ორი პრეზიდენტის ანგარიში

ჩემი ყურადღება მიიპყრო ორი პრეზიდენტის გამოსვლამ პარლამენტისა და ხალხის წინაშე. სიტყვა „გამოსვლის“ ნაცვლად უმჯობესია წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშის გამოყენება, ვინაიდან სიტყვა „ანგარიში“ უფრო შეესაბამება მოხსენების შინაარსს, ვიდრე „გამოსვლა“.

წლიური ანგარიშით მთელი რიგი ქვეყნების მეთაურები წარდგებიან ხოლმე საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხის წინაშე. ასეა ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის ქვეყანაში, აშშ-ი, სადაც პრეზიდენტის ანგარიშს თან ახლავს საზეიმო განწყობილება, რომელიც სუფევს არა მარტო სხდომათა დარბაზში, არამედ ქვეყანაში.

პირადად მე პრეზიდენტის კონგრესში მისვლა, კონგრესმენებთან შეხვედრა, ხანმოკლე გასაუბრება, შემდეგ მოხსენება, რომელსაც თან ახლავს ტაში ან ხანგრძლივი ტაში, ყოველი წინადადების დასრულებისას, უფრო პოლიტიკური შოუ მგონია და არა საქმიანი გამოსვლა, რომელიც გადაიცემა ტელეეთერში.

აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია მოწვეული სტუმრები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფოს სამსახურში. მათ შესახებ პრეზიდენტი მადლიერების გამომხატველი სიტყვით საუბრობს, რასაც დარბაზი ტაშით ხვდება.

მკითხველს ემახსოვრება საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის ანგარიშები საქართველოს პარლამენტში, შესაძლოა ამ გამოსვლების დროს მიწვეული სტუმრებიც და მათ მიმართ პრეზიდენტის სამადლობელი სიტყვებიც. თუ სიტყვები არ გემახსოვრებათ, რიტუალი არ დაგავიწყდებოდათ — ასლი აშშ-ს კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლისა.

პრეზიდენტი სააკაშვილი შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან თავი ისე წარმოეჩინა, როგორც აშშ-ს უდიდესი თაყვანისმცემელი, ფანატიკოსი გულშემატკივარი. პოლიტიკოსი, რომელიც აშშ-ს გარეშე ვერ იარსებებს. აშშ-ს მიბაძვისადმი მსგავსი სავალალო მაგალითები შავ ლაქასავით დარჩება საქართველოს ისტორიაში, არა იმიტომ, რომ მიბაძვა იყო — უნიჭოდ შესრულებული, არამედ იმიტომ, რომ მიბაძვა, საკუთარს აკნინებს, სხვასთან შედარებით ამცირებს თან უსუსურობის გრძნობას აღვივებს მოაზროვნე ადამიანებში.

განგების წყალობით აღარც სააკაშვილი გვყავს — პრეზიდენტის ამპლუაში და აღარც პომპეზური რიტუალიც გვაქვს, რაც მისასალმებელია, რამეთუ სახელმწიფოს მეთაურის ერთი წლის მუშაობის ანგარიში საქმიან ატმოსფეროს მოითხოვს და არა საზეიმოს, მითუმეტეს როდესაც არც სააკაშვილის მმართველობის და არც დღევანდელი ხელისუფლების დროს საზეიმო არაფერი გვაქვს, ისეთი, რომ ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ანგარიშები მოვისმინოთ — ხანმოკლე ინტერვალში.

მოდით  ვიყოთ გულახდილნი და ვთქვათ გაწეული ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ან პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს, ან პრეზიდენტმა და არა ორივემ ერთად, მითუმეტეს, როდესაც პრეზიდენტი ფაქტიურად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ნოტარიუსივით ამტკიცებს და მეტი არაფერი. მას სხვა ფუნქცია არ გააჩნია, გარდა ღიმილის და ხელის ჩამორთვევისა — სხვადასხვა სახის პროტოკოლურ ღონისძიებაში — შინ თუ გარეთ.

ფუნქციების შეზღუდულობა აწუხებს პრეზიდენტს და რომ აწუხებს, ხშირად ცდილობს კანონმდებლობით დაუშვებელი საქმის განხორციელებას, რაც თავისთავად იწვევს პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებას, ლამის ჩხუბში გადასულ კინკლავს.

აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული კონსტიტუციით, მაგრამ ერთია ქაღალდზე დაწერილი და მეორეა პრაქტიკულ ცხოვრებაში შესრულებული.

