რას ვერჩით რუსეთს?
საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში რომ სერიოზული რყევებით იყო და არის აღსავსე, გაკვირვებას არ იწვევს.
მიზეზი უკომპასო ფარფატისა მრავალია, მაგრამ მთავარი მაინც საბჭოთა კავშირში ცხოვრებით გამოწვეული გაღიზიანებაა, რომელმაც თავი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში იჩინა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის კპ ცკ გენერალური მდივნის, მოგვიანებით საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის დროს.
ე.წ. „პერესტროიკამ“, „გლასნოსტმა“, სხვა პროექტებმა, ნაუცბათევად წამოწყებულმა, გზა გაუხსნა სხვაგვარად მოაზროვნეთა აღზავებას არა მარტო მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში, არამედ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, რომელიც ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, მოსკოვის გარდა, უპირველეს დისიდენტურ ცენტრად იქცა. საქართველო იყო რესპუბლიკა, თანაც საბჭოთა სოციალისტური, სადაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა — ერთობ უცხო საბჭოთა სისტემისთვის, ისე, როგორც ამომრჩევლისთვის — ერთპარტიულ არჩევნებზე აღზრდილისთვის.
მაშინდელი საბჭოთა საქართველო, ნოვატორული ინიციატივებით გამორჩეული ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკისგან, მათ შორის ბალტიისპირა რესპუბლიკებისგან, უკრაინისგან, მეზობელი რესპუბლიკებისგან. საბჭოთა საქართველო საექსპერიმენტო ზონა იყო — არა თვითმყოფადი, არამედ ცენტრიდან წახალისებული — დასავლეთისკენ გადახრილი ცენტრისგან.
კრემლს, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს და მის ლიდერს, აშშ-ს უმტკიცებდა საბჭოთა კავშირის ახალი, დემოკრატიული კურსის განუხრელობის შესახებ, აწყობდა დისიდენტური საქართველო.
„დემოკრატიული“, გარდაქმნილი საბჭოეთის ავტორი მიხეილ გორბაჩოვი გასულ წელს გარდაიცვალა. საბჭოთა პრეზიდენტის სამარადისო სასუფეველში გადასვლას მსოფლიო პოლიტიკა, მედია, ექსპერტობა არაერთგვაროვნად შეხვდა. უმეტესობა — დასავლეთის სახით, დიდი პატივისცემით და მადლიერების გრძნობით თავდახრილი, არცთუ უმნიშვნელი ნაწილი ყოფილი საბჭოეთისა ასევე პატივისცემით, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი რუსი ხალხისა და არა მარტო რუსი, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხებისა, ნაკლები პატივისცემით.
მათი უკმაყოფილების მიზეზი სხვადასხვაგვარია. რუსთა უმრავლესობისთვის — „დერჟავის“ დანგრევა, გაუსაძლისი სოციალური პირობების შექმნა, გამოუცნობი აწმყოსა და მომავლისთვის კარის ფართოდ გაღება, სოციალური უსამართლობის წახალისება, ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, …
გორბაჩოვის მიმართ რუსი ხალხის განაწყენებას საზღვარი არ ექნებოდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ელცინის „შემოქმედებამ“ ნაწილობრივ გააბათილა გორბაჩოვის მიმართ დაგროვილი ნეგატიური მუხტი. საბჭოეთის დანგრევა გორბაჩოვის ისტორიულ აქტივში ჩაიწერა — სამარადისოდ, მტკიცედ, თუმცა არანაკლები ელცინისა, რომლის დაუოკებელმა ამბიციებმა, ქვეყნის სათავეში მოსვლისა შექმნა „ბელოვეჟის სამთა“ შეთანხმება (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი) — არაკონსტიტუციური, უკანონო, მაგრამ აღსრულებული.
გორბაჩოვის გარდაცვალების გლოვის დღეებში, რომელსაც საყოველთავო არ დაერქმევა, ბევრი სტატია, წერილი გამოქვეყნდა რუსულ პრესაში, რომელთაგან ერთ-ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, შესაძლოა სხვისიც, თუმცა იმ სხვათა მხრიდან, მხედველობაში რუსეთის მოქალაქეები მყვანან, საპროტესტო განცხადებისთვის ყური არ მომიკვრავს. როგორც ჩანს მათ ჩათვალეს, რომ გარდაცვლილის ლანძღვა მიუღებელია.
