დასჯიან თუ არა სააკაშვილს?

სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის აღძვრამ დიდი გნიასი გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. განსაკუთრებით აქტიურობს რუსეთის პრესა და ელექტრონული მედია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური შემოქმედება რუსი პოლიტიკოსებისა და რუსეთის ლანძღვა-გინებისკენ იყო მიმართული.

სამწუხაროდ, დღემდე არ მსმენია რუსი პოლიტიკოსების ან პოლიტოლოგების მხრიდან არგუმენტირებული პასუხები იმ ლაყბობებზე, უდავოდ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელზე, რასაც სისტემატურად მიმართავდა პრეზიდენტი სააკაშვილი და პრეზიდენტ-ყოფილი ავანტიურისტი.

ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ წარმოთქმული მგზნებარე სიტყვა „თავისუფლების“ მოედანზე, აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის მასპინძლობის დროს. მაშინ მან რუსეთი იმ მუსლიმანური ქვეყნების აგრესიას გაუთანაბრა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. მეზობელი ქვეყნის ესოდენი შეფასება პირველი იყო ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილმა, მისთვის ჩვეული მზაკვრულობით, გზა გაუხსნა რუსეთის უკიდეგანო განქიქებას, რამაც ცუდის მეტი არაფერი მოუტანა ქვეყანას.

სააკაშვილის გამოსვლა მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ხაზგასმით აღმენიშნა შემდეგი – არც რუსეთს, არც ჩვენს მუსლიმან მეზობლებს იმდენი ზიანი არ მოუტანია ქვეყნისთვის, რაც სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა მოუტანეს.

ტრაგედია, რომელიც ამ პიროვნებამ დაატრიალა ქვეყანაში, სერიოზული შესწავლის საგანია. სააკაშვილმა არა მარტო 2008 წლის აგვისტოს ომი წააგო, არამედ ქვეყნის ტერიტორიებიც დაკარგა და ასეულობით სამხედრო თუ მშვიდობიანი მოქალაქე საიქიოს გაისტუმრა. როგორც ამბობენ, განუზომელია მისი წვლილი გახმაურებულ მკვლელობებში, ხალხის დარბევაში, ქონების ჩამორთმევაში, უდანაშაულო ადამიანთა ციხეში ჩაყრაში, მათ წამებაში, სახელმწიფო ქონების დატაცებაში.

მაგრამ ეს უმძიმესი დანაშაულები არაფერია მთავართან – ერის გადაგვარებასთან. თითქმის ათწლიანი მმართველობის განმავლობაში სააკაშვილმა მიწასთან გაასწორა საქართველოს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, განათლების სისტემა და კულტურა, ყველაფერი ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს აშენებული. მან შრომის უფლება წაართვა 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს, აიძულა რა ისინი ლუკმა-პურის საძებნელად უცხოეთში გადასახლებულიყვნენ. ვინც წასვლა ვერ მოახერხა, დარდითა და ნიჰილიზმით დაავადებულნი დავრდომილებად იქცნენ, ზოგიც რახანია გაეცალა ამ ქვეყანას და დამძიმებული სულით საიქიოს შეუერთდა.

როდესაც სააკაშვილს, ცნობილი ადამიანების სიკვდილს აბრალებენ, დანაშაულია, მაგრამ გაცილებით მეტი დანაშაულია ის, რომ მან, თავისი ბოროტი პოლიტიკით ასეულ-ათასობით ოჯახი გააუბედურა, ცხოვრებიდან გარიყა და უნაყოფო ბზიკად აქცია.

 სააკაშვილმა ჩაკლა ეროვნული სულისკვეთება, პატრიოტიზმი და ეს სიტყვებიც დაცინვის ობიექტად აქცია. თითქმის ათწლიანმა ბატონობამ ერს დააკარგვინა ყოველივე ის, რითაც სხვისგან უნდა გამოირჩეოდეს, გადააქცია ინდიფერენტულ არსებად, უბალახო მინდორს შესეულად.

