23.11.2024

ღირს, ასეთი პარტნიორული ურთიერთობა?

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა ჭკუა დაგვარიგა და გვითხრა — რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა არ წაგადგებათ, ვინაიდან მთელ ცივილიზებულ სამყაროს გაწყვეტილი აქვს მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თქვენ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, ისეთივე პოზიცია უნდა გეკავოთ, როგორც დასავლეთსო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების დეფიციტი საქართველოში არ არის. გარდა ამისა ევროკავშირს თავისი წარმომადგენელიც ჰყავს საქართველოში და ამ დროს გერმანიის ელჩის „რჩევა“.

რით შეიძლება ავხსნათ გერმანიის ელჩის „დიპლომატიური“ ნაბიჯი? ეს კითხვა ბევრს ებადება. რატომ გერმანიის ელჩის განცხადება და არა ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის? ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიურმა გადაწყვეტილებამ ათქმევინა გერმანიის ელჩს ის, რაც თქვა? იქნებ მან თავისი ინიციატივით გააკეთა განცხადება და არა ვინმეს დავალებით? მაგრამ ასეთ „ინიციატივას“ დიპლომატიაში რომ იშვიათად ან საერთოდ არ აქვს ადგილი?!

იქნებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებმა კი არა, გერმანიის ხელისუფლებამ დაავალა მას განცხადების გაკეთება? მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ ხომ რაც უნდოდა ის უთხრა საქართველოს ხელისუფალთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ვიზიტის დროს?!

ასეა თუ ისე გერმანიის ელჩმა გვირჩია რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისგან თავის შეკავება. განცხადების პირველ ნაწილში რჩევის მსგავსი რიტორიკა, მეორე ნაწილის მკაცრმა ტონმა ჩაანაცვლა, რითაც დაგვანახა, რომ საქართველომ პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმამდე კეთილი უნდა ინებოს და სათქმელი წინასწარ შეათანხმოს პარტნიორ ქვეყნებთან.

და ამას გვეუბნება იმ ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, რომელიც არცთუ კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.

გერმანიის სუვერენიტეტის ხარისხი მუდამ ეჭვს ბადებდა, მაგრამ დღევანდელი კოალიციური მთავრობის პირობებში მოჩვენებითი დამოუკიდებლობაც დაიკარგა და ბევრი სხვაც — ქვეყნის სუვერენიტეტს რომ გამოხატავს.

გერმანია, კანცლერ შოლცის მეთაურობით, ის ქვეყანაა, რომელიც დიდი ბატონის დაძახებისთანავე თავქუდმოგლეჯილი გარბის ვაშინგტონში და აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს ისეთ სიტყვებს ეუბნება, მის წინამორბედებს რომ გააწითლებდა.

მაინც რამდენი დრო დახარჯა კანცლერმა შოლცმა იმ მოსაზრების ბაიდენისთვის გასაზიარებლად, გერმანელები რომ დაზაფრა?

სხვა რა დაემართებოდა გერმანელს, შოლცის სამადლობელ განცხადებას რომ მოისმენდა? გერმანელი, რომელიც მიუხედავად რბილი ზამთრისა, ენერგეტიკული კრიზისით საგრძნობლად შეინჯღრა, ზამთრის თვეები ასფურცელას მსგავსად მრავალ სვიტერში გაატარა, ვერაფრით ჩაწვდებოდა შოლცის მიერ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენისთვის ნათქვამი დითირამბების სიბრძნეს — მადლობელი ვარ ჩვენთვის რუსული იაფი გაზის მოწოდების ბლოკირებისთვის.

ამ „სიბრძნის“ ამოცნობას რიგითი გერმანელის ტვინი ვერ შეძლებს, არათუ რიგითი, არამედ განსწავლული გერმანელის.

საბჭოთა კავშირიდან დაწყებული, გერმანიის მოსახლეობა შეჩვეული იყო რუსულ ბუნებრივ აირს — იაფსა და იორღას, რომელმაც არა მარტო რიგითი გერმანელის არსებობა გახადა საამური, არამედ გერმანული ბიზნესის.

სწორედ იაფმა, სტაბილურმა რუსულმა გაზმა დააყენა ფეხზე გერმანიის ბიზნესი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ყველა ის დარგი, გაზმომარაგებას რომ უკავშირდება.

