ფიცი მწამს – ბოლო მაკვირვებს

ისე, როგორც ყოველთვის – 25 წლის განმავლობაში ქართული პრესის უდიდესი უმრავლესობა იმ ანტირუსული ფსიქოზით ცხოვრობს ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დროს რომ მიეცა ფართო გასაქანი. საკმარისია რაღაც ითქვას საქართველოზე (კარგი თუ ცუდი), უმალ რეაქციას იწვევს ქართულ ჟურნალისტიკაში, ცხადია ნეგატიურს, თუნდაც დადებითად ვიყოთ მოხსენიებული. აღნიშნულის დემონსტრაციაა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული ჟურნალისტ მანანა ნოზაძის სტატია „სადაც რუსი ცხოვრობს, იქ ყველგან არ არის ნოვორასია!“

„რუსეთი კალაშნიკოვის ენით საუბარს განაგრძობს. სულ ახლახანს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება მაგალითი გამოდგეს უკრაინისა და საქართველოსთვის“.

საკითხი ეხება მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კალაშნიკოვის აზრით, თუ მოლდოვა გადაწყვეტს კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს დნესტრისპირეთის მოლდოვას შემადგენლობაში დაბრუნებას, ეს მაგალითი, შეიძლება იყოს უკრაინა-საქართველოს ტერიტორიული საკითხების მოგვარებისთვის.

უდავოდ ყურადსაღები განცხადებაა ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულებისთვის (უკრაინა-საქართველო), თუმცა საკითხავია – თვით მათ სურთ აღნიშნულის მოგვარება?!

კითხვას მოუფიქრებლად არ ვსვამ, რეალობა და საკუთარი გამოცდილება მიკარნახებს ამას. 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“, წლების განმავლობაში, სისტემატური შეხვედრები იმართებოდა საქართველო-აფხაზეთის პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა შორის ავსტრია-გერმანიაში. შეხვედრების ორგანიზატორები ინგლისელი და გერმანელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. შეხვედრებში მონაწილე 7-7 წარმომადგენელი, მშვიდ ვითარებაში ვარკვევდით რა გზა აგვერჩია შესარიგებლად. 2003 წლის შეხვედრის დროს კონკრეტული გეგმაც დაისახა, რომელსაც ხელისუფლებამ უდავოდ ზერელე ინტერესი, უფრო ზუსტად უინტერესობა შეაგება, რამაც მაფიქრებინა ის, რაც ზემოთ ვთქვი.

შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თუ რა მივიღეთ „ვარდების რევოლუციით“, ყველასთვის ცნობილია. ჩატყდა რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ნდობის ხიდი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ადრინდელ ჩიხურ მდგომარეობას დაუბრუნდა. 2008 წლის აგვისტომ კი მსუყე წერტილი დაუსვა ქართულ-აფხაზურ კავშირებს, მითუმეტეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას. აფხაზეთი დამოუკედებელი სახელმწიფო გახდა, ცხადია არა ყველას მიერ აღიარებული, მაგრამ განდეგილებისთვის მთავარი, რუსეთის აღიარებაა.

2008 წელმა ცივი წყალი გადაასხა 2003 წლის მოლაპარაკების შედეგებსაც და ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობას, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას – ფედერაციული თუ კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.

არის თუ არა მცირედი შანსი იმისა, ვილაპარაკოთ ქართველთა და აფხაზთა ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე ანუ იმ ვითარების დაბრუნებაზე, რასაც 2008 წლის ომამდე ჰქონდა ადგილი? მიუხედავად ოპტიმიზმისა, პირდაპირ ვიტყვი – არა! და ამას ვერც კალაშნიკოვის ვარაუდი უშველის და ვერც პუტინის. როგორც ერთხელ პუტინმა განაცხადა – რუსეთი ამ საკითხს (აფხაზეთის დაბრუნებას) ვერ გადაწყვეტს, თუ აფხაზთა მხრიდან ამის სურვილი არ იქნება.

და მართლაც, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება? ალბათ ასე – იტყვის პუტინი და მეორე დღესვე საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუზე აღდგება! მსგავსი, მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევარშიც არ ხდებოდა, მითუმეტეს 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში. უმალ შემედავებიან და მაგალითად ყირიმს მოიყვანენ, რაც უკბილო იქნება, ვინაიდან ყირიმმა რეფერენდუმი ჩაატარა და იქ მცხოვრებმა რუსმა უმრავლესობამ მხარი ჯერ დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა.

