იზრდება ირანის როლი რეგიონში

უკრაინა-ერაყ-ღაზის ომებმა საერთაშორისო საზოგადოების ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ  სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები უკან ჩამოიტოვა. ცხადია, ამერიკა-რუსეთ-ევროკავშირის თემა გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმწვავით, ხოცვა-ჟღლეტვით, პირველი რიგის თემები, არათუ ტოლს არ უდებს, ხშირ შემთხვევაში აჭარბებს კიდევაც მათ. „ცხელ“ საკითხებში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, სხვა ქვეყნები და მათ შორის ირანიც.

ერთი წლის წინათ ირანის თემა ყველა დანარჩენს აჭარბებდა და მსოფლიოს პოლიტიკოსთა აზრით, „ცხელი“ წერტილის შექმნის საშიშროებას იწვევდა. მაშინ ირანის ბირთვული კვლევის თემა იმდენად აღიზიანებდა ისრაელს, რომ მზად იყო საჰაერო დარტყმები განეხორციელებინა ამ ქვეყნის ბირთვული კვლევების ობიექტებზე. მართალია, აშშ-ი ცდილობდა ისრაელის მოსალოდნელი აგრესიის მოთოკვას, მაგრამ თვით არაერთხელ აცხადებდა, რომ მზად იყო ბირთვული კვლევების ობიექტებზე იერიშის მისატანად, თუკი ირანი არ შეწყვეტდა ურანის გამდიდრებას.

საბედნიეროდ, ირანის თემა მეორე, მესამე პლანზე გადაიწია. ისრაელი ჩართულია ღაზის სექტორში პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში და არა მარტო „ჰამასის“, არამედ პალესტინელი ხალხის. მას ნაკლებად რჩება დრო ირანისთვის.

აშშ-ი და ევროკავშირი დაკავებული არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციური ომით, უკრაინის მოვლენებით და მათაც ნაკლები დრო რჩებათ ირანისთვის. მაგრამ ამერიკა-ევროკავშირის ყურადღების განეიტრალება ირანის მიმართ არა მარტო გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, არამედ თვით ირანის ახალი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით.

ერთი წელიწადია ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს ახალი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. ამ ხნის განმავლობაში ირანმა ბევრს მიაღწია, მის მიმართ, დასავლეთის მხრიდან, ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლაში.

ერთი წელიწადია გრძელდება გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის მოლაპარაკება ირანთან – ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით. შეინიშნება პროგრესი. არის ორმხრივი დათმობები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანის ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს.

შედეგი კი უპირველესად არის – აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა. აშშ-ა ნაწილობრივ გადადგა ამ მიმართულებით ნაბიჯი.

ირანი ის ქვეყანაა, რომელიც ჩართულია რეგიონის საკითხებში და თან ისე, მისი აზრი რომ სერიოზულ გათვალისწინებას იმსახურებს. დიდია ირანის როლი სირიის საკითხებში. ირანი ყოველმხრივ ეხმარება ბაშარ ასადის ხელისუფლებას. ირანი უჭერდა და უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. ირანს მჭიდრო კავშირები აქვს ორგანიზაცია „ჰამასთან“, ლიბანის „ჰესბოლასთან“.

ახლო აღმოსავლეთში ირანის ავტორიტეტული ხმა ისმის, რაც თავისთავად იწვევს აშშ-სა და ევროკავშირის სხვაგვარ მიდგომას ამ ქვეყნისადმი. აშშ-ი შეეცდება ირანთან ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ, პოლიტიკური ვითარების კარდინალურ ცვლას. თუმცა, რამდენად არის ირანი მზად აშშ-ნ პრაგმატული ურთიერთობებისთვის იოლი გასარკვევი არ არის.

სულ ახლახანს, საინფორმაციო საშუალებების მოჭარბებული ინტერესის საგანი იყო ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილის ალი მაჯიდის განცხადება, თითქოს ირანი მზადაა მიაწოდოს ევროკავშირს გაზი, პროექტ „ნაბუკოს“ საშუალებით. გაზის მიწოდება განხორციელდება თურქეთის, სირიის, შავი ზღვის გავლით. პრესა იუწყებოდა იმასაც, თითქოს თეირანში გაიმართა კიდევაც მოლაპარაკება ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციის ირანის მხარესთან.

