„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და საქართველოს პოლიტიკა

„ერთი სარტყელი, ერთ გზა“ ჰქვია პროექტს, რომელიც ჩინეთის თავმჯდომარე (ასე ჰქვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველ პირს) სი ძინპინმა შეიმუშავა რამდენიმე წლის წინ და რომელიც მრავალ ქვეყანას მოიცავს.

პროექტის მთავარი მიზანია ქვეყნებს, რომელთაც გზა მოიცავს, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული, სხვა სახის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარება.

პროექტი, ფაქტიურად პროექტი აღარ არის, ის რეალობაა, რაც აღინიშნა კიდევაც ოქტომბრის შუა რიცხვებში პეკინში გამართული მასშტაბური ღონისძიების დროს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 23 ქვეყნის მეთაური და 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია.

პეკინში, უცხოელ სტუმართა რაოდენობამ 4000-სს გადააჭარბა. პეკინის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მთავარი სტუმარი გახლდათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც, როგორც მთავარ სტუმარს, საშუალება მიეცა დამსწრე საზოგადოებისთვის სიტყვით, ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის შემდგ პირველს მიემართა.

პირველი სტუმრის სიტყვაზე ყურადებას არ გავამახვილებ, ვინაიდან ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სიტყვის მოსმენა-წაკითხვა ინტერნეტში, თუმცა ვეჭვობ, რომ ასეთთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთ თითზე მეტი არ იქნებოდა და არ იქნებოდა არა იმიტომ, რომ ქართველობა პუტინს აგრესორად, ოკუპანტად, საზიზღარ პოლიტიკოსად ნათლავს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის პოლიტიკას, მედიას არ აინტერესებს რა ხდება რუსეთში ან თუნდაც მეზობელ სხვა ქვეყანაში; არ აინტერესებს რუსეთის ან სხვა ქვეყნის, მეზობლები მყავს მხედველობაში, მეთაურთა პოლიტიკური აზროვნება, არამედ ყველაფერი ის, რაც პოლიტიკას უკავშირდება.

არადა ყველა ბაღსა თუ სკვერში შეკრებილი საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანები თუ რაზე მსჯელობენ, პოლიტიკაა. ადრე ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე ფეხბურთი — ფეხბურთობდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა. დღეს აღარც ფეხბურთია ისეთი, როგორიც იმ „ავადსახსენებელ“ დროს იყო და აღარც სპორტის სხვა სახეობა, დიდ ინტერესს, ეროვნულს რომ იწვევდეს ხალხში.

დღეს, რაც გვაქვს ტელევიზიის საშუალებით უცხოური მატჩების ყურებაა — სხვისით ტკბობა. ასეა, როდესაც შენი არ გაქვს — მეტი რა გზაა, სხვათა ყურებით უნდა დატკბე!

რახან ფეხბურთზე ჩამოვარდა საუბარი, ვინატრებდი სხვა სახელით, სხვა ფორმით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენას, მაგრამ წავა ამ დათმობაზე FIFA? — არ წავა, ვინაიდან მის პრესტიჟს შეუდგება წყალი.

არადა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მსგავსის გამართვა ხომ მსოფლიო ჩემპიონატის თუ არა ევროპის ჩემპიონატს (რასაც ადგილი არ აქვს) არაფრით ჩამოუვარდებოდა?

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, დღეს „დამოუკიდებელი“ ქვეყნებია და მათი მონაწილეობა ასეთ ჩემპიონატში უდავოდ წაადგებოდა ფეხბურთის განვითარებას.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების პროფესიონალიზმი ისეთია, პატარა სტადიონსაც რომ ვერ ავსებს. რა გაეწყობა — ჩვენს თვალსა და ხელსშუა გაქრა,  უფრო სწორად ქრება ქართული ფეხბურთი, ისე, როგორც სპორტის სხვა სახეობა, ვინაიდან ძნელია პატარა ქვეყნისთვის კარგი ფეხბურთელის, კალათბურთელის, მოკრივის, მძლეოსანის, ძალოსნის, …, პოლიტოკოსის, მსახიობის, მეცნიერის, … ყოლა.

აღარაფერს ვამბობ მუშაზე, ფერმერზე, ინჟინერზე, მეტალურგზე, სხვაზე და სხვაზე, ადრე რომ გვყავდა, ვიმეორებ იმ „საშინელ“ საბჭოთა კავშირში.

რა? მაშინ საქართველოს მოსახლეობა 10 მილიონი იყო? დიდი-დიდი 5,5 მილიონს შეადგენდა, ცოტათი მეტს, დღევანდელთან შედარებით. მაგრამ მაშინ ხელისუფლების მხრიდან სხვა მოთხოვნა იყო — პატრიოტული, უდავოდ პატრიოტულ-პრაგმატული დღევანდელი გადმოსახედიდან, რომლის მთავარი მიზანი ხალხის ჯანმრთელობა იყო — სპორტში ჩართვით, თან საკავშირო და საერთაშორისო არენაზე მედლების მოპოვება.

