22.12.2024

კურიოზები, რომლებიც გუშინდელივით მახსოვს

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ომის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაძევების და მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის კპ ცკ პოლიტბიუროს ყოფილი წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ, თბილისში გაიმართა „ბისეკის“ (BSEC — Black Sea Economic Cooperation) — შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის კონფერნცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, დიპლომატები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

კონფერენციას უძღვებოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე. ბატონი ალექსანდრეც მოსკოვიდან ახალდაბრუნებული იყო სამშობლოში. ის, ედუარდ შევარდნაძეზე ადრე ჩამოვიდა, მაშინდელი ტრიუმვირატის — სიგუა, კიტოვანი, იოსელიანის თხოვნით.

ბატონმა თენგიზ სიგუამ — მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პირადად სთხოვა ბატონ ალექსანდრეს დაბრუნება და საგარეო უწყების ხელმძღვანელობა.

ვინაიდან ბატონი ალექსანდრე რუსეთის დიპლომატიაში მუშაობდა — ჯერ საბჭოთა კავშირის გენერალურ კონსულად აშშ-ს ქ.სან-ფრანცისკოში, შემდეგ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კენიასა და შვეიცარიაში, რუსეთის მაღალი რანგის მოხელეთა სიიდან ამოსაღებად, რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის თანხმობა იყო საჭირო, რაც დადებითად გადაწყდა ბატონი თენგიზ სიგუას ბორის ელცინთან პირადი საუბრის შემდეგ.

თქვენი მონამორჩილი ახალგადაყვანილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსობიდან — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძესთან მთელ რიგ საკითხებში დაპირისპირების შედეგად.

ბატონმა ალექსანდრემ იცოდა რა ჩემი ტელეჟურნალისტობის შესახებ, მთხოვა ვიდეო-ფილმი გადამეღო BSEC-ის კონფერენციის თაობაზე, რაც პირნათლად შევასრულე. გადავიღე რა ერთსაათიანი დოკუმენტური ვიდეო-ფილმი, იმ დროისთვის მართლაცდა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელსაც პირველად ჰქონდა ადგილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კონფერენცია გაიმართა სასტუმრო „მეტეხში“, რომელიც სასწაულად გადაურჩა თბილისის ომს, ძარცვა-ნგრევას.

მკითხველი იკითხავს — სად სახელმწიფო მოხელე და სად ტელეჟურნალისტობაო?

გიპასუხებთ. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ტელერადიოკომიტეტს სათავეში ჩაუდგა ბატონი ნუგზარ ფოფხაძე — განათლებული, ენერგიული, პროფესიონალი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ორგანიზაციის მაღალ დონეზე ასაყვანად.

სწორედ მისი იდეა იყო ბედი მეცადა, როგორც საერთაშორისო მიმომხილველს, საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“.

მე, მაშინ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ ვმუშაობდი და სამსახურს ვერ დავტოვებდი. ბატონი ნუგზარი შეუთანხმდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ბატონ პავლე გილაშვილს, ნება დაერთო ჩემთვის მიმეღო მონაწილეობა ხუთწუთიან სიუჟეტებში სამსახურიდან მოუწყვეტლად.

ბატონი პავლე დათანხმდა ბატონი ნუგზარის თხოვნას, თუმცა „მოამბის“ 5-წუთიან სიუჟეტებში მონაწილეობის მიღება ვერ მოვახერხე, ვინაიდან საქართველოს კპ ცკ-ს პირველმა მდივანმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, ბატონ ფოფხაძეს დაავალა საერთაშორისო საკითხებზე გადაცემის მომზადება. ამ სახის გადაცემა საქართველოს ტელევიზიას არ ჰქინია.

ბატონმა ნუგზარმა გადაწყვიტა მსგავსი გადაცემის გაკეთების ჩემთვის მონდობა. მეც, ჩემის მხრივ, ვთხოვე მას, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ საერთაშორისო მიმომხილველი სოსო ცინცაძე, რომელიც მონაწილეობდა „მოამბის“ 5-წუთიან სიუჟეტებში და ზურაბ შოშიტაიშვილი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგის მოადგილე. ის, ახალდაბრუნებული იყო არგენტინიდან, სადაც სსრკ-ს საელჩოში მუშაობდა, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის დამთავრების შემდეგ.

ასე და ამრიგად შედგა პირველი სატელევიზიო გადაცემა, რომელმაც არცთუ ურიგოდ ჩაიარა, რამაც სტიმული მოგვცა უკეთესი მუშაობისთვის.