ის, რომ თეირანი გადაქცეულია მრავალი ქვეყნის დელეგაციის ვიზიტის ადგილად, გასაკვირი არ არის. ირანის ხელისუფალთა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, მაგრამ მინისტრის მოადგილის ვითომ განცხადებას, პრესისთვის ჰქონდა საფუძველი – სენსაციურობა – ირანის გაზით რუსული გაზის ჩანაცვლება. რახანია აშშ-ი და ევროკავშირი ეძებენ რესურსებს რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, თუმცა უშედეგოდ. და ამ დროს ირანის (მას გაზის უდიდესი მარაგები გააჩნია) მინისტრის მოადგილის მზადყოფნა.

ირანი გაზს აწვდის ერაყს და თურქეთს. ერაყისთვის გაზის მოცულობის გაზრდაც იგეგმება – 25 მილიონ კუბომეტრამდე. ირანი აძლევს გაზს სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ირანი „ნაბუკოს“ გამოყენებით გაზს გაუშვებს ევროპაში – თვით ირანელთა განმარტებით, მიუღებელია.

ირანელთათვის „ნაბუკოს“ პროექტი არის აბსტრაქტული, თანაც დიდი ხანია ნაფტალინდაყრილი. ირანის მრეწველობის, წიაღისეული სიმდიდრეებისა და ვაჭრობის მინისტრის მოჰამედ რეზა ნემატზადეს გერმანულ „ჰანდელსბლადტისადმი“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ირანი მზადაა საერთაშორისო არენაზე აქტიურად ჩაერთოს გაზის საკითხებში, მაგრამ ეს არ მოხდება რუსეთთან კონკურენციის მიზნით. „ჩვენ ვიცით, რომ ევროპელთა მოთხოვნა გაზზე იზრდება. ირანს შეუძლია გახდეს ევროპის სანდო პარტნიორი, მაგრამ თუ ამას ექნა ადგილი, ტრანსპორტირება განხორციელდება თურქეთიდან და არა კავკასიიდან“.

ასე, რომ ზოგიერთთა ოცნება, ირანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით – არარეალურია. და მართლაც, როდესაც არსებობს მოქმედი ირან-თურქეთის გაზსადენი, რაღა საჭიროა სხვა?

ენერგეტიკული საკითხები რომ მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ საკითხებთან, საკამათო არ არის. აქედან გამომდინარე, ირანის ხელისუფლება გაითვალისწინებს რუსეთთან მრავალწლიან მჭიდრო ურთიერთობებს და შეეცდება არ ავნოს მას.

რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. გარდა ამისა, რუსეთ-ირანს შორის ენერგეტიკის სფეროში რახანია არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა და აქ მარტო ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური არ იგულისხმება.

„სამხრეთი ფარსი“ – არის ნავთობისა და გაზის საბადო, რომელიც სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს. პროექტში სხვებთან ერთად „გაზპრომიც“ მონაწილეობს. „სამხრეთი ფარსის“ ტერიტორია 3700 კვ.კმ შეადგენს. მსოფლიო გაზის მოცულობის 8%-ია თავმოყრილი ამ ტერიტორიაზე.

ირანს, გაზის სფეროში, პრაგმატული კავშირები აქვს აზერბაიჯანთან. ირანი გაზს აწვდის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას – მოცულობა აჭარბებს 1 მილიარდ კუბურ მეტრს წლის განმავლობაში. თვით ირანი გარკვეული რაოდენობის გაზს იღებს აზერბაიჯანიდან ჩრდილო ირანისთვის.

თავის დროზე, „ნაბუკოს“ პროექტის ავტორები, გარდა აზერბაიჯანის გაზისა, გულისხმობდნენ თურქმენულ და ირანულ გაზს. თურქმენულის წინააღმდეგ, ანუ კასპიის ზღვით აზერბაჯანამდე გაზსადენით ტრანსპორტირებაზე რუსეთ-ირანი აცხადებდა უარს – ზღვის სექტორის დაუნაწილებლობის გამო. კასპიის ზღვის სექტორი დღემდე დაუნაწილებელია ზღვისპირა სახელმწიფოებს შორის.

