„ქვეყნის მართვა ლობიოობა არ არის!“

უცხოური აგენტების კანონპროექტის მესამე მოსმენა, ერთკვირიანი დასვენების დღეების დამთავრების შემდეგ გაიმართება — ასე გვაუწყა ხელისუფლებამ.

ოპოზიციის მიერ აგორებული ბუნტი — სხვას ვერაფერს დავარქმევ პარლამენტის შენობასთან გამართულ მრავალრიცხოვან გამოსვლებს — ჯოხებით, წყლის ბოთლებით, ბლაგვი საგნებით, გამოყენებულით პოლიციელთა წინააღმდეგ.

იერიში, მიტანილი პარლამენტის შენობაზე, განსაკუთრებით რკინის უზარმაზარ კარებზე, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩას გამოჰყოფს პარლამენტის შენობის შიდა ეზოსგან, მაჩვენებელია იმისა, შენობის ძალისმიერი დაპყრობა რომ ჰქვია და არა მშვიდობიანი მომიტინგეების გამოსვლა.

ბევრი შეხლა-შემოხლის, თავდასხმის, ომის, ოპოზიცია-ხელისუფლების მწვავე დაპირისპირების, სისხლის მომსწრეა ეს შენობა — 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, დღემდე და როგორც ჩანს უფრო მეტი საშინელების მომსწრე გახდება მომავალში, ქართველთა უმწიფარი გონებისა და სხვისდამი, ამ შემთხვევაში დასავლეთისადმი მონური მორჩილების გამო.

ხშირად გაიგებთ მოარულ სიამაყეს — პატარა ერმა, ამაყმა ქართველებმა მძიმე საუკუნეებს გავუძელით და დღემდე მოვედითო.

შორს რომ არ წავიდე, გავიმეორებ აკაკი ბაქრაძის ნათქვამს — „გაუძლებს საქართველო!“ მისი ნაწერი ერთხელ უკვე გამოვიყენე ჩემს სტატიაში: „აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბრიტანეთის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალეთა სულთანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც. გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: „დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო.“ …“ („ბაბაიას დიპლომატია” აკაკი ბაქრაძემ 1993 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა).

აკაკი ბაქრაძის ლექციებს უნივერსიტეტში მრავალი სტუდენტი ესწრებოდა, მათ შორის არაჰუმანიტარული დარგის — ლექტორის, მისი ნათქვამის პოპულარობისა და მიმზიდველობის გამო. რა იზიდავდა სტუდენტებს თუ არა პატრიოტიზმი, ჩემის დღევანდელი შეფასებით — ფსევდო, ცრუ პატრიოტიზმი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული?

სტუდენტური ასაკი ისეთია, სიღრმისეული ცოდნისგან რომ შორს არის, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ადამიანი გონებრივად გვიან ყალიბდება, სიმწიფე რომ ჰქვია. არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან, ამიტომაც ვამბობ მათზე — გამონაკლისს.

უმრავლესობა კი ისეთია, გამონაკლისს რომ ვერ მიუსადაგებ — კარგი გაგებით, თორემ ცუღლუტობით, ცუდი სწავლით, ცუდი დისციპლინით და სხვა მრავალი ნეგატიურით, გამონაკლისებიც არიან.

გამონაკლისები — კარგიც და ცუდიც, აღფრთოვანებულები იყვნენ ბაქრაძის ლექციებით. ყველას მოსწონს, ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც, წარსულს რომ უქებ. ყველა დიად წარსულს საკუთარ თავზე ირგებს, ყველა დარწმუნებულია, რომ მისმა მამამ, ბაბუამ, პაპამ გამოჭედა ვაჟკაცური წარსული და რახან გამოჭედა, მომავალსაც გამოჭედს ის, მისი შვილი, შვილიშვილი, …

ბაქრაძის ლექციები იმ „საზარელ“ ეპოქაში ტარდებოდა — საბჭოეთი რომ ერქვა, ტარდებოდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თუმცა კრიტიკა რუსეთისა უხვად ჟღერდა. სამწუხაროდ უნივერსიტეტის რექტორატში ერთიც არ გამოჩნდა ისეთი, ვინც ბაქრაძესთან დებატებს გამართავდა ზემომოყვანილი სიტყვების გამო.

