სჭირდება საქართველოს აუტკივარი თავის ატკივება?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი — იმპიჩმენტგადარჩენილი, გულგამაგრებულ-ზურგგამაგრებული და ენერგია გაათკეცებული, ეკვეთა საერთაშორისო არენას და საშინაო პოლიტიკურ ბაზარს (მართლაც რომ ბაზარს) და ისეთი „სიბრძნე“ აფრქვია, როგორც ქართველები ვამბობთ — მტერსა და მოყვარეს დაუყენა თვალი.

 მოყვრებისა რა მოგახსენოთ, თითო-ოროლას თუ მოითვლის ქალბატონი სალომე. აი, რაც შეეხება მტრებს — საქართველო, რომ რაღაცას წარმოადგენდეს საერაშორისო არენაზე ან ზურაბიშვილს რომ ვინმე თვლიდეს ნამდვილ პოლიტიკოსად, მაშინ დემოკრატიული და ადამიანის უფლებების, მითუმეტეს სიტყვის თავისუფლების დამცველი ევროატლანტიკური სივრცე ისეთ რისხვას დაგვატეხდა თავს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაც უკან დაგვრჩებოდა და ბევრი რამ სხვაც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, ეს სივრცე მართლაც რომ ისეთი იყოს, რა სიტყვებითაც შევამკე ის ზემოთ.

ვითომ ცივილიზებულმა სივრცემ ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა „მარგალიტები“, რომლებიც ქალბატონმა სალომემ აფრქვია ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან  საქართველოს ურთიერთობას ასახავდა — ინტერვიუერის მიერ დასავლელი ბოსების შეკვეთილი დავალების გათვალისწინებით, მაგრამ დავალებაც რომ არ ყოფილიყო, ზურაბიშვილი მაინც იტყოდა იმას, რაც თქვა, ვინაიდან ის დავალების მომცემზე მეტი რუსოფობია პირწავარდნილი ანტირუსი, თანაც ისეთი, ზომა-წონასაც რომ ვერ საზღვრავს რა თქვას და რა არა.

როდესაც პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას, საქართველოში რუსული ლაპარაკის გამო და ასეთს ადგილი აქვს ქუჩებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებშიო, მისი აზრით დაუშვებელია.

ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს სხვა ენებზე, რომლებიც საქართველოში ჟღერს, მაგალითად სომხურზე — სომხებით დასახლებულ რაიონებში, აზერბაიჯანულზე  აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში. მას რუსული ენის გაგონება არ მოსწონს, რაც ჯდება დასავლურ რუსოფობიურ პოლიტიკაში, მაგრამ ჯდება თუ არა ქართულ რეალობაში, სხვა საკითხია, თანაც ისეთი, დაფიქრებას რომ მოითხოვს, როგორც პოლიტიკოსების, ისე განსწავლული საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არიან ასეთები ამ ბედკრულ ქვეყანაში?

სამწუხაროდ, არა! ისინი დინოზავრებივით გადაშენდნენ! რომ არ გადაშენებულიყვნენ, ხომ გასცემდნენ პასუხს ეროვნებათაშორის შუღლისა და მტრობის გამღვივებელ ზურაბიშვილს?!

„რუსული არ უნდა ისმოდესო უკრაინაში“ — ამ პრიმიტიული და მე ვიტყოდი ფაშისტური მოწოდებით დაიწყო ის, რაც დაიწყო და მივიდნენ იქ, სადაც მივიდნენ. თუ სად? — ვკითხოთ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს. აი, რას ამბობს ის:

„2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ეს ჩემი პრემიერად მუშაობის ბოლო თვე იყო, უკრაინის მოსახლეობა შეადგენდა 42 მილიონს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე 10 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. რჩება 32 მილიონი — ყირიმისა და უკრაინის კონტროლს გარეშე იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რაოდენობა 10 მილიონია. რჩება 22 მილიონი. გამოვაკლოთ ამას რუსეთში საცხოვრებლად გადასული  5 მილიონი და მივიღებთ 17 მილიონს, პლიუს 300-400 ათასი კაცის გადინება წლიურად, ანუ 2-3 მილიონი — 10 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოდის 16 მილიონი.

ეს ციფრები მომაკვდინებელი და ტრაგიკულია — უკრაინელი ხალხის ლიკვიდაციის ამსახველი“.

ქალბატონო სალომე, თავი იმიტომ აქვს ადამიანს, რომ ხანდახან დაფიქრდეს და არ თქვას ის, რაც პირზე მოადგება, მითუმეტეს მაშინ, თუ ის პრეზიდენტია.

თქვენმა წინამორბედმა, პირველმა პრეზიდენტმა, გამსახურდიამ, ვითომდა პატრიოტულად ანთებულმა, საჯაროდ განაცხადა — „საქართველო, ქართველებისთვისო!“, მოგვიანებით ისიც თქვა, რომ აჭარისთვის ავტონომია მიუღებელიაო.

