საზიზღარი კრემლი, რომელიც ენას გვართმევდა
14 აპრილი „დედაენის“ დღეა — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.
ქართულ ენას, თითზე ჩამოსათვლელ მსოფლიო ენათა შორის დამსახურებული ადგილი უკავია.
ამით არის განპირობებული დედა ენისთვის ძეგლის დადგმა?
რაღაც ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ენისთვის ძეგლი დაედგას, თუმცა ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან მთელ რიგ ქვეყნებში მშობლიური ენა მომხდურისამ დაჩრდილა, ანუ კოლონიზატორისამ, რომლელმაც საკუთარი ენა შეასწავლა კოლონიზირებულს.
არც ისაა გასაკვირი, რომ აფრიკის 52 ქვეყანა ინგლისურად, ფრანგულად, პორტუგალიურად, … ლაპარაკობს. ეს ენები, ჰოლანდიურთან ერთად, მათი სახელმწიფო ენებად ითვლება.
კოლონიალიზმისგან განთავისუფლების შემდეგ, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, თავისუფალი აფრიკის ახალგაზრდა ქვეყნები ინტენსიურად შეუდგნენ საკუთარი ენის განვითარების პროცესს, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ხელის შემშლელი სუბიექტურ-ობიექტური პირობები საკმარისია პროცესის შესაფერხებლად. მაგალითად, ქვეყნებში არსებული ტომების დედა ენა, თვით ამ ტომების დამოკიდებულება საკუთარი ენისთვის, სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება, ქვეყნების ერთმანეთთან სალაპარაკო ენის შერჩევისთვის, საურთიერთობო ენის გამოძებნა იმ უცხოური ენებიდან, რომლებიც მათ კოლონიზატორებმა შეასწავლეს.
დიდი ქვეყნებიც კი იძულებული არიან ილაპარაკონ ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად, ნაკლებად ჩინურად საერთაშორისო კონფერენციებზე, საკუთარი აზრის დამსწრეთათვის გასაცნობად ან იყოლიონ თარჯიმანი — მშობლიურიდან, კონფერენციის სამუშაო ენაზე სათარგმნელად.
ალბათ მიაქცევდით ყურადღებას ევროკავშირის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლებს, სხდომების წარმართვას ინგლისურ ენაზე და არა მშობლიურ გერმანულზე. მას შეუძლია ილაპარაკოს გერმანულად, მაგრამ დამსწრეთაგან ყველამ რომ არ იცის გერმანული? თარჯიმნის გამოყენება დიდ დროს წაიღებს, ამდენად ის იძულებულია ილაპარაკოს ინგლისურად. რაც შეეხება ორი ქვეყნის დელეგაციათა მოლაპარაკებას, მხარეები იყენებენ მშობლიურს, რომელსაც თარჯიმანი თარგმნის.
ერისთვის საკუთარ ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც არაერთხელ აღინიშნა მეცნიერთა, ხელოვანთა, მწერალთა მიერ. დედა ენასთან დაკავშირებით ქართველი პოეტები შესანიშნავ ლექსებს ქმნიდნენ, რომელთა მოყვანა თქვენს წინამდებარე სტატიაში შეუძლებელია მრავლობითობის გამო, თუმცა გავიხსენებ ერთს:
“მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,
მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით,
ილაპარაკეთ, გევედრებით… ოღონდ ქართულად…
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”… (გალაქტიონ ტაბიძე. „საღამო“)
გავიხსენებ მეორესაც — ირაკლი აბაშიძის ტვინის ნაყოფს („ხმა კატამონთან“):
„ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან…“
ენის სიყვარული, ქვეყნის სიყვარულია. ენის სიწმინდის დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია, თუმცა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური კონიუქტურის, ქვეყანაში შექმნილი არაჯანსაღი მოსაზრებების და სხვა მრავალ ფაქტორთა გამო, დედა ენას ზურგს ვაქცევთ, ვაკნინებთ, სხვის ენას — დიდი ქვეყნის, გავლენიანსა და ძლიერს პირველობას ვანიჭებთ და თავის გასამართლებლად უკბილო განცხადებებსაც ვაკეთებთ. აი, ასეთს: „ქართული ენა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენაა, ყველამ ვიცით და ამის დაფიქსირება კანონში, კონსტიტუციაში ზედმეტიაო“.
