ზერელედ აღნიშნული საიუბილეო თარიღი

სტატიას, რომელსაც გთავაზობთ, გასული თვის 21 იანვარს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო არ მოხერხდა, თუმცა სურვილი გამოქვეყნებისა იყო და რახან ასეთს ჰქონდა ადგილი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გადავწყვიტე უკან დაბრუნება, თემის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

მაშ ასე, ა.წ. 21 იანვარს შესრულდა ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების 100 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით ბევრი სტატია დაიწერა — ობიექტური და ნაკლებად, კრიტიკულიც და ნაკლებად კრიტიკულიც, უმეტესად ყოფილი საბჭოთა სოვრცის გარეთ; ყოფილ საბჭოთა სივრცეში კი, რუსეთის ფედერაციაში. სხვაგან ნაკლებად ან საერთოდ არა.

ლენინი არც საქართველოში გახსენებიათ, რაც ერთის შეხედვით არ არის გასაკვირი, მაგრამ ერთის შეხედვით. ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ არის ორიენტირებული და განვლილ ცხოვრებას მხოლოდ ნეგატიურ ფერებში იხილავს, არ გაიხსენებდა ლენინს —  მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს.

საქართველოს დღევანდელ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, არასასიამოვნო ჟრუანტელი უვლის ტანში საბჭოთა კავშირის ხსენებაზე. სხვაგვარად არც იქნებოდა განუწყვეტილი ანტისაბჭოური პროპაგანდის პირობებში, რომელმაც არა მარტო დამოუკიდებლობის ჟამს დაბადებულ და გაზრდილ თაობას მოახვია თავს დასავლური, ანტისაბჭოური ფილოსოფია, არამედ სერიოზული გავლენა იქონია საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებზე — საბჭოთა კავშირში დაბადებულებზე და გაზრდილებზე, საბჭოური სიკეთეებით მოსუქებულებზე.

საქართველო ან სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომ აუგად მოიხსენიებენ თავიანთი ისტორიის 70 საბჭოურ წლებს, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ისინი თვლიდნენ და თვლიან, რომ საბჭოური სისტემა, ცხოვრება რუსეთმა მოახვია თავს. მაგრამ რუსეთიც რომ უარყოფითად იხსენებს კომუნისტურ ცხოვრებას, გასაკვირი ესაა და არა მარტო უარყოფითად, არამედ ლანძღვა-გინებით.

ყოფილი საბჭოთა სივრცე ცენტრალიზებული, ვერტიკალური მართვის მაგალითი იყო და არამარტო მართვის, აზროვნებაშიც — ზემოდან წამოსული დირექტივის შესრულების. საბჭოთა კავშირის სამწუხაროდ ასეთ დირექტივას საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთში, მის ხელისუფლებაში ადგილი არ ჰქონია.

საბჭოთა ნანგრევებზე აღმოცენებულმა ელცინის რუსთემა წარსულის ლანძღვა-გინებაზე ააგო თავისი პოლიტიკა და წარსულის სიძულვილით ისე ანგრია უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის საბჭოური ფუნდამენტი, რომ გამოფიტული, გავერანებული კედლებიღა შემორჩა და რომ არა რუსეთის სპეცსამსახურში შემორჩენილი პატრიოტი ადამიანების ძალისხმევა, ელცინის დაყოლება გადადგმასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთისგან აღარაფერი დარჩებოდა.

პუტინმა დაიკავა დაჩაჩანაკებული რუსეთის უმაღლესი თანამდებობა, რომელსაც გარს ერტყვა ელცინური აზროვნების მოხელეები, ანტირუსული სულისკვეთებით აღვსილი ლიბერალები, გამყიდველი კომუნისტები და ა.შ.

მათი უდიდესი უმრავლესობა, შესაძლოა ყველა, დასავლეთის მოტრფიალეები იყვნენ, დასავლეთის თაყვანისმცემლები, დასავლელთა მხარდაჭერით და დახმარებით ბიზნესურთიერთობების დამფუძნებლები, რუსეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, წიაღისეული სიმდიდრეების დამტაცებლები.

