05.12.2024

გაეროს კენჭისყრა და საქართველო

გასული დღეების მოვლენებმა აშკარად ცხადყო ქართველთა მიერ ხელში ნაგოგმანები ევროატლანტიკური სივრცის სრული სუბიექტურობა საქართველოს საშინაო საკითხებთან მიმართებაში. არ დარჩა ამერიკა-ევროპის მაღალ-დაბალი პოლიტიკოსი თუ მოხელე, რომელსაც საყვედური არ ეთქვა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, წინათა დაპატიმრების გამო. განსაკუთრებული სიმკაცრე დაფიქსირდა ამერიკელ სენატორთა განცხადებაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სენატორ მაკკეინისა და სხვა სენატორების დამოკიდებულება სააკაშვილისა და მისი ნაცების მიმართ იყო და არის განსაკუთრებულად თბილი.

საყვედურები გამოითქვა ამერიკა – საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ამერიკაში გაიმართა. სენატორმა ლუგარმა დაჭერების მრავლობითობაზე გაამახვილა ყურადღება – მიიჩნია რა პროცესი არადემოკრატიულად. მან ისიც თქვა, რომ ქართველი ხალხი დადებითად არ შეაფასებს ახალი ხელისუფლების ქმედებას.

აქტიურობს სახელმწიფო დეპარტამენტიც – ყოფილ ხელისუფალთა პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე საფუძვლიანი მტკიცებულებები არ დაიდებაო, – აცხადებს ის.

ამერიკელმა სენატორებმა გააკრიტიკეს ფანჯიკიძე, რომელმაც ყოფილ ხელისუფლებას კრიმინალები უწოდა. ჩემის აზრით, ისინი მართლაც კრიმინალები არიან, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებამდე ჯობდა დამადანაშაულებელი განცხადებებისგან თავის შეკავება.

ერთი სიტყვთ დასავლეთმა ისეთი ხმაური ატეხა, თითქოს სააკაშვილი დაეპატიმრებინათ და არა ზოგიერთი წვრილფეხა მოხელე. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება, როდესაც ჯერი სააკაშვილზე, სხვა ბობოლა ნაცებზე მიდგება?!

მაშ რა ჰქნას, რა იღონოს ხელისუფლებამ? დასავლეთს კოჭი გაუგოროს და თვალი დახუჭოს წინამორბედთა კრიმინალურ ქმედებებზე? დასავლური „კოჰაბიტაცია“ საქართველოს შემთხვევაში შეუძლებელია, ისე, როგორც ეს შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში. მგლისა და კრავის თანაცხოვრება მხოლოდ ცირკში ხდება და ისიც კარგი, გამოცდილი მომთვინიერებლის ხელში, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ვერც ამერიკელ და ვერც ევროპელ „მწვრთნელებზე“. გარდა ამისა არც საქართველოა ცირკი და საექსპერიმენტო პოლიგონი.

დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში წინა ორი ხელისუფლების მიერ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ათასობით კილომეტრზე მყოფ ამერიკას თავი „ჩამორჩენილი“ ქვეყნის მასწავლებლად ჩაეთვალა. სწორედ მისი მასწავლებლობის პერიოდში მიაღწია საქართველომ ე.წ. „წარმატებებს“ და რაც მთავარია ელიტარულ კორუფციას, რის გამოც შეიცვალა აზრი მოსახლეობამ 1 ოქტომბერს.

საქართველოს ამომრჩეველმა კი შეიცვალა აზრი საკუთარ ხელისუფლებაზე, მაგრამ ამერიკელ მასწავლებელს აზრი არ შეუცვლია. ის დაბეჯითებით მხარს უჭერს ბოლო ცხრა წლის ვითარებას და ამ ვითარების შემოქმედ სააკაშვილის ხელისუფლებას, რაც თავისთავად უნდა მიანიშნებდეს ახალ მთავრობას, რომ გუნდრუკის კმევით, მეტადრე თავის დამცირებით და ევროატლანტიკური სივრცისადმი კუდის ქიცინით მდგომარეობა არ შეიცვლება.

