მოვა თუ არა მსოფლიო გონს?

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოველწლიურ მიმართვაში აშშ-ს კონგრესისა და ხალხის მიმართ, ხაზგასმით იყო აღნიშნული იმ წარმატების შესახებ, რასაც აშშ-ა მიაღწია რუსეთთან პაექრობაში. „რუსეთის ეკონომიკა გაჩანაგებულია“, – ბრძანა მან და ისიც აღნიშნა, რომ ყოველივე გამოწვეულია დიდის, პატარის მიმართ აგრესიით.

რუსეთის ეკონომიკას – ამერიკელთა მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, უჭირს. ამერიკელთა დაძალებით ევროკავშირის მიერ შემოღებულმა ანტირუსულმა სანქციებმა არა მარტო რუსული ეკონომიკის მდგომარეობა გააუარესა, არამედ საკუთარიც. აშშ-ა, ამ შემთხვევაში ორი კურდღლის მადევარმა, ორივე დაიჭირა – გააუარესა რა, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, ამასთანავე ერთმანეთს წაჰკიდა ევროკავშირი და რუსეთი.

სანქციებამდე ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობას უდავოდ ჰქონდა პრაგმატული სახე, მზარდი სამომავლო გეგმებით. სამწუხაროდ, ყოველივე წარსულს ჩაბარდა, ისევე, როგორც ორ მხარეს შორის არსებული ტვირთბრუნვის გამომხატველი ციფრი – 500 მილიარდამდე ევრო.

დაჩოქილ მოკავშირე ბრიუსელთან, თავისუფალი ვაჭრობის სისტემის შემოღებით, აშშ-ი ზომაზე მეტად მიიწებებს ევროკავშირს და ე.წ. რისკის ზონას (ევროკავშირის სახით), საბოლოოდ გაანეიტრალებს.

ოფიციალური ვაშინგტონი წლების განმავლობაში ცდილობდა ევროკავშირის ისე ჩახუტება, რომ სუვერენიტეტის სულისკვეთებას სული ამოხდომოდა. დიდი ხნის განმავლობაში ეს განზრახვა ვერ შესრულდა გერმანია-საფრანგეთის წინა ხელისუფალთა მეცადინეობით. დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია, ვინაიდან საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხმატკბილებულად უმღერიან ვაშინგტონს, მის ნებისმიერ წინადადებას თავის ქნევით ადასტურებენ.

თუ წინათ ვაშინგტონს, მოსკოვ-პარიზ-ბრიუსელის, საბოლოო ჯამში მთლიანად ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა აშფოთებდა, დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია. ექსპერტთა აზრით, ვაშინგტონმა გამოიცნო კრემლის შორსმიმავალი გეგმა – ევროპიდან აშშ-ს ნელ-ნელა განდევნისა, უფრო ზუსტად, ევროპაში ამერიკის გაუცხოების თაობაზე.

ოკეანეგადაღმელისთვის ევროპაში ძველებური ხელის ფათურის გაგრძელებას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა გარკვეულ ევროპულ ძალებთან საერთო ენის გამოძებნა, თუმცა არა ყველასთან და არა ყველა საჭირბოროტო საკითხში. როგორც აღვნიშნე, ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეძლო პროექტის გამოცნობა და საკუთარი პროექტის დაპირისპირება – რუსეთ-ევროკავშირს შორის შუღლის ჩამოგდება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემცირება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სისტემის ჩამოყალიბება. ეს პროექტი წლის ბოლოს შევა ძალაში.

კარდინალურად შეიცვალა რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა, ცხადია, უარესობისკენ. ე.წ. გადატვირთვა ისტორიას ჩაბარდა, ისე, როგორც პრეზიდენტ ობამას „თეთრ სახლში“ მუშაობის პირველი ოთხი წლის პოზიტიური შედეგები.

ვაშინგტონმა გაააქტიურა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების თემა, ამასთანავე აამოქმედა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა, რომლის უმთავრესი მიზანია – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსული გავლენის შეჩერება და იქ ევროკავშირის გავლენის გაფართოება.

რუსეთის წინააღმდეგობას, უკრაინის ასოცირებულ წევრად გახდომასთან დაკავშირებით, უმალ მოჰყვა იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა და დასავლური, პროამერიკული ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლა. ეს გეგმა სულაც არ იყო სპონტანური. ის, კარგა ხნის განმავლობაში, მუშავდებოდა და ამოქმედდა მაშინ, როდესაც ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ რუსეთთან ირიბი, მაგრამ სერიოზული დაპირისპირების დრო დადგა.