ძნელია უცხოეთში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა კოლეგასთან საუბრის დროს უარი თქვას რაღაც საკითხის განხილვაზე, ვინაიდან მისი კომპეტენცია არ არის.

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ფუნქციების განაწილება რომ დახვეწას მოითხოვს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის გაცილებით მისაღებია, ვიდრე საპარლამენტო. საქართველო უდავოდ არ არის ევროპული სახელმწიფო მმართველობისთვის შესაფერისი ქვეყანა არც დემოკრატიის თვალსაზრისით და არც საპარლამენტო ტრადიციებით.

პირველხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტა ოპერატიულად უნდა ხდებოდეს და არა გაჭიანურებული, საპარლამენტო ლაქლაქის შედეგად.

საიდან მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში საპარლამენტო მმართველობა?

სააკაშვილის ხარბი ამბიციებიდან. პრეზიდენტობის ორი ვადის შესრულების შემდეგ, ის უნდა ჩამოშორებოდა ქვეყნის მართვის საჭეს, რაც მან არ ისურვა და საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტოზე გადაიყვანა ქვეყანა, იმის იმედით, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა არჩევნებში (არაერთხელ), ხოლო გამარჯვებული, მთავრობის თავმჯდომარედ მას აირჩევდა.

რომ არა ციხის კადრები, სააკაშვილი დღესაც პრემიერი იქნებოდა, ცხადია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ნაცმოძრაობის წყალობით.

ერთი პიროვნების ხუშტურით შეიქმნა კონსტიტუციის განსაახლებელი მრავალკაციანი კომისია, რომელმაც დაადგინა — ქვეყნის საპარლამენტო მმართველობა. და იქედან დაწყებული მოვდივართ და მოვთქვამთ ჩამოუყალიბებელ სახელმწიფო მართვის სისტემაზე, მართლაც შეუფერებელზე ქვეყნისთვის.

გრძელი შესავლით შეგახსენეთ საქართველოს განვლილი პოლიტიკური სისტემის არასასიამოვნო ეპიზოდები, რომელთა გახსენება აუცილებელია იმ საკითხის ობიექტური განხილვისთვის, ორი პრეზიდენტის ანგარიში რომ ჰქვია.

პოლიტიკური თამაშები საბჭოთა კავშირის ორ ყოფილ რესპუბლიკაში ხდება — ბელარუსსა და საქართველოში. ერთსაც და მეორესაც ქვეყნის სათავეში პრეზიდენტები ჰყავთ, საყოველთაო არჩევნებით არჩეული. ბელარუსს ლუკაშენკო, საქართველოს, ზურაბიშვილი.

ამ ორს შორის ბიოგრაფიული მონაცემებით ზურაბიშვილი ჯაბნის ლუკაშენკოს. საქმიდან გამომდინარე, რეალური მონაცემებით ლუკაშენკო ასი თავით მაღლა დგას საქართველოს პრეზიდენტზე. გარდა ამისა, ლუკაშენკო 30 წელია მართავს ბელარუსს — თანაც წარმატებით.

ზურაბიშვილი საქართველოს მმართველი არ არის. ის აირჩიეს პრეზიდენტად იმიტომ, რომ საქართველოს უგვირგვინო მეფეს, მილიარდერ ივანიშვილს სურდა. მან მშფოთვარე და გაძვალტყავებულ საქართველოს ფრანგი ზურაბიშვილის ლოზუნგი ააფარა — უცხოელთა გასახარად.

ზურაბიშვილის მსგავსი პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, კვალს არ ტოვებენ. ახსოვს ვინმეს ზურაბიშვილის წინამორბედის გვარი? შეგახსენებთ — მარგველაშვილი, რომელიც იშვიათად წამოიკნავლებს ხოლმე თავის შესახსენებლად.

ლუკაშენკოს არა მარტო სამშობლოში იცნობენ, არამედ მთელს მსოფლიოში, როგორც ძლიერ პოლიტიკოსს, პატიოსანს, საქმის მცოდნეს, ბელორუსის ფეხზე დამყენებელს. ადრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებდნენ. დღეს, ამ ტიტულიდან უფრო მწარედ, მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებს, ვინაიდან ხალხის ნდობა აქვს, რაც ზურაბიშვილს არ აქვს. და რომ არ აქვს, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურიც ღაღადებს. ვერვინ იფიქრებდა, რომ პირველ ტურში მიღებული დაბალი ხმებით, ზურაბიშვილი მოუგებდა მეორე ტურის ფავორიტს — ნაცთა კანდიდატს. მაგრამ სასწაულები ხდება — მას ივანიშვილის ფოკუსი ჰქვია.

