შორეულ სტრატეგიულ პარტნიორს, ახლობლური სჯობს
საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები გავლენას რომ ახდენს ჩვენი რეგიონის ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, დიდი ფიქრი, განსჯა, გამოცნობა არ სჭირდება. არც იმას სჭირდება დიდი გამოცნობა, რომ აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, ისე, როგორც უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მსოფლიო მშვიდობის დასამარების უპირველესი ინსპირატორი შეიძლება გახდეს.
ერთიც და მეორეც სახიფათოა, ვინაიდან მათში არა მარტო დაპირისპირებული მხარეები იღებენ მონაწილეობას, არამედ მეზობელი ქვეყნები, დაინტერესებული სახელმწიფოები.
ინტერესის საგანი მრავალია — ისტორიულით დაწყებული, წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებით დამთავრებული, ისე, როგორც პოლიტიკური ამბიციებით გამოწვეული.
ამ თვალსაზრისით ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რაც აქ არსებულ ქვეყნებს, მათ პოლიტიკოსებს, მედიას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს — არ მიიღონ გადაწყვეტილება, არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი, თუნდაც დროებითი სიკეთის მომტანი, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდისთვის შეუფერებელი.
ქართული ანდაზაა — „წინა კაცი უკანას ხიდიაო“, რაც იმას ნიშნავს, რომ წინამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, შთამომავლობას რომ პრობლემები შეუქმნას.
საქართველოს სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის წლებში ისეთი პოლიტიკოსები მართავდნენ, რომ მათი გაუაზრებელი პოლიტიკა დღევანდელებს უქმნის პრობლემებს. არ აძლევს ნორმალური სახელმწიფო მმართველობის განხორციელების შანსს. დავიმატოთ ამას თვით საზოგადოების გაუნათლებლობა, საზოგადო საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, საზოგადო ბუდეში გამოჩეკილი პოლიტიკოსების დაბალი პროფესიონალიზმი და მივიღებთ სრულ ჰარმონიას — უვიცი სამყაროს შესაფერისს, რომელსაც საკუთარი კუჭის ამოყორვის მეტი არაფერი ადარდებს.
ჩვენს მიერ დაწიხლულ საბჭოურ ცხოვრებაში, სადაც საერთო საზოგადოების ზეიმი იყო. დამოუკიდებელ ყოფაში მომხმარებლობითით ჩანაცვლებულში, საზოგადოებრივი გაქრა და მის ნაცვლად საკუთარი თავის პატივისცემა ავიდა პიედესტალზე.
გაქრა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტი, თუნდაც თავისუფლების შეგრძნების მცნება — ქვეყნის თავისუფლება მაქვს მხედველობაში, თორემ პირადი თავისუფლება რა მოსატანია. არ იქნება ქვეყნის თავისუფლება, არ იქნება ქვეყანაში მცხოვრებთა თავისუფლებაც.
განვლილმა 30 წელმა, ვითომ დამოუკიდებლობისამ, სინამდვილეში სხვაზე დამოკიდებულებისამ, საზოგადოებას დაავიწყა ისტორიულად მიღებული და აღიარებული მცნებები — ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის კეთილდღეობა, სხვისდამი პატივისცემა და მრავალი სხვა დადებითი თვისება, რითაც უნდა იცხოვროს ქვეყანამ, მისმა ხალხმა.
ნაცვლად შევისწავლეთ სხვისი გაღმერთება, ვისაც არც ისტორიულად და არც მენტალურად არ ჰქონია კავშირი საქართველოსთან, მის თვითმყოფად კულტურასთან, ცხოვრების წესთან, ტრადიციებთან.
ვწერ ამ სიტყვებს და ვფიქრობ — მაინც რა ისეთი ტრადიციები გვქონდა, სხას რომ არ ჰქონია? იქნებ ვაზვიადებთ, ბუზისგან სპილოს ვხატავთ? იქნებ ჩვენი მეზობლების კულტურას არ ვუყურებთ, არ ვაანალიზებთ, ზედაპირულად ვაფასებთ ყოველივეს, რაც ჰქონდათ და აქვთ? იქნებ საერთოდ არ ვიცით მათზე არაფერი და თუ არ ვიცით, ვისი ბრალია?
არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში, რომ ხელისუფლებამ, მისი დავალებით მედიამ სისტემატური ვიდეო-სიუჟეტები უნდა გააკეთოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ისე, როგორც თვით საქართველოს რეგიონებზე, ქალაქებზე, მათ ისტორიაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყოფაზე.
საინფორმაციო ოკეანეში მყოფმა საქართველომ არ იცის ქვეყნის შიგნით არსებულ ქალაქებზე და სოფლებზე. არ იცის მეზობელ ქვეყნებზე — არაფერი. არ იცის ყოფილ ავტონომიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.
არ ცოდნა, არ ცოდვა აღარ არის. დანაშაულია! ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების ზედაპირულობის ამსახველი.
საქართველომ არ იცის ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. არც არავითარი სურვილი აქვს იცოდეს. საქართველოს სურს აშშ-ნ ჩახუტება, ისე, როგორც ევროკავშირთან ერთი მიზეზის გამო — ისინი თეთრი ბატონები არიან. ასეთები იპყრობენ ჩვენს ყურადღებას. ასეთები მიგვაჩნია ღმერთებად, ზეადამიანებად. ასეთებს ვეთაყვანებით, რისი მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილის ზენიტში აყვანა და ამ საპასუხო წერილზე, საახალწლო ნაძვის ხის მსგავსად სათამაშოების ჩამოკიდება — პოლიტიკური ვარაუდების გამომხატველის.
უკვე მერამდენე დღეა ქვეყნის პოლიტიკა მსჯელობს პროტოკოლურ წერილზე, ტრამპმა რომ ხელისუფლებას გამოუგზავნა — აშშ-ს 250-ე საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
ხელისუფლება საზოგადოებას უმტკიცებს, რომ წერილით ტრამპი გამოხატავს მზადყოფნას ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები საქართველოსთან.
ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტოკოლური წერილი, პროტოკოლურია და არა სამომავლო ურთიერთობების გამომხატველი.
სიმართლე უნდა ითქვას. ოპოზიცია ამ შემთხვევაში მართალია. ვინც იცის, დიდი თუ მცირე სახელმწიფოების მართვის სისტემა, უნდა იცოდეს მიმოწერის თაობაზეც — პოლიტიკური მაქვს მხედველობაში და არა რიტუალური. პოლიტიკური წერილის შედგენაში თანაშემწეთა გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელიც თავიანთ ნაღვაწს პრეზიდენტს წარუდგენს. ის, მოწონების შემთხვევაში ხელს მოაწერს. არმოწონების — ცვლილებებს შეიტანს მასში.
ასეთ წერილში თითო სიტყვა პოლიტიკურ სასწორზე იწონება — წერტილიც და მძიმეც.
რიტუალური წერილიც გუნდის მიერ იწერება. და ვინაიდან რიტუალურია, სამადლობელი საერთო, ყველასთვის მისაღები სიტყვებით არის გაჯერებული. პრეზიდენტი ეცნობა წერილს, რის შემდეგ მრავლდება და ადრესატებს ეგზავნება — პრეზიდენტის ფაქსიმილეთი დამშვენებული.
გულუბრყვილო უნდა იყოს წერილის მიმღები, რომ იფიქროს — პრეზიდენტმა თვით დაწერა წერილი ადრესატისთვის. ე.ი ტრამპი ჩაჰკირკიტებდა ყველა პასუხს, ასწორებდა და ხელს აწერდა. ტრამპი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე პოლიტიკოსია, რომელიც ალერგიულად არის განწყობილი კაბინეტური მუშაობისადმი.
აი, ამ პრიმიტივიზმს მოანდომა ხელისუფლება-ოპოზიციამ რამდენიმე საათი და დღე, თითქოს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაჭრილი იყოს.
საინტერესოა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი აზერბაიჯანის მსგავსი კავშირის დამყარების შემთხვევაში აშშ-ს ადმინისტრაციასთან?
