სავიზო რეჟიმი, ირანი და თერძი დიპლომატიაში
დღე ისე არ ჩაივლის, „საოცნებო“ ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილებებით არ „გაგვახაროს“. ერთობ გაუარესებული „რეფორმები“, რომ მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუნდაც წამლებზე რეცეპტის შემოღება რად ღირს.
იყო სახელმწიფოს ჩაურევლად ჩამოყალიბებული სააფთიაქო სისტემა და ნაცვლად გაუმჯობესებისა, ანუ ფასების დაკლებისა, ისეთი რამ მოიფიქრეს, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა და მისმა „პროფესიონალმა“ ქვეშევრდომებმა, რომ აფთიაქში ექიმის სამსახურის გაჩენას შეუწყვეს ხელი.
მაგრამ ყველა აფთიაქს რომ საკუთარი ექიმის ყოლის შესაძლებლობა არ აქვს? „სარეცეპტო რეფორმას“ რატომღაც გამორჩა ვეტერინარული სამსახური, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მესაქონლეობით დაკავებულ ე.წ. ფერმერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ შინაური ცხოველების პატრონებს. „ეს საკითხი გასარკვევიაო“, – ბრძანეს ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ ვიდრე რამეს გაარკვევენ, არაერთი ოთხფეხა პირუტყვი გაუყვება საიქიოს გზას.
სხვა „რეფორმები“ ისეთია, ავ თვალს რომ არ ენახება. საშინაო „რეფორმები“ აღარ იკმარეს და ახლა ისეთ „რეფორმებს“ მიადგნენ, საერთაშორისო ურთიერთობებს რომ სერიოზულ ზიანს აყენებს და პრობლემებს უქმნის ქვეყანას. ერთ-ერთი სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა. ცხადია, ამ დარგში იყო რაღაც შესაცვლელი – გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ ხელისუფლების მოჭარბებული სურვილი – საქმის გაუმჯობესების თაობაზე, რომ საქმის გაუარესებით თავდება, ფაქტია.
საკითხი, სავიზო სისტემას ეხება და მასთან დაკავშირებულ კანონს, რომლის მიხედვით, მთელ რიგ ქვეყნებს საქართველოში უვიზო შემოსვლის ნება დაერთოთ. ასეთთა რაოდენობა ძალიან ბევრია და მათ შორის ისეთებიცაა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც რომ ხეირიანად არ იციან, მაგრამ, ვინც იცის, მკაცრ სავიზო რეჟიმში მოხვდნენ.
სამწუხაროდ მათ შორის არ არის ქვეყანა, რომელიც თითქმის მეზობლად ითვლება და რომელთანაც საუკუნოვანი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს. მართალია, ხშირად ეს ურთიერთობები მწარეც იყო ჩვენთვის, მაგრამ ისტორიის მანძილზე ძნელად მოიძებნება ქვეყნები, რომლებსაც დღემდე, ტკბილი ურთიერთობები ჰქონიათ.
ეს ქვეყანა ირანის ისლამური რესპუბლიკაა, ლამის 80-მილიონიანი მოსახლეობით, წარმატებული ეკონომიკით, მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, სამედიცინო და განათლების სისტემით, ხელოვნებით და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი საერთაშორისო კინოფესტივალი არ ჩატარებულა, რომელზეც ირანის კინემატოგრაფიას ჯილდო არ მოეპოვებინოს.
ირანის როლი რეგიონისა და მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის საქმეებში. ირანის ავტორიტეტს იზიარებენ უმრავლესობა რეგიონის ქვეყნებისა, ზოგიც არ იზიარებს ცნობილი მიზეზების გამო. მათ შორისაა ისრაელი.
ირანი მხარს უჭერს სირიის ოფიციალურ ხელისუფლებას, ბაშარ ასადის მეთაურობით და სერიოზულ დახმარებას უწევს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ირანი მხარს უჭერს პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასს“, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რაც ისრაელის გულისწყრომას იწვევს.
ირანი მხარს უჭერს ლიბანის „ჰესბოლას“ ანტიისრაელურად განწყობილს და პალესტინელთა სამართლიანი ბრძოლის მხარდამჭერს.