ყოველწლიურ ანგარიშში ზურაბიშვილი იმ საკითხს შეეხო, რაც მას და მის დასავლელ მოკავშირეებს ტვინს უღრღნის — ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ის არ შეხებია ქვეყნის მოსახლეობისთვის იმ უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური ყოფა, ჯანდაცვა, ინფლაცია, მიგრაცია, დემოგრაფია, ფასების ზრდა, კრიმინალური ვითარება და სხვა უამრავი, რომელთა მოსმენას მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ ამაოდ.

პრეზიდენტი ამ თემებს ვერც შეეხებოდა, ვინაიდან შორს არის მათგან, როგორც თანამდებობრივად, ისე პროფესიული ცოდნის არქონის გამო. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის, რაც ზურაბიშვილს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. ზურაბიშვილმა თავი მოუყარა საკუთარი პრეს-კონფერენციების დროს ნათქვამ ანტისამთავრობო განცხადებებს და თქვა ის, რაც მას უნდოდა — განაწყენებული პოლიტიკოსის მხრიდან.

პრეზიდენტმა თავისი მოხსენება 2 ნაწილად გაჰყო. პირველი ნაწილი ქებას დაუთმო, მეორე ნაწილი გინებას. ორივე მთავრობას ეხებოდა. არა ქვეყანას, არა ხალხს და მის აწმყოსა და მომავალს, არამედ მთავრობას. მან გაიხსენა 2012 წელს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა, მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსი, კონსტიტუციაში ცვლილება — ევროკავშირ-ნატოში შესვლის მინიშნებით, დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით და ა.შ.

მზის სხივებით განათებულ მოხსენების პირველ ნაწილს, ქარიშხლის მომასწავებელი მეორე ნაწილი მოაყოლა და თავისი დამტვრეული ქართულით იკითხა — სად გაქრა ყოველივე? მან თქვა, რომ მთავრობამ შეიცვალა კურსი, დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც მისთვის და მისი უცხოელი კოლეგებისთვის დაუშვებელია.

მან თქვა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალება, რათა ევროკავშირმა მოგვცეს ამ კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მან სხვაც თქვა — ხელისუფლების გასაშავებლად.

ზურაბიშვილის მოხსენების დეტალების განხილვა არ არის ჩემი მიზანი, ვინაიდან ბევრმა თქვენგანმა მოუსმინა მას. მთავარი მისი გამოსვლიდან გითხარით. აქვე დავუმატებ, რომ მასში ახალი არაფერია, გარდა „სახლში“ განსახილველი საკითხების გარეთ გამოტანისა.

ის, რაც პრეზიდენტმა თქვა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებასთან ერთად უნდა ეთქვა — დახურულ რეჟიმში და არა საქვეყნოდ, მისი გაგებით სენსაციურად. მან თავისი გამოსვლით დაამტკიცა, რომ მისი და „ოცნების“ პოლიტიკური კურსი კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის არა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს, არამედ ხალხს, რომლის შესახებ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს.

არც ერთ მათგანს ხალხი არ აინტერესებს. არ აინტერესებს მისი პრობლემები, სოციალური მდგომარეობა, დასაქმება, საყოფაცხოვრებო საკითხები — ერთობ გართულებული საერთაშორისო ვითარების შედეგად.

პრეზიდენტს არ უთქვამს ლარის გაუფასურებაზე, კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე და ამ ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ უაზრო მივლინებებში დახარჯულ ათასებზე; არ უთქვამს ხელმრუდე თბილისის მერიის ამოჩემებულ პროექტებზე, რომელიც ავიწროებს  ავტომანქანების სავალ ნაწილს და გზის შუაში ყვავილნარს აშენებს — იმპორტული, ძვირადღირებული, ხელოვნური ბუჩქებით და ჯუჯა, დეკორატიული ხეებით.

არ უთქვამს, გზის დავიწროებით გამოწვეულ სისტემატურ საცობებზე, დაბინძურებულ ჰაერზე — დაბალი სიჩქარით მავალი ავტომობილების გამონაბოლქვით.

არ უთქვამს, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების სისტემატურ შეფერხებაზე, ლიფტების გაუმართაობაზე. არ უთქვამს, ფუნდამენტური შენობების უმოწყალო ნგრევაზე, მათ ნაცვლად სასტუმროების მშენებლობაზე, რომელთა დამთავრებას ბოლო არ უჩანს.

