რას ელის ხალხი ახალი მთავრობისგან?
როგორც იქნა მუშაობას შეუდგა ახალი მოწვევის პარლამენტი და მთავრობა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად განხორციელდა არჩევნების გზით ძველი ხელისუფლების ახლით ჩანაცვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა პირველ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები უფრო მეტად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას წააგავდა, ვიდრე არჩევნებს – არჩევნებამდე თითქმის ერთი წელი კი ხელისუფალთა მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების უპრეცედენტო მცდელობას.
იყო ხელისუფლება და მის ირგვლივ დარაზმული ნათესავ-მეგობრები, ნაციონალური სულისკვეთებით გაჟღენთილი ადამიანები და იყო ოპოზიცია – ანუ ერთი კაცის ირგვლივ დარაზმული სრულიად საქართველო. სწორედ ამ ერთმა კაცმა გამოაღვიძა საღათას ძილს მიცემული ქვეყანა და შეახსენა, რომ გატრუნული ყოფნა თითოეული ადამიანის, ქვეყნის დასასრულის დასაწყისია. სწორედ ამ ერთმა კაცმა შეძლო დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და მისთვის იმის შთაგონება, რომ კულმინაციურ მომენტში ხელისუფალთა მიერ ნაბოძებ პრიალა-პრიალა „სათამაშოებზე“ ნამუსის გაყიდვა არაკეთილშობილური საქმეა.
პირველ ოქტომბერს ერთი კაცი იდგა ხელისუფლების მანქანის წინააღმდეგ და მას მისცა ხალხმა ხმა და არა კოალიციაში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ხმები გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ხალხის ალერგიული დამოკიდებულება კოალიციაში მყოფი ზოგიერთი პარტიის ან პიროვნების მიმართ.
მძიმედ გამოიჭედა გამარჯვება, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაერქვას ერთი კაცის და ხალხის გამარჯვება.
ნაციონალური ხელისუფლების დამარცხება მეტად რთული საქმე იყო. ეს მოძრაობა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს აერთიანებს, რომელთა მიზანი საკუთარი კეთილდღეობა და მომხვეჭელობაა – სამშობლოს ბედნიერების გამუდმებული ყვირილით. ოპოზიციაში გადასული ნაცმოძრაობა დაბოღმილი ძალაა, რომელიც წამს არ გაუშვებს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რაც კარგად გამოჩნდა გამარჯვებული კოალიციის ლიდერის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს.
ნაციონალთა მხრიდან, ისე, როგორც ბოლო 9 წლის განმავლობაში, კვლავ გაისმა „პატრიოტული“ სიტყვები სამშობლოზე, მის კეთილდღეობაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებაზე და სხვა. ნაცთა განცხადებები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს „ოცნებას“ დაენგრიოს ქვეყანა და არა ნაცებს. თითქოს 9 წლის მანძილზე „ოცნებას“ ეპყრა ხელით ქვეყნის მმართველობის საჭე.
ნაციონალური საპარლამენტო ოპოზიცია სულაც არ ტოვებს დამარცხებული გუნდის შთაბეჭდილებას, პირიქით – თითქოს 1 ოქტომბერი მხოლოდ ეპიზოდური მოვლენა იყო და მალე გაივლის. ნაციონალები ისე იქცევიან, როგორც ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დამარცხებული ხელისუფლება, თუმცა მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. ევროპელებს აქვთ ამის საფუძველი, ვინაიდან ხელისუფლებაში მათ მიერ დაშვებული შეცდომები მინიმალურია.
ნაცების მიერ ჩადენილი დანაშაული უამრავია, თანაც სისხლის სამართალს გადასაცემი. და ვიდრე ეს არ მოხდება, ნაცთა მხრიდან ადგილი ექნება პერმანენტულ თავხედობას.
ბოროტად მოაზროვნეებს, მითუმეტეს ბოროტი საქმეების მკეთებლებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს გაუტოლებენ არჩევნებში დამარცხებულ ევროპულ პარტიას. აკი უტოლებენ კიდევაც – ნახეთ რა დემოკრატიულად შევეგუეთ დამარცხებას და ძალაუფლების გადაცემასო – გაჰყვირიან ისინი და არა მარტო ისინი, არამედ მათი გულშემატკივარი ევრო-ატლანტიკური სივრცე.