აფხაზეთში, ერთ დროს უმრავლესობაში მყოფი ქართული მოსახლეობა, უმცირესობაშია. იქაურები, დღეს აქ ცხოვრობენ, თავიანთი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებით, რომლთა გადაწყვეტილება „ნამდვილი“ აფხაზეთისთვის ნულის ტოლია ისე, როგორც იმ ყოფილი თუ დღევანდელი პოლიტიკოსების და ექსპერტების, რომლებიც ქართველთა და აფხაზთა ერთიან სახელმწიფოზე ლაპარაკობენ.

ვეჭვობ, რომ კალაშნიკოვის განცხადებამ აღფრთოვანება გამოიწვიოს აფხაზეთში. აი, 2003 წლამდე რომ ჰქონოდა მსგავსს ადგილი, უდავოდ გამოიწვევდა. მაშინ აფხაზები ფედერაცია-კონფედერაციას ითხოვდნენ და რომ ყოფილიყო ცენტრალური ხელისუფლების აზრიანი მოქმედება, დღეს საქართველოს განდეგილი ყოფილი ავტონომიები არ ექნებოდა.

კალაშნიკოვის განცხადება არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ აფხაზეთის საკითხი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მას სურკოვი წარმართავს. ის სისტემატურად ჩადის აფხაზეთში. ღრმადაა ჩახედული ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში. კალაშნიკოვის ნაცვლად სურკოვს რომ გაეკეთებინა განცხადება, სხვა იქნებოდა, მაგრამ, როგორც რუსები ამბობენ – „უთევზობის დროს, კიბორჩხალაც თევზია“. და ნაცვლად კრიტიკისა, დაფიქრების, აწონ-დაწონის შემდეგ შეიძლება პასუხის გაცემა.

ჩვენ კი – რას ვაკეთებთ? ტაშს ვუკრავთ ნოდარ ნათაძის მოსაზრებას, რომელიც გამორიცხავს ფედერაცია-კონფედერაციას. პატივცემულ ნოდარს მხარდამჭერებიც ჰყავს ყოფილ პარლამენტართა სახით, რომლებიც აცხადებენ, რომ „ფედერალური სახელმწიფოს მოწყობა ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზებას ნიშნავს“.

ვკითხულობ ამ „შედევრს“ და თავი შუა საუკუნეებში მგონია, არადა გარეთ 2016 წლის მიწურულია. გერმანიაც და შვეიცარიაც დაშლილ-დაქუცმაცებული მეჩვენება ამის წაკითხვის შემდეგ და თუ დღეს გადაურჩნენ დაშლას, ხვალ აღარაფერი ეშველებათ.

2008 წლის აგვისტოდან აფხაზეთი „დამოუკიდებელია“ და მას არავითარი სურვილი არ აქვს ქართველებთან ფედერაცია-კონფედერაციაზე ილაპარაკონ.

მეგობრებო! გამოფხიზლდით, 2016 წლის ბოლოა.  აფხაზეთი კარგა ხნის წასულია და თუ შემობრუნდა ფედერაცია-კონფედერაციით – ერთ ადგილას უნდა ვკოცნოთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ?

ისტორიას ვიხსენებთ: „ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ შეგნებულად უარყო საკუთარი თავის დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით. ქუჯი ერისთავმა თავისი დინასტიის ძალაუფლებაც დათმო და საკუთარი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა“.

ვიმეორებ, გარეთ 20016 წლის მიწურულია, შესაბამისი აზროვნებით, ხალხთა შორის ურთიერთობებით, გაეროთი, ევროკავშირით, ევროსაბჭოთი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციით და სამწუხაროდ ყველაფერ ამასთან შეუფერებელი ჩვენი მენტალიტეტით. ასეთ აზროვნებას გაუჭირდება ქვეყნის უსერიოზულესი საკითხის დროის შესაბამისად გააზრება, ადეკვატური რეაქციის გამოვლინება.

ნათაძე ამბობს, რომ „კალაშნიკოვი ცრუობს, როცა მოლდოვას მაგალითს ადარებს საქართველოს. რეალურად კი, საქართველო არის უნიტარული, ერთიანი ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც და საქართველოში შემოსულ სხვა ხალხებს (თათრებს, სომხებს, თურქული მოდგმის აზერბაიჯანლებს და სხვებს) ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის უფლება არ აქვთ“.