რომ გადავრჩით ვისი და რისი დამსახურებაა?

ცხადია, არა იმის, რაც ლევან სანიკიძეს აქვს აღწერილი „უქარქაშო ხმლებში“, სადაც ყველა თავს უძღვის სათაური. მაგალითად, საქართველომ ამა და ამ საუკუნეში ჩაატარა ამდენი და ამდენი ომი და თითქმის ყველა მოიგო. ქვეყანამ, რომელმაც ერთიანის სახელი 1490 წელს დაკარგა, ხოლო 1555 წელს ორად გაიყო — სპარსეთ-თურქეთს შორის, პატარა სამთავროებად დაშლილი, ომს ვერ მოიგებდა, მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე. დიდი-დიდი სპარსთა და თურქთა მცირერიცხოვან ლაშქართან ბრძოლა მოეგო, ისე, როგორც ჩრდილო კავკასიელებთან, მოსახლეობის ძარცვისთვის შემოჭრილებთან.

ქართველი მთავრები, ჩვენ რომ მეფეებს ვუძახდით და ისინი, ანუ სპარსელები და ოსმალები, ისე, როგორც მონღოლები, თავიანთ წარმომადგენლებს საქართველოს კუთხეებში, ქამელეონებად იყვნენ ქცეულნი. იქ ჩასვლისას, მუსლიმებად მოჰქონდათ თავი, დაბრუნებულები — ეკლესიაში ლოცულობდნენ. არის ამაში რამე სასაყვედურო ან სათაკილო?

არც არაფერი! პატარა ერი ვიყავით და ვართ, მაგრამ ბაქრაძის და სხვა ფსევდოპატრიოტთა მიმართ უდავოდ სასაყვედუროა, სიმართლის დამალვის გამო, ისტორიული სიმართლის!

ბაქრაძისა და სხვათა ყალბ ისტორიაზე აღზრდილმა თაობამ — გაამაყებულმა, თავსგასულმა, ზემოდან შეხედა საქართველოს შემადგენლობაში მყოფ აფხაზს და ოსს და თქვენ წარმოიდგინეთ აჭარელსაც, რომელსაც, რატომღაც მეორეხარისხოვან ქართველად მიიჩნევდა, რისი მომსწრეც ვარ 1999-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

ვისაც არ ახსოვს შევარდნაძის მოწოდება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ — შავმა ძალამ არ უნდა გაიმარჯვოს; „აღორძინება“ ქვეყნის დამანგრეველი, შავი ძალაა — შეგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რა სიტყვებით მოიხსენიებდა თბილისური ელიტა ვიღაც პროვინციელ ასლან აბაშიძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს, რომელმაც აჭარა წარმტაც მხარედ აქცია.

იმასაც შეგახსენებთ, რომ როდესაც ენერგეტიკული კრიზისის დროს მთელი საქართველო წყვდიადში იყო, ასლან აბაშიძემ, მოსკოვის მერ ლუჟკოვთან საერთო ენის გამოძებნით, მთელი აჭარა გააჩახჩახა.

როდესაც საქართველოში ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კულტურა ნულის დონეზე იყო, აჭარაში სოკოებივით ჩნდებოდა ახალ-ახალი საწარმოები. გაიხსენეთ, როდის დაფუძნდა ბათუმში საოპერო ხელოვნება, როდის გაჟღერდა ფალიაშვილის უკვდავი შემოქმედება ბათუმის დრამატულ თეატრში; ვინ ჩაუყარა საფუძველი ბავშვთა ოპერას, საბალეტო სტუდიას; ვინ შეუწყო ხელი, ვინ დაასაქმა თბილისელი ხელოვნების მუშაკები — ლამის შიმშილის ზღვარზე მისულნი; ვინ გაწმინდა ბათუმის ზღვა ჩაძირული გემებისგან; ვინ ააშენა საბორნე გადასასვლელი ბათუმს, ანუ საქართველოსა და რუმინეთთან, ანუ ევროპასთან; …