მძიმე, რთული გზის გავლა მოუწია პუტინს დაჩოქილი რუსეთის ფეხზე დასაყენებლად. დღევანდელი რუსეთი ქვეყანაა, რომლის სიტყვას ყურს უგდებენ მსოფლიოში, თუნდაც დასავლეთში.

ის, აღარ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა ისეთი, როგორიც ელცინის დროს იყო. რუსეთი, ქვეყანაა, რომელიც წარსულს პატივს სცემს, თუნდაც კომუნისტურს, მაგრამ ამის შესახებ არაფერს ამბობს ხმამაღლა. არადა, კარგა ხანია დადგა დრო ამის სათქმელად. კარგა ხანია კრემლს უნდა ეთქვა, რომ 70-წლიანი საბჭოური ცხოვრება უმნიშვნელოვანესი აღმავლობის ხანა იყო არა მარტო რუსი, არამედ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხებისთვის; რომ საბჭოეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეეძლო და შეძლო კიდეც ფაშიზმის დამარცხება; რომ საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოში ახალი აზროვნების, ახალი ცხოვრების დამფუძნებელი; რომ საბჭოთა კავშირს ჰყავდა ბუმბერაზი მოაზროვნე პოლიტიკოსები ლენინის, სტალინის სახით — ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო.

აი, ასეთი დირექტივის მოლოდინშია რუსეთი — კრემლიდან წამოსულის, რომელიც წერტილს დაუსვამს ბინძურ დასავლურ პროპაგანდას.

დღევანდელმა რუსეთმა, მისმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის, ხალხის, სხვა ქვეყნების და ხალხების სასიკეთოდ უნდა გადადგას ნაბიჯი წარსული საბჭოური ცხოვრების ობიექტურად დასახასიათებლად და არა ლიბერალურ-სუბიექტურად, რასაც დღეს აქვს ადგილი.

ასეთის შემთხვევაში დაფასდება ლენინიც, სტალინიც და ის, რაც გვქონდა საბჭოთა ცხოვრების დროს. ასეთ შემთხვევაში პროლეტარიატის ბელადს, ლენინს მარტო რუსი კომუნისტები კი არ გაიხსენებდნენ, არამედ ხელისუფლება, პრეზიდენტი.

ლენინი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში — დასაფასებელი უპირველესად რუსეთის ხელისუფალთა მიერ.

არ შევცდები, თუ ვიტყვი ცოტა მეგულება არა მარტო აქ, არამედ იქაც, რომელმაც არ იცის ვინ არის ლენინი ან მის მიმართ არ არის ნეიტრალურად განწყობილი, ვინაიდან ლენინმა დაანახა კაცობრიობას პარალელური განვითარების გზა — რეალური და სიცოცხლისუნარიანი, ალტერნატიული.

დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ ადამიანის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. ის, აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც რევოლუციამდე იყო.

მაშინდელმა საზოგადოებამ, ისე, როგორც დღევანდელმა დაინახეს და ხედავენ სხვა ცხოვრებას, რომლის დროს, საბაზრო ეკონომიკისგან განსხვავებით, ადამიანისგან მოელიან საუკეთესო თვისებების გამოვლინებას, უფრო სწორად ამ თვისებების შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რა რესურსი გათავისუფლებოდა ხალხს რომ არ ეომა, არ ექურდა, არ დაეხარჯა საკუთარი ენერგია უაზრო, ფანტასტიკური, არასაჭირო ფუფუნების ამსახველი ცხოვრების მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაშინ, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები მილიონები უკიდურეს სიღარიბეში არსებობენ.

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ცოტას თუ მოსვლია თავში ასეთი აზრი, საზოგადოება ყოველდღიურობით იყო დაკავებული. პრობლემათა სიუხვე და ბიოლოგიური გადარჩენის სურვილი არ იძლეოდა მათგან (პრობლემებისგან) თავის დაღწევისთვის ფიქრის საშუალებას. მომავალზე ფიქრი, განსაკუთრებით ნათელზე, მიუღებელი იყო ან თუ იყო, განეკუთვნებოდა ფილოსოფიურ ფანტაზიებს, უტოპიას.

ლენინმა და ბოლშევიკებმა დაგვანახეს, რომ ნათელ მომავალს აწმყო განსაზღვრავს. მათ დაანახეს კაცობრიობას, რომ შეიძლება ისეთი მომავლის აშენება, რომელიც მას უნდა, რომელსაც ის მოისურვებს და ის იქნება ნათელი და სამართლიანი ყველასთვის, რომ მისი აშენება შეიძლება, როგორც სახლის, თუკი საზოგადოება დაისახავს ასეთ მიზანს. ლენინმა და ბოლშევიკებმა არა მარტო აწმყო შეცვალეს, არამედ მომავალიც, აქციეს რა ის დღევანდელი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად.

100 წლის განმავლობაში კომუნისტურმა იდეებმა არამარტივი გზა გაიარა — ტრიუმფიდან მარცხამდე, თანაც ისეთამდე, რომელიც სამარადისოდ დაასამარებდა არათუ კომუნისტურ იდეებს, არამედ სიტყვა კომუნიზმსაც, მაგრამ მან გაძლო.

მცდელობა მისი გაცამტვერებისა კატასტროფულად ჩაიშალა მათთვის, ვინც არც ფინანსებს და არც ენერგიას არ ზოგავდა მიზნის მისაღწევად. კომუნისტურმა იდეებმა გამოავლინა წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობა, რითაც დაამტკიცა, რომ კაცობრიობის განვითარების გზა მასზე გადის და არა სხვა იდეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე.

მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის ნაფიქრალს, ნამოღვაწარს შეუერთდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, რომელმაც კაცობრიობა უმაღლეს მწვერვალებამდე აიყვანა, ამავდროულად დედამიწა დაგვანახა იმდენად პატარად და ფაქიზად, რომ ერთი დაუფიქრებელი, უხერხული მოძრაობით ადამიანს ძალუძს გააქროს, მტვრად აქციოს მასზე მცხოვრები ყველა სულიერი.

დღევანდელი კაპიტალისტური აწმყოდან არცთუ სასიხარულო მომავალი იკვეთება. ეს მომავალი დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც გვაქვს, უფრო მეტიც კაპიტალიზმის მიერ შექმნილი აწმყო, განავლოს მძაფრ სუნს აფრქვევს, რაც კარგად იყნოსა საფრანგეთის მოსახლეობამ ფერმერთა ბუნტის შედეგად, როდესაც პროდუქციის შემქმნელმა კაპიტალიზმთან მოლაპარაკებით ვერაფერს მიაღწია. მას ერთადერთი გზა დარჩა, სახელმწიფო დაწესებულებების განავალში ამოვლება.

საბჭოეთს, კომუნიზმს დასავლეთში ფანტასტიკად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში მან დაამტკიცა განსხვავებული, მანამდე არარსებული რამ, როდესაც 2 თაობის დროს მივიღეთ ისეთი ცხოვრება, რომელსაც ფანტასტიკურს, უტოპიურს ვერ ვუწოდებთ. ყოველივე აღნიშნულმა გვაჩვენა ერთი რამ — საბჭოთა ფანტასტიკა ნათელი მომავლიდან ამოდიოდა — მაღალგანვითარებული ცივილიზაციით, კეთილით, რამეთუ ტექნიკური შესაძლებლობების შექმნა მთელი მსოფლიოს არსებობის გასაუმჯობესებლად, ხელმწიფებათ, სულიერად დახვეწილ კეთილ ადამიანებს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი არ შეიძლება ხელაღებით ვიღაცას მიენდოს. უპასუხისმგებლო ადამიანი, საბრძოლო ტექნიკით შეიარაღებული, საფრთხეა კაცობრიობისთვის. ისტორიაში ამის მაგალითები უამრავია. უამრავია დღესაც, როდესაც ჩვენს თვალწინ დახვეწილი საბრძოლო იარაღი ემსახურება საბაზრო სტიქიას, კაპიტალიზმის განმტკიცება-განვითარებას.

თუ დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა მზად იყო შეგუებოდა თავის მდგომარეობას, ვინაიდან ვერ ხედავდა გამოსავალს, რევოლუციის შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა გრძნობს, რახან დაიბადა და ცხოვრობს, მას აქვს უფლება სამართლიანი არსებობის, თუნდაც მინიმალური სოციალური სიკეთეების მიღების.

საბჭოთა კავშირის დანგრევის და განვლილი 32 უმძიმესი წლის შემდეგ, მასთან ერთად შეძენილი მწარე გამოცდილების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი არ უნდა ეკუთვნოდეს სტიქიურ საბაზრო ეკონომიკას. მომავალი სამართლიანი, ორგანიზებული საზოგადოებისა უნდა იყოს, ისეთის, როგორზედაც ოცნებობდა ლენინი — ადამიანი, რომელმაც გარდაქმნა სამყარო. გარდაცვალებიდან, ასეთის 100 წლისთავის ზერელედ აღნიშვნა, ქვეყანაში — დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის, სამშობლო რომ ჰქვია, რბილად რომ ვთქვათ, უმადურობაა.

ლენინი არა მარტო პარტიული კუთვნილებაა, არამედ სახელმწიფოებრივი და რამდენადაც თავი უნდა იმართლოს რუსეთის ხელისუფლებამ — არ აღვნიშნეთ, ვინაიდან რუსეთის კომპარტიასთან შეცილება არ გვინდოდაო, არაფერი გამოვა. რუსეთის პრეზიდენტის ნახევრადნათქვამი განკარგულებაც კი საკმარისი იქნებოდა ამ თარიღის ჯეროვნად აღსანიშნავად, მაგრამ არა!

პუტინი მონარქისტია, აშკარად გამოკვეთილი და არა ბოლშევიზმის თაყვანისმცემელი. პუტინი სისტემატურად იხსენებს, ცხოდია პოზიტიურ კონტექსტში, რუს მონარქებს, მათ მმართველობას. კომუნისტებსაც იხსენებს — ნეგატიურად, კრიტიკით, განსაკუთრებით ლენინს, სტალინს, რომლებმაც უკრაინას დონბასი აჩუქეს და ა.შ.

ზემოთ სიტყვა „შეცილება“ ვახსენე და ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ კომუნისტებმა ტრადიციულად გვირგვინებით შეამკეს ლენინის მაუზოლეუმი, ჩაატარეს სემინარები ამ თარიღთან დაკავშირებით.

ისტორიკოსებმაც გაიხსენეს ბელადი არა ჯეროვანი შეფასებისთვის, არამედ საქილიკოდ. გაამახვილეს რა ყურადღება ბელადის დაავადებებზე — ჰქონდა თუ არა მას სიფილისი, ქალთა მხრიდან ვისთან ჰქონდა მას სქესობრივი კავშირი და ა.შ., თითქოს ჭორების დონეზე მოარული ხმები, დღემდე მოსული, უმთავრესია ამ ისტორიული ფიგურის დასახასიათებლად, ადამიანის, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

მაინც როგორ აღინიშნა ლენინის გარდაცვალების 100 წლისთავი ფედერალურ ტელეარხებზე? ხუთმა სამთავრობო ტელეარხმა 3 სიუჟეტი გაუშვა ეთერში. ერთ-ერთი კომუნისტების მიერ მაუზოლეუმის გვირგვინებით შემკობა. სულ 2 წუთი და 40 წამი დაეთმო ამ სიუჟეტს.

ყველაზე ხანგრძლივი იყო „პირველი“ არხის სიუჟეტი — 1 წუთი და 43 წამი, რომლის დიდი რაოდენობა კომპარტიის ლიდერის ზიუგანოვის სიტყვას მოხმარდა: „ლენინი ახალ მსოფლიოს ქმნიდა, რომელშიც შრომა მართავდა ქვეყანას და არა კაპიტალი, სადაც ცხოვრების მთავარი არსი ჰუმანიზმი, სამართლიანობა, ხალხთა მეგობრობა, სიკეთე იყო. გემრიელი პური ყველა ოჯახში. მან 54 წელი იცოცხლა, მაგრამ პლანეტაზე ვერ ნახავთ ბიბლოთეკას, სადაც ლენინის ტომები არ იყო. მან 55 ტომი დაწერა და იწინასწარმეტყველა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 100 წლის განმავლობაში“.

ლენინისა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით შემოღებულ იქნა 8-საათიანი სამუშაო დღე, ქალთა უფლებები გაუთანაბრდა მამაკაცთა უფლებებს, შემოღებულ იქნა ანაზღაურებადი შვებულება, დედებისთვის — შვებულება ახალშობილის მოსავლელად. ხალხს მიეცა შრომისა და უფასო განათლების მიღების უფლება, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურების. ყველა სიკეთის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სიკეთეების, რომლებიც პირველად საბჭოთა კავშირში შემოიღეს ლენინისა და მისი თანამებრძოლების ინიციატივით.

ლენინის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი შედეგი არის ის, რომ დიდმა ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ერას მსოფლიო ისტორიაში —  სტიქიური განვითარებიდან, მართვად ისტორიულ განვითარებაზე გადასვლას.

ლენინს უდიდეს პატივს სცემენ ისეთ კომუნისტურ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, თუმცა არც საკუთარს ივიწყებენ — მაო ძედუნს, რომლის 130 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა ამ ქვეყანაში გასული წლის 26 დეკემბერს. საიუბილეო დღეს ჩინეთის კომპარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელები, ჩინეთის მეთაურის სი ძინპინის მეთაურობით ეწვივნენ მაო ძედუნის მაუზოლეუმს და საზეიმო შეკრება გამართეს სახალხო წარმომადგენელთა (პარლამენტი) სასახლეში. სიტყვით გამოვიდა სი ძინპინი, რომელმაც მაო ძედუნის იდეებს სულიერი საგანძური შეარქვა, რომელიც კარგა ხანს იქნება ქვეყნის მანათობელი გზა.

„ამხანაგი მაო ძედუნი მიეკუთვნება მსოფლიოს უდიდესი ადამიანების თაობას, რომელმაც ჩინელი ხალხი საკუთარი ბედის პატრონად გარდაქმნა. ის იყო უდიდესი ინტერნაციონალისტი, მსოფლიო ჩაგრულ ხალხთა განთავისუფლების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანი. მან შექმნა ახალი ჩინეთი, რომლის პატრონი ჩინელი ხალხია“.

სოფელ შაოშანში, სადაც მაო დაიბადა, 100000-ზე მეტი ჩინელი და უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჩინეთში, როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე თვლიან, რომ სწორედ მაომ დაუსვა წერტილი 100-წლოვან დამცირებას.

ჩინეთის რადიო-ტელევიზიამ ფართოდ გააშუქა 130-ე წლისთავი, მიუძღვნა რა მას სპეციალური გადაცემები, ფილმები. ქვეყანაში ჩატარდა სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები. და ეს მაშინ, როდესაც მაოს პერიოდს თან ახლდა მკაცრი რეპრესიები, მათ შორის ისეთი, როგორიც „კულტურული რევოლუცია“ იყო. მაოს ექსპერიმენტებს მილიონობით ადამიანი შეეწირა.

მაგალითად, ჩინეთის რეფორმატორი დენ სიაოპინიც კმარა. ის „კულტურული რევოლუციის“ დროს სოფლად გადაასახლეს და ქარხანაში, ჩარხზე მუშაობდა, ხოლო მისი შვილი „ხუნვეიბინებმა“ ისე აწამეს, რომ ხეიბარი გახდა.    

მიუხედავად ამისა ჩინეთის კომპარტიის პლენუმმა განიხილა მაოს მოღვაწეობა და დაადგინა, რომ მაო 70%-ით სწორად მუშაობდა, 30%-ით არასწორად. შედეგი?

მაო დარჩა უდიდეს ხელმძღვანელად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემქმნელად, ჩინეთის 5000-წლიანი ისტორიის ამღორძინებლად.

თანამედროვე ჩინეთი სუპერსახელმწიფოა და ტოლს არ უდებს აშშ-ს. რუსეთთან ერთად ის ახალი მსოფლიოს ფუნდამენტის ჩამყრელია — მრავალპოლუსიანი მსოფლიოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/02/2024