24.07.2024

საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკა და დიპლომატია უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს!

აღმოსავლური გამოთქმაა ასეთი —„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ამ გამოთქმის მიხედვით, მე ძაღლის როლში ვარ, ქარავნის — ხელისუფლება და ქართული ე.წ. პოლიტიკაა. მაგრამ მე მარტო რომ ვასრულებდე ძაღლის როლს, კიდევ არაფერი, რამდენია ამ ქვეყანაში ისეთი, ჩემთან ერთად რომ „ყეფს“? ჰოდა, ვყეფთ და გვიხარია, გულს ვიოხრებთ, მეტი არაფერი.

მათ ყურებამდე ჩვენი „სიმღერა“ არ მიდის — პოლიტიკური სიყრუის გამო. სხვათაშორის ეს სენი უმალ შეეყრებათ ხოლმე ახალგაზრდა პოლიტიკოსებს — სახელმწიფო სავარძლებში ჩაშვებისთანავე.

როგორც ჩანს, სავარძელია დაავადების მატარებელი! ვიღაცას ხომ უნდა დავაბრალოთ?!

სიყრუეშეყრილი ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელე, სავარძლის დაკარგვისთანავე, არათუ ხმამაღალ სიტყვას იგებს უმალ, არამედ ჩურჩულსაც.

ასე იცის პოლიტიკამდე არსებულ სტატუსში დაბრუნებამ, არცთუ სახარბიელომ ყოფილი პოლიტიკოსისთვის.

ერთი ძველი ამბავი გამახსენდა.  გაგანია საბჭოთა კავშირის დროს, უზენაესი საბჭოს სესიის დაწყების წინ, ერთ-ერთმა ხუმარა დეპუტატმა ტრიბუნიდან გადახედა დარბაზს და თქვა — აქედან ყველა დეგენერატად ჩანხართო.

ხელისუფლებაში მისულებიც საზოგადოებას ტრიბუნიდან უყურებენ, როგორც დეგენერატებს. სხვაგვარად რომ იყოს, მასთან (საზოგადოებასთან) საკონტაქტო ენას გამონახავდნენ, იშვიათ შემთხვევაში მის ნათქმავს ყურს დაუგდებდნენ, მაგრამ არა!

სააკაშვილის მმართველობიდან დაწყებული, დღევანდლამდე, ხელისუფლებას ხალხის აზრი არ აინტერესებს. ხალხს მხოლოდ არჩევნების წინ იხსენებს —  ცოტა ხნით. დაპირებულ კარტოფილს, ხახვს, ნიორს, სხვა პროდუქტებს ჩამოურიგებს და მასთან კონტაქტს დაასრულებს. ამომრჩეველიც კმაყოფილია და მთავრობაც.

ამომრჩეველმა იცის, რომ იმაზე მეტს, რასაც ხელისუფლება აძლევს ხმებში, სხვას არაფერს მიიღებს, გარდა წვრილი ფულისა — ხანდახან რომ იმეტებს ის ხელისუფლებაში დასარჩენად.

მარტივი ფილოსოფიაა — ქართული პოლიტიკის „ფუნდამენტის“ გამამტკიცებელი.

30-წლიანი თავისუფლების, დემოკრატიის, სუვერენიტეტის „სავანეში“ ცხოვრების თვალნათელი შედეგია, ერთობ გულდასაწყვეტი შეგნებული საზოგადოებისთვის, მაგრამ ასეთს სანთლით რომ ეძებოთ, ვერ ნახავთ და ვერ ნახავთ მარტივი მიზეზის გამო — საქართველოს პატრონმა, ამერიკამ ძირფესვიანად ამოძირკვა ის.

„დემოკრატია“, „თავისუფლება“, „სუვერენიტეტი“ ისეთ სიტყვებად რჩება, მათ უკან რომ შინაარსი არ იკითხება. ხელისუფლებამ, ქართულმა პოლიტიკამ, აშშ-ს მუდმივი პროპაგანდით, შეძლო მათი ისე გამოფიტვა, მნიშვნელობა რომ დააკარგვინა.

სუვერენულ ქვეყანას, სუვერენული სოფლის მეურნეობა, წარმოება, მრეწველობა, ხელოვნება, მეცნიერება უნდა ჰქონდეს და კიდევ სხვა მრავალი — დამადასტურებელი ქვეყნის სუვერენიტეტისა.