ა.წ. 13 ივლისს ქ. შუშაში გამართულ მედიაფორუმზე გამოსვლის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა:
„ტრამპი მშვიდობის მოყვარეა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაამყარა მშვიდობა. 8 კონფლიქტი მოაგვარა მან. ასეთია მისი ხედვა და პოლიტიკა. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი ჩაერთნენ პროცესში და შექმნეს ისეთი პირობები, რომლებმაც მშვიდობა შესაძლებელი გახადა. მათ სრულად გაიზიარეს ჩვენი წუხილი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. გაიზიარეს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების აუცილებლობა, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან. მათ ძალიან ეფექტურად იმუშავეს, რათა დაერწმუნებინათ სომხეთი, რომ მისთვისაც საჭიროა მშვიდობა.
შედეგად გაიმართა ისტორიული შეხვედრა თეთრ სახლში, რომლის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, ტრამპმა და მე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, ხოლო საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა — პარაფირება გაუკეთეს სამშვიდობო ხელშეკრულებას.“
ალიევის თქმით, „ტრამპი მშვიდობისმოყვარეა“. როდესაც ალიევი ამ სიტყვებს ამბობდა, ტრამპი უმოწყალოდ ბომბავდა აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყანას — ირანის ისლამურ რესპუბლიკას. მანამდე, 28 თებერვალს, ირანზე თავდასხმის დროს მიწასთან გაასწორა ირანის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის რეზიდენცია. მოკლა რა თვით ჰამენეი, მისი ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი შვილიშვილი. ასეთზე მშვიდობისმყოფელის სახელის მიკუთვნება შეურაცხმყოფელია ყველა ირანელისთვის, რომელმაც სულ ახლახანს, ერთკვირიანი გლოვის შემდეგ მიწას მიაბარა ქვეყნის მეთაური, მისი ოჯახის წევრები.
მშვიდობის მოყვარეს ვერ უწოდებ კაცს, რომელმაც ვენესუელის პრეზიდენტი გაიტაცა და აშშ-ს ციხეში გამოამწყვდია. კაცს, რომელმაც კუბას საზღვაო ბლოკადა დაუწესა და არ აძლევს სხვა ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ თავისუფლების კუნძულს, მხოლოდ იმიტომ, რომ კუბის რევოლუციის შემდეგ კუბელები ალმაცრად უყურებენ აშშ-ს პოლიტიკურ სისტემას.
კაცი, რომელიც გრენლანდიას თავისად იჩემებს და აიძულებს მის პატრონ დანიას დათმოს უდიდესი ტერიტორია, მხოლოდ იმისთვის, რომ მას ასეთი „ხოში“ აქვს — მშვიდობისმყოფელი ვერ იქნება.
მშვიდობისმყოფელმა ტრამპმა საქმით ვერაფერი გააკეთა უკრაინის ომის შესაჩერებლად. პირიქით, იარაღს ჰყიდის მას — არა პირდაპირ, არამედ ირიბად, ევროპის გავლით.
ტრამპი კმაყოფილებით აცხადებს, რომ იარაღს ჰყიდის ევროკავშირს, რომელიც ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ე.ი. მშვიდობისმოყვარე ტრამპი სიკვდილით ვაჭრობს — კონფლიქტში მყოფი მხარისთვის იარაღის ირიბად მიყიდვით. შეიძლება ასეთს მშვიდობისმყოფელის სახელი მიაკუთვნო?
რომ არ შეიძლება, ალიევმაც იცის, მაგრამ ვითარებამ ათქმევინა მას ის, რაც თქვა.
7 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაირამოვი შეხვდა აშშ-ს სენატორ დეინსს, რომლის დროს კონკრეტულად განიხილეს 2 ქვეყნის კავშირურთიერთობების შესახებ. ამერიკის მხარემ წარადგინა კონკრეტული გეგმა ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რაიონის განვითარების.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აზერბაიჯანის მთავრობასთან პრიორიტეტულ სფეროებში, რომელიც ჩაწერილია ვაშინგტონის მემორანდუმში (2026 წ. 10 თებერვალი): რეგიონული კავშირები, ეკონომიკური, ინვესტიციები, ენერგეტიკა, უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი“, — თქვა სენატორმა.
