22.12.2024

დიადი 9 მაისი

აღდგომის წმინდა დღესასწაულმაც ჩაიარა და ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე უმნიშვნელოვანესმა დღემ, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება გამარჯვების პარკში თითო-ოროლა ომის ვეტერანის, მათი ახლობლების, სამშობლოს მოყვარული, დიდი სამამულო ომის ჯეროვან დონეზე დამფასებელი პატრიოტი ადამიანების მიერ უცნობი ჯარისკაცის სამარადისო სასუფეველის გვირგვინებით შემკობის ცერემონიალით.

9 მაისს ხელისუფლებაც იხსენებს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რაც  ზემომოყვანილ ადამიანთა გულწრფელობისგან შორსაა.

ხელისუფალთათვის 9 მაისის გახსენება სავალდებულო პროგრამაა, გადასაგორებელი ღონისძიებაა და არა ისეთი დღესასწაული, რომელსაც ადამიანი, ამ შემთხვევაში ხელისუფალი სულმოთქმელი ელის.

თანამედროვე, გაევროპელებული საქართველოსთვის 9 მაისი სულაც არ არის საკუთარი დღესასწაული. ის რუსეთის დღესასწაულია. დიდი სამამულო ომი რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის ომი იყო ფაშისტურ გერმანიასთან და არა საქართველოს ომი. საქართველოს მოსახლეობა, 700000 კაცი „ძალით გარეკეს“ ამ ომში, თორემ საქართველოს რა ჰქონდა საომარი ფაშისტურ გერმანიასთან?

სიტყვები „ძალით გარეკეს“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ვოლსკის ეკუთვნის — რამდენიმე წლის წინ ნათქვამი ჟურნალისტისთვის. ვოლსკი, ხელისუფლებაა, ანუ იმ გუნდის წევრია, რომელიც მასავით აზროვნებს, მსგავსი აზროვნების ხელისუფლება გულწრფელად შეამკობს გვირგვინით უცნობი ჯარისკაცის საფლავს?

აი, რეიგანის ძეგლს არა მარტო გულწრფელად, არამედ სიყვარულითაც შეამკობდა ყვავილებით და არა მარტო ხელისუფლება, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ვინაიდან რეიგანი ამერიკაა, ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტია, ამერიკა კი ქართველ პოლიტიკოსთათვის ყველაფერია — მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც, …

ამერიკა, მათი გაგებით, ისაა, ვინც დაამარცხა გერმანული ფაშიზმი — არა საბჭოელმა, არა რუსმა, არამედ ამერიკამ. დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგმა 26 მილიონი ადამიანი შეადგინა, ამერიკისამ — ნახევარი მილიონი, არც კი, დაახლოებით იმდენი, რამდენიც მოსახლეობით ასჯერ მცირე საქართველომ.

დიდი მსხვერპლი გაიღეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც, თუმცა ისინიც  ცალყბად აღნიშნავენ 9 მაისობას. რამ და ვინ გამოიწვია წარსულის განქიქება?

იმ ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია და რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. რუსმა კომპარტიელებმა, რომლებმაც თავდავიწყებით დაიწყეს ბრძოლა სტალინის ეპოქასთან, საკუთარ წარსულთან.

სტალინი, საბჭოთა კავშირი და დიდ სამამულო ომში გამარჯვება ქვითკირით არის ერთმანეთთან შედუღებული. ერთის მონგრევა, ყველას დანგრევას ნიშნავს.

საბჭოეთის ახალმა ლიდერმა, ხრუშჩოვმა დაგმო „პიროვნების კულტი“, სტალინის სახით, რითაც საძირკველი გამოუთხარა სისტემას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ხრუშჩოვმა შეურაცხყო სტალინი, სტალინიზმი, კომუნისტური მოძრაობა. მთელს მსოფლიოში ეჭვი გააჩინა მათ მიმართ. ბევრმა დასავლელმა კომუნისტმა დაკარგა რწმენა სოციალისტური იდეალებისადმი. დაივიწყა ის, რომ საბჭოთა კავშირის, სტალინის იდეებისთვის პატრიოტი საბჭოელი ჯარისკაცები, ყუმბარებით ხელში, გერმანულ ტანკებს უვარდებოდნენ გასანადგურებლად.

„პიროვნების კულტი“ — იყო თუ არა საჭირო საბჭოთა ხალხისთვის, რომელიც  მსოფლიო ისტორიაში ჯერ არნახულ ცხოვრებას აშენებდა?!

