14.09.2026

საქართველო და ორი „დემოკრატიის“ ჭიდილი

კარგა ხნის წინათ, ერთ-ერთი ტელეარხის პოლიტიკურ თოქ-შოუში ჩემსა და ნიჭიერ ახალგაზრდა ტელეჟურნალისტ დავით ახვლედიანს შორის მწვავე კამათი გაიმართა.

პატივცემული დავითი მიმტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ სხელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ ნიშნავდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მე კი ვუმტკიცებდი  საწინააღმდეგოს, მომყავდა საბჭოთა საქართველოს მაგალითები.

ჟურნალისტის ნათქვამმა კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება სახელმწიფო სამსახურისადმი, ისე, როგორც პირად საკუთრება და სახელმწიფო საკუთრებასთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულია საბჭოურ ცხოვრებაში არსებული დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისგან.

საბჭოთა საქართველოში არ არსებობდა სახელმწიფო სამსახურის პერსონალური თვითმფრინავი. იყო პერსონალური ავტომობილები — თანამდებობის პირთათვის განკუთვნილი. საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივანს 2 პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა. ერთი პირადად მას, მეორე — მის ოჯახს. ანალოგიური პირობები ჰქონდათ შექმნილი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეებს.

ღარიბაშვილის საქციელმა კოზირი მისცა ოპოზიციას, რომელმაც კრიტიკა და ლანძღვა არ დააკლო მას, რამაც აიძულა პრემიერ-მინისტრი ეთქვა, რომ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი საქმისთვის გამოყენებაში მისმა ოჯახმა, კერძოდ პენსიონერმა მამამ ფული გადაიხადა.

ღარიბაშვილის დასაცავად თბილისის მერმა კალაძემ ბრძანა, რომ ისიც იყენებს სახელმწიფო თვითმფრინავს უცხოეთში პირად საქმეზე მგზავრობის დროს. ძნელი სათქმელია კალაძის ნათქვამმა რამდენად შეამსუბუქა ღარიბაშვილის მდგომარეობა, მაგრამ „ოცნების“ პოზიციები რომ შეასუსტა, ფაქტია.

ოპოზიციამ წამოსწია საკითხი, რომელიც ოპოზიციისდა გასაკვირად სიღრმისეულია და სერიოზულ განსჯას საჭიროებს, თან სვამს კითხვას — ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდა?

პასუხი, რომელიც ხალხისგან მოდიოდა იყო — ისე, როგორც ღარიბაშვილი!

ოპოზიციის კრიტიკა მაშინდელი პრემიერის ღარიბაშვილის მიმართ პატიოსნებისთვის საბრძოლველად კი არ იყო მოწოდებული, არამედ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის გასაშავებლად.

ჟურნალისტ დავით ახვლედიანის განცხადებაც — პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი საქმისთვის გამოყენებაში არაფერი ექსტრაორდინარული არ ყოფილა — ჩვეულებრივი რამააო, აშკარა მიმანიშნებელი კერძო და სახელმწიფო ქონების მცნებების აღრევის.

რა გამოდის? — ის, რომ ხელისუფლებაში მყოფს სრულიად თავისუფლად შეუძლია სახელმწიფო ქონების გამოყენება, რასაც ის არადაარა  არ ჩათვლის კანონის დარღვევად, თუნდაც მორალურის.

იყო ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი დამნაშავე?

მორალური თვალსაზრისით — იყო, მაგრამ მორალური თუ არ დგას მყარ კანონიერ საფუძველზე არვინ ჩათვლის თავს დამნაშავედ. არც ღარიბაშვილმა ჩათვალა თავი დამნაშავედ, რასაც მოჰყვა სხვა, გაცილებით მძიმე დანაშაული, რისთვისაც ის ციხეში იმყოფება.

დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საზოგადოება ისე გადაგვარდა, ისე მიეძალა ნოყიერი მწვანე ბალახის ძოვას, როგორც ოთხფეხა საქონელი. ძოვს და ძოვს ნოყიერ ბალახს უკიდეგანო მინდვრებში — სახელმწიფო რომ ჰქვია, მითუმეტეს თუ განმკითხველი არვინ არის.