გამსახურდიას ხელისუფლების რყევა გამოიწვია აღნიშნულმა „პატრიოტულმა“ ლოზუნგმა. პირველს, მოჰყვა საპროტესტო მასობრივი გამოსვლები აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში, რომლის დაშოშმინებას დიდი დრო დასჭირდა. მეორეს — უფრო რევოლიცია შეიძლება დაერქვას. ავტონომიური სტატუსის შენარჩუნების მსურველმა აჭარლებმა, თითქმის ყველა სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა შენობები დაიკავეს და რომ არა აჭარის უზენაესი საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ბრძნული და ოპერატიული მოქმედება, რაც მთავარია აბობოქრებული მასის დაშოშმინება, ვინ იცის რა მოჰყვებოდა აჭარელთა ამბოხს?!

საქართველო, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ არის, სადაც ადამიანის უფლებები ფეხის საწმენდი ჩვრის დონეზეა; სადაც იქ დაბადებულ, მაგრამ რუსული წარმოშობის ადამიანებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან, აიძულებენ მათ ილაპარაკონ არა რუსულად, არამედ მხოლოდ იმ ქვეყნების ენაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ბალტიისპირა ქვეყნებში რუსთა დისკრიმინაციის თაობაზე ევროკავშირმა კარგად იცის, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს, ვინაიდან ეს რუსს ეხება, არადა, მაგალითად, ლატვიაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსული წარმოშობისაა.

საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პუტინს რომ ეთქვა წითელ მოედანზე ხშირად ისმის ქართული ლაპარაკიო.

რუსეთში ქართული ლაპარაკი რომ ისმოდეს, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში, ლუკმა-პურის საშოვნად რუსეთს წასული ქართველების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

მავანი მეტყვის — მაშინ საქართველოში უმძიმესი ვითარება იყოო და საკუთარი თავის, ოჯახის გადასარჩენად საქართველოს მოსახლეობამ რუსეთს მიაშურაო.

კეთილი, მაგრამ დღეს? როგორც პრემიერ-მინისტრი გვიყვება, საქართველოში ეკონომიკა ყვავის. ერთ სულ მოსახლეზე საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოებით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს. თუ მართლაც ასეა, რატომ ვიკლავთ თავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის? ისინი უნდა შემოუერთდნენ საქართველოს — ღარიბაშვილის მტკიცებით, დაპურებულს და წარმატებულს და არა ჩვენ მათ.

მაგრამ, ეს რომ ასე არ არის, ხომ ყველამ ვიცით? იცის ეს იუსტიციის სამინისტრომაც, რომელმაც გვაუწყა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი 43488 კაცმა დაკარგა, აქედან 25000 გახდა რუსეთის მოქალაქე. ყველაზე უხვი გამოდგა 2013 წელი. მაშინ საქართველოს მოქალაქეობა, რუსეთის მოქალაქეობაზე 19000 კაცს გაუცვლია. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2077 კაცმა დაკარგა, აქედან 1358-მა რუსეთის მოქალაქეობაზე გაცვალა. 2023 წლის დასაწყისიდან, დღემდე საქართველოს მოქალაქეობა 3006 კაცმა დაკარგა, აქედან 2189 რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ.

არის თუ არა ყურადსაღები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია?

პასუხი თქვენთვის მომინდვია, პატივცემულო მკითხველო.

უცხოური მედიისთვის მიცემული ინტერვიუების გარდა პრეზიდენტი აქაურებთან შეხვედრა-საუბრებითაც გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა სტუდენტებთან. ბოლო შეხვედრის დროს მან სტუდენტებს მოუთხრო საზღვარგარეთ მის მიერ გაწეული შრომის თაობაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებისთვის.

ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მონიჭებისთვის, რომელიც ესოდენ აუცილებელია ევროპულ გზაზე დამდგარი საქართველოსთვის.

სტატუსის მონიჭებისთვის ქალბატონ სალომეს პარლამენტარი ქალებიც ეცილებიან. მათ, კოლექტიური წერილითაც მიმართეს ევროკავშირის შეფს ურსულა ფონ დერ ლაიენს, თან იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირი არ დატოვებს საქართველოს მტერი რუსეთის წინაშე მარტოს.

მერამდენე წელია დამონებული საქართველოს მოსახლეობა ისმენს ქართველ „პოლიტიკოსთა“ განცხადებებს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით; ისმენს რუსეთის ლანძღვა-გინებას, რომელიც წინააღმდეგია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების.

არადა რუსეთის ხელისუფლებას, პირადად პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ არის წინააღმდეგი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროკავშირში შესვლის, მაგრამ წინააღმდეგია ამ ქვეყნების ნატოში შესვლის.

მოდით დავსვათ კითხვა — რაში სჭირდება ევროკავშირს საქართველო?

საქართველო ევროკავშირს სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ მოღერებული სადგისის როლში.

საქართველოს ევროკავშირში შესვლით ხელი შეეშლება ამიერკავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, რუსეთთან მსგავსი კავშირების გაფართოებას.

ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს რუსეთთან არსებულ ეკონომიკურ კავშირურთიერთობებს. მოდით დავსვათ კითხვა — სჭირდება საქართველოს აუტკივარი თავის ატკივება?

ევროკავშირში გაწევრებით საქართველო დაკარგავს რუსულ ბაზარს, აქტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ევროპაში ვინ დალევს ქართულ ღვინოს, ჩაის, კონიაკს, ბორჯომს?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთში გაყიდული ღვინის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპა-ამერიკაში გაყიდული ღვინოების რაოდენობას, თანაც ერთად აღებულს. დავუმატოთ ამას რუსი ტურისტების გააქტიურებული ვიზიტები საქართველოში, რასაც თან ახლავს დოლარ-ევროების ხარჯვა, საქართველოში ჩადებული რუსული ინვესტიციები და ა.შ.

პატარა ქვეყნის ბიუჯეტისთვის უცხოური ვალუტის შემოდინება ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას. საქართველოს, ეკონომიკურად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სამაგალითო იქნებოდა. მაგრამ, რომ იტყვიან — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ — ისეა ამ ხელისუფლების საქმე, უფრო სწორად ხალხის, თორემ ხელისუფლება შესანიშნავად გრძნობს თავს, უფრო მეტიც თუ ჰორიზონტზე ევროკავშირში შესვლის თანხმობა გაიელვებს, უმალ დაივიწყებს რუსეთთან არსებულ მომგებიან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თავით გადაეშვება იქაურ კავშირში, რათა ჩადგნენ „ცივილიზებული სამყაროს“ რიგებში, ანუ ისეთში, ევროკავშირელმა ბორელმა რომ თქვა — „ედემის ბაღში“.

რას მიიღებს ხალხი, მათ არ აინტერესებთ. პოლიტიკურ ელიტას სურს გახდეს „ევროპელ ჯენტლმენთა კლუბის“ წევრი. როგორ იცხოვრებს რიგითი ნატო, ზურაბი, ვანო, … მას არ ანაღვლებს, ისე, როგორც ტერიტორიული მთლიანობა.

ხომ ამბობენ — ჩვენი მეგობარი დასავლელი პოლიტიკოსების დახმარებით დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებსო?!

საქართველოს ევროკავშირში გაწევრება ზღაპრის სადარია, მაგრამ ხანდახან ზღაპარიც რეალობა ხდება, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას შეეხება. სტატუსს მხოლოდ იმისთვის არ დაიშურებენ, რომ მოგგვლიჯონ რუსეთის ორბიტიდან.

ანალოგიური განწყობა აქვს ევროკავშირს უკრაინა-მოლდოვის მიმართ. რომ არა პოლიტიკური მოსაზრება არც საქართველოს და არც ზემოთ ნახსენებ ორ ქვეყანას ევროკავშირში არვინ შეუშვებდა, ვინაიდან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

მკითხველმა რომ ისე არ გაიგოს, თითქოს საქართველოს ევროკავშირში იღებენო, გულახდილად გეტყვით, მსგავსი საფრთხე ჯერ-ჯერობით არ არსებობს და ალბათ კარგა ხანს არ იარსებებს.

მოდით დავსვათ კითხვა — რატომ უნდა საქართველოს პოლიტიკას, თანაც ორივეს,  ხელისუფლება-ოპოზიციას ევროკავშირში შესვლა?

იოლი, უდარდელი, პასუხისმგებლობას მოკლებული ცხოვრების გამო. მათ ვიღაცამ ჩასძახა, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას.

რა გამოდის? ბედოვლათი ქართული პოლიტიკა საკუთარ სოციალურ პრობლემებს ევროკავშირს ჰკიდებს?

დიახ! საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, როგორც ოპოზიციამ იციან, რომ ევროკავშირში გაწევრებით პირადად მათ და არა ხალხს, ბედნიერი ცხოვრება ექნებათ — სისტემატურად იმოგზაურებენ ევროპა-ამერიკაში, ზოგი დასაქმდება ევროკავშირის სტრუქტურებში, შეიძენენ იქ (ზოგს უკვე შეძენილი აქვს) უძრავ ქონებას, სიამაყით აღვსილნი, რომ ევროპელები არიან. გადმოგვხედავენ ჩვენ, გაუბედურებულ მასას, შვილებსაც ევროპისკენ დააკვალიანებენ და ა.შ.

„დემოკრატო, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დამცველო“ ევროკავშირო შედით ქართველთა მდგომარეობაში და წერტილი დაუსვით ქართველ პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, ჟურნალისტთა გაუთავებელ ლაპარაკს სტატუსის მონიჭება-არ მონიჭებასთან დაკავშირებით, რითაც გადაარჩენთ ქვეყნის მოსახლეობის ტვინებს სრული გამოლაყებისგან. ამით ხომ თქვენ არაფერს ჰკარგავთ, ისე, როგორც ჩვენ არ მონიჭებით. შეაგნებინებ ამას მწირად მოაზროვნე ქართველობას?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/11/2023