თვალი გადავავლოთ პრეზიდენტ ობამას ოთხწლიან პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და ბოლო ორწლიან მოღვაწეობას. პირველში, თვალში გვეცემა დემოკრატი, დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით რთული საკითხების მომგვარებელი, პაციფისტი ობამა.

მეორეში – რეაქციული, იარაღის მოჟღარუნე, სხვისი წამქეზებელი და გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის წაქეზებულის მაქსიმალურად გამომყენებელი ობამა.

აშშ-ა, პირადად პრეზიდენტმა ობამამ მწვანე შუქი აუნთო აშშ-ს თითქმის 20-წლიანი ანტირუსული მოქმედების პროგრამას უკრაინაში და ისე გადაჰკიდა ერთი სისხლი და ხორცი ერთმანეთს, თითქოს საუკუნოვანი მტრები ყოფილიყვნენ.

მან ანალოგიურად განაწყო ევროკავშირი რუსეთის მიმართ. როდესაც ევროკავშირის ახალი საგარეო საქმეთა კომისარი ფედერიკა მოგერინი იტყვის: „რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება ჩვენს მიერ არასდროს არ იქნება აღიარებული, არც წელს, არც მომავალ ათწლედსა და არც ამ საუკუნეში“ – თავისთავად მეტყველებს ვაშინგტონის ანტირუსულ, წარმატებულ მუშაობაზე.

მოგერინის ეს სიტყვები: – „რუსეთი უკვე აღარ არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი“ ან „პუტინი არასდროს სცემდა პატივს აღებული ვალდებულებების შესრულებას“,  „ის მხარს უჭერდა სეპარატისტებს მალაიზიური თვითმფრინავის საქმეში“, „ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“ – მეტყველებს მთავარზე ანუ ამერიკული ჩანაფიქრის წარმატებაზე. ჩანაფიქრი კი ასეთია – რუსეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური დასუსტება და საბოლოო ჯამში მისი ისე დაშლა, როგორც წინამორბედი საბჭოთა კავშირის.

მოკლედ ყირიმის ანექსიის თაობაზე: როდესაც კიევის ხელისუფლების მიერ დაშინებული ყირიმის მოსახლეობა ატარებს დამოუკიდებლობის, შემდეგ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმს, ანექსიას ვერ დაარქმევ. ყირიმის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსულია. ასე, რომ მისი გადაწყვეტილება სულაც არ არის გამოწვეული კრემლის დაძალებით.

არ იქნებოდა კიევის აგრესიული ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, რაც უპირველესად გამოიხატა რუსულენოვანი რეგიონებისთვის მშობლიური რუსულის დაწიხლვაში, არ იქნებოდა არავითარი „ანექსია“. საინტერესოა, ყირიმის დამოუკიდებლობას სცნობდა დასავლეთი?

არა! ვინაიდან ამგვარ დამოუკიდებლობას მწვანე შუქი ვაშინგტონიდან უნდა ანთებოდა. ვაშინგტონი, რომელიც ებრძოდა სეპარატისტი რეგიონების წინააღმდეგ მეომარ ბელგრადს ანუ იბრძოდა სეპარატისტთა დასაცავად, უკრაინის შემთხვევაში იბრძვის სეპარატისტებისგან ცენტრის დასაცავად.

რატომ? პასუხი მარტივია, უკრაინის დღევანდელი  ხელისუფლება თავიდან-ბოლომდე აშშ-ს ინტერესებს ითვალისწინებს და ასრულებს იმ საქმეს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ასრულებდა რუსეთის წინააღმდეგ.

რა გამოდის – კოსოვოს დამოუკიდებლობა შეიძლება, ყირიმის – არა, თანაც რეფერენდუმით მოპოვებული, რაც კოსოვოს არ ჰქონია. შეცდა პატივცემული ობამა, როდესაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ კოსოვომ რეფერენდუმზე გადაწყვიტა დამოუკიდებლობა. არავითარი რეფერენდუმი კოსოვოში არ ჩატარებულა.

საყურადღებოა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის განცხადებაც – „ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი. ის, ყოველთვის ეკუთვნოდა რუსეთს – მომხდარის მიზეზი იყო უკრაინის შიდა კრიზისი. „მაიდნის“ გარეშე არ იქნებოდა ყირიმის „ანექსია“.