ერთის შეხედვით, კონსტიტუციაში დაფიქსირება სახელმწიფო ენისა, კონსტიტუციონალისტთა ნაწილს აუცილებლად არ მიაჩნიათ, ვინაიდან ასეთს ზოგიერთი ქვეყნის მთავარ კანონში ადგილი არ აქვს.
კეთილი, მაგრამ როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერილია „დედაენა“, მაშინ მისი ახალ კონსტიტუციაში გამეორება უბრალო გულმავიწყობაა, ტექნიკური შეცდომაა თუ შეგნებული გადაწყვეტილებაა?
გრძელი შესავალი ხერხია ჩემი მკითხველის მთავარი საკითხისადმი შემზადების მიზნით. მთავარი საკითხი კი „დედაენის“ დღემ, 14 აპრილმა გამახსენა — თანამედროვეთათვის დღესასწაულად აღქმულმა.
პატივცემულო მკითხველო, არავითარი „დედაენის“ დღის დაწესებაა ან „დედაენის“ ძეგლის აღმართვას მტკვრის სანაპირო პარკში ადგილი არ ექნებოდა, რომ არა 1978 წლის მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა მთავრობის სახლის წინ.
იმ დღეს, საქართველოს სს რესპუბლიკა ახალ კონსტიტუციას იღებდა. ახლა კი გავყვეთ მოვლენებს. საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს გენერალურმა მდივანმა, საბჭოთა კავშირის რეალურმა მმართველმა ლეონიდ ბრეჟნევმა გადაწყვიტა, ცხადია სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრებთან შეთანხმების შემდეგ, სტალინური კონსტიტუციის შეცვლა და მისი თანამედროვეობისთვის მორგება.
სტალინური კონსტიტუცია, ანუ სსრკ კონსტიტუცია მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იყო მიღებული, რის შემდეგ ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ მიიღო საკუთარი კონსტიტუცია, სსრკ კონსტიტუციის გათვალისწინებით.
საქართველოს სსრ კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფმა — ცნობილმა მეცნიერებმა მოითხოვეს სტალინთან შეხვედრა, რომელიც კრემლში გაიმართა. ჯგუფმა სთხოვა სტალინს ნება დაერთო საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის, ქართულის ჩაწერის. სტალინმა თანხმობა გამოთქვა. ასე გაჩნდა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუციაში ჩანაწერი — სახელმწიფო ენა ქართული, რითაც ის განსხვავდებოდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციისგან.
სსრკ კონსტიტუცია, ახალი რედაქციით 1977 წელს იქნა მიღებული, რის შემდეგ 1978 წელს ყველა საბჭოთა რესპუბლიკას უნდა მიეღო საკუთარი კონსტიტუცია.
რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია — თავმჯდომარის, საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თამარ ლაშქარაშვილი, სხვები.
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული წინადადებების განხილვა და საკონსტიტუციო კომისიისთვის წარდგენა. კონსტიტუციის პროექტი დაიგზავნა??? საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ქარხნებში, ფაბრიკებში, დიდსა თუ პატარა საწარმოებში განსახილველად.
ღია კრებებზე იხილავდნენ კონსტიტუციის პროექტს და შენიშვნებს, წინადადებებს, წერილობითი სახით გვიგზავნიდნენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში. წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, კონსტიტუციის პროექტში შევიდა ცვლილებები და როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ, შესაბამის ვადებში დაასრულა პროექტზე მუშაობა, ჯგუფს დაევალა პროექტის მოსკოვში ჩატანა და იმჟამინდელი წესის მიხედვით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში განხილვა, ისე, როგორც სსრკ ცკ-ს აპარატში.