არ უთქვამს, რაში სჭირდება დედაქალაქს ამდენი სასტუმრო. არ უთქვამს, საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული საცხოვრებელი სახლების, ჯერაც დაუმთავრებლის ბედზე. არ უთქვამს, თბილისის ძველი უბნების სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე, რაც სიცოცხლეს უმოკლებს საუკუნის წინ აშენებულ, უნიკალური ექსტერიერის მქონე შენობებს.

არ უთქვამს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას გარემონტება სჭირდება და არა დანგრევა, მის ნაცვლად ახლის აშენება. არ უთქვამს, რომ საქმისადმი ასეთი თავქარიანული მიდგომა დიდი ფულის ფანტვის წყაროა და არა ნამდვილი საქმის.

არ უთქვამს, რომ ასეთი პროექტი ხალხს კორუფციაზე აფიქრებინებს. არ უთქვამს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში კვირაში ერთი დღე მოსახლეობის მიღებას უნდა დაეთმოს. არ უთქვამს ყოველივე ის, რაც ხალხს აინტერესებს და რატომ? იმიტომ, რომ მისთვის უცხოა ხალხის ცნება, მითუმეტეს ქართველი ხალხის.

მკითხველო, თვითონ განსაზღვრეთ, საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი, განათლებამიღებული ადამიანისთვის ახლოა იმ ხალხის აწმყოთა და მომავლით დაინტერესება, რომელთანაც მას გვარის გარდა არაფერი აკავშირებს?

ის გრძნობა, რომლითაც ჩვენ მას და მის პიროვნებას ვიხილავთ პროვინციულია, სინამდვილისგან დაშორებული, ცრუ პატრიოტული. ქალბატონი ზურაბიშვილი ისე შორს არის ქართული სინამდვილისგან, როგორც ჩვენ ფრანგულისგან. ზურაბიშვილი თოჯინაა იმათ ხელში, ვინც ის საქართველოში მოავლინა. ზურაბიშვილის პოლიტიკას ისინი განსაზღვრავენ და არა ზურაბიშვილი. თვით ზურაბიშვილი იგივე აზროვნებისაა, როგორც ისინი. ის ქართულად ვერ იაზროვნებს. მას საქართველოზე გული არ სტკივა, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რამეთუ ის მშობლიურ ენაზე ცუდად მოლაპარაკე უცხოელია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, სისტემატური შეხვედრები მქონდა უცხოელ ქართველოლოგებთან, რომლებიც გაცილებით უკეთ ლაპარაკობდნენ ქართულად, ვიდრე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის ანგარიშში მთავარი აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროკავშირთან, საერთოდ ევროპასთან ინტეგრაციაზე, რუსეთის აუგად ხსენებაზე, უკრაინის ხელისუფლების და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაზე და ა.შ.

მან ილაპარაკა ის, რაც არაერთხელ გვსმენია ნებისმიერი რანგის უცხოელის საქართველოში ვიზიტის დროს. მან ილაპარაკა ის, რასაც წამდაუწუმ ლაპარაკობს საქართველოში აშშ-ს ელჩი დეგნანი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მყარი არჩევანია ევროკავშირსა და ნატოში ყოფნა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ავალდებულებს უფრო აქტიურად იღვაწოს ხალხის სურვილების დასაკმაყოფილებლად.

2008 წლის იანვრის პრეზიდენტის არჩევნების დროს ბიულეტენში შეტანილი საკითხი — ნატოში შესვლის თაობაზე, დღესაც აქტუალურია, ვინაიდან მედასავლეთეებისთვის და მათი წამქეზებელი დასავლეთელებისთვის ამომრჩევლის მიერ ნატოში შესვლის სურვილის გამოხატვა ის არგუმენტია, რომელსაც წამდაუწუმ ცხვირწინ გვიტრიალებენ — ხალხის სურვილიაო.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა. შეიცვალა ვითარება, ქვეყანაში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც არ იცის რას დაუჭირეს მხარი მათმა დედებმა და მამებმა, და დაუჭირეს თუ არა უმრავლესობით, ესეც ძნელი დასაჯერებელია, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის — ძველგაზრდელებისთვის. მოარული ხმების მიხედვით, გაყალბებას ჰქონდა ადგილიო.

სადამდე უნდა იძახონ ზურაბიშვილმა, დეგნანმა, ბერბოკმა, სხვებმა ქართველი ხალხის დამოწმებით, რომ ნატოში ან ევროკავშირში გვინდა?! უმჯობესი იქნებოდა ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვა, რათა საბოლოოდ გამოგვევლინა — უნდა თუ არა ქართველს ევროპა?!