მაშინ არვინ გაბედავდა იპოდრომის განადგურებას და მის ნაცვლად ვითომ ბაღის გაშენებას, რომლის დამთავრებასაც ბოლო არ უჩანს. უბადრუკ შთაბეჭდილებას ტოვებს იპოდრომის გაპარტახებული ტრიბუნები, შუა მოედანზე დაყრილი მიწის გორები —  უპატრონობა, მრავალწლიანი, გაუმართლებული, …

ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ იპოდრომის განადგურებით, გაანადგურა ქართული ისტორიული სპორტის სახეობები, რომლებიც ცხენისა და ქართველი კაცის საუკუნოვანი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი იყო.

ცხენისა და კაცის ურთიერთობის მოწინააღმდეგე ივანიშვილს, ლომის წილი მიუძღვის ამ სახეობის გაცამტვერებაში.

აი, ზვიგენთან შერკინება რომ ყოფილიყო, სხვა ამბავი იქნებოდა — აუზში მოცურავე კაცის და ზვიგენის ორთაბრძოლის მსგავსი.

ხუმრობა იქით იყოს, თუმცა სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, სპორტთან არაფერ კავშირში (პირდაპირი მაქვს მხედველობაში) მყოფ კინემატოგრაფიას გავიხსენებ.

ეს ამბავი შესანიშნავმა სცენარისტმა, კინოფილმ „ნეილონის ნაძვის ხის“ სცენარის ავტორმა ამირან დოლიძემ მომიყვა.

ბატონ ამირანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სახელგანთქმულ ქართველ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან, რომელიც მუხლმოდრეკით სწვევია საქართველოს უგვირგვინო იმპერატორ ივანიშვილს ქართული ფილმის აღორძინებისთვის ხელშესაწყობად. პასუხი ივანიშვილისა იყო ჩარჩული, ასეთი — ქართულ ფილმს იმდენი მაყურებელი არ ეყოლება, რომ მომგებიანი იყოსო.

აი, ამას ჰქვია მდიდარი „პატრიოტი“ კაცის პასუხი?

ბატონი ამირანის ნათქვამი ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, თანაც უარყოფითად ივანიშვილთან მიმართებაში.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ კაცის დამოკიდებულება ქართული კინოსადმი, ერთობ მიუღებელი, არ განელებულა ჩემს გონებაში და ახალი ძალით ამოხეთქა რუსეთის ტელეარხზე მოკლე სიუჟეტის ნახვის შემდეგ. აი, ასეთის — ტაშკენტში გაიხსნა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც უზბეკი, ისე უცხოელი კინემატოგრაფები.

უზბეკ კინემატოგრაფებს არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი სად ქართული კინოხელოვნება და სად უზბეკური?!

მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილე და გამარჯვებული ქართული კინო დღეს სად არის?

არ არის ქართული კინო, არ არის კინოსტუდია!  პლეხანოვის გამზირზე არსებული კინოსტუდიის უნიკალური შენობა მიტოვებულ-გაპარტახებულია. ვერ გეტყვით რა არის დიღომში ან არის თუ არა, მაგრამ ძველ შენობას რატომ ვჩაგრავთ? ეს ხომ ქართული ფილმის ისტორიაა?, ისე, როგორც პლეხანოვის გამზირზე შემორჩენილი კინოთეატრის („ოქტომბერი“) უნიკალური შენობა — დაყრუებული, უფუნქციოდ მიტოვებული, გაპარტახებული.

ამბობენ, ვიღაც ცნობილი მომღერალის საკუთრებააო და მერე რა? — უმოქმედოდ უნდა კვდებოდეს უნიკალური არქიტექტურული შენობა?

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისე უდიერად არ ეპყრობიან კინოთეატრებს, როგორც საქართველოში. ერთადერთი კინოთეატრი იყო რუსთაველის გამზირზე — რუსთაველის სახელის მატარებელი და ისიც რახანია დახურეს — სასტუმროდ უნდა გადაკეთდესო! არადა იმ რუსთაველზე მშენებარე და მოქმედ სასუმროებს რა მოთვლის?!

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კინოხელოვნება დიდი ხელოვნებაა, მას ხელის შეწყობა ესაჭიროება და არა იმის თქმა, რომ კინო მომგებიანი არ იქნება.

ჩვნმა წინაპრებმა, საბჭოთა კავშირში მცხოვრებლებმა შენობას, სადაც კინოფილმს აჩვენებდნენ, კინო-თეატრი შეარქვეს.

კინოთეატრი იყო ადამიანთა დასვენებისა და გართობის ცენტრი, ამასთანავე უდიდესი შემეცნებითი როლის მატარებელი. მე, პირადად მოვესწარი იმ დროს, როდესაც სეანსების დაწყების წინ, ფოიეში, მაგალითად რუსთაველის კინოთეატრში, პირველ სართულზე, ორკესტრი უკრავდა და კინოფილმის დაწყების წინ მაყურებელს პოზიტიურად აწყობდა. სამწუხაროდ ეს ტრადიცია ნელ-ნელა ჩაკვდა, ისე, როგორც კვდება კინოთეატრების შენობები, კინოხელოვნება.