უმცირესობასთან ივანიშვილის შეხვედრის დროს ნაცთა წარმომადგენელმა ბარამიძემ დაიწუნა „ოცნების“ პროგრამა – მასში „ოკუპაციაზე“ არაფერია ნათქვამი, სიტყვა „ოკუპაციაც“ არსად წერიაო.
სიტყვით გამოსული სხვა ნაცებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ბარამიძეს. დემაგოგიაც ამას ჰქვია, დახვეწილი, შეურაცხმყოფელი, თავხედური. 9 წლის განმავლობაში ერთხელაც რომ გახსენებოდათ სამშობლო, იმ გამოუსწორებელ დანაშაულობებს არ ჩაიდენდნენ, რაც ჩაიდინეს. ერთ-ერთი 2008 წლის სამხედრო ავანტიურა, რომელმაც გააჩინა სიტყვა „ოკუპაცია“.
ამ სიტყვის ევროპელთა მხრიდან გამეორებისთვის მილიონობით დოლარი დაიხარჯა ისე, როგორც სხვადასხვა სახის გამოკითხვებში საქართველოს „წარმატებების“ წარმოჩინება – გარეთ, რომ მტერს უბრმავებდა თვალს, შინ – მოყვარეს.
ამას წინათ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ცხინვალის ომის მონაწილე გენერალმა ბორისოვმა ხაზგასმით აღნიშნა იმ დანაშაულებათა შესახებ, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა ჩაიდინეს. აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა ფრონტზე დაღუპული მეომრები – აგვისტოს მზისგულზე მიმოფანტული. ღრწნადაწყებული გვამები რუსის ჯარისა და საქართველოს საპატრიარქიოს ძალისხმევით იქნა გადმოყვანილი. ამ ოპერაციაში რატომღაც არსად ჩანდნენ ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენლები.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – არ ყოფილიყო ცხინვალზე შეტევა, არ იქნებოდა „ოკუპაცია“. რუსეთს დიდი ხნის ოცნება ჰქონდა დაეპყრო საქართველოო – ამბობენ ნაცები. გულში ვის რა განზრახვა აქვს ერთია, ცხოვრებაში განხორციელება სხვა. რუსეთი სუპერ სახელმწიფოა, ისე, როგორც აშშ-ი, თუმცა დაპყრობასთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა ტაქტიკა აქვთ შერჩეული – შედეგი ერთია.
და მიუხედავად ამისა ის, რაც რუსეთმა გააკეთა 1991 წელს ფასდაუდებელია. სწორედ რუსეთმა დაშალა საბჭოთა კავშირი და რომ არა ის, სხვა ძვრას ვერ უზამდა უზარმაზარ იმპერიას. საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს ხელში შერჩა განადგურებული მრეწველობა და ეკონომიკა. დაიშალა საბჭოური სამრეწველო ინტეგრაცია, მთელი რიგი ქარხნები რუსეთის საზღვრებს მიღმა დარჩა. ახალი ქარხნების მშენებლობას დრო დასჭირდა.
და, მიუხედავად ამისა, რუსეთს არც ერთი ომი არ უწარმოებია ე.წ. ახლო საზღვარგარეთ. სააკაშვილმა გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი. დამარცხებულ საქართველოს რუსეთმა სეპარატისტულ რესპუბლიკებთან მოლაპარაკების წინადადებაც შესთავაზა – მათი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, თითქოს გამარჯვებული ყოფილიყვნენ. ქართულ უარს მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
დარწმუნებული ვარ ამ საბედისწერო უარში „სტრატეგიული პარტნიორიც“ ერია. მისი წარსული მოქმედება მათქმევინებს ამას. 1956 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა იაპონიისთვის კურილის კუნძულებიდან ორის დაბრუნება, აშშ-ს ზეწოლით, იაპონიამ – ორი არა, ყველაო. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. შეიცვალა პოლიტიკა. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სხვაგვარად იხილავს კუნძულების დაბრუნების საკითხს ანუ ტერიტორიულ ცვლილებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
არცთუ დიდი ხნის წინათ მოლდოვის პრეზიდენტმა ვორონინმა მიიღო რუსეთის (კოზაკის) გეგმა, რომლის მიხედვით, დნესტრისპირეთი, როგორც ფართო ავტონომიის სუბიექტი, უნდა შესულიყო მოლდოვის შემადგენლობაში. დაინიშნა საზეიმო ცერემონიალიც, რომელიც პუტინის თანდასწრებით უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, ერთი დღით ადრე, აშშ-ა უარი ათქმევინა ვორონინს ამ გადაწყვეტილებაზე.
