ყბადაღებული „სიტყვის თავისუფლება“
კაცობრიობისთვის სიტყვის თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია, ისე, როგორც ინფორმაციის გავრცელება-მიღება, თუმცა მონაპოვარი მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც სიტყვის უკან ჭეშმარიტებაა და არა ანგარება, როდესაც სიტყვა ითქმის მრუდე, ფალსიფიცირებული, სხვის გასაშავებლად, ტყუილის, სიმართლედ გასასაღებლად.
სიტყვის თავისუფლება ამ პირველსავე აბზაცის შემდეგ და მოყვანილი ნეგატიური მაგალითების ყოვლისმომცველი სიძლიერის გამო, კარგავს მნიშვნელობას და უტოლდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა დემოკრატია, სუვერენიტეტი, თავისუფლება. ამ სიტყვებთან ერთად „სიტყვის თავისუფლება“, ისეთივე გახუნებულია და საზოგადოებისთვის საქილიკო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა — ასერიგად რომ წამდაუწუმ ვატრიალებთ სხვის წინაშე სამეტიჩროდ და საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ საქართველო სიტყვის თავისუფლების განუხრელი მიმდევარია.
სიტყვის თავისუფლების უამვრავ მაგალითს ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც გულმოდგინედ მოგვითხრობს ადგილობრივი და უცხოური მედია. უყურებ და უსმენ სიტყვის თავისუფლებით მოტანილ „მარგალიტებს“ და კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, ვინაიდან ინფორმაციას იღებ, ესოდენ ძნელად მოსაპოვებელს, დახურულ სივრცეში.
როგორც მსმენელი, მაყურებელი კმაყოფილი ხარ, ისე, როგორც ინფორმაციის მომწოდებელი, მაგრამ ეს უკანასკნელი შენზე მეტად კმაყოფილია, ვინაიდან მოგაწოდა მისთვის სასურველი ინფორმაცია — სიტყვის თავისუფლების ეგიდით, თუმცა მიკერძოებული, სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში ფალსიფიცირებული.
მან მოახერხა შენს ტვინში შეღწევა და იქ არსებულ ნეირონებთან ისეთი კავშირის დამყარება, ნებისმიერ დროს რომ აქეთ-იქით შეგატრიალებს, არცთუ იშვიათად ქვას, ჯოხს აგაღებინებს ხელში მთავრობის დასამხობად.
რამდენი ასეთი „სიკეთის“ მოწმენი გაგვხადა სიტყვის თავისუფლებას ამოფარებულმა უცხოეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში? ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. და მერე რა?!
სიტყვის თავისუფლებამ შეგვაძლებინა სამოქალაქო ომებისგან თავის შეკავება? სიტყვის თავისუფლებამ აგვაშენებინა ქვეყნის ეკონომიკა თუ გაგვაუმჯობესებინა ხალხის სოციალური პირობები?! იქნებ სიტყვის თავისუფლებამ მოგვაგებინა ომები?!
არც ერთს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სიტყვის თავისუფლება სიცრუით იყო გაჟღენთილი.
მოდით დავსვათ კითხვა — აქვს თუ არა ადგილი სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის წყარო ერთია; სადაც ხალხს არ აქვს არჩევნის შესაძლებლობა; სადაც უსმენ და უყურებ იმას, რაც ვიღაცას სურს — ამ შემთხვევაში გადამთიელს.
სწორედ გადამთიელის ბრძანებით აუკრძალეს ხალხს რუსული ტელეარხების ყურება. ნაცვლად რუსულისა, უკრაინულის შემოტენა. და ეს არა მარტო პოლიტიკურ ინფორმაციას ეხება, არამედ ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს, სამეცნიეროს, ანუ ყველაფერ რუსულს.
რუსულის ხსენება ლამის დანაშაულად ფასდება, საქილიკო ხდება. დანაშაულია, როდესაც ერთ-ერთი პარტია, ამ შემთხვევაში „კონსერვატიული“, კავშირებს ამყარებს რუსეთთან ისეთი არაპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სხვა.