საქმე ეხება თვით გორბაჩოვის წერილს აშშ-ს პრეზიდენტ ბუშის (უფროსის) სახელზე, სადაც წერს, რომ მისი ოცნება მუდამ იყო სსრკ-ს დაშლა, კომუნისტური პარტიის განადგურება და ამ საქმეში მას ხელს უწყობდნენ მეუღლე რაისა, სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრები იაკოვლევი და შევარდნაძე.
რუსი „დერჟავნიკები“ გორბაჩოვს არა მარტო სუსტ, უპრინციპო მმართველად მოიხსენიებენ, არამედ მოღალატედაც. და მართლაც, სხვაგვარად ვერ შეფასდება მისი „მოღვაწეობა“ — საბჭოთა კავშირის დაშლა, ვარშავის ხელშეკრულების გაუქმება, სოციალისტური ბანაკის დაშლა, საბჭოთა სახელმწიფო სისტემის, ეკონომიკის დაშლა, სსრკ კპ დაშლა, კაპიტალიზმის დამკვიდრება, ელცინისა და მისი მსგავსი პოლიტიკოსების აღზევებისთვის სათანადო პირობების შექმნა, რუსული ლიბერალიზმის გაძლიერებისთვის ხელის შეწყობა — არის მოკლე ჩამონათვალი იმ ნეგატიური ქმედებისა, რაც მან დროის მცირე მონაკვეთში განახორციელა.
გორბაჩოვ-ელცინის მოღალატურმა მმართველობამ უმძიმესი შედეგი გამოიღო. მსოფლიოს მეორე სუპერ-სახელმწიფო ლამის რეგიონულ ქვეყნად გადაიქცა, შესაბამისი შედეგებით, რომლის გამოსწორება ელცინის გადადგომის შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა ძველი, საბჭოური დიდების დაბრუნება ჯერაც მიუღწეველ ამოცანად რჩება.
არამყარ ფუნდამენტზე მდგომი მრავალეროვანი ქვეყანა, წიაღისეული სიმდიდრეების მქონე, 17 მილიონ კვ.კმ-ზე გადაჭიმული, სამ ოკეანესა და 13 ზღვაზე გასული, მაგნიტივით იზიდავს უცხო თვალს, მითუმეტეს ხარბს, სხვისი დოვლათის ხელში ჩაგდების მსურველს.
დასავლეთისთვის რუსეთი მიუღებელია — დღევანდელი ფორმითა და შინაარსით, ისე, როგორც საბჭოთა კავშირი იყო მიუღებელი — კომუნისტური იდეოლოგიით. მაგრამ რუსეთი ხომ ისეთივეა, როგორიც დასავლეთი? რუსეთმა, საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ, ხომ ზურგი შეაქცია საბჭოურ 70-წლიან ისტორიას, იდეოლოგიას და დასავლური, კაპიტალისტური ცხოვრება შეითვისა, ღვიძლი შვილივით ჩაიხუტა გულში?
მაშ, რას ერჩის დასავლეთი? იატაქვეშიდან, ფარულად თუ გახსნილად რატომ ებრძვის მას? დასავლეთის ბუნებაა ასეთი — კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის ბუნება!
უკრაინაში დაწყებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც ერთი წელია გრძელდება, გვაჩვენა დასავლეთის ნამდვილი სახე — უმაკიაჟო, შინაგანი სიკაპასით გამოწვეული ნაოჭებით. რუსეთმა ომი უნდა წააგოსო, — გაჰყვირის დასავლეთი და რომ წააგოს, იარაღს-იარაღზე აწვდის უკრაინას, საკუთარ სლავურ-რუსული ბუდიდან ამომხტარს, დასავლურ ბუდეში ჩახტომის მსურველს, საკუთარი ძმისა და სისხლით ნათესავის დაუძინებელ მტრად ქცეულს.
სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი წლისთავზე ბუნებრივად იბადება კითხვა — იყო თუ არა შესაძლებელი თოფის გასროლის გარეშე საკითხის მოგვარება?