სიახლე არაფერია იმაში, როდესაც ამბობენ, რომ ხალხი აზრს იცვლის. თანამედროვე ცხოვრების პირობები აიძულებს ხალხს მოიქცეს ასე. 15 წლის განმავლობაში უამრავ საჭირბოროტო მოვლენას ჰქონდა ადგილი შინ და გარეთ, რამაც ნებისმიერ ჩვენგანზე იქონია გავლენა. უწინდელი ჩვენი დამოკიდებულება ევროპის ქვეყნების მიმართ მეტწილად იქაური მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, კულტურის გათვალისწინებით იყო გამოწვეული და არა ტრანსვესტიტობით, ლგბტ-ით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, ყოველგვარი უკუღმართობით, რითიც დღევანდელი ევროპა-ამერიკა არის ცნობილი.

ვეჭვობ, რომ ასეთ ევროპაში სურდეს საქართველოს შესვლა. ვეჭვობ, რომ ქართულ ოჯახს სურდეს რძლად ვაჟის მოყვანა ან ქალიშვილის, ქალზე გათხოვება. ვეჭვობ, რომ ქართულ ოჯახს სურდეს გოგონას ბიჭად გადაკეთება — შესაბამისი ქირურგიული ოპერაციით. და რახან ვეჭვობ, ისე, როგორც დანარჩენები, კოლექტიურად ვეჭვობთ, რომ საქართველოს ასეთ ევროპაში ყოფნა წაადგება.

ისე ვლაპარაკობ, თითქოს ევროპა მზადაა ჩვენი მიღებისთვის. არც 12-პუნქტიანი დავალების შესრულება გვიშველის და არც 24-პუნქტიანის. ამ პუნქტებში ლგბტ-ს აღიარება არსადაა, არადა თუ არ ვაღიარებთ, ევროკავშირს ვერ ვეღირსებით. 12 პუნქტი სიტყვის მასალაა. მთავარი ლგბტ-ა.

უკრაინას რატომ მისცეს კანდიდატობის სტატუსი? — იმიტომ, რომ ფიცი დადო ლგბტ-ობაზე და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე — კანონპროექტი განსახილველად რადაშია. არის უკრაინის გზა ჩვენთვის მისაღები?

აი, ამ გზით სიარულისკენ მოგვიწოდებს სალომე ზურაბიშვილი — წარმოშობით ქართველი, თუმცა სულით-ხორცამდე ფრანგი, რომლის დავალება მარტივია — საქართველოს მჭიდრო დაახლოება ევროპასთან და დაშორება რუსეთისგან.

არადა რუსეთთან სიახლოვე ნიშნავს მთელი რიგი საკითხების მოგვარებას: სავაჭრო-ეკონომიკურის, სოციალურის, კულტურულის, მეცნიერულის, …

იმდენად ძლიერია რიგითი ქართველის რუსეთისკენ ლტოლვა, რომ მიუხედავად გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა, მაინც ახერხებს სავაჭრო კავშირების ქონას. მაინც ახერხებს ხორბლის შესყიდვას, მარცვლეულის, ენერგომატარებლების, მის ბაზარზე ღვინისა და სხვა ალკიჰოლური ნაწარმის შეტანას, სხვა პროდუქტის, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი, ბოლო დროს გასუქებული რუსი ტურისტების ხარჯზე.

საქართველოს პრეზიდენტი რომ პრაგმატულად აზროვნებდეს, საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის წინააღმდეგ კი არ უნდა გამოდიოდეს, არამედ პირიქით, ის უნდა იყოს ინიციატორი ამ საკითხის მოგვარებისა. მან უნდა წამოიწყოს აქტიური პროპაგანდა აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად, ვინაიდან რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ხალხების დაახლოებას, მათ შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას. როგორც ჩანს მას პრაგმატული აზროვნების უნარი არ აქვს.

ზემომოყვანილი საკითხები, რაც, ჩემის აზრით, პრეზიდენტს უნდა გაეჟღერებინა თავის მოხსენებაში, ზოგს შეიძლება წვრილმანად მოეჩვენოს. მათ დასამშვიდებლად ვიტყვი — წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. წვრილმანების მოუგვარებლობა გვიმწარებს სიცოცხლეს. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ხელისუფლება-ოპოზიცია და მათი დავალებით მედია 24-საათიან რეჟიმში გვტენიან ტრამპ-ბაიდენის, ბაიდენ-ტრამპის, ურსულასა და ვიღაც „სამსულას“ ამბვებს, რათა მთავარზე არ ვიფიქროთ.

