ომი კი გრძელდება მსხვერპლით და ნგრევით და არვინ იცის მისი დასასრული

რუსეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის (პირველი არხი) ეთერში ვნახე პროგრამა „პოეხალი“-ს გადაცემა მიძღვნილი აფხაზეთზე. პროგრამის წამყვანებმა, ორმა რუსმა ჟურნალისტმა, გაგვაცნო აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები, თანამედროვე ცხოვრება, ადგილობრივი სამზარეულო, დასასვენებელი ადგილები, …

მართლაცდა, თვალწარმტაცი ქვეყანაა — სილამაზით განთქმული. „ქვეყანააო“ — გამიწყრება მკითხველი. ქვეყანა კი არა, საქართველოს განუყოფელი ნაწილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააო, — შემახსენებენ „პატრიოტი“ ქართველები.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ისაა, რაც მე გითხარით, თუმცა დიდი სიამოვნებით გავიზიარებდი თქვენს ნათქვამს — აფხაზეთის ავტონომიას, საქართველოს ფარგლებში, მაგრამ ამაო თავის მოტყუება იქნება. ამაო მოტყუება იქნება ისიც, რომ საქართველოს ამ შესანიშნავ მარგალიტს დავიბრუნებთ და დავიბრუნებთ ჩვენი მეგობარი საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით.

მაინც როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროცედურა აფხაზეთის, საქართველოში დაბრუნების?

ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტენ, ხელში აიღებენ აფხაზეთს და საქართველოში გადმოიტანენ თუ საქართველოს საზღვარს ძველი, საბჭოური რუკის მიხედვით აღადგენენ?

არაო! — მეტყვით, — გაეროში გამოაცხადებენ ხმამაღლა, ბრძანების კილოთიო. კეთილი, მაგრამ დღეს არ აცხადებენ? დღეს კი არა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აცხადებენ, მაგრამ ვინ უგდებს ყურს?!

მსოფლიოს არც ერთ ორგანიზაციას, მათ შორის არც გაეროს უშიშროების საბჭოს არ აქვს ისეთი უფლებამოსილება, ქართველებს რომ გაგვახარებს.

მაშ, რა, დავკარგეთ? ამაზე, ძვირფასო „პატრიოტებო“, მაშინ უნდა გეფიქრათ, ვიდრე ბანალაშლილი ყელში წვდებოდით აფხაზებს. მაშინ უნდა გეფიქრათ, ჯარის მაგვარს რომ აგზავნიდით აფხაზეთში, ვითომ რკინიგზის დასაცავად „სახელოვანი“ მხედართმთავრების კიტოვანის, იოსელიანის, სხვათა მეთაურობით და შევარდნაძის „მთავარსარდლობით“.

მაშინ ფიქრისთვის სად გვეცალა, ახალ დამოუკიდებელ ქვეყანას ვაშენებდით — კომუნისტური „კლანჭებიდან“ გათავისუფლებულს.

მოდით  ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, საქართველოში მენშევიკური მმართველობა რომ გაგრძელებულიყო, შევძლებდით აფხაზეთის შემოერთებას?

„შემოერთება“ რა შუაშია, აფხაზეთი ხომ საქართველო იყოო? — შემეპასუხებით. იყო, მაგრამ იყო სხვაც, მაგალითად ასეთი თარიღი, 1490 წელი — ერთიანი საქართველოს დაშლის თარიღი, რის შემდეგ საქართველოს სამთავროებმა თვით მიხედეს თავიანთ თავს, მათ შორის აფხაზეთმაც.

რაც შეეხება მენშევიკების მიერ თბილისის გავლენის ქვეშ უკვე დისტანცირებულთა მოქცევას, სამხრეთ ოსეთის ომიც კმარა — ასი წლის შემდეგ რომ საშინელებად აღიქვამენ სამხრეთელი ოსები.

საეჭვო იყო თვით მენშევიკური ხელისუფლების არსებობაც. რუსეთის იმპერიის დაშლის და რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნილმა ქაოსმა მენშევიკურ ხელისუფლებას გაუჩინა რუსეთის იმპერიის ნაწილზე, საქართველოზე მართველობის ილუზია.

მენშევიკურმა ხელისუფლებამ ისიც ვერ იფიქრა, რომ ფეხზე წამომდგარი რუსეთის ახალი ხელისუფლება მეფისდროინდელ გეოგრაფიულ ჩარჩოებში ყოფნას მოისურვებდა და არ დაუშვებდა დასავლელთა, განსაკუთრებით ინგლისელთა ბატონობას, რუსეთის იმპერიის სამხრეთის ტერიტორიებზე, რაც აღასრულა კიდევაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ.

სწორედ ბოლშევიკთა ძალისხმევით, შემდეგ საბჭოთა კავშირის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ფორმირებები აღმოჩდნენ საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში და 70 წლის განმავლობაში იყვნენ ამ სტატუსით.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დაიშალა საქართველოს სსრ-კაც, ანუ ფაქტიურად დაიკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად — იურიდულად. საქართველოს ორი ყოფილი ავტონიმია რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და არა მარტო მან, არამედ მისი ხათრით რამდენიმე ქვეყანამ.

რა გამოდის? იყო საბჭოთა კავშირი და იყო საქართველოს სსრ-ა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებით. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოს სსრ-ც, ანუ დარჩა საქართველო იმ ტერიტორიების გარეშე, რომლებიც საბჭოთა კავშირის წყალობით იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში?!

„დამოუკიდებელმა“ საქართველომ ვერაფერი გამოიგონა, გარდა ძალისა აღნიშნული ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში დასამაგრებლად. არადა იყო ამის შანსი, საქართველოს მაშინდელ მმართველს, შევარდნაძეს, აფხაზთა ლიდერის არძინბას წინადადებაზე ჯეროვანი, ჭკვიანური პასუხი რომ გაეცა და არა ძალისმიერი, რომელმაც გამოიწვია აფხაზეთის ფაქტობრივი დაკარგვა. იურიდიულად კი დაშორება, შევარდნაძის შემცვლელმა, სააკაშვილმა განახორციელა — გაიმეორა რა წინამორბედის „სიბრძნე“ — საკითხის ძალით მოგვარებისა.

ჰოდა, ახლა ვზივარ და ვუყურებ რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ პროგრამას და გულდაწყვეტით ვტკბები აფხაზეთის სილამაზით — შორიდან, დინსტანციურად, ვინაიდან იქ ჩასვლის შანსი მოგვისპო სააკაშვილმა და მაშინდელმა პარლამენტმა — სადამსჯელო კანონის მიღებით. და მოგვისპო არა მარტო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პირიქით, პროპაგანდას უნდა უწევდეს ხელისუფლება აფხაზეთში ჩასასვლელად და აფხაზეთთან საერთო ენის გამოსაძებნად, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც.

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ნაცვლად ჩვენგან წასული ავტონომიების მცხოვრებლებთან კონტაქტების დამყარებისა, პირიქით მოგვიწოდებს დაშორებისკენ.

სულ ახლახანს, პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლის დროს ოპოზიციამ გაახმაურა „საიდუმლო“ ამბავი — აფხაზეთში გამავალი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით თბილის-მოსკოვის მოლაპარაკებების წარმოება.

პასუხი ხელისუფლებისა იყო მყისიერი — მსგავსს არ აქვს ადგილი და არც ექნებაო! არადა მას უნდა ეთქვა, რომ ასეთს ჯერ-ჯერობით ადგილი არ აქვს, მაგრამ ჩვენი სურვილია — ჰქონდეს.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — თუ გვინდა ურთიერთობების აღდგენა, რომელთა გარეშეც ტერიტორიული მთლიანობა შეუძლებელია, მაშინ პოზაში კი არ უნდა ჩავდგეთ და უარი არ ვთქვათ შესარიგებელ თუნდაც ნახევარ ნაბიჯზე, უნდა ვიაქტიუროთ. ფანჯარას რომ ჩაგვიკეტავენ, კარის ჩაკეტვის შემდეგ, არ უნდა ვითაკილოთ და უნიტაზიდან უნდა ამოვიდეთ.

რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს კონტაქტების აღდგენას, ერთმანეთის ახლიდან გაცნობას, ბიზნეს-ურთიერთობების გაჩენას, … რასაც უნდა მოჰყვეს ურთიერთ ვიზიტები, მაგრამ მანამდე საჭიროა სააკაშვილისეული კანონის გაუქმება.

როგორც ვხედავთ, ქართულ პოლიტიკას არ სურს რკინიგზის აღდგენა, არც აფხაზებთან ურთიერთობა, მაშინ რა საჭიროა ყბადაღებული, სისტემატური ლაპარაკი — ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, დავიწყოთ ახალი ცხოვრება ერთად, ერთ სახელმწიფოში, ჩვენ სუფრის თავში, თამადის სტატუსით, თქვენ — ფართო ავტონომიის. 

იმათ, რომ გვიპასუხონ დავიწყოთო, თუმცა ამის იმედი არ მაქვს, როგორ ვუპასუსებთ?! როგორც ჩანს, უარით!

თანხმობა რომ გვსურდეს, რკინიგზაც უნდა აღვადგინოთ და ყველა ის კავშირი, რომელიც გვქონდა საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში.

რკინიგზის გაშვების შემდეგ ურთიერთობები უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე ენგურჰესზე ერთობლივი მუშაობა?

გამოდის რომ საქართველოს პოლიტიკას, მედიას, პოლიტოლოგიას არ სურს რკინიგზის აღდგენა და აფხაზებთან ურთიერთობების დაწყება. ის ინერციით ლაპარაკობს, ფართო საზოგადოების დასამშვიდებლად და არა საკითხის მოსაგვარებლად. გამოდის, რომ ხელისუფლება-ოპოზიცია გვატყუებს, ვინაიდან დასავლელი დამრიგებლები დატუქსავენ მათ წასულებთან კავშირების აღდგენისთვის.

დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენა არ მიაჩნია სავალდებულო ღონისძიებად, რაც საქართველოს ეკონომიკას ერთიორად გააჯანსაღებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის სურვილი არ არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, ვინაიდან ასეთთან გაუჭირდება ურთიერთობა.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი ვერასდროს მოაგვარებს წასულების საქართველოში შემობრუნებას, ვინაიდან მას ეს არ შეუძლია და გარდა ამისა სურვილიც არ აქვს. დასავლეთისთვის სუსტი საქართველო, ოღონდ ანტირუსული, ისაა, რაც უნდა, ანუ ქვეყანა, რომელიც მუდამ იქნება ანტირუსული განცხადებების გენერატორი.

ქვეყანა, რომელიც უკრაინელ ფაშისტებს ეთაყვანება, უკრაინელს გაუწევს დახმარებას რუსთა წინააღმდეგ ომში, ე.ი. დაეხმარება ევროპა-ამერიკას ანტირუსული პროექტის განხორციელებაში. და რახან უკრაინა ვახსენე, გეტყვით, რომ რუსეთი მართალია უკრაინის წინაშე. როგორ თუ მართალია? — შემომიწყრებით.

თუ ობიექტურად განვიხილავთ საკითხს, ალბათ ასეც უნდა მოვიქცეთ — რუსეთი მართალია!!! თუ ეს ასეა, მაშინ მტყუანი ვინ არის?! თქვენ რომ გიყვართ, პატივცემულო მკითხველო, ის, აშშ-ი! რომელმაც რუსეთის დაშლის გეგმა, უკრაინის დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებიდან, მტვრიანი თაროებიდან ჩამოიღო, სული შეუბერა და ახალი შემართება შთაბერა ე.წ. ფერად-ყვავილოვანი რევოლუციით, შემდეგ „მაიდნისად“ წოდებულით.

აშშ-ს სპეცსამსახურებმა იმაჭანკლეს და უკრაინის პრეზიდენტს „საცოლედ“ უკრაინული წარმოშობის ამერიკელი, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელიც გაურიგეს. შემდეგ, მსოფლიოში არ არსებული მესამე კენჭისყრით პრეზიდენტობაც მოაგებინეს და ფაშისტი ბანდერა, შუხევიჩი, სხვები გმირებად გამოაცხადებინეს, სკოლის სახელმძღვანელოებიც დაუბეჭდეს ამერიკა-კანადაში და პირველი კლასიდან დაწყებული, ბავშვებიც ფაშისტურად მოაწამვლინეს.

ის ბავშვები, დღეს დონბასში იბრძვიან — რუსეთის სიძულვილით აღვსილნი. 30 ე.წ. დამოუკიდებელი წლის განმავლობაში უკრაინა ფაშისტურ სახელმწიფოდ გადაიქცა — ნატოში შესვლის სურვილით.

რას ნიშნავს რუსეთისთვის უკრაინის ნატოში შესვლა?

ნატოს იარაღის, მათ შორის რაკეტების უფრო ახლოს განლაგებას რუსეთის სტრატეგიული ობიექტებიდან.

რა საფრთხეს უქმნის, რუსეთის სიახლოვეს, უკრაინაში, რაკეტების განლაგება რუსეთს?

ძალიან დიდ საფრთხეს, ვინაიდან ამცირებს მანძილს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებამდე, ანუ თუ ევროპაში განლაგებული სარაკეტო დანადგარებიდან გასროლილ რაკეტას მიზნის მიღწევამდე 10-12 წუთი სჭირდებოდა, უკრაინიდან ნასროლ რაკეტას 6 წუთი დასჭირდება, რაც საკმარისი არ იქნება რუსული ანტისარაკეტო სისტემების სწრაფი რეაგირებისთვის.

ასე რომ, ნატოში შესული უკრაინა დიდი თავსატკივარი იქნება რუსეთისთვის. გარდა ამისა ნეოფაშისტური უკრაინა სერიოზული გამოწვევაა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის, მათ შორის დასავლეთისთვის. მაგრამ დასავლეთი ამას ყურადღებას არ აქცევს, ვიდრე უკრაინული ნეოფაშიზმი რუსეთს ებრძვის და ხმამაღლა გაჰყვირის — რუსის ყველგან და ყოველთვის კვლაზე, მოსკოვის წითელ მოედანზე უკრაინული ტანკების ჯირითზე და ა.შ.

უკრაინული ნეოფაშიზმის აღორძინების ახალი ეტაპი 2014 წლის მაიდნის „რევოლუციით“ დაიწყო, უფრო ზუსტად, სახელმწიფო გადატრიალებით, აშშ-ს პოლიტიკოსთა და სპეცსამსახურების აგენტების, დიპლომატების მიერ ორგანიზებულის.

„მაიდნის“ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა უკრაინელი ნეოფაშისტების მიერ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოკუპაცია, ოპოზიციური პარტიების დევნა, ოპოზიციური ჟურნალისტების ხოცვა, ოპოზიციური მედიის დახურვა, რუსული ენის დევნა, რუსული წარმოშობის ადამიანებით დასახლებული დონბასისა და ყირიმის სამაგალითო დასჯის მცდელობა.

ყირიმმა უმალ აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და თავი დააღწია უკრაინულ ფაშიზმს, მაგრამ დონბასმა, მიზეზთა გამო, ვერ დასძლია პრობლემები, შექმნილი უკრაინელი სამხედროებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინის არმიის შეტევა დონბასზე, თუმცა უშედეგოდ.

კიევმა ვერ გატეხა დონბასელი რუსების სურვილი ეცხოვრათ თავიანთი ტრადიციებით, ენით, წეს-ჩვეულებებით, კიევის ფაშისტური რეჟიმისგან დამოუკიდებლად.

კიევ-დონბასს შორის შექმნილი უკიდურესად მძიმე ვითარებიდან თავის დასაღწევად კრემლმა შეიმუშავა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც განხილული იქნა მინსკში გერმანიის კანცლერის მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ. განხილვაში მონაწილეობდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებიც. მხარეებმა თანხმობა განაცხადეს ხელშეკრულების პუნქტებზე და ხელიც მოაწერეს დოკუმენტს — ფართო საზოგადოებისთვის „მინსკის ხელშეკრულების“ სახელით ცნობილს.

ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო ცეცხლის შეწყვეტა, დონეცკისა და ლუგანსკისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება უკრაინის შემადგენლობაში, …

2022 წლის 23 თებერვლამდე უკრაინული მხარე, მიუხედავად დაპირებისა, არ ასრულებდა ხელშეკრულებით განპირობებულ არც ერთ პუნქტს. მასზე ზეწოლას არ ახდენდა არც გერმანია და არც საფრანგეთი.  მოგვიანებით გაირკვა, რომ მერკელს და ოლანდს, ისე, როგორც პოროშენკოს მიზნად ჰქონდათ დასახული არა „მინსკის ხელშეკრულების“ შესრულება, არამედ შესრულების გაწელვა და უკრაინის ჯარის მომზადება დონბასზე ახალი იერიშის მისატანად, რასაც ადგილი ექნებოდა 2022 წლის მარტის პირველ დეკადაში.

რუსეთმა, მზაკვრული გეგმის შესახებ გაიგო და დაასწრო უკრაინის ახალ ხელისუფლებას — დაიწყო რა სპეციალური სამხედრო ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს.

კიევზე იერიშის მიტანის დროს უკრაინულმა მხარემ ინება და მოსკოვს მოლაპარაკების გამართვის წინადადებით მიმართა. ბელორუსიის ტერიტორიაზე, შემდეგ ქ.სტამბოლში გაიმართა მოლაპარაკება.

მხარეები ხელშეკრულების ტექსტზეც შეთანხმდნენ, სადაც მთავარი საკითხი იყო დონბასის ავტონომია უკრაინის შემადგენლობაში. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეთანხმების ტექსტს პარაფირებაც გაუკეთა — ხელის მოწერით. და რა?

არც არაფერი. კიევში დაბრუნებულმა დელეგაციამ უარი თქვა ხელშეკრულებაზე. მიზეზი? აშშ-ს მკაცრი ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე.

ასედაამრიგად რუსეთმა, ნაცვლად სპეცოპერაციისა, ომი დაიწყო უკრაინაში, რომელიც დღემდე გრძელდება. სამხედრო სპეცოპერაციას თავისი მიზნები და წესები აქვს; უკრაინის შემთხვევაში, მას უნდა გამოეწვია ხელისუფლებით უკმაყოფილო უკრაინის სპეცსამსახურის მოსამსახურეთა ბუნტი და ხელისუფლების დამხობა, რაც არ გამოვიდა მიზეზთა გამო. იყო თუ არა რუსეთი ომისთვის მზად?

როგორც ირკვევა — არა!

იყო თუ არა უკრაინა ომისთვის მზად?

დონბასის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე სანგრებისა და ბეტონის სამალავების, საფორტიფიკაციო ნაგებობების სიუხვე ადასტურებს ომისთვის უკრაინელთა მზადყოფნას. და არა მარტო უკრაინელების, არამედ აშშ-ს, ნატოს წევრი სახელმწიფოების.

პატივცემულო მკითხველო! თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი ორი მაგალითი, საქართველოს და უკრაინის, წყლის წვეთებივით გვანან ერთმანეთს, იმ განსხვავებით, რომ აშშ-ს პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ მოახერხეს საქართველოს მოსახლეობის მიერ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის წარმოება.

ორივე შემთხვევაში დირიჟორი და სცენარის ავტორი აშშ-ს ადმინისტრაცია იყო. ორივე შემთხვევაში რუსეთი ჩაითრიეს ომში, თუმცა საქართველოც და უკრაინაც დაბეჯითებით არწმუნებენ მსოფლიოს, რომ ისინი ჩაითრია მოსკოვმა ომში.

ორივე შემთხვევაში რუსეთი ითხოვდა ე.წ. სეპარატისტული რეგიონებისთვის ავტონომიას. საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის კარნახით მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი თბილისსა და სოხუმ-ცხინვალს შორის სამომავლო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მოლაპარაკებების დაწყება, რომელთაც უნდა გადაეწყვიტათ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ფორმირებების სტატუსი.

უკრაინის შემთხვევაშიც ანალოგიურს ჰქონდა ადგილი, ოღონდ პარაფირებულ ტექსტს ხელშეკრულების სტატუსი ესაჭიროებოდა პრეზიდენტების ხელის მოწერით.

არც თბილისმა და არც კიევმა მოსკოვის პროექტი არ მიიღეს. მაშ, რატომ არის რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი და ა.შ.?

იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ აშშ-ს სურს ასე. აშშ-ს ვასალ ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს სურთ ასე.

ომი კი გრძელდება მსხვერპლით და ნგრევით და არვინ იცის მისი დასასრული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

06/07/2023