურად ითვლებოდა დიდი პოლიტიკის მოთამაშედ, რაც „დიდი რვიანის“ წევრობაში გამოიხატებოდა.

2008 წლის ომს არაერთი იატაკქვეშა ავტორი ჰყავს. მათ შორისაა ამერიკელი პოლიტიკოსები, რეაქციური ორგანიზაციები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების წარმომადგენლები. ყველა მათგანს აინტერესებდა რუსეთის რეაქცია – ჩაყლაპავდა თუ არა ის სააკაშვილის თავდასხმას და თუ არა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

რუსულმა სწრაფმა სამხედრო ნაბიჯმა, ქართული ჯარის განადგურებამ, ტერიტორიების დაკავებამ, მძიმედ იმოქმედა დასავლეთზე, რასაც უმალ მოჰყვა ანტირუსული პროპაგანდა.

სხვა მხრივ დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი, მზად არ აღმოჩნდა მოკავშირე საქართველოს დასაცავად. დასავლეთმა თავი შეიკავა საქართველოს სამხედრო დახმარებისგან, რაც უდავოდ საზრიანი გადაწყვეტილება იყო, რამეთუ მას მოჰყვებოდა რუსეთ-ამერიკის სამხედრო დაპირისპირება.

ომის მოგების შემდეგ, მოსკოვის მხრიდან იყო მოწოდებები საქართველო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოლაპარაკებების დაწყებაზე, მათი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის სტატუსის შესამუშავებლად, რაზეც ქართულმა მხარემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. პირიქით, ახალი აგრესიის განხორციელების რიტორიკა მოაყოლა, რაზეც რუსეთმა თავისებურად უპასუხა – აღიარა რა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად.

რუსეთმა გაუძლო დასავლურ ანტირუსულ პროპაგანდას, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვას, გაუარესებას, რითაც დაარწმუნა ის, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, აღარ იყო დამყოლი, ადვილად მოსათოკი, როგორიც პრეზიდენტ ელცინის დროს. რუსეთი მზად იყო გაეტარებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მას წაადგებოდა და არა სხვას. 2008 წლის ომის მოგებით რუსეთმა თავისი მოითხოვა და მასთან ერთად რიდი და პატივისცემა დასავლეთის მხრიდან.

2008 წლის ომის დამთავრებიდან სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ კვირაში, თურქეთში, კერძოდ დედაქალაქ ანკარაში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ომისადმი და მისი შედეგებისადმი, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას ყველა იმათთან ერთად, ვისაც სიტყვა ეთქმოდა კავკასიაზე. კონფერენციაში აფხაზებიც და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ეს, ის კონფერენციაა, რომელმაც პირველმა დააფიქსირა რუსეთის ხელისუფლების ამბიციები და თურქეთის გააქტიურება საერთაშორისო არენაზე, კერძოდ რეგიონში.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში გაძლიერდა რუსეთის სამხედრო პოტენციალი, განხორციელდა არმიის მოდერნიზაცია, ახალი იარაღით აღჭურვა, გაუარესდა ნატოსთან ურთიერთობა, ისე, როგორც აშშ-ნ.

2014 წლის უკრაინის მოვლენებმა, ხელისუფლების დამხობამ, ყირიმის მიერთებამ და დონბასისადმი მხარდაჭერის გამოხატვამ, ძირფესვიანად შეცვალა საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოლიტიკა, იმიჯი, საკამათო საკითხებისადმი მიდგომა და სხვა.

დღევანდელი რუსეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბევრი სხვა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. რუსეთის აზრს იზიარებენ – უნდათ თუ არა, რაც „შიში შეიქმს სიყვარულსა“ აშკარა გამოვლინებაა.

2008 წლიდან 2014 წლამდე, სულ რაღაც 6 წელზე ცოტა მეტი გვაშორებს, მაგრამ დროის სიმცირის მიუხედავად, რუსეთმა შეძლო ავტორიტეტის მოპოვება მთელს მსოფლიოში. აშშ-ა ვერ მოახერხა ანტირუსული მოქმედებით, 2014 წლის შემდეგ კი ანტირუსული პროპაგანდის მასშტაბებით რუსეთის იზოლაცია. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ს 3 პრეზიდენტი მოინელა და მეოთხეზე გადავიდა, თავსაც კარგად გრძნობს და რეიტინგიც მაღალი აქვს.

თვალშისაცემია კრემლის აქტიურობა საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკური კავშირები პატარა თუ დიდ ქვეყნებთან. რუსეთის წინააღმდეგ დარაზმული დასავლეთი, ანტირუსული სანქციებით, რიტორიკითა და პროპაგანდით, ვერაფერს ხდება, ისე, როგორც მასზე მიტმასნილი საქართველო.