მკითხველს ბოდიშს მოვუხდი მთავარი თემიდან გადახვევისთვის, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა იმის შესახებ, რაც ზემოთ მოგახსენეთ?!

პეკინის ღონისძიებას საქართველოს წარმომადგენელიც დასწრებია, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იმიტომ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ისე გალანძღა  ოპოზიციამ ჩინეთში ვიზიტის დროს მემორანდუმზე ხელის მოწერისთვის, აღარ მეგონა თუ ის ან მისი მთავრობის წევრები ოდესმე გაიხედავდნენ ჩინეთისკენ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას, რომელსაც ჩინეთიდან, ღონისძებაზე დასასწრები მოსაწვევი ბარათი და ოპოზიციის მოსალოდნელი ლანძღვა-გინება მაგიდაზე ედო, „მძიმე გადაწყვეტილების“ მისაღები ნაბიჯი უნდა გადაედგა. და გადადგა — მიავლინა რა ინკოგნიტოდ პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი პეკინს.

დავითაშვილის პეკინში ჩასვლა და ღონისძიებაზე დასწრება საზოგადოებამ ღონისძიების კარგა ხნის დასრულების შემდეგ გაიგო და ისიც ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც ინტერნეტში „გასეირნების“ დროს მიაგნო დავითაშვილის „სიფათს“ დარბაზში.

მიაგნო და დაიწყო, რაც დაიწყო კოკისპირული ლანძღვა-გინება ხელისუფლებისა — როგორ გაბედა ხელისუფლებამ დავითაშვილის მივლინება იმ ღონისძიებაზე, რომელშიც პუტინი იღებდა მონაწილეობასო? დავითაშვილის გაგზავნა ნიშნავს იმას, თუ რამდენად არის დაკავშირებული „ოცნება“ რუსეთ-ჩინეთთანო. დავითაშვილი იყო იმ დარბაზში, სადაც პუტინი იმყოფებოდა და დარბაზი არ დაუტოვებია პუტინის სიტყვით გამოსვლის დროსო. საქართველოსთვის მიუღებელია აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის მეთაურთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნაო და ა.შ.

ამ განცხადებების ავტორები ოპოზიციონერი პარლამენტარებია, იმ ბედკრული ქვეყნის მოქალაქეები, საქართველო რომ ჰქვია. ბედკრულია ქვეყანა, რომელსაც ესოდენ გაუნათლებელი, უტვინო პოლიტიკოსები ჰყავს. „პოლიტიკოსები“, რომლებმაც არათუ პოლიტიკა არ იციან, წარმოდგენაც არ აქვთ, როგორც პოლიტიკაზე, ისე საერთაშორისო კონფერენციაზე, ღონისძიებაზე.

ამ ე.წ. პოლიტიკოსების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა მიწვევაზე უდიდესი ქვეყნისთვის, რომლის ინვესტიციის მოლოდინში ვართ და რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს საქართველოში.

დიპლომატიაში არის მიწვევაზე უარის თქმა, მაგრამ უარის დასაბუთებულის, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწვევი მხარე უკმაყოფილო დარჩება, რაც ორ ქვეყანას შორის შემდგომ ურთიერთობებზე აისახება.

ჩემის აზრით, პეკინში დავითაშვილი კი არ უნდა გაეგზავნათ, არამედ თვით პრემიერი უნდა გამგზავრებულიყო და მონაწილეობა მიეღო ღონისძიებაში, რომელსაც 5000 კაცი ესწრებოდა, მათ შორის 23 ქვეყნის მეთაური.

ოპოზიცია პუტინს აგრესორად, ოკუპანტად ნათლავს, რითაც ასრულებს დასავლელთა დავალებას, იმ დასავლელთა, რომლებმაც 2008 წლის ცხინვალის ომის გამჩაღებლად პუტინი კი არა — სააკაშვილი, საქართველო დაასახელა.

ცნობისთვის, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო და არა პუტინი, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და იმყოფებოდა პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე.

მედვედევმა მიიღო სამხედრო პასუხის დაწყების გადაწყვეტილება სამხედრო თავდასხმაზე, რომელსაც სააკაშვილის ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ ცხინვალში.

ის, რომ რუსეთს, მის პრეზიდენტ პუტინს საქართველოს პოლიტიკა აგრესორად და ოკუპანტად მოიხსენიებს — ახალი არაფერია, თან იმდენად მომაბეზრებელი, ყურადღებას რომ აღარავინ აქცევს. ალბათ არც ოპოზიცია მიაქცევდა, მაგრამ ხელისუფლების გასაკრიტიკებლად ნავტალინიან გამოთქმებს ბერტყავს და სასოწარკვეთით გაჰკივის თავისი წარსული შეცდომის გადასაფარად. შეცდომის, რომელსაც უფრო, სიტყვა ღალატი შეეფერება. ღალატი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიებიც დააკარგვინა და ჯარისკაცებიც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

01/11/2023