22.11.2024

ჯერ ვიფიქროთ, შემდეგ გავაკეთოთ!

გამუდმებული მუქარის ფონზე განახლდა საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა — შეწყვეტილი 2019 წლის ანტირუსული გამოსვლებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.

იმ მოვლენებს რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის სახელი დაერქვა, დაერქვა ისე, რომ ვერც გავრილოვი და ვერც სხვა რუსი ან თუნდაც ქართველი ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ ასე იქნებოდა, რამეთუ თვით გავრილოვი, რუსეთის დუმის რიგითი დეპუტატი, ერთობ თავშეკავებული, რეაქციული გამოსვლებისა და განცხადებებისგან შორს მყოფი, სიზმარშიც ვერ ნახავდა საკუთარ პოპულარობას, რომელსაც 4-მა გასულმა წელმაც ვერაფერი დააკლო.

„გავრილოვმა“ მოიტანა საქართველოს ხელისუფლების ცვლა, განსაკუთრებით პრემიერის, მინისტრების, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, ისე, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის საქმეთა აღძვრა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პროტესტანტთა გასტუმრება და ა.შ.

„გავრილოვის“ თემა დღესაც აქტუალურია — საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო. მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები იმუქრებიან, რომ თბილისში რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლობის გახსნასთან ერთად დაიწყება მათზე სისტემატური თავდასხმები.

მიზანი — შეწყდეს საქართველოში ფრენა. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან მწვავე ანტისახელმწიფოებრივი, ანტისამთავრობო განცხადებების გაკეთებაში. ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუშლის საქართველოს გაწევრებას ნატოსა და ევროკავშირში, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და იმ „სიკეთეების“ მიღებას, რასაც საქართველო ელის დასავლეთიდან.

ოპოზიციის მიხედვით, რუსეთთან კავშირის, თუნდაც საჰაეროს ქონა დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. მოკლედ და კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთთან კონტაქტი არც დღეს და არც ხვალ არ შეიძლება, ვინაიდან რუსეთი მტერია ჩვენი, თან ჭაობი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საქართველოს ჩათრევა და სულის ამოხდა.

საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას ოპოზიციის განცხადებებს და მოწოდებებს. ის, იმ გზას ადგას, აღმოსავლურ გამოთქმას რომ ნიშნავს — ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. მაგრამ უნებლიედ იბადება კითხვა — გაუძლებს ხელისუფლება ოპოზიციის გამუდმებულ შეტევებს?

ოპოზიცია, რომ მარტო იყოს, გაუძლებს, მაგრამ ოპოზიცია მარტო, რომ არ არის?! მას მხარს უჭერს დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული აშშ, ევროკავშირი, ევროსაბჭო, …

აი, სწორედ მათ, რომ არ უნდათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა, იმიტომ არ უნდა ქართულ ოპოზიციას, თორემ მართლაც შეუგნებელი, უჭკუო უნდა იყოს პოლიტიკოსი მეზობელ უდიდეს ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდოდეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია დასავლეთზეა მიმართული. გარდა ამისა, რუსეთთან რაიმე კავშირის ქონა დღეს მიუღებელია, რუსული პოლიტიკისა და უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო.

გარდა ამისა, რუსეთიდან დისტანცირებას აქვს ადგილი. ყველა ქვეყანა ცდილობს დაშორდეს მას და ამ ფონზე საქართველოს გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, მდინარის აღმა ცურვას ჰგავს — აცხადებს ის.

მკვახე დასავლურ განცხადებებთან ერთად გაისმა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების საკითხიც.

პატივცემულო მკითხველო, ის, რაც ახლა მოგიყევით, თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი. ქართული ტელეკომპანიები, ჟურნალ-გაზეთები ხომ სისტემატურად გეუბნებიან ამას?! მიზანი შეხსენებისა ისაა, კითხვის დასმას რომ მოითხოვს ჩვენგან და არა მარტო ჩვენგან, არამედ თქვენგანაც, ნებისმიერი ქართველისგან და არა მარტო, არამედ აქ მცხოვრები ნებისმიერი ერის წარმომადგენლისგან.

რა ჰქვია ამას?! რა ჰქვია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას — მუქარის შემცველი ტონით, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ?

ჩემის აზრით, ასეთს თავხედობა ჰქვია. რბილად ნათქვამია — თავხედობა. უფრო მკაცრად, რასაც აშშ-ს ხელისუფლება იმსახურებს — რევოლუციონერ კამოს რომ აბრალებენ, სწორედ ისეთი საქციელია.

საქართველო, თავისი ახალი ისტორიით, რომელიც 30 წელს მოითვლის, არ არის ისეთი მტკიცე და ურყევი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ მას მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება აქვს, რომელთანაც ვერც აშშ-ი და ვერც მრავალი სხვა ქვეყანა ახლოსაც ვერ მივა.

ასე რომ, ჭკუის სწავლების გადაწყვეტილების მიღებამდე აჯობებდა გათვალისწინება იმისა, ვის არიგებ ჭკუას ან რაში არიგებ. იმაში, რომ მეზობელ უდიდეს ქვეყანასთან არ ჰქონდეს კავშირი? ქვეყანასთან, რომელთანაც იმდენი საუკუნის ურთიერთობა ჰქონდა და აქვს, რამდენსაც თვით ამერიკის, როგორც სახელმწიფოს არსებობაც ვერ მოითვლის?!

პატივცემულო მკითხველო! ის, რაც ზემოთ დავწერე, ვერც ერთი ამერიკელი ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენ ხომ გაიგებთ?! თქვენ უნდა გაიგოთ, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადამთიელი, ამერიკელად წოდებული, თავს უფლებას მისცემს უარესიც გაგვიბედოს. სანქციებიც დაგვიწესოს და კამომ რომ ჭამა, ისიც გვაჭამოს. ერთსქესიანთა ქორწინებაც შემოგვტენოს; ქალის, კაცად გადაკეთებაც და კაცის, ქალად; მშობლების დანომვრაც — არა დედის და მამის სახელით, არამედ ნომერი ერთი, დედისთვის და ნომერი ორი, მამისთვის, ვითარებიდან და ხოშიდან გამომდინარე.

მისგან განა მარტო ეს არის მოსალოდნელი, არამედ მისი მოკავშირეების დარაზმვა საქართველოსთვის დამანგრეველი მოწოდებებით — არ დავუშვათ ლგბტ დისკრიმინაცია, პატივი ვცეთ გეი-პარადებს და ა.შ.

განა ასეთს არ ჰქონდა ადგილი სულ ახლახანს, როდესაც საქართველოში აკრედიტებულმა დასავლეთის ყველა საელჩომ კოლექტიური წერილით გაგვაფრთხილა ლგბტ-ს არაფერი ავნოთ, თორემ ჩვენს რისხვას ვერ გადაურჩებითო?!

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, აშშ-ს ოფიციოზმა საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად თანამედროვე ნოსტრედამუსსაც მიმართა — ფრენსის ფუკუიამას სახით, რომელმაც გრძელი შეგონება დაგვიწერა, რომლის გამეორებით თავს არ შეგაწყენთ. გეტყვით მოკლე შინაარსს — საქართველოს არ უნდა ჰქონდეს კავშირი რუსეთთან. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურვილი აქვს იყოს დასავლეთში, ანუ ევროკავშირ-ნატოში და არა რუსეთში.

რა იცის ფუკუიამამ საქართველოს შესახებ?

არც არაფერი. დარწმუნებული ვარ მსოფლიო რუკაზეც ვერ მიაგნებს, ისე, როგორც ნებისმიერი ამერიკელი, 2008 წლის ომის დროს ჯორჯიის შტატის დასაცავად იარაღშესხმული.

საქართველო, ჩვენ რომ სიამაყით ინგლისურად ვამბობთ ჯორჯია, იმ ამერიკელს (ამერიკელებს) აშშ-ს ჯორჯიის შტატი ეგონათ. ამერიკელი, საქართველოს კი არა, უკრაინას ვერ მოძებნის მსოფლიო რუკაზე — ქვეყანას, რომელსაც მისსავე ადმინისტრაციამ 113 მილიარდი დოლარი გადასცა, აშშ-ს მეტოქე რუსეთთან საომრად და არა მარტო დოლარი, არამედ აუარება იარაღი, ტყვია-წამალი, სამხედრო ფორმა, საბრძოლო მოქმედებისთვის საჭირო სხვა საგნები.

აშშ-ი არაფერს ზოგავს უკრაინელისთვის, ვინაიდან უკრაინელის ხელით ებრძვის რუსს, რუსეთს და ებრძვის იმიტომ, რომ მის მეტოქეობას ვერ ეგუება. მას სურს, რომ რუსეთი ისეთივე მორჩილი, უტყვი, დამჯერი იყოს, როგორც ევროკავშირ-ნატოში შემავალი ე.წ. მოკავშირე ქვეყნები.

ამერიკელს, მითუმეტეს ადმინისტრაციის მოხელეებს, კონგრესისა და სენატის წევრებს ძილშიც ესიზმრებათ დაცემული, 40 ნაწილად დაშლილი რუსეთი. დაახლოებით ისეთი, როგორიც დღევანდელი იუგოსლავიაა, მაპატიეთ, ყოფილი იუგოსლავია — ერთი ქვეყნის ნაცვლად — რამდენიმე პატარა (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა), სუსტი, ყველას რომ ყელი ვაშინგტონისკენ აქვს მოღერებული. დღეს, მათ სუვერენული, დამოუკიდებული ქვეყნები ჰქვიათ. სინამდვილეში  აშშ-ს შტატებზე მეტად დამოკიდებული ვაშინგტონზე.

პატივცემულო მკითხველო! იქნებ, ისეთ „დამოუკიდებლობას“ ჩვენ რომ გვაქვს, აშშ-ს შტატობა ვამჯობინოთ?! მერე რა, რომ მისგან გეოგრაფიულად შორს ვართ. მოდით ვთხოვოთ ჩვენს ოპოზიციას ერთი საფუძვლიანი წერილი დაწეროს აშშ-ს ადმინისტრაციის სახელზე ან თუნდაც პრეზიდენტ ბაიდენის, სადაც ჩაწეროს სანუკვარი ოცნება ქართველებისა  — აშშ-ს შემადგენლობაში შესვლა, იმიტომ, რომ რუსეთის გვერდში ვცხოვრობთ და მისგან მუდმივი აგრესიის შიშში ვიმყოფებით. გვიშველეთ, გადაგვირჩინეთ, მიგვიღეთ აშშ-ს შემადგენლობაში 52-ე, 53-ე ან ნებისმიერ შტატად.

ასე არ სჯობს?! რაღა შემოვლით გზებს ვეძებთ — ევროკავშირის სახით, პირდაპირ მოვითხოვოთ ამერიკაში შესვლა. არ მითხრათ, არ შეიძლებაო! რა, თუ ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით ტვინი გამოვჭამეთ ყველას, რატომ არ შეიძლება აშშ-ს შტატის მოთხოვნა?!

ევროკავშირიც ხომ იმასვეს ითხოვს, ოღონდ არა საჯაროდ? რითი ვართ მათზე ნაკლები? ბაიდენი არ დათანხმდება და იტყვის — ხომ არის ამერიკაში ჯორჯიის შტატიო?! უდავოდ იტყვის. ღრმა დემენციაში მყოფს, არც საქართველოში ყოფნა გაახსენდება ვიცე-პრეზიდენტობის დროს და ის „ოქროს“ სიტყვები, მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის დედას რომ უთხრა — დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი შვილის გაზრდისთვისო…

ვინ-ვინ და ბაიდენმა უდავოდ კარგად იცის რას ნიშნავს შვილის პატიოსნად გაზრდა, მისი ვაჟიშვილის ჰანტერის „საგმირო“ საქმეებიდან გამომდინარე, უფრო სწორად ქრთამების აღებიდან. ისეთი სკანდალური ისტორია იკვეთება თეთრი სახლის ისტორიაში, სხვა ქვეყნების სასახლეების, მაგალითად დიდი ბრიტანეთის, ახლოსაც რომ ვერ მივა.

ნარკოტიკები, არასრულწლოვან გოგონებთან სქესობრივი კავშირები, ისე, როგორც პორნო ვარსკვლავებთან; უკრაინიდან, ჩინეთიდან, რუმინეთიდან ქრთამად მიღებული მილიონები  — მცირე ჩამონათვალია ბაიდენის ვაჟის „საგმირო“ საქმეებიდან — ამერიკული მედია რომ გამუდმებით ჟივჟივებს და ქვას-ქვაზე არ ტოვებს, ისე, როგორც დემოკრატების მეტოქე რესპუბლიკელები — პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი.

ბაიდენი, ის პრეზიდენტია, რომელიც ხმალამოღებული, იბრძვის ამერიკელთა ახალი რელიგიის, ლგბტ-ს  დასაცავად და არა მარტო, არამედ მთელს მსოფლიოში გასავრცელებლად. „ტრანსვესტიტობა ჩვენი სული და გულიაო“ — ბრძანა მან.

ინგლისურმა BBC-მ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ლგბტ-ობას. ეკრანი დაიპყრეს ულამაზესმა ქალებმა, შიშვლებმა, აუზებში მოჭყუმპალავეებმა, გამჭოლი მზერით, მიმზიდველი სექსუალური მიმოხვრით — ვიმეორებ, ულამაზესმა ქალებმა. ქალებმა? — არა მეგობრებო, ქალებად გადაკეთებულმა კაცებმა.

ერთ-ერთი მათგანი გვიყვებოდა, რომ 16 წლიდან შრომობს იმისთვის, რომ ქალად იქცეს. რამდენი ოპერაცია დასჭირდა იმისთვის, რომ ქალად ქცეულიყო?

მოდით დავსვათ კითხვა — ლგბტ-ობა არის თუ არა ნებაყოფლობითი?

წინათ იყო! დღეს, არა! დღეს, აუცილებლობაა. ლგბტ-ობა არ მოგწონს? — თუ არ მოგწონს, საჯაროდ არ უნდა გამოთქვა ამის თაობაზე, ვინაიდან ეს დისკრიმინაციაა. დიპლომატებიც ხომ ამას გვახსენებდნენ? ვიყოთ ტოლერანტები. უნდა ავიტანოთ, როდესაც ვაჟს, ვაჟი მოჰყავს ცოლად; ქალიშვილი, ქალიშვილზე გვითხოვდება.

ასეთია დასავლური მოთხოვნა. გვინდა იქ? იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ! ნუ მოვიტყუებთ თავს იმით, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ, გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა და ლგბტ-ს თაყვანისცემას არვინ დაგვაძალებს. ამ იაფფასიან საკენკს გვიყრიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც იქიდან ფინანსდებიან; იმათ საქმეს უწევენ პროპაგანდას; იმათ ემსახურებიან და რახან ასეა, ისინი იმათ წინააღმდეგაც გამოვლენ და გამოდიან, ვინც ლგბტ-ს წინააღმდეგია, მაგალითად რუსეთის.

ლგბტ-ობის წინააღმდეგ იბრძვის არაერთი ქვეყანა, მაგრამ მათგან განსხვავებით რუსეთი თანმიმდევრულად, კანონმდებლობით. ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთი სამაგალითოა ლგბტ-ობასთან ბრძოლით. ის სხვა თვალსაზრისითაც არის სამაგალითო, რაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ და რაც მალე, უკეთესი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განხორციელება მაშინ, როდესაც სხვა ასეთს ერიდება, რუსეთისთვის ვალის დადება იქნება, რაც, როგორც დღეს, ისე მითუმეტეს ხვალ, იმ დიდი ქვეყნის მხრიდან უდავოდ დაფასდება.

კაცს მაშინ უნდა გაუწიო დახმარება, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. ასეა ქვეყანაც. უპირველესად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არის ის, რომ თავი შეიკავოს ანტირუსული სულისკვეთების მატარებელი რეზოლუციებისთვის მხარის დაჭერისგან; საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ლანძღვისგან და მისთვის აგრესორის სახელის მიწებებისგან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვით ხელისუფლებამაც კარგად იცის 2008 წლის ომში ვინ იყო აგრესორი.

სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავიანთი ხელისმოწერით არ დაადასტურეს ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნა, სადაც შავით, თეთრზე წერია აგრესიის დამწყების სახელი?

რაც შეეხება ოკუპაციას, აქაც ვიცით, რომ არავითარ ოკუპაციას, მითუმეტეს საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას ადგილი არ ექნებოდა, სააკაშვილს რომ არ გადაედგა საბედისწერო ნაბიჯი და მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ტექსტიდან არ ამოეღო პუნქტი — თბილისსა და ავტონომიებს შორის მოლაპარაკების დაწყება, მათი სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

წამით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, რუსეთს რომ ჩვენი ავტონომიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არ გამოეცხადებინა?! იქნებოდა ის, რაც იყო 2008 წლის ომის დაწყებამდე! — პერმანენტული პროვოკაციები რუსეთის საზღვრებთან — მოწყობილი სააკაშვილების მიერ.

რა გაეწყობა ქარაფშუტა, აგრესიული, გაუწონასწორებელი მმართველის ხელში ქვეყანა ზარალდება. ასეთმა, დააკარგვინა საქართველოს ქვეყნის ტერიტორიის მსუყე ნაწილები. შეიძლება თუ არა დაკარგულის დაბრუნება?

ეს კითხვა დღეს ისევ გააქტიურდა და რატომ?  უვიზო მიმოსვლისა და საჰაერო კომუნიკაციის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ იმედის ნაპერწკალი გააჩინა ქართველებში — დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სახით.

თუ პუტინმა ფრენა აღგვიდგინა და ვიზებიც გაგვიუქმა, რა უშლის მას ხელს ყოფილი ავტონომიების დაბრუნებაშიო. ტერიტორიების დაბრუნების მიბმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გულობრყვილობის გამოვლინებაა, რომელსაც ზოგიერთი ტვინმრუდე საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი არაკეთილსინდისიერად იყენებს საკუთარი თავის გმირად წარმოსაჩენად — ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული გმირი სპორტსმენის სადარად.

პუტინის გადაწყვეტილებას ბევრი ქართველი იჩემებს, უფრო სწორად — პუტინმა რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას — ეს მე გავაკეთებინე, ჩემი აქტიურობით, რუს პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებით და მუდმივი შეხვედრებითო. და რახან ეს შევძელი, იმასაც შევძლებ დაკარგული დავაბრუნებინოო.

ცხადია ამას საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ მიგვანიშნებენ, რომ შეძლებენ პუტინის მოთაფლვას. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუმცა მე, პირადად ასეთი ოპტიმიზმი არ გამაჩნია. თქვენ, პატივცემულო მკითხველო, არ გესიამოვნებათ ჩემი სკეპტიციზმი, მაგრამ, რომ იტყვიან დაჟეჟილს, გატეხილი სჯობს, ანუ ტყუილ დაპირებას, სიმართლის თქმა. სიმართლე კი ისეთია, ტკბილი ოცნების საშუალებასაც, რომ არ იძლევა და რატომ?

მოგახსენებთ. საქართველოს ხელისუფალთა, განსაკუთრებით შევარდნაძე-სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჯერ ფაქტიურად დაშორდა საქართველოს — შევარდნაძის წყალობით, ხოლო 2008 წელს, სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ — იურიდიულად.

შედეგი? რუსეთმა აღიარა ორივეს დამოუკიდებლობა და არა მარტო მან, არამედ სხვებმაც. მართალია, არც ერთი მათგანის დამოუკიდებლობა არ აღიარეს — აშშ, ევროკავშირს, გაეროში შემავალი ქვეყნების უდიდესმა უმრავლესობამ, მაგრამ ამას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისთვის დიდი თავისტკივილი არ გამოუწვევია. მათთვის მთავარი რუსეთის აღიარება იყო, მასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ჰუმანიტარული სახის კავშირების დამყარება.

პირველი ომის შემდეგ, რასაც ადგილი 1992 წლის აგვისტოში ჰქონდა, სოხუმი და თბილისი, ცხინვალი და თბილისი ფაქტიურად დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მთელი რიგი საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის პოლიტიკურის, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“, მხარეთა შორის მაინც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რასაც შეიძლება წარმატება მოეტანა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინტერესის გაჩენით. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ გასჩენია.

მოლაპარაკებები, რომლებიც ქართველებსა და აფხაზებს შორის იმართებოდა ავსტრიასა და გერმანიაში, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მსგავს მოლაპარაკებებს წერტილი დაესვა. 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა ახალი ფორმატი — ჟენევის მოლაპარაკების სახით, რომელიც სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს კონფლიქტში მონაწილე მხარეთა და დაინტერესებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ჟენევის ფორმატს, გარდა ჰუმანიტარული საკითხებისა, სხვა მნიშვნელოვანი, მათ შორის პოლიტიკური არ განუხილავს.

დიდი ნაყოფიერებით არც საქართველო-რუსეთის მხარეთა პრაღის შეხვედრები გამოირჩევა.

ორივე ყოფილი ავტონომია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებით ცხოვრობს და საქართველოსთან შეერთებაზე წამითაც არ ფიქრობს. თუ 2003 წლამდე საქართველოსთან თანაცხოვრების მწირი მოსაზრება მაინც ჰქონდათ, 2003 წლის შემდეგ ესეც გაქრა. ორივენი, განსაკუთრებით აფხაზეთი არა მარტო რუსეთთან აფართოებს კავშირებს, არამედ იმ ქვეყნებთან, ვინც აღიარა მისი დამოუკიდებლობა. ორივენი აცხადებენ, რომ საქართველო მათი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც მათთვის საფრთხის კერაა.

საქართველოდან 30-წლიანმა დაშორებამ და რუსეთთან ჩახუტებამ კარდინალურად შეცვალა აფხაზისა და ოსის მენტალიტეტი. ორივე ყოფილ ავტონომიაში გაჩნდა ახალი თაობა, რომელმაც იცის მხოლოდ ერთი რამ — საქართველო არის მტერი და მისგან კარგს არ უნდა ელოდეს.

ორივე ახალ ქვეყანაში არსებული ახალგაზრდა თაობა განათლებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებს. ბევრი მათგანი იქვე იწყებს შრომით საქმიანობას. ან სწავლის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული, აფხაზურ-რუსული მენტალიტეტით და არა ქართულით, აგრძელებს ცხოვრებას და შრომას სამშობლოში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან.

გაბუტულის პოზაში მყოფი საქართველოც არ აქტიურობს, არ ეძებს მათთან შეხების წერტილებს, არ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობდა აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთელებთან კავშირების გამოძებნას.

რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის მაღალი ტრიბუნიდან, განსაკუთრებით უცხოეთის, მოწოდებები — „ჩვენს დებთან და ძმებთან“ თანაცხოვრების დაწყების თაობაზე.

მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა შესაძლებელი საქართველოსა და ჩვენგან წასულ ყოფილ ავტონომიებს შორის გაჩენილი ნაპრალის ამოვსება? პირდაპირ გეტყვით — არა!

დავსვათ მეორე კითხვა — როდის იქნება შესაძლებელი? ჩემი პასუხი — ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა — არც, არასდროს!!!

რა გამოდის? დავკარგეთ სამუდამოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ეს ასეა! ხვალ, ზეგ რა იქნება იმისდამიხედვით შემდეგ ვიმსჯელოთ. ომში დამარცხებით დავკარგეთ ეს ტერიტორიები. ასეთ შემთხვევაში გაჭირდება, უფრო სწორად შეუძლებელია მოლაპარაკებებით დაბრუნება ან ვინმეს ზეწოლით — აშშ-ს, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ა.შ.

ქართველს ჰგონია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება რუსეთის პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სცდებით მეგობრებო! სხვა ქვეყნის, თუნდაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე რუსეთისთვის, საქართველოს შემადგენლობაში წასულების ძალით დაბრუნება შეუძლებელია.

პუტინმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართველმა აფხაზთან და ოსთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტოს.

დაძალებითი პოლიტიკით დაბრუნების პრეცედენტები თანამედროვე ისტორიისთვის არცთუ უცხოა. კლასიკური მაგალითი ამისა არის გერმანიის დემოკრატილი რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან შეერთება; ჩრდილოეთ ვიეტნამისა და სამხრეთ ვიეტნამის გაერთიანება.

პირველი თუ უსისხლოდ ჩატარდა, მეორეს წლების განმავლობაში სისხლი, მსხვერპლი ახლდა.  ვიეტნამის ომში ჩრდილოეთმა დაიპყრო სამხრეთი. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთი ერის გაერთიანებას.

აფხაზი და ოსი არ არის ქართველი. ამდენად მას ვერ დავარქმევთ კახელისა და იმერლის ან გურულის დაპირისპირებას. ის უფრო ღრმაა.

შეიძლება თუ არა ფართო ავტონომიის სტატუსის მინიჭებით მათი ამბიციების დაკმაყოფილება?

შეუძლებელია, ვინაიდან ისინი, სხვათა მიერ, დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან აღიარებულნი. დამოუკიდებლობის სტატუსიდან ავტონომიურ სტატუსზე, თუნდაც ფართო ავტონომიით ჩამოქვეითება დღევანდელ პირობებში შეუძლებელია, თუმცა გასული საუკუნის 20-იან წლებში, აფხაზეთთან მიმართებაში მსგავს ჩამოქვეითებას ჰქონდა ადგილი.

საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან სამოკავშირო ხელშეკრულებით იყო დაკავშირებული, ანუ არა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, არამედ სრულყოფილი სსრ საქართველოსთან სამოკავშირო ხელშეკრულებით დაკავშირებული.

10 წლის შემდეგ აფხაზმა ბოლშევიკებმა, ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით განაცხადეს, რომ სურთ ავტონომიური სტატუსის მიღება საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზთა გადაწყვეტილებას, მათი მემკვიდრეები სტალინ-ბერიას ზეწოლით ხსნიან, რაც არ არის გამორიცხული.

დღეს, ვინ უნდა აიძულოს აფხაზეთის ხელისუფლება უარი თქვას დამოუკიდებლობაზე და ავტონომიის სტატუსით საქართველოში დაბრუნებაზე? ქართულ მხარეს სურს, რომ ზეწოლა კრემლიდან მოხდეს, რაც ჩემის აზრით, შეუძლებელია.

გავიმეორებ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან  მოლაპარაკების გზით უნდა მოაგვაროს მათთან ურთიერთობის საკითხები, რასაც საქართველო არ აკეთებს.

საქართველოს ხელისუფლება არც იმას აკეთებს — რუსეთთან მოლაპარაკება რომ ჰქვია და ნაცვლად ამისა აცხადებს, რომ ტერიტორიული გამთლიანების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოხდება.

მოხდა?!

არავითარი ნიშანწყალი ამისა არ ჩანს.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენაც, რაც თავისთავად დააახლოებს ქართველებსა და აფხაზებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას. იქნებ ასეთმა კონტაქტებმა გვაიძულოს ერთმანეთთან სიახლოვე?

შემოერთების სხვა გზას ვერ ვხედავ. ვერც იმათ მოსაზრებას გავიზიარებ, ვინც საჰაერო მიმოსვლის აღდგენით გალაღებული, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენის მსგავსად, ახალ გამარჯვებებს აცხადებს, ანუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემოერთებას.

მათ ვურჩევდი, შემოერთებას ყოყოჩობა არ უხდება, არც წინასწარი ხმამაღალი განცხადებები. ასეთი, აფრთხობს იმას, ვისი შემოერთებაც გსურთ. მოდით, ნუ მოვიქცევით ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში ვიქცეოდით — როდესაც ჯერ ვაკეთებდით, შემდეგ ვფიქრობდით! უმჯობესი იქნება ჯერ ვიფიქროთ, შემდეგ გავაკეთოთ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/05/2023