ამერიკელთათვის სააკაშვილი დღესაც „დემოკრატიის შუქურაა“. რა გაეწყობა, შევუნდოთ ამერიკელებს, მაგრამ გავაგრძელოთ სამართლიანობის დამკვიდრების გზა.

ზოგს მიაჩნია, რომ ამერიკელთა განაწყენება საქართველოს ძვირი დაუჯდება, ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება. კეთილი, მაგრამ იმაზე ცუდი რა უნდა იყოს, რაც დღეს არის?!

სწორედ ამერიკელთა წყალობით იქცა საქართველო უჩამორჩენილეს ქვეყნად,  რომელსაც არც ეკონომიკა აქვს, არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც სამედიცინო უზრუნველყოფა და არც გამართული განათლების სისტემა. რაც აქვს – ე.წ. დემოკრატიაა – გაცილებით „მაღალი“ ხარისხის, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ვის ჰყავს დემოკრატიის „შუქურა“ პრეზიდენტი? ცხადია საქართველოს, თუმცა ეს ნაკლებად დასამშვიდებელია გაძვალტყავებული და „გადასავლეთებული“ საზოგადოებისთვის.

საქართველოს მიმართ ევროატლანტიკური სივრცის არაობიექტური დამოკიდებულება ნეგატიურ განცდას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, რაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის იქნებოდა, საწინააღმდეგოს რომ ჰქონოდა ადგილი. ქართულმა საზოგადოებამ მწარე გაკვეთილი მიიღო, თანაც მოულოდნელი. მის წარმოდგენაში კეთილშობილი, დახმარების ხელის გამომწვდელი აშშ-ის სახე, ხელში კვერთმომარჯვებული დამსჯელის სახით შეიცვალა ანუ ისეთით, როგორიც სინამდვილეშია.

ქართული საზოგადოება გვიან, მაგრამ მაინც ხვდება, რომ ვიღაცის მხრიდან ხელის გამართვა მუქთად არ ხდება, რომ კეთილი თოვლის ბაბუა – დახუნძლული საჩუქრებით, მხოლოდ საახალწლო ზღაპრებშია.

სტრატეგიული პარტნიორობა მარტო მიღებას არ ნიშნავს, ის გაცემასაც ნიშნავს. ასეთია მარტივი საურთიერთობო კანონი საერთაშორისო არენაზე. არ მოგწონს? ვიდრე ურთიერთობას დაიწყებ, კარგად უნდა აწონ-დაწონო, რას მოგიტანს ის. ძნელია პატარა, უსუსური, უმწეო ქვეყნისთვის გაჯიქება, მაგრამ მთლად წაწოლაც არ ვარგა, განსაკუთრებით სახის დაკარგვა.

საკუთარი აზრის გამოთქმის შანსიც რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სულაც არ არის გასაკვირი. როდესაც „სტრატეგიულ პარტნიორობაში“ გაქვს თავი გაყოფილი – თვალებში უნდა უყურო პარტნიორს. ამას მოითხოვს დიდი პარტნიორის მიერ შეთხზული სცენარი.

საქართველომ ერთხელ ამოიღო თავისი დამოუკიდებელი ხმა საერთაშორისო არენაზე – გაეროს სახით და უმალ ისეთი ჭიაკოკონა გაჩაღდა, როგორც გარეთ, ისე შიგნით, სააკაშვილის ნაცებს რომ გაუხარდებოდათ. სწორედ ისინი იყვნენ შიდა კრიტიკული ჭიჭყინის მოთავეები. ცხადია აშშ-ს და მის მარჯვენა ხელს, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელს აშკარად არ მოეწონათ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაგრამ ამის გამო მათ დიდი საყვედური არ უთქვამთ. საყვედური სხვა საკითხთან – დაჭერებებთან დაკავშირებით გამოითქვა.