გაღმერთებული ადამიანი იყო საჭირო ხალხის მასების შესაკვრელად, სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის, ცხოვრების წესის ადამიანების გასაერთიანებლად.

ბოლშევიკებს, კომუნისტებს, თანამედროვეთა მიერ სალანძღავად ქცეულებს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა ქალთა ემანსიპაციისთვის, ქალის არჩევნებში მონაწილეობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში არჩევისთვის, აღმასრულებელ თანამდებობაზე დანიშვნისთვის, საბჭოთა რესპუბლიკებში განათლების, თანამედროვე კულტურის, მეცნიერების შეტანისთვის, სახელმწიფოებრიობის განცდის ჩანერგვისთვის.

რომ არა ბოლშევიკების, კომუნისტების აქტიური ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში, იქნებოდნენ ისინი თანამედროვე სახელმწიფოები თუ დარჩებოდნენ შუა საუკუნეების დონეზე, ისე, როგორც მეზობელი ავღანეთი?

30 წლის წინ ყაზახეთში, ალმა-ატაში მივლინებით ყოფნის დროს, ალმა-ატის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს, ბალეტ „ჟიზელს“ დავესწარი. თითქოს არაფერი, მაგრამ რომ არა საბჭოთა სისტემა, დავესწრებოდი ბალეტს ყაზახეთში?

რაღა ყაზახეთი, საქართველო ავიღოთ — გვექნებოდა მეცნიერებათა აკადემია, ინსტიტუტები, მათ შორის ენათმეცნიერების; გვეყოლებოდა სამეცნიერო-ტექნიკური კადრები იმ უამრავი საწარმოებისთვის მძიმე, მსუბუქი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, სოფლის მეურნეობა რომ ჰქვია?

ვიქნებოდით ისეთ დონეზე, როგორც დღეს — ოფიციანტებად დამლაგებლებად, მძღოლებად, სუპერ-მარკეტის ტექნიკურ მუშად ქცეულნი.

„პიროვნების კულტი“, ბელადი, აუცილებელი იყო იმჟამინდელი ქვეყნისთვის და ისიც გამოიჭედა სტალინის სახით.

კრემლში, სტალინთან მისულ სტალინის შვილს გენერალ ვასილი სტალინს არ მოსწონებია სტალინის შენიშვნა და უთქვამს მე სტალინი ვარო, რაზეც სტალინს ვასილის ყურადრება კედელზე ჩამოკიდებული სტალინის პორტრეტისკენ მიუმართავს სიტყვებით — არც შენ და არც მე სტალინი არ ვართ, სტალინი ისააო.

დიდ სამამულო ომში საბჭოეთის გამარჯვებამ არა მარტო საბჭოთა კავშირი იხსნა ფაშიზმის საშინელებისგან, არამედ მსოფლიო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით „ცივი ომის“ პერიოდში კოლექტიური დასავლეთი ახალი მტრის ხატის გამოძერწვას შეუდგა  — საბჭოთა კავშირის სახით. შეითხზა ახალი ისტორია, რომლის მიხედვით, საბჭოთა კავშირის გამარჯვება მაქსიმალურად დაკნინდა, ხოლო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მწერვალებამდე აღზევდა. თითქოს ამ ორმა მოიგო ომი, თითქოს საბჭოთა კავშირის გამარჯვებას არასდროს ექნებოდა ადგილი, რომ არა ამერიკა-ინგლისის დახმარება და ა.შ.

როდის გაიხსნა მეორე ფრონტი? — ეს კითხვა და მასზე პასუხი ფარდას ხდის ომში ნამდვილ გამმარჯვებელს. მოკავშირეები 1944 წელს გამოფხიზლდნენ, მაშინ, როდესაც წითელმა არმიამ ფაშიზმის უღლისგან გაანთავისუფლა საბჭოეთის ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა — ევროპის გასათავისუფლებლად. ბერლინიც საბჭოთა წითელმა არმიამ აიღო და რეიხსტაგიც.

დიახ! აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი ეხმარებოდნენ საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ დახმარების გარეშეც შეძლებდა ის ფაშისტური გერმანიის დამარცხებას.