ქართული მედია „კონსერვატორთა“ მცდელობას ღალატად აფასებს, რითაც წამლავს საქართველოს მოსახლეობას. მედიის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ 24-საათიან რეჟმში აშშ-ზე უნდა იფიქროს და მასთან ერთად ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე უნდა იფიქროს, რათა მან მოგვცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე შემოგვძახის აშშ-ი, ევროკავშირი, ნატო და მათ მიერ გამოგზავნილი ემისრები — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ბერბოკის და სხვათა სახით; აქაური ოპოზიცია და პრეზიდენტი. მოწოდება კატეგორიულია — არ შესრულდება 12 პუნქტი და ოპოზიცია ხალხს გამოიყვანს ქუჩაში ხელისუფლების დასამხობად, ხელისუფლების, რომელმაც ვერ უზრუნველყო 12 პუნქტის შესრულება. და ვერ უზრუნველყო იმიტომ, რომ რუსეთთან უნდა ყოფნა.
აქ არვინ სვამს კითხვას — რა არის ცუდი რუსეთთან ყოფნაში. ქვეყანასთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს?! ქვეყანასთან, რომელთანაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს? ქვეყანასთან, რომელთანაც მჭიდრო სავაჭრო კავშირები გვაქვს?! ქვეყანასთან, სადაც მილიონზე მეტი აქაური ცხოვრობს და შრომობს და იქ მიღებული თანხის ნახევარს აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს უგზავნის?!
არაო! რუსთან ურთიერთობა აკრძალულიაო! — გვეუბნებიან დასავლელები და მათი აქაური კაჭკაჭები — ისეთივე ჭახჭაკით, როგორც ისინი. საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ გზას, ვინაიდან ეს არის დემოკრატიის, თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების გზა და რაც მთავარია სიკეთის გზა. ასე გვმოძღვრავს პრეზიდენტი. ოპოზიციის მიხედვით, ჩრდილოეთის გზა, ანუ რუსული, არის ჭაობში ჩახრჩობის გზა, სიბნელისა და ბოროტების გზა, რომელიც არაერთხელ გამოსცადა საქართველომ მასთან ურთიერთობის დროს.
უმზერ ყოველივეს და ფიქრობ — სადამდე გაგრძელდება ე.წ. სიტყვის თავისუფლებით ხალხის ფართო მასების გამოშტერება? რატომ ასე მკვახედო, — მეტყვის მკითხველი. გამოშტერება რბილად ნათქვამია და სრულად ვერ ასახავს იმას, რასაც აქ აქვს ადგილი.
თქვენ რას უწოდებდით მკითხველო ჩემს მეზობლებს და მათ მსგავს თბილისელებს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ უკრაინა ომს იგებს, რომ შეშინებული პუტინი ბუნკერშია, რომ მას დღე-დღეზე დაიჭერენ და ჰააგის სასამართლოს გადასცემენ, რომ რუსეთი იშლება და ა.შ. და რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ინფორმაცია არ აქვთ; იმიტომ, რომ რუსულ ტელეარხებს ვერ იღებენ; იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლების მსხვერპლნი არიან.
დავუშვათ, შევასრულეთ 12 პუნქტი — მერე რა? მერე ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გავხდებით! მერე რა?! მერე, არც არაფერი. კანდიდატობა, წევრობა არ არის! ასეთი სტატუსი ჩვენს მეზობელ თურქეთს მრავალი წლის წინათ მიენიჭა, მაგრამ ევროკავშირს ვერ ეღირსა. თურქეთი, ნატოს წონიანი წევრია! სხვებზე აღარაფერს ვიტყვი. მათ ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს.
მაშ, რატომ გვექაჩებიან ისინი ევროკავშირისკენ?! მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთისკენ არ გავიხედოთ; რომ სამარადისოდ მიგვაბან ევროკავშირის კართან, ისე, როგორც პატრონი ძაღლს აბამს სუპერმარკეტთან. ძაღლით სუპერმარკეტში შესვლა იკრძალება, ისე, როგორც ჩვენი ევროკავშირში შესვლა!