მთავარი კი ის წვრილმანია, რაზეც პრეზიდენტს უნდა გაემახვილებინა ყურადღება თავის გამოსვლაში. აი, მაშინ იქნებოდა ის ხალხის პრეზიდენტი და არა ოპოზიციის, რომლის გულიც მან მოიგო. ხალხის გულს პრეზიდენტი უდავოდ მოიგებდა, „ოცნების“ დაპირებები რომ შეეფასებინა, განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ხალხის დასაქმება ჰქვია. რომ ეთქვა დაპირებული ქარხნების, საწარმოების არ არსებობაზე, სამეცნიერო-კვლევით ცენტრების არ არსებობაზე, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის დეგრადაციაზე, ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის შესაბამისი შენობის არ გამოყოფაზე, ხელოვნების მუზეუმის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოების დროულ წარმოებაზე, სხვა მრავალზე, რომელიც ერის კულტურას, ისტორიას ასახავს, მისი სული და გულია.

მას უნდა ესაუბრა ქართული ჩაის აღორძინებაზე, ხაჭაპურის გამოცხობაზე. ხაჭაპური, ისეთივე ბრენდია, როგორც „ქინძმარაული“, „ჩხავერი“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, … ხაჭაპურს იცნობენ, მაგრამ არა ასეთს, აქ რომ ცხვება — უყველო პურს. ანდა რატომ უნდა ღირდეს ხაჭაპური 20 ლარი და მეტი? რატომ? — რძე აღარ აქვს საქართველოს. და რატომ არ აქვს?  — მსხვილფეხა საქონელი არ ჰყავს! არც წვრილფეხა. რომ ჰყავდეს, ცხვრის ხორცი ასტრონომიულ თანხას არ უნდა ეთამაშებოდეს!

პრეზიდენტს ჩავარდნილ სოფლის მეურნეობაზე უნდა ელაპარაკა და მის ჩავარდნილ დარგებზე — მეცხოველეობაზე, მეაბრეშუმეობაზე, მეთამბაქოეობაზე, მეხილეობაზე, კვების მრეწველობაზე, სამაცივრე მეურნეობაზე, მებოსტნეობაზე. მას უნდა ეთქვა, რომ მწვანილის მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი, ისე, როგორც ნივრის, ხახვის, კარტოფილის, კომბოსტოს, წიწაკის, სტაფილოს, …  სირცხვილია!

მას უნდა ეთქვა, რომ სუპერმარკეტ „გუდვილში“ მყიდველისთვის 50-ლარიანი და მეტი ფასის ყველის შეთავაზება, ცხადია კილოგრამის, დანაშაულია, ისე, როგორც 30-ლარიანი გოზინაყის.

მას უნდა ეთქვა, რომ საბაზრო ეკონომიკა აღვირახსნილობას არ ნიშნავს, არც მომხმარებლის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. და დაევალებინა მთავრობისთვის მონოპოლიური სამსახურის ჯეროვან დონეზე დაყენება. აი, მაშინ იქნებოდა ის ჩემი პრეზიდენტი!

ბელორუსი არის ქვეყანა, რომლის გადაბირება აშშ-ა, ევროკავშირმა ვერ მოახერხეს. დასავლეთის მცდელობა ბელორუსიისგან ვასალი ქვეყნის შექმნა, რომელიც ანტი-რუსეთი იქნებოდა, მარცხით დასრულდა. დასავლეთს, რომელიც ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებდა, მცდელობა არ დაუკლია ლუკაშენკოს დასავლეთში შეტყუებისთვის და როდესაც არ გაუვიდა, რევოლუციაც მოუწყო — ჩვენთვის ცნობილი „ფერადი“ ან „ვარდების რევოლუციის“ სახით. დასავლეთი აქაც ჩაფლავდა, ვინაიდან ლუკაშენკო გამოდგა მაგარი, რომელიც ავტომატგადაკიდებული წარუდგა თავის მომხრეებს, რითაც ოპოზიციურ მომიტინგეებს დაანახა, რომ უკან არ დაიხევდა.

