ყირგიზული მაგალითიდან გამომდინარე
პატივცემულო მკითხველო, აზიმჟან ასკაროვის სახელი და გვარი გეუბნებათ რამეს? ვიდრე პასუხს მივიღებ თქვენგან, გულახდილად ვიტყვი თქვენს მოსაზრებას, რითაც თავსატეხიდანაც გაგათავისუფლებთ და კროსვორდის ამოხსნისგანაც. ეს სახელი და გვარი არათუ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის არის უცნობი, არამედ ყოფილი საბჭოთა სივრცისთვის, მითუმეტეს აშშ-ს მოსახლეობისთვის.
აი, რაც შეეხება მის სამშობლო ყირგიზეთს, აზიმჟან ასკაროვს ზედმიწევნით კარგად იცნობენ და თანაც უაღრესად ნეგატიური კუთხით. ეს პიროვნება გასამართლებულია ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების, სამართალდამცველის მკლელობის გამო და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
მერე რა, რომ აზიმჟანს ამერიკა არ იცნობს, მთავარია გარკვეული ავანტიურისტული ამერიკული წრეები იცნობდეს მას, რათა სხვაგვარად ანუ სათავისოდ გამოიყენოს ის. ამისთვის კი საჭიროა PR-ი, ტერორისტისა და მკვლელის გაგმირება და „გმირის“ ყირგიზეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება. ყირგიზეთი კი ისე, როგორც საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ხომ „ფერადი რევოლუციების“ თავისებური პოლიგონია? ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ისეთ საყოველთაო-სახალხო დუღილს, სახელმწიფო გადატრიალებებს ჰქონდა ადგილი, ბევრი ბობოქარი ქვეყანა რომ შურის თვალით უმზერდა.
სახალხო გამოსვლების უკან მუდამ და ყველგან მდგომი დიდი ქვეყანა იყო, საქართველო რომ „სტრატეგიულ პარტნიორად“ მიიჩნევს. თუმცა რატომ მარტო საქართველო, თვით ყირგიზეთიც ხომ ასე მოიხსენიებდა ოკეანისგადაღმელს?
მოიხსენიებდა გუშინ, მაგრამ არა დღეს. ორ „სტრატეგიულ პარტნიორს“ შორის „შავმა“ აზიმჟან ასკაროვმა გაირბინა. გაირბინა და ურთიერთობაც გაწყდა, ცალმხრივად, ყირგიზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. არადა ამერიკა-ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას 20 წლის ისტორია აქვს. ვაშინგტონისთვის ყირგიზეთის „ძმობა“ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ავღანეთის ომიდან გამომდინარე.
ყირგიზეთის სატრანზიტო მნიშვნელობა ფასდაუდებელია აშშ-სთვის. მარტო „მანასის“ აეროპორტი რად ღირს. ამ საჰაერო პორტთან დაკავშირებით, ორთა შორის გამართული კამათი ყირგიზთა სასარგებლოდ დასრულდა. მან მოახერხა პენტაგონისგან „მანასის“ გამოგლეჯა და სამხედროდან, სამოქალაქოზე გადაკეთება. ამერიკელთა გულდასაწყვეტად, „მანასის“ აეროპორტის დანიშნულების შეცვლა არ გამოდგა ფორმალური. მან დიდი დაღი დაასვა პენტაგონის ზრახვებს და აიძულა დამორჩილებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნებს. ყირგიზეთმა უარი თქვა აშშ-დან შეთავაზებულ დოლარებზეც.
„მანასის“ აეროპორტს დღესაც იყენებენ ამერიკელი სამხედროები, თუმცა არა ისე ინტენსიურად, როგორც წინათ. ბოლო დროს გახშირდა უკრაინიდან ჩაფრენილი თვითმფრინავებით აშშ-ს საელჩოსთვის განკუთვნილი ტონობით ტვირთის ჩატანა ბიშკეკში. ტვირთი არ ექვემდებარება საბაჟო შემოწმებას, ვინაიდან დიპლომატიურ ტვირთად საღდება. ასეთს კი, ვენის 1961 წლის კონვენცია – დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, იცავს.