თბილისში ვიზიტად მყოფმა ბერბოკმა ჩვენთვის გასახარი იმდენი სიტყვა აფრქვია თქვენი მოწონებული — ველით ქართველები როდის გაამდიდრებენ ჩვენს კავშირსო! როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ ქართველობა, ხელისუფლება-ოპოზიციის მტკიცებით ამ წუთასვე შევარდება ევროკავშირში, მაგრამ დალურსმულ კარს აწყდება.
სულმოუთქმელი გელითო — თქვა ბერბოკმა, მაგრამ 12 პუნქტის შესრულების შემდეგო. ჩვენ კი გვეგონა, იმ სიტყვების შემდეგ, რაც სტუმარმა თქვა, ბერბოკი „პოდრუჩკს“ გაუყრიდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ბრიუსელისკენ გაიყოლებდა. მაგრამ არა! დაშაქრული სიტყვა სხვაა, საქმე — სხვა. საქმე კი არ ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირში ყოფნას, ყოველ შემთხვევაში არც ახლა და არც უახლოეს მომავალში.
რატომო? — იკითხავთ. ჩამოგითვლით, იმიტომ, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს; არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რითაც გაანაწყენა ევროკავშირი, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე. ამ შემთხვევაში ორმხრივ განაწყენებასთან გვაქვს საქმე — ისინი ჩვენს მიმართ ზემომოყვანილი 2 საკითხით არიან ნაწყენი, ჩვენ იმით, რომ გვპირდებიან ევროკავშირში შესვლას, მაგრამ არ გვიღებენ.
აქვე განვმარტავ — არასდროს მსმენია ბრიუსელიდან, კავშირში მიღების დაპირება. ასეთი, აქაური პოლიტიკოსების დაავადებული ტვინების შემოქმედების ნაყოფია, ანუ სასურველის, რეალობად წარმოდგენა. მაგრამ ამ სასურველი ზღაპრის გარდა ბრიუსელი არ აცხადებს საქართველოს ამ კავშირში მიღების თარიღს. მას, როგორც ჩანს, ეს საკითხი ჩამოყალიბებული არ აქვს.
ევროკავშირში შესვლაზე ცოცხალი რიგია — ალბანეთი, ჩერნოგორია, სერბეთი, სხვები, ის ქვეყნებია, რომლებიც რახანია შესვლას ელოდებიან. ამ ქვეყნებთან დაწყებულია მოლაპარაკება. ეს ქვეყნები ევროპის კონტინენტზე არიან, ევროკავშირის მეზობლად. საქართველო კი სხვა რეგიონია. ევროკავშირს ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება, სადამდე შეიძლება გაფართოება და საერთოდ შეიძლება თუ არა შორეული რეგიონების შეერთება?!
ამ თვალსაზრისით ევროკავშირის გაფართოებას უამრავი პრობლემა მოჰყვება. საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ევროკავშირი აიკიდებს ამ ტვირთს პატარა საქართველოს გულისთვის, რომელიც გამოირჩევა სუსტი ეკონომიკით და დაძაბული პოლიტიკური შიდა პროცესებით?
ევროკავშირს ჯერაც ვერ მოუნელებია ბულგარეთ-რუმინეთის გაწევრება — ქვეყნების, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობენ, აღმოსავლეთ ევროპაში და ახლა საქართველო?
საქართველოს მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში ჩასჩიჩინებს ოპოზიცია, რომ საქართველოს ადგილი ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ ევროკავშირშია, მაგრამ იცის მან (ოპოზიციამ) რა დემოკრატიასთან გვაქვს საქმე? უფრო სწორად, არის თუ არა დემოკრატია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში?
ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიასა და თანამედროვე საფრანგეთს შორის დიდი ზღვარია. მაგალითი ამისა საფრანგეთში მიმდინარე პერმანენტული, მრავალათასიანი, მილიონიანი გამოსვლებია. საფრანგეთის მოსახლეობა მოითხოვდა პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი საპენსიო კანონპროექტის გაწვევას. პარლამენტმა ორი მოსმენით განიხილა ეს პროექტი და გადაწყვიტა მესამე მოსმენის დროს მისი ჩაგდება, თუმცა არ გამოუვიდა, ვინაიდან პრეზიდენტმა და მთავრობამ, პარლამენტის გარეშე მიიღეს კანონი. ასეთი წესი, განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვს საფრანგეთის კანონმდებლობას. ის შესაძლებლობას აძლევს პრეზიდენტს იმოქმედოს თავისი შეხედულების თანახმად.