ჯგუფის შემადგენლობაში იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იურიდიული განყოფილების გამგის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში განხილვის დროს, იქაურმა იურისტებმა ყურადღება მიაქციეს პროექტში „გამორჩენილ“ წინადადებას — „საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული“, რომელიც დაფიქსირებული იყო ძველ კონსტიტუციაში. მათ ჰკითხეს ჩიქოვანს — წინადადების პროექტიდან ამოღება ტექნიკური შეცდომა იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება და თხოვეს მას აღნიშნულის გარკვევა რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიასთან.
ჩიქოვანი, ტელეფონით დაუკავშირდა კომისიის მდივანს თამარ ლაშქარაშვილს, რომელმაც მოსკოველთა კითხვა გააცნო კომისიის სხვა წევრებს. შედეგი გაცნობისა იყო ასეთი: — გადაეცით მათ, რომ წინადადება კონსტიტუციის პროექტიდან გამორჩენილი კი არა, კომისიის მიერ იყო ამოღებული, ვინაიდან იმის ჩაწერა კონსტიტუციაში, რაც ყველასთვის ცნობილია, საჭირო არ არის. ყველამ იცის, რომ ქართული, დედაენაა საქართველოსი.
სხვათაშორის, მსგავსი გაკვირვება გამოითქვა სსრკ კპ ცკ-ს აპარატის მიერ, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, თუმცა, როდესაც მას მოახსენეს, რომ გადაწყვეტილება თვით საქართველოს კპ ცკ-ს პირველმა მდივანმა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მიიღო, სსრკ კპ ცკ-ს აპარატის პასუხისმგებელმა მუშაკებმა განაცხადეს — ნება თქვენია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას გამწვავება არ მოჰყვესო.
მართალი გამოდგნენ. უმაღლესი საბჭოს სესიას, რომელსაც ახალი კონსტიტუციის პროექტი უნდა განეხილა, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. ისინი შეიკრიბნენ მთავრობის სახლის, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ და შეძახილებით მოუწოდებდნენ სხდომის მონაწილე დეპუტატებს ქართული ენის დაფიქსირებას კონსტიტუციაში.
მომიტინგეთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, ისე, როგორც მოთხოვნის კატეგორიულობა.
სხდომაზე სიტყვით გამოსულმა შევარდნაძემ, შეწყვიტა მოხსენება და სხდომათა დარბაზის უკან არსებულ სათათბირო ოთახში გავიდა — მოსკოვში დასარეკად.
თბილისში საპროტესტო გამოსვლის თაობაზე უმალ გახდა ცნობილი სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრებისთვის. შეტყობინება მათ საქართველოს კპ ცკ-ს მეორე მდივანმა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გაუგზავნეს.
კრემლმა ჰკითხა შევარდნაძეს გამომსვლელთა მოთხოვნის შესახებ და როდესაც გაიგო, რომ გამოსვლა სოციალურ თემას კი არა, კონსტიტუციაში ქართული ენის დაბრუნებას ეხებოდა, სსრკ კპ ცკ-ს გენერალურმა მდივანმა, ლეონიდ ბრეჟნევმა განაცხადა — მერედა ვინ გიშლით, ჩაწერეთ, როგორც ხალხს სურსო.
შევარდნაძე დაბრუნდა სხდომათა დარბაზში და დეპუტატებს ამცნო კრემლის გადაწყვეტილება, რასაც დარბაზი ტაშით შეხვდა. გამარჯვებული შევარდნაძე, სხდომათა დარბაზიდან ჩავიდა დემონსტრანტებთან და მათთან ერთად წავიდა მტკვრის სანაპიროს მიმართულებით.
კმაყოფილმა პროტესტანტებმა დაასრულეს საპროტესტო გამოსვლა. თბილისი დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრებას.
ის, რაც ზემოთ მოგიყევით, ჩემი ასაკის ადამიანებმა კარგად იციან, ახალგაზრდებმა მხოლოდ გადმოცემით და შევარდნაძის გმირობით, რომელმაც აიძულა კრემლი — ქართული ენის მოძულე, ნება დაერთო საქართველოს კონსტიტუციაში, სახელმწიფო ენად ქართულის ჩაწერის.
შევარდნაძემ, რთული, ეშმაკური საჭადრაკო სვლებით, სახალხო სიმპათია დაიმსახურა და ამ სიმპათიის კიდევ უფრო გაღვივებისთვის „დედაენის“ დღის დაწესების და „დედაენისთვის“ ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება მიიღო.