კლაუსი უფრო შორს მიდის და აცხადებს – „კონფლიქტი არის ევროპა-ამერიკასა და რუსეთს შორის და ამ ჭიდილში უკრაინა „პასიური ინსტრუმენტია“. მე შევიძინე კარგი გამოცდილება ჩეხოსლოვაკიის გაყოფის დროს. დასაწყისში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამისა, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ სლოვაკებს გულით უნდოდათ დამოუკიდებლობა. ერთადერთი გამოსავალი იყო კომპრომისი ანუ გაყოფა. მსგავსი რამ უნდა მოხდეს უკრაინაში“.

კლაუსის აზრს არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ გაიზიარებს, მითუმეტეს კიევი. სულ ახლახანს პრეზიდენტმა პოროშენკომ თქვა: – „უკრაინა იქნება უნიტარული, ხოლო სახელმწიფო ენა – უკრაინული“.

რომ იტყვიან, სხვა, სხვის საქმეში ბრძენიაო – ამ პოზიციიდან ვურჩევდი კიევის ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა პეკინ-ჰონ-კონგის ურთიერთობები და ანალოგიური განეხორციელებინა უკრაინაში. ჰონ-კონგი იურიდიულად არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, ფაქტიურად ის დამოუკიდებულია – საკუთარი ვალუტით (ჰონ-კონგის დოლარი), ეკონომიკით, ვაჭრობით და იმ საგარეო პოლიტიკით, რაც დამახასიათებელია სპეციალური ეკონომიკური ზონისთვის.

თავის დროზე ანალოგიური ვარიანტის განხილვა შევთავაზე საქართველოს პარლამენტში მყოფ აფხაზეთის დეპუტაციას, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. შედეგი – აფხაზეთის დამოუკიდებლობა. განა ამას არ ჯობდა ჰონ-კონგის ვარიანტი, სადაც თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები პეკინის კომპეტენციაშია, ხოლო დანარჩენი – ჰონ-კონგის?

უკრაინის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სულაც არ აწუხებს საკითხის დარეგულირება, ისე, როგორც აშშ-ს, ევროკავშირს. რომ აწუხებდეთ, მაშინ კიევს იარაღს არ მისცემდნენ; ბანდერულ, ფაშისტურ ელემენტებს განდევნიდნენ უკრაინის ხელისუფლებიდან; კატეგორიულ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ უკრაინის ქალაქებში ბანდერელთა ლამპრიანი მსვლელობის წინააღმდეგ; ალაგმავდნენ უკრაინელი ოლიგარქების ზღვარგადასულ პარპაშს; წერტილს დაუსვამდნენ კიევის ხელისუფლების აგრესიულ სულისკვეთებას; რეკომენდაციას მისცემდნენ უკრაინის ხელისუფლებას შეემუშავებინა სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობის გეგმა და ა.შ.

მაგრამ არა. როგორც ჩანს, დასავლეთს ჭარბად მიაჩნია უკრაინის მოსახლეობა (45 მილიონი) და მალთუსის თეორიისა არ იყოს, ის უნდა შემცირდეს. რა გზით – ესეც ნათელია.  უკრაინა ექსპერიმენტების პოლიგონადაა ქცეული და რომ ეს ასეა, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსთა და მაღალი რანგის მოხელეთა დასაქმება მეტყველებს. “ნაციონალური” კადრებით უკრაინის ხელისუფლების „გამდიდრება“ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვაშინგტონი იოლად არ ელევა თავის მიერ გამოზრდილ ახალგაზრდა კადრებს, ცდილობს მათი „პროფესიონალიზმის“ შენარჩუნებას.

უმუშევრად დარჩენილი „ნაცების“ დისკვალიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდა მათი უკრაინაში კატაპულტირება. გაივლის დრო, შესაძლოა არცთუ დიდი და თუ საქართველოს დასჭირდება კადრები – უმალ დააბრუნებს მათ უკრაინიდან საქართველოში. ის, რომ ვაშინგტონი ვერ შეეგუება საქართველოს, „ნაცთა“ გარეშე, ფაქტია. დიდძალი ფული ჩადო მან ამერიკულად მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდებში, გუშინდელი ხელისუფლების სახით და რახან ასეა – იოლად არ მოხდება მათი პოლიტიკიდან გარიყვა.