პირველ გადაცემაში არ იყო გამოყენებული ფოტო და ვიდეო-მასალა —  ასეთის ჩვენს განკარგულებაში არ არსებობის გამო.

არც მაშინდელ ტელერადიოკომიტეტის არქივში იყო მსგავსი, მაგრამ გამოსავალი მოიძებნა ჩემი მეგობრის, ვლადიმერ ინაშვილის სახით. ბატონი ვლადიმერი მაშინ საკავშირო ტელერადოკომიტეტში მუშაობდა და საკმაო ავტორიტეტითაც სარგებლობდა.

მან საერთო ენა გამოძებნა ტელერადიოკომიტეტის არქივთან, სადაც ინახებოდა ტელერადიოკომიტეტის უცხოეთში მომუშავე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო-მასალები, ისეთი გადაცემისთვის, როგორიც იყო „საერთაშორისო პანორამა“.

ეს გადაცემა, უაღრესად პოპულარული, კვირაში ერთხელ გადიოდა ეთერში და მას მორიგეობით უძღვებოდნენ პოპულარული საერთაშორისო მიმომხილველები ბოვინი,  ფარიდ სეიფულ-მულიუკოვი, სხვები.

ბატონ ვლადიმერს საკავშირო ტელერადიოკომიტეტის საცავიდან გამოჰქონდა ვიდეო-ბაბინები (მაშინ ვიდეო-კასეტები არ იყო) და მატარებლით მიგზავნიდა.

გარდა ამისა საქართველოს კინოგაქირავების სამსახურს მოველაპარაკე დოკუმენტური კინოფილმების დროებით თხოვებაზე. კინოთეატრებში მხატვრული კინოფილმების დემონსტრირების დაწყებამდე, მაყურებელს სთავაზობდნენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს და უცხოეთის ქრონიკას.

აი, სწორედ იქედან ვიღებდი სიუჟეტებს და ვიყენებდი ჩვენს გადაცემაში. იმასაც გეტყვით, რომ გადაცემა სტუდიაში იწერებოდა და შემდეგ სტუდიურ ჩანაწერს ედებოდა ვიდეო და ფოტო მასალა. რაც შეეხება ფოტო-სურათებს, მას, ჩემი თხოვნით იღებდა ნაცნობი ფოტოგრაფი ჟურნალიდან „ტაიმი“, რომელიც სამსახურში მქონდა გამოწერილი.

ბატონი ნუგზარ ფოფხაძისა და ჩვენი მუყაითი დამოკიდებულებით საქმისადმი შეიქმნა ერთ-ერთი პოპულარული ტელეგადაცემა „საერთაშორისო დღიური“, რომელიც ტექსტობრივადაც ისეთი იყო, წუნს რომ ვერვინ დასდებდა. მასში გამოყენებული იყო „ტასის“ მასალები, გრიფით სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ყოველკვირეული „კომპასის“, ყოველდღიური ამერიკული გაზეთებიდან „ჰერალდ ტრიბიუნი“, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, ჟურნალი „ნიუსუიკიდან“ ამოღებული მასალები.

მარტივად დაწყებულ საქმეს, მოჰყვა ურთულესი გონებრივ-ტექნიკური მუშაობა, რაც აისახა კიდევაც ერთსაათიან გადაცემაში.

იმჟამინდელი წესის მიხედვით, გადაცემის ტექსტი წინასწარ იბეჭდებოდა, რომელსაც ეცნობოდა ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ივლიტა მესხიშვილი — პროფესიონალი, განათლებული, ობიექტური პიროვნება. ხშირ შემთხვევაში ეთერში გასვლამდე, ის იბარებდა მზა გადაცემას.

პოპულარობის მოპოვებისთანავე, გადაცემაში მონაწილეობის მსურველებიც გაჩნდნენ, რომლებიც მოითხოვდნენ გამომსვლელთა როტაციას, მაგრამ ბატონი ნუგზარი კატეგორიულად პასუხობდა მათ და მათ პროტეჟეებს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტიდან, რომ როტაცია გაფანტავს მაყურებელის ინტერესს, რომ მაყურებელი, რომელიც უკვე მიეჩვია „თავის“ გამომსვლელებს, ანუ სამეულს, სხვას არ იგუებს, მითუმეტეს თუ ასეთი „სხვა“ სისტემატურად შეიცვლება.