ასე და ამრიგად, თბილისში, მტკვრის სანაპირო პარკში გაჩნდა „დედაენის“ ძეგლი.
ქართველები ხშირად ვამბობთ — ზოგი ჭირი, მარგებელიაო. „ზოგმა ჭირმა“, უფრო სწორად საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ავანტიურისტულმა პოლიტიკურმა თამაშმა ძეგლი დაუდგა „დედაენას“, რაც ისეთივე სპონტანური გადაწყვეტილება იყო, როგორც საკითხში გაუთვითცნობიერებელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მთავრობის სახლთან ცხვრის ფარასავით მირეკვა, თუმცა „მირეკვას“ არა სპონტანური, არამედ სიტყვა „გამიზნული“ მიესადაგება.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კონსტიტუციის პროექტი — მოსკოვში შესათანხმებლად წაღებული, ქართული ენის გარეშე იყო — საქართველოს საკონსტიტუციო კომისიასთან შეთანხმებული. ისიც გითხარით, რომ კონსტიტუციის პროექტი განსახილველად და აზრის გამოსათქმელად ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და საწარმოში დაიგზავნა, ისე, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში. მათ არაფერი უთქვამთ ენასთან დაკავშირებით, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან, როგორც ჩანს, ყველამ ზერელედ განიხილა, წაიკითხა პროექტი ან არ წაიკითხა და როგორც გვჩვევია თქვა — რომ ეთანხმება.
ენასთან დაკავშირებით ყურადღება, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატმა გაამახვილა, რომელსაც უთხრეს, რომ „დედაენის“ ჩაწერა კონსტიტუციაში არ არის საჭირო, ვინაიდან ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა — ყველასთვის ცნობილი.
ძველიდან, ახალ კონსტიტუციის პროექტში არ გადმოტანას შევარდნაძისთვის ჰქონდა მნიშვნელობა, ვინაიდან ამით მას სურდა სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროსთვის იმის დამტკიცება, რომ სულით და გულით ინტერნაციონალისტია.
შევარდნაძე, რესპუბლიკის ვიწრო ინტერესებზე მაღლა აყენებდა დიდი საბჭოეთის ინტერესებს. მოკლედ და კონკრეტულად — შევარდნაძის ქცევა ზემდგომის მიმართ ლაქუცის გამოვლინება იყო, თანაც მოჭარბებულის.
პარალელურად მას არც ქვეყნის მოსახლეობის სავარაუდო გაღიზიანება დავიწყებია, რაც გამოიხატა იმაში, რომ უმაღლესი საბჭოს სხდომის წინა დღეს, მისი დავალებით, ქართველი მწერლები მივიდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქაურებს „გაანდეს“ საიდუმლო — ენის კონსტიტუციიდან ამოღება. მოუწოდეს მათ მთავრობის სახლთან მისვლა.
„ენას გვართმევს მოძალადე რუსეთიო“ და სესიის დღეს ათეულ-ათასობით უნივერსიტეტელი, სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაიძრნენ მთავრობის სახლისკენ — ხალხის მნიშვნელოვანი მასა, რომელსაც არაფერი უთქვამს პროექტის განხილვის დროს.
რა მოჰყვა ხალხის მთავრობის სახლთან შეკრებას ზემოთ მოგახსენეთ. ასე და ამრიგად, შევარდნაძე გახდა გმირი, თუ რამდენად დამსახურებლად — თვითონ განსაჯეთ.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მტკვრის პირას, პარკში აღმართული „დედაენის“ ძეგლი დაღონებული შესცქერის ე.წ. დამოუკიდებელი საქართველოს „დამოუკიდებელ“ შვილებს, რომლებიც ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, მშობლიურ ენას, ინგლისური სიტყვებით „ამდიდრებენ“, გაუპატიურებით ემუქრებიან.
ერთი, რაც მათ წინაპრებისგან გადმოცემით შეითვისეს არის — საზიზღარი კრემლი, რომელიც ენას გვართმევდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
19/04/2024