დღეს აღარც ვორონინია და აღარც მოლდოვაში შემავალი დნესტრისპირეთი. ნახევარი მოლდოვა რუმინული პასპორტით დადის. მოლდოვას პრეზიდენტი ტიმოვტი ამაყად აცხადებს, რომ რუმინელია და ხალხს რუმინეთთან შეერთებას პირდება.
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი დასავლელთა ორმაგი სტანდარტის შესახებ – გახსოვთ ალბათ რა ხმაური იყო ატეხილი რუსეთის მიერ აფხაზებისა და ოსებისთვის რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე, რაც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორი წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული უხეში შეცდომის ბრალი უფრო იყო, ვიდრე რუსეთის მზაკვრობა.
შევარდნაძის ხელისუფლებამ ომში დამარცხების შემდეგ დსთ-ს მიაღებინა აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აფხაზეთი ფართომასშტაბიან ბლოკადაში აღმოჩნდა. აფხაზეთში მაცხოვრებლები ყველაფერთან ერთად ტომარაში აღმოჩნდნენ. პასპორტის უქონლობის გამო მათ აფხაზეთიდან გასვლაც არ შეეძლოთ. მაშინ მოსკოვში არსებულმა საკონსულო სამსახურმა, ჩემი, როგორც საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პასპორტები გასცა მოსკოვში მცხოვრებ აფხაზეთის მაცხოვრებლებზე. ანალოგიური ნაბიჯი გადავდგით სამხრეთ-ოსეთში მცხოვრებთა მიმართაც, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „ღალატად“ ჩათვალა.
დასავლეთი, რომელიც სისტემატურად გაჰყვიროდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტის გაცემაზე, ხმას არ იღებს რუმინეთის მიერ მოლდოვაში მოლდოველებისთვის რუმინული პასპორტის მასობრივად გაცემის მაგალითებზე.
რამდენ უმსგავსო მაგალითს ჰქონდა ადგილი 1992 წლის ომის შემდგომი პერიოდიდან, 2008 წლის ომამდე, რომლებმაც მიგვიყვანეს სიტყვა „ოკუპაციამდე“? – ეკონომიკური ბლოკადა, 1995 წლის კონსტიტუციაში ავტონომიების უგულებლყოფა, გალის მარულა, გელაევის რაზმის აფხაზებისთვის მისევა და სხვა მრავალი.
ქართული მხარე მუდამ უარყოფდა არძინბას შემოთავაზებას კონფედერაციის თაობაზე – შედეგი? – აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა და მთელ მსოფლიოში ქართველ „დიპლომატთა“ სირბილი, რომ ხელი შეუშალონ განდეგილთა დამოუკიდებლობის აღიარებას.
წინა ხელისუფლებამ, ამ საქმეში – ფუჭსა და გაუგებარში, დიდი ფული ფლანგა. ახალი ხელისუფლების განცხადებით, გაგრძელდება ეს „საშური“ საქმე. თან დაიწყება წასულთა შემორიგების პროცესი. არადა თბილისს არავის შემოსარიგებლად საქმე არ ექნებოდა, რომ 1992-2008 წლებში ომი არ ეწარმოებინა.
ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე. რუსეთთანაც მზად არის, თუმცა კატეგორიულად აცხადებს, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენს, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოები იქნება. მე პირადად, უახლოეს წლებში ვერ ვხედავ საელჩოების დახურვის პერსპექტივას. ფართომასშტაბიან სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს – დიპლომატიური ურთიერთობები ესაჭიროება.
არც ის არის გამოსავალი, რასაც ახალი მინისტრები ფანჯიკიძე და ზაქარეიშვილი აცხადებენ. პირველი ამბობს, რომ უნდა გაღრმავდეს ევროატლანტიკურ სივრცესთან ურთიერთობა, უფრო აქტიური უნდა გახდეს სტრატეგიულ პარტნიორთან კავშირები, განმტკიცდეს მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ურთიერთობები, რუსეთთან კი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოხდეს მოლაპარაკება.