ტვირთი არასასურველ მითქმა-მოთქმას აჩენს ადგილობრივებში, რომლებიც ამბობენ, რომ დახურულ კონტეინერებში ამერიკული დოლარებია, მორიგი ყირგიზული რევოლუციის დასაფინანსებლად.
ეს მეთოდი, კარგად აქვს მორგებული ვაშინგტონს და ხშირად იყენებს არასტაბილურ ქვეყნებში. დიპლომატიურ ფოსტას ამოფარებულმა ვაშინგტონმა, უკრაინაში აშშ-ს საელჩოს ასობით მსგავსი კონტეინერი ჩაუტანა, რომელმაც ნულანდის ფუნთუშებთან ერთად „მაიდნის“ რევოლუცია განახორციელა. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ყირგიზეთში ვაშინგტონმა ელჩად ჩვენთვის კარგად ცნობილი დიპლმატი რიჩარდ მაილსი აფრინა – რომელსაც „ფერადი რევოლუციების“ გროსმეისტერად მიიჩნევენ, მომავალი ყირგიზული რევოლუციის „კერძი“, მოგიზგიზე ამერიკულ ღუმელშია და საცაა მზად იქნება.
აშშ-ი ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელიც პატარა გამოხდომასაც ვინმეს აპატიებს. მას ჯერაც ვერ მოუნელებია განვლილი ორი რევოლუციის მარცხი, „მანასის“ აეროპორტის დაკარგვა და რაც მთავარია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ყირგიზეთის დაკარგვა. ყირგიზეთმა უარი თქვა დასავლურ გზაზე და ნაცად, ისტორიულად გამოცდილ ორიენტაციას დაუბრუნდა – მას ევრაზიულ კავშირის წევრობა ჰქვია. და არა მარტო ევრაზიულის, არამედ „შოსის“, სადაც თავმოყრილია ისეთი გიგანტები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, სხვები.
ასეთ კავშირებში თავშეყოფილი ყირგიზეთისთვის სულაც არ იყო ძნელი აშშ-ს 20-წლიანი ხელშეკრულების ცალმხრივი დენონსაცია. მიზეზიც უმალ გამოიძებნა. აშშ-ს „ბრძნული“ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრემია „ადამიანის უფლებების დარგში“, რომელიც მიეცა ზემომოხსენიებულ კაცისმკვლელ აზიმჟან ასკაროვს.
აშშ-ს პოლიტიკა ნამდვილად არ ელოდა ესოდენ მძაფრ ყირგიზულ დემარშს, რის გამოც მან სინანული გამოთქვა. მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყირგიზულმა დემარშმა ვაშინგტონი ვერ გამოაფხიზლა. ანდა ერთმა დემარშმა, როგორ უნდა გამოაფხიზლოს ათეული წლების განმავლობაში წარმოებული მზაკვრული პოლიტიკა?
დარწმუნებული ვარ სოფლის ორღობის თვითმარქვია ჟურნალისტი კვესიტაძე, ბატონ მიხეილის ასული და რაც მთავარია თავგადაკლული ამერიკელი, ჩემს ნაამბობს ყირგიზეთთან და აზიმჟან ასკაროვთან დაკავშირებით სხვაგვარად წარმოსახავს – ყირგიზეთის ხელისუფლებას შავ ფერებში, რუსეთთან ჩახუტების გამო, ასკაროვს – ქათქათა თეთრ ფერებში, როგორც მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის „მებრძოლს“, ხოლო აშშ-ს – დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც სინათლე შეაქვს პოსტსაბჭოთა სიბნელეში.
აშშ-ს პოლიტიკის მარტო ეს მაგალითი კმარა ანტიამერიკული განწყობის შესაქმნელად. აშშ-ს მოსახლეობის 99% სულაც არ იცის, ვინ არის ასკაროვი. რომ გაიგებს საიდან არის, დიდხანს აზრზე ვერ მოვა, ვინაიდან ასეთი დასახელების ქვეყანა მისთვის უცნობია, ისე, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის აფრიკული სახელმწიფო ბოტსვანა.