ლუკაშენკოს ანგარიშის მთავარი საკითხები იყო: სახალხო ერთობის დაცვა, რისთვისაც ყველა ბელორუსი კვალიფიციურად უნდა ასრულებდეს თავის საქმეს. ისტორიული აზროვნებისა და ტრადიციების დაცვა, დასავლურ „ფასეულობებზე“ უარის თქმა და შრომა, კულტურაში იმპორტის შემცვლელი პოზიციის დასაკავებლად. სოციალური სტაბილურობა და სამართლიანობა, თავდაცვისუნარიანობის განვითარება და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ძლიერი ეკონომიკა, რომელიც არის მთავარი ფაქტორი ჩამოთვლილი საკითხების შესრულებაში.

ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა ისტორიულ სინამდვილის დაცვას და მოუწოდა საზოგადოებას ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისკენ, განათლების სისტემის ამ მიმართულებით წარმართვისკენ. მან გააკრიტიკა დასავლური „ღირებულებები“, რომლებსაც თავს ახვევენ ბელორუსიას, არატრადიციული სქესობრივი კავშირები, თავისუფალი ბავშვის (free child) იდეა. და აღნიშნა, რომ ასეთი, კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან უცხოა ბელორუსის საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ყოველთვის იყო და იქნება „კლასიკური ოჯახი“ ბავშვებით.

ილაპარაკა რა სოციალურ თანაფარდობაზე მან განაცხადა შემდეგი: „ბელორუსის სახელმწიფო ყველას ელაპარაკება თანაბრად, რაც სამწუხაროდ არ ჩანს დასავლეთში, სადაც ტრანსნაციონალური კორპორაციები მიმართავენ ადამიანის უმოწყალო ექსპლუატაციას და დაპირდა ხალხს, რომ მსგავსს ბელორუსიაში ადგილი არ ექნება“. გარდა აღნიშნულისა მან თქვა, რომ არ ეჭიდება ხელისუფლებას, მაგრამ არ აპირებს ძალაუფლების იმათთვის გადაცემას, ვინც ქვეყანას დასავლეთს მიჰყიდის და ქაოსს შექმნის.

ლუკაშენკომ, როდესაც ეკონომიკას შეეხო, აღნიშნა, რომ აღმოსავლეთისკენ შებრუნება — აბსოლუტურად გონივრული სინამდვილეა, ვინაიდან სწორედ იქ მოძებნის ბელორუსი ახალ ბაზარს, ახალ ინვესტიციებს, ახალ პარტნიორებს. მან ხაზგასმით ილაპარაკა რუსეთთან, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე.

პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მან თქვა, რომ იბრძოდა და იბრძოლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერ გამოვლინებასთან, ამასთანავე აღნიშნა, რომ ახლა ბელორუსს აქვს ის, რითიც უპასუხებს ნებისმიერ აგრესორს — ტაქტიკური ბირთვული იარაღი, განთავსებული რუსეთის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე. ეს იქნება „ჩვენი იარაღი“, რომელსაც ვმართავთ ჩვენ — თქვა მან. მან ისიც თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში თხოვს პუტინს სტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსებას.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ლუკაშენკომ დაადანაშაულა დასავლეთი — „ბოლო წლები რუსეთმა მიუძღვნა საკუთარი უსაფრთხოების საკითხებს, ყირიმის შეერთებაც და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებაც ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მას დასავლეთმა ყურადღება არ მიაქცია“.

ბელორუსის პრეზიდენტის წლიური მოხსენება აღსავსე იყო პოზიტიური მოსაზრებებით, აწმყოსა და მომავლის რეალური ხედვით — ეს იყო მზრუნველი მამის მიერ საკუთარი ოჯახისადმი დამოკიდებულების გამოხატვა. ბელორუსი არის ქვეყანა, სადაც მამა ზრუნავს თავის ხალხზე და ხალხიც უფასებს მას, თავდადებულ შრომას.

ბელორუსი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანაა — საბიუჯეტო სამსახურში მყოფთა მაღალი ხელფასებით, მაღალი პენსიებით, განვითარებული სოციალური სისტემით, დაბალი ინფლაციით, მოგუგუნე ქარხნებითა და საწარმოებით, მძიმე, მსუბუქი თუ კვების მრეწველობით, განვითარებული სოფლის მეურნეობით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით, …

როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, 10 მილიონი მოსახლით, ესოდენ დიდ წარმატებებსო, — იკითხავთ. ბელორუს ხალხს, ამ ხალხის უმრავლესობას ღმერთმა არგუნა ისეთი ლიდერი, როგორიც ლუკაშენკოა, რომელიც დამოუკიდებლობის პირველივე წლიდან ჩაუდგა ქვეყანას სათავეში და 30 წელია მართავს მას. მავანი იკითხავს — არის თუ არა ხალხისთვის მოსაბეზრებელი 30 წლის განმავლობაში ერთი ლიდერის ყურება?