ირანის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ მძიმეა. შაჰის ირანისა და ისრაელის საკმაოდ მეგობრული და პრაგმატული ურთიერთობები, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, მკაცრ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისრაელისთვის ირანი ნომერ პირველი მტერია, რომელიც აპირებს ბირთვული ბომბების შექმნას ისრაელის გასანადგურებლად. არადა პატარა ისრაელის, თუნდაც ბირთულბომბიანის, განადგურება ირანს არ გაუჭირდება. ასე რომ, ერთია რიტორიკა და მეორეა პრაქტიკული ქმედება.
ირანის ისლამური რესპუბლიკა, დღიდან რევოლუციისა, აითვალწუნა აშშ-ა. 30 წელიწადზე მეტია ამერიკა-ირანს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. ამერიკა აწარმოებდა და აწარმოებს ირანის მიმართ ფარულ თუ ღია ომს.
ვაშინგტონის პოლიტიკოსთა ძალისხმევით ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულია მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. მისი მიხედვით, ირანი არის აშშ-ს ნომერ პირველი მტერი, ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებელი, ისრაელის სახელმწიფოს მიწისაგან პირისა აღგვის მსურველი, ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე ქვეყანა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევი, ტოტალიტარული სახელმწიფო.
აშშ-ს თაოსნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხჯერ მიიღო ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. მიზანი სანქციებისა – ირანის მიერ ბირთვული კვლევების წარმოების შეჩერება და ბირთვული იარაღის შექმნაში ხელის შეშლა. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი და მეთაური აიათოლა ჰამენეი დაბეჯითებით აცხადებს, რომ გმობს მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას.
აიათოლა ჰამენეის ფეტვით აკრძალულია ბირთვული იარაღის შექმნა, მაგრამ აშშ-ი, საერთოდ დასავლეთი, მხოლოდ საკუთარი არშინით ზომავს საკითხებს. მას ჰგონია, რომ ფეტვის არსი ისეთივე არასანდოა, როგორიც მათ მიერ მიღებული, თუნდაც ხელმოწერილი შიდა თუ გარე მოხმარების იურიდიული დოკუმენტი.
ის, რომ აშშ-ი ზერელედ უყურებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას, ნატოს უელსის სამიტზეც გამოჩნდა. აღმოსავლეთ ევროპაში „სწრაფი რეაგირების ძალების“ განთავსება, მეტი არაფერია, თუ არა ამერიკა-რუსეთს შორის 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფეხებზე დაკიდება, რომლის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საზღვრებთან იკრძალება ნატოს ბაზების განთავსება.
აშშ-ს არ სჯერა ირანის სამშვიდობო პოლიტიკის. მას მიაჩნია, რომ ირანი არ უნდა ეხმარებოდეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ის ისეთივე დამჯერი და თვინიერი უნდა იყოს, როგორც შაჰი რეზა ფეჰლევის დროს. მაშინდელ ირანს, საერთაშორისო პოლიტიკა, რეგიონში აშშ-ს ქოფაკად მოიხსენიებდა.
ამერიკელთა ინიციატივით დაწესებულმა სანქციებმა სერიოზულად დააზიანა ირანის ეკონომიკა, მაგრამ ირანის მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთება ვერ გატეხა. ამერიკელთა უკვე სასაცილოდ ნათქვამი ფრაზა – სანქციები მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული და არა ირანელი ხალხის – ცინიზმია და მეტი არაფერი.
ირანის ხელისუფლება სანქციებით არ დაზარალებულა, ხალხმა კი სერიოზული პრობლემები იგემა. აქვე აღვნიშნავ რუსეთის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის როლზე. მართალია, მან ბევრი იღონა ირანისთვის სანქციების თავიდან აცილებაზე, მაგრამ არა იმდენი, რომ სანქციები არ შემოეღოთ.
დღეს, თვით რუსეთი აღმოჩნდა მკაცრ სანქციებში აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან. ამერიკა-ევროკავშირმა სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დააწესა. უშიშროების საბჭოში, რუსეთის მუდმივი წევრობის გამო, სანქციების მიღება შეუძლებელი იყო.
ერთი წელიწადია ირანს ახალი პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით ნდობის თვალსაზრისით. დაიწყო და გრძელდება მოლაპარაკება უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, პლუს გერმანიასა და ირანს შორის. მოლაპარაკებამ ბევრი პოზიტიური მომენტი გამოავლინა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ზოგიერთი სანქციის გაუქმება.
ირანის ხელისუფლებამ ფართოდ გაუღო კარი საერთაშორისო ატომური ენერგიის დამკვირვებლებს ბირთვული კვლევის ობიექტებში. ირანი მზადაა შეზღუდოს ურანის გამდიდრება, მაგრამ ბირთვული კვლევები გააგრძელოს ენერგეტიკის, მედიცინის, სხვა დარგების განვითარებისთვის.