მითუმეტეს ვერ გაიგებს, რატომ დააჯილდოვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირგიზი ასკაროვი ესოდენ საპატიო პრემიით, თუმცა ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები ჩვეულებად აქვს ქცეული აშშ-ს ადმინისტრაციას. ასე იყო ბუშ-უმცროსის დროს საყოველთაო მოსმენების დაკანონებასთან დაკავშირებით, ასეა ობამას დროს, როდესაც ხალხის უკითხავად (რეფერენდუმის გარეშე) დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება.
აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც რეციდივისტს, გმირად აქცევს, ხოლო შლეგს – „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებს და არა მარტო უწოდებს, ყოველმხრივ ხელს შეუწყობს სხვა ქვეყანაში წინსვლისთვის. ორივე შემთხვევაში დანაშაულის ტრფიალთან გვაქვს საქმე. ასკაროვი დამნაშავეა ისე, როგორც სააკაშვილი. მართალია, პირველი მომავლის „გმირია“ – ამერიკელთა გათვლით, მეორე კი – რახანია „გმირია და გმირი“.
როდესაც ასკაროვ-სააკაშვილის ამბებს იხსენებ და მასთან ერთად ამერიკულ პოლიტიკას, დადებითად ვერ განეწყობით ამ ქვეყნის მიმართ. ძალაუნებურად შეუკურთხებთ და როდესაც შეუკურთხებთ ჩასაფრებული კვესიტაძე გინებას პრორუსულად შეგიფასებთ, ანუ ნებისმიერი გინება ამერიკისა, კვესიტაძის მიხედვით, პრორუსულად ფასდება.
არადა შე დალოცვილო, პირველო ქვეყანავ, რაღა მაინცდამაინც რეციდივისტებს აგოგმანებ. პატიოსანი და სამშობლოს პატრიოტი მიუღებელია თქვენთვის?! მაგრამ სამშობლოს პატრიოტი, მითუმეტეს ნაპრეზიდენტალი, სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში ჩადგება? ამიტომაც, გადაქანებული „მაიკლი“ მისწრებაა ვაშინგტონისთვის.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ რაც აშშ-ა დამართა პოსტსაბჭოთა სივრცეს – არა მარტო ცინიზმია, არამედ დიდი ექსპერიმენტია მომავალი მსოფლიოსთვის და თუ დროზე არ გამოფხიზლდა ის (მსოფლიო), რას დაატეხს თავს დიდი ამერიკა, არავინ უწყისს.
ბალტიისპირა ქვეყნებში დაწყებული საკადრო ექსპერიმენტი, ამჯერად უკრაინაში გაგრძელებული და მოლდოვაში გამოვლენილი, ისეთივეა, როგორც ფეხბურთში – ლეგიონერობა. თუ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობა უცხოელმა შეიძლება ჩაიბაროს, რატომ არ შეიძლება ქვეყნის მართვის საჭე უცხოელს ჰქონდეს, მითუმეტეს, თუ ეს უცხოელი ამერიკულად აზროვნებს?
აშშ-ს ადმინისტრაციამ ოდესის ოლქის გუბერნატორად სააკაშვილი დანიშნა და ისეთი უფლებებით აღჭურვა, პრეზიდენტ პოროშენკოსაც რომ შეშურდება. სულ ახლახანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა მასთან (სააკაშვილთან, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორთან) თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გააფორმა, დაახლოებით ისეთი, სუვერენულ სახელმწიფოსთან რომ აფორმებენ. რას ნიშნავს ეს? თუ რუსეთისთვის დონეცკთან და ლუგანსკთან სამთავრობო ურთიერთობა არ შეიძლება (ცნობისთვის, კრემლს არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაუფორმებია ამ ორთან), რატომ შეიძლება ამერიკა-ოდესის ხელშეკრულების გაფორმება?! და ნიშნავს თუ არა ეს, უკრაინის დაქუცმაცებას?
ვაშინგტონი ერთი წელიწადია რაც ხელებს იკბენს – ყირიმის დაკარგვის გამო. მოსკოვმა ოსტატურად ააცალა სტრატეგიული სამხედრო-საზღვაო ობიექტი. „მაიდნის“ რევოლუციის ამერიკულ გეგმაში ხომ ყირიმის ნახევარკუნძულის „მისაკუთრებას“ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა?!