ნებისმიერი ქვეყნის და მათ შორის გერმანიის კეთილდღეობა ენერგომატარებლებს უკავშირდება. აქვს ქვეყანას გაზის სტაბილური მიღების შანსი, თანაც იაფ ფასებში, მისი ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა წელგამართული იქნება.

არ აქვს და ისეთი წელმოკაკვული იქნება, როგორც 2022 წლის შემოდგომიდან დაწყებული, დღევანდელი დღის ჩათვლით არის.

რუსული იაფი გაზის დეფიციტმა არა მარტო გერმანელებს დაატყო თავისი აუტანელი ხელი, არამედ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსაც, თუმცა გერმანიას განსაკუთრებით.

ათეული წლის განმავლობაში გერმანიის ბიზნესმა, რუსულ იაფ გაზზე პარაზიტივით გაფუებულმა, დიდი მოგება ნახა და როდესაც რუსული გაზის მიღების შანსი დაკარგვა, უმალ დაიწყო აშშ-ს შეთავაზების განხილვა—გადაწყვეტა ამ ქვეყანაში ბიზნესის გადატანის თაობაზე.

გერმანიის ბიზნესის ამერიკაში გადაბარგებამ გერმანიის ეკონომიკურ პრიორიტეტულობას წყალი შეუყენა და ამ დროს კანცლერი შოლცის მლიქვნელური მადლობა — გაზის გადაკეტვისთვის.

აი, ასეთი ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გვმოძღვრავს რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის არ აღდგენისკენ და არა მარტო საჰაერო კომუნიკაციის, არამედ ეკონომიკური კავშირების შეზღუდვისკენ.

ვერ გეტყვით, გაიზიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ელჩის „დარიგებას“, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, ჭკუა ეყოფა იმისთვის, რომ საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას — საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით და რაც სწრაფად, მით უკეთესი ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ რკინიგზის აღდგენაზეც უნდა იფიქროს — აფხაზეთის გავლით, რუსეთთან ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად.

რკინიგზა ძალაა, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია ქართველთა და აფხაზთა შორის ჩანგრეული ხიდის აღსადგენად, საქმიანი კავშირების დასაწყებად, მთელი რიგი საკითხების მოსაგვარებლად.

რკინიგზა კონკრეტული საქმეა და არა არაკონკრეტული ლაყბობა, ესოდენ ფესვგადგმული თანამედროვე საქართველოში.

21-ე საუკუნეში, ფართო კომუნიკაციის ერაში, გერმანიის საელჩოს „მამაშვილური“ დარიგებაც ისეთივე სისულელის მატარებელია, როგორიც შოლცის სამადლობელი სიტყვები ბაიდენისთვის, წარმოთქმული თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

საქართველო, წიაღისეული სიმდიდრეების რაოდენობით თავს ვერ შეიქებს, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობით განგების წინაშე მადლიერი უნდა იყოს. გეოგრაფია გვკარნახობს ვიყოთ სატრანზიტო ქვეყანა აღმოსავლეთიდან, დასავლეთით, ჩრდილოეთიდან, სამხრეთით.

სამწუხაროდ, ღმერთის ნაბოძებ ამ სიკეთეს ქვეყანა ვერ იყენებს უსუსური პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომელთაც ზურგს უმაგრებს ე.წ. დასავლელი პარტნიორების, მათ შორის გერმანიის, ეგოისტური პოლიტიკა, რომლის მიხედვით საქართველოს არც საჰაერო, არც სარკინიგზო, არც საზღვაო კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს რუსეთთან და რატომ? იმიტომ, რომ ამიერკავკასიაში აღარ იყოს რუსეთის გავლენა. დარჩა საავტომობილო გზა, რომლის გამოყენებით, რის ვაი-ვაგლახით, განსაკუთრებით ზამთარში, გვაქვს კავშირი რუსეთთან.

მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა წელგაუმართავი (ჯერ-ჯერობით) საავტომობილო კომუნიკაცია საკმარისი რუსეთთან ეკონომიკური სრულყოფილი კავშირისთვის?

უდავოდ, არ არის!

საქართველომ მარტო დღევანდელი დღით არ უნდა იცხოვროს. მან სამომავლო გეგმებიც უნდა დასახოს და ამ გეგმებიდან ე.წ. კოლექტიური დასავლეთის რჩევა-დარიგება სანაგვეში უნდა მოისროლოს, მათ შორის გერმანიის ელჩის.