ირანი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით. ამერიკულ-ევროპული სანქციებით მკვეთრად შემცირდა ნავთობისა და გაზის ექსპორტი. სანდო წყაროების მიხედვით, აშშ-ი დგამს ნაბიჯს ირანის გაზის ექსპორტის ასაღორძინებლად, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დღეს, ნომერ პირველ მტერთან, რუსეთთან, დაპირისპირება მოითხოვს ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის გამოძებნას.
ირანთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების დროს მხედველობაში იქნება მიღებული ირანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხიც. აღნიშნულის შესახებ სისტემატურად იბეჭდება სტატიები და ვარაუდები დასავლურ პრესაში. ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკა-ირანის პოლიტიკურ თამაშზე. და ამ თამაშში ამერიკელთა მხრიდან დათმობებზე.
ირანი დაინტერესებულია საკუთარი გაზის ევროპაში ექსპორტით, მაგრამ ითვალისწინებს რა რუსეთთან ურთიერთობებს, სურვილს გამოთქვამს, რომ არ იყოს რუსეთის კონკურენტი. თავის დროზე, როდესაც ამერიკა-ევროპა გაზის პროექტ „ნაბუკოს“ ლობირებდა, მხედველობაში ჰქონდა გაზსადენის თურქმენეთ-აზერბაიჯანის გაზით შევსება, მაგრამ თურქმენული გაზის აზერბაიჯანამდე გაზსადენით ტრანსპორტირების საკითხი ვერადავერ გადაიჭრა კასპიის ზღვის სექტორებად დაუნაწილებლობის გამო.
კასპიის ზღვისპირა სახელმწიფოები ა.წ. სექტემბრის 29-ში გეგმავენ მოსკოვის სამიტს, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ, როგორც მორიგი შეხვედრა და არა საბოლოო, კასპიის ზღვის აკვატორიის დანაწილების საქმეში. ასე, რომ „ნაბუკოს“ მილსადენის თურქმენული გაზით შევსების საქმე ჯერაც გადაუწყვეტელია.
თავის დროზე ირანული გაზის გამოყენების საკითხი ამერიკის მხრიდან ტორპედირებული იყო. დღეს, სხვა ვითარებაა, რაც თავისთავად ააქტიურებს ირანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხს. თუმცა აქვე დავძენ, თუ ეს მოხდა, ირან-თურქეთის გაზსადენი იქნება გამოყენებული და არა „ნაბუკოს“ პროექტი, რომელიც საქართველოზე გადის.
ზემოთმოყვანილი მაგალითი და სხვა მსგავსი მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ვითარება სწრაფად იცვლება. გუშინდელი მოწინააღმდეგეები, დღევანდელ პარტნიორებად იქცევიან და შებრუნებით. აი, რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკას, „სალ კლდესავით“ ურყევია, რითაც მტკიცდება მისი მოუქნელობის ამბავი. აქაოდა, ამერიკა-ისრაელმა აუგი არ გითხრან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაწესებასან დაკავშირებითო და ამ უზარმაზარ მეზობელთან, მსოფლიო პოლიტოკაში მოთამაშე ქვეყანასთან, სავიზო რეჟიმი დააწესა.
არადა სააკაშვილის დროს, ირანის მხარის ინიციატივით, ამოქმედებულმა უვიზო მიმოსვლამ არა მარტო ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, არამედ ირანული ბიზნესის გაფართოებას, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლას, ირანელთა მხრიდან უძრავი ქონების, სახლების, ბინების შეძენას და სხვა. ირანელები მზად იყვნენ მილიონობით დოლარი ჩაედოთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სისტემის დახვეწაში, საერთოდ ეკონომიკაში.
„ოცნების“ ხელისუფლებამ, დღიდან მოსვლისა, ცალმხრივად გააუქმა უვიზო ხელშეკრულება და ირანელებს სავიზო რეჟიმი დაუწესა. რაც შეეხება ირანის მხარეს, ის, არ აჰყვა საქართველოს ხელისუფლების ქარაფშუტობას და ირანში ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს კვლავ უვიზო მგზავრობა დაუტოვა, ალბათ იმის იმედით, რომ ქართული მხარე გონს მოეგებოდა და შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას.
