22.12.2024

დაუსჯელობის სინდრომი ტრიალებს ჩვენს თავს

პირველი თებერვლის სტატიაში გაკვრით შევეხე ფაშიზმს, როგორც სენს და მის აღორძინებას არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში, ცხადია არა ისეთი მასშტაბით, როგორიც უკრაინაშია და რის შესახებაც არა მარტო რუსული მედია საუბრობს, არამედ ამერიკულიც.

ამ ქვეყნის ჟურნალისტები მოურიდებლად ლაპარაკობენ სვასტიკიან უკრაინელ „ბოევიკებზე“, ფაშისტურ ლიტერატურაზე, რომლითაც უკრაინელ ბავშვებს საშუალო სკოლებში ასწავლიან და ა.შ.

უკრაინული ფაშიზმი იმდენად „სახელგანთქმულია“ და ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ამ ფენომენზე აღშფოთებითაც აღარ ლაპარაკობენ.

მიეჩვია ყველა, მათ შორის ის ქართველებიც, რომლებიც მეტნაკლებად გარკვეულნი არიან უკრაინის თანამედროვე ცხოვრებაში, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, გაოცებას ვერ მალავენ ახალი აღმოჩენით — სომხური ფაშიზმით, რომლის შესახებაც დავწერე წინა სტატიაში.

ზოგიერთმა მკითხველმა ჩათვალა, რომ თითო-ოროლა სომეხი ნაცისტის მიერ ერევნის მარშის მოწყობა სულაც არ გამოხატავს ამ ქვეყანაში ნაციზმის უკრაინული მასშტაბებით აღორძინებას.

ზოგს, ჩემი მონათხრობი გაზვიადებულად მოეჩვენა. მათ საქართველო-სომხეთს შორის არსებული სამთავრობო ურთიერთობები — მჭიდრო და მეგობრული, აუცილებლად და სასარგებლოდ მიაჩნიათ, რასაც მეც ვუერთდები, თუმცა ვთვლი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხშირი ვიზიტები საქართველოში, ჩვენი ორი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას უფრო ეხება, ვიდრე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების კეთილდღეობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანი და მისი ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში მორიგი „ფერადი“ რევოლუციის გზით მისული, კოლექტიური დასავლეთის მიერ დარიგებული და დასავლური „ფასეულობების“ თაყვანისმცემელი, რომ პროდასავლურ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო იდეოლოგიური თანამშრომლობის მომხრე იქნებოდა, სულაც არ არის გასაკვირი.

მოწინააღმდეგეც რომ ყოფილიყო, ევროატლანტიკური სივრცე უდავოდ მოსთხოვდა პოზიციების შეცვლას.

ფაშინიანის მიზანი ისაა — დაშორდეს რუსეთს, აიძულოს ის დახუროს სამხედრო ბაზა ქ.გიუმრიში, მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც სომხეთის აღარ არის, გაიყვანოს რუსი სამშვიდობოები და გაიყვანოს ისინი სომხეთის არა სხვა ტერიტორიაზე, არამედ რუსეთში, რის შესახებაც თქვა ფაშინიანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.

ფაშინიანის პოლიტკა პროდასავლურია და არა პრორუსული, პრო-დსთ-ური, პრო-ოდკბ-ური. ის ასრულებს დასავლელთა დავალებებს, რომელთა მიზანი ერთია — რუსეთის პოზიციების შესუსტება ამიერკავკასიაში, მისი ამიერკავკასიიდან გასვლა და დასავლეთისთვის გეოპოლიტიკური არენის დათმობა.

ამ გზაზე ფაშინიანს ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწევს, განსაკუთრებით რუსეთთან არსებული ეკონომიკური კავშირების, ისე, როგორც სამხედრო, თუმცა ამ უკანასკნელს მან წყალი უკვე შეუყენა. წყალი შეუყენა სომეხი და რუსი ხალხების ისტორიულ ურთიერთობებსაც — აქტიური ანტირუსული პროპაგანდით.

ფაშინიანი, აზერბაიჯანთან დამარცხებას რუსეთს აბრალებს, ისე, როგორც ოდკბ-ს, რომლებმაც არ გაუწიეს სომხეთს ჯეროვანი დახმარება.

დასავლელთა მიერ ანტირუსულად დამუხტული ფაშინიანი, თავის მხრივ ანტირუსულად მუხტავს სომეხ ხალხს და ისიც იჯერებს, ყველა თუ არა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც.