ცხადია იყო! მოსაგვარებელი საკითხებიც ჩამოწერა რუსეთმა, რომელიც სუფთა ფურცლის ერთ გვერდზე დაატია, მოლაპარაკების სურვილიც გამოთქვა და არა მარტო სურვილი, ილაპარაკა კიდევაც, თუმცა უშედეგოდ. დასავლეთი ბრმა გამოდგა და ყრუც. არც პრობლემა დაინახა რუსეთის თვალით და არც ყურში შეუშვა რუსის არგუმენტები — საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად.
დიპლომატიის სახელმძღვანელოებს — დასტამბულს დასავლეთში, ლაიტმოტივივით გასდევს მოლაპარაკების წარმატებული დამთავრებისთვის მოწინააღმდეგის თვალით, მოსალაპარაკებელი საკითხის შეფასება.
დასავლეთის მიერ დიპლომატიის ანბანისთვის ზურგის შექცევამ და საკუთარი უპირატესობის მარადისობისთვის ბრძოლამ კაცობრიობა ისეთ ღრმა კრიზისში შეიყვანა, რომლიდან გამოსვლა უაღრესად გაჭირდება.
აშშ-ს და დასავლეთის ავადმყოფურმა მრავალსაუკუნოვანმა სურვილმა —დაქუცმაცებული რუსეთის ხილვისა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მსოფლიო მიუახლოვა მესამე მსოფლიო ომს, ამჯერად ბირთვულს, რომლის შესაძლებლობას ნაკლებად განათლებული თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკა არ გამორიცხავს.
დასავლეთი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ინიციატორი და წამქეზებელია, სხვაზე გადაბრალების მდიდარ ტრადიციას არ ღალატობს და მთელი ძალით, დიდი ფინანსების გამოყენებით, მსოფლიოს, თვალში აყრის რუსეთის აგრესიის ნაცარს, პარალელურად სანქციებს უწესებს „აგრესორს“ — წელში გასატეხად, დასაჩოქებლად.
როგორც ჩანს, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაშლილი სსრკ-ს და მისი მემკვიდრე რუსეთის პარტერში, დაჩოქილი პოზა, ჭიდაობაში გამოყენებული ტერმინის ამსახველი, მას აწყობს და მაქსიმალურად ცდილობს იმ პოზაში რუსეთის დაბრუნებას — სამხედრო ძალის მუქარით, ეკონომიკური სანქციებით, რუსეთის იზოლაციაში მოქცევით, მისი ეკონომიკურ-სოციალური პირობების გაუარესებით, უკრაინაში ომის გაჭიანურებით.
როდესაც აშშ-ი, ნატო ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთით გაფართოებული ნატო არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის, დაუჯერებელია. საფრთხე ისაა, რომ რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებთან მიახლოებული აშშ-ნატოს რაკეტები, თავისთავად უბიძგებს რუსეთს დანებებისკენ, დასავლეთის მიერ მისთვის გამოწერილი „სამშვიდობო“ რეცეპტის მიღებისკენ — ლგბტ მოძრაობისთვის ხელის შეწყობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებით, სქესის შეცვლის მიზნით მოზარდებში ქირურგიული ოპერაციების ჩატარებით, გეი-პარადებით და სხვა უკუღმართობით, ერთობ მიღებულით დასავლეთში და მიუღებლით რუსეთში.
ჩამოთვლილი უკუღმართობა არც საქართველოს მოსახლეობისთვის არის მისაღები და არა მარტო ჩამოთვლილი, ბევრი სხვაც დასავლეთში გაფეტიშებული. ქართველის მენტალიტეტი თუ სრულად არა, ბევრში ემთხვევა რუსისას, რაც არა მარტო მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების, ერთად ცხოვრების ნაყოფია, არამედ მთელი რიგი საკითხებისადმი იდენტური ხედვისა.
