სამხედრო ძალთა ბალანსი – მშვიდობის გარანტი

უკრაინის ამბვებმა შეგვახსენა სამყაროს სხვანაირი მოწყობა, ანუ „დიდს“, რომ დიდი ჰქვია და „პატარას“, პატარა. „დიდს“, რომ სხვა „დიდთან“ არა მეგობრული, არამედ მტრული ურთიერთობა აქვს; რომ მსოფლიოში ორი, სამი, მითუმეტეს ოთხი „დიდის“ არსებობა,  უფრო სწორად, თანაარსებობა შეუძლებელია; რომ „დიდთაგან“, რომელიმე მათგანი შეეცდება დანარჩენებზე მაღლა იდგეს. ის დანარჩენებიც შეეცდებიან „დიდის“ ტოლნი იყვნენ. . . ასე იყო და იქნება კაცობრიობა, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლე იქნება. და ასე რომ იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ რომელიმე „დიდი“, საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, თავს დაიცავს.

უკრაინის მოვლენებმა გამოავლინა, რომ „დიდთა“ ურთიერთ­დამოკი­დებუ­ლება, როგორც ერთმანეთის, ისე სხვათა მიმართ – რთულია და ნაკლებად იავარდფენილი, რაც კარგად უნდა მოეხსენებოდეთ სხვებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად „დიდთა“ მიერ გაბრიყვებულებს, ავიწყდებათ, რომ „დიდი“, რაც არ უნდა პარტნიორი იყოს, თუნდაც სტრატეგიული, გაჭირვების შემთხვევაში იარაღით არ მიუხდება სხვა „დიდს“.

„დიდთა“ შორის, ამ თვალსაზრისით, ერთგვარი დაუწერელი შეთანხმებაა და ამ შეთანხმების გარანტი შეიარაღებაა. შეიარაღების თვალსაზრისით, „დიდი“ ამერიკა, მეორე „დიდ“ რუსეთს, ჯერ-ჯერობით ვერაფრით უსწრებს და თუ ასე გაგრძელდა დედამიწის მოსახლეობის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს. თანაფარდობა, მითუმეტეს ბირთვული, მუდამ მშვიდობის მომტანი იქნება. აი, თუ თანაფარდობა დაირღვევა, მსოფლიოს მშვიდობაც დაირღვევა, რაც კარგად უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის „დიდებმაც“.

მსოფლიოს მშვიდობის ბალანსი ბირთვულ თანაფარდობაზე ჰკიდია, ანუ შეიარაღებული ძალების ბალანსზე. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ, ბრიუსელში გამოსვლის დროს, რუსეთი დააკნინა, უწოდა რა მას რეგიონული ქვეყანა, მაგრამ ამით რუსული შეიარაღება არ დაკნინებულა. ობამაც ადამიანია, თავისი სისუსტეებით და გაბრაზებულს წამოსცდა რუსეთის რეგიონულობაზე, თორემ მანაც კარგად იცის, რომ ეს ასე არაა.

რეგიონულ სახელმწიფოსთან არ დებენ ბალისტიკური, კონტინენტთაშორისი, ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას. რეგიონული ქვეყნის წყალქვეშა ნავები არ დაცურავენ სუპერსახელმწიფოს წყლებში, არც სტრატეგიული ავიაცია უწევს მონიტორინგს ამერიკის ტერიტორიას და არც თვეობითა და წლობით კოსმოსში გამოკიდებული რუსი კოსმონავტები დაჰყურებენ მთელს დედამიწას, მათ შორის აშშ-ს.

პრეზიდენტი შეცდა, რასაც უმალ მოჰყვა თეთრი სახლის განმარტება – რეგიონული კი თქვა, მაგრამ „მნიშვნელოვანი“ იგულისხმაო. თვით ობამამ, მეორე დღეს განაცხადა, რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანააო.

ობამას ამასწინანდელი ტურნე ევროპასა და საუდის არაბეთში, ძირითადად, უკრაინის საკითხიდან გამომდინარე, რუსეთს მიეძღვნა, უფრო ზუსტად ევროპის ქვეყნებისა და საუდის არაბეთის ანტირუსულად განწყობას. მიაღწია თუ არა პრეზიდენტმა ობამამ შედეგს? ძნელი სათქმელია, ვინაიდან შედეგი ჯერ არ ჩანს – გარდა დასავლელთა ხისტი რიტორიკისა. თუ მართლაც რაღაცას მიაღწია ობამამ – უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მაგრამ მანამდე რაც ჩანს ისაა, საკუთარ ქვეყანაში, რეიტინგის დაცემა რომ ჰქვია. ამერიკელების 64% წინააღმდეგია ობამას საგარეო პოლიტიკის და უკრაინის გამო, რუსეთის გადაკიდების. მათი აზრით, ამერიკას არაფერი ესაქმება უკრაინაში.