„შესაშური პროგრამაა“, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. მესამე მხარის ჩარევით მოლაპარაკება თარჯიმნის მეშვეობით სიყვარულის ახსნას წააგავს. ეს დაახლოებით ისაა, რასაც ჩხიკვიშვილის საქართველოში ელჩად ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი. რუსეთის ელჩთან შეხვედრის მსურველმა ქართველმა „პოლიტიკოსმა“ მაისაშვილმა საუბარი ქართულის ან რუსულის ნაცვლად ინგლისურად წარმართა. რა გაეწყობა, ზოგიერთ „პოლიტიკოსს“ უყვარს მეტიჩრობა.
უფრო შორს გამიზნული იყო ზაქარეიშვილის ნათქვამი – აფხაზები უნდა დავარწმუნოთ, რომ რუსეთთან ყოფნას საქართველოსთან ყოფნა სჯობსო. საუკუნენახევარზე მეტია აფხაზები ვერ დარწმუნდნენ საქართველოს უპირატესობაში, თუმცა ერთხელ ჰქონდა ამას ადგილი, როდესაც ოციანი წლების აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლებამ ნესტორ ლაკობას და სხვათა ძალისხმევით რესპუბლიკას, საქართველოს ავტონომიად ყოფნა ამჯობინეს.
მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, კრემლშიც სხვები იყვნენ. დღეს სხვა დროა – თანაც სააკაშვილმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომლის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია, მითუმეტეს ევროპასა და მსოფლიოში სეპარატიზმის განახლებული გამოღვიძების ფონზე.
ა.წ. სექტემბერში მკვეთრად გამწვავდა ნაციონალისტური განწყობა მთელ რიგ ქვეყანაში, რასაც ხელი შეუწყო სოციალური უზრუნველყოფის გაუარესებამ. საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა, როგორც ხარზე წითელმა ნაჭერმა იმოქმედა ისეთი ქვეყნების მოსახლეობაზე, როგორებიცაა ბელგია, ესპანეთი, კანადა, შოტლანდია. ამ ქვეყნებში კარგა ხანია ისედაც არსებობდა სეპარატისტული განწყობა.
სექტემბრის დასაწყისში კანადის ფრანგულენოვან პროვინცია კვებუკში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ნაციონალისტურმა პარტიამ. მისი მთავარი მიზანია ამ პროვინცის კანადიდან გამოყოფა. ნაცონალისტებმა ორჯერ – 1980, 1995 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააყენეს კანადიდან გამოყოფის საკითხი. ეს პარტია არ დაიზარებს და საკითხს კვლავ გაიტანს რეფერენდუმზე. ექსპერტების მიხედვით, კვებეკის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს გამოყოფის იდეას.
სექტემბერს ესპანეთის პროვინცია კატალონიაში გაიმართა მასობრივი დემონსტრაციები ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე. აქციაში მილიონნახევარი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქციის მთავარი მიზანი იყო კატალონიის პრემიერ-მინისტრისთვის მხარის დაჭერა, რომელიც მადრიდიდან ითხოვს კატალონიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობის შემოღებას, რომელიც თვით განსაზღვრავს რა თანხა უნდა გადაურიცხოს კატალონიამ ცენტრალურ ხელისუფლებას. მადრიდის გაჯიქებამ ერთობ არასასურველი შედეგი გამოიწვია – რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 25 ნოემბერს.
სექტემბერი მასობრივი გამოსვლებით აღინიშნა შოტლანდიაში, კერძოდ ედინბურგში. შოტლანდიის სათავეში ნაციონალისტები არიან და ყველაფერს იღონებენ შოტლადიის ინგლისიდან გამოყოფისათვის. ოფიციალური ლონდონი თანახმაა 2014 წელს შოტლანდიაში ჩატარდეს რეფერენდუმი.
ერთობ დაძაბული ვითარებაა ბელგიაში, სადაც ფლამანდია ითხოვს ბელგიიდან გამოყოფას. აღნიშნული მაგალითები აფხაზებმაც და სამხედრო ოსეთის მოსახლეობამაც კარგად იცის. მათ ეს პრობლემა აღარ აღელვებთ. ისინი დამოუკიდებლები არიან და ამ სტატუსს ძნელად თუ გაცვლიან, თუნდაც ფართო ავტონომიაზე. სასწაულები იშვიათად ხდება. ვისურვებდი, რომ ასეთი აქაც მოხდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.