24.07.2024

იმპიჩმენტების მარათონი

დიმპიტაური, დამპიტაური ქვეყანა გვაქვს, „საამური“, „კომფორტული“ , … სხვას ვერაფერს იტყვი კარსმომდგარი იმპიჩმენტების შემყურე. რითი ვართ ამერიკელებზე ნაკლებიო და გახელებული ხელისუფლება-ოპოზიცია, უცბათ ორ უმაღლეს თანამდებობის მქონე „პოლიტიკოსს“ დაემუქრა გადაყენებით. ერთი, ბედკრული საქართველოს პრეზიდენტია, მეორე — პრემიერ-მინისტრი.

პირველი — უდავოდ იმსახურენს გადაყენებას კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდების გამოო, — აცხადებს ხელისუფლება. მეორე, პრემიერ-მინისტრია — სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნების და არა სახელმწიფოს გამოყენებისთვის, — წივის ოპოზიცია.

განა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება „საამური“ არ არის?!

საამურიც და სასიამოვნოც, ოღონდ ვისთვის — საკითხავი ეს არის. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის რომ ეს პოლიტიკური ჩხუბი არც სასიამოვნოა და არც საამური, მტკიცება არ სჭირდება.

მტკიცება იმას სჭირდება, რამდენად სერიოზულად აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა ამ დაპირისპირებას. ვეჭვობ სერიოზულად აღიქვამდეს, ვინაიდან ასეთის შემთხვევაში საჩხუბარი ვითარება არ შეიქმნებოდა, სხვაგვარად წარიმართებოდა ნებისმიერი ჩვენგანის, საერთო ჯამში ხალხის ცხოვრება.

30-წლიანმა დამოუკიდებლობამ, რაც გვარგუნა გადატრიალება-გადმოტრიალებაა. ყველა დონის არჩევნების გაყალბებაა, იმპიჩმენტობაა. ასე რომ, შეგუებული ვართ უკუღმართობას, წაღმართობას რომ ვარქმევთ და თავი ამაყად მოგვაქვს.

ან რა გვაქვს სავიშვიშო, სასაყვედურო? როგორი პოლიტიკური განათლება გვქონდა, ისეთი ცხოვრება შევქმენით; როგორი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გვქონდა და გვაქვს, ისეთი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყანას, საკუთარ თავს.

იმპიჩმენტობის პირველ კანდიდატთან, ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს მოსახლეობას მუდამ ჰქონდა პოზიტიური განწყობა. საქართველოში გამოჩენის პირველივე დღიდან, საფრანგეთში დაბადებულს, გაზრდილს, განათლებამიღებულს უმალ გამოუჩნდა თაყვანისმცემლები, მეხოტბეები. დროთა ვითარებაში ნაწილი მეხოტბეებისა გამოეცალა, თუმცა საგრძნობი რაოდენობა შემორჩა.

შემორჩენილებს, რომ დაუსვათ კითხვა — რატომ ეთაყვანებიან ზურაბიშვილს — მოკლედ გიპასუხებენ — იქაურია, პატივსაცემი პიროვნებააო. არვინ აფასებდა და აფასებს მის პროფესიონალურ საქმიანობას! რაც არ იციან, რას შეაფასებენ?! მეხოტბეები და არა მარტო ისინი, ვერ გაიგებენ, ვერ ჩაწვდებიან პრეზიდენტის დანაშაულს — კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით.

რაო, რაო კონსტიტუცია დაარღვიაო? მერედა ამისთვის უნდათ თანამდებობიდან გათავისუფლებაო?! — გაიკვირვებენ და რატომ? იმიტომ პატივცემულებო, რომ ქართველებისთვის კონსტიტუცია, კანონი არაფერია. მათ იოლად შეიძლება აუაროთ გვერდი და გააგრძელოთ ცხოვრება.

ასე ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველო დამოუკიდებლობის მიღებამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში და ასე გააგრძელა ცხოვრება დამოუკიდებლობის დროს.

კონსტიტუცია და კანონი დაბალი ღობესთვის არის სავალდებულო და არა მაღალი ღობისთვის. მაგალითად იმათთვის, ვინც კონსტიტუციას ქმნის და კანონს იღებს.

ამ კატეგორიაშია იმპიჩმენტობის მეორე კანდიდატი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სახელმწიფო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ანუ როგორც ოპოზიცია ამბობს — შვებულების დროს ის ოჯახთან და დაცვის მუშაკებთან ერთად გაფრინდა გერმანიაში, საიდანაც ჩვეულებრივი თვითმფრინავით გაემგზავრა აშშ-ი — ვაჟიშვილის მოსანახულებლად, რომელიც ამერიკაში სწავლობს.

პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები პირები ჩვეულებრივი თვითმფრინავის არაჩვეულებრივი სალონით გაფრინდნენ — გერმანიიდან აშშ-ი. ღარიბაშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, მაგრამ მისმა გამგზავრებამ მრავალი, მისთვის არასასიამოვნო კითხვა გააჩინა, რომელთაგან თავის დაღწევა შეუძლებელია.

მაინც რა სახის და შინაარსის კითხვები გააჩინა ღარიბაშვილის მოგზაურობამ? ვინ, რომელმა ორგანიზაციამ დაფარა ღარიბაშვილის სამოგზაურო ხარჯები? სახელმწიფო თვითმფრინავი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანიაში და ელოდებოდა ღარიბაშვილის ამერიკიდან დაბრუნებას. და არა მარტო თვითმფრინავი, რომლის აეროპორტში დგომის ხარჯები საკმაოდ მაღალია, არამედ ეკიპაჟის იქ ყოფნის ხარჯებიც.

ღარიბაშვილმა თვით დაფარა ხარჯებიო და არა სახელმწიფო ბიუჯეტმაო — აცხადებენ სახელმწიფო კანცელარიიდან. კეთილი, მაგრამ როგორ გაწვდა პრემიერის მოკრძალებული ჯიბე მისთვის შეუფერებელ უზომო ხარჯებს?

ამ კითხვას სახელმწიფო სამსახურმა სამდღიანი ფიქრის შემდეგ გასცა პასუხი — ღარიბასვილის მამას  ვენახები აქვს, ღვინო დაუყენებია, გაუყიდია, 150000 ლარი მიუღია და ის მიუცია შვილისთვის, ირაკლი რომ ჰქვია. მამისთვის შვილი მუდამ პატარა ბავშვია, თუნდაც 40 წლისა იყოს. აღუა — ასე არ მიმართავს, მაგრამ არც არაფერს დააკლებს. მართალია ჩვილი ირაკლი კარგა ხანია გამოვიდა ჩვილობიდან, თინეიჯერობიდან, ჭაბუკობიდან, მაგრამ მამამისისთვის ის მაინც პატარაა, თანაც ისეთი ასაკის, ფული რომ აძლიოს.

მაგრამ ამ ვერსიის მომგონებლებს, საკუთარი პრიმიტიულ-ბავშვური აზროვნებიდან გამომდინარე მხედველობიდან გამორჩათ, რომ ჩვილი ირაკლი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და თანამდებობიდან გამომდინარე უხერხულია მამისგან „მიცემული ფულით“ მიუნხენში გაფრინდეს სახელმწიფო თვითმფრინავით, იქიდან აშშ-ი. საინტერესოა ირაკლის თანმხლები პირების მგზავრობის ფულიც მამამისმა გადაიხადა? და თუ ასეა, რატომ უნდა გადაეხადა მას?!

ღარიბაშვილის ხელქვეითთა მიერ შეთხზული ზღაპარი ისეთია, არვინ რომ არ დაიჯერებს, მაგრამ რა გაეწყობა, ხალხს ეუბნებიან — უნდა დაიჯეროო და ისიც …

ვიმეორებ, კითხვა რიტორიკული არ არის, პირდაპირი და შეუვალია, კორუფციას რომ ეთამაშება. დავუმატოთ ამას ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში სწავლის ხარჯებიც და … პასუხიც გამზადებულია, ისეთი, გამოძიებაც რომ არ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მაღალჩინოსანი არა მარტო იმპიჩმენტს იმსახურებს, არამედ თავისუფლების აღკვეთასაც, ქონების კონფისკაციით.

ღარიბაშვილი უდავოდ ნობელის პრემიას გამოჰკრავს ხელს — პრემიერის ხელფასით მოგზაურობის ხარჯების დაფარვისთვის. პრემიერის „მოხერხულობამ“ ძველი ანეკდოტი გამახსენა — ცოლი ეკითხება ქმარს — „სეროჟ, ფული საიდან? ტუმბოჩკიდან“, პასუხობს ქმარი.

საქართველო რომ სახელმწიფო იყოს, ხალხი დაუსვამდა ამ შეკითხვას პრემიერს, მაგრამ გვაქვს სახელმწიფო? სხვა ქვეყანაში პრემიერის მსგავსი მოგზაურობა სხვა შედეგით დასრულდებოდა — ციხე რომ ჰქვია, მაგრამ …

ეს საქართველოა, სადაც არც პრემიერი და არც პრეზიდენტი ხალხს ანგარიშს არ აბარებს, ანუ ხალხის, ამომრჩევლის წინაშე ისინი ანგარიშვალდებულნი არ არიან. ვის წინაშეც ისინი თავიანთ თავს ანგარიშვალდებულად თვლიან ივანიშვილია — გაყუჩებული ერთ-ერთ თავის ვილაში.

ხალხმა იცის, რომ ეს ასეა, ანუ მას არავინ ეკითხება და იმპიჩმენტის მარათონს საცირკო წარმოდგენასავით უყურებს.

ხალხი მიეჩვია საცირკო წარმოდგენებს. „პური და სანახაობა“ — ძველთაძველი გამოთქმა სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, მასთან ერთად კარტოფილი, ხახვი, სასოფლო-სამეურნეო სხვა პროდუქტები, რომელსაც არჩევნების წინ იღებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან. ის კმაყოფილია — ყვავს კაკალი გავაგდებინეს ფილოსოფიით დამუხტული, იცის თუ იპროტესტებს, არაფერს მიიღებს, მუჯლუგუნის გარდა.

30-წლიანმა „აღზრდამ“ საშური შედეგი გამოიღო — აი, ისეთი, ორველის წიგნში რომ წაიკითხავთ და ევროკავშირის კომისრის ბორელის პირით მოისმენთ. ბორელი, რომელსაც „НТВ“-ს პოლიტიკური თოქ-შოუს „Место встречи“-ს წამყვანები ნორკინი და ტრუშკინი ძველ ფაშისტს უწოდებენ, ერთი დღის განმავლობაში მოძღვრავდა ქართველ „პოლიტიკოსებს“, საზოგადოებას, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინიც „სტარი ფაშისტით“ მოხიბლულნი პირაქაფებულნი გვიყვებოდნენ ჩვენ, მათგან შორს მყოფთ ერთუჯრედიან არსებებს ევროკავშირის მაღალჩინოსნის მიერ ნათქვამს — ყოველი წინადადების დასაწყისში მაღალჩინოსნის თანამდებობის სრული დასახელებით — აქაოდა დააფასეთ ხალხნო ამ ბუმბერაზი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება წვეოდა საქართველოსო.

აი, აქ ვიკითხავ —სწვეოდა როგორც ჯუნგლებს, რომელიც ემუქრება „ედემის ბაღს“ — ბორელისეული განმარტებით ანუ ევროკავშირს?! ბორელმა, მისთვის ჩვეული ჭორიკნული დიპლომატიით აგვიხსნა, რომ საქართველოში მოარული ხმები, თითქოს კოლექტიური დასავლეთი ხელს კრავს ჩვენს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ ტყუილია და რუსეთის მიერ მოგონილი ზღაპარია.

მან ეს ისე თქვა, თითქოს ევროკავშირი არ იყოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან რუსეთის ირგვლივ ანტირუსული ჯაჭვის შემქმნილი.

ბორელმა შეშფოთება გამოთქვა საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისთვის და მოგვიწოდა ყველაფერი ვიღონოთ რუსეთის იზოლაციისთვის. ასეთი, რით ჩამოუვარდება მეორე ფრონტის გახსნას?

ორივე შემთხვევაში საქართველო დაზარალდება — ფრონტის გახსნით — უცბათ, რუსეთის იზოლაციით — შენელებულად, რაც გამოიწვევს ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მიწასთან გასწორებას.

ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ბორელმა ინტერნეტში თავისი შეხედულებები გამოაქვეყნა, სადაც მოგვიწოდა დავეხმაროთ უკრაინას, ვიბრძოლოთ რუსეთის იზოლაციისთვის, შევასრულოთ ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალება და ა.შ.

ახალი მას არაფერი უთქვამს, ვინაიდან სათქმელიც არაფერია — ისევ ძველი „პლასტინკის“ ტრიალი — რუსთი მტერია დემოკრატიისა და ცივილიზაციის, რომელსაც ადამიანის უფლებების დამცველი ევროატლანტიკური სივრცე უპირისპირდება და ამ საქმეში (დაპირისპირებაში) საქართველომაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.

მაინც, კონკრეტულად, რას ითხოვენ საქართველოსგან?

ისეთს არაფერს, მიუღებელს ქართველთათვის. დიახ! მიუღებელს! თუ ევროპა გვინდა, ანუ ევროკავშირის წევრობა, მაშინ იქაური ქუდის დახურვა უნდა ვისწავლოთ. რას ნიშნავს იქაური ქუდის დახურვა?

პირდაპირი გაგებით არც არაფერს შეუძლებელს, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით, ისე, როგორც ამას ქართველი გულისხმობს — ბევრს, მათ შორის თუ ყველას არა, უმრავლესობას.

თუმცა იქნებ ვცდები? ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოება ისე შეიცვალა, ისე დაეტყო მას დასავლური „მზრუნველი“ ხელი, რომ მე რაც მიუღებლად მიმაჩნია, იქნებ მას სრულიად მისაღებად?

ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენი „საყვარელი“ უკრაინის ცხორებიდან. მოგეხსენებათ უკრაინასა და მოლდოვას რახანია მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რამაც დიდი სიბრაზე და შური გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში, თანაც ისეთი, ბორელის ვიზიტის დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავი რომ ვერ შეიკავა და ერთობლივი პრეს-კონფერენციისას, არადიპლომატიურად, რომ იტყვიან კახურად შუბლში დაახალა სტუმარს — ქართველი, რასაც ვერ იტანს უსამართლობააო.

მას მხედველობაში სწორედ ის ჰქონდა, რომ უკრაინა-მოლდოვა კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვეს, საქართველო კი არა.

უსამართლობას არა მარტო ქართველი, სხვაც ვერ იტანს, თუმცა, როგორც ჩანს ქართველი უფრო მეტად იტანს, ვიდრე სხვა, თორემ პრემიერის მეუღლის დაბადების დღის ფეშენებელურ რესტორანში გადახდა — სადაც ერთი სტუმრის დაპურება 1000 ლარი ჯდება. უსამართლობის მწვერვალი უნდა იყოს პრემიერისთვის, რომლის სამწყემსოში, გაეროს მონაცემებით, ათეულ-ათასობით მშიერი ბავშვია.

ცნობისთვის  — პრემიერის ხელქვეითებმა აქაც გამოძებნეს გამამართლებელი ზღაპარი — დაბადების დღე ნუნუკას (პრემიერის მეუღლეს) დაქალებმა გადაუხადესო!!!

ერთი თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლის დროს კანონმდებლებს გააცნო ხელისუფლების დასავლეთთან ინტეგრაციის პროგრამა, რომელიც კანონად უნდა იქცეს ყველა უკრაინელისთვის. აი ისიც: ინგლისური ენის სწავლება საშუალო სკოლის პირველი კლასიდან სავალდებულოა; ინგლისური ენის სავალდებულო ცოდნა სახელმწიფო დაწესებულებების, ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემების მოხელეებისთვის, სამხედრო სამსახურში მყოფთათვის; თეატრებში სპექტაკლების ინგლისურ ენაზე დადგმა; ლგბტ-ს აღიარება, გეი-პარადების ჩატარება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ტრანსვესტიტობა, მარიხუანის მოყვანა, პროსტიტუციის ლეგალიზაცია, პორნოგრაფიული ფილმების წარმოება.

ასერომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა იყო ავანსი. მას, ცხადია არ შეუსრულებია 12-პუნქტიანი დავალება სრულად, მაგრამ რომც შეესრულებინა, კანდიდატის სტატუსს არ მისცემდნენ ზემომოყვანილის გარეშე.

მოდით დავსვათ კითხვა — მზად ვართ თუ არა ზელენსკის მიერ რადას წინაშე დასმული წინადადებების შესრულებისთვის?! არ მითხრათ, ჩვენ ქართველები ვართ და ვერ გაგვიბედავენო.

მოდით დავსვათ კითხვა — რამდენი ასეთი „მაგარი“ ქართველი დარჩა საქართველოში?!

პოლიტიკური ელიტის, მის ირგვლივ შემოკრებილი ხალხის, ე.წ. ინტელიგენციის, სტუდენტობის შემხედვარე, არცთუ იმ რაოდენობის, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რომ შეეძლოს!

თუ არ გჯერათ, სხვა თვალით შეხედეთ ჩვენს ტელეგადაცემებს, პოლიტიკოსების და საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებებს, ანტირუსულ გამოხდომებს, სხვა საჯარო აქციებს.

დასავლეთმა თანმიმდევრულად, აქტიური პროპაგანდით შეძლო ჩვენი ხალხის გადაგვარება და არა მარტო ჩვენი, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვის, სომხეთისაც კი, რომელიც, ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, რუსეთს უნდა ეფიცებოდეს და არა დასავლეთს, რასაც დღეს აქვს ადგილი.

საქართველო არის დასავლური პოლიტიკის პლაცდარმი კავკასიაში — ასე იყო სააკაშვილის დროს, ასეა დღესაც — ივანიშვილის კულუარული მმართველობის ჟამს. ამიტომ მგონია, რომ თითქმის გადაგვარებულ საქართველოს სულ ცოტა აკლია უკრაინის კანონების გაზიარების.

ქართველი „პოლიტიკოსები“ თავდავიწყებით გაჰყვირიან — დემოკრატიულ, თავისუფალ ევროკავშირში გვინდაო — კავშირში, სადაც ყველაფერი დიდის და ძლიერის ხუშტურებზეა დამყარებული და არა რეალურ თავისუფლებაზე, სუვერენიტეტზე, ასეთს რუსეთის წყალობით ვეღირსეთ, მაგრამ მეორე დღესვე საღეჭ რეზინებზე გავცვალეთ. შედეგი? როგორც თავში აღვნიშნე — იმპიჩმენტების მარათონი!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/09/2023