რეგიონული ქვეყნისთვის პრობლემების შესაქმნელად პრეზიდენტი მსოფლიოში დაოთხილი არ უნდა დარბოდეს. სირბილი, თავისთავად განსაზღვრავს რუსეთის „დიდობას“, რეგიონულობაზე აღმატებულობას. ეს, რომ ასე არ იყოს, პუტინის ობამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახლისკენ მიმავალ სახელმწიფო მდივან ქერის, ირლანდიის აეროპორტ „შენონიდან“, თვითმფრინავს პარიზისკენ არ მიაბრუნებინებდა. რეგიონული ქვეყნისთვის სუპერ ქვეყანა თავს ასე არ გაირჯიდა.

მიბრუნებულ ქერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის, პარიზში, 4-საათიანი შეხვედრა გაიმართა. საუბრის შემდეგ ორივემ, თავ-თავიანთ საელჩოებში განცხადებები გააკეთეს, რომლის მიხედვით, პროგრესი ის იყო, რომ შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. ლავროვმა თქვა ის, რაც ისედაც იცის ქერიმ, მაგრამ ამჯერად პირადად ლავროვისგან მოისმინა. ამ ნათქვამით ლავროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა იცის, რაც უკრაინაში მოხდა და ხდება ამერიკელთა უშუალო მონაწილეობით არის გამოწვეული.

ლავროვი პირველი არ არის, ვინც ეს გააჟღერა. სულ ახლახანს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ჩურკინმა იგივე თქვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს უთხრეს, რომ უკრაინაში ადგილი აქვს შეიარაღებული ულტრამემარჯვენეების თარეშს, რუსული ენის შევიწროებას, რუსი ეროვნების ადამიანთა დაშინებას, შანტაჟს, პროფაშისტური ელემენტების გააქტიურებას, რაც საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს კრემლში და თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი იძულებული იქნება გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ითქვა მოლდოვასთან მიმართებაშიც, სადაც ამერიკელები იქადნებიან ისეთივე სცენარის გათამაშებას, რასაც უკრაინაში ჰქონდა და აქვს ადგილი.

ქერიმ თავის მხრივ შეშფოთება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის თაობაზე. და ისიც თქვა, რომ ამერიკას არ შეუძლია აიძულოს უკრაინის მთავრობა მთელი რიგი საკითხების მოგვარებაში. ქერის ნათქვამიდან გამომდინარე, ამერიკა ყურს ვერ აუწევს უკრაინას, რაც მართალია, ან როგორღა უნდა აუწიოს, როდესაც თავიდან ბოლომდე უკრაინული ამბვები თვით ამერიკის მიერ არის დაფინანსებულ-განხორციელებული?

საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებას ხელს უწყობს ამერიკა-რუსეთის ხელშეკრულება განიარაღების საკითხებში. ორ ქვეყანას შორის არაერთ ასეთ ხელშეკრულებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ნდიბის ხარისხის დაბალი დონის გამო, ხელშეკრულების პუნქტებს გვერდავლილი მხარეები სხვა მიმართულებით ავითარებდნენ შეიარაღებას. უნდობლობა იწვევს ყოველივე ამას.

ძნელია დაუჯერო ქვეყანას, რომელიც ერთს გეფიცება და საწინააღმდეგოს აკეთებს. ამერიკა-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებების დროს მიღებულ იქნა ზეპირი შეთანხმება ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში არ გაფართოების შესახებ. ამერიკელებმა არათუ დაარღვიეს ე.წ. ფიცი, არამედ ნატოს რიგებში შეიყვანეს ბალტიისპირა რესპუბლიკებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალისტური ბანაკის ყოფილ სახელმწიფოებზე.

ისინი, არც ამას სჯერდებიან და ლამობენ ნატოს გაფართოებას დსთ-ს წევრი სახელმწიფოებით – უკრაინით, მოლდოვით, საქართველოთი. მართალია, ობამამ ბრძანა, რომ უკრაინა-საქართველოს ნატოში შეყვანა არ იგეგმებაო, მაგრამ რას იტყვის ობამას შემდგომი პრეზიდენტი? ამერიკას არ უთქვამს, რომ აღნიშნული ქვეყნების ნატოში შეყვანას საბოლოოდ დაესვა წერტილიო. ამერიკელთა ამგვარ პოზიციას რუსეთი პოზიტიურად ვერ შეხვდება. ის იძულებულია გადადგას მკვეთრი ნაბიჯი, რაც გააკეთა კიდევაც ყირიმის შეერთებით.

