26.12.2024

შვეიცარიის მაგალითი საქართველოსთვის გამოუსადეგარია

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

შვეიცარია ის ქვეყანაა, სადაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხზეც კი რეფერენდუმი ტარდება. საკმარისია აზრთა სხვადასხვაობის ტემპერატურის ზრდა და სრულიად საყოველთაო სახალხო გამოკითხვა არეგულირებს ვითარებას. იქაური საზოგადოება რახანია მიეჩვია ქვეყნის მართვაში საკუთარი წვლილის უშუალო შეტანას და არა იმიტომ, რომ არ ენდობა მის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ ხალხის მმართველობის, „დემოკრატიის“, ნამდვილ არსს უწევს „ექსპლუატაციას“.

ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო კანონებს არ იღებს ან არხეინად ჩეროშია წამოგორებული რეფერენდუმის იმედზე. არა! მან ზედმიწევნით კარგად იცის საკუთარი ფუნქციები და აქედან გამომდინარე მოჭარბებული პასუხისმგებლობით ეკიდება მისდამი გამოცხადებულ სახალხო ნდობას. პარლამენტმა იცის, რა სურს ამომრჩეველს, მაგრამ მიუხედავად ამისა თავს უფლებას არ აძლევს მასთან შეუთანხმებლად გადადგას ნაბიჯი, რომელიც თვით ხალხს, ქვეყანას დააზარალებს.

ევროპის ქვეყნებში რეფერენდუმი იშვიათობა არ არის, რაც აშკარად მიუთითებს საზოგადოების ჩართულობაზე საქვეყნო საქმეებში. აი, რაც შეეხება გაევროპელებულ საქართველოს ანუ ევროპაში „დაბრუნებულს“, რომლის შესახებ თვით ევროპელებსა და ქართველებს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან შეახსენა, არც რეფერენდუმის სჯერა და არც დემოკრატიის.

დღევანდელ ხელისუფლებას, ისე, როგორც გუშინდელს და გუშინწინდელს არ სურს ხალხის წამდაუწუმ „გადაღლა“ ისეთი მარტივი საქმისთვის, როგორიც რეფერენდუმია. და მართლაც რატომ უნდა შეაწუხოს ხალხი, განა მას (ხალხს) სხვა საქმე არ აქვს?! ერთხელ შეაწუხა – საპარლამენტო არჩევნებისთვის, მეორედ – საპრეზიდენტო, მესამედ – ადგილობრივით. ამდენი „შეწუხება“ შეიძლება?! და რომ არა, თვით, ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე ისეთს გააგორებს, ხალხის აღშფოთებას რომ საზღვარი არ აქვს.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს, ფურცლები არ გვეყოფა. გავიხსენებ მხოლოდ ორს, რომელიც მეტნაკლებად ქვეყნის ბიუჯეტს ეხება და ხალხის ჯიბის დაცარიელებას. პირველი – საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის 29 მილიონი ლარის გამოყოფაა. მეორე – პარტიებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ზღვარის გადალახვისთვის „ნამდვილი“ პარტიის სახელის მინიჭება და მასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

პირველი, დროებითია ანუ წლის ბოლომდე. მეორე, 4-წლიანი ანუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. პირველს – ხელისუფლების განმარტებით, ზურგს უმაგრებს აკვიატებული თემა – საქართველოს ცნობადობის გაზრდა. კონცერტებით, უცხოელი პოპ-ვარსკვლავების მოწვევით, ცეკვა-თამაშით აპირებს საქართველოს ხელისუფლება ტურისტების რაოდენობის გაზრდას. მარტივი რამაა – ჩამოიყვან უცხოელ შემსრულებლებს, ჩამოყვანამდე მთელს მსოფლიოში დააანონსებ და იხუვლებს ხალხი საქართველოსკენ.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის უცხოელი შოუ-ბიზნენის წარმომადგენლების კონცერტებზე უცხოელების დასწრება?! მოწვევა-კონცერტი-უცხოელი ტურისტები-შემოსავალი ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის გადავსება. რა სჯობს ამას?! მაინც რა მარტივად არის მოფიქრებული სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების წყარო?

იქნებ თავი დავანებოთ რაღაც საწარმოების გახსნაზე ლაპარაკს, სხვა პროგრამებს და მარტო კონცერტებზე ვიფიქროთ? არც მშენებლობა დაგვჭირდება, არც კვალიფიციური მუშახელის ძებნა და არც ინვესტიცია. ჩაატარებ კონცერტს და ფულსაც ჩაიჯიბავ.