არ გამოვიდა ყირიმში, გამოვა ოდესაში – სააკაშვილის ხელით. თანამშრომლობის ხელშეკრულებით რომ ამერიკული სამხედრო გემები ბინას დაიდებენ ოდესის პორტში და შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლებას შეეცდებიან, ფაქტია. საქმე გაკეთდა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ახლა კი შეიძლება სააკაშვილის მოლდოვაში კატაპულტირება. ამ ქვეყანასაც ხომ სჭირდება „განათლება“?
მოლდოვას რახანია არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი და როგორც პრესა იუწყება, მოლდოველმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილს ჩააკითხეს ოდესაში – თხოვნით, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთ და მოლდოვის პრემიერობა ჩაიბარეთო. სააკაშვილიც დათანხმდა, უფრო სწორად ამერიკელები, სააკაშვილის პირით. ამ ჩასვლა-თანხმობაში რომ ამერიკული ხელწერა ჩანს, ფაქტია.
ვიძახოთ ჩვენ რეციდივისტი, ძებნილი – არაფერი გამოვა, ვიდრე ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, როგორც ბიშკეკმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთს დაგვმართებს „სტრატეგიული პარტნიორი“, დღევანდელობა სანატრელი გაგვიხდება. კვესიტაძეები და მათი და-ძმანი ისეთს დაატრიალებენ, დარჩენილი საქართველოც გუდანაბადს აიკრეფს და სამშობლოდან სამუდამოდ გადაიხვეწება, „რუსეთუმეს იარლიყით“ დამშვენებული.
არადა რა რუსეთუმეობაზეა ლაპარაკი? როდესაც დასავლეთს აგინებ, განსაკუთრებით აშშ-ს, ეს თურმე რუსეთუმეობაა? არადა რა უნდა ამის გამოსწორებას? არც არაფერი. უბრალოდ „დიდმა“ ქვეყანამ თავისი „დიდობა“ ყოველწუთს ცხვირში არ უნდა შეგტენოს ისე, როგორც ვირს – პიტნა. თავისი გაკეთებული სიბინძურე, სხვას არ უნდა გადააბრალოს, პატივი სცეს სხვათა კულტურას, ტრადიციებს, ისტორიას და არ უნდა თქვას, რომ ყველას მიაღებინებს კანონს ერთსქესიანთა ქორწინების თაობაზე და ა.შ.
არის ამის გამკეთებელი „დიდი“? თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, არც ერთ დროს, არც ერთ „დიდს“ ეს არ გაუკეთებია და რაღა დღევანდელი „დიდი“ გააკეთებს?
რუსული ანდაზაა – „რკინა გამოჭედე, სანამ ცხელია“ და ჭედავს ამერიკა თავის რკინას და ამ პროცესში სხვასაც რთავს, ვითომდა თანამოსაქმეს. წახალისებული სხვები კი ისე გამეტებით იქნევენ უროს, გეგონებათ ამერიკელები იყვნენ. ასეთთ აუცილებლად სჭირდებათ დაფასება. და არიან ფულსდახარბებული კვესიტაძეები, ამერიკის დამცველ მოლაყბეებად ქცეულნი – „რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებიო, რუსული მედიაო, რუსული გავლენის გაფართოებაო“, რომ გაჰყვირიან.
არადა რუსეთში არსებული ქართული ბიზნესის მიერ „კაპიკებით“ დაფინანსებული თითო-ოროლა არასამთავრობოს ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს რუსული დაფინანსება. რუსული დაფინანსება სწორედ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთის საგარეო უწყება ან რომელიმე ოფიციალური ორგანო, ისე, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, ინსტიტუტს, პარტიას, გაზეთს და ა.შ., რის მსგავსი საქართველოში არ არის. არადა რომ ყოფილიყო, უმჯობესი იქნებოდა, მაგალითად ისეთი, როგორიც აზერბაიჯანშია – რუსული კულტურის ცენტრი.
სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ცუდად მუშაობს და ასე იყო მაშინაც, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არსებობდა. რატომ არ უნდა იყოს რუსული ენის, ლიტერატურის შემსწავლელი ცენტრი, არა კერძო, არამედ სახელმწიფო?! რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იმოგზაურონ რუსეთში ისე, როგორც რუსები მოგზაურობენ საქართველოში?
რუსეთის გასაგონად მინდა ვთქვა – საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უპირველესად სავიზო რეჟიმის გაუქმებაა საჭირო. და თუ ამით ნახევარი საქართველო შეუერთდება იმ მილიონს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რუსეთის ეკონომიკა არ დაიქცევა. პირიქით, იქნებ უვიზო მიმოსვლამ გაააქტიუროს ქართული ბიზნესი, ერთმანეთთან ვაჭრობა, რუსეთის ბაზარზე იმ საქონლის შეტანა, რომელიც ვერასდროს ეღირსება ევროკავშირის მზეს.
რუსეთთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც უამრავი ნეგატივი გადახდა თავს 23-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში. ეს ურთიერთობა მაინც მოვა, უნდათ თუ არა კვესიტაძეებს, სააკაშვილებს, ბარნოვებს, სხვა ვიგინდარებს. მოვა, მაგრამ გვიანი იქნება. საქართველოს ეყოლება თაობა, რომელსაც წარმოდგენა არ ექნება მეზობელზე, არ ეცოდინება მისი ენა. რუსეთშიც ახალი თაობა იქნება, დაახლოებით ისეთივე „ცოდნით“ საქართველოსი.
ნათქვამია, „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ“. ენის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მშობლიურის, მაგრამ როდესაც საქართველოს ახალი თაობა საკუთარ ენას პატივს სანახევროდ სცემს, ხოლო ინგლისურს აფეტიშებს, არცთუ კარგად უნდა იყოს საქმე. საკუთარი ენის დამფასებელი, სხვა ენასაც დააფასებს და არა მარტო ინგლისურს.
რუსეთის გასაგონად ჩინეთის მაგალითს მოვიყვან. ჩინეთში დაიწყო საგარეო პოლიტიკაში ლინგვისტიკის გამოყენების ახალი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ლინგვისტიკური სტრატეგია 2013 წლიდან დაიწყო, უკვე მუშაობს მთელი რიგი სამეცნიერო ცენტრები, ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაფიქრებული კურსის ცხოვრებაში გატარებას. „მეზობელი ქვეყნების მშობლიური ენის შესწავლა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის“ – თვლიან ჩინელი სპეციალისტები. მეზობლებად კი ჩინელები 29 ქვეყანას მიიჩნევენ. ამ ქვეყნების მშობლიური ენები უდიდესი ყურადღებისა და შესწავლის საგანი უნდა გახდეს ჩინეთის ლინგვიტიკისთვის.
ენების შესწავლისთვის 2013 წელს პეკინის ლინგვისტიკის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ენათა და კულტურათა საკოორდინაციო ცენტრი, რომელშიც სწავლობს და სამეცნიერო კვლევებს ატარებს ათასობით უცხოელი სტუდენტი.
ლინგვისტიკასთან დაკავშირებით ჩინური გამოცდილება არც ჩვენ გვაწყენდა, მაგრამ ყოველდღიური პრობლემებით დახუნძლულ საქართველოს ამის თავი არ აქვს. ჩვენ მარტო ერთი მიმართულებით მივდივართ – ინგლისურის, თითქოს სხვა ენა არ არსებობდეს. საქართველოს არ აწყენდა თუნდაც იმ ენების ზედაპირული შესწავლა, რომელიც არსებობს ქვეყნის შიგნით, რაც თავისთავად ქართულის შესწავლის სურვილს გაუჩენდა იმ ერების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
საქართველოს არ აქვს უფლება ქარაფშუტულად ფიქრის, მითუმეტეს დასავლური სადღეისო დავალებების შესრულების, რომელთაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. მასშტაბური, საგნობრივი აზროვნება და ქმედებაა საჭირო და არა ავანტიურისტული ჭიჭყინი, რაც სამწუხაროდ უმთავრეს საქმედაა ქცეული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.