ხელისუფლებას არ ახსოვს ხალხი, ხალხსაც არ ახსოვს ხელისუფლება ან რატომ უნდა ახსოვდეს მისი სურვილების, სიტყვების, მოწოდებების ყურის არდამგდები?!

ხალხი ცალკეა და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელისუფლებაც ცალკეა და ისიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს — მეფურად, ამპარტავნულად.

ხალხის ცხოვრებასა და ხელისუფალთა ცხოვრებაში დიდი განსხვავებაა. ისეთი, სიტყვა „დიდიც“ რომ ვერ ასახავს.

ხელისუფლებისა და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ხალხს არ აინტერესებს. ან რა საინტერესოა გამუდმებული ლაპარაკი 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომლის შესრულების შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს?

საზოგადოებამ, რომელმაც არ იცის რა არის ევროკავშირი, როგორღა დაინტერესდება კანდიდატის სტატუსით? ვინ უნდა გააგებინოს ხალხს ევროკავშირის მნიშვნელობის თაობაზე?

უპირველესად ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ იციან კი მათ ამ კავშირის მნიშვნელობის თაობაზე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

რაც მათ იციან ევროკავშირის სასარგებლო შიშველი პროპაგანდაა. მიზანი პროპაგანდისა ისაა, ხალხმა მუდამ ევროპისკენ იმზიროს და არა რუსეთისკენ.

თვით ევროკავშირის მიზანი სულაც არ არის საქართველოს ამ ორგანიზაციაში შეყვანა. მისი მაზანია საქართველოს ევროკავშირის კართან მიბმა, როგორც შინაური საქონლის, შემდეგ მისი გაწვრთნა და ისეთად გარდაქმნა, მამაკაცს რომ კურტუმოს ქნევა — არაბი მოცეკვავე ქალების მსგავსად შეეძლოს; კაცი-კაცს მითხოვდეს, ქალი-ქალს; ბიჭმა-გოგოდ გადაიკეთოს თავი — ძვირადღირებული ოპერაციით; გოგომ-ბიჭად და ა.შ.

ხალხი ინდიფერენტულია ამ კავშირის მიმართ. მან რომ იცოდეს დღევანდელი ევროპის ცხოვრება, ის სხვაგვარად მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში ამას მაინც არ იტყოდა საქართველო ევროპაა და იქ უნდა დაბრუნდესო.

ხალხს არც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აინტერესებს. ერთი რამ, რაც მან ამ პოლიტიკური გნიასიდან გაიგო სიტყვა „იმპიჩმენტია“, ამერიკელები რომ იყენებენ პრეზიდენტის გადასაყენებლად.

ამასთან ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა — კახელს რომ სიგარეტის კოლოფს აჩვენებენ, მასზე დახატული აქლემით და ეკითხებიან ეს რა ცხოველიაო და ისიც პასუხობს — „ქემელია“.

ზურაბიშვილის გადაყენების, ანუ იმპიჩმენტის საკითხმა თუ იმპიჩმენტის შინაარსში საზოგადოება ვერ გაარკვია, სიტყვა „იმპიჩმენტი“ ღრმად ჩაუბეჭდა ტვინში. სამწუხაროდ, მან, ანუ საზოგადოებამ არ იცის, რომ ისიც სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელი იმპიჩმენტისა არ იყოს, თვით არის იმპიჩმენტირებული და თანაც რახანია.

იმპიჩმენტირებული საზოგადოება, ანუ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებისგან გადაყენებული ღირსიც აღარ არის ხელისუფლებამ პოლიტიკური საქმიანობის კურსში ჩააყენოს — მისთვის ინფორმაციის მიწოდებით.

ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული, მის მიერ არის დაქირავებული და არა პირიქით — ხელისუფლება ხალხს ვერ აირჩევს. ასეთს მსოფლიო ისტორიაში ადგილი არ ჰქონია. რაც მხედველობაში უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, მაგრამ ვერ მიიღებს, ვინაიდან უწიგნურია.