დღევანდელი ქართველი, ისე გულიანად აღარ რეაგირებს საქვეყნო საქმეებზე, როგორც გუშინდელი, თუნდაც საბჭოელი. გახსოვთ ალბათ, რა ამბავი ატეხეს თბილისელებმა, როდესაც სასტუმრო „ივერიის“ წინ, რუსთაველის პროსპექტის შუაგამყოფად არსებული ხანდაზმული ხე მოჭრეს პარტიულმა ფუნქციონერებმა – პარადს ხელს უშლისო. უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, ხელისუფლება იძულებული შეიქმნა ახალი ხე დაერგო.

დღეს, არათუ ხეს, ტყეებს ჩეხავენ, ისტორიულ შენობებს ანგრევენ, უხამს შენობა-ნაგებობეს აშენებენ, ტროტუარებზე გაუგებარი დანიშნულების ნაგებობებს დგამენ და არც არაფერი. ჩაუვლით, შევხედავთ და ვითომც არაფერი, გზას ვაგრძელებთ. რამდენჯერ ჩავუარეთ ველოსიპედის „ქანდაკებას“?

სააკაშვილი არ არის, მაგრამ არის მისი „შემოქმედების“ ნაყოფი, არა მარტო უხამსი ძეგლების სახით, არამედ ინდიფერენტული. საზოგადოების სახითაც არის ახალგაზრდა მოხელეთა შეურაცხმყოფელი ქცევა, უვიცთა მხრიდან თავდაჯერება, თავხედობა და რაც მთავარია მცდარი შეგრძნება იმისა, რომ მათ ყველაფერი იციან.

სააკაშვილი არის ავტორი მორჩილი ახალგაზრდების სახელმწიფო თანამდებობეზე განწესებისა. უცოდინარი, გამოუცდელი, მოტლიკინე ახალგაზრდების გამინისტრებისა. მინისტრების პერმანენტული როტაციისა, პროფესიონალიზმის უარყოფისა და ა.შ.

სააკაშვილისეული მანკიერი თვისებები „ოცნების“ ხელისუფლბასაც უხვად აქვს, რაც აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მანკიერება იოლად ვერ აღმოიფხვრება, რომ მის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

სააკაშვილმა უარი თქვა პროფესიონალურ განათლებაზე, რაც თავისთავად ნიშნავს სასწავლებლებზე უარს. როდესაც პროფესიით ექიმს სოფლის მეურნეობას ჩააბარებ, სპორტსმენს ჯანდაცვას, პედაგოგს ფინანსებს – ქვეყანა არეულია. მცდარია მოსაზრება, რომ კარგი მენეჯერი ყველა დარგს გაუძღვება.

სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები 5-8 წლებში ვერ ეტევა და თუ არსებობს სამართალი, ის გაცილებით მეტით უნდა იყოს განსაზღვრული, შესაძლოა სამუდამო პატიმრობით. არც ერთ ჩვენგანს არ უნდა აღმოხდეს – „რაღაც ხომ გააკეთა“ ან „არასასიამოვნოა, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს პასუხისმგებაში აძლევენ“. არასასიამოვნოა, როდესაც ცხელ ზაფხულში თბილ ლიმონათს შემოგთავაზებენ, მაგრამ ქვეყნის დამაქცეველისთვის შესაბამისი ვერდიქტის გამოტანა  – სამართლიანობაა.

დამნაშავე პრეზიდენტის პასუხისმგებაში მიცემის საკითხი სხვაგვარად უნდა იზომებოდეს. დროა საქართველოში წერტილი დაესვას პრეზიდენტის ღმერთთან გატოლების მცდელობას. დროა საქართველომ სხვა თვალით, მეტადრე კრიტიკულით, შეხედოს პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრების საქმიანობას.

დროა შევეშვათ სიტყვების – „ცოტა დავაცადოთ“ წაღმა-უკუღმა ტრიალს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იტრიალებს ისე, როგორც ტრიალებს.

დროა შევიგნოთ, რომ პრეზიდენტი ჩვენს მიერ დროებით არჩეული პირია, რომლის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი სამსახური, ანუ ქვეყნის, ხალხის სამსახური. პასუხისგება, სულაც არ ნიშნავს – ვიღაცის დასჯის სურვილს, შურისძიებას. არ ჩაიდენენ დანაშაულს და არც არავინ იფიქრებს პრეზიდენტის ან ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის დასჯას.