79 წელი გავიდა რეიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვიდან, რომელმაც მრავალი ათეული წლით მშვიდობა მოუტანა მსოფლიოს, შექმნა ახალი წესრიგი მსოფლიოში, გააჩინა სოციალისტური ქვეყნების ბანაკი, წერტილი დაუსვა ერთი ქვეყნის — აშშ-ს დომინირებას მსოფლიოში.

კოლექტიურმა დასავლეთმა, ამერიკა-ინგლისის სახით აღიარა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე საბჭოთა გავლენა და ნაცვლად მასთან კონსტრუქციული ურთიერთობისა, „რკინის ფარდა“ ჩამოაფარა ევროპის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; შექმნა ნატოს სამხედრო ბლოკი აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირის საპირწონედ; უარი უთხრა საბჭოთა კავშირს ამ ორგანიზაციაში გაწევრებაზე. ფაქტიურად ორად გაყო მსოფლიო — ორ დაპირისპირებულ, მტრულ ბანაკად.

2024 წლის გამარჯვების დღესასწაულმა ევროპის ქვეყნებში გამოავლინა მათი რევანშისტული სახე, სიძულვილი საბჭოთა კავშირის და მისი მემკვიდრის რუსეთის ფედერაციის მიმართ. სხვას ვერაფერს იტყვით, როდესაც გერმანიის, ბალტიისპირა სახელმწიფოების, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა აუკრძალეს საკუთარ მოსახლეობას და იქ მცხოვრებ რუსებს 8-9 მაისს წითელი საბჭოთა დროშებითა და რუსეთის ფედერაციის დროშით ქუჩაში გამოსვლა, გეორგიის ბაფთის მკერდზე მიმაგრება, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა მეომრების ძეგლების, საფლავების გვირგვინებით, ყვავილებით შემკობა.

  რუსეთის ტელეკომპანიები, გულდაწყვეტილები აცხადებდნენ აღნიშნულის თაობაზე — შესაბამისი ვიდეოკადრების ჩვენებით. ევროპამ რახანია შემოიღო ახალი დღესასწაუი — ევროპის დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დასაპირისპირებლად; ფაშიზმზე გამარჯვების დღის დასაკნინებლად, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მე-2 მსოფლიო ომში ჰიტლერული გერმანიის მხარეს მებრძოლი ევროპელები, საბჭოთა კავშირის დამარცხების სურვილით შეპყრობილები, ვერაფრით დაივიწყებდნენ დამარცხებას, მათ რომ საბჭოეთმა აგემა. ვერაფრით შეეგუებოდნენ სტალინის მეთაურობით წითელი საბჭოეთის წინაშე დაჩოქებას.

75 წელი ინახავდნენ ამ ბოღმას „დემოკრატი“ ევროპელები და ბოლოს გამოსავალს მიაგნეს — უკრაინის სახით; უკრაინული ფაშიზმის აღორძინების სახით; უკრაინელის, რუსეთთან დაპირისპირებით.

უკრაინაში ომია კოლექტიური დასავლეთის მიერ გაღვივებული, თუმცა „დემოკრატი და პატიოსანი“ დასავლეთი ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს. მასთან ვართ ჩვენც — „დემოკრატი“ ქართველები, ფაშისტურ უკრაინასთან ჩახუტებულები, უკრაინის დროშების ამფრიალებლები.

ჩვენი გაგებით, უკრაინა არც ნეოფაშისტურია და არც ბანდერული. იცის ქართველმა ბანდერას შესახებ თუნდაც მცირედი? ძნელი დასადგენია. რომ იცოდეს, ააფრიალებდა უკრაინის დროშებს?

უმცირესობა ქართველთა სამწუხაროდ ააფრიალებდა, ვინაიდან მათი გაგებით, უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, რომლის წართმევა უნდა რუსეთს და ამ ბრძოლაში ქართველი მეომრებიც ეხმარებიან მას.

„გმირი“ მამულაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მიერ გამოძერწილი „ბოევიკი“, საქართველოს წიაღში ქართველი „ბოევიკებისთვის“ მოთევზავე, თანაც წარმატებით, დასტურია თანამედროვე ქართველთა გადაბრუნებული აზროვნებისა.