ამაოდ, პირიქით, „ოცნების“ ხელისუფლებამ ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღება დააკანონა კიდევაც და არა მარტო სავიზო რეჟიმი შემოიღო, არამედ ირანელებს აუკრძალა საბანკო ოპერაციები, რითაც ნულზე დაიყვანა ბიზნეს-კავშირები. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია საქართველოში ირანიდან ევროების შემოსვლის შემცირება, ირანული ბიზნესის საქართველოდან წასვლა, ტურიზმის შემცირება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ირანელთა პოლიტიკურ განწყობაზე დაღის დასმა.
არადა ირანი სწორედ ის ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობის პირველ მძიმე წლებში მეგობრული დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ირანი ის სახელმწიფოა, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საქმეში დიდ დახმარებას უწევს საქართველოს გაეროში.
ირანი ის ქვეყანაა, ვინც მტკიცედ იბრძვის ტერორიზმის, ექსტრემისტული, ვაჰაბიტური, სალაფიტური რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. ირანული შიიზმი, საერთოდ შიიზმი, ისეთივე შეტევას განიცდის რადიკალური ისლამისგან, როგორც ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. საქმეში ჩახედული სპეციალისტისთვის ძნელი არ არის ამოიცნოს ის საერთო სულიერი ფაქტორი, რაც არსებობს შიიზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ამით ხომ არ იყო განპირობებული მისი უწმიდესობის და უნეტარესობის ილია მეორის მეგობრული ვიზიტის წარმატება ირანში?!
ირანს ოფიციალურ ვიზიტად წვევია საქართველოს პრეზიდენტები შევარდნაძე, სააკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა უწყებათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები. ხშირი იყო ირანის მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტები საქართველოში, მათ შორის გამოვყოფდი პრეზიდენტ რაფსანჯანის ვიზიტს გასული საუკუნის 90-იან წლებში.
და აი „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ირანის სრული იგნორირება. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ვიზიტი, თანაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის. მიუხედავად ჩემი ბატონ თედოსადმი ღრმა პატივისცემისა, ირანი გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„ევრო-ატლანტიკურებად“ გადაქცეულ ხელისუფლებას, რომელსაც მზე და მთვარე ვაშინგტონ-ბრიუსელზე ამოსდის, დრო აღარც რეგიონის ქვეყნებისთვის რჩება და აღარც სხვისთვის, რაც აშკარად მეტყველებს მის პოლიტიკურ უმწიფრობაზე. სამმილიონ ნახევრიან ქვეყანას, დრო არ რჩება 80-მილიონიანი ქვეყნისთვის?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
წინა წერილში, რომელიც სირია-ერაყის ტერიტორიებზე შექმნილ „ისლამის სახალიფოს“ მივუძღვენი, აღვნიშნე იმ სერიოზული საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება მოგვიტანოს „სახალიფოს“ გეგმებმა. მისი მიხედვით, კავკასია გავლენის სფეროდ ითვლება და პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში ომიც იგეგმება, როგორც ჩეჩნეთში, ისე კავკასიაში.
არაბული მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახალიფოს“ ძალებში აქტიურად იბრძვიან თითქმის 500-მდე საქართველოს მოქალაქე სირიის ლიდერის ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ეს მებრძოლები დღესაც „სახალიფოში“ არიან და ყველა მათგანის, ისე, როგორც „სახალიფოში“ მცხოვრები 80 ქვეყნის მოჯახედის ვალია „წესრგი დაამყაროს“ თავთავიანთ ქვეყნებში.
„წესრიგის დამყარების“ არეალი კი დიდია – ჩინეთიდან ესპანეთამდე. გვიშველის ამ პროცესში აშშ-ი ან ევროკავშირი? ეჭვი მეპარება. მათ თავიანთი გასაჭირი აქვთ. ასობით და ათასობით ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი, სხვა ერის წარმომადგენელი არის ჩართული „სახალიფოს“ „წმინდა“ ბრძოლაში ურჯულოთა წინაარმდეგ.
ვის შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა „ისლამური სახალიფოს“ გამოხდომებს, რუსეთში, კავკასიასა და ირანში? – მართლმადიდებლობას. რუსული, ქართული, სომხური ეკლესიებისა და ირანის შიიზმის მტკიცე კავშირს.