არც ხალხმა იცის მისი უფლებები. მას ჰგონია, რომ მთავრობა მან კი არა, ღმერთმა, ამ შემთხვევაში ივანიშვილმა აირჩია და ის ვერაფერს გააწყობს ამ „ღმერთთან“ — ფულიანთან, მდიდართან, ყოვლისშემძლესთან.

ესეც თქვენი ყბადაღებული სუვერენიტეტი!

მთავრობასაც ის ჰგონია, რაც ხალხს. ივანიშვილი ირჩევს მას და არა ხალხი. ხალხი ბუტაფორიაა, სალაპარაკო თემეა, თითის გასაშვერი,  სიტყვებით  — ხალხმა აგვირჩია და მის დაკვეთას ვასრულებთო.

რაო, რაო? დაკვეთას ვასრულებთო?! ეს სიტყვა ამ კონტექსტში დაკვეთის, შეკვეთის მაგიდას მაგონებს. წინათ იყო დაკვეთის მაგიდა მაღაზიებში. დაუკვეთავდი და მოგიტანდნენ სახლში. თუმცა რაღა წინათ, განა დღეს იგივე არ არის? ტელეფონით შეუკვეთავ და მოტოროლერიანი დამტარებელი სახლში მოგართმევთ პიცას, ხაჭაპურს, …

ასეთ დაკვეთასა და მთავრობისთვის ხალხის დაკვეთაში არის სხვაობა, თუნდაც იმაში, რომ დისტრიბუტორი შეკვეთილს მოგიტანთ, ხელისუფლება კი — არა.

პრიმიტიულად თუ გავყევით ამ ისტორიას, უდავოდ ჩავალთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელმაც „ოცნება“ მოიყვანა ხელისუფლებაში. მაშინ თვით გამარჯვებული ახალი ძალა აცხადებდა ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთო. შეასრულა?

მას შემდეგ, როგორც იტყვიან ბევრმა წყალმა კი არა, ადიდებულმა მდინარემ ჩაიარა, მაგრამ დაკვეთილის შესრულების ნიშანწყალიც არ ჩანს.

 ხალხი კი დუმს. მან არ იცის, როგორ, რა გზით მოსთხოვოს ხელისუფლებას დაპირებულის შესრულება.

რაც შეეხება  მთავრობას, დარწმუნნებულს იმაში, რომ ხალხის რისხვა არ შეხვდება, უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმიანობას — ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარების, თუნდაც ინფორმაციის მიწოდების გარეშე. რასაც ის ეუბნება ხალხს — თავის ქებაა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის (ხალხი) კარგად ცხოვრობს.

საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ბიუჯეტი იზრდება; რომ საქართველო არა მარტო რეგიონის ქვეყნებს უსწრებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც.

ხელისუფლება ცირკის ჯამბაზივით ატრიალებს ეკონომიკური ზრდის პროცენტულ მონაცემებს და ქედმაღლურად დაჰყურებს ხალხს.

ტელევიზია-ინტერნეტში გაკეთებული განცხადებები ცალმხრივია, ანუ პრემიერი ლაპარაკობს, მას პასუხს არვინ სცემს. პრემიერი კმაყოფილია იმით, რომ ხალხს ნაცარი შეაყარა თვალში. ხალხი, უკმაყოფილო, ვინაიდან პროცენტულ წარმატებებს ის ვერ გრძნობს საკუთარ თავზე, ვერც მეზობლებზე, ახლობლებზე.

მაშ რა წარმატებებზე უთხრა მას პრემიერმა?

პრემიერმა ისიც თქვა პენსიებს მოგიმატებთო, ხელფასებსაცო და შეასრულა დაპირება, მაგრამ შეასრულა იმიტომ, რომ კვების პროდუქტებზე, პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა და გაიზარდა ისე, მომატებული  ხელფას-პენსია გაუფასურდა, უფრო სწორად მისი მსყვიდველობითი უნარი იმ დონეზე დარჩა, როგორც მომატებამდე იყო.

ხელისუფლების მიერ საკუთარი თავის ქება უცხო არ არის მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ არც ის არის უცხო, როდესაც ხალხი აპროტესტებს ამას. ასეთს, საქართველოში არასდროს  ჰქონია ადგილი, როგორც სჩანს არც მომავალში  ექნება .