 ანტირუსულ კამპანიაში თავით არის გადაშვებული სომხეთში აკრედიტებული აშშ-ს საელჩო, ყველაზე დიდი ახლო აღმოსავლეთში, როგორც დიპპერსონალის რაოდენობით, ისე თვით საელჩოს შენობის სიდიდით.

სომხეთის ანტირუსულად მოქცევისთვის, სომხეთში, წლების განმავლობაში მომუშავე აშშ-ს ელჩი დააწინაურეს და რუსეთში გადაიყვანეს ელჩად.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მიეჩვივნენ რუსეთის ლანძღვას, თუმცა სომხეთი ყოველთვის კორექტულად მოიხსენიებდა მას.

დღეს, სხვა სურათია, მუქ ფერებში შესრულებული სომეხი მხატვრების, ანუ მოსახლეობის მიერ. ფაშინიანის პროპაგანდამ გაჭრა. მან დაარწმუნა სომხები, რომ მთიანი ყარაბაღის დაკარგვა მისი კი არა, რუსეთის, პუტინის ბრალია.

რუსეთს ლანძღავს ყველა, ვისაც არ ეზარება, რაც თვით სომხებისთვის ცუდის მომასწავებელია.

სომხების და სომხეთის ანტირუსულად გადაქცევა — აშშ-ს პროგრამა ძალაშია და წარმატებით სრულდება და თუ რუსეთმა შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა, ამიერკავკასიის სამივე ქვეყანა, ანტირუსულად დამუხტული, შესაძლებლობას არ  მისცემს რუსეთს გავლენა იქონიოს მათზე. გავლენა, ცხადია არა ისეთი გაგებით, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს, არამედ თანამედროვე პირობებში. ასეთს, პრაგმატული ურთიერთკავშირები ჰქვია.

ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ, სომხეთში ისეთი ვითარებაა შექმნილი, ისეთი შიდა დუღილია — იმედგაცრუების, ომში დამარცხების შედეგად გამოწვეული თვითგვემის, დამარცხებაში დამნაშავის ძებნის, სხვისი დადანაშაულების, პატარა ნაპერწკალიც საკმარისი იქნება, დიდი, ამიერკავკასიური ხანძრის გასაჩენად.

ასეთ დროს უდავოდ მისწრებაა ისეთი რეაქციული ძალების გამოყენება, როგორიც ნაცმოძრაობაა. სწორედ ამ მიზნით ხომ არ მიავლინა აშშ-ს სპეცსამსახურებმა ამერიკაში მცხოვრები სომეხი, სომხეთში მცხოვრები ნაცისტების გამოსაფხიზლებლად.

აი, რას ამბობს ანტინაცისტური ფრონტის ლიდერი ჰაიკ აივაზიანი: „ვიცი, რომ სომეხი ნაცისტები ბევრნი არ არიან, რომ მათი ორგანიზატორი და ლიდერი აშშ-ში დაიბადა და იქიდან ჩამოვიდა სომხეთში. აქცია, რომელიც მათ მოაწყვეს საინფორმაციო პროვოკაცია იყო; დასავლეთი ცდილობს გააფუჭოს რუსულ-სომხური ურთიერთობები და ეს აქცია ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

გარდა ამისა დასავლეთს სურს ახალი ომი სომხეთ—აზერბაიჯანს შორის, ამისთვის ამ სახის საინფორმაციო პროვოკაციები შეიძლება გახდეს ვითარების დაძაბვის საშუალებად“.

და მართლაც, ამ აქციის შემდეგ ბევრი დაიწერა აზერბაიჯანის პრესაში, სადაც ხაზგასმით იყო მინიშნებული სომხეთში ნაციზმის ზრდაზე, რომელიც აღვივებს რევანშისტულ იდეებს თურქებისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის მოწყობის სურვილს, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს.

მეორეს მხრივ, ეს პროვოკაციული გამოხდომა ხელს უწყობს ახალი კონფლიქტების გაჩენას — ამჯერად რუსეთის მისამართით. ამასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვამცნობს ცნობილი ბლოგერი მიკა ბადალიანი: „ბევრისთვის ეს აქცია ნიშნავს სულელთა გამოსვლას, რასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან იგივე დავინახეთ უკრაინაში. იქაც, ხომ ერთი მუჭა სულელებით დაიწყო „მარჯვენა სექტორი“ და კარგად ვიცით რა მოგვიტანა მან. კონკრეტულად, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვიტყვი — ყველაფერი ხდება დასავლეთიდან. ისინი მზად არიან დააფინანსონ ეს მოძრაობა. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის უკმაყოფილების პოტენციალი, ვინაიდან ბევრი არავის არ ენდობა; ვინაიდან არ არიან ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ ხალხის დაინტერესება. ასე რომ, შემთხვევით არ არის ნჟდეს ფიგურის გამოძებნა — სომეხთა გარკვეული ნაწილისთვის გმირის …“

დავუბრუნდეთ სომხეთის აქციას. ნეოფაშისტებმა ფაშისტური, სვასტიკიანი დროშებით და სამკლაურებით ჩაიარეს ერევნის ცენტრალურ ქუჩებში — „ზიგ ჰაილის“ ყვირილით, შემდეგ მივიდნენ ნჟდეს ძეგლთან, სადაც მრავალსაათიანი მიტინგი გამართეს ფაშისტური ლოზუნგებით და ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის თვალწინ.

პოლიციას არც მიტინგის დაშლა მოსვლია თავში და არც ფაშისტური სიმვოლიკის ჩამორთმევა. როგორც ჩანს, პოლიცია ხელისუფლებამ გააფრთხილა — არ ჩარეულიყო ღონისძიებაში.

ნეოფაშისტების მსვლელობა, მიტინგი და  ფაშისტური მოწოდებები დეტალურად გადაიცა სამთავრობო ტელევიზიის მიერ, გაშუქდა პრესაში.

ხელისუფლება და ფაშინიანი ცდილობენ მაქსიმალურად გაამართლონ სომხური ლეგიონის მეთაურის, გარეგინ ნჟდეს ფიგურა, მისი მჭიდრო კავშირები მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ფაშისტებთან. მათი მიხედვით, ნჟდე ეროვნული თავისუფლების მებრძოლი იყო, რომელიც წინააღმდეგი იყო, როგორც ბოლშევიკური დიქტატურის, ისე თურქების. მას სურდა თურქთა უღლისგან სომხების გათავისუფლება და სომხეთის გერმანიასთან დაკავშირება.

აშშ-ს მიერ ანტირუსულად დამუხტული ფაშინიანი, მოჭარბებულად აქტიურობს არა მარტო ამიერკავკასიის ფრონტზე, არამედ ევროკავშირის. მან უკრაინაც მოინახულა და მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ამ ვიზიტით ფაშინიანი იმ დასავლელ ლიდერთა რიგებში ჩაიწერა, ვინც ვაშინგტონის დავალებით, სისტემატურად ჩადის უკრაინაში.

დასავლელებმა კიევი ლამის მექად აქციეს — მუსლიმანთა სათაყვანებელ ადგილად. მორალურ მხარდაჭეასთან ერთად, ისინი მატერიალურსაც არ იშურებენ, იარაღის მიწოდებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

რაც აქვთ, ყველაფერს აძლევენ, ოღონდ უკრაინამ არ შეწყვიტოს ომი რუსეთთან. უკრაინა ჩვენ გვიცავსო — ასე ბრძანა ევროკავშირელმა ურსულამ და ლამის ბოლო ევროები გამოწურა კავშირის წევრ ქვეყნებს — უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი.

არ გაჭრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის სიჯიუტემ. მას, ისე გადაუგრიხეს ხელები (ეკონომიკურად) და ისე დაემუქრნენ უნგრეთის სიპ ქვაზე დასმით, რომ იძულებული იყო დათანხმებულიყო.

ა.წ. 1 თებერვალს ჰქონდა ადგილი აღნიშნულ წამებას, ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელში. დასავლელი ექსპერტების აზრით, ბრიუსელის მუქარას ორბანი რაღაცნაირად გაუძლებდა, მაგრამ ბრიუსელის უკან მდგომი აშშ-ს თითის ქნევას ვერ გაუძლო.

ევროატლანტიკური სივრცე, შეშფოთებული, უკრაინის მოსალოდნელი მარცხით, დაჟინებით გაიძახის — რუსეთი უნდა დამარცხდეს. რუსეთი კი არ მარცხდება. გაჯიუტდა და გამარჯვებისთვის იბრძვის, რაც დასავლეთისთვის საშინელებაა. მოახერხებს ის ტკბილი სიზმრების სინამდვილით ჩანაცვლებას, ძნელი სათქმელია. მან რუსეთთან მისასვლელი გზები დაწვა და დაწვა, დაიმედებულმა, რომ რუსეთი აღარ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც არის.

დასავლური ტკბილი სიზმრები უცოდინრობის ნაყოფია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რასაც ვხედავთ უცოდინარ პოლიტიკოსთა დოღია. ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ქვეყანაო — ამაზეა ნათქვამი. მაპატიოს ვირმა, ამ შრომისმოყვარე შინაურმა ცხოველმა, დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა ამ ცხოველის ჩლიქადაც არ ღირს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ ქალბატონი ტრასი, რომელმაც მხოლოდ 50 დღე იპრემიერა და ამ ხნის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა — აიძულეს გადამდგარიყო.

ტრასმა, ტაკიმასხარა ჯონსონი შეცვალა, ცნობილი თავისი გაბურძგნული, დაუვარცხნელი თმებით და არანაკლები დაუვარცხნელი საშინაო და საგარეო პოლიტიკით. ისიც აიძულეს გადამდგარიყო.

არანაკლები ჩიტირეკიაა დღევანდელი სუნაკი, რომელიც პრემიერობის პირველსავე დღეს კიევს გაქანდა.

ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანო მარინი ხაბაზობიდან, სუპერმარკეტის მოლარეობიდან პირდაპირ ჩაეშვა მაღალ სავარძელში, თუმცა თინეიჯერული კუნტრუში თან წაიყოლია და დღე-ღამე არ ჩააგდო ცეკვის, ალკოჰოლური სასმელის მიღების გარეშე. ისიც აიძულეს წასულიყო სხვა   გზით — არჩევნების. მისმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა. მანამდე კი ფინეთის პარლამენტმა დასვა საკითხი მარინის მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამოძიების თობაზე.

სულ ახლახანს, საფრანგეთმაც „გაგვახარა“ — პედერასტი, 34 წლის ყმაწვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით. მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს შეაქო საფრანგეთი, მისი საზოგადოება, რომელმაც მაღალი თანამდებობისკენ გზა გაუხსნა ჰომოსექსუალს.

ცნობისთვის. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელად ატალიმ — პრემიერ-მინისტრმა ქმარი დაინიშნა.

საკაცეთის დაკნინებას უნდა მივაწეროთ ის რეალობა, რომ თითქმის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში თავდაცვის მინისტრებად ქალები არიან — ამ საქმეში ჩაუხედავები.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებს უვიცობაში აშშ-სა არ ჩამოუვარდება. ყოფილი პრეზიდენტები ბუში უმცროსი და ობამა ისეთ ვერბალურ მარგალიტებს აფრქვევდნენ, ოდნავ განათლებულ ადამიანშიც კი გაკვირვებას რომ იწვევდა.

ბუში, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ვერაფრით მიხვდა, რომ ავსტრია და ავსტრალია სხვადასხვა ქვეყნებია, რომ ავსტრია ევროპაშია, ხოლო ავსტრალია — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ობამამ კი ვერაფრით დაიმახსოვრა აშშ-ს შტატების რაოდენობა და სულ გაიძახოდა ქვეყნის 57 შტატი შემოვიარეო.

რაც შეეხება დღევანდელ პრეზიდენტს, ბაიდენს — გონებრივი შესაძლებლობებით იმდენად გამოფიტულია, რომ აღარავის აღარ უკვირს მისი ნათქვამი — 180 წლის წინათ მქონდა შეხვედრა ამ ადამიანთანო.

გაკვირვებას იწვევს ვიცე-პრეზიდენტის, ქალბატონი ჰარისის უადგილო ადგილას ხარხარი და შეუსაბამო, გაუგებარი წინადადებების წარმოთქმა. თეთრი  სახლის პრეს-მდივანზე ფსაკისა და ჟან-პიერზე ხომ თვით ამერიკელები ხარხარობენ. განსაკუთრებით ყოფილი პრეს-სპიკერის მიერ ბელორუსიის გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლაზე, სხვაგვარად აშშ-ი სამხედრო გემი, როგორ მიადგებოდა ამ ქვეყნის საზღვაო ნაპირებს?!

ყველა „გენიოსის“ ჩამოთვლას ქაღალდი არ ეყოფა, ამდენად დავამუხრუჭებ და ახლა ზოგიერთ ქართველ „გენიოსზე“ გავამახვილებ ყურადღებას. იქაურთა მიბაძვით არის გამოწვეული აქაურთა სიბრიყვე, უცოდინრობა და ბევრი სხვა უარყოფითი თვისება, რომელიც გაუსაძლისს ხდის ჩვენს ცხოვრებას.

თბილისელებმა ხათრი არ გაუტეხეს მათ სათაყვანებელ ბიძინას და ისეთი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი კალაძის მერობას, ბევრს შურის ნერწყვიც გაუჩინეს. თავის გენიალურობაში დარწმუნებულმა კალაძემ, კახელები რომ იტყვიან — დაუკრეფავში გადაალაჯა და ქალაქელებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით იმდენი რამ აკადრა, მისი ფანებიც კი გაცოფებამდე მიიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ საკუთარ გენიალურობაში თვითდარწმუნება გაუნათლებლობის შედეგია და მას ვერაფერი უშველის, რომ უშველოს, საშუალო სკოლის ასაკს უნდა დაუბრუნდეს უკვე მოწიფული „სახელმწიფო მოღვაწე“ და სკოლის ატესტატი მაინც უნდა მიიღოს, აღარაფერს ვამბობ უმაღლესი განათლების დიპლომზე.

თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში განათლება და ცხოვრებისეული, პრაქტიკული გამოცდილება რომ არ ფასობს, გასაკვირი არ არის — დამნიშნავის გაუნათლებლობაზე მეტყველებს. დამნიშნავი ყოველთვის ცდილობს, აქაური დამნიშნავი მყავს მხედველობაში, რომ ისეთი შეარჩიოს, რომელიც გაუნათლებელი იქნება.

ასეთი მიდგომა სახელმწიფო თანამდებობების მიმართ მომაკვდინებლად მოქმედებს ქვეყანაზე და მარტივ შეკითხვას ბადებს — თუ ქალაქის მერად ატესტატის არმქონე პირს ნიშნავ, რაღა საჭიროა მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლები?! გამოდის, რომ განათლება არ ყოფილა საჭირო!

საკუთარ თავში დარწმუნებულმა კალაძემ, თბილისელებს ამცნო, რომ თანახმად შეპირებისა, 1 თებერვალს დაამთავრა წერეთლის პროსპექტის გარემონტება.

ამ პროსპექტის მაცხოვრებლებმა სიხარულის ისეთი ტაში შემოჰკრეს, რომ კალაძესაც გაუკვირდა — ყოჩაღ კახა რა ლამაზად გააკეთე პროსპექტიო. არადა, შეპირება 4 თვით ადრე დამთავრება იყო.

მოსახლეობამ სამშენებლო მტვერთან ერთად, ზამთრის ტალახში სიარულიც „ყლაპა“ და კანალიზაციის სურნელიც, მაგრამ რომ დასრულდა, უხარია, თუმცა ეჭვობს, რომ სახელდახელოდ დაგებული ასფალტი, მიწისქვეშა სამუშაობის გამართულად ჩატარების გარანტია ვერ იქნება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსგავსი რემონტების ჩატარების სავალალო გამოცდილება აქვს.

რას ნიშნავს ლამაზი პროსპექტი?

კალაძის აზრით, ქუჩას, რომელსაც ავტომანქანების სავალ ნაწილზე ხელოვნური, მარადმწვანე ბუჩქები აქვს ჩაფლული, სავალი ნაწილი კი იმ დონეზეა შევიწროებული, მუდმივ საცობებს რომ იწვევს, ავტომანქანების მომწამლველი გამონაბოლქვის ზრდას და ა.შ.

ლამაზი ქუჩა არა მარტო ავტომანქანების სავალ ნაწილს გულისხმობს, არამედ მოწესრიგებულ ფასადიან სახლებსაც და არა ისეთს, რასაც ამ ქალაქში ვაწყდებით — დაზიანებული საწვიმარი მილების შემხედვარე.

არვინ კითხულობს, რა დაჯდა ამ ერთი ქუჩის გარემონტება, რატომ გახდა აუცილებელი დამატებით 18 მილიონი ლარის გამოყოფა? არვინ აფასებს პროფესიონალურად „ჩატარებულ“ სამუშაოებს. დაშვებული შეცდომისთვის არვინ ისჯება. ხალხი ვართ ასეთი უპასუხისმგებლო.

ნებისმიერი ჩვენგანი, კალაძის ადგილზე რომ ყოფილიყო, ისე მოიქცეოდა, როგორც ის. იციან ეს კალაძეებმა. დაუსჯელობის სინდრომი ტრიალებს ჩვენს თავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

05/02/2024