დასავლეთიდან შემოსულმა იდეოლოგიამ, ცხოვრების ახალმა წესმა, დაფუძნებულმა ინდივიდის და არა საზოგადოების კეთილდღეობაზე, მომხმარებლობაზე და ა.შ., ისე მოარყია ყოფილი სისტემის ფუნდამენტი, რომელზეც იყო დაყრდნობილი საზოგადოება, რომ თითზე ჩამოსათვლელ წლებში მისგან აღარაფერი დარჩა.

საზოგადო გახდა საქილიკო, ისე, როგორც პატრიოტიზმი, არადა იმ დასავლურ სისტემაში, კაპიტალისტურში და მომხვეჭელურში საზოგადოც შენარჩუნდა და პატრიოტიზმიც.

კოლექტიურმა დასავლეთმა პატარა საქართველოსთვის არც საზოგადო მცნება და არც პატრიოტიზმი არ ჩათვალა სავალდებულოდ მარტივი მიზნების გამო — მას მორჩილი, მონა, შემსრულებელი სჭირდებოდა და არა ისტორიული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, პატრიოტული სულისკვეთების, საზოგადო საქმისთვის მებრძოლი ადამიანი.

დასავლეთმა 35 წლის განმავლობაში სხვა ქართველი გამოიყვანა — ტრენინგებით, სასწავლო კურსებით, ხანმოკლე, ზოგჯერ ხანგრძლივი ვარჯიშით თავისსავე სავარჯიშო ცენტრებში.

ადამიანის ბუნება ისეთია, ჩარჩოებს გარეშე ცხოვრებას უმალ ეჩვევა და ჩვენც მივეჩვიეთ, დავმორჩილდით. შედეგი?

სავალალო.

ხელისუფლებაში მყოფნი, ძირითადად დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ფილიალებში ნამუშევარნი ავსებდნენ და ავსებენ სახელმწიფო დაწესებულებების დაბალ თუ მაღალ თანამდებობებს. მათთვის სახელმწიფო და პირადი ათქვეფილია ერთმანეთში, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა — გამანადგურებელია.

როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი პირადს და სახელმწიფოს ერთმანეთში ურევს — შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხშირ შემთხვევაში პირადის სასარგებლოდ, ცუდი მაგალითია ქვემდგომებისთვის, რომლებსაც ქვეცნობიერად პირზე აკერიათ — თუ პრემიერი იყენებს სახელმწიფო თვითმფრინავს პირადი საქმისთვის, მე რატომ არ შემიძლია გამოვიყენო?

სწორედ ამას გულისხმობდა კალაძე, როდესაც პრემიერის გადაცდომას ასეთად არ თვლიდა და მის მხარდასაჭერად აცხადებდა — მეც ვიყენებდი ამ თვითმფრინავსო.

თვითმფრინავის საკითხი გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ მაგალითმა, უფრო სწორად გადაცდომამ, სხვა უფრო სერიოზული „გადაცდომა“ გამოიწვია, თანაც იმ მაღალი რანგის მოხელეებში, რომლებიც სწორედ ასეთი „გადაცდომის“ წინააღმდეგ უნდა გამოსულიყვნენ, მხედველობაში მყვანან თავდაცვის მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, სხვები, რომელთა სახელები გვესმის მედიიდან; გვესმის მათი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ; გვესმის , რომ მათი უძრავი ქონება არანაკლებ 22-25 ბინის, სახლის, მიწის ნაკვეთისგან შედგება, მოძრავი კი იგივე რაოდენობის, შესაძლოა ცოტათი ნაკლები ძვირად ღირებული ავტომანქანებისგან, ძვირფასი საათებისგან, სამკაულებისგან, მუთაქებში შეტენილი უცხოური ვალუტისგან, ოქროს ზოდებისგან , … და ეს ყველაფერი დროის მცირე მონაკვეთში — ბოლო წლების განმავლობაში.

„დამოუკიდებელი“ საქართველოს ისტორია 35 წელს მოითვლის, საიდანაც პირველი 10 წელი ერთმანეთის „ჭამის“, ცენტრისა და რეგიონების, ანუ ავტონომიების დაპირისპირებაშია დახარჯული, დანარჩენი კი, თუ ხელმრუდეობას არ ჩავთვლით  სწრაფი გამდიდრების წყაროდ, ძალიან ხანმოკლეა ამ რაოდენობის ქონების პატიოსანი შრომით მოხვეჭისთვის.