მიუხედავად კანონის მიღებისა, სახალხო გამოსვლები გრძელდება და მასთან ერთად გაფიცვებიც. ადგილი აქვს პოლიციასა და ხალხს შორის სისხლიან დაპირისპირებას, ჩხუბს, შეტაკებას, დემონსტრანტების დაპატიმრებას, ხელკეტებით პროტესტანტების ცემას, ცრემლსადენი გაზის გამოყენებას.
პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩები 3 მარტიდან, დღემდე ბრძოლის ველად არის ქცეული. ხელისუფლება კი ამას გულგრილად უყურებს და ასევე გულგრილად აცხადებს, რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს და თუ საპენსიო ასაკს 62 წლიდან, 64 წლამდე არ გაზრდის, ხაზინა დაცარიელდება.
და ამას ამბობს პრეზიდენტი მაკრონი, რომელიც უკრაინისთვის მილიარდებს არ ზოგავს. მოსახლეობას კი ეუბნება, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით საფრანგეთს შეექმნება პრობლემები აგრესორი რუსეთის მხრიდან. საფრანგეთის მოსახლეობასაც სჯერა ამ ზღაპრის, ვინაიდან ისიც ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმშია, როგორც საქართველოს მოსახლეობა. მასაც გაუთიშეს რუსული ტელეარხები. და არა მარტო მას, არამედ ევროპა-ამერიკის მოსახლეობას.
დემოკრატიულ კოლექტიურ დასავლეთში აიკრძალა ალტერნატიული ინფორმაციის მიღება. აიკრძალა რუსული საინფორმაციო წყაროების ფუნქციონირება. არათუ რუსულის, საკუთარ ჟურნალისტებსაც ეკრძალებათ რუსეთზე რაიმე დადებითის თქმა. არათუ ეკრძალებათ, არამედ სამართლებრივი სასჯელი არ აცდებათ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენების ობიექტური ანალიზისთვის.
ბევრმა შეშინებულმა ჟურნალისტმა დატოვა საფრანგეთი, გერმანია, სხვა ქვეყნები და სხვაგან გადავიდა. უკრაინის ხელისუფლების შესახებ მხოლოდ დადებითის გაშუქება შეიძლება ევროპულ მედიაში, რაც აშკარა დამადასტურებელია რამდენად შორს არის ჩვენი ნაქები ევროკავშირი სიტყვის თავისუფლებისგან, დემოკრატიისგან.
სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის არ არსებობის დამადასტურებელია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც რუსეთ-ჩინეთის დაჟინებული მოთხოვნით იყო მოწვეული. სხდომამ განიხილა „ჩრდილოეთის ნაკადის-2“-ის გაზსადენის აფეთქების საკითხი, უფრო სწორად ამ საკითხის შესასწავლად გაეროს სპეცკომისიის შექმნის თემა. და რა? არც არაფერი!
რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, დანარჩენებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა აშშ-ა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. რას ნიშნავს ეს თუ არა ტერორიზმისთვის ხელის შეწყობას?!
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ვალდებულია ხელი შეუწყოს ტერორისტული აქტის ჩამდენის გამოააშკარებას და დასჯას, მაგრამ არა კოლექტიური დასავლეთი. რატომო? — იკითხავთ. იმიტომ, რომ იმ კოლექტიურმა დასავლეთმა იცის ვინ ჩაიდინა დანაშაული. იცის, რომ მის დადანაშაულებას, დამნაშავის მხრიდან ეკონომიკური და სხვა სახის როზგები მოჰყვება. იცის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალაა წარმმართველი და არა დემოკრატია.
აშშ-ი ჯერ-ჯერობით ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია მოკავშირე ევროკავშირის დასჯა. ისიც შეუძლია, რომ კართან მიყვანილი გაზსადენი აუფეთქოს და ამით ზარალი მიაყენოს თავისსავე პარტნიორ ქვეყანას (ქვეყნებს), შემდეგ, ნაცვლად იაფი რუსული გაზისა, თავისი თხევადი გაზი, რუსულზე 3-ჯერ ძვირად, მიჰყიდოს მას (მათ).