საქართველომ უნდა იაქტიუროს თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ წამოწყებულ პროექტ 3X3 მონაწილეობისთვის, სადაც ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამიერკავკასიის 3 ქვეყანა და რუსეთი, თურქეთი, ირანი.

საქართველომ ძალა არ უნდა დაიშუროს რუსეთ-ირანის მიერ წამოწყებულ სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტში მონაწილეობისთვის. ამ მარშრუტის სრულყოფილად ამუშავება ერთი-ორად გაზრდის ტვირთების მოძრაობას — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ირან-აზერბაიჯანის გავლით, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში და პირიქით, ისე, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკა უნდა გამოვიდეს დასავლური მოჯადოვებული წრიდან, რომელიც არავითარი ეკონომიკური სიჯანსაღისა და სიძლიერისკენ არ არის მიმართული, არამედ პოლიტიკური მოსაზრებების განვითარებისთვის.

რა პოლიტიკური მოსაზრებები მაქვს მხედველობაში?

მარტივი რამ — საქართველოს გადაქცევა რუსეთის გამაღიზიანებელ ქვეყნად, რომელიც, ვაშინგტონის დავალებით, მზად იქნება ნებისმიერ დროს განახორციელოს ანტირუსული ავანტიურა ისეთი, როგორიც ქართველთათვის ჩვეულებრივად იქცა სააკაშვილის მმართველობის დროს.

ნათელი მაგალითი ამისა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება და რუსი სამშვიდობოების მზაკვრული დახოცვაა.

დასავლეთისთვის მიუღებელია საქართველოს ეკონომიკური სიჯანსაღე, მდგრადი სოციალური ვითარება, ვინაიდან ასეთთან ურთიერთობა, „შავ“ საქმეში გამოყენების მიზნით, გაჭირდება. ეკონომიკურად წელგამართული ქვეყანა პოლიტიკურადაც წელგამართულია.

ამერიკა-ევროპას რომ საქართველოს ეკონომიკური სიჯანსაღე ჰქონოდა გეგმაში, დამოუკიდებლობის 30 წელი განა საკმარისი არ იქნებოდა?!

აშშ-ს და მისი თანამგზავრი ქვეყნების სურვილი არასდროს ყოფილა რომელიმე ქვეყნისთვის ისეთი დახმარების გაწევა, ფეხზე რომ დააყენებდა.

იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ასეთს ჰქონდა ადგილი, დახმარებამიღებული ქვეყნები იძულებულები იყვნენ მონად დადგომოდნენ აშშ-ს. ამის მაგალითი მრავალია. მარტო „მარშალის გეგმა“ რად ღირს? აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული გეგმა, ცნობილი, სახელმწიფო მდივნის მარშალის სახელით, მართალია სოციალურად წაადგა ევროპას, მაგრამ სანაცვლოდ დააკარგვინა სუვერენიტეტი და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, დღემდე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, დამოუკიდებელი პოლიტიკის არმქონენი, თვალებში შესციცინებენ აშშ-ს.

მისი განკარგულების გარეშე ხმას ვერ იღებებ და თუ ამოიღეს, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მსგავსად — მუჯლუგუნებს ვერ აიცილებენ.

რა თქვა ისეთი მაკრონმა, რომ მისმა ევროპელმა კოლეგებმა, ცხადია ამერიკელთა შიშით, საჯაროდ დაგმეს?

რა თქვა და — „ევროპა, ამერიკის ვასალი არ უნდა იყოსო!“

როგორ თუ არ უნდა იყოსო, — შეჰყვირეს შეშინებულმა, მონობას შეჩვეულმა ევროპელებმა — ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უფრო მეტიც არისო.

ქართულ პოლიტიკას ეს არ გაუკვირდება. მისთვისაც  ხომ ამერიკა ისეთივეა, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის?! სადამდე უნდა ვატაროთ დამოკიდებული ქვეყნის უღელი, ვითომ დამოუკიდებელმა ქვეყანამ?

ეს კითხვა იმდენჯერ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, საბოლოოდ გაბეზრებულებმა დამოუკიდებლობის სტატუსისთვის შესაფერისი გადაწყვეტილება რომ არ მივიღოთ.