მაგრამ, არის ერთი რამ, რაც უდავოდ გასაზიარებელია – წინა ხელისუფლების გამოცდილება. უცხოელ შემსრულებელთა მოწვევაში სააკაშვილს ბადალი არ ჰყავდა. ვინ არ გვეწვია მაშინ, მაგრამ ტურისტების მოზღვავებას ადგილი არ ჰქონია. უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ფულს ქართული ბიზნესი იხდიდა და არა ბიუჯეტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. თუ როგორ იხდიდნენ – შეწერით თუ ნებაყოფლობით, სხვა საქმეა.

29 მილიონი ლარი ჩვენი მწირი ბიუჯეტისთვის საგრძნობი თანხაა და მისი ესოდენ ქარაფშუტულად ხარჯვა დაუშვებელია, მითუმეტეს დაუშვებელია ხალხის ზურგსუკან გადაწყვეტილების მიღება და ფაქტის წინაშე დაყენება. მომავალი საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე კულტურის მინისტრი (კონცერტების პროექტის ინიციატორი) 2-3 თვის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და თან წაიღებს 29 მილიონს, რომელიც ერთხანს ეყოფა. ჩატარდება თუ არა კონცერტები და დაესწრება თუ არა ტურისტები, ან რა რაოდენობით, მუდამ გამოუცნობი იქნება.

საქართველოს დამშეულ მოსახლეობას უდავოდ არ სურს კონცერტებში მილიონების ყრა, მაგრამ მას ვინ ჰკითხავს. საქართველო ხომ შვეიცარია არ არის?! საქართველო ევროპაში „დაბრუნებული დემოკრატიაა“ (კვირიკაშვილი). უკვე კარგა ხანია იქ ვართ და რაღა „ცნობადობის“ გაზრდა გვინდა? დემოკრატიულიც ვართ, თუმცა ხალხისთვის კითხვა საკონცერტო პროექტთან დაკავშირებით, გვავიწყდება. შვეიცარიაში კი ხალხს ეკითხებიან, მითუმეტეს ხაზინის ფულის ხარჯვაზე, „დემოკრატიულ“ საქართველოში – არა.

ხალხი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებათ – არჩევნების წინ. არჩევნებიდან-არჩევნებამდე პერიოდში ხალხის მიერ არჩეულის ნებისმიერი „გამოგონების“ უსიტყვო მსმენელ-შემსრულებელი. ასე, რომ, რაც არ უნდა იძახოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში – ევროპელები ვართ, ევროპაში დავბრუნდით და გავდემოკრატდითო – მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იქნება.

მეორე საკითხი – 2%-იანი პარტიების „ნამდვილად“ ჩათვლა ხომ სასწაულის დონეზეა, ცხადია ხალხისთვის, თორემ მომავალ ორპროცენტიანებს ისეთი საამური ჟრუანტელი უვლით ტანში, უკეთესს რომ ვერ იფიქრებთ. საჟრუანტელოდ აქვთ საქმე და იმიტომ. მათი მთავარი მიზანი არა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ 2%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება, რაც თავისთავად მისცემს ამ პარტიებს საშუალებას, 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტზე „დასხდნენ“.

ხელისუფლებაა ამ ახალი, ნოვატორული იდეის ავტორი, რითაც თავიდან იშორებს აბეზარ „ქუჩის“ პარტიებს – საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოსურნეს და ვითომ პატარა კანფეტებით ცდილობს მათი მორჩილების მოპოვებას. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება ყველივე ანუ ხალხის ხარჯზე. ვინმემ იკითხა სურს თუ არა ხალხს მსგავსი სისულელის ცხოვრებაში გატარება?!

ხალხის სიბეჩავეში დარწმუნებული ხელისუფლება, ამ „გონებამახვილური“ პროექტის თაობაზე ხალხს როგორ შეაწუხებდა და არც შეუწუხებია – პირდაპირ აჯახა. რასა იქმს ხალხი? არც არაფერს. „ძალა აღმართს ხნავს“ – პრინციპით არის გაყუჩებული. ჯერ ერთი მან არც იცის რას ნიშნავს ეს და მეორეც ვერ წარმოიდგენს, რომ მისი ჯიბე მომავალში კიდევ უფრო დაცარიელდება უსაქმური პარტიების გაჯეჯილების ხარჯზე.

დემორატიაც ამას ჰქვია! „არჩეული“ პარლამენტი, პრეზიდენტი და დანიშნული აღმასრულებელი ხელისუფლება – მუდამ ამომრჩევლის სამსახურში რომ უნდა იყოს ჩამდგარი და მის გარეშე ზემომოყვანილ „უმნიშვნელო“ საკითხებსაც კი არ უნდა წყვეტდეს, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე იკიდებს მას, როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს. და ვიდრე ასეთს აქვს ადგილი, ზედმეტია სტრასბურგზე, ბრიუსელზე ლაპარაკი, მათი, ქართული „ორატორობით“ „მოხიბლვა“, იმის თქმა, რასაც ჩვენში სულაც არ აქვს ადგილი და კარგა ხანს არ ექნება, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პარტია უმალ ყოყლოჩინად იქცევა და ზემოდან დასცქერის ხალხს.