და ეს ყველაფერი ხდება ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, იმ ქვეყნებს შორის, სადაც, ჩვენი გაგებით, ყვავის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება.
დამნაშავე ჯერაც ამაყად დაიარება და აინუნშიაც არ აგდებს რუსედთის, ჩინეთის, ბრაზილიის, სხვა ქვეყნების მოწოდებას დამნაშავის გამოაშკარავებისა და დასჯისათვის.
იქნებ ჩვენმა პოლიტიკამ, ძირითადად ოპოზიციამ განმარტოს რა სახის დემოკრატია არის ევროკავშირში, აშშ-ი, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ კარგა ხნის წინათ გარდაცვლილები; სადაც საარჩევნო ყუთები ბიულეტენებიანად სხვა ყუთებითა და ბიულეტენებით იცვლება; სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა — 70 მილიონი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა და მხარს უჭერს დემოკრატების მიერ შეურაცხყოფილ პრეზიდენტ ტრამპს; სადაც პრეზიდენტი და მისი შვილი ხელმრუდობაშია ეჭვმიტანილი, უფრო მეტიც — შვილი ჰანტერი, ნარკომანიასა და აღვირახსნილობაში; სადაც დემოკრატების მიერ მოქრთამული ყოფილი პორნო ვარსკვლავი, ტელეეკრანზე, სიცილ-კისკისით იხსენებს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპთან (მაშინ ტრამპი პრეზიდენტი არ იყო) 16 წლის წინანდელ ურთიერთობას, ცხადია სქესობრივს და ტელეჟურნალისტის მიერ მაგიდაზე დალაგებული პლასტმასის ფალოსებიდან ირჩევს ისეთს, როგორიც მას ახსოვს ტრამპთან კავშირიდან.
აი, ასეთი „საამური“ დემოკრატიისკენ მიაქანებენ ქვეყანას და მის ხალხს?!
თავისუფალი სიტყვა იქაც და აქაც რომ დეფიციტია, მტკიცება არ სჭირდება. ნაცვლად თავისუფალი სიტყვისა ვისმენთ ტყუილს, რომელიც ნორმალური საზოგადოების ყურებს, დამღრალი ფოთლებივით მიწას მოჰფენდა, მაგრამ ნორმალური საზოგადოების და არა დასავლური პროპაგანდის მიერ დაცქვეტილის.
მაინც, რა ბაცილით უნდა იყოს მავანი პოლიტოლოგი დაავადებული, რომ სი ძინპინის ნათქვამი: „ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან ერთად შევაჯამეთ ორმხრივი ურთიერთობის განვლილი ათწლიანი გზა და მივედით დასკვნამდე, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირები გასცდა ორმხრივ ურთიერთობას და მიიღო თანამედროვე მსოფლიო წესრიგისა და კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა.“ — შეაფასო, როგორც ჩინეთის მიერ რუსეთის დამორჩილება, კოლონიად ქცევა. არის თუ არა პოლიტოლოგი დამნაშავე? უდავოდ, არის, ხალხის წინაშე, მსმენელის წინაშე, მაგრამ არა დამკვეთის წინაშე, ანუ იმის, ვისგანაც ფულს იღებს.
მოსკოვი და პეკინი იწყებენ ბრძოლას უსამართლო მსოფლიო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთმა 500 წლის წინათ შექმნა. დასავლეთის დომინირების ეპოქა XV საუკუნეში დაიწყო კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენით. და იქიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლამდე აღმავლობით ვითარდებოდა.
30 წლის წინათ დომინირების მწვერვალზე ასულმა აშშ-ა და მასთან ერთად დასავლეთმა დაღმა სვლა დაიწყეს. ნიშანი დაღმასვლისა არის აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ აშშ-ს ბრძანების შეუსრულებლობა. ბრძანება კი მოითხოვდა მათ მიერ რუსეთის წინაღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან არაუ მცირდება, არამედ იზრდება, მათ შორის აღსანიშნავია რუსეთ-ჩინეთის მრავალმხრივი კავშირები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთისთვის, გეოპოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფოსთან კავშირის, ბლოკის შეკვრა, ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, მიუღებელია.