დიპლომატია ერთობ ჩახლართული საგანია – ერთ ადგილას გამოვლენილი დაუბალანსებლობა, მეორე ადგილას წამოჰყოფს თავს. ამერიკამ ჩაყლაპა პალესტინის სასარგებლო ქართული კენჭისყრა, მაგრამ მიუღებლად მიიჩნია ფანჯიკიძის მიერ ძველ ხელისუფალთა კრიმინალებად მოხსენიება.

ფართო საზოგადოებისთვის ვერასდროს გახდება ცნობილი, თუ რამ გადააწყვეტინა ახალ ხელისუფლებას, ამერიკა-ისრაელის საწინააღმდეგო მოქმედება. საქართველო, რომ თანმიმდევრულ, ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდეს – რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნებოდა პალესტინელთათვის მხარის დაჭერა, მაგრამ ქართული პოლიტიკა ტროლეიბუსის მარშრუტის მსგავსია, რომელსაც არ ახასიათებს მარჯვნივ ან მარცხნივ გადახვევა – ელექტრომავთულებიდან მოწყვეტის შიშით. მისი სვლა-გეზი ვაშინგტონია.

შეგნებულად თუ შეუგნებლად საქართველომ მხარი დაუჭირა ახალი არაბული სახელმწიფოს სამომავლო დაბადებას. პალესტინის გაყოფიდან 65 წლის შემდეგ პალესტინელებმა შეიძლება საკუთარი სამშობლო მოიპოვონ.

1947 წელს ჩაეყარა საფუძველი ახლო აღმოსავლეთის დაპირისპირებას. სწორედ ამ წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის ორ სახელმწიფოდ გაყოფის რეზოლუცია. ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო არაბული სახელმწიფო პალესტინა – ტერიტორიის 44%-ით, მეორეზე – ისრაელი. არაბებმა, იმთავითვე, გაყოფა არასამართლიანად მიიჩნიეს და უარყვეს წინადადება. მათი აზრით, პალესტინა მთლიანად მათ ეკუთვნოდა. ებრაელებმა რეზოლუცია მიიღეს და დაიწყეს სახელმწიფოს ჩამოყალიბება პალესტინის ტერიტორიის 78%-ზე. პალესტინელებს რაც დარჩათ,  არის ე.წ. დასავლეთის სანაპირო და ღაზის სექტორი. 1967 წელს კი ისრაელმა ამ ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა.

მრავალი წლის პოლიტიკური ბრძოლისა და ომის შემდეგ, 1992 წელს, ოსლოში, ხელი მოეწერა პალესტინა-ისრაელის ხელშეკრულებას, ხოლო 1994 წელს შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დაიწყო ისრაელთან მოლაპარაკება, თუმცა მან ვერაფერი შედეგი ვერ მოიტანა, რაც მთავარია მან ხელი ვერ შეუწყო პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. უფრო მეტიც, ისრაელმა გულმოდგინედ მიჰყო ხელი ახალდასახლებების მშენებლობას დსავლეთ სანაპიროზე. დაიწყო იერუსალიმის სრული იუდეიზაცია.

პალესტინელთა იმედი – საკუთარი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე – დედაქალაქით იერუსალიმში, სულ უფრო პრობლემური გახდა. თელ-ავივის მეცადინეობით, დასავლეთ სანაპიროზე ახალჩასახლებულთა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება იერუსალიმს – მისგან არაბთათვის მხოლოდ ალ-აქსას მეჩეთი დარჩა, რომლის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას ისრაელი აქუცმაცებს. ისრაელის გეგმაში, 2020 წლამდე იერუსალიმის არაბული მოსახლეობის 20%-მდე შემცირდება.

არასახარბიელო პერსპექტივისგან თავის დახსნის მიზნით პალესტინამ თხოვნით მიმართა გაეროს, ამ ორგანიზაციაში მისაღებად. გასულ წელს კი პალესტინის პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოზე სიტყვაც თქვა. აბასს ფეხზეადგომით მიესალმა საბჭო, მაგრამ თხოვნა არ დაკმაყოფილდა ამერიკა-ისრაელის წყალობით. 