მხოლოდ რელიგიური და ამასთანავე პოლიტიკური რკალი შეიძლება გადაეღობოს „სახალიფოს“ შორსმიმავალ გეგმებს. ამ რკალის შესაქმნელად მუშაობაა საჭირო და არა ურთიერთის გაღიზიანება, თუნდაც ისეთი საკითხით, როგორიცაა ვიზის შემოღება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ომის აგორების მუქარის დაძლევა და არა ქარაფშუტული გადაწყვეტილებების მიღებით.
„ჩვენ გავაუქმეთ ვიზების საზღვრებზე გაცემა“, – ბრძანა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა. კაცმა რომ თქვას, ვინ არის ამ საკითხში იუსტიციის მინისტრი? სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი საკონსულო დეპარტამენტი?
სამწუხაროდ, თერძის საქმეს მშენებელი ასრულებს, გინეკოლოგის – პროგრამისტი. საკონსულო საკითხები, მითუმეტეს სავიზო, მხოლოდ საგარეო უწყების საკონსულო სამსახურის ფუნქციაა და არა იუსტიციის სამინისტროს. მხოლოდ საკონსულო სამსახურის პრეროგატივა უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყანასთან სავიზო თუ უვიზო მიმოსვლის დაწესება, გადასახადების შემოღება და ა.შ. ეს პრაქტიკა არსებობდა 1994 წლიდან 1999 წლის ჩათვლით, თქვენი მონა-მორჩილის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად ყოფნის დროს.
სავიზო მიმოსვლა და ტარიფები ორი ქვეყნის საკონსულო შეთანხმების ნაყოფია და არა ვინმეს, თუნდაც იუსტიციის მინისტრის ფანტაზიის. აქვს რომელიმე ქვეყანას ჩვენი მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო შესვლა და მეც ვალდებული ვარ მქონდეს ასეთი; აქვს ქვეყანას სავიზო მიმოსვლა დაწესებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მეც ვალდებული ვარ მქონდეს ასეთი. ვიზის გაცემა – პოლიტიკაა და არა მექანიკური პროცედურა.
ვიზების გაცემის ვადები და გადასახადი პარიტეტული უნდა იყოს. ამაშია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიღრმისეული არსი და არა იმაში, რომ ევროპა-ამერიკის ასზე მეტ ქვეყანას ცალმხრივად, უვიზო და თან უფასო შემოსვლა დაუწესო, მაშინ, როდესაც ისინი ვიზასაც რის ვაი-ვაგლახით გასცემენ შენს მოქალაქეზე, ხშირ შემთხვევაში უვიზოდაც ისტუმრებენ და პროცედურაში ფულსაც გახდევინებენ.
პირადად ჩემს მიერ იყო შემოღებული საზღვრებზე ვიზების გაცემა. ეს პრაქტიკა მე სწორედაც ევროპის ქვეყნებიდან გადმოვიღე. საზღვრებზე ვიზების გაცემა იყო პარიტეტულ საფუძველზე, მაგალითად სარფში ან თბილისის აეროპორტში თურქეთის მოქალაქეებზე გაიცემოდა საქართველოს ვიზა. ანალოგიური რამ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საზღვრებზე.
დღეს, ეს წესი გაუქმდა. მაგალითად, ირანის მოქალაქემ ვიზის ასაღებად ირანში საქართველოს საელჩოს უნდა მიმართოს. „ეს წესი დაგვიცავსო არასასურველი ელემენტების შემოსვლისგანო“, – ბრძანა საკონსულოს შეფმა. კეთილი, მაგრამ საელჩოში პასპორტის გარდა, რას სთხოვენ ირანის მოქალაქეს? საელჩო ხომ შსს-ო არ არის, სერიოზული კვლევა რომ ჩაატაროს? ან რა დრო დასჭირდება ამას? პროცედურა იგივეა, რაც საზღვარზე ვიზის გაცემისას. ასე რომ, ხელოვნურად, უგუნურად ვირთულებთ და ვურთულებთ საქმეს უცხოელს.
სულ ახლახანს საქართველოს საზღვარს მომდგარი სატვირთო ავტომანქანების კოლონა ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს – ვიზას საზღვარზე აღარ გავცემთო, თეირანში, საქართველოს საელჩოს მიმართეთო. რა ჰქვია ამას, თუ არა საქმის არცოდნა, გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი?!
წულუკიანი ამ შემთხვევაში ის თერძია, რომელიც დიპლომატიის საქმეს „აკეთებს“, მაგრამ დიპლომატიის საქმეს რომ „აკეთებს“, ისიც რომ თერძია?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.