ბატონი ნუგზარის მტკიცე პოზიცია ვერვინ შეარყია, მაგრამ საკმარისი გახდა მისი დაწინაურება და საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად გადაყვანა, რომ საქტელერადიოკომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, სოსო ცინცაძეს დაუწუნა ერთ-ერთ გამოსვლაში ჟესტიკულაცია და აიძულა „საერთაშორისო დღიურის“ დატოვება.

მოგვიანებით გადაცემიდან დაითხოვეს ზურაბ შოშიტაიშვილიც და „საერთაშორისო დღიურს“ კარგა ხნის განმავლობაში მე ვუძღვებოდი. გადაცემამ პოლიტიკურ ჟამთა ცვლასაც გაუძლო და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ბატონი ზვიად გამსახურდიას დროსაც. მაშინ მე უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი გახლდით და როდესაც ცნობილი მიზეზების გამო — ტელეჟურნალისტთა ბუნტი დაიწყო, ზვიადისტის ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით, უზენაესი საბჭოს, კულტურის, ხელოვნების, … კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა თემურ ქორიძემ, ბატონ ზვიადთან შეთანხმებით მთხოვა სათავეში ჩავდგომოდი საქტელერადიო კომიტეტს.

შეიკრიბა „მრგვალი მაგიდა“. იმსჯელეს ქორიძის წინადადებაზე და გადაწყვიტეს ჩემი სამდივნოს უფროსად დატოვება, ვინაიდან სამდივნოს გამართული საქმიანობა ისეთი, როგორიც იყო, გაცილებით მნიშვნელოვნად ფასდებოდა ქვეყნისთვის, ვიდრე ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეობა.

თბილისის ომის შემდეგ რამდენიმე გადაცემა გავაკეთე, რომელშიც მოვიწვიე საქტელერადიოკომიტეტის ჟურნალისტი მზია კუტივაძე. სწორედ მასთან ერთად გაკეთდა ერთსაათიანი ვიდეო-ფილმი „ბისეკის“ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის მეთაური ბატონი ედუარდ შევარდნაძე. კონფერენციის დახურვის დღეს მასპინძელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ იუმორით მიმართა მონაწილეებს — ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ მონაწილენი ხართ უპრეცედენტო შემთხვევის, როდესაც ქართველი ნებაყოფლობით ტოვებს თავმჯდომარის პოსტს და ახალ თავმჯდომარეს წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში.

ჩიკვაიძის განცხადებამ სიცილი და ტაში გამოიწვია დარბაზში, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მათთანაც არცთუ დიდ სიხარულს იწვევდა თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვება.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული წესის მიხედვით, საქართველომ „ბისეკის“ ერთწლიანი თავმჯდომარეობა დაამთავრა და სხვას გადაულოცა ესტაფეტა.

რატომღაც ბატონი ალექსანდრეს სიტყვები უმალ გამახსენდა, როდესაც ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა გუსმანმა ა.წ. იანვარში თავის გადაცემა „ფორმულა ვლასტ“-ში გაიხსენა მისი ინტერვიუები დანიის დედოფალ მარგარეტთან. და გაიხსენა იმიტომ, რომ დედოფალი ნებაყოფლობით გადადგა და გზა დაულოცა ვაჟიშვილს — დანიის ახალ მეფეს.

იდგა 1975 წელი. მე ახალგადაყვანილი ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო-საოქმო (პროტოკოლი) განყოფილების გამგის თანამდებობიდან საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე.

ქვეყნის ამ უმაღლეს ორგანოს მეტნაკლებად ვიცნობდი, როდესაც მისი ხელმძღვანელების მიერ მიწვევდნენ უცხოეთის საპარლამენტო დელეგაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან, მათ თანმხლებ პირებთან სამუშაოდ, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:

სტუმართა საქართველოში ვიზიტის პროგრამის შედგენა, მათთვის ღირსშესანიშნავი ობიექტების შერჩევა, საქართველოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის მუშაკებთან შეხვედრების ორგანიზება, სტუმართა თანხლება, მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების განხორციელება და სხვა.

როგორც ჩანს, ჩემმა მუშაობამ უკვალოდ არ ჩაიარა. თვით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ გიორგი ძოწენიძემ გადაწყვიტა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე ჩემი გადაყვანა.