მიუხედავად ამისა, პალესტინას მცდელობა არ დაუკლია. წელს, მან კვლავ მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას – პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებისათვის. გაიმართა კენჭისყრა, რომლის დროს 160-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა პალესტინელთა თხოვნას. წინააღმდეგ წავიდნენ აშშ-ი, ისრაელი და თითო-ოროლა სახელმწიფო.

საქართველოს გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, განსაკუთრებით ისრაელში ხმაური მოჰყვა. ქართულმა დიპლომატიამ, თავის მართლებით, განაცხადა, რომ პალესტინისთვის მხარის დაჭერა არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ამით პალესტინა დამოუკიდებელი არ ხდებაო. გულუბრყვილო, თანაც არადიპლომატიური განცხადებაა. გამოდის, რომ პალესტინას საქართველოს მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუკი მომავალში მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში.

მაინც რას აძლევს პალესტინას დამკვირვებლის სტატუსი? უპირველეს ყოვლისა იმას, რომ დასავლეთი სანაპირო, ღაზის სექტორი და იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიებია, რომლებიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისრაელის მიერ არის ოკუპირებული და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც მიმართავს ისრაელი ამ ტერიტორიებზე, არის უკანონო. ყველა დასახლება, შექმნილი ისრაელის მიერ, პალესტინა-ისრაელს შორის აგებული გამყოფი კედელი, ნებისმიერი გეოგრაფიულ-დემოგრაფიული ცვლილება აღკვეთილი უნდა იქნას.

პალესტინას უჩნდება შესაძლებლობა გახდეს გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციების, ისეთების, როგორებიცაა – საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, ფაოსა და სხვა ორგანიზაციების წევრობა.

გაეროს კენჭისყრამ ერთობ გააღიზიანა ისრაელი. კენჭისყრამდე ის მოუწოდებდა პალესტინას ხელი აეღო გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუწესებდა სანქციებს და ოკუპაციას გაუკეთებდა იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც პალესტინის თვითმართველობაშია. ისრაელს არც აშშ-ი ჩამორჩა. ის იმუქრებოდა პალესტინისთვის დახმარების შეწყვეტით, ვაშინგტონში არსებული პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ბიუროს დახურვით და სხვა.

გაეროს რეზოლუცია, პალესტინის დამოუკიდებლობისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება წერტილი დაუსვას ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციას. თითქოს ამისათვის იღვწის აშშ-იც. ვერბალურად ისრაელიც მიესალმება პალესტინის დამოუკიდებლობას, მაგრამ მხოლოდ ვერბალურად. სინამდვილეში, პოზიტიურ სურვილებს ამოფარებული აშშ-ისრაელი, მაქსიმალურად ცდილობენ პალესტინის დამოუკიდებლობის მინიჭების პროცესის გაჭიანურებას.

და რომ ეს ასეა, კარგად ჩანს განვლილი ისტორიიდან. 1947 წლიდან მოყოლებული ვერა და ვერ დაედგა თავი ამ პრობლემას, პრობლემას, რომელიც მუდმივ დენთის კასრად ითვლება არა თუ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

იქნებ აშშ-ს აწყობს მსგავსი სახიფათო კასრის არსებობა? იქნებ მშვიდობიანობა გაანელებს ამერიკულ გავლენას ახლო აღმოსავლეთში? იქნებ ამერიკელთა გავლენის განელებას ირანის გაძლიერება მოჰყვეს რეგიონში? სხვა მრავალი კითხვის ნიშნები ჩნდება ახლო აღმოსავლეთისადმი ამერიკელთა პოლიტიკიდან გამომდინარე. დღეს რთულია ყველა მათგანზე პასუხის გაცემა, მითუმეტეს რთულია ამერიკული ამოცანის ამოხსნა საქართველოს ხელისუფლებისთვის – უნებლიედ გაჩხერილის მსოფლიო პრობლემებში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.