ივნისის დასაწყისში გაიმართა აზერბაიჯან-აშშ-ს ეკონომიკური დიალოგი. ხელი მოეწერა კონტრაქტს — 8 მილიარდი დოლარის ოდენობით. ა.წ. ბოლოს იგეგმება კასპიის ზღვის პორტ ალატში (Alat) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ არსებული კასპიის პოლიტიკის ცენტრის კვლევითი ორგანიზაციის შექმნა სათავო ოფისით ვაშინგტონში, რომელიც შეისწავლის ეკონომიკის, პოლიტიკის, ენერგეტიკის, უსაფრთხოების საკითხებს.
ფორუმზე ითქვა, რომ ტრამპი და მისი გუნდი რეგიონს იხილავენ არა როგორც ურთიერთობების სისტემად, არამედ როგორც სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების ზონად. აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი საშუალო დერეფნის მიმართ, რასაც მიესალმებიან საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები და თურქეთი. აშშ-ი გააფართოებს ინვესტიციებს კავკასია—ცენტრალური აზიის სტრატეგიულ პროექტებში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამშვიდობო მისიების სპეციალურმა წარმომადგენელმა ვინაი ჩავლამ (Vinay Chawla) თქვა: „ჩვენი სურვილია ვუზრუნველყოთ ენერგორესურსების გამოყენების მექანიზმი, მოვიცვათ რეგიონის რაც შეიძლება მეტი ბაზარი“.
გულახდილი იყო რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი: „მე, 2024-25 წლებში ვიმყოფებოდი რეგიონში. შევხვდი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის მეთაურებს. გავოცდი მათი ლაპარაკის ტონით, მათი ფასეულობების მისადაგების სურვილით ჩვენს ფასეულობებთან“.
გარდა არსებული და მოქმედი ფონდებისა შეიქმნა ახალი „ენტერპრაიზ ფონდი“ (Enterprise Fund), რომელიც მიიზიდავს ფულს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვადასხვა სახის პროექტების დასაფინანსებლად, რაც თავისი მნიშვნელობით უფრო მეტია, ვიდრე ე.წ. ტრამპის გზაზე.
აშშ-ს წარმომადგენლები სისტემატურად ჩადიან აზერბაიჯანში საქმიანი შეხვედრებისთვის. ხვდებიან ალიევს, ხელს აწერენ ხელშეკრულებებს აზერბაიჯანის წიაღისეულის, განსაკუთრებით იშვიათის მოპოვება-დამუშავებაზე.
აშშ-ს პრეზიდენტის გარემოცვა არის დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის გახსნაში.
ტრამპის ოჯახის წევრებსაც აქვთ თვალი დადებული, როგორც აზერბაიჯანზე, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგომატარებლებზე. ასე რომ, სახელმწიფო ინტერესთან ერთად, კერძო ინტერესიც არსებობს, რაც აშშ-თვის დამახასიათებელია.
დასტურად პრეზიდენტ ბაიდენის შვილის ჰანტერის ინტერვიუც კმარა, სადაც მან სინანული გამოთქვა უკრაინულ კომპანია „ბურისმაში“ (Burisma Group) ყოფნასთან დაკავშირებით.
ჰანტერს არაფერი მსგავსი არ უთქვამს მაშინ, როდესაც „ბურისმაში“ იყო და თვიურად 600000 დოლარს ღებულობდა, მამამისისთვის, უკრაინის მიმართ დადებითის ყურში ჩასაჩურჩულებლად.
ტრამპის ოჯახის წევრებისთვისაც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უპირველესად პირად სარგებელს უკავშირდება.
მეორე პლანზეა აშშ-ს ეროვნული ინტერესები. მაინც რა ეროვნული ინტერესები უნდა ჰქონდეს აშშ-ს იმ რეგიონებში, რომლებიც ათეულ-ათასობით კილომეტრზეა დაშორებული აშშ-ნ?
ირანთან ომის გაჩაღების უკან დგას ირანის ენერგეტიკული რესურსების ხელში ჩაგდების სურვილი. მასზე ისეთი კონტროლის დაწესება, როგორიც ვენესუელის ნავთობზე დააწესა — პრეზიდენტ მადუროს გატაცების შემდეგ.