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოშიც შეიცვალა ხელისუფლება და ამ შეცვლილი მმართველობით ქვეყანამ ოთხნახევარი წელიწადი გალია – დაპირებაში მხოლოდ და ნაკლებად საქმის კეთებაში. იმ უამრავი დაპირებიდან, რომლებითაც „ოცნებამ“ მოიპოვა ამომრჩევლის ყურადღება, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაც იყო.

წინა, „ნაცური“ ხელისუფლებასთან შედარებით, „ოცნებამ“ რაღაც ნაბიჯები გადადგა მოსკოვთან კავშირების გასაუმჯობესებლად, მაგრამ უდავოდ არასაკმარისი და დროის მოთხოვნებისადმი არაადეკვატური. თუ რატომ ვერ ან არ შეასრულა „საოცნებო“ ხელისუფლებამ დაპირებები, იოლი ახსნა არ აქვს.

მთელმა რიგმა საშინაო და საგარეო ურთიერთობებმა განაპირობეს „ოცნების“ „ცალყბა“ მოქმედება რუსეთთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა – აშშ-ან და ბრიუსელთან ანუ ნატო-ევროკავშირთან დამოკიდებულებაა გასათვალისწინებელი.

სამივე მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ ისე იაქტიურა, რომ ვაშინგტონიც და ბრიუსელიც დაარწმუნა საკუთარ გადაწყვეტილებაში – ევროატლანტიკური კურსის ურყეობა. მათაც თავის მხრივ ჩათვალეს, რომ საქართველომ გაუმართლა. ის მტკიცე მოკავშირეა – ანტირუსული პოლიტიკის ფორპოსტი ამიერკავკასიაში.

თვალშისაცემია ნატოს აქტიურობა საქართველოში – ერთობლივი გახშირებული წვრთნები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ასოცირებული წევრობა და ა.შ. მაგრამ თუ რა მოუტანა ან რას მოუტანს ესოდენი აქტიურობა საქართველოს – ესეც თვალნათელია – მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნაში, უმუშევრობის ზრდაში, სოციალური პირობების გაუარესებაში, დემოგრაფიული ვითარების კატასტროფამდე მიყვანაში და სხვა.

დასავლეთთან ურთიერთობით ჯერ-ჯერობით დასავლეთი ხეირობს, რამეთუ მინიმალური დანახარჯებით ახერხებს მისთვის ესოდენ საჭირო გეოსტრატეგიული პოზიციის განმტკიცებას კავკასიაში – რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან.

მეორე ფაქტორი – ოპოზიციად მონათლული „ნაცმოძრაობის“ შიშია. ყოფილი „ნაცური“ ხელისუფლება, ამერიკა-ევროპის პირწავარდნილი მარიონეტი, პატარა შანსსაც არ უშვებს ხელიდან „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რუსეთის მიმართ გამოთქმული რაიმე მოსაზრების ლაფში და კრიტიკაში ამოსასვრელად, რაც აშინებს ხელისუფლებას და თავისი სამუშაო დროის დიდ ნაწილს თავის მართლებაში ახარჯვინებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია თვით „ოცნების“ პოლიტიკური მრწამსი – აშკარად იდენტური „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გარდა ამისა „ოცნების“ რიგებში ბევრი „ნაცია“ მოკალათებული, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ გზას, ცხადია „ნაცურს“, ამერიკულს – ანტიქართულს.

2012 წლის ხელისუფლების ცვლამ დიდი ვერაფერი შეღავათი არგუნა საქართველოს მოსახლეობას, ვერც საგარეო კურსის შეცვლა და ვერც რუსეთთან დაპირებული ურთიერთობა. საგარეო კურსი, რომ სერიოზულად მოქმედებს ქვეყნის შიდა ცხოვრებაზე, ფაქტია.

ისიც ფაქტია, რომ საგარეო კავშირების წყალობით, ერთობ უსუსურით და მარიონეტულით, მძიმე დარტყმა განიცადა ეკონომიკამ. საქართველომ პირნათლად შეასრულა დასავლეთის მითითება საკუთარი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის დაკნინების თაობაზე, რაც იმავე დასავლეთისთვის ეკონომიკური კარის ფართოდ გაღების გარანტიაა. როდესაც ქვეყანა თითქმის არაფერს აწარმოებს, იძულებულია იმპორტული საქონლით, მათ შორის კვების პროდუქტებით დაიკმაყოფილოს თავი.

საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა, რომელსაც 80-მდე სხვადასხვა დანიშნულების ნაწარმი გაჰქონდა მსოფლიოში, თავიდან ბოლომდე მომხმარებელი გახდა. დღევანდელი ეკონომიკა – იმპორტული ნაწარმის მოსახლეობის მიერ გადამუშავებაზე და გამოყენებაზე დაფუძნებული, თავისთავად ართულებს ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესის დაწყებას. გარდა ამისა უნებლიედ ბადებს კითხვას – სურს კი ხელისუფლებას შეცვალოს ვითარება?

რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – არა, ვინაიდან ვითარების შეცვლას გონებაგახსნილი პოლიტიკოსები სჭირდება, ასეთი კი ხელისუფლებაში არ მოიპოვება.

ანალოგიური ვითარებაა საგარეო პოლიტიკაშიც. ხელისუფლებას უდავოდ აწყობს ის ვითარება, რაც საქართველოშია – რუსეთის ლანძღვა, დასავლეთთან ჩახუტება, ზედაპირული, არაპროფესიონალური დასკვნების გაკეთება და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. არადა პოლიტიკური ვექტორი რომ შესაცვლელია, დიდი თავისტეხა ამას არ სჭირდება.

საქართველო დაემსგავსა იმ ავადსახსენებელ ჩამორჩენილ ქვეყნებს, სადაც საუკუნეების, წლების განმავლობაში ფეხი ჰქონდა მოკიდებული დასავლეთს. რაც დასავლეთმა გააკეთა, იყო ის, რომ შექმნა, დააპურა ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტა – მისდამი ლოიალურად განწყობილი და მასთან ერთად გაძარცვა ქვეყნები.

განა ამგვარს არ აქვს ადგილი საქართველოში?!

განსხვავება არაფერშია, თუ არა ქვეყნის სახელში. თუმცა არის განსხვავება – დემოგრაფიაში. ის ქვეყნები გაცილებით მეტ მოსახლეობას (ადგილობრივს) ითვლიან, ვიდრე საქართველო, რაც თავისთავად სერიოზული დაფიქრების საბაბია. მაგრამ არის?

საქართველოზე მეტს ვერაფერს იტყვი, თუ არა მარიონეტზე, რომელსაც არც საკუთარი პოლიტიკა და არც საკუთარი აზროვნება გააჩნია. საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლება, აშშ-ს ანარეკლია ამიერკავკასიაში და ის, ისე იქცევა, როგორც მარიონეტს შეეფერება. ასეთისგან სხვაგვარ შეფასებას ვერ მოისმენთ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტის შედეგად.

ხელისუფლებისთვის მსგავსი ნაბიჯი მიუღებელია და მიუღებელია იმიტომ, რომ მიუღებელია აშშ-სთვის, რომელსაც არ ანაღვლებს არც საზღვრების გადმოწევა და არც სხვა რამ, რაც დაკავშირებულია სომხეთ-აზერბაიჯანთან საზღვრების დაკანონებასთან. მერე რა, თუ საქართველო ისტორიულ ძეგლებს და მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს?!

დასავლეთის აზრით, ეს საკითხები ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და აშშ-ი მათ საქმეებში ვერ ჩაერევა, მაგრამ სხვა საკითხებში რომ ერევა და თანაც უხეშად?

აფსუს, რუსეთი. არადა, როგორც ვატყობ მეზობლებთან სასაზღვრო საკითხების მოსაწესრიგებლად მესამე ქვეყნის დახმარება იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასუსტებული საქართველო ვერაფერს გახდება მათთან. როგორც აზერბაიჯანმა, ისე სომხეთმა და თურქეთმა კარგად იციან დასავლეთის პოზიცია. ისიც იციან, რომ, ის არ ჩაერევა ასეთ საკითხში.

არც რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ წლების განმავლობაში სერიოზულად არის შეურაცხყოფილი. მაშ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო? – ერეკლეს გზას, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს.

25-წლიანმა უკომპასო ხეტიალმა ნუთუ ჭკუა არ უნდა გვასწავლოს? ნუთუ, არ უნდა დაგვანახოს, რომ დასავლური მენტალიტეტი მხოლოდ გამორჩენაზეა დაფუძნებული? არ უნდა დავინახოთ, რომ დასავლეთი შორსაა და დახმარების გაწვა, რისი დიდი სურვილი რომ ჰქონდეს, უახლოეს მეზობელთან შედარებით, გაუჭირდება?

ნუ ავყვებით რუსოფობ ვაი-პატრიოტებს! ნუ გავიზიარებთ მათ მცდარ მოსაზრებას რუსეთთან მიმართებაში! ნუ გადავიქცევით ისეთ მონებად, უკან მოხედვის თავიც არ გვქონდეს!

ვიაზროვნოთ პრაგმატულად – ქვეყნისთვის სასიკეთოდ და არა პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად. ნუ გავიყიდებით საღეჭ რეზინებზე. ვიფიქროთ ისე, როგორც დიდი ერეკლე ფიქრობდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.