ეს არ უნდა იყოს ისეთი ნაბიჯი — კლასიკური გაგებით რევოლუციის მსგავსი. ეს, უნდა იყოს უხმაურო, ღიმილნარევი დისტანცირება იმისგან, ვისკენაც 30 წლის განმავლობაში მივილტვოდით! ამერიკელ „პარტნიორებთან“ ურთიერთობამ ის ხომ მაინც გვასწავლა ყალბი ღიმილის გამოსახატავად ინგლისური სიტყვა “cheese” (ყველი) რომ გამოვიყენოთ?

ჰოდა, ყალბი ღიმილით მოვხიბლოთ ისინი და ნელ-ნელა თავი ჩრდილოეთისკენ მივაბრუნოთ, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! საქართველოს ყოფილ ლიდერს, მიუხედავად უამრავი შეცდომისა, ერთი უტყუარი ლოზუნგი ჰქონდა გამზადებული ქართველთათვის და ამ ლოზუნგს — „მზე საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან ამოდის“ ჰქვიოდა.

თუ დასავლეთიდან შეიძლება მზის ამოსვლა, რატომ არ შეიძლება ჩრდილოეთიდან? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ ასტრონომიულ მოვლენას არა ერთი, არამედ მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი?!

ჩვენი ბრძენი წინაპრები რომ არ შემცდარან, ხომ სახეზეა? ამაზე ღაღადებს დემოგრაფია, ერთობ შემოძარცვული მტრულად განწყობილი მეზობლების „შემოქმედების“ წყალობით, მძიმე გარემოცვაში ეულად მოქცეული მართლმადიდებელი, პატარა, სუსტი საქართველოს გასასრისად. და შემდეგ რუსეთთან დაკავშირებული ბედის შედეგად დადებითობისკენ შეცვლილი.

მეფის რუსეთის პერიოდმა დაამშვიდა ქართველი; უსაფრთხო გახდა მისი ცხოვრება; შესაძლებლობა მისცა ესწავლა რუსეთის ქალაქებში; ხელი შეუწყო კულტურის, ხელოვნების განვითარებას; მრეწველობის ჩამოყალიბებას, სარკინიგზო კომუნიკაციის გაყვანას, ქალაქმშენებლობას; მეჩაიეობის დაფუძნებას, მეღვინეობის სამრეწველო საფუძველზე აყვანას და სხვა.

რუსეთის მეფისნაცვლების ძალისხმევით თბილისი, პატარა აღმოსავლური ქალაქი, შეუხედავი ერთი და ორსართულიანი სახლებით, ევროპული სახის არქიტექტურით ჩანაცვლდა. დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი, თავის დროზე გოლოვინის, სწორედ იმჟამინდელია, ისე, როგორიც სოლოლაკი, პლეხანოვის პროსპექტი და მისი შემოგარენი, ფუნიკულიორი, რუსეთის მეფისნაცლის მიერ ბელგიელი ინჟინრებისთვის შეკვეთილიც იმჟამინდელია, ისე, როგორც ოპერის, დღევანდელი რუსთაველის თეატრები.

ოპერის თეატრის შენობა დიდ ინტერესს იწვევდა უცხოელებში, რომლებიც მაშინდელ თბილისს არ აკლდა, ისე, როგორც მისი რეპერტუარი — მსოფლიოს ბუმბერაზი კომპოზიტორების შედევრებით დამშვენებული. ევროპის ქალაქების საოპერო რეპერტუარების თბილისში გაჟღერება უმოკლესი დროის განმავლობაში ხდებოდა.

ცნობისთვის. უნიკალური ოპერის თეატრის შენობა ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ მის ნაცვლად, მეფისნაცვლის განკარგულებით ახალი თეატრი აშენდა, სწორედ ის, რითაც თავს იწონებს ამჟამინდელი რუსთაველის გამზირი, თბილისი და საქართველო. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა პერიოდმა უდიდესი წინსვლა-განვითარება არგუნა ქვეყანასა და მის ხალხს. საქართველო გადაიქცა სამრეწველო-აგრარულ ქვეყნად, რომლის ნაწარმი პროდუქცია, დღევანდელივით თითზე ჩამოსათვლელი კი არა, არამედ იმ რაოდენობისა იყო, რომელთაც ასი ხელის თითებიც არ ეყოფოდა.

საქართველო, განათლების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო მსოფლიოში. სამრეწველო განვითარებამ თავისთავად გამოიწვია ეროვნული ინჟინერ-ტექნიკური, სამეცნიერო კადრების ჩამოყალიბება.