პრემიერ-მინისტრმა ბრძანა – გვაწუხებს მომავალი რეფერენდუმის საკითხი, რომელიც ა.წ. აგვისტოში გაიმართება სამხრეთ ოსეთშიო. პრემიერს აწუხებს, რაც არ არის გასაკვირი – მისი სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ჩანს, არ აწუხებთ ევროპაში ინტეგრაციის მინისტრს დავით ბაქრაძეს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფერენდუმს არავითარი ძალა არ ექნება.

ანალოგიურად აზროვნებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც. არის თუ არა ეს საკითხი ისეთი, რომ არ გაწუხებდეს? ნამდვილად არა! მაგრამ რატომ არ აწუხებთ ეს ბაქრაძეს და ზაქარეიშვილს?

მარტივი მიზეზის გამო – დასავლეთი არ ცნობს დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს და ის, მათ მიერ საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა. დასავლეთი სიტყვიერად ზურგს გვიმაგრებს, რეალურად არაფერს აკეთებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. დასავლეთი არ აკეთებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს?

დასავლეთზე ორიენტირებული და მათი ფუყე დაპირებით „გულგამაგრებული“ ხელისუფლება თვლის, რომ „ეგრეთ წოდებულის“ მიერ ჩატარებული რეფერენდუმი „ეგრეთ წოდებული“ ანუ თავის მოტყუება იქნება. ვაგლახ რომ არც მთლად ასეა საქმე.

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ის ყოფილი ავტონომიაა, სადაც 1989 წლიდან მოყოლებული არაერთი რეფერენდუმი ჩატარდა. ყველა მათდანი – საქართველოდან შორს დგომას აფიქსირებდა და არა პირიქით. დასავლეთი იძულებულია მხედველობაში მიიღოს ყოველივე ეს, თუმცა რუსეთის ჯინაზე აცხადებს, რომ არ ცნობს რეფერენდუმის შედეგს. სამხრეთ ოსეთი გაეროს უმთავრესი დოკუმენტის მოთხოვნისდა მიხედვით იქცევა, სადაც შავით თეთრზე წერია „ერთა თვითგამორკვევა“.

დიახ! დღეს, დასავლეთი თვალს ხუჭავს, რუსეთის გამოისობით, მაგრამ ხვალ რომ რუსეთს ჩაეხუტოს, მაშინ ხომ გაიხსენებს ჩატარებულ რეფერენდუმებს?

კვირიკაშვილმა იცის, რომ ერთხელაც იმ „დემოკრატიულ“ დასავლეთში ანგარიშს საქართველოდან განდეგილ ყოფილ ავტონომიებს გაუწევენ, რასაც ფაქტობრივად ჩამოჭრილის, იურიდიული აღიარება მოჰყვება. ზაქარეიშვილ-ბაქრაძის და ხელისუფლების სხვა მისთანების მოვალეობაა დაკარგული ტერიტორიების შემობრუნებისთვის ბრძოლა, თუმცა ახლა რაღა დროს – 4 წელი ტყუილ ლაქლაქში გაატარეს და დარჩენილ 2-3 თვეში გააკეთებენ რამეს?

ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთთან ურთიერთობათა დალაგების დაპირება, დაპირებად დარჩება, ისე, როგორც სხვა. ამასობაში სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს თავის საქმეს.

4 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა: „კონსტიტუციის მე-10-ე სტატიის შეცვლას უნდა მოჰყვეს პრეზიდენტისთვის უფლების მიცემა მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებით – შეიქმნას ერთიანი საკავშირო ორგანო, რომელსაც სამხრეთ ოსეთი გადასცემს საკუთარ უფლებამოსილებას. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ პუტინთან და მივედით დასკვნამდე, რომ ეს სამხრეთ ოსეთის შიდა საკითხია; რომ ეს საკითხი საჭიროებს იურიდიულ გააზრებას და მისი რეალიზაციისთვის კონსტიტუციის შეცვლას. სწორედ, ამიტომ ვაპირებთ რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ ავირჩიეთ რუსეთთან დაახლოების გზა და მას ვერვინ შეგვაცლევინებს“.

ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების დაწყება, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი და არა პოზაში დგომა და დასავლეთის მოიმედეობა. ხალხი ითხოვს ამას და არა რუსეთუმე პარტიები. ხალხი გაცილებით ბრძენია, ვიდრე პოლიტიკური პარტიები და რახან ასეა, იქნებ ერთხელ მაინც გაუწიონ მას ანგარიში.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.