სოციალურ საკითხებზე საქართველოში არასდროს მოუწყვიათ დემონსტრაციები, მიტინგები, კარვები არ გაუშლიათ, რაც აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ ევროპიდან შორს ვართ.

იქ, სისტემატურად აწყობს ხალხი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებს — პროფკავშირების, პარტიების ძალისხმევით. აქ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, რომ ქართველი პურის გულისთვის დემონსტრაციას არ მოაწყობსო. როგორც ჩანს მას და მის კოლეგებს, ისე, როგორც საზოგადოებას ეთაკილებათ სოციალური პროტესტი, მაგრამ არ ეთაკილებათ მათხოვრობა.

ხელისუფლება არაფრად აგდებს საზოგადოებას და რომ ეს ასეა, თუნდაც საზღვარგარეთ სისტემატრი ვიზიტებიდანაც ჩანს, რომლის შესახებ ხალხი მაშინ იგებს, როდესაც ვიზიტი დასრულებულია. ხალხმა არ იცის რისთვის იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერი ამა თუ იმ ქვეყანაში. მის მიერ წარმოთქმული ნაკლებად დამაჯერებელი სიტყვები აშკარა მანიშნებელია არა საქმისა, არამედ სალაღობო გასეირნებისა.

ხშირად გვესმის — ჩვენ მასპინძელთან შევთანხვდით ამაზე და ამაზე, მაგრამ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არ ჩანს. საერთო, ტრაფარეტული სიტყვები და წინადადებები არაფერს გვეუბნება.

არადა, ხელისუფლება ვალდებულია ვიზიტამდე გაცილებით ადრე ამცნოს ხალხს ასეთის შესახებ და განმარტოს, რისთვის არის საჭირო ვიზიტი, რას მოუტანს ის ქვეყანას.

ხელისუფლება ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს ხალხს, რომლის ჯიბიდან ამოღებული ფულით ახორციელებს ის ამ ვიზიტებს. ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს ხალხს ქვეყანაში საზღვარგარეთის სახელმწიფო დელეგაციის ჩამოსვლის და ქვეყნისთვის მნიშვნელობის შესახებ.

მაგრამ არა! მაგალითი — აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის ვიზიტია. არა თუ ხალხს არ შეატყობინეს, არამედ მედიასაც, რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტს —  მტრად შერაცხულს და იმპიჩმენტის მომლოდინეს, ვინ ეტყოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოსვლას?

პრეზიდენტის აპარატმა თქვა, რომ ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ. დღესაც გაურკვეველია ფართო საზოგადოებითვის რა იყო ალიევის ბლიც ვიზიტის მიზანი. ის რაც ალიევ-ღარიბაშვილმა განაცხადეს ჟურნალისტებთან არ საჭიროებდა ვიზიტს.

სხვას რაც შეეხება, მაგალითად ოფიციალურ განცხადებებს — გაკეთებულს ხელისუფალთა მიერ და ანტირუსულ აქციებს, რასაც ამ ზაფხულს ბათუმში ჰქონდა ადგილი, რუსი ტურისტების საწინააღმდეგოს.

ხელისუფლებამ არ იცის, რომ მისი ყოველი სიტყვა განსაკუთრებულ საცერს გადის, იდეოლოგიურ საცერს. გაეროში, ღარიბაშვილმა  მეგობრობისკენ მოუწოდა „აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“ და „თვალი აუხილა“ სიტყვებით — „ჩვენ საერთო მტერი გვყავსო“.

საერთო მტერში რუსეთმა საკუთარი თავი ჩათვალა, რაც დაფიქსირდა კიდევაც რუსი ჟურნალისტების სტატიებში. ამ განცხადებით ღარიბაშვილმა გამოავლინა საკუთარი თავი, როგორც რუსოფობი და უფრო მეტიც, დაარწმუნა რუსეთის  ხელისუფლება, რომ საქართველო ძველებურად ანტირუსული ქვეყანაა.

ღარიბაშვილმა არა მარტო საკუთარი რუსოფობიური განწყობა დააფიქსირა მსოფლიოს ტრიბუნიდან, არამედ ელემენტარული უცოდინრობაც. უცოდინრობაა, როდესაც აფხაზებს და ოსებს ეუბნები —  რუსეთი თქვენი მტერიაო.