შევინდოთ, პრეზიდენტი იყოო – მსგავსი სისულელე თავში არავის მოუვა იმ ევროპაში, საითაც ვითომ მივდივართ. და არა მარტო ევროპაში. შორს წაგვიყვანეს გადამდგარი თუ მოქმედი პრეზიდენტების გასამართლების ამბვები. ზოგი დღესაც იხდის სასჯელს, რაც კარგად მოეხსენებათ იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, ვინც სააკაშვილს ესარჩლებიან და თვლიან, რომ საქართველოში პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

არის თუ არა ეს  გასაკვირი? ნამდვილად არა. ისინი წლების განმავლობაში, სააკაშვილის წყალობით, შესეული იყვნენ მწვანე ქართულ ბალახს, ესოდენ ნოყიერსა და სასარგებლოს და ასეც გააგრძელებდნენ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

დასავლეთისთვის იმ ფასეულობებზე ლაპარაკი, რომელიც სულიერებას უკავშირდება, რახანია ჩანაცვლებულია ტყუილით, ფალსიფიკაციით, მოჩვენებითობით. ევროპა, საითკენაც ჩვენ მივდივართ, რახანია სხვა ფასეულობებით ცხოვრობს, ჩვენი გაგებით რომ შორსაა „ფასეულობებისგან“.

როდესაც ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ ყოველივე იმას, რაც ამოვიკითხეთ კლასიკად ქცეულ ევროპულ ლიტერატურაში. დღეს, სხვა ცხოვრებაა – კაცის და კაცის, ქალის და ქალის ქორწინების ჟამი; გეი პარადების, ხელისუფალთა ავხორცობის, ხელმრუდობის ჟამი. ამდენად მათი კარნახი ან შთაგონება, სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ სააკაშვილისადმი მსგავსი დასავლური თანადგომა „ხელი, ხელს ბანს“ – პოლიტიკითაა გამოწვეული, რაც იოლი დასაძლევი არ არის.

დათანხმდება ამერიკა-ევროპა სააკაშვილის პასუხისმგებაში მიცემას? ძნელი სათქმელია, ვინაიდან სააკაშვილთან ერთად დაინგრევა „დემოკრატიული შუქურის“ ზღაპარი,  ესოდენ გაპიარებული აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ. სააკაშვილი რომ მეტი ასაკის იყოს, კიდევ შეიძლება რაღაცის ფიქრი, მაგრამ სააკაშვილი იმ ასაკშია, როდესაც დასავლეთში პოლიტიკას იწყებენ.

აშშ-ს სააკაშვილი სწორედ ისაა, ვინც ნებისმიერ დროს გამოდგება, როგორც რუსეთის სალანძღავად, ისე უკრაინის უმძიმეს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

სააკაშვილი შეუდარებელია ავანტიურისტულ საქმეებში. ასეთს არ წირავენ, არც პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან. ასეთს უფრთხილდებიან – სამომავლო „საგმირო“ საქმეებისთვის.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სასწორზე შემდგარი სააკაშვილი გადაწონის საქართველოს და გადაწონის იმიტომ, რომ დასავლეთს საქართველო ცალ ფეხზე ჰკიდია. რომ არ ჰკიდებოდა, სააკაშვილი ვერ გაბედავდა იმ დანაშაულების ჩადენას, რაც უკვე ჩამოვთვალე, ან ვერ ჩამოვთვალე.

დასავლეთს ინტერესები ამოძრავებს და არა ქართული ისტორიის ან კულტურის პატივისცემა. ამ ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სააკაშვილსა და მის ნაცებს.

ნუთუ, ასეთიაო დასავლეთი? – იკითხავს გაკვირვებული მავანი. დიახ, ასეთია! და ასეთი იყო, თუნდაც 100 წლის წინათ, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფო, ერთობ სუსტი და ჩამოუყალიბებელი შუაგზაზე მიატოვა და ზურგი აქცია მას. ასე იყო თუნდაც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთთან ჭიდილს, გაყუჩება ამჯობინა. ასე იყო თითქმის ათი წლის განმავლობაში, როდესაც ავანტიურისტს, მაგრამ მის ავანტიურისტ სააკაშვილს ქვეყანა ანგრევინა. ასე იქნება დღესაც და ხვალაც, როდესაც ძებნილ სააკაშვილს, ნაცვლად სამშობლოში ექსტრადიციისა, თბილ ბუნაგს მიუჩენს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.