ნებისმიერი ქვეყანა, თანაც დემოკრატიული, როგორადაც თავს თვლის აშშ-ი, არ მისცემდა სხვა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, სამშობლოში ძებნილს, აქტიური პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მოქმედების უფლებას. უფრო მეტიც, აიძულებდა წასულიყო ქვეყნიდან. სააკაშვილთან მიმართებაში მსგავსი, თავშიც არ გაუვლია აშშ-ს ადმინისტრაციას, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ინახავენ, სასათბურე პირობებში ამყოფებენ და ერთ მშვენიერ დღეს, როგორც გმირსა და ქვეყნის გადამრჩენს, ისე დაგვიბრუნებენ. მანამდე უკრაინაში „აყროყინებენ“ – ანტირუსულად და არა მარტო, ანტიქართულადაც, უფრო ზუსტად ივანიშვილის მიერ დასმული ხელისუფლების წინააღმდეგ.

საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გაუგო ამერიკულ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მოსახლეობის დიდ ნაწილს ძველებურად სჯერა ამ ქვეყნის და მზადაა ჯამბაზად იქცეს მის გასახარად. მოსახლეობის დიდ ნაწილს დასავლური ანუ ევროატლანტიკური კურსი, ევროკავშირში გაწევრება ქვეყნის ხსნად მიაჩნია.

არც ერთი კავშირი ქვეყნის ხსნა არ არის. ქვეყნის ხსნა მხოლოდ საკუთარ თავს და ხელს შეუძლია ანუ გონივრულ მოქმედებას და შრომას, რაც სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში დეფიციტია. საქართველოს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაზე დიდ წარმატებად ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობას თვლის, რაც დიდი შეცდომაა. ასოცირებიდან წევრობამდე ბევრი გზაა გასავლელი და როდესაც ევროკავშირისთვის „მოვმწიფდებით“, ეს კავშირი შეიძლება აღარც იყოს.

პესიმისტურ განწყობაზე მაყენებს ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისი, მასში შემავალ ქვეყნებში დიდი უმუშევრობა, გაუთავებელი კინკლავი ბრიუსელთან ანუ ევროკავშირის მმართველობასთან. ხან ინგლისის პრემიერი ქემერონი ემუქრება ბრიუსელს გამოყოფით, ხან კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით, ხან ვინ და ხან ვინ. 28 ქვეყანა დაბეჯითებით მოითხოვს ბრიუსელის ავტორიტარული მმართველობის შეცვლას და რაც მთავარია სუვერენიტეტს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ ეგუებიან ბერლინის დიქტატს და აცხადებენ, რომ ისინი კი არ უნდა იყვნენ გერმანიის მსგავსნი, არამედ გერმანია  უნდა გახდეს ევროპის მსგავსი.

ევროპის ქვეყნებს აშფოთებთ ამერიკული დიქტატიც და მუდამ სამოსანი მოწაფის როლში ყოფნა. რომ იტყვიან – „კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო“ – ასე მოხდა. ბრიუსელ-ბერლინის 5-წლინმა თითის ქნევამ ოროსანი ათენის მიმართ თავისი გამოიღო ანუ „კოკამ წყალი აღარ მოიტანა“ და ისეთი ცეცხლი დაანთო ანტიბრიუსელურ-ანტიბერლინური, რომ კარგა ხანს ექნებათ სანანებლად.

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე ძალების დამაჯერებელი გამარჯვება, საბერძნეთში ბრიუსელ-ბერლინის დიქტატის დასასრულის დასაწყისი იქნება. 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის პოლიტიკით შეურაცხყოფილმა საბერძნეთმა, ბრიუსელის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა და როგორც თვით ამბობს, თავი დააღწია დიქტატურას.

რა მოუტანა ევროკავშირმა საბერძნეთს? უპირველეს ყოვლისა 322 მილიარდი ევროს ვალი, ცხოვრების უკიდურესი გაუარესება, ბერძნული ღირსების შელახვა, ყოველი მეოთხე ბერძენის უმუშევრობა და ა.შ. თუმცა ჩვენთვის საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების სავალალო მაგალითები არაფრის მთქმელია. ჩვენ მაინც ევროკავშირისკენ მიგვიხარია და რახან ასეა, ბრიუსელ-ვაშინგტონის გასახარად მხარს ვუჭერთ კიევის „ყავისფერ“ ხელისუფლებას, ვაგინებთ რუსეთს, თუმცა არა ისე, როგორც სააკაშვილის მეფობისას, მაგრამ მაინც.