არის! მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანას სათავეში ჰყავს ხელსისხლიანი დიქტატორი, საღი გონებიდან დაცლილი, ცეტი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, სააკაშვილის მსგავსი.

ლუკაშენკოსგან შორს არის ყოველივე არნიშნული. ის საქმის კაცია. დისციპლინის თაყვანისმცემელი, დაუღალავი ხელმძღვანელი, რომელიც სისტემატურად ცდილობს მოძებნოს ახალი გზები ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, ხალხის სოციალური მდგომარეობის ასამაღლებლად.

ლუკაშენკომ შეუძლებელი შეძლო, როდესაც ელცინისეულ რუსეთთან მოახერხა საქმიანი სამეურნეო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ფაქტიურად შეუძლებელად მოსჩანდა ეკონომიკურ ქაოსში მყოფი ქვეყნის მრეწველობისთვის. ლუკაშენკომ არ შეაჩერა არც ერთი ქარხნის, ფაბრიკის, საწარმოს მუშაობა და ყველაფერი იღონა რუსეთთან საქმიანი სამრეწველო კავშირების შენარჩუნებისთვის.

მოდით ვიკითხოთ — რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ?

საქართველოს ხელისუფლებამ ისე გაწყვიტა ყველა სახის ურთიერთობა რუსეთთან, თითქოს ეს ქვეყანა კეთროვანი ყოფილიყო. დაიხურა ქარხნები, სამრეწველო გიგანტები — კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი, თბილისის ავიამშენებელი, ქუთაისის ავტომშენებელი, წყალი შეუდგა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, თბილისის ელმავალმშენებელი და ბევრი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. არათუ დაიხურა, არამედ აღნიშნულ ქარხნებში არსებული უნიკალური ჩარხები და დანადგარები ჯართის ფასად გაიყიდა. არც შევარდნაძეს და არც მისი მთავრობის რომელიმე წევრს თავში აზრადაც არ მოსვლია რუსეთთან ურთიერთობების გაგრძელება. და არა მარტო რუსეთთან, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.

რატომო? — თუ იკითხავთ. გიპასუხებთ — ახალი, დასავლური კურსის გამო. მაშინ საქართველოში არვინ იცოდა ევროკავშირის შესახებ, მაგრამ გაეგოთ ნატოს თაობაზე და რახან სახელი და არა საქმე ვიცოდით ამ ორგანიზაციისა, უმალ გადავწყვიტეთ იქ შესვლა. მთავრობამ, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩიკვაიძე აფრინა ბრიუსელს.  და  ნატომაც პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ — აშშ-ს პრეზიდენტის, კლინტონის გამოგონილში, დიდსულოვნად ჩაგვრთო. და ჩვენც თავი ევროპელად წარმოვიდგინეთ. ასეთისთვის ცხადია დამამცირებელი იყო „მდაბიო“ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა.

ბელორუსის მაგალითი ჩვენთვის სასირცხვილო იყო. უფრო მეტიც, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლუკაშენკოს „კოლხოზნიკს“ უწოდებდნენ, ანუ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, რომელიც შემთხვევით გახდა ბელარუსის ხელმძღვანელი. ჩვენ ამაყები ვიყავით, ვინაიდან საქართველოს სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე მართავდა. მასთან ლუკაშენკო რა სახსენებელი იყო?!

ნათქვამია — იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის! ლუკაშენკოს 30-წლიანმა მმართველობამ ბელარუსი ისეთ ქვეყნად აქცია, სამაგალითო რომ ჰქვია. ამ ქვეყნის პროდუქცია, თანაც მძიმე მრეწველობის, მთელს მსოფლიოში იყიდება, აღარაფერს ვამბობ სხვა დასახელების საქონელზე.

ბელორუსი ქვეყანაა — დასაქმებული ხალხით, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით, სამეცნიერო კადრებით. ჩვენ? — მოლაქლაქე, ენად გაკრეფილი ქვეყანა, განახევრებული მოსახლეობით, არ არსებული წარმოებით და არავითარი პერსპექტივით, დასავლეთისკენ ყურებით გაბეზრებული, ევროკავშირის კართან მათხოვრად მდგომი.

ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი შესაბამისი ანგარიშით უნდა წარმდგარიყო ხალხის წინაშე და არა საყვედურით, რომ მთავრობა 12-პუნქტიან დავალებას არ ასრულებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/04/2023