ორივემ კარგად იციან, საკუთარი გამოცდილებიდან და საქართველოს მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვიდან, რომ რუსი მტერი კი არა, მხსნელია. და ამას ვერც ღარიბაშვილი და ვერც მამაზეციერი ვერ შეაცვლევინებს მათ.

სისხლი,  რომელიც საქართველოს პრეზიდენტებმა — შევარდნაძე-სააკაშვილმა დაღვარეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დაუვიწყარია არა მარტო დღევანდელი თაობისთვის, არამედ მომავლისთვის. დაღვრილი სისხლის გაწმენდას მრავალი ათეული წელი დასჭირდება. ის, არც ფულითა და არც კანფეტებით არ ანაზღაურდება. ეს, რომ იცოდეს ღარიბაშვილმა სიტყვასაც არ დაძრავდა მათთვის რამდენიმე მილიარდის მიცემის თაობაზე.

არ იცის! მაგრამ არც ის იცის, რომ ანტირუსულ განცხადებებს ისეთი რეაქცია ახლავს, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა — აფხაზეთის სამოკავშირო ხელშეკრულებაში მონაწილეობა.

მოსკოვის ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში მიწვეულმა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კონკრეტულად ილაპარაკა ამ საკითხზე და რაც მთავარია პროფესიონალურად. ვუსმენდი რა მას, ვინატრე, რომ საქართველოს ჰყოლოდა ასეთი მაღალჩინოსანი.

არძინბამ ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან აფხაზეთის პრეზიდენტის ბჟანიას მოლაპარაკებებზე, რომელსაც ისიც ესწრებოდა და თქვა — რომ პუტინმა მწვანე შუქი აუნთო აფხაზეთს, რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესასვლელად.

არძინბამ თქვა, რომ აფხაზეთის დელეგაცია მალე ჩავა მინსკში ამ საკითხის შესათანხმებლად. რას ნიშნავს ეს, თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ბელორუსის მხრიდან?

არძინბამ ისიც თქვა, რომ ბელორუსი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე იწყებს ტურისტული ცენტრის მშენებლობას, ხოლო რუსეთი ოჩამჩირეში აპირებს სამხედრო-საზღვაო პორტის აშენებას.

ამის შემდეგ რა სისულელეა აფხაზთა დარწმუნება იმაში, რომ მხსენელი რუსეთი, მისი მტერია?!

ჩემის აზრით, ანტირუსულმა ქართულმა პოლიტიკამ უბიძგა რუსეთს გადაედგა ნაბიჯი, რომლის მიზანი ერთია — აფხაზეთის გულში ჩახუტება.

11 წელი ელოდა რუსეთი „ოცნების“ ხელისუფლებისგან შერიგების პროცესის დაწყებას, მაგრამ ამაოდ.

„ოცნების“ ხელისუფლებას დაპირების მიუხედავად, არაფერი გაუკეთებია. დაპირება ივანიშვილისა კი იყო ასეთი — რუსეთთან ურთიერთობების დალაგება!

დალაგდა? ნაცვლად რუსეთის ლანძღვისა და მისთვის „აგრესორის“, „ოკუპანტის“ ძახილისა, უმჯობესი იყო რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სხვა მრავალი, რაც აუცილებელია ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების წარმართვის.

საინტერესოა, როდესაც აფხაზეთი გახდება სამოკავშირო ხელშეკრულების მესამე წევრი, ხოლო სამხრეთ ოსეთი შეუერთდაება ჩრდილოეთ ოსეთს, მაშინ რას გვეტყვის ხელისუფლება?

ალბათ იმას, რომ „ძმადნაფიცი“ დასავლეთი არ ცნობს ამას!

მერედა რა, რომ არ ცნობს?! ვის აინტერესებს დასავლეთი ცნობს თუ არა?

არ ცნობა, ტერიტორიებს არ აბრუნებს. ძალა აბრუნებს ტერიტორიებს, ძალა, რომელიც საქართველოს არ აქვს და არც ხვალ ექნება. რაც მას უნდა ჰქონდეს, გამჭრიახი პოლიტიკა და დიპლომატიაა, მაგრამ არც ეს აქვს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/10/2023