ასე და ამრიგად აღმოვჩნდი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც კარგა ხნის განმავლობაში მომიწია მუშაობა — ჯერ, საქმეთა მმართველის მოადგილის, შემდეგ საქმეთა მმართველის თანამდებობებზე, გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსად, ხოლო 1992 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსად. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შევარდნაძე გახლდათ.

გიორგი ძოწენიძე, ცნობილი მეცნიერი იყო — საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, გეოლოგიის დარგში — უაღრესად განათლებული პიროვნება. საბჭოთა კავშირის სამეცნიერო წრეებში მას კარგად იცნობდნენ, ისე, როგორც სახელისუფლებოში.

საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იმავდროულად იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე და წლის განმავლობაში ერთი თვის მანძილზე ასრულებდა მოადგილის სამუშაოს ქ.მოსკოვში, კრემლში.

მოადგილის ფუნქციებში შედიოდა მიმდინარე საკითების განხილვა-გადაწყვეტა, მოქალაქეთა მიღება, მათი პრობლემების განხილვა და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტა; საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების მიღება, თანხლება; მოსკოვში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება; საზღვარგარეთის ქვეყნებში საბჭოთა დელეგაციის მეთაურობა, ამათუ იმ ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრება და სხვა.

1975 წელს საბჭოთა კავშირში გაიმართა დასავლური სამყაროს მონარქიის წარმომადგენლის, დანიის დედოფლის მარგრეტე მეორის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

მანამდე დასავლეთის ქვეყნის მონარქიის ვიზიტი კომუნისტურ საბჭოთა კავშირში არ გამართულა. მეფის რუსეთის დამხობამ, რუსეთის იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების დახვრეტამ მძიმედ იმოქმედა დასავლურ მონარქიაზე, რომელიც ნათესაურ კავშირში იყო მეფის რუსეთთან.

დანიის სამეფო კარიც სისხლით ნათესავები იყვნენ ნიკოლოზ მეორის ოჯახთან.

დანიის სამეფო კარის გადაწყვეტილება ოფიციალური ვიზიტით წვეოდა დედოფალი საბჭოთა კავშირს, საბჭოთა მხარემ, სსრკ ცკ-ს პოლიტბიურომ, გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ დადებითად შეაფასეს და თანხმობა გამოთქვეს მისი სახელმწიფო დონეზე მისაღებად.

შემუშავდა დედოფლის საბჭოთა კავშირში ვიზიტის პროგრამა; შეირჩა რესპუბლიკები და ქალაქები, ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, რომელთა გაცნობის საშუალება მიეცემოდა სტუმარს და მის თანმხლებ პირებს.

პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, დანიის დედოფალს უმაღლესი დონის შეხვედრები ექნებოდა მოსკოვში, ლენინგრადში, თბილისში და კიევში. დედოფლის თანხლება დაევალა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს გიორგი ძოწენიძეს.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს ტერიტორიული და პროტოკოლის განყოფილების დიპლომატები, ისე, როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკები, როგორც თანმხლებნი უზრუნველყოფდნენ ვიზიტის წარმატებით განხორციელებას.

გიორგი ძოწენიძემ გადაწყვიტა, რომ მე ვყოფილიყავი მასთან, როგორც თანაშემწე.

მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ოფიციალურ პირებთან ერთად გავფრინდით ქ.ლენინგრადში, სადაც იახტით ჩამოვიდოდა დანიის დედოფალი, მეუღლით და თანმხლები პირებით. დანიის მხარესთან შეთანხმებულ დროს იახტა „დანიბროგი“ კრონშტატში შემოვიდა. მის შემოსვლას ქვემეხების ზალპით შეხვდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ კი იახტა ლენინგრადის საზღვაო პორტის ნაპირს მოადგა. დამხვედრი ოფიციალური პირები გიორგი ძოწენიძის ხელმძღვანელობით, გემზე ავედით. გაიმართა გაცნობის ცერემონიალი, რომელსაც მოჰყვა აპერიტივი, ალა-ფურშეტი, რის შემდეგაც სტუმარ-მასპინძლები ნაპირზე ჩავედით და ავტომანქანებით გავემგზავრეთ სახელმწიფო რეზიდენცია „კამენი ოსტროვზე“.

დედოფალი მარგრეტე და მისი უახლოესი თანმხლებნი განთავსდნენ შესანიშნავი თანამედროვე არქიტექტურის შენობაში (მე-2 კორპუსში), დანარჩენნი — კუნძულზე არსებულ ორსართულიან რეზიდენციებში. ბატონ გიორგის გამოუყეს ერთ-ერთი სახლი.