ირანის გაზის „ნაბუკოში“  გამოყენების წინააღმდეგ აშშ-ი გამოდიოდა. მას სანქციები ჰქონდა დაწესებული ირანის მიმართ. მარტო აზერბაიჯანული გაზით გაზსადენის შევსება შეუძლებელი გამოდგა. და პროექტიც ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა.

ირანული გაზის „ნაბუკოში“ გამოყენების თემა, რომელმაც დასავლურ მედიაში დიდი ხმაური გამოიწვია, ემსახურება რუსეთის გაღიზიანებას და მეტს არაფერს. უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე, რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მათ შორის უკრაინის მიერ ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზულ მრისხანებას გამოიწვევს ევროკავშირში, კიევის ხელისუფლების მიმართ, ცხადია.

შეძლებს რუსული გაზის გარეშე უკრაინა გამოზამთრებას? ზამთრამდე ცოტა დროა დარჩენილი და თუ კიევ-მოსკოვის ურთიერთობები ისეთივე კონფრონტაციული მუხტით გაგრძელდება – უკრაინელებს მძიმე ზამთარი ელით.

არანაკლებად მძიმე იქნება ზამთარი ევროპელებისთვისაც. უკრაინული ტრანზიტის გადაკეტვის შემთხვევაში, მათაც ცივი ზამთარი ელით. აი, ასეთი ვარაუდების პირობებში, ირანული გაზის თემა სენსაციურიც იყო და კარგად მოსასმენიც, მაგრამ დასავლელთა სამწუხაროდ, აბსტრაქტული.

ზემოთ აღვნიშნე ირანის როლის მკვეთრი ზრდის შესახებ მთელს რეგიონში. სულ ახლახანს ირანმა მხარი დაუჭირა ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ამ საკითხში თეირანისა და ვაშინგტონის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. ირანი კატეგორიული წინააღმდეგია ერაყის ტერიტორიაზე ექსტრემისტული ისლამური სახალიფოს შექმნის. ამ შემთხვევაშიც თეირანისა და ვაშინგტონის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს. არის სხვა პოლიტიკური მომენტებიც, სადაც ორთა აზრი დაახლოებულია, ვიდრე დაშორებული, რაც გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველია.

არაერთხელ აღმინიშნავს და კვლავ ვიტყვი, რომ საქართველოს ურთიერთობა ირანთან გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე დღეს არის. პატარა ქვეყანა, ისეთი, როგორიც საქართველოა, მუდამ უნდა ეძებდეს მეზობლებთან თანამშრომლობის გზებს. თითქმის 80-მილიონიანი ირანი, განვითარებული სოფლის მეურნეობითა და მრეწველობით, ენერგეტიკით და სხვა დარგებით, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

ირანს, რომელსაც დიდი ინვესტიციების ჩადება შეუძლია სოფლის მეურნეობისა თუ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში, ყურადღება არ ექცევა. პირიქით, თავის დროზე აშშ-ს კარნახით, ირანელებს, გაუქმებული უვიზო მიმოსვლა, სავიზოდ გადავუქციეთ. თვით ირანს, თავიანთ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები არ აღუდგენიათ. ირანში ჩასვლა უვიზოდ დაგვიტოვეს.

ჩვენ? ცალმხრივად, ვიზაც დავუწესეთ, საბანკო ანგარიშებიც შევუჩერეთ, ბიზნესზეც უარი ვუთხარით და ისეთ დღეში ჩავაგდეთ, თითქოს თანამედროვე ცხოვრებაში ირანს რაიმე დანაშაული მიუძღოდეს ჩვენს წინაშე.

ირანი ის ქვეყანაა, რომელიც მხარს გვიჭერს ტერიტორიულ მთლიანობაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. ჩვენ კი? სხვათა მითითებით მოქმედება, კარგს არაფერს მოგვიტანს. დროა დამოუკიდებელი აზროვნება, მითუმეტეს იქ, სადაც ქვეყნისთვის დიდი შეღავათის მოტანა არის შესაძლებელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.