სოციალისტურ ბანაკში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ ქართველი ჩარხმშენებლები, მეტალურგები, ავიამშენებლები, ელმავალმშენებლები, ჰიდროელექტროსადგურებისა და კაშხლების მშენებლები, ხიდების მშენებლები, მათემატიკოსები, ენათმეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, მეღვინეები, მეჩაიეები, მეციტრუსეები, მეთამბაქოეები, მეხილეები, მეფუტკრეები, მეაბრეშუმეები, მეტრომშენებლები, … ყველა დარგის ჩამოთვლა შეუძლებელია.

ახლა, მოდით დავსვათ კითხვა — სად გაქრნენ ისინი? „დამოუკიდებლობის“ 30 წელმა არა მარტო განსწავლული კადრები გააქრო, არამედ მთელი რიგი დარგები და ხელში შეგვრჩა გაუმართავი, სუსტი განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრები — ერთობ უსწავლელნი, გაუნათლებელნი, ყალბი დიპლომებით.

თანამედროვე საქართველო ანუ დამოუკიდებელი, ვერც ერთი პარამეტრით ვერ გაუტოლდება ყოფილ საბჭოთა საქართველოს და იქ, იმ სისტემაში გატარებულ 70 წელს, ბევრი რომ უცოდინრობით, უვიცობით, ბოროტი ზრახვებით რეპრესიებისა და საშინელებების პერიოდად მოიხსენიებს, რუსული ჩექმის მიერ გასრესილად, რუსი ბატონის მიერ შეურაცხყოფლად, მონურ ცხოვრებად. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს საქართველოს „მონობის“ ამსახველი ისეთი სურათი, როდესაც მონას მოშვებული ღიპი ამშვენებდა.

რა გვქონდა და რა გვაქვს?! რა მოგვცა დასავლეთზე ჩამოკიდებულმა ვითომ დამოუკიდებლობამ? რით ჯობია იმ დამოკიდებულ ცხოვრებას, 30 წლის წინათ რომ გვქონდა?

კითხვა რიტორიკული არ არის, საფუძვლიანია და საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს, საფუძვლიან ახსნა-განმარტებას.

სამწუხაროდ, საქართველო — პატრიოტული, ინტერნაციონალური სულისკვეთებით გაჟღენთილი, შემოქმედებით შრომას მიჩვეული, შემქმნელი და არა სხვისი შექმნილის მოიმედედ გადაქცეული, ამჯერად გაზარმაცებული, ფუქსავატობით მოყელყელავე, მომხმარებლად წარმოჩენილი, სხვისი ნასუფრალის შემყურე, სხვის მიერ გაცემული „დარიგების“, ბრძანების — ისეთის, როგორიც გერმანიის ელჩმა გვახალა, ამტანი, ვერასდროს ჩაწვდება რა ხდება მის თავს.

რომ ჩაწვდეს, მაშინ ელჩს და მის კოლეგებს, სხვებს უფრო მაღლა მდგომებს, იქაურებს და აქაურებს ეტყვის — თქვენ, ბატონებო შეგვიქმენით ის ცხოვრება, რომელიც გვაქვს; თქვენი კარნახით შეგვაძულეთ ის, რაც გვქონდა; თქვენი კარნახით შეგვაძულეთ მეზობელი, რომელმაც გაჭირვებიდან გვიხსნა; თქვენი კარნახით გინდათ გავწყვიტოთ ეკონომიკური კავშირი მასთან; უარი ვთქვათ ყოველივე იმაზე, რაც მასთან ურთიერთობა გვაძლევს — იატაკქვეშურად, ვინაიდან ოფიციალური ურთიერთობა, დიპლომატიური რომ ჰქვია, თქვენ გაგვაწყვეტინეთ.

და რას მივიღებთ ამით ჩვენ, თქვენი დავალების უყოყმანო შესრულების შემდეგ?

ისევ ფსევდო შეშფოთებას, შიგადაშიგ რომ გეუფლებათ ჩვენთან ურთიერთობით? ისევ, სააკაშვილის მსგავს მბრძანებელს, ხელგაშლილად რომ წამოგვასვით თავზე თავმოყვარე ერს?! საინტერესოა, სააკაშვილს ან მის მსგავს გადაქანებულს აირჩევდით თქვენი ქვეყნის მმართველად? ჩვენ რატომ გაგვწირეთ? ან ამჯერად რატომ გვწირავთ პასუხისგებაში მიცემულის მუდამ ცხვირში ტრიალით?!