ვაგინებთ იმიტომ, რომ გვიხარია მისი გინება და იმიტომაც, რომ ევროატლანტიკურ დავალებას ვასრულებთ. გულში ვიხუტებთ ანტირუსულად განწყობილ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დღენიადაგ საკუთარი ხელისუფლების ლანძღვაში არიან. გაზეთების გვერდებს ვუთმობთ ეპიფანცევებს, ფელგენგაუერებს, ილარიონოვებს, სხვებს, რომელთა აზრს იქ არავინ იზიარებს. ჩვენ კი სიხარულით ვიღებთ. სააკაშვილის დროს ყველა ისინი შესანიშნავად გრძნობდნენ თავს, ცხადია მატერიალური წახალისების თვალსაზრისით, დღეს რით არის გამოწვეული მათდამი ესოდენი ყურადღება?

დიახ, რუსეთში ცხოვრობენ ე.წ. ლიბერალები, საკმაოდ შესამჩნევი რაოდენობით. მათი მოთხოვნაა – კრემლმა, კიევის „ყავისფერ“ ხელისუფლებასთან ერთად, მოარჯულოს უკრაინის ამბოხებული აღმოსავლეთი, შეასრულოს ევროკავშირ-აშშ-ს მოთხოვნები. მაგრამ ხვდება თუ არა რუსეთი საკუთარი ლიბერალების და დასავლეთის შორსმიმავალ გეგმებს?

როგორც ჩანს, ხვდება და ამიტომაც ცდილობს მათ მიმართ ნათქვამ სიტყვა „პარტნიორს“ მეტი სარკაზმის  შეფერილობა მისცეს. მოსკოვი ხვდება, რომ დასავლური ინსტრუქციები მიმართულია დათმობისთვის, მოწინააღმდეგის დასუსტებისთვის და როდესაც მოწინააღმდეგე (მოსკოვი) დათმობს, ახალი ინსტრუქციები წამოვა დასავლეთიდან – კიდევ მეტი დათმობის მოთხოვნით. დათმობებით მოწინააღმდეგის სრული დასუსტება ხორციელდება. დასუსტებულის მისიკვდილება, გაძარცვა. ძარცვით საკუთარი კეთილდღეობის ამაღლება.

ყოველივე აღნიშნულის განსახორციელებლად არიან მომართული რუსი ლიბერალები. მათი მიზანი შორს მიდის. იმ შემთხვევაში, თუ კრემლი „ჩაუშვებს“ დონბასს, მას უმალ მოჰყვება პუტინის „ანტიხალხური“ მმართველობის დაცემა. სწორედ ამის იმედით არიან ლიბერალები. პუტინის დაცემის შემდეგ, ისინი პრეზიდენტად აირჩევენ ხოდორკოვსკის ან ნავალნის; უკრაინას დაუბრუნებენ ყირიმს; დონბასს, კიევის სრულ მმართველობას შეაგუებენ.

დასავლეთს გაუხარდება ასეთ რუსეთთან ურთიერთობა. მაგრამ შეჩერდება კი მისი ინსტრუქციები რუსეთის მიმართ? არამცდაარამც. ინსტრუქციებს ულტიმატუმის სახე ექნება – მეტი დათმობის მოთხოვნით.

დასავლეთის პოლიტიკა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, არა მარტო  რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, არამედ მთელი მსოფლიოს. თვით ამერიკელი ექსპერტების განცხადებით – ანტირუსული სანქციების შემოღებამ, ნავთობზე ფასების ხელოვნურმა დაწევამ არა მარტო რუბლი გააუფასურა, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტებიც. გააუარესა მათი მოსახლეობის სოციალური პირობები.

რუბლის კურსის დაცემამ სხვა ქვეყნებზეც იქონია გავლენა, მეტადრე იმათზე, ვინც რუსეთთან ვაჭრობს. ასეთი კი ბევრია. ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ჯამბაზი რომ ამბობს – „ცირკის ჭერში გამოკიდებულ განავლით სავსე ბუშტს შორიდან ტყვიას ვესვრი. ბუშტი გასკდება და მაყურებელს თავზე დაესხმება. მე კი ისევ თეთრებში ვიქნები“. კონგრესში გამოსული ობამა ჯერ-ჯერობით თეთრებშია, მაგრამ მისი მოქმედებით შეწუხებული მსოფლიო მალე გადადგამს საკუთარი თავის გადასარჩენ ნაბიჯს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.