ამაზე იტყვიან – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვერაფრით დავარქმევთ უნიტარულს – გარდა ერთისა, თუ ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ ყოფილი ავტონომიების საქართველოს საზღვრებსგარეთ არსებობას. მხოლოდ მაშინ შეიძლება დარჩენილი საქართველო უნიტარულად მოვიხსენიოთ, თუმცა რა ვუყოთ აჭარის ავტონომიას?

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, უნიტარულობა აგებდა სამთავროებად დაყოფასთან. თუნდაც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოებრივი მოწყობა (სამი ავტონომიური ერთეული –  აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკები და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი) უფრო ფედერალურობას ნიშნავდა, ვიდრე უნიტარულობას.

ჟურნალისტის მასალიდან სხვა „მარგალიტების“ მოყვანაც შეიძლება, მაგრამ აღნიშნულიც კმარა, თუმცა კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ. „ჩეჩნეთის ომი იყო განმანთავისუფლებული ომი, აფხაზეთის ომი კი იყო რუსების მხრიდან დაპყრობითი ომი ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აცხადებს ნათაძე.

ჩეჩნეთის ომს კარგა ხანია „განმანთავისუფლებელს“ არვინ არქმებს. მხედველობაში არა რუსი, არამედ დასავლელი სპეციალისტები მყავს, ხოლო რაც შეეხება „რუსეთის მხრიდან დაპყრობით ომს ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“ – ესეც მსოფლიოს მიერ კარგა ხნის წინათ დადგენილი ფაქტია.

გავიმეორებ – 2008 წლის ომი საქართველოს გონგამოცლილმა ხელისუფლებამ წამოიწყო და როგორც აგრესორმა, შესაბამისი დამარცხება იგემა. მოგვწონს თუ არა ეს – ფაქტია. რაც უფრო მალე ვაღიარებთ ამას და ომის გამჩაღებელს მივცემთ სამართალში, მით უკეთესი მისი წყალობით შეკვეცილი საქართველოსთვის.

მაგრამ, როგორც ჩანს ქართველები სხვა მენტალიტეტისანი ვართ – არაფრით გვინდა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და სულ მუდამ სხვას ვადანაშაულებთ – ამ შემთხვევაში რუსეთს, რომელმაც საკმაოდ ბევრი იღვაწა (ისტორიულად) რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

მისასალმებელია გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს ინიციატივა მეზობელ თურქეთთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნებისთვის, რომელსაც წინ უძღვის ისტორიული ფაქტი შემდეგი შინაარსისა: „მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი, ასევე აჭარაც ოსმალოებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაეთი“ უწოდეს.

ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი. პირველად 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთისა და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, აბასთუმანი, ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი, აბოცი ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი. 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, პარიზის ზავით შემოერთებული იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ოლთისი“.

ზემომოყვანილი ისტორიული ფაქტი, რომელსაც „გულმავიწყობის“ გამო ნაკლებად იხსენებენ ქართველი „სპეციალისტები“, უმადურობის გამომხატველია, რაც შეეხება ნათაძის მოსაზრებას – ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობაა. ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ვერაფრით დავარქმევთ „უნიტარულს“.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და კალაშნიკოვის განცხადებას მოლდოვას მაგალითის (თუკი გამოვა) უკრაინა-საქართველოზე გავრცელებასთან დაკავშირებით. რომ იტყვიან – ცდა ბედის მონახევრეაო, ვეცადოთ – ჩვენ ხომ მეტი არაფერი დაგვრჩენია – იქნებ რაღაც გამოვიდეს. ბოლოსდაბოლოს დიალოგი ხომ აღდგება? ესეც დიდი საქმეა – წლების ბუტიაობის შემდეგ.

დღეს, მსოფლიოში დიდი ძვრებია განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რაც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია. ამ ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგი თუ დაკარგულს ვერ დაგვიბრუნებს, დაახლოებას მაინც შეძლებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ლამის მტრად ქცეული ქვეყნებისთვის. და თუ ამას მივაღწევთ, იქნებ სხვასაც გამოვკრათ ხელი?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.