გაოცებას იწვევს მომხვეჭთა განცხადებები, რომ ქონების გარკვეული ნაწილი მშობლებმა დაუტოვეს, ანუ ადამიანებმა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ.

საბჭოთა საქართველოს არსებობის ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა კორუფციას, მაგრამ არა ისეთს, როგორიცაა „დამოუკიდებლობის“ ჟამს. კორუმპირებულს ასამართლებდნენ და სასჯელის უმაღლეს ზომას უსჯიდნენ — სიცოცხლის აღკვეთას, რაც გარკვეულწილად აშინებდა ადამიანს და ნაკლებად ადგმევინებდა ზეკორუმპირებულ ნაბიჯს.

გაოცებას იწვევს ისიც, რომ რიგითი მოქალაქეც კი დროის მცირე მონაკვეთში გამდიდრებას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს და არა როგორც ქვეყნისთვის საზიანო საქმედ. ალბათ ასეთთა აღქმა შემდეგია — ღმერთმა ხელი მოუმართოს, შეძლო და იშოვნა, ამით ქვეყანას არა დააკლდება რა.

დააკლდება და მერე როგორ!!!

მატერიალურად დააკლდება და რაც არანაკლებ დამაზიანებელია — მორალურად!

ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ სახელმწიფოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულება გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა დასავლური ცხოვრების ჩვენთან შემოსვლის შემდეგ. დასავლურმა პროპაგანდამ ფართოდ გაშალა ფრთები სუსტი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ალენ დალესის ცნობილი „სამკურნალო“ მეთოდებით გადააგვარა საქართველო — ერთ დროს მართლაც პატრიოტი, საზოგადო საქმისთვის მებრძოლი.

დასავლეთში კორუფცია უცხო ხილი არ არის. რაღა შორს წავიდეთ. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს პირველ კორუმპირებულად თვლიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც უკვე მერამდენედ დააყენეს მისი გადაყენების საკითხი „კოვიდ-19“ დროს ამერიკული ვაქცინის „ფაიზერის“ დიდი რაოდენობით შესყიდვისთვის. ამ ოპერაციაში მან და მისმა მეუღლემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მომუშავემ, ევროკავშირის ფულით იმდენი ვაქცინა შეიძინეს, რამდენიც ართუ ევროკავშირის მოსახლეობას, არამედ ჩინეთის 1,5-მილიარდიან მოსახლეობას თავზე რომ გადაუვიდოდა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონმა ყატარიდან ერთი ტომარა ფული წაიღო — ევროკავშირის, ყატარისთვის მხარდასაჭერად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის მიზნით, რის შესახებაც მედიისთვის ცნობილი გახდა. ქალბატონი პასუხისგებაში მისცეს.

არანაკლები კორუმპირებულობით არის აღსავსე ევროკავშირ-უკრაინის თანამშრომლობა — უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ფინანსური დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. მთელი მსოფლიო დაბეჯითებით ლაპარაკობს უკრაინის ხელისუფლების და პრეზიდენტის კორუმპირებულობაზე. ტელევიზიითაც გვაჩვენეს ზელენსკისა და მისი გუნდის მიერ შეძენილი სასახლეები ლონდონში, იტალია-საფრანგეთის სამხრეთში, ისრაელში, სხვაგან. მაგრამ მიუხედავად ამისა ზელენსკი სალ კლდესავით დგას. არადა მის ირგვლივ მყოფი მაღალჩინოსნები „ნაბუს“ მიერ დაკავებულები არიან.

„ნაბუ“ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინული ორგანიზაციაა — ამერიკელების მიერ შექმნილი. სხვა ქვეყანაში, ესოდენ ფართოდ გაშლილ კორუფციას რომ ჰქონოდა ადგილი, ევროპელი ლიდერები განგაშს ატეხდნენ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტთან მიმართებაში პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.