იმავე საღამოს ლენინგრადის საქალაქო საბჭოს მიღებათა დარბაზში, ლენინგრადის ხელმძღვანელობის სახელით გაიმართა ოფიციალური სადილი (ბანკეტი).

მეფის რუსეთის პერიოდში აშენებული შენობა, თავისი ოქროთ მოვარაყებული, ჩუქურთმიანი დარბაზებით დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას, ისე, როგორც მეორე დღის ერთი კურიოზული შემთხვევა.

პეტერგოფის დათვალიერების დროს, ერთი სასახლიდან მეორემდე გადასვლისას ახალგაზრდა, ლამაზმა, აშოლტილმა, მაღალმა დედოფალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გზაზე მოპნეულ წითელი აგურის დაფხვნილ ხრეშს წამოჰკრა და მიწაზე გაიშხლართა.

ჩემდა გასაკვირად, დაცვა, რომელიც იქვე იყო, ახლოსაც არ მივიდა, არც სხვა, მხოლოდ დედოფლის შორიახლოს მიმავალმა მეუღლემ იჩქარა მის წამოსაყენებლად.

სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის განყოფილების უფროსს ნიკიფოროვს ვკითხე, რატომ არვინ დაეხმარა დედოფალს ადგომაშითქო. დედოფლის შეხება, ხელის გაწვდენა მხოლოდ მისი მეუღლის პრეროგატივაა და არვის სხვისო, მიპასუხა მან.

ვიზიტის კიდევ ერთი კურიოზული მომენტი მახსენდება. თბილისში ყოფნის დროს გაიმართა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ძოწენიძის ოფიციალური საუბარი მარგრეტე მეორესთან — უმაღლესი საბჭოს (დღევანდელი პარლამენტის) შენობაში.

საუბრის დასრულების შემდეგ, პროგრამისდა მიხედვით, დედოფალი უნდა წვეოდა მხატვარ ლადო გუდიაშვილს. ჩვენთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ დედოფალი ფერწერით იყო გატაცებული და დროის საკმაო ნაწილს მხატვრობას უთმობდა.

დედოფალს და მის თანმხლებ პირებს ფეხით უნდა გადაეკვეთათ რუსთაველის პროსპექტი და ყოფილი სასტუმრო „ინტურისტის“ შენობის უკან მდებარე ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმში უნდა მისულიყვნენ.

სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლმა მოითხოვა, რომ პრესას გაეშუქებინა დედოფლის მიერ სახლ-მუზეუმის დათვალიერება და არა მხატვარ ლადო გუდიაშვილთან ვიზიტი. იკითხავთ — რატომ? იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ მეფე-დედოფალი მხატვართან კი არ მიდიან, მხატვარი მიდის მათთან, გამოძახების შემთხვევაში.

 აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლადო გუდიაშვილმა თავისი საკმაოდ დიდი ფორმატის ნამუშევარი საჩუქრად გადასცა დედოფალს.

თბილისში ვიზიტი, როგორც ჩანს დედოფალს მოეწონა, რაც შემდეგნაირად გამოხატა — ოფიციალური ბანკეტის დროს, რომელსაც ალამაზებდა საქართველოს ხელოვნების მუშაკების კონცერტი, სამადლოელო სიტყვაში დედოფალმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს კარგი მიღებისთვის, შემაქო პროტოკოლური საქმის უზადო შესრულებისთვის და არა მარტო, მთხოვა მასთან მისვლა. მისულს, ხელი გამომიწოდა საკოცნად, რაც დიდი პატივის გამოხატვას ნიშნავდა.

ბანკეტი მთაწმინდის რესტორნის დიდ დარბაზში ჩატარდა, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გარემონტებულ-გალამაზებულში.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა დანიის დედოფლის ვიზიტი საბჭოთა კავშირში, თბილისში, გუშინდელივით მახსოვს. სწორედ ამ დედოფალმა, თბილისს რომ სტუმრობდა, ა.წ. იანვარში გადაწყვიტა გადადგომა და სამეფო ტახტის ვაჟიშვილისთვის დათმობა.

დანიის მრავალწლიან დედოფლობას, მეფობა შეცვლის. მრავალწლიანი იქნება თუ ხანმოკლე, უფლის განსასაზღვრია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/02/2024