ტრამპის ინტერესი ვრცელდება კასპიის ზღვის ენერგეტიკული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებაზე, მასზეც ისეთივე კონტროლის დაწესებაზე, როგორსაც ის გეგმავს ირანთან მიმართებაში.
ირანის ბირთვული პროგრამა და გამდიდრებული ურანი საბაბია ირანის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის. ნავთობი, გაზი არის მთავარი ინტერესი ტრამპისა, როგორც აზერბაიჯანში, ისე ირანში.
გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში შემოსვლით აშშ-ი კონტროლს გაუწევს მარშრუტებს, რომლებიც გადის ირან-აზერბაიჯანზე, შემდეგ საქართველოზე, მომავალში სომხეთზე.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი და ევროპიდან აღმოსავლეთით, ისე, როგორც ინდოეთიდან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ირანის, აზერბაიჯანის, რუსეთის გავლით ევროპაში, ისე, როგორც ევროპიდან აღნიშნულ ქვეყნებში — აშშ-ს კონტროლს დაექვემდებარება.
ასეთი მიზანი აქვს ტრამპს და მის ადმინისტრაციას. კავკასიაში შემოსული აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებად გადაიქცევიან რეგიონის ქვეყნები, მათ შორის ირანი და რუსეთი. აიტანენ ისინი აშშ-ს სადაზვერვო თვალს?
შეძლებს ირანი აშშ-ს მეზობლობას, ქვეყნისას, რომელმაც მოუკლა ლიდერი, მისი ოჯახის წევრები, უმაღლესი თანამდებობის სამხედრო და სამოქალაქო პირები?
ის, რომ ირანი ვერ შეეწინააღმდეგება საკუთარ თავს და სულისკვეთებას — დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება.
კავკასიაში შემოსვლით აშშ-ს შემოაქვს მუდმივი სტრესი, დაძაბულობა, რომელმაც უცბათ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი დიდებს და ბირთვულ იარაღიანებს შორის.
ზემოთ აღვნიშნე, რომ პოლიტიკოსი მარტო დღევანდელი სიკეთით არ უნდა ხარობდეს. მან ხვალინდელზეც უნდა იფიქროს და შთამომავლობას პრობლემები არ უნდა დაუტოვოს. სამწუხაროდ, ალიევ-ფაშინიანის ხელგაშლილობამ „თეთრი ბატონისადმი“, ჭარბმა თაყვანისცემამ, რეგიონი პრობლემების წინაშე დააყენა. თვით დაიყენეს თავი, თავიანთი კერპთაყვანისმცემლობით, ვინაიდან კავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯან-სომხეთში შესული ამერიკა, ყოველგვარი რევერანსების გარეშე ჩაერევა მათ საშინაო ცხოვრებაში, ისე, როგორც ერევა ვენესუელასა და უკრაინაში.
რაც შეეხება საქართველოს — თითქოს ამ პროცესებიდან შორს არის და შურის თვალით შეჰყურებს აზერბაიჯან-სომხეთს. საშური არაფერია. პირიქით, სასიხარულოა, მაგრამ ოპოზიცია ამ სასურველს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ იცის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე არაფერი. რომც იცოდეს, ისიც ისეთივე მონად გადაიქცევა, როგორც მეზობლები — ზემოთ მოყვანილი ორი.
საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობები, როგორც აშშ-ნ, ისე ევროკავშირთან, მაგრამ გარკვეულ დონემდე, რომლის იქით სუვერენიტეტაყრილობაა, დამოუკიდებლობის დაკარგვაა, ყოველივე იმის გაზიარებაა, რაც სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას.
საქართველო პატარა ქვეყანაა — თავისი ტერიტორიით და მოსახლეობით, სუსტი ეკონომიკით. მას არ სჭირდება ცხრა მთას იქით მყოფ ქვეყანასთან სტრატეგიული კავშირების ქონა. მას მეზობლებთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც ეყოფა ხალხისთვის ჯანსაღი სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
24/07/2026
