იცის საქართველოს პრეზიდენტმა ამ ქვეყნის ისტორია?

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა შთაბეჭდილება ჯერაც არ განელებულა; შინ და გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც უკან დახევა მოუწიათ იმ საოცრებათა წინაშე, პრეზიდენტმა რომ „პატრიოტულად“ აფრქვია.

პირადად ჩემზე პრეზიდენტის სიტყვებმა და მასთან ერთად აზროვნებამ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა — რამეთუ სიტყვა, ბაგეთაგან გადმოღვრილი, აზრის ჩამოყალიბების ნაყოფია — ტვინში ჩამოყალიბებულის საჯარო სივრცეში გამოტანა.

ქალბატონმა სალომემ თქვა ის, რაც ტვინმა უკარნახა, საკუთარმა ცხადია და არა სხვისმა. ასე უნდა ვივარაუდოთ. და არა მარტო ვივარაუდოთ, არამედ ვიოცნებოთ, წინააღმდე შემთხვევაში მივალთ დასკვნამდე, არასახარბიელო რომ ჰქვია. მას ქართული საზოგადოების, ხალხის დეგრადაცია ჰქვია.

სხვა შეფასება შეუძლებელია. ვიმეორებ, თუ ის, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, სხვათა კარნახით მოხდა — მენტალური დეგრადაციის სრული გამოვლინებაა, რაც ნეგატიურად შეფასდება, როგორც ხალხის, ისე პრეზიდენტის გარემოცვის აზროვნების მიმართ.

გრძელი შესავლის შემდეგ გეტყვით შინაარსს იმისა, რაც პრეზიდენტმა გაგვანდო  ბრიფინგზე — მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების თუ ნათესავების მიერ ყვარლის სასტუმრო კომპლექსში ჭამა-სმა დიდად შესარგის გამართვის თაობაზე.

აღშფოთებულმა პრეზიდენტმა ცოფები ჰყარა — როგორ გაბედა ლავროვის ნათესავებმა საქართველოში შემოსვლა და რესტორანში დროსტარებაო; როგორ დაუშვა საქართველოს შსს საზღვრის დაცვის სამსახურმა სანქცირებული ლავროვის, სანქცირებული ოჯახის წევრების თუ ნათესავების საზღვარზე გამოტარებაო. მე ველაპარაკე შს მინისტრს და მან მითხრა, რომ მტერი რუსეთის, მტერი მთავრობის წევრის ნათესავებმა დატოვეს საქართველო, ანუ დატოვეს მას შემდეგ, რაც ყვარლის სასტუმრო კომპლექსთან ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი მოაწყოო.

ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა არ უნდა დაუშვასო. თავისი „ღრმაშინაარსიანი“ სიტყვა მან პატრიოტულით დაასრულა — საქართველომ გაიმარჯვა, ისე, როგორც გავრილოვის დროსო. მას არ უსვრია ლოზუნდი — ვაშაა, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოსო, თუმცა აღარაფერი დააკლდა.

ზურაბიშვილის „პატრიოტულ“ პათოსს სხვათა, განსაკუთრებით ოპოზიციონერთა ხმებიც შეუერთდა, რასაც ბანს ელექტრონულ—ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტებიც აძლევდნენ და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. დღემდე ზეიმობს საქართველო ახალ დიდგორობას. როგორც მეგრელები ამბობენ — ვავა, ვავა საქართველოვ!

ზურაბიშვილმა თავისი სიტყვებით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქმე არ აქვს და ჭორიკნობით იქცევს თავს.

დაუსაქმებელი პრეზიდენტი, თბილისის ძველი ეზოების მკვიდრ, ანაჩხლ დედაკაცთა აგრესიულ საქციელს არ უნდა ბაძავდეს. შეგახსენებთ, ძველ ეზოებში ქალები „ლახანკებში“, „კრანთან“ სარეცხის რეცხვის რიგში მდგომნი ერთმანეთს „ტკბილი“ სიტყვებით ამკობდნენ.

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მისი აზროვნება, მიუხედავად თანამდებობისა, იმ ქალთა დონეზეა.

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საფრანგეთში დაბადება, გაზრდა, განათლების მიღება, დიპლომატიური სამსახურის გავლა არას იძლევა, თუ ბუნებით გოიმი ხარ.

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გოიმობასთან ერთად, უვიცია ისეთ საკითხებშიც კი მან, რომ უნდა იცოდეს, როგორც პროფესიონალმა დიპლომატმა, თვით რომ თავი ასეთად მიაჩნია და მასთან ერთად ზოგიერთ ქართველს.

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს და მისი ხელისუფლების მტერია და დასავლეთის აგენტი, მისი მიზნების და ამოცანების საქართველოში გამტარებელი.

ზურაბიშვილმა დაატასტურა, რომ უმადურია, როგორც მმართველი პარტიის, „ოცნების“, ისე მისი დამფუძნებლის ივანიშვილის, რომელმაც ჯერ გააპარლამენტარა, შემდეგ გააპრეზიდენტა. ზურაბიშვილის შემხედვარე ივანიშვილმა ტყვია უნდა დაიხალოს თავში, ხოლო „ოცნებამ“ კოლექტიური ჰარაკირი მოუწყოს თავს.

რას ვერჩი ზურაბიშვილს? — მკითხავთ. იმას, პატივცემულო მკითხველო, რომ ზურაბიშვილმა თავისი სიტყვით, აზროვნებით, ქცევით, ისედაც ჩამორჩენილი საქართველო წყვდიადიში დააბრუნა, უფრო სწორად ჭაობში, ისეთში, ოპოზიცია რომ რუსეთს არქმევს.

პრეზიდენტი რაც არ უნდა დაუკავებელი იყოს ყოველდღიური საქმიანობით და მართლაც მას, თანამდებობიდან გამომდინარე შეზღუდული ფუნქციები აქვს, არ უნდა აქცევდეს ვიღაცის ნათესავის, თუნდაც რუსეთის უმაღლესი მოხელის კახეთის ერთ-ერთ რესტორანში დროსტარებას, მითუმეტეს დროსმტარებელს არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევია და არც ადგილობრივთათვის მიუყენებია შეურაცხყოფა.

ზურაბიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ლავროვის ოჯახის წევრებზე ევროატლანტიკოსთა მიერ დაწესებული სანქციები არ ვრცელდება; რომ თვით „დასანქცირებული“ ლავროვი დაოთხილი დაიარება აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს ნიუ-იორკში. აშშ-ს ნიუ-იორკში და არა უკრაინის ნიუ-იორკში — ამერიკის პატივსაცემად, რომ ოფიციალურმა კიევმა, დონბასის ერთ-ერთ სოფელს დაარქვა.

ზურაბიშვილი არ სცემს პატივს ქვეყანას, რომლის პრეზიდენტია. რომ სცემდეს, თავს შეიკავებდა უგონო განცხადებებისგან, რომლითაც აკნინებს ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენს.

ზურაბიშვილი, რომ მარტო საკუთარ თავს წარმოადგენდეს, თავში ქვა უხლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ ის, როგორც პრეზიდენტი ლაპარაკობს, რითაც უარყოფით შთაბეჭდილებას ქმნის ქვეყნის მიმართ.

ზურაბიშვილმა თავისი განცხადებებით დაგვიდასტურა, როგორც ჩვენ, ისე მათ, ვინც მას საქართველოში გაუწია რეკომენდაცია, რომ ანტირუსია; რომ რუსეთი ტერორისტია, საქართველო-უკრაინის ტერიტორიების დამპყრობელი, აგრესორი და საზარელი სახელმწიფო, რომელთანაც ქართველებს არავითარი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ.

არადა, ზურაბიშვილი იმ ქვეყნის (საფრანგეთის) შვილია, სადაც სწავლა-განათლება მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ტერორისტმა და ჯალათმა პოლ პოტმა, რომელმაც კამბოჯაში დაბრუნების შემდეგ 3 მილიონზე მეტი თანამემამულე გაისტუმრა საიქიოს, ქალაქელები სოფლებში გადაასახლა — მიწაზე სამუშაოდ.

სხვათაშორის, საფრანგეთში ცხოვრობდა ირანის ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელი ჰომეინი. ირანის რევოლუციამაც ათეულ-ათასობით ადამიანი შეიწირა.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. მაგალითად, პრეზიდენტ სარკოზის დროს ლიბიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმები. რას ერჩოდა „ფუმფულა“ და „დემოკრატი“ საფრანგეთი ლიბიას? რას ერჩის დღეს რუსეთს, უკრაინული ნეოფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას, როდესაც უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას ფულითა და იარაღით ამარაგებს?!

თუ რუსეთი ტერორისტია? მაშინ „ალ-ქაიდა“, „ისლამური სახელმწიფო“ რაღაა? აშშ-ს მიერ შექმნილი და ევროპელი პარტნიორების, მათ შორის საფრანგეთის მიერ გაზიარებული ტერორისტული ორგანიზაციები, დღესაც შიშის ზარს რომ სცემენ მსოფლიოს.

აი, სწორედ ეს ორგანიზაციები სისტემატურად ატარებდნენ თბილისში შეხვედრებს მაშინ, როდესაც ზურაბიშვილი „ნაცთა“ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ ოპოზიცია. ვინმეს, აქაურს ახსოვს ზურაბიშვილის განცხადება აღნიშნულ თავყრილობებთან დაკავშირებით?

რომ არა რუსეთის ბრძოლა მეგობარი ქვეყნის, სირიის ტერიტორიაზე აშშ-ს მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, ისე, როგორც პანკისელი ისლამისტების, მძიმე დღეში აღმოჩნდებოდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, არამედ საქართველოც.

ვურჩევდი პრეზიდენტს რეაქციული, პროვოკაციის გამომწვევი განცხადებების გაკეთებამდე თავს ძალა დაატანოს იმ ქვეყნისთვის ანგარიშის გასაწევად, რომელსაც ის პრეზიდენტობს, ვინაიდან მისი ყველა ანტირუსული განცხადება უმალ ხდება იმ ქვეყნის პოლიტიკოსთა განსჯის საგანი, ისე, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების თოქ-შოუებში მონაწილე ექსპერტების და არა მარტო განსჯის, არამედ ქილიკის.

ზურაბიშვილის მიხედვით, საქართველოს არასდროს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ურთიერთობა რუსეთთან და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სულს დალევს. რომ არა უკიდეგანო რუსული ბაზარი იმ მცირე რაოდენობის პროდუქტს, რასაც საქართველო ამზადებს, სად გაყიდის? აღარაფერს ვამბობ საქართველოს სტრატეგიულ საექსპორტო პროდუქტზე — ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე, რომელთა ექსპორტი რუსეთში ათჯერ აღემატება სხვა ქვეყნებში ექსპორტს.

ბოლო ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ რუსეთში გაიტანა 18 მილიონი დოლარის გაზიანი სასმელები, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში, თითოეულში არაუმეტესი 3 მილიონი დოლარისა.

ევროკავშირში შეტანილი პროდუქტიდან შემოსული თანხა ათასებს არ აღემატება, ხოლო იქიდან, აქეთ — მილიონებს ეთამაშება, რაც აშკარა მაჩვენებელია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ბატონ-ყმური დამოკიდებულების.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ისეთი მცირემოსახლიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სულაც არ არის საჭირო ღობე-ყორეს მოდება და ცხრა მთას იქით მდებარე ქვეყნებიდან იმპორტის განხორციელება, როდესაც სრულიად თავისუფლად შეიძლება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ამ თვალსაზრისით გამოყენება.

საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას, რაც ჰაერივით ესაჭიროება საქართველოს. 30-წლიანმა დაძაბულმა ურთიერთობებმა ყველა პარამეტრით დასწია საქართველოს ცხოვრება არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ხელოვნებაში, კულტურაში, სპორტში, განათლებაში. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში რუსეთმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ სრულიად თავისუფლად უძლებს აშშ-ს, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

დღეს, ის გაცილებით წელგამართულია, ვიდრე სანქციების დამწესებელი ევროატლანტიკური სივრცე. მაგრამ ხვდება ამას საქართველოს პრეზიდენტი? ვერ ხვდება. და ვერ ხვდება არა მარტო ის, არამედ მისი აპარატის თანამშრომლებიც, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან მას, განცხადების არასწორ ტექსტს უწერენ და ისიც დამახინჯებული ქართულით „მოძღვრავს“ საზოგადოებას.

ყოველივე აღნიშნულში ბრალი ზურაბიშვილისა ისაა, რომ მან არ იცის სად იმყოფება; მან არ იცის ვის წარმოადგენს; მან არ იცის რაშია პრეზიდენტის ფუნქცია. ზურაბიშვილი ასეთი იყო, არის და იქნება, რაც უნდა სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს  — ზურაბიშვილის პოლიტიკური ამბიციების დამაკმაყოფილებელს. ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ მენშევიკთა ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი პიროვნება, საბჭოთა საქართველოს შემცვლელი, თუნდაც დამოუკიდებელი საქართველოს მტერი იქნებოდა — ავტომატურად, ინერციით, დაუფიქრებლად.

ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ზურაბიშვილი ვერ გამონახავდა საერთო ენას ე.წ. მის გუნდთან და საბოლოოდ დაუპირისპირდებოდა მას. პრეზიდენტისა და „ოცნების“ ურთიერთობები, რომ ყოველგვარი ნორმალურობის ჩარჩოებს სცდება — ივანიშვილის მჩატე გადაწყვეტილების ნაყოფია.

მაინც რას ერჩის ზურაბიშვილი რუსეთს?

ის, რომ მისი მშობლები, საფრანგეთს თავშეფარებული მენშევიკური გარემოცვა ანტირუსული იყო, საკმარისი არ არის რუსეთის მიმართ ესოდენი ზიზღის გამოსახატავად, მაგრამ თანამედროვე დასავლეთის მტრული რუსული აღქმა, ზურაბიშვილის გონებაში მენშევიკურ სულისკვეთებასთან შერწყმული, იძლევა იმ ყოვლისმომცველ აუტანლობას რუსეთისა და ყველაფერი რუსულისადმი, რასაც ადგილი აქვს ზურაბიშვილის ყოველწუთიერ მოქმედებაში.

მან ასე იცხოვრა 71 წელი. ამ ასაკში ადამიანი ვერ გადაკეთდება. ის სიცოცხლის ბოლომდე იქნება რუსოფობი. რა გაეწყობა, როგორც ფიზიკურ პირს მას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ის პრეზიდენტია, ასე თუ ისე ქვეყნის პირველი პირი, ასე თუ ისე ქვეყანაზე დიდი გავლენის არმქონე, მაგრამ მისი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე დეზორგანიზაციის გამომწვევი.

ზურაბიშვილს არ უყვარს რუსეთი, უფრო სწორად სძულს, ვინაიდან ის არის სსრკ-ს მემკვიდრე, ანუ სისტემის, რომელმაც აიძულა ზურაბიშვილის წინაპრები წასულიყვნენ საქართველოდან.

ზურაბიშვილი წამითაც არ გაიზიარებს სინამდვილეს, რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად აქცია. მისი აზრით, საქართველომ დამოუკიდებლობა ბრძოლით მოიპოვა. არადა, რომ არა გორბაჩოვის მოღალატური პოლიტიკა, რომლის კულმინაცია იყო მისი საჯარო განცხადება გადადგომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის თაობზე, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იქნებოდა.

გორბაჩოვმა, იაკოვლევმა, შევარდნაძემ და სხვებმა შეძლეს საბჭოთა კავშირის დაშლა. დაშლილის ნანგრევებზე აღმოცენდნენ ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნები, სრულიად არალეგიტიმურად, რის შესახებადაც თქვა ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ერთი თვის წინათ.

თავისუფლებას დახარბებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალი ცხოვრების შენებას. ისინი გაერომ შეიყვანა თავის რიგებში იმ ადმინისტრაციული საზღვრებით, რაც სსრკ-ში ყოფნის დროს ჰქონდათ.

1991 წლის 25 დეკემბერს, კრემლის მიერ ნაბოძებ დამოუკიდებლობას საქართველო თბილისის ომით შეხვდა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტის გამსახურდიას საქართველოდან გაძევების შემდეგ, როდესაც გაიაზრა რა დატრიალდა მის თავს დამოუკიდებლობის მიღების შედეგად, მიხვდა, რომ ამ მძიმე ტვირთს ვერ ასწევდა და უმალ გადაულოცა საკუთარი დამოუკიდებლობა აფთრად ქცეულ დასავლეთს.

მას შემდეგ მოვდივართ და მოვიმღერით დამოუკიდებლობის სიმღერას, თუმცა არც ჩვენ და არც იმათ, ვისაც ჩვენი დამოუკიდებლობა იაფფასიანი ნივთივით გადავეცით, სჯერათ საქართველოს დამოუკიდებლობის.

1991 წლის 25 დეკემბერს ადგილი ჰქონდა მსოფლიო მნიშვნელობის რევოლუციას, ამჯერად უსისხლოს, უმსხვერპლოს, უდიდესი პოლიტიკური დატვირთვის მქონეს.

კაპიტალისტური სისტემის აშკარა მტერი სოციალისტური სისტემა დაიშალა და გაქრა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე რევოლუციებს საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნა ახლდა თან. მცდელობა გარდაქმნისა ყოველთვის იყო მთავარი მამოძრავებელი, ხალხის ერთ მუშტად შემკვრელი. რევოლუციებს უდავოდ მოჰქონდათ ახალი ცხოვრება, თუმცა რამდენად სახარბიელო საზოგადოებისთვის?

მოდით დავსვათ კითხვა — რა მოუტანა საქართველოს კრემლის მიერ ნაბოძებმა დამოუკიდებლობამ? მოკლე პასუხი კითხვაზე არის — არაფერი, ნეგატივის გარდა!

დასავლეთს ისეთი საქართველო არ უნდოდა, როგორიც ჩაიბარა! მაინც, როგორი საქართველო არ უნდოდა? განვითარებული, აგრარულ-ინდუსტრიული საქართველო — ფაბრიკებით, ქარხნებით, მეტალურგიული კომბინატებით, ავია და ავტო-სამრეწველო უზარმაზარი კომბინატებით, ჩარხმშენებელი და ელმავალმშენებელი ქარხნებით, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოებით, კვალიფიციური, განსწავლული კადრებით.

მას მონური მორჩილების აზროვნების მატარებელი ქვეყანა და ხალხი სჭირდებოდა. მას ქართული ნაწარმი არ უნდოდა და უნდა, ისე, როგორც ქართველი მეცნიერი, ინჟინერი, კულტურის მუშაკი.

ბაზრობებში დასაქმების დონეზე დაცემული საქართველო, ერის ენერგიას ვეღარ ხარჯავდა საკუთარ ქვეყანაში და იძულებული იყო გაცლოდა მას.

ეს პროცესი დღესაც გრძელდება. თვალი გადავავლოთ „დამოუკიდებელი“ ცხოვრების განვლილ 30 წელს და ვთქვათ გულახდილათ — რა მოგვცა ამ წლებმა. მწერლობაში, მხატვრობაში, მუსიკაში, კინოსა და თეატრის ხელოვნებაში, მეცნიერებაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.  — არც არაფერი!

მაიდნის, 2014 წლის რევოლუციამდე უკრაინაში გახლდით, სადაც თვალი მოვკარი ერთ-ერთ თოქ-შოუს რუსულად, მაშინ რუსული ენა აკრძალული არ იყო. ერთი უკრაინელი ექსპერტი მაგალითებით ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელ უკრაინას, რომელიც ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე ყველა პარამეტრით მაღლა იყო საბჭოთა კავშირის დროს, დღეს თავი მხოლოდ მომღერალ რუსლანათა და მოკრივე კლიჩკოთ მოაქვსო.

საქართველოს არც ასეთები ჰყავს. შევადაროთ დამოუკიდებლობის 30 წელი, საბჭოთა კავშირში გატარებულ იმდენივე ანდა ცოტათი მეტ წელს და მივიღებთ ენით აუწერელ წარმატებას საბჭოური ცხოვრების დროს.

30-წლიანმა დამოუკიდებლობამ რაც მოგვიტანა — ხალხის დაკანონებული ძარცვაა. საქართველოს საშინაო ცხოვრებაში უცხოეთის საელჩოების უზომო ხელის ფათური, ჭკუის სწავლება, არასამთავრობო ორგანიზაციათა თავხედობა, საპარლამენტო გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბები, გაუთავებელი საპროტესტო მიტინგები, დემონსტრაციები და ყოველივე მანკიერება ნორმალური, საშუალო დონის ცხოვრების აშენებას რომ ხელს უშლის.

მოგვიტანა შიდა ომები, ტერიტორიების დაკარგვა, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და უმდაბლეს დონეზე დაყვანა. მოგვიტანა სააკაშვილობა, ივანიშვილობა, ღარიბაშვილობა, ზურაბიშვილობა და ყველა დონის უკუღმართობა.

მოგვიტანა ზეცაში ატყორცნილი მლიქვნელობა, ღარიბაშვილის ნობელის პრემიის ლაურეატობაზე წარდგენის სახით.

ყველა იმ მანკიერებაში, რაც საქართველოს 30 წლის განმავლობაში გადახდა თვით ქართველია დამნაშავე, მაგრამ მას ეშინია ამის აღიარება და სხვისკენ იშვერს ხელს, რუსეთისკენ  — ის არის ყველაფერში დამნაშავეო.

რუსეთს ადანაშაულებს პრეზიდენტიც, არადა რუსეთის გარეშე საქართველო ფიზიკურად შეწყვეტდა არსებობას. არ იქნებოდა რუსეთი და არ იქნებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი.

რა იქნებოდა მის ნაცვლად? გათურქებული დასავლეთი და გასპარსებული აღმოსავლეთ საქართველო, წელში გაწყვეტილი, გადაშენების პირას მისული.

აი, ასეთი საქართველო დახვდა რუსეთის მეფისნაცვლებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს საიქიოდან სააქაოზე გამოსაყვანად. ერთ-ერთ მათგანზე მსურს მოკლედ მოგახსენოთ.

ეს, მიხეილ ვორონცოვია, ინგლისში რუსეთის იმპერიის ელჩის სიმონ (სემიონ) ვორონცოვის შვილი, რომელსაც შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული ინგლისში ცხოვრების დროს. მიხეილმა ხუთი ენა იცოდა — რუსული, ფრანგული, ინგლისური, ბერძნული, ლათინური. ღრმად იყო ჩახედული ხელოვნებასა და ლიტერატურაში. მამის მსგავსად, ის ანგლიმანი გახლდათ, რაც კარგად ჩანდა მის გარეგნობაში და ჩაცმის მანერაში.

მიხეილი მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ, ხშირი ჭაღარა თმით. მას არც ულვაშები და არც ბაკენბარდები ჰქონდა — იმჟამინდელ ცხოვრებაში მამაკაცთა დამახასიათებელი ატრიბუტი. ის სამხედრო იყო, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, არ ტოვებდა ასეთ შთაბეჭდილებას. მის მანერაში, ლაპარკში წამითაც არ შეინიშნებოდა ქედმაღლობა.

ის ლაპარკობდა მარტივ, გასაგებ ენაზე. 1803 წელს გაეცნო მიხეილი კავკასიას რუსეთის არმიის მიერ განჯის აღების ბრძოლებში, სადაც ახალგაზრდა მეომარი  დაჯილდოვდა წმინდა ანას ორდენით.

1804 წელს ერევნის ციხისთვის ბრძოლებში თავგამოჩენილი მიხეილი, პრეობრაჟენსკის პოლკის პორუჩიკი, კნიაზ ციციანოვის მიერ იმპერატორისთვის წარდგენით დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.

პავლე ციციანოვთან ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა მიხეილ ვორონცოვს, განსაკუთრებით ის, რომ გარდა ხმლის ქნევისა, აუცილებელია გონივრული გარდაქმნის შეთავაზება ამიერკავკასიაში მცხოვრებ ხალხთათვის. სწორედ ციციანოვის დროს თბილისში დაარსდა სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა. აღდგა ტიპოგრაფიაც. ციციანოვი ხელს უწყობდა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა-განათლების მიღებაში.

40 წლის შემდეგ დაბრუნდა მიხეილ ვორონცოვი კავკასიაში და დაიწყო გონივრული რეფორმების გატარება ისე, როგორც მას ციციანოვმა ასწავლა. 1844 წელს იმპერატორმა ის კავკასიაში მეფის ნაცვლად და უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნა  — შეუზღუდავი უფლებებით, ნოვოროსიისა და ბესარაბიის მმართველის თანამდებობის შენარჩუნებით. მაშინ ის 65 წლის იყო.

პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ კავკასიის განათლების ცენტრი, რომელიც ხარკოვს ექვემდებარებოდა, თბილისში გადმოიტანა. ვორონცოვმა კავკასიელ ქალებს, ქართველებს გზა გაუხსნა განათლებისკენ. მან დააარსა ქალთა სასწავლებელი ხელმოკლე ოჯახის შვილებისთვის.

ვორონცოვის მეცადინეობით საქართველო გადაიქცა კავკასიაში განხორციელებული რეფორმების ვიტრინად, მართლმადიდებელი ქართველობა, რომლებმაც გამოავლინა რუსეთის კულტურული ტრადიციებისადმი ინტერესი, გადაიქცა ცივილიზებულ სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდად.

არა მარტო ქრისტიანთათვის იღვწოდა ვორონცოვი, არამედ კავკასიელ მუსლიმანთათვისაც. 1847-48 წლებში მან გახსნა სასწავლებლები თბილისელი მუსლიმანების — შიიტებისა და სუნიტებისთვის.

1853 წელს ვორონცოვმა სთხოვა იმპერატორს თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან თვალის დაავადება, ლამის სიბრმავეში გადასული, დაეწყო. სამი წლის შემდეგ ის ოდესაში გარდაიცვალა.

გარდა ჩამოთვლილი კეთილი საქმეებისა, სხვაც ბევრი ეკუთვნის ამ პიროვნებას, ისე, როგორც სხვა მეფისნაცვლებს, რომელთა ძალისხმევით აშენდა და გალამაზდა თბილისი, სხვა ქალაქები.

თბილისი, ცნობილი აღმოსავლური ბაზრებით, მიწური და შუშაბანდიანი სახლებით, გადაიქცა ევროპული გარეგნობის ქალაქად. აშენდა ოპერის და სხვა თეატრები, სასწავლებლები, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, ქარვასლები. ფართო გასაქანი მიეცა ქართველი ახალგაზრდების რუსეთსა და უცხოეთში სწავლა-განათლებას.

ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რაც მეფის რუსეთის დროს გაკეთდა საქართველოში. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულს — ტომები არ ეყოფა.

ისტორიას გაფრთხილება, პატივისცემა სჭირდება და არა ლანძღვა, მაგრამ იცის საქართველოს „პრეზიდენტმა“ ამ ქვეყნის ისტორია?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/05/2023