არის თუ არა რუსეთი დამნაშავე, ანუ აგრესორი, როგორც მას აშშ-ი და მისი მოკავშირეები მოიხსენიებენ?

საბჭოთა კავშირი ისეთ დათმობაზე წავიდა დასავლეთთან, რაც წარმოუდგენელი იყო. მან უარი თქვა საკუთარ თავზე, ანუ საბჭოთა კავშირზე  და დაიშალა. მანამდე თანხმობა განაცხადა გერმანიის გაერთიანებაზე, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების კომუნისტური სისტემისგან განთავისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაში, შემცირებულსა და დაკნინებულში საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე და დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებაზე. მან უთხრა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არსებულ რესპუბლიკებს – დამოუკიდებლები ხართო და გაუშვა ისინი თავისუფალ „ცურვაში“. ერთი, რაც მან სთხოვა, ყოფილ საბჭოელებს – თავიანთ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებისგან თავის შეკავება.

სამხედრო ბაზის განთავსებას მოსკოვი მტკივნეულად აღიქვამდა. შეასრულეს თუ არა კრემლის თხოვნა? არ შეასრულეს! და ამაში დიდი წვლილი ამერიკელებს მიუძღვნით. სწორედ მათი დაჟინებული ჩხიკინით და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მოქრთამვა-გადაბირებით, ყველაფერი იღონეს შეთანხმების გასაბათილებლად.

ჯერ იყოდა მთელი დსთ-ს სივრცე კლინტონის გამოგონილ გეგმაში – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ჩართეს; შემდეგ მთელი რიგი ეტაპები გადაალახვინეს ნატოში გაწევრების მიზნით; ამას ისიც დაუმატეს, ერაყ-ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა რომ ჰქვია; სისტემატური გახადეს ნატოს სტანდარტების შესაბამისად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯარების წვრთნა და ა.შ.

გახშირდა ნატოში შესვლაზე ლაპარაკიც. არ მახსოვს არც ერთი ნატოელი მოხელე ან ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელსაც ისე კატეგორიულად ეთქვას, როგორც ობამამ თქვა – ნატოს გაფართოება არ იგეგმებაო. მუდამ იყო განცხადებები –  ნატოს კარი ღიაა და ყველას მიიღებენ დავალებების შესრულებისთანავე. როგორ გგონიათ, რას იწვევდა ყოველივე ეს რუსეთში? უპირველესად, უნდობლობას, თავისებურ შიშს საზღვრებთან მოახლოებული ნატოს ჯარის სახით.

2008 წლის ქართული აგრესია და მასზე რუსული პასუხი – საქართველოში ნატოს მოსალოდნელი დაბანაკებითაც იყო გამოწვეული. დიახ! რუსეთს ეშინოდა და ეშინია ნატოს საკუთარ საზღვრებთან მიახლოება. არის ამაში რაიმე გასაკვირი?

არც არაფერი! ვინაიდან არც ერთი სუპერსახელმწიფო და არა სუპერიც ტაშით არ შეხვდება საკუთარ საზღვრებთან სხვის სამხედრო ბაზებს. აკი, ვერ აიტანა აშშ-მა საბჭოთა რაკეტები კუბაში? გახსოვთ ალბათ, რა გამოიწვია საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის ამ გადაწყვეტილებამ. ლამის ომი გაუჩაღა ამერიკამ საბჭოეთს. საინტერესოა, რა რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნას კანადაში ამერიკელთა მხრიდან?

ასე, რომ ნუ გვიკვირს უკრაინასთან მიმართებაში კრემლის რეაქციის. იქ ხომ ამერიკელებმა ანტირუსულად ააბუნტეს მთელი უკრაინა? რუსეთის რეაქცია რომ არ ყოფილიყო, დაიკარგებოდა სევასტოპოლის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა. ულტრანაციონალური, მეტადრე ფაშისტური ხელისუფლება ცალმხრივად გაწყვეტდა რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას და ბაზას ამერიკელებს გადასცემდა, რითაც რუსეთს ხელ-ფეხს მოჭრიდა არა მარტო შავ ზღვაში, არამედ ხმელთაშუა ზღვაშიც.

175 ამერიკული სამხედრო ბაზაა ევროპაში და ყველა ისინი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ყირიმი 176-მე იქნებოდა. იმ რიგითი ამერიკელისა არ იყოს, გაკვირვებით რომ იკითხა, როგორ მოახერხა რუსეთმა ამერიკულ ბაზებთან დაარსებაო.