გადაბრუნებული, გაუკუღმართებული აზროვნების გამოვლინებაა ფაშიზმზე გამარჯვების დღის ნაცვლად, რუსთაველის თეატრში ევროპის დღის აღნიშვნა, მასზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „პატრიოტული“ სიტყვით გამოსვლა, კიდევ ერთხელ, თვლა არ აქვს მერამდენედ, „ოცნების“ დაწიხლვა „აგენტების“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი მარტო არ არის. მას ზურგს უმაგრებენ ევროატლანტიკელები, რომლებიც პირველი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ ახალგაზრდათა საპროტესტო გამოსვლებისა. თავს ვუსვამ შეკითხვას — მხარდამჭერები თუ წამქეზებლები, დამფინანსებლები უმწიფარი, უგონო გოგო-ბიჭებისა და მათ უკან მდგომი დასაჭურისებული ოპოზიციისა, რომელსაც თავი არ აქვს ხალხის სიყვარული, პატივისცემა მოიპოვოს იმ საკითხების წინა პლანზე წამოწევისთვის, სოციალური, საყოფაცხოვრებო რომ ჰქვია.

ტუტუც ოპოზიციას ჰგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას „აგენტების“ კანონპროექტი ესიზმრება და ღმერთს სთხოვს მისი მესამე მოსმენით არმიღებას. კანონპროექტი პური არ არის, არც ხაშლამაა და არც 25-ლარიანი ხაჭაპური, არც 30-ლარიანი ხორცი და არც 30-ლარიანი ყველი, არც 2-ლარიანი (ცალი) ხინკალი და ა.შ. აი, ეს ესიზმრება მშიერს და არა „აგენტების“ კანონპროექტი.

1945 წლის 9 მაისი წითელმა არმიამ მოიტანა, არმიამ, რომელშიც ყველა საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი იბრძოდა. წითელი დროშაც რეიხსტაგზე რუს ეგოროვთან ერთად ქართველმა ქანთარიამ აღმართა. წითელი არმიის, საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე ქართველი სტალინი ხელმძღვანელობდა. რომ არა მისი უდავოდ გამჭრიახი, გონიერი მხედართმთავრობა — „მერსედესებით“ ვივლიდით და ბოვარიულ ლუდს მივირთმევდით — უტვინო ზოგიერთთა ავი ფანტაზიით.

რუსი უკმაყოფილოა თანამედროვე ევროპელთა რუსოფობიით, მაგრამ ჩემის აზრით, არ უნდა იყოს, ვინაიდან თვით მას სურდა ის, რაც ევროპელს სურს; თვით მან მოთხარა სტალინი, საბჭოთა კავშირი და ყოველივე ის, რაც ამ უდიდეს და უძლიერეს გაერთიანებას გააჩნდა. თვით მან დააკნინა სტალინის სახელი, განსაკუთრებით დიდ სამამულო ომში და თქვა, რომ ჩვენ, ხალხმა გავიმარჯვეთ, სტალინი არაფერ შუაშიაო.

სტალინის სახელის ხსენება აშინებს რუსეთის ხელისუფლებას და როდესაც ის ასე მოქმედებს, რას მოიმოქმედებს დასავლეთი?

ასე რომ, ვიდრე რუსთა ხელისუფალნი ვერ მიხვდებიან წარსულის აუგად ხსენებისთვის წერტილის დასმას, წარსულის დაუმსახურებლად ლანძღვას, ვერ შექმნიან მყარ აწმყოს, მითუმეტეს მომავალს.

რუსეთის ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადადგას ნაბიჯი და თქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ, სტალინმა შექმნეს უძლიერესი კავშირი ხალხთა, რომელმაც არა მარტო ეკონომიკურად დააყენა ფეხზე უდიდესი ქვეყანა, არამედ გაანადგურა ფაშიზმი.

რუსეთის ხელისუფალთ უნდა ეყოთ გამძლეობა, ვაჟკაცობა საბჭოთა სისტემის, თვით რუსეთის სახელმწიფოს დამანგრეველთა ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, ელცინის გასაკიცხად და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

კოლექტიური დასავლეთისთვის, პარტნიორის შერქმევა იწვევს იმას, რასაც დღეს აქვს ადგილი — უკიდეგანო რუსოფობიას. რუსეთს ჯერ შიგნით აქვს მოსაგვარებელი მთელი რიგი საკითხები საკუთარი უახლოესი წარსულის ჯეროვნად შესაფასებლად, რაც თავისთავად შესძენს მას ავტორიტეტს, როგორც შიგნით, ისე გარეთ.

შეძლებს, რუსეთის ახალი, ძველი პრეზიდენტი, პუტინი მომავალ საპრეზიდენტო 6-წლიან ვადაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას?

ვისურვებდი, რომ შეძლოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/05/2024