თქვენს მუდმივ, დაუოკებელ შრომაში, რომელსაც დამნაშავე პრეზიდენტყოფილის მიმართ იჩენთ ერთია — ერთ დროს თავმოყვარე ერისთვის ისევ შეურაცხყოფის მიყენება — მისი გათავისუფლება ერის შეურაცხყოფის ტოლფასია. ხოლო რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა — შიმშილით სულის ამოხდა.

აი, მაშინ კი უდავოდ შეშფოთება, აღშფოთებას ნამდვილად არ გამოხატავთ. და ერთიც, არცთუ უმნიშვნელო რამ, რაც სათქმელია — მოურიდებლად და არა მორცხვად. ხართ თქვენ იმის მომცემი, რაც რუსეთთან ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები ან ტურიზმი გვაძლევს?! რას გვაძლევსო? — თუ იკითხავთ, ქვემოთ მოგახსენებთ.

მაშ ასე: ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 455 მილიონი დოლარი შეადგინა. სპეცოპერაციის დაწყებამდე თანხა არ აღემატებოდა 45 მილიონ დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარში გაწვევის თავის ამრიდებელ რუსთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველო აირჩია თავშესაფრად.

ექსპერტთა გათვლით, წელს რუსეთიდან საქართველო მიიღებს დამატებით 2,5 მილიარდ დოლარს. ღარიბი საქართველოსთვის, 3,8 მილიონი მოსახლით, ერთ სულზე ეროვნული პროდუქტის 2,5-ჯერ ნაკლების წარმოებით, ვიდრე რუსეთში და 5-ჯერ ნაკლებით, ვიდრე მოსკოვში, ეს თანხა მნიშვნელოვანია.

ექსპერტთა გათვლით, თითოეულ ქართველზე 660 დოლარი. ამ ციფრების შემყურე საქართველოს ეკონომიკა რომ 10,1%-ით გაიზარდა, არ არის გასაკვირი. რუსეთიდან გადმოსახლებულები ყიდულობენ უძრავ ქონებას და ამ საქმეში ისინი მოწინავენი არიან, სხვა უცხოელებთან შედარებით. ტრადიციულ ყიდვა-გაყიდვაზე აღარაფერს ვამბობ.

რუსეთის ბაზარი მუდამ იყო და იქნება ხელგაშლილი მასპინძელი ქართული მინერალური წყლების, ალკოჰოლური სასმელების, ფეროშენადნობის. სამწუხაროდ, ჩვენი სიზარმაცისა და არაორგანიზებულობის გამო ხილისა და ციტრუსების ექსპორტს ისეთი სახე არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. არადა დაუკრეფავი ციტრუსების გადაყვითლებული არემარე მთელს დასავლეთ საქართველოს პეიზაჟს ალამაზებს, მაგრამ არა გლეხთა ჯიბეს.

ხელისუფალთა, ბიზნესმენთა უთავობით რუსული ბაზრისთვის სანატრელი ციტრუსი ლპება და არა მარტო რუსული ბაზრისთვის, ქართულისაც. აქაურ ციტრუსს ვერც ერთ სუპერმარკეტში ვერ იხილავთ, ძვირადღირებულ უცხოურს კი უხვად, ისე, როგორც ხილს. ხილის ქვეყანაში, ვაშლი რომ 5 ლარი და მეტი ეღირება, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მორცხვად უნდა დახაროს თავი და დარგის გაუქმებაზე განცხადება გააკეთოს.

სხვათაშორის, სოფლის მეურნეობის გაპარტახება ისე, როგორც მრეწველობის, თქვენი დაბეჯითებული რჩევის შედეგია. თქვენ, რომ ხელისუფლებას ნებას რთავდეთ რუსეთთან უფრო აქტიური ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ეს ჩრდილოელი მეზობელი აამუშავებდა ყოველივეს, რითაც ჩვენც სარგებელს მოგვიტანდა და საკუთარ თავსაც, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს — ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო — ისეა თქვენი საქმე და თქვენი გამოისობით, ჩვენიც.

ღირს, ასეთი პარტნიორული ურთიერთობა? — ამ კითხვას თქვენ არ გისვამთ, ვინაიდან წინასწარ ვიცი თქვენი პასუხი. ამ კითხვას საქართველოს ხალხს, პოლიტიკას, ხელისუფლებას ვუსვამ! და იმედი მაქვს საკუთარ თავს მაინც გასცემენ პასუხს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

20/04/2023