„მუნჯობა“ ე.წ. „ატკატებმა“ იცის. ევროპელთა ჯიბეებიდან ამოღებული ფულის ზელენსკითვის მიცემამ, იმ ანგარიშით, რომ მათ ეს ფული უკან დაუბრუნდებათ. ზელენსკი ევროპელთა ოფლით მოპოვებული ფულის გამანაწილებელია, აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს კიევში სისტემატური ვიზიტები, რომლის დროს ყველა მათგანი თავის წილ ფულს იღებს — ჩემოდნებში ჩალაგებულს.

აღნიშნული „ვოიაჟის“ შესახებ თვით უკრაინელი ექსპერტები, ჟურნალისტები ლაპარაკობენ, ისე, როგორც მათი ამერიკელი კოლეგები. კორუმპირებული მინდიჩი, ზელენსკის მარჯვენა ხელი ისრაელშია გაქცეული და იქიდან მართავს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

კიევში, მინდიჩის აპარტამენტმა და ოქროს უნიტაზმა ხომ კორუმპირებულობის ყველა რეკორდი მოხსნა და მიუხედავად ამისა ზელენსკის არვინ იჭერს, პირიქით ტუჩებში კოცნიან და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ „პატიოსანი“ დასავლელი პოლიტიკოსები.

ზელენსკის სიცოცხლე, მათი სიცოცხლეა — ზომაზე მეტად დაპურებული. აი, ასეთია დღევანდელი ევროპა და მისი ლიდერები, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ კანონმდებლობის შეცვლას, „ლგბტ“-ობას, ბრიუსელის ნებისმიერი დავალების შესრულებას.

ევროკავშირს არ აინტერესებს ქართველი, საქართველოს პრობლემები. ევროკავშირს აინტერესებს მისი დავალებების შემსრულებელი საქართველო.

ახლა რაც შეეხება „დემოკრატიის აკვანს“ აშშ-ს. მაინც ვინ შეარქვა მას ეს სახელი?

იქნებ თვითონ შეირქვა, გაცილებით ადრე, ვიდრე ევროკავშირელმა ჟოზეპ ბორელმა, რომელმაც ევროკავშირს ედემის ბაღი უწოდა, რომელშიც ნებისმიერი გზით აპირებენ შეწევას ჯუნგლებში მცხოვრები ხალხები.

თუ აშშ-ს 250-წლიან ისტორიას გადავხედავთ, თუნდაც ზედაპირულად, დემოკრატიულობის ნიშანწყალსაც ვერ აღმოვაჩენთ. თვით პრეზიდენტის არჩევნებიც კი დასაწყისიდანვე 5%-ს ნაყოფი იყო და არა უმრავლესობის.

„ბიძია თომას ქოხის“ პატრონი ამერიკა ვერაფრით დაიკვეხნის შავკანიან მონებთან ურთიერთობას, როგორც დემოკრატიულობის ეტალონს. ფერადკანიანებთან დამოკიდებულების თაობაზე არის აღწერილი აშშ-ს შავკანიანი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის წიგნში.

არანაკლებ საგულისხმოა ქალთა დისკრიმინაციაც, რომლებმაც დიდი ბრძოლის შემდეგ მიაღწიეს არჩევნებში მონაწილეობის დაშვებას. გავიხსენოთ ისიც, ვინ მოახდინა აშშ-ს მკვიდრი ინდოელი მოსახლეობის გენოციდი — 90 მილიონის.

ვინ შეყარა გენოციდს გადარჩენილი ინდოელები რეზერვაციაში — ევროპიდან გადასახლებულმა თეთრკანიანმა ღმერთებმა ხომ არა?

გავიხსენოთ ისიც, როგორ მოუყარეს თავი იაპონური წარმოშობის ამერიკელებს და როგორ შეყარეს ისინი რეზერვაციაში, პერლ ჰარბორზე — იაპონიის მილიტარისტების თავდასხმის შემდეგ.

ახლახანს აშშ-ა აღნიშნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი, რომელმაც თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 25 წელი გავიდა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის „ტყუპ ცათამბჯენებზე“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ისე, როგორც პენტაგონის შენობაზე, მაგრამ სერიოზული გამოძიება დღესაც არ ჩანს, რაც იწვევს ამერიკელ ექსპერტთა ავადმყოფურ ვარაუდს, რომ ტერაქტი ხელისუფლებაში მყოფმა ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა მოაწყვეს მზაკვრული მიზნის მისაღწევად — მსოფლიო ბატონობის.

ექსპერტების მიხედვით, საბაბი იყო საჭირო, რათა აშშ-ს ფართო ფრონტი გაეხსნა „დემოკრატიის“ გასაშლელად მთელს მსოფლიოში. სამიზნე ავღანეთი გახდა, სადაც „ალ-ქაიდას“ ლიდერი ბინ ლადენი იმყოფებოდა, ადრე აშშ-ს ცსს-თან ჩახუტებული, შემდეგ აშშ-ს მტრად გადაქცეული.

2 მილიონი ავღანელის სიცოცხლე შეიწირა ავღანეთის 20-წლიანმა ომმა, რომელშიც აშშ-ნ ერთად ნატოს წევრი ევროპელებიც და სხვებიც, მათ შორის ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ავღანეთს, ერაყი მოჰყვა — ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ქიმიური იარაღით და ა.შ.

სადამ ჰუსეინის აგრესიული პოლიტიკის დასამტკიცებლად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა ჯიბიდან ამოღებული პატარა კონტეინერი — „მომწამვლელი“ ქიმიური ფხვნილით. მაშინ არვის უკითხავს — რა იყო კონტეინერში. ვერც იკითხავდა — „დიდი ბატონის“ შიშით.

აი, ამ მიზეზით 2003 წლის მარტში აშშ-ი შეიჭრა ერაყში და დაამყარა საკუთარი დიქტატურა. მიზანი იყო მარტივი — ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდება. აშშ-ს მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ჩეინის ყოფილმა კომპანიამ „ჰალიბერტენმა“ 44 მილიარდი დოლარის მოგება ნახა დაპყრობილ ერაყში, საზოგადოებამ კი იხილა აშშ-ს ყოფილი მეგობრის, ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის ვიდეო-კადრები.

აშშ-ს მეგობრობა ძვირად დაუჯდა ლიბიის ლიდერს მოამარ კადაფისაც, რომელიც წამებით მოკლეს — ამერიკელთა დავალებით ლიბიელმა ტერორისტებმა. კადაფის სიკვდილით დასჯას ტელევიზიით უყურებდნენ აშშ-ს ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც ღიმილით თქვა: „ მივედით, ვნახეთ, ის მოკვდა“.

2001 წლის ტერაქტს მოჰყვა ახლო აღმოსავლეთის „ფერადი რევოლუციები“, „არაბული გაზაფხული“, ანუ ხელისუფალთა დამხობა — დემოკრატიის „დანიშვნის“ მიზნით.

„ვარდების რევოლუციაც“ ამ „დემოკრატიის“ ნაყოფია, კიევის მაიდანიც, იუგოსლავიის დაშლაც და სხვა მრავალიც. და ეს ყველაფერი აშშ-ს ერთპიროვნული მსოფლიო ბატონობისთვის. ასეთს შეიძლება ეწოდოს „დემოკრატიის აკვანი“?

სიტყვა „დემოკრატიულის“ მისადაგება აშშ-ს არჩევნებზე აშკარად მიუღებელია, რის შესახებაც აცხადებდა დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც მან წააგო არჩევნები ბაიდენთან. იმ არჩევნებზე მართლაცდა არადემოკრატიულობის რეკორდები დამყარდა — მე-19, მე-20 საუკუნეებში გარდაცვლილთა მონაწილეობით, ე.წ. კარუსელებით და ა.შ.

იმ „არჩევნებმა“ გამარჯვება ბაიდენ მოუტანა და დემოკრატებს, რომლებმაც ახალი ანტირუსული ფრონტი გახსნეს უკრაინაში.

უკრაინა „ნამდვილი დემოკრატიის“ პოლიგონად არის ქცეული და არვინ იცის, როდის მოეღება ბოლო ომს, უკრაინულ ნეოფაშიზმს.

 დემოკრატიის ახალი გამოვლინება იყო ტრამპის გამოსვლა დალასში, რომლის დროს მან მოუწოდა ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელებს — 3 ნოემბრის კონგრესის არჩევნებში და თუ ამას გააკეთებენ აშშ-ს მოქალაქეები, თითოეული მათგანი მიიღებს 5000 დოლარს. რას ნიშნავს ეს, თუ არა ამომრჩევლის მოქრთამვას?!

ამ ქვეყნის „დემოკრატიულობაზე“ ბევრის თქმა შეიძლება, მათ შორის ირანთან გაჩაღებული ომის, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის და ა.შ.

ტრამპი ხმამაღლა აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე 8 ომი გააჩერა და გააჩერებს უკრაინის ომსაც, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაპირება, დაპირებად რჩება. ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადებით, ტრამპს მართლაც შეუძლია 24 საათში ომის შეჩერება — ერთი სატელეფონო ზარით, რომელიც შეაწყვეტინებს მასკს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.

ამ ინფორმაციის წყალობით უკრაინა ახორციელებს ტერორისტულ თავდასხმებს რუსეთის ქალაქების საცხოვრებელ სექტორზე, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა მწყობრიდან გამოსვლა იწვევს რუსული ნავთობის ექსპორტის შემცირებას მსოფლიო ბაზარზე, ჯამში მსოფლიო ნავთობის კრიზისს, ნავთობზე ფასების ზრდას, რაც თავისთავად ახდენს ნეგატიურ გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე, პირველადი მოთხოვნილების საქონელზე ფასების ზრდას, დაპირისპირებას აშშ-ევროკავშირს შორის.

ევროკავშირი უკმაყოფილოა აშშ-ს ადმინისტრაციის აგრესიული დამოკიდებულებით მისდამი. ტრამპი უკმაყოფილოა ნატოს მხრიდან დახმარების არ გაწევისთვის ირანთან ომში.

ნატოს წესდების მიხედვით, წევრი ქვეყნების ობიექტებზე თავდასხმა და ასეთად მიიჩნევა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული სამხედრო ბაზები, უნდა იწვევდეს ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მხრიდან დაზარალებულის სამხედრო დახმარებას, რასაც ირანთან ომში ადგილი არ ჰქონდა, მიუხედავად ტრამპის არაერთი თხოვნისა.

ევროკავშირის ანტიამერიკული პოზიცია გამოკვეთა ევროკავშირის გაფართოების საკითხში კომისარმა მარტა კოსმა, რომელმაც მოუწოდა ყველას და უპირველესად ევროკავშირში გაწევრების კანდიდატ ქვეყნებს შორის იყვნენ „მაგასგან“, ტრამპის მხარდამჭერ მოძრაობასთან, რომლის დევიზია — „გადავაქციოთ ამერიკა დიადად“.

ტრამპმა და მასკმა საჯაროდ მხარი დაუჭირეს გერმანიის ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და იმედი გამოთქვეს, რომ პარტიის ლიდერი ვაიდელი ისეთ წარმატებულ შედეგს მიაღწევს გერმანიის არჩევნებში, როგორსაც სულ ახლახანს მიაღწია ერთ-ერთი მიწის ადგილობრივ არჩევნებში.

ტრამპისა და მასკის განცხადებებმა 2 დასავლური „დემოკრატია“ ისე დააშორა ერთმანეთს, რომ ახლო მომავალში ჩატეხილი ხიდი არ აღდგება.

აი, ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის კრიტიკული განცხადება ევროკავშირის მისამართით გამოთქმული სრული ჭეშმარიტებაა და მისასალმებელია, რათა საქართველოს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს გონება გაეხსნათ, რეალურად შეხედონ ვითარებას და არა აბსტრაქტულად, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს ადგილი. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირი არავითარი სათაყვანებელი ორგანო არ არის, პირიქით.

ევროკავშირი ვერ იტანს წევრი ქვეყნების ეროვნულობას და მასთან დაკავშირებულ მცნებებს.

ევროკავშირი დიქტატორული ორგანიზაციაა და არა დემოკრატიული, როგორიც გვეგონა და ზოგიერთებს დღესაც ჰგონიათ.

ევროკავშირი „ომის კავშირია“, რაზეც მეტყველებს მისი დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი. ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინას მოუწოდებდეს ომის შეწყვეტისკენ, პირიქით იქცევა იმის ცრუ იმედით, რომ უკრაინა ომს მოუგებს რუსეთს და წაგებული რუსეთის ტერიტორიულ სიმდიდრეებს აფთარივით მიეძალება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

13/09/2026