ჩინელები თავიანთ ქვეყანას ზეციურ იმპერიად მოიხსენიებენ. ერთადერთი შემთხვევა იყო მათ ისტორიაში, როდესაც გასული საუკუნის 50-იან წლებში სამოკავშირი ხელშეკრულება გააფორმეს საბჭოთა კავშირთან, რასაც დღესაც ნანობენ, ვინაიდან სტალინის დროს დადებული ხელშეკრულება, ხრუშჩოვმა ნაწილობრივ უარყო, რითაც დააპირისპირა ორი ქვეყანა ერთმანეთთან და საომარ ვითარებამდე დაიყვანა.
ისტორიაში ჩახედულებს ახსოვთ კუნძული დამანსკი და 1969 წლის სისხლიანი დაპირისპირება.
პეკინი პრიორიტეტს ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ასეთად მას რუსეთი მიაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორები ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მსხვერპლს გაიღებენ, მაგრამ ეს ნიშნავს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას არა მარტო ეკონომიკაში, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში.
ორივე მზადაა გაუძლოს კოლექტიური დასავლეთისა და მისი აზიელი მოკავშირეების იაპონიის, სამხრეთ კორეის, სხვების ზეწოლას.
რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობა სახიფათოა დასავლეთისთვის არა იმიტომ, რომ ჩინეთს აქვს მაღალი სამრეწველო პოტენციალი, ხოლო რუსეთს ენერგომატარებლები, ამ პოტენციალის ასამუშავებლად, არამედ იმიტომ, რომ ემუქრება ერთპოლუსიანობის შენარჩუნების იდეას.
ჩინეთს შეუძლია მიბრუნდეს დასავლეთისკენ, ისე, როგორც რუსეთისკენ. ამ ისტორიულ ეტაპზე მას აწყობს რუსეთთან ყოფნა, ვინაიდან მარტოს გაუჭირდება დასავლეთის ჰეგემონიზმთან ბრძოლა.
ამერიკისგან განსხვავებით, პეკინი მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებას, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით. პეკინს ესმის, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი — ჩინეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომია. საქმე ისაა, რომ ევრაზიის დასავლეთის საზღვრებთან გაჩაღებული ომით ვაშინგტონი ხანძარს უქმნის ჩინეთის მიერ წარმოებული პროდუქციის შესვლის ევროპის ბაზარზე, ჩინეთის პროექტს „ერთი სარტყელი — ერთი გზა“.
ვაშინგტონს ეშინია რუსეთის გავლით, ჩინეთ-ევროპის ეკონომიკური დაახლოების. დასავლეთი ბალტიისა და შავი ზღვების დერეფნის გამოიყენებით რუსეთს უკეტავს გზას ევროპისკენ. დასავლეთი ცდილობს ჩინეთს ჩაუკეტოს გზა მსოფლიო ოკეანებისკენ — კურილის კუნძულებისა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გამოყენებით, ისე, როგორც ინდონეზიამდე — ფილიპინებისა და კუნძულ ტაივანის გამოყენებით.
მსოფლიოში სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები შეინიშნება. აშშ-ი და ევროკავშირი იძულებულები არიან დათმონ ჩინეთ-რუსეთის და მათი მოკავშირეების სასარგებლოდ, მსოფლიო უარს ამბობს ერთპოლუსიანობაზე გეოპოლიტიკური პოლიფონიის სასარგებლოდ, ვინაიდან მას მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობებისთვის გაწონასწორებულ სისტემად.
ამ პროცესს რუსეთ-ჩინეთი უდგას სათავეში. ტანდემი, რომელიც შორს არის ერთმანეთის ექსპლუატაციისგან, დამცირებისგან, მოჯამაგირედ გახდისგან, ისე, როგორც იმ პოლიტოლოგს მიაჩნია — „რადიო თავისუფლებაზე“ მოჭიკჭიკეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
02/04/2023