სამწუხაროდ, აღნიშნულს დიდი ზიანი მიადგა გასული საუკუნის 90-იან წლებში აღზავებული ე.წ. ეროვნული მოძრაობის დროს. საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან მოყოლებული ანტირუსული განწყობა არასდროს ყოფილა ყოვლისმომცველი, უკიდეგანო, თუმცა არსებობდა ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილში უხმაურო, სამზარეულოს ფარგლებში გამოთქმული საწინააღმდეგო მოსაზრება. ეს იყო და ეს და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა გორბაჩოვის „პერესტროიკა“, რომელმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასაქანი მისცა სხვაგვარი აზროვნების განვითარებას, დისიდენტური მოძრაობის ფართოდ გაშლას. შედეგი? — სავალალო. საქართველოსთვის სავალალო, თუმცა არც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისთვის სიკეთის მომტანი.
გორბაჩოვისა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რაც აქაურმა „პოლიტიკოსებმა“ ვერ დაინახეს, ისე, როგორც ე.წ. ეროვნული მოძრაობის მოთავეებმა. მათი სიბეცე ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის ინიციატორებად მიიჩნიეს საკუთარი თავი, მაშინ, როდესაც საბჭოეთის მესაფლავეები კრემლში იყვნენ მოკალათებული და საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში განვითარებულ ანტისაბჭოურ მოძრაობას გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ, შიგადაშიგ რჩევა-დარიგებათა მიწოდებით.
აქაურ დისიდენტებს ეგონათ, რომ გმირები იყვნენ, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მუხლჩაუხრელი მებრძოლნი. სინამდვილეში კი ისინი, კრემლში მყოფნი იყვნენ „გმირები“ — საბჭოეთის დაშლის სურვილით ანთებულნი.
აქაურებს ეგონათ, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება მოუტანეს სამშობლოს, რაც მხოლოდ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით გამოიხატა.
ფაქტობრივად, როგორც ეკონომიკურად, ისე ფინანსურად საქართველო ისევ საბჭოთა კავშირზე იყო მიბმული და რომ არა ისევ კრემლის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე და ბოლო პრეზიდენტის, გორბაჩოვის განცხადება, საქართველო გააგრძელებდა ისეთივე, შესაძლოა ოდნავ შეცვლილ ურთიერთობას ცენტრთან.
ასედაამრიგად, დაიშალა საბჭოთა კავშირი. მისმა მემკვიდრე რუსეთმა დაკარგა ქვეყნის 40% და რუსი ეროვნების ადამიანები — 25 მილიონი, რომლებიც გორბაჩოვის განცხადებასთან ერთად უცხოეთში აღმოჩნდნენ. მათი უმრავლესობა ნაციონალურ სულისკვეთებაანთებულ „ახალ“ ქვეყნებში უცხო პლანეტიდან მოსულებს ჰგავდნენ.
ვისაც ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მმართველობის ხანმოკლე პერიოდი ახსოვს, ემახსოვრება გამსახურდიასა და არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალი მაგიდის“ პატრიტული მოწოდება — „საქართველო, ქართველებისთვის!“.
რა სჯობს ამასო — იტყვის პატრიოტი ქართველი და მართლაც ეს ლოზუნგი რომ სინამდვილე იყოს, განა რა არის ცუდი ამაში?
ცუდი ვითომ არაფერია, მაგრამ ნაციზმის აშკარა გამოვლინებაა. ერთი ერის, მეორეზე მაღლა დგომის სურვილი, რომელსაც თან ახლავს პრიორიტეტიანთა შეტაკება დაბლა მდგომ ერებთან — სისხლიანი, ხოცვა-ჟლეტვით ცნობილი.
და რა მოჰყვა გამსახურდიას ე.წ. პატრიოტიზმს — საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა ანტისახელმწიფოებრივი ამბოხი, რომლის ჩახშობას დიდი დრო და ენერგია მოხმარდა, თან ლოზუნგის უკან წაღება.
არანაკლები ღელვა გამოიწვია აჭარის ავტონომიის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა. მაშინ მთელი აჭარის მოსახლეობა გამოვიდა ბათუმის ქუჩებში, მოწოდებით — შენარჩუნებულიქნას ავტონომიის სტატუსი. ამბოხებულებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს და ალბათ დამოუკიდებლობასაც გამოაცხადებდნენ, რომ არა აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ ახალარჩეული თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ძალისხმევა, დაპირებით — ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ხალხს სურს.
ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რამაც გადაარჩინა დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველი საქართველო სამოქალაქო ომებისგან, თუმცა ცოტა ხნით, ვინაიდან ფსევდო-პატრიოტიზმმა ახალი ძალით იფეთქა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მისამართით.
დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში საქართველომ არა მარტო ოსებთან და აფხაზებთან იომა, არამედ რუსეთთანაც — ყველა პარამეტრით მასზე ასჯერ და ათასჯერ ძლიერთან. ასეთთან შერკინება, რომ მარცხით თავდება, ისტორიისთვის ცნობილი ფაქტია. ასეც მოხდა! საქართველომ წააგო ომი და მასთან ერთად თავისი ტერიტორიის 20%.
არ დაიწყებდა საქართველო ომს და არ იქნებოდა ტერიტორიების დაკარგვა — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაშორება.
2008 წლის ომის შემდეგ ერთმანეთისგან დაშორებული ვცხოვრობთ — 79 ათას კვ. კმ-ზე — ომამდელი ტერიტორიული გამოთვლით.
საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, რითაც აღიარა, რომ მან დაიწყო ომი. აღნიშნულს გაერომაც შეახვედრა თავისი მკაცრი ხედვა არა მარტო ქართული მხარის აგრესიასთან, არამედ ომის დროს ქართველთა მიერ აკრძალული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული.
სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, საერთაშორისო არენაზე ტანზე იხევდა რუსეთის „აგრესიისა“ და „ოკუპაციის“ გამო. იყო ასეთი განცხადებები — რუსეთმა პროვოცირება გაუკეთა საქართველოს აგრესიას, ანუ აიძულა საქართველო ომი დაეწყო თავისსავე ტერიტორიაზე, თავისივე ხალხის წინააღმდეგ. და რაც უფრო ვშორდებით 2008 წლის ომს, მით უფრო ძლიერდება განცხადება — ომი რუსეთმა დაიწყო, რომელმაც ტერიტორიები წაგლიჯა პატარა, უმანკო კრავს, საქართველოს სახით, ცნო მისი ყოფილი ავტონომიური ფორმირებები დამოუკიდებელ ქვეყნებად.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს საკუთარი ხალხის დასარწმუნებლად, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს.
ანტირუსულ პროპაგანდაში მოქცეულია საქართველოს ყველა თაობა, მათგან განსაკუთრებული მგრძნობელობის მატარებელი ახალგაზრდობა. საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალება ღაღადებს რუსეთის აგრესიულობაზე, ოკუპანტობაზე, ჩამორჩენილობაზე; უკრაინელი ბავშვების, ქალების, მოხუცების ხოცვაზე, რაც არათუ მიუღებელია, არამედ უკრაინულ ცრუ წყაროებზეა დაყრდნობილი.
პროპაგანდის უკან აშშ-ა, დიდძალი ფულით, ჯოჯოხეთს რომ ანათებს. დღევანდელი უკრაინა — ფაშისტური „სვასტიკებით“ დამშვენებული, რომ ჯოჯოხეთია, ხშირად აცხადებენ თვით ამერიკულ ტელეკომპანიებში მომუშავე ჟურნალისტები, მიწვეული სტუმრები. მაშ, ვინ იცავს უკრაინას, მის ხელისუფლებას?
კორუფცია, კორუფციული გარიგება, რასაც ადგილი ჰქონდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენსა და უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოს შორის.
დღეს, ზელენსკის 10-ჯერ მეტი კორუმპირებული ხელისუფლებაა უკრაინის სათავეში. ბაიდენი კი აშშ-ს პრეზიდენტია. ზელენსკიმ, ბაიდენის და მისი შვილის ჰანტერის უკრაინული კორუფციის შესახებ ყველა მსხვილ-წვრილი ამბავი იცის, რაც ბაიდენს კარგად მოეხსენება, ამდენად ის მზადაა წითელი კოჭები უგოროს ასევე კორუმპირებულ კომიკოსს. ორივენი კი, საკუთარი ქურდობის დასაფარად, წირავენ უკრაინას ომში ჩართვით და ომის პროპაგანდით „აგრესორი“ რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულით.