რას ნიშნავს, რუსეთისთვის ამერიკული ან ნატოს ბაზებით შემორკალვა? რას ნიშნავს, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება? – ცოცხლად სიკვდილს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსოფლიო მშვიდობა ძალთა ბალანსზე ჰკიდია. საკმარისია მისი ოდნავი დარღვევა და დაირღვევა მსოფლიო მშვიდობა. ევროპაში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ანეიტრალებს რუსულ რაკეტებს, ანუ რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს სპობს, რის შემდეგ ახორციელებს რუსეთზე თავდასხმას. გასროლილი რუსული რაკეტა ვერ ანადგურებს მოწინააღმდეგის პოტენციალს, მოწინააღმდეგე კი, თავისი სარაკეტო პასუხით, აცამტვერებს რუსულ სამხედრო ობიექტებს.

სამხედრო ბაზებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების მთავარი მიზანი, ჩემს მიერ მარტივად გადმოცემული, აშშ-ს გეგმაშია. ამერიკულ სისტემებსა და ბაზებს რუსეთმა საკუთარი გეგმა უნდა დაუპირისპიროს, ანუ მილიარდობით დოლარი უნდა დახარჯოს საკუთარ საზღვრებზე ანტისარაკეტო სისტემების განლაგებაში; ისეთი რაკეტების შექმნაში, რომლებიც გადალახავენ ანტისარაკეტო ამერიკულ „ქოლგას“ და ძირში გაანადგურებენ მოწინააღმდეგის შეიარაღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უომრადაც დამარცხდება. რა აზრი აქვს ფუჭ გასროლას?

ამერიკული სამხედრო პროექტი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე იხვეწება. და რომ არა რუსული პასუხი, ეს ქვეყანა დიდი ხანია აღარ იქნებოდა. 1949 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ გამოცდილმა ატომურმა ბომბმა, წერტილი დაუსვა ამერიკულ სამხედრო გეგმას – ბირთვული იარაღით საბჭოეთის განადგურებას. დაუსვა, მაგრამ დროებით. პროექტი არსებობს.  ის მუდმივად იხვეწება. წამიერი მოდუნება სიკვდილის ტოლფასი იქნება.

ახლა, რაც შეეხება ამერიკას აყოლილ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს – საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას. მათ ჰგონიათ, რომ აშშ-ი მოახერხებს რუსეთის განეიტრალებას და საბოლოო ჯამში დაშლას. და თუ ის დაიშალა, აფხაზეთიც ჩვენია და სამხრეთ ოსეთიც და ვინ იცის, იქნებ რუსეთის ტერიტორიებიც როსტოვამდე. ამას არ ამბობდნენ სააკაშვილის „გონიერი“ სარდლები, ცხინვალის ომის დასაწყისში?

ნაცვლად ამ ვირტუალური ოცნებისა, უმჯობესი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკის სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, რაც წინ აღგვიდგებოდა ანტირუსული ისტერიის წარმოებაში. ანტირუსული ისტერია, მითუმეტეს ქმედება (ცხინვალის ომი) ძირს უთხრის საქართველო-რუსეთის პოზიციების დაახლოებას, ურომლისოდაც ზედმეტია დაკარგულის დაბრუნებაზე ფიქრი.

 ზოგი თვლის, რომ რუსეთი უნდა შეგვეშვას, აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა, დაგვიბრუნოს წართმეული ტერიტორიები და ნება დაგვრთოს, ვიმოქმედოთ ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას შეეფერება. რუსეთმა ნეგატიური რეაქცია არ უნდა გამოხატოს საქართველოს ნატოში შესვლაზე და ამერიკასთან მეგობრობაზე. რა აბსტრაქტული აზრებია, სრულიად შეუფერებელი თანამედროვე მსოფლიო წესრიგთან, ძალთა ბალანსთან.

დიახ, რუსეთმა გააკეთა ის, რასაც ბევრი არ გააკეთებდა. მან, როგორც ჩვენ, ისე სხვა საბჭოელებს დამოუკიდებლობა მისცა. არ მითხრათ, 1991 წლის 30 მარტის რეფერენდუმით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობაო. ეს დოკუმენტიც და რეფერენდუმიც ისე გაქრებოდა უკიდეგანო სივრცეში, თვით საბჭოეთის პრეზიდენტ გორბაჩოვს რომ იმავე წლის დეკემბერში არ გამოეცხადებინა საბჭოთა კავშირის დაშლა.

ახალი რუსეთის ხელმძღვანელმა, ელცინმა ერთი გვთხოვა – უცხოეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე არ განლაგება. დანარჩენში მას არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუჩენია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვასრულებთ ამ თხოვნას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.