ვინ, ბატონებო, დიდი მემედ აბაშიძის შვილიშვილმა — ასლან აბაშიძემ, რომელსაც თბილისმა, თბილისელმა „პოლიტიკოსებმა“ ხან თურქეთის ფაშა შეარქვეს, ხან რუსეთის გენერალი, სეპარატისტი, რომელიც აჭარას ხან თურქეთში აბრუნებდა, ხან რუსეთს უერთებდა. აი, ამ „თურქეთის ფაშის“, აბაშიძის დროს აჭარაში ერთადერთი თურქი ბიზნესმენი მუშაობდა, შენერ არდა, რომელმაც აბაშიძის დავალებით ააგო ბათუმის საბორნე გადასასვლელი.

თვალი შეავლეთ დღევანდელ აჭარას, განსაკუთრებით ბათუმს და გულახდილად თქვით — იბრუნებს თუ არა თურქეთი აჭარას?

მოზღვავებული თურქული ბიზნესი თავისას აკეთებს — თანმიმდევრულად, მეთოდურად.

ბაქრაძისა და მისი მსგავსი პატრიოტების შემოქმედებამ, მე ვიტყოდი ფსევდოპატრიოტულმა, აიძულა აბაშიძე აჭარიდან წასულიყო. 12 წელია ნაცები და სააკაშვილი ხელისუფლებაში არ არიან — მთავარი შემოქმედნი აბაშიძის აჭარიდან გაძევებისა, მაგრამ არც ერთ „ოცნებელს“, არც „ოცნების“ დამფუძნებელ ივანიშვილს თავში აზრადაც არ მოსვლია აბაშიძის საქართველოში დაბრუნება.

არის ასეთი ქართული გამოთქმა — ვირო მადლიო… აბაშიძემ მართლაც ვირული (კარგი გაგებით) შრომა გასწია აჭარის ასაღორძინებლად, მაგრამ დაუფასა ვინმემ?!

უმადურობა არის ჩვენთვის დამახასიათებელი. უმადურობით ვლანძღავთ რუსეთს, რომელმაც ფიზიკური გადაშენებისგან გადაგვარჩინა. და ისევ ბაქრაძეს ნაღვაწი: „იგი (საქართველო) გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც. გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას…“. ეს სიტყვები პატივცემულმა ავტორმა, მოწოდებასავით მრავალი წლის წინათ გვტყორცნა.

ბაქრაძე რახანია საიქიოს განისვენებს, რუსეთი კი არის. არიან დანარჩენებიც, რომლებიც ბაქრაძემ პოლიტიკურ საიქიოში გაამწესა, თუმცა სხვა სახელებით — სპარსეთის ნაცვლად, ირანი; ოსმალეთის ნაცვლად, თურქეთი; საუდის არაბეთი, არაბთა საამიროები, ეგვიპტე — წარმატებული სახელმწიფოები სამაგალითონი არიან მსოფლიოში.

ჩვენ? ჩვენ სად ვართ — რუსთა ქოლგიდან გამოსული 5,5 მილიონი, 3 მილიონამდე დასული?! და ამ 3 მილიონიდან ლამის ნახევარი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის სისხლით, სულით ნათესავი მცხოვრებით.

აი, ეს იცის ცრუპატრიოტიზმმა. ბაქრაძის ლექციების მომსმენთა შვილები, შვილიშვილები აწყობდნენ და აწყობენ ანტიქართულ მიტინგებს პარლამენტთან. ნედლი გონების ახალგაზრდებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში?!

ასე იყო და ასეა. ასე იყო 9 აპრილს და ასეა დღესაც, მიუხედავად ათეული წლის გასვლისა. მაშინაც ქართველი ახალგაზრდა ანგრევდა ქვეყანას, საკუთარ თავს, მომავალს და დღესაც ანგრევს — ჭკუასუსტი, ბოროტი პოლიტიკოსების ბრძანებით — დასავლეთის ფულით გათამამებული და არა მარტო ფულით, მორალური მხარდაჭერით.

კოლექტიურ დასავლეთში არ დარჩა პოლიტიკოსი, რომელსაც შეშფოთება არ გამოეთქვა თბილისში მიმდინარე მიტინგების მიმართ, რომელიც პოლიციასთან შეხლა-შემოხლით თავდება — დაზარალებულთა საავადმყოფოებში გადაყვანით, ქუჩების პარალიზებით და უმეტეს თბილისელთა ისედაც გაძაღლებული ცხოვრების, კიდევ უფრო გაძაღლებით.

ბატონო ბაქრაძევ, თქვენ ვეღარ გაიგებთ ჩემი და ჩემისთანა იშვიათთა გულის ყივილს, ვინაიდან შორსაა თქვენი ვითომ პატრიოტული შემართებიდან, მოყვარეს რომ შიგნით კლავს და ნამდვილ დასავლელ მტერს — ახარებს.

ვწუხვარ, რომ თქვენნაირი „პატრიოტები“ დღესაც დაიარებიან ამ ბედკრულ მიწაზე და როგორც თქვენ ამბობთ „გაუძლებს“, გადაურჩება თანამედროვე „გამოწვევებს“ —  სიტყვას, რომელსაც ვაჟღარუნებთ სისტემატურად, ინგლისური „ჩელინჯ“-იდან (challenge) გადმოქართულებულს.

„შეშფოთებული“ დასავლეთი, რომელსაც უტვინო, მზაკვარი, ბოროტი, კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის გამოისობით საკუთარი ცხოვრება, პრობლემები ვერ მოუგვარებია, სხვის ბოსტანში იყურება ხარბი თვალით, რაღაცის მოპარვის იმედით.

რა აქვს ამ გაღატაკებულ ქვეყანას გასაძარცვი?

არც არაფერი! რაც ჰქონდა — სული, გონება, უძრავი ქონება, ფაბრიკა-ქარხნების სახით, თქვენი კარნახით, მეცადინეობით გასხვისდა. და გასხვისდა რატომ — იკითხავთ. იმიტომ, მეგობრებო, რომ თქვენს საყვარელ დასავლეთს, მწარმოებელი საქართველო კი არ უნდოდა, არამედ მდარე, ჩამოწერილი დასავლური საქონლის მომხმარებელი.

მოგეხსენებათ, უტილიზაცია კვების პროდუქტებისა, პირველადი მოხმარების საგნებისა ძვირი ჯდება. გასაღება ვადაგასულისა დასავლური ბიზნესის დიდი თავსატკივარია, ვინაიდან ფულს უკავშირდება. უტილიზაცია ფულის ხარჯვაა, მაგრამ თუ გამოჩნდა ბიზნესი გაძვალტყავებული ქვეყნისა, პრობლემა იხსნება — მათი ბიზნესიც გახარებულია და ჩვენიც, რომელიც ცენტებში ყიდულობს ან საერთოდ უფასოდ იქაურს, ჩამოწერილს, ვადაგასულს და ხახადაღებულ საკუთარ ხალხს სთავაზობს, მომხმარებლად, ანუ ნაგავგადამამუშავებელ დიდ ქარხნად გადაქცეულს.

ნუ მიწყენთ, უხეში შედარებისთვის, მაგრამ სიმართლე და აუცილებლობა მკარნახობს — თქვიო და მეც ვამბობ — დისტრიბუტორთა, ანუ შემომტანთა „მოხერხებულობით“ გათანგული. სხვაგვარად ვერ იქნებით, როდესაც ბატარეას იყიდით და მეორე დღეს დაიცლება. ნუთუ ცნობილი უცხოური კომპანიები მხოლოდ ერთი დღისთვის ამზადებენ ბატარეას, სხვა საგნებს?

არა მეგობრებო, მთლად ასეთი სინდისნამუსგარეცხილები არ არიან. ეს, ჩვენი იმპორტიორები არიან ასეთი „გონებაგამჭრიახნი“, ჩამოწერილი რომ ახალივით ჩამოაქვთო.

გვეშველება რამე? — ხშირად ისმენთ მავანისგან. პასუხის გაცემა მიჭირს, რეალობიდან გამომდინარე. რეალობა კი ისეთია, ბაქრაძისნაირ ვაი პატრიოტებს რომ არ გაახარებს, თუმცა ვინ იცის, იქნებ ვცდები?!

ხელისუფლებას, რომელმაც თავის თავს „ოცნება“ დაარქვა, ვერ დაადანაშაულებ, ვინაიდან სიტყვა „ოცნება“ ისაა, ადამიანმა რომ იოცნებოს, ზეცაში იფრინოს ფრთაშესხმულმა, ვინაიდან „ოცნება“ იძლევა ამის შანსს.

„ოცნება“ არ გულისხმობს (პირდაპირი გაგებით) ხალხის კეთილდღეობას, მისი საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. „ოცნება“ მაღლაა, ზეცაში — გვეტყვიან დღევანდელი ხელისუფალნი „ოცნების“, ანუ ხალხის სურვილების აღსრულების ტალღებზე მოსულნი — საოცნებო დაპირებების ტალღაზე.

ოცნებას, ადამიანს ვერვინ დაუშლის და რახან ასეა, ვოცნებობთ საქართველოს ბინადარნი ისეთ მარტივ არსებობაზე, რაზეც თავს არ შევიწუხებდით დღევანდელთათვის ავადსახსენებელ საბჭოეთის დროს. BBC-ზე, ბრიტანულ ტელეკომპანიაზე, ბრიტანელი პენსიონერი, 3 წელი კბილის ექიმთან ვიზიტის რიგში მყოფი, ოცნებობდა სასწაულზე, რიგის სწრაფ გასვლაზე, მაგრამ, როდესაც არ დაადგა საშველი, ე.წ. პლოსკოთი (ბრტყელტუჩა, ლურსმის ამოსაღები გაზი) ამოიღო კბილი.

მართალია, ჩვენ ჯერ-ჯერობით გაზს ლურსმნის ამოსაღებად ვიყენებთ, მაგრამ ვინ იცის?

„წარმატებული“ მეორე ევროპელი, უფრო ზუსტად გერმანელი, ჟურნალისტის კითხვას — რა არის თქვენი ოცნებაო, უყოყმანოდ პასუხობს — გაზით გამთბარი ბინაო. გაზი გვაქვს, მაგრამ გასათბობად ვერ ვიყენებთ სიძვირის გამო. ჩემი ხელფასი ვერ გაწვდება ბინის გათბობის ხარჯებსო.

ამ გერმანელმა უმალ გამახსენა ერთი მოხუცი ქართველი ქალი, რომელიც მადლობას უხდიდა ხელისუფლებას ქუჩის განათებისთვის, ვინაიდან ქუჩიდან შემოსული შუქი ბინასაც ანათებდა. შუქს ვერ ვრთავ — გადასახადის გამოო.

ჰოდა, მოვიდა „ოცნება“ 12 წლის წინ და ისეთი დაპირებებით გამოგვკვება, საოცნებოდ რომ გვქონდა გადაქცეული. საოცნებო დაპირებებს ავუწყვეთ ჩვენი აწმყო და სამომავლო გეგმები, მაგრამ გეგმა, გეგმად დარჩა — გონებაში, აუსრულებელ ოცნებად. ხალხის ოცნების გამღვივებელი „ოცნება“ ნამდვილი ოცნების სინამდვილედ გადამქცევად, ოღონდ საკუთარი თავისთვის.

განვლილმა 12 წელმა „ოცნების“ მმართველობისამ საქართველოსთვის ისეთ უსერიოზულეს თემას გამოჰკრა ხელი, როგორიცაა საზოგადოების სოციალური ფენის ორად გაყოფა — ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფად. საშუალო ფენა ჩვენთვის ოცნებაა, აბსტრაქტული რამაა. ასეთს საქართველო კარგა ხნის განმავლობაში ვერ ეღირსება. და რომ ვერ, „ოცნების“ შემოქმედების შედეგია.

ვისაც ახსოვს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა და მისი შემქმნელი ივანიშვილის ხშირი შეხვედრები მედიასთან, ემახსოვრება ბატონი ბიძინას პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე ნათესავების დასაქმებასთან დაკავშირებით, ისე, როგორც ბიზნესის შეუფერხებელ საქმიანობასთან.

 პირველზე, ბიძინამ ბრძანა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა (თითქოს ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ასეა), ყველა-ყველას ნათესავია და არ უნდა გაგვიკვირდეს ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნაო.

მეორეზე, ივანიშვილმა ბრძანა, რომ ბიზნესს, „ოცნების“ მმართველობის დროს, წამითაც არ ექნება შეფერხება, პირიქით ბიზნესი მისი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

მართალი გითხრათ, ბიძინას პასუხმა მომავლის, თანაც ავის შეგრძნება გამიჩინა, რაც სამწუხაროდ სინამდვილეში გადაიზარდა. 12 წლის გავლის შემდეგ გვყავს ბიზნესი გაზულუქებული, მოჭარბებული ჭამისგან მეზურნეს მსგავსი დაბერილი ღაჟღაჟა ლოყებით, არაფრის მთქმელი სახით, თვალებით, მოჭიდავის შესაფერი მსხვილი კისრით, რომელიც თავის მსგავს გაბერილ რეზინის ბუშტს მიბრუნება-მობრუნების საშაუალებას არ აძლევს.

ანალოგიური გარეგნობისანი არიან „ოცნებელი“ პოლიტიკოსებიც — უცბათ გამილიონერებულები  — თეძოებში მხარბეჭიანები, თავდაჯერებულები, უძვირფასეს ავტომანქანებზე წამოსკუპებულები.

ეს, ის კატეგორიაა, რომელიც 500-ლარიან პასკას მიირთმევს — მათი ბიზნესმენი ნათესავის მიერ იტალიაში შეკვეთილს და იქიდან სასწრაფოდ ჩამოტანილს. ისინი ვერასდროს ჩაწვდებიან რიგითი ადამიანის არსებობას. ან რატომ უნდა ჩაწვდნენ, ის ხომ მასაა, ცხვრის ფარის მსგავსი, წინ მიმავალი თხით. მას 4 წელიწადში ერთხელ იხსენებენ — არჩევნების წინ. სხვა დროსაც — სიტყვის მასალად, საკუთარი სურვილებისთვის კანონიერი ელფერის მისაცემად. ჩვენ არაფერ შუაში ვართ — ხალხის სურვილია, მისი შეკვეთააო.

მოდით ვკითხოთ ხალხს — მართლაც შეუკვეთა ხელისუფალთ ევროპაში წაგვიყვანეო?

ხალხმა იცის, ამ ხელისუფლებას, ისე, როგორც წინას, მოსეს სიბრძნე არ გააჩნია ვინმეს, სადმე წაყვანისა; ხალხმა იცის, რომ ჭეშმარიტება, მითუმეტეს საამური ცხოვრება სადღაც შესვლით არ მიიღწევა. მისთვის ბრძოლა, შრომა, ოფლისღვრა, ხშირად სისხლისღვრაა საჭირო.

იოლად მოპოვება საამური ცხოვრებისა ისეთივე იქნება, როგორიც დამოუკიდებლობა 1990 წლის დეკემბერს ბოძებული — იოლად მოპოვებული, ნაჩუქარი, ამიტომაც იოლადვე გავასხვისებული, დასავლელ მოსეებზე.

შევცდით, თუმცა ხმამაღლა არ ვამბობდით და რახან არ ვამბობდით, 2008 წელს, ნახევრად ინდოევროპული წარმოშობის აყლაყუდა მოსემ, ქართველთა წინამძღოლად მონათლულმა, საკუთარი პოლიტიკური ფუნდამენტის გასამყარებლად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩამტარებელმა, საარჩევნო ბიულეტენს ნატოში შესვლის საკითხიც მიაწერა — თითქოს არაფერიო, თითქოს უმნიშვნელო, პროტოკოლური თემა ყოფილიყო.

გაუთვითცნობიერებულმა ხალხმა, არა ყველამ, ზოგიერთმა, მექანიკურად აღნიშნა ბიულეტენზე, რაც დღემდე მოგვყვება, როგორც ჩანს თავზე ჩამოკიდებული გილოტინის მახვილი.

აყლაყუდა წინამძღოლს და მის ამერიკელ მრჩევლ ბრაისას არ მოწონებიათ ნატოში შესვლის მსურვილთა სიმცირე და გულმოდგინედ გაუორმაგებიათ. ასე და ამრიგად, ქართველი ხალხი გადაიქცა ნატოში შესვლის გულანთებულ მსურველად.

„ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საეჭვო სურვილი არასაეჭვოდ აქცია — კონსტიტუციაში ჩაწერით. ასე აგვკიდეს ევროკავშირ-ნატოს სიყვარული, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა და ყველაფერი ქართველ ხალხს მიაწერეს. საკმარისია ოდნავ გადაბრუნებული სიტყვის თქმა დასავლეთის მიმართ, უმალ ვისმენთ ვაშინგტონ-ბრიუსელიდან მუქარის მსგავს განცხადებას ხელისუფლების მიმართ — ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ ნუ მიდიხართო, თქვენი კონსტიტუციის ჩანაწერი გაიხსენეთო და ა.შ.

არადა, ხალხი ამ 12 წლის განმავლობაში ასე გულწრფელად არ იზიარებდა და იზიარებს „ოცნების“ მიერ ინიცირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორც კანონპროექტს უცხოეთის აგენტობასთან დაკავშირებით.

ეს, იცის დასავლეთმა — ტყუილად ხომ არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში?

ტყილად ხომ არ უხდიან ფულს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს — აქ არსებულს? ჰოდა, როგორც ქართველები ვამბობთ — ანტისამთავრობო გამოსვლები, მიტინგები და მათი ჯანი.

„ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთმა რა ხანია „ლაფათკაზე“ დადო, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსასროლად. დღეს არ გამოვა? შემოდგომით, საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვა. „ოცნება“ სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით, ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს და როგორც ივანიშვილმა ბრძანა პარლამენტის წინ გამართულ სახელისუფლებო მიტინგზე — პარლამენტის შემადგენლობის 2/3 დააგროვებს.

რას დაუპირისპირებს აღნიშნულს უკვე მტრად ქცეული დასავლეთი?

არჩევნების არადემოკრატიულად, გაუმჭირვალედ ჩატარების ფორმულას, ანუ არჩევნების არაკანონიერად გამოცხადებას. არის „ოცნება“ მზად ამისთვის?

თუ მზად არ არის, უნდა მოემზადოს. მოემზადოს ხისტი, კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებისთვის — პოლიტიკური კურსის შეცვლისთვის.

ევროატლანტიკური გზა არ არის ერთადერთი ორიენტირი ქვეყნისთვის. ღმერთის წყალობით, ასეთი, შესაძლოა უკეთესიც არსებობს „ბრიკსი“-ს, სხვა ორგანიზაციების სახით. ოღონდ ამის დანახვაა საჭირო და არა 500-ლარიანი პასკის ჭამა.

ერთხელ ჯაბა იოსელიანმა ბრძანა — ქვეყნის მართვა ლობიოობა არ არისო. ასე, რომ ბიძინავ და „ოცნებავ“ გაითვალისწინეთ ჯაბას ნათქვამი, არსებული ვითარება და 12-წლიანი მმართველობის თავზე, ერთხელ მაინც გადადით ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

05/05/2024