საქართველოს პოლიტიკის წყალობით მოსახლეობას გეზი უკრაინისკენ ააღებინეს. უკრაინის მხარდაჭერისკენ, მატერიალური დახმარებისკენ, საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის ლანძღვისკენ — ახალი შემართებით, ახალი ძალით. ვაწყობთ უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგებს პარლამენტის შენობასთან, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, დასავლეთელი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პროუკრაინული და ანტირუსული სიტყვით, ემიგრაციაში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერით.
უკრაინაში, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთი წლისთავის აღსანიშნავი მიტინგები გაიმართა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის. დაფინანსება, ამერიკული. 24 თებერვალს — სპეცოპერაციის დაწყების დღეს მიეძღვნა გაეროს გენასამბლეის სპეციალური სესია, რომელსაც აშშ-ი, მისთვის ჩვეული მეთოდების გამოყენებით, კარგა ხნის განმავლობაში ამზადებდა. მეთოდები კი ასეთია, საუკუნეთა განმავლობაში ნაცადი — დაშინება და მოქრთამვა.
23-24 თებერვლის სხდომებზე მიიღეს ანტირუსული რეზოლუცია, რომელსაც მხარი 141 ქვეყანამ დაუჭირა, 32 თავი შეიკავა, 7 წინააღმდეგი წავიდა. რუსეთს სანუგეშოდ ის დარჩა, რომ გაეროს გენასამბლეის რეზოლუცია რეკომენდაციაა და ასრულებას არ მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარი უნდა გამოეყვანა უკრაინიდან და აღედგინა ამ ქვეყნის 1991 წლის საზღვრები, ისეთი, როგორიც იყო გაეროში გაწევრების დროს.
როდესაც გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან, 141 რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას ეთანხმება, დიდი მორალური დარტყმაა, თან არცთუ ხელწამოსაკრავი. 141 ქვეყანაში აფრიკის სახელმწიფოებიც არიან, იმ კონტინენტზე მდებარე, სადაც ორი ვიზიტი განახორციელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, დროის მცირე მონაკვეთში. მართალია, ეს ვიზიტები ზაფხულში, სანკტ-პეტერბურგის რუსეთ-აფრიკის სამიტს ეხებოდა, მაგრამ რა სჯიდათ აფრიკელებს მხარი დაეჭირათ რუსეთისთვის?
რუსეთის ნაცვლად მისი წინამორბედის სსრკ-ს შემთხვევაში, მთელი აფრიკის ქვეყნები დაუჭერდნენ მხარს საბჭოთა კავშირს! რატომო? — იკითხავთ. იმიტომ, რომ საბჭოთა იდეოლოგია, თვით საბჭოთა მაგალითი იყო კოლონიალიზმის უღლისგან განთავისუფლების სტიმული. გარდა ამისა ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება.
ვინ მოითვლის რამდენი სკოლა, საავადმყოფო, საწარმო, საზოგადოების დანიშნულების ობიექტი ააშენა საბჭოეთმა აფრიკის ქვეყნებში?! რამდენმა ათასმა აფრიკელმა მიიღო უფასო უმაღლესი განათლება მოსკოვის ლუმუმბას სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
ხელგაშლილი საბჭოთა კავშირი, რომელსაც მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, შესაბამისი ფინანსურ-იდეოლოგიური დახმარებით, ჩაანაცვლა რუსეთმა — უიდეოლოგიომ, კაპიტალისტურმა, რომელმაც არ ისურვა ძველი პოლიტიკური კურსის გაგრძელება და ისე მიატოვა თანამებრძოლები, წამითაც არ დაფიქრებულა, რომ ოდესმე მათი დახმარება დასჭირდებოდა.
30 წლის შემდეგ დასჭირდა და გაიხედა მათკენ, ძველი ურთიერთობებისთვის ახალი სულის ჩასაბერად. პროცესი დაახლოებისა, ძველის აღდგენისა რთული და ხანგრძლივია. განვლილმა 30 წელმა სხვაგვარი პოლიტიკური ხედვა ჩამოუყალიბა ე.წ. მესამე ქვეყნებს. ბევრს ეჭვი გაუჩინა საბჭოთა მემკვიდრის, რუსეთის მიმართ. საბჭოთა კავშირის მესამე ქვეყნებიდან გამოსვლის შემდეგ გაჩენილი სიცარიელე უმალ შეავსო ჩინეთმა და ისე განიმტკიცა პოზიციები, რომ დღევანდელი რუსეთი კი არა, კოლექტიური დასავლეთი ვეღარაფერს გახდება მასთან.
გაეროს სპეციალური გენერალური ასამბლეის კენჭისყრაც დასტურია გორბაჩოვ-ელცინის სავალალო პოლიტიკისა, რომელმაც თავი 30 წლის შემდეგ იჩინა.
ანალოგიური შედეგი მოიტანა იმ პოლიტიკამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც. გენერალური ასამბლეის ანტირუსული რეზოლუციისთვის მათ მხარი არ დაუჭერიათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ არც წინააღმდეგი წასულან. ყოფილმა უმცროსმა „ძმებმა“ ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს — თავი შეიკავეს, იშვიათი გამონაკლისი საქართველო იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ანტირუსულ რეზოლუციას, რაც გასაკვირი არ არის. ასე მოიქცა ის, როდესაც გასულ წელს გენასამბლეამ კენჭი უყარა რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას — ფაშიზმის საყოველთავო დაგმობასთან დაკავშირებით.
საქართველო გვერდით დადგა არა მარტო აშშ-ნ და უკრაინასთან, არამედ იმ 40 ქვეყანასთან, ამერიკის დაძალებით რომ ფაშიზმის აღორძინების არ დაშვების წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს წარმომადგენელმა მხარი უკრაინა—აშშ-ს დაუჭირა და მასთან ერთად ფაშიზმის აღორძინებას. რეზოლუციის საწინააღმდეგო კენჭისყრა ამაზე მიგვანიშნებს.
მაშინ, ჩემს მეტს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია — ქართულმა საზოგადოებამ არაფრად ჩააგდო ხელისუფლების აშკარად მცდარი ნაბიჯი. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ახლაც. არადა, საქართველოს ბევრი საკითხი აქვს გასარკვევი რუსეთთან — ჩვენთვის სასიცოცხლო და აუცილებელი. რუსეთს ჩვენთან ყველაფერი გარკვეული აქვს — ტერიტორიის 20%-ის დაკავებით, სამხედრო ბაზებით და ა.შ.
ჩვენ თუ გულწრფელები ვართ სურვილების გამოხატვაში, გვსურს დაკარგული ავტონომიების დაბრუნება, ასეთი პოლიტიკით შეუძლებელია.
გამოვიდა რა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა: „რომ მთლიანად მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს და უკრაინელ ხალხს, „მშვიდობის ფორმულას“, ჩამოყალიბებულს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ“.
რუსულ მედიას უყურადღებოდ არ დაუტოვებია დარჩიაშვილის გამოსვლა, განსაკუთრებით ზელენსკის გეგმისთვის მხარდაჭერა. გეგმისთვის — რომელიც მოსკოვისთვის მიუღებელია. სხვაც ბევრი იყო მინისტრის გამოსვლაში მიუღებელი რუსეთისთვის.
რუსოფობი მკითხველი, იმავდროულად პოლიტიკურად გონებასუსტი მიპასუხებს — რუსეთს თუ არ მოეწონა, ცივი წყალი დალიოსო. თუ ვინ სვამს ცივ თუ ცხელ წყალს, ნათელია, მაგრამ ვიმეორებ, როდესაც უამრავი საკითხი გაქვს გადასაჭრელი რუსეთთან, რიტორიკაც შერბილებული უნდა იყოს და ქცევაც. გარდა ამისა ხანდახან ისტორიასაც უნდა ჩავხედოთ სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად და არა სალაღობოდ, რასაც იშვიათ შემთხვევაში ვაკეთებთ.
სიღრმისეული ანალიზი ქართულ-რუსული ურთიერთობებისა სვამს კითხვას — რას ვერჩით რუსეთს?! რას ველოდით მისგან და რა არ გაგვიკეთა?! რუსეთი შეგვეხვეწა ჩვენთან ხელშეკრულების დადებას თუ ჩვენ? და ა.შ. ბევრი სხვა კითხვის დასმაც შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა!
გეორგიევსკის ტრაქტატამდე მრავალი წლის განმავლობაში, მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების გამუდმებული დარბევა-განადგურებით სასოწარკვეთილი საქართველო მუდამ მიმართავდა რუსეთს დახმარებისთვის, თხოვდა ჯარის გამოგზავნას და ამ ჯარის საკუთარი ხარჯებით შენახვას, მაგრამ რუსეთმა ვერ მოიცალა და როდესაც მოიცალა, ერეკლე მეფის დაჟინებულ თხოვნას დადებითი პასუხი შეაგება, რაც გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულებით დამთავრდა.
გეორგიევსიკის ხელშეკრულებამ არც მეტი — არც ნაკლები გადაარჩინა ქართლ-კახეთი ფიზიკური განადგურებისგან, ისე, როგორც დანარჩენი საქართველო. ქვეყნის მოსახლეობა ნახევარ მილიონსაც არ აღემატებოდა — და ეს არ არის ტყუილი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩაიხედოს ისტორიაში. რა მისცა საქართველოს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ?
დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, განსაკუთრებით ბოლშევიკურ-კომუნისტური მმართველობის დროს. 1991 წლის დეკემბრამდე საბჭოთა საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მეფის რუსეთთან ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას საშუალება მისცა მიეღო განათლება არა მარტო რუსეთში, არამედ უცხოეთში. ქვეყანაში შეიქმნა წერა-კითხვის შესწავლის პროგრამა, სახელმწიფო ფორმა მიეცა მეღვინეობის განვითარებას; თბილისი იქცა ამიერკავკასიის პოლიტიკისა და კულტურის ცენტრად. წარმოუდგენელი ტემპით აღინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის, განათლების და კულტურის განვითარება საბჭოთა კავშირის დროს. მეცნიერებათა აკადემია, 20-ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, სხვადასხვა დარგის ინსტიტუტები თვალსაჩინო მაგალითებია იმ წარმატებული, სისხლსავსე ცხოვრებისა, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს.
მოსკოვის დაჟინებული მეცადინეობით, საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩდნენ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ფორმირებები, რომლებიც 1991 წლის ბოლომდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოს იურისდიქციას ექვემდებარეობდნენ. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოც. რუსთა დახმარების გარეშე საქართველომ ვერ შეძლო აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთის თავის შემადგენლობაში შეკავება და ძალას მიმართა. შედეგი, სავალალო!
დამოუკიდებლობას გავყვირით და მტვერს ვიყრით თვალში, როდესაც სიამაყით ვამბობთ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთო. მოდით, ვიყოთ გულწრფელნი, ერთხელ მაინც და ვთქვათ სინამდვილე — ჩვენ მოვიპოვეთ თუ რუსეთმა მოგვცა 1991 წლის დეკემბერში გორბაჩოვის საჯარო განცხადებით?!
რომ არა გორბაჩოვ-ელცინის მოღალატური დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისა და სკკპ-ისადმი, რასაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველო მყარად დარჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. რომ არა გორბაჩოვი და მისი შერბილებული პოლიტიკა დისიდენტური, სხვაგვარი მოძრაობის მიმართ, არავითარი მრავალპარტიული არჩევნები არ ჩატარდებოდა საქართველოში და ვერც ე.წ. ეროვნული ხელისუფლება ჩაუდგებოდა ქვეყანას სათავეში. საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია და პოლიტიკური გაერთიანება „მრგვალი მაგიდა“ გორბაჩოვს უნდა უმადლოდეს გამარჯვებაში.
აღნიშნულით არ მსურს ეროვნული ხელისუფლებისა და გამსახურდიას წვლილის დაკნინება, უბრალოდ ისინი ხელსაყრელ დროს აღმოჩნდნენ, ხელსაყრელ ადგილას და საქართველოს ისტორიაშიც ჩაეწერნენ. მაგრამ ურუსეთოდ იყო თუ არა შესაძლებელი გამარჯვების მოპოვება?
ვინც ამ კითხვას სწორ პასუხს გასცემს, უნებლიედ თვით იკითხავს